განხილვალიტერატურა

აბო თბილელის დახასიათება

„ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობაში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია აბო თბილელი. ის მკითხველში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს: ის, ერთი მხრივ, აღგვაფრთოვანებს თავისი უტეხი ნებისყოფით, ხასიათის სიმტკიცით, რწმენისადმი ერთგულებით და, მეორე მხრივ, აღგვაშფოთებს მამაპაპური რჯულის უარყოფით. რა თქმა უნდა, ქრისტიანი ქართველებისთვის აბო წმინდანი და მისაბაძი მაგალითია, მაგრამ მუსულმანი არაბებისთვის ის მოღალატეა. აბოს პიროვნების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის სწორედ ასეთ, რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას ვხვდებით იოანე საბანისძის ბრწყინვალე აგიოგრაფიულ თხზულებაში „აბო თბილელის წამება, რომელიც მე-8 საუკუნეში შეიქმნა. მწერალი აბოს თანამედროვე იყო, უფრო მეტი, კარგადაც იცნობდა მას. ის ასე მიმართავს თავისი ნაწარმოების მთავარ გმირს: „სანატრელითა მით ქრისტეის მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა.“ იოვანე საბანისძე მეტად განათლებული და ავტორიტეტული პირი ყოფილა. ამაზე მიგვანიშნებს სამოელ კათალიკოსის დამოკიდებულება მის მიმართ. იოვანე საბანისძე დიდი პატრიოტიც იყო. ეს თვალნათლივ ჩანს მისი ნაწარმოებიდან. მან კარგად დაინახა ის საფრთხე, რომელიც ქართველ ხალხს ელოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, ამიტომაც მოუწოდა ერს გამძლეობის, სიმტკიცისა და რწმენისადმი ერთგულებისკენ. მერვე საუკუნეში საქართველოში არაბები ბატონობდნენ. ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ქართველებში მაჰმადიანობა გაევრცელებინათ. ამ მიზნით დამპყრობლები ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ: იმ ქრისტიანებს, ვინც ისლამს აღიარებდა, პატივისცემით ექცეოდნენ, ყოველგვარი გადასახადისგან ათავისუფლებდნენ, აწინაურებდნენ. არაბების ასეთი პოლიტიკის შედეგად, ზოგი სუსტი ნებისყოფის ქართველი ღალატობდა თავის რჯულს, ხალხს, ქვეყანას და მტრის ბანაკს უერთდებოდა, თმობდა ქრისტიანობას, აღიარებდა მაჰმადიანობას. ამ მდგომარეობას ასე გვიხატავს ობიექტური მთხრობელი: „ნაშობნი ქრისტიანეთანი გარდაგულარძნნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით…“, მოკლედ, არაბები ქართველების გადასაბირებლად არაფერს არ ერიდებოდნენ, ყველა საშუალებას იყენებდნენ: ძალას, ტყუილს, უცოდინრობას, ეშმაკობას და ა.შ. მწერალი ამის შედეგსაც ერთი ფრაზით მოხდენილად ხატავს: ქართველები „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.“ არაბი ჭაბუკის წამების მაღალმხატვრული აღწერით კი იოანე საბანისძეს სურდა ქართველების გამოფხიზლება, მათში ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვიძება, იმის ჩვენება, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამის დამადასტურებილი იყო არაბი აბოს თავგანწირვა ქრისტესთვის, მის მიერ „მახვილითა პყრობილი შჯულის“ უარყოფა. იოვანე საბანისძე თავისი თხზულების ძირითად ნაწილში – მეორე და მესამე თავებში დიდი შინაგანი ექსპრესიით მოგვითხრობს აბოს თავგადასავალს, მეოთხე თავში კი გამოკვეთს აბოს წამების საერთოეროვნულ მნიშვნელობას: სარწმუნოებრივი გრძნობის განახლება-აღოძინებას: „შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა.“ მწერალი ზუსტი, მოხდენილი ეპითეტებით, შედარებებით ამკობს აბოს პიროვნებასა და მის ღვაწლს ქართველების ეროვნული იდეოლოგიისა და ქრისტიანობისადმი რწმენის განმტკიცების საქმეში. იოვანე საბანისძე როგორც თავის თანამედროვეთ, ისე მომავალ თაობას უხსნის აბოს მარტვილობის აზრსა და მნიშვნელობას. აბო ბაღდადიდან იყო, არაბი, მაჰმადიანი დედ-მამის შვილი, არაბულ მწიგნობრობაში განსწავლული, იცოდა ნელსაცხებელთა შეზავება. მან ბაღდადში გაიცნო ნერსე ერისთავი და საქართველოში გამოჰყვა მას. აქვე გაიცნო და შეიყვარა ქრისტიანული რელიგია, ხაზარეთში მოინათლა. იმდენად მტკიცე იყო მისი რწმენა, რომ აფხაზთა მეფეს უთხრა: „დაღათუ ბევრეული ოქროისა და ვერცხლისაი მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.“ აბოს თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. მან, მართლაც, ბევრი ტანჯვა-წამება აიტანა რწმენის დასაცავად. თბილისელმა არაბებმა ის ამირასთან დააბეზღეს, თან სთხოვეს, სამაგალითოდ დაესაჯათ მაჰმადის სჯულის მოღალატე, რომელიც სხვებსაც მამაპაპური სარწმუნოების უარყოფისკენ მოუწოდებდა. კეთილმა ადამიანებმა ეს გააგებინეს აბოს და ურჩიეს, დამალულიყო, მაგრამ მან კატეგორიულად განუცხადა მათ: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტეისთვის, არამედ სიკუდიდცა.“ აბოს რწმენა ვერ შეარყია ვერც ციხემ, ვერც – ცრუ მოძღვართა ქადაგებამ, ვერც – სიკვდილის მუქარამ. აგიოგრაფი აბოს უწოდებს „მეათერთმეტე ჟამის მუშაკს“, რაც იმას ნიშნავს, რომ აბომ, დაბადებიდან მუსულმანმა, მხოლოდ ბოლო ჟამს იხილა ქრისტეს ნათელი და შეიყვარა, იღვაწა ღვთის ვენახში და მიიღო იგივე საზღაური, რაც დაბადებით ქრისტიანებმა. საინტერესოა, რომ ავტორი აბოს ნეტარ ავაზაკსაც ადარებს, რომელმაც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გულწრფელად მოინანია ცოდვები და შეძლო სულის ხსნა. აბომ საპყრობილეში ცხრა დღე დაჰყო, მეათე დღეს სიკვდილით დასაჯეს, ანუ აბოში ღვთის რჩეულის შეცნობა მეათე დღეს მოხდა. აბო თბილისში აწამეს: ის მოინათლა სისხლით – თავი მოკვეთეს, ცეცხლით – მისი სხეული ცეცხლში დაწვეს, სულით – იმ ადგილას, სადაც მისი ძვლები ჩაყარეს, სულიწმინდა მოეფინა. აბო მტკიცე ნებისყოფის, პრინციპული ადამიანი იყო: რასაც გადაწყვეტდა – აუცილებლად ასრულებდა. თუ ნათლისღებამდე მას ეშინოდა სარკინოზების, მონათვლის შემდეგ მასზე გადმოვიდა უფლის მადლი, დაძლია შიში, უკვე აშკარად აღიარებდა თავის რწმენას. აბო ეზიარა ჭეშმარიტებას, სიყვარულსა და ნათელს ანუ – ღმერთს, შესაბამისად, მას მიეცა ძალა განსაცდელთან გასამკლავებლად. აბო ქრისტეს რიგით ჯარისკაცად თვლიდა თავს და ემსახურებოდა მას: ლოცულობდა, მარხულობდა, ფსალმუნებს გალობდა, თუმცა ის „საღმრთო შურით“ იყო სავსე, არ დაკმაყოფილდა მხოლოდ გაქრისტიანებით, ის მოწამის გვირგვინს მიესწრაფოდა, ამითი შეიძლება ავხსნათ მისი პასუხი აფხაზთა მეფის რჩევაზე – არ დაბრუნებულიყო ქართლში: „აწ მე რაისთვის დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან?“ ასე რომ, აბოს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ უეჭველად სიკვდილი ელოდა. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ მთელი სამი წლის მანძილზე აბო თავისუფლად, „გაცხადებულად“ დადიოდა თბილისსა და მის შემოგარენში, ყველაფერი ნათელი გახდება: ის შეგნებულად ახდენდა არაბების პროვოცირებას, მაგრამ, ეტყობა, ისინიც კარგად ხვდებოდნენ, რა რეზონანსს გამოიწვევდა არაბი აბოს ქრისტიანობისათვის წამება, რა იდეოლოგიური დატვირთვა ექნებოდა მას და, ვფიქრობ, ამდენი ხნის მანძილზე ამიტომაც იკავებდნენ თავს მოღალატის დასჯისაგან. არაბები მსოფლიოში დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ ჭეშმარიტი რელიგიის – მაჰმადიანობის სახელით და აი, მათ მიერ დაპყრობილ ქვეყანაში მათივე ერისშვილი, ბავშვობიდან მაჰმადის რჯულზე აღზრდილი, უარყოფს გამარჯვებულ თანამოძმეთა რელიგიას და დამარცხებულთა სარწმუნოებას ეზიარება. მან მიატოვა სამშობლო, ოჯახის წევრები და გააკეთა თავისუფალი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აბო მოაზროვნე, მაძიებელი ადამიანია, მას ჭეშმარიტება იზიდავს, რომელიც ქრისტიანობაში აღმოაჩინა. ამასთან, მას ჰქონდა განსაკუთრებული სულიერი სიმამაცე, რომ თავისი რწმენა დაეცვა. როგორც ზემოთაც ვთქვით, აბო გაორებულ გრძნობას იწვევს მკითხველში: ის ქართველებისთვის, ქრისტიანებისთვის გმირია, ნამდვილი წმინდანია, მაგრამ არაბებისთვის ის მოღალატეა და, არცთუ უსაფუძვლოდ. თუკი რაიმემ შეიძლება გაამართლოს აბოს ნაბიჯი, ესაა ის, რომ აბო უანგარო და გულწრფელია თავის რწმენაში, ის ამქვეყნად არაფერს მოელის, ტანჯვა-წამების გარდა, ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, ეს იმქვეყნიური სასუფეველია. მან ამისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ის ჭეშმარიტი მორწმუნეა, განსხვავებით ვარსქენ პიტიახშისგან, რომლისთვისაც რწმენის ტოლფასი ძალაუფლება და სიმდიდრეა. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობის მიღება აბოს თავისუფალი არჩევანის შედეგი იყო. ის ხომ დარწმუნდა, რომ მაჰმადიანობა „კაცთა ხელოვნებითა შეთხზული შჯული იყო“, ის ჭეშმარიტებას არ შეიცავდა. აბოს მოქმედების მოტივი თავიდან ბოლომდე რელიგიურია. ის არაბ ხალხს კი არ უპირისპირდება, არამედ უარყოფს, მისი შეხედულებით, ცრუ სარწმუნოებას. შემთხვევითი არაა, რომ აბო შეიპყრეს 27 დეკემბერს, სამშაბათს, ქრისტეს პირველი მოწამის, სტეფანეს ხსენების დღეს. სტეფანე ითვლებოდა „ერისთავად ყოველთა მარტვილთა.“ მიუხედავად პიროვნული სიმამაცისა და სიმტკიცისა, წმინდა აბო, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანს შეჰფერის, ღვთის მოიმედე იყო. მან ტანსაცმელი გაყიდა, რათა სანთლები და საკმეველი ეყიდა, გაეგზავნა მღვდლებისთვის, რათა მათ ელოცათ მისი სულისთვის. გასამხნევებლადაც სწორედ უფალს მიმართავს მარტვილი: „იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყვარე შენ უფროისა თავისა ჩემისა.“ იოვანე საბანისძე აღტაცებულია აბოს შეუდრეკლობით, უტეხი სულით. ის დაწვრილებით გვიხატავს, თუ როგორ გამომწვევად იქცევა აბო მსაჯულთან: მან კადნიერად გადაწერა ჯვარი კარებს; მისი გაუტეხლობით, სიმამაცით განცვიფრებულ მსაჯულს კი გაქრისტიანება შესთავაზა, რათა მასაც გაეგო და შეეგრძნო ქრისტეს სიტკბოება. სასიკვდილოდ მიმავალი აბო „სულითა თვისითა მოგზაურ ქმნული“ ხედავს საკუთარ უსულო სხეულს. მას აბო მიცვალებულისათვის საკითხავი 118-ე ფსალმუნით მიაცილებს. ესეც ქრისტესმიერი სასწაული იყო იმ მორწმუნის მიმართ, ვინც მან ისმაიტელთა შორის, „ვითარცა ვარდი ეკალთაგან“ გამოარჩია და მარადიული დიდების შარავანდედი დაადგა. როგორც ტექსტიდან ჩანს, აბო შეგნებულად ეწამა ქრისტიანობისათვის, საკუთარ რწმენას ანაცვალა სამშობლო, ოჯახი, სიჭაბუკე, სამაგიეროდ მოიპოვა მარადიული სასუფეველი. აბო თბილელის მოწამეობრივმა აღსასრულმა ქართველებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა: „სწავლულნი უფროის გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროის განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ.“ მან კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველებს, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი რელიგიაა და ის მორწმუნეებისთვის ყველაზე დიდი განძია, რომელსაც დაცვა, ერთგულება, „მამაპაპური გზით სიარული, ჭირთათმენა და ქრისტეს სიყვარული სჭირდება“ – ამისკენ მოწოდებაა მერვე საუკუნეში იოვანე საბანისძის მიერ შექმნილი ეს დიდებული ნაწარმოები, მისი მთავარი გმირი კი – არაბი ჭაბუკი აბო, მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი არჩევანი და როგორ უნდა იბრძოლო რწმენის დასაცავად.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

One Comment

  1. ამას თუ იწერთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება ამას იწერდეს თქვენი კლასელი ნინოც.

კომენტარის დამატება

Back to top button