ლიტერატურაწიგნები

სტივენ კინგი- ჯოილენდი (მიმოხილვა)

ბოლო რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა საქართველოში სტივენ კინგის გაფეტიშება (როგორც ეს მანამდე სხვა ავტორების მიმართ იგრძნობოდა). თუმცა, რამდენიმე უარყოფითი ფაქტორისა, ამ მოვლენასაც აქვს რაღაც დადებითი. კერძოდ, ჩვენმა წიგნის გამომცემლობებმა, მიუხედავად იმის არ ცოდნისა, თუ კინგის რა ლიტერატურა თარგმნონ, მაინც დაიწყენ ნელ-ნელა ამ კაცის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნა, რაც საბოლოო ჯამში იმის იმედს იძლევა, რომ ადრე თუ გვიან უფრო ხარისხიან ლიტერატურასაც მიადგებიან. რამდენიმე თვის უკან დიოგენემ თარგმნა ,,ჯოილენდი“, რომელმაც მკითხველთა შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა. ნაწილი იძახდა, რომ ეს ნაწარმოები ძალიან კარგი იყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ ,,ჯოილენდი“ უბრალოდ ,,ნაგავია“ და სხვა არაფერი. დღეს მე პირადად შევეცდები ვისაუბრო ამ ნაწარმოებზე და შემოგთავაზოთ როგორც ჩემი სუბიექტური აზრი, ასევე რამდენიმე ობიექტურად დაკვირვების შედეგადად აღმოჩენილი ფაქტი და ამის შემდეგ თქვენთვითონ განსაჯეთ ამ ნაწარმოების ავ-კარგიანობა. იმაზე არავინ არ დავობს, რომ წიგნის მოწონება გემოვნების ამბავია, თუმცა რაღაც კუთხით ლიტერატურული ღირებულებაც ემორჩილება გარკვეულ დოგმებს და ამ უკანასკნელთა დაუცველობა საბოლოო ჯამში განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ სიღარიბეს.
უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ სიუჟეტის აღწერით. ახალგაზრდა დევინ ჯონსმა გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო(საზაფხულო სამუშაო) გასართობ პარკ ჯოილენდში, იმ იმედით, რომ პირველ რიგში მას დაავიწყდებოდა იმ გოგოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამასთანავე ეს სამუშაო ერთგვარი რელაქსაციაც იქნებოდა კოლეჯში გატარებული პერიოდის შემდეგ. თუმცა, როგორც ყველას მოგეხსენებათ, კინგის ირონია და სისასტიკე მკითხველისა და პერსონაჟის მიმართ უსაზღვროა. შესაბამისად ჩვენი დევინის ჩაფიქრებული გეგმაც(რომელიც ზემოთ ვახსენეთ) ისე ვერ განხორციელდებოდა, როგორც თვითნ სურდა. ხოლო პრობლემები, რისი თვალებში ჩახედვაც ჩვენს პერსონაჟს მოუწევს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ წიგნში და ეს პრობლემები იშლება 3 ძირითად პლანად, რომელთა განვითარება თითქმის დამოუკიდებელი წიგნის სცენარი იქნებოდა, რაც საერთო ჯამში მოგვცემდა მართლაც შედევრ ლიტერატურულ ქმნილებას მისტიკისა და საშინელებათა ჟანრში. თუმცა პირადად ჩემი აზრით, კინგმა რატომღაც ვერ შესძლო ამ სამი სიუჟეტიდან ვერცერთის ნორმალურად გაშლა და განვითარება, თითქოს რაღაც მოვალეობის მიზნით იყო მიფუჩეჩებული ნაწარმოები. არადა ჩანაფიქრი კი ნამდვილად გენიალური იყო. დღეს სწორედ ამ 3 ძირითად სიუჟეტის განვითარების შესაძლებლობაზე გვექნება საუბარი და როგორც ხვდებით, რეკომენდირებულია ეს სტატია წაიკითხოს მხოლოდ იმან, ვისაც წაკითხული აქვს უკვე ეს წიგნი(თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სტატია შეიცავს სპოილერებს. უბრალოდ ჩემი ნაწერის ადეკვატურად აღქმისთვის და უფრო კარგად გასაგებად უმჯობესია წიგნი გქონდეთ წაკითხული).
მაშ დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ნაწარმოების მთავარი გმირის, დევინის სასიყვარულო კრახზე, ანუ იმ გოგოს დაკარგვით გამოწვეულ ტრამვაზე, რომელიც მას უყვარდა. აქ საინტერესოა არა თვითონ ეს გოგო, რომელზეც ფაქტობრივად არაფერი ვიცით ტექსტში, ან თუნდაც თვითონ დევინი, არამედ ყურადღება უნდა მივაქციოთ დევინის მდგომარეობას ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც საშუალებას აძლევდა მწერალს სერიოზულ ფსიქოლოგიური ხაზი გაეტარებინა მთელი წიგნის მანძილზე(როგორც ,,უიმედოთა ქალაქში“ არსებულ სიუჟეტს სდევდა რელიგიური ხაზი). მკითხველი ნახავს ნაწარმოებში, რომ გოგოს დაკარგვამ ჩვენი მთავარი მოქმედი გმირი დეპრესიაში ჩააგდო, ამ ტრამვამ იძულებული გახადა დროებით გასცლოდა საკუთარი ოჯახის ერთადერთ წევრს- მამას იმის იმედით, რომ ფიზიკურ შრომაში მაინც გამოსულიყო ამ დეპრესიიდან. ობიექტურობა, რომ არ დავკარგოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ადგილი, სადაც მუშაობის გადაწყვეტილების მიღება დევინის მიერ ნამდვილად ნიშანდობლივია უშუალოდ სტივენ კინგის მხრიდან. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ‘’ჯოილენდი“ არის გასართობი პარკი ბავშვებისთვის, ამ უკანასკნელთ კი სტივენ კინგის ძალიან ბევრ ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ. თუ კინგის წიგნში ფიგურირებს ბავშვი, მაშინ მას აუცილებლად აკისრია რაღაც მესიანური მისია, რაღაც უნიკალური დადებით თვისება, რომელმაც ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაამარცხოს ბოროტება. ჩვენ კიგნის ბავშვის ფენომენზე ცოტა ქვემოთ უფრო კარგად ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა იმის თქმა მინდა, რომ დევინის გადაწყვეტილება, ემუშავა ბავშვებისთვის(თავისუფლად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ მის სამუშაოს) იყო ბრწყინავლე არჩევანი, რადგან ბავშვების კეთილ და ლაღ ბუნებასთან ურთიერთობა ადრე თუ გვიან აუცილებლად განაპირობებდა დევინში არსებულ დეპრესიის ხრწნას, რადგან დეპრესია ეს ბოროტების ნაყოფია, რომელსაც არაფერი ესაქმება სიკეთესთან, ანუ კინგის სამყაროში ბავშვის ფენომენთან. სტივენის ბავშვთან ზოგადად ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, შეიძლება იყოს სახარებისეული გავლენა, სადაც ბავშვის ბუნებას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საბოლოო ჯამში ეს აბზაცი მინდა დავასრულო იმით, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, კინგს შეეძლო უკეთესად გამოეყენებინა ზოგადად დევინის ეს მდგომარეობა(რომელიც აერთიანებს მის გადაწყვეტილებებს) წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ანუ ამ წიგნისთვის დაახლოებით ისეთივე ფსიქოლოგიური ჟანრის ელფერი მიენიჭებინა, როგორც დაახლოებით აქვს ,,მწვანე მილს“, ,,გაქცევა შოუშენკის საპატიროდან“-სა და ,,ჯერალდის თამაშებს“(ეს უკანასკნელი არ არის ნათარგმნი).
ახლა დროა გადავიდეთ მეორე ტიპის სიუჟეტის განვითარების შესაძლებლობაზე, რომელიც ნაწარმოებში გვევლინება დაბრკოლებად, რომლის გადალახვაც უწევს დევინს. საუბარია იმ საზარელ მკვლელობაზე, რომელიც მოხდა ჯოილენდის გასართობი პარკის ,,საშინელებათა ოთახის“ განყოფილებაში. მკვლელმა, რომელმაც დაუნდობლად ყელი გამოჭრა ახალგაზრდა გოგონას და საშინელებათა ლაბირინთში მოისროლა, სხვა გოგონებიც იმსხვერპლა. საინტერესოა ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ პარკში მომუშავე რამდენიმე ადამიანის აზრით ლაბირინთში სწორედ ამ გარდაცვლილი გოგოს აჩრდილი ბინადრობს, რომელიც გათავისუფლებას ელის. ვფიქრობ, რაც ნამდვილად კარგად არის გაკეთებული კინგის მიერ, არის ის მისტიკური ატმოსფერო, რომელიც ამ მოვლენის გარშემო იგრძნობა. თუმცა სამწუხაროდ, თქვენ ნახავთ, რომ ეს მისტიკური გარემოც ძალიან მალე იშლება და ნადგურდება. ისე მარტივად იქცევა ეს წიგნი პოტენციური მისტიკა-ჰორორის ჟანრის ნაწარმოებიდან უბრალოდ დეტექტივად, რომ მკითხველში ნამდვილად იმედგაცრუებას გამოიწვევს. ,,ჯოილენდს“ აშკარად ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო ბრწყინვალე ნამდვილი ,,კინგისეული“ ქმნილება, რომელიც მკითხველში შიშს გაამეფებდა და არა იაფფასიან დეტექტიურ განწყობას.
რაც შეეხება ნაწარმოების განვითარების მესამე ელემენტს. ეს უკანასკნელი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ წიგნში, რომ მისი იმპროვიზაციით, უფრო მაგიური ელფერის მინიჭებით იმ დონეზე შეეძლო მწერალს მოვლენებისა და პერსონაჟების მანიპულირება, რომ ზემოთ ხსენებული 2 მოვლენა ზუსტად ისე რომ დარჩენილიყო, როგორც არის, მაინც შედევრი იქნებოდა ეს წიგნი. საუბარია მომაკვდავი ბავშვის ფენომენზე, რომელიც უნიკალური თვისებებითა და შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. ამ ბავშვს, მაიკს, რომელიც ფილტვების ანთების გამო ცოტა ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, დევინი პლაჟზე გაიცნობს, როდესაც ფრანის გაშვებას ასწავლის. სწორედ აქედან იწყება მათი ურთიერთობა. ზემოთ კინგის ნაწარმოებებში ბავშვის ცნებაზე ვისაუბრე და შესაბამისად, ადვილი მისახვედრია რომ ანალოგიური იდეოლოგიის გამტარი უნდა იყოს მაიკი ,,ჯოილენდში“. ეს არის ბავშვი, რომელიც თავისდაუნებურად, არაცნობიერის დონეზე უპირისპირდება ბოროტებას და ამასთანავე სხვასაც ანიჭებს უდიდეს შვებას, როგორც ცოცხლებს, ასევე გარდაცვლილებსაც.(ამას უფრო ზუსტად რომ წაიკითხავთ მიხვდებით). როგორც უკვე ვთქვი, ეს ბავშვი არის უნიკალური თვისებებით დაჯილდოებული, რაღაც მისტიკური ინტუიციითა და გარდაცვლილებთან საუბრის უნარით ხვდება ვის,სად და როდის უჭირს. თუმცა დანამდვილებით არ შეუძლია თქმა ვინ არის ბოროტების მატარებელი, უბრალოდ გამზადებულ ფრაზებს, მინიშნებებს იღებს , რომელსაც შემდეგ ხმამაღლა უცხადებს მათ, ვისაც საჭიროა. ეს ადამიანი ამ ყველაფერთან ერთად არის საკმაოდ დიდი ტრაგიზმის მატარებელიც, რადგან მან იცის, რომ სიკვდილი გარდაუბალია, ისიც იცის, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და მანამდე უნდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინოს და ამასთანავე ის გააკეთოს, რასაც აქამდე მისი ჯანმრთელობა უშლიდა ხელს- ,,ჯოილენდში“ გაატაროს დაუვიწყარი დღე. მიუხედავად ასეთი კარგი პოტენციალისა ნორმალური პერსონაჟით გაცილებით საინტერესო გაეხადა თხრობა ავტორს, რატომღაც აქაც იგრძნობა არასრულყოფილების გრძნობა, ისევე მალე სრულდება ამ ბავშვის ბუნდოვანებით მოცული ამბავი, როგორც იმ მკვლელობის საქმის მისტიკურობა.
ეს არის ჩემი დაკვირვებით აღმოჩენილი სამი ძირითადი სიუჟეტური კვანძი, რომლის განვითარებაც ვერ მოახერხა მწერალმა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში არიან სხვა პერსონაჟებიც, მათ შორის ნათელმხილველი ქალი, რომელიც უწინასწარმეტყველებს დევინს საკმაოდ საინტერესო რამეს(ეს მკითხველმა თავად ნახოს), საბოლოო ჯამში ისინი უბრალოდ სიუჟეტის შევსების მცდელობას წარმოადგენს და სხვას არაფერს. რამდენიმე სიტყვით რომ შევაჯამო, ეს არის წიგნი, გენიალური მაგრამ განუხორციელებული გეგმით.

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button