ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

რევაზ ინანიშვილი – კეთილი მიწა

დღეს ოქტომბრის ოცდაათია, მზიანი დღე, ოცდა-ხუთში კი ძალზე მოკირჩხლა. დილით რომ ავდექით, თითქოს თხელი თოვლი მოსულიყო, მქრქალი ლურჯი ბურუსიციდგა. ქალები ამბობდნენ, კიდევ კარგი, კიდევ კარგი, რომ ვაშლების დაკრეფა მოვასწარითო. მაინც გაჩქარებულნი ფაციფუცობდნენ, _ კარტოფილი და გოგრები დათბუნეს, სხვენში გაფენილი ვაშლი ყუთებში ჩააწყვეს. როდის მოასწრეს მოფრენა, _ ბაღი ლამაზი სკვინჩებით აივსო. იმათი მოსვლა უხაროდათ თუ რა იყო, ერთ ამბავში იყვნენჭინჭრაქები. სხვა დროს სულ ღობე-ღობე მძრომები, ისხდნენ გამოცალკევებულ როკებზე და გატაცებით გალობდნენ. მზემ რომ შემოიმაღლა და დათბა, ხეებიდანფოთლებმა იწყეს ცვენა. კაკლის ქვეშ გავჩერდი და თვალები დავხუჭე. ისეთი ტკაპატკუპი ისმოდა, თითქოს წვიმა მოდისო, სინამდვილეში _ ფოთლები ცვიოდნენ. საღამომდე თითქმის ყველა ხე გაშიშვლდა, მარტო ერთი პატარა ვაშლიღა იდგა მწვანედ. პაპამ თქვა: _ ერთი უყურეთ მაგასა, კაი ყინვაგამძლე ვაჟკაცი უნდა დადგესო! _ მოაგორა ტაჭკის წინა თვალი. მჭედლისთვის სალტე გადაეკვრევინებინა. თან მოაგორებდა, თან რაღაცნაირად იღიმებოდა _ ხვალ ხომ კვირაა, ქვეყნისთვალოო (მექვეყნისთვალს მეძახის, ქალო, ქალოო, ქვეყნისთვალოო). კვირაა-მეთქი. მაშაო, ორშაბათის გაკვეთილები ამაღამვე ისწავლეთ, შენცა და ბერდომაც, დილაზე ერთ კარგადგილას უნდა წაგიყვანოთო. სადა-მეთქი, პაპა, სად! _ ეგ თუ წინასწარ ითქვა, წასვლაც აღარ ეღირებაო.

სულ ასე იცის. ხან მე ვეხვეწე, ხან ბერდო, მაინც არ გვითხრა. ვისწავლე გაკვეთილები, მეც ვისწავლე, ბერდოსაც ვასწავლე. პაპამაც, რომ დაღამდა, _ აბა, ერთი მეც ცოტაწავიმეცადინოო, _ გადმოიღო ვაჟა-ფშაველას დიდი ტომი, გაიკეთა სათვალე, აიკრიფა ფეხები ტახტზე და დაიწყო კითხვა. იკითხა ერთ საათს, _ ჰეო, რა ბოღრა ბიჭი იყოო! _ შეაქო ვაჟა, წიგნი თავის ადგილზევე დადო და ბებიას გასძახა: _ თვალისჩინოო (ბებიას თვალისჩინოს ეძახის), სულის საქმეს მოვრჩი, ახლა ხორცისთვისაცმიმახედინეთო. ბებიას არ ეცალა, დედამ გაშალა სუფრა. ჩვენც მივუსხედით, მე და ბერდო. პაპამ, ვახშმისა, ერთი ჩაის ჭიქა წითელი  ღვინო დალია. სადღეგრძელოც თქვა:

_ ღმერთო, შენის მადლითა, შენ მოუკრუხე დედალი ფხაკუნაანთ რძალსაო. _ ჩვენ გაგვეცინა, მე და ბერდოს. _ რას იცინითო, _ გვითხრა პაპამ, _ ის ფხაკუნაანთ რძალიდღეს საბჭოს წინ იდგა და მთელ სოფელს გადასძახოდა, ქააო, გაგონილაო, წელიწადი ისე გავიდა, ქათამი არ მომკრუხებიაო! იქნებ როგორ გასჭრას ჩემმა ლოცვამ, ვთქვა, ბაჟს ხომ არავინ მახდევინებს სიტყვის თქმაშიო! _ ბებიამ აივნიდან გამოსძახა: _ ფხაკუნაანთ რძლის მჭვალი არ დაგაყენო, ცოტა წესიერად ელაპარაკე ყმაწვილებსაო! _ პაპამ თვალი ჩაგვიკრა, წავალ ახლა მე ჩემს ციხე-კოშკშიო, ბოდიში მოგვიხადა, ამოიდო იღლიაში თავისი „ვაჟა-ფშაველა“ და ავიდა მეორე სართულზე, ჯერაცდაუმთავრებელ ოთახში. იქა სძინავს ზამთარში. შემოვიდა დედა, წადით, დაიბანეთ ფეხები და დაწექით თქვენცაო. წავედით.

დილით, ადგომისთანავე, პაპასთან გავიქეცით. საღორესთან ჩაცუცქულიყო და ღორებს სალაფავს ურევდა. ვთხოვე, ახლა მაინც ეთქვა, სად მივდიოდით. გაეღიმა, _ წუხელარ გეძინათო? გვეძინა-მეთქი. კარგად გეძინათო? კარგად-მეთქი, თუმცა მე შუაღამისას ძილი გამიკრთა. აბა, მაშ, ახლა კარგად ისაუზმეთ, თბილადაც ჩაიცვით დაგავუდგეთ გზასაო. ვჭამეთ საჩქაროდ, თბილადაც ჩავიცვით, პაპამ ცხენი შეაბა, ტაჭკაში რბილი ბალახი ჩააგო, მოგვეხმარა, ჩაგვსხა. ჩამოგვიდგა კალათა, კალათაში ორიაბგაც ჩადო, _ აბა, კარგად იყავით, უჩვენოდ არ მოიწყინოთო, _ შესძახა ჩვენებს; გამოვიდნენ დედა და ბებია.

დედამ თქვა, _ არ დამიციო ეს ყმაწვილები, ამ სუსხში სად მიგყავსო. პაპამ უთხრა, _ აგერ, როგორი მზე ამოდის, სულ მალე დაცხება კიდეცაო. _ გაუჯავრდა ცხენსა, გავედით ეზოდან და დავადექით დიდ გზას. ტყისკენ რომ გავბრუნდით, მე ვთქვი, _ აა, ტყეში მივდივართ-მეთქი. პაპამ კი გამიღიმა და მითხრა, _ რათა ტყეში! ტყეშიც, მინდორშიც, მთაშიც და ბარშიცაო. აბა, გაიხედეთ, რა ლამაზია თუნდაც აქაურობაო. მართლაც, ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. გადაჭირხლულ ველსა და ბუჩქნარს მზემოსდებოდა და რაღაც ნაზად ბრწყინავდა. პაპა ცხენს ელაპარაკებოდა, _ შენ რა, ცუდი სიზმარი ხო არ ნახე, რა უწადინოდ ირჯები, თქვი, თუკი სათქმელი რამე გაქვსო. ცხენი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებდა, თავჩაღუნული მიაბიჯებდა. _ აბა, მაშინ, შენ თუ არას იტყვი, მე დამიგდე ყურიო, და პაპამ სიმღერა დაიწყო ხევსურულ კილოზე:

ჩემ ჯორა ნატვრისთვალია,

ფასი არ დაედებისაო.

ეს ისეთი სასაცილო სიმღერაა, მე და ბერდო ერთმანეთს ვეყუდებოდით ხითხითით. სულ მალე, როგორც პაპამ თქვა, მშვენივრად დათბა. მე პალტო გავიხადე, _ არშეგცივდეს, გოგოო! ბერდომაც დაიწყო გახდა, _ შენ ნუ, შე ჭიანოო, _ მიუბრუნდა პაპა, მაგრამ ბერდომაც გაიხადა.

ჩახრიალებამდე სულ დიდ გზაზე ვიარეთ, ჩახრიალებთან გადავუხვიეთ, ავედით ზემოთ, ნასოფლართან, გავიარეთ ის ნასოფლარიც, ნასიმინდარიც, კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ერთ დიდ მაჟალოსთან გავჩერდით. ჯერ გაჩერებული არ ვიყავით, დავინახეთ, ტრაქტორით მოთრეული დიდი ხმელი წიფელი ეგდო, ტოტებდალეწილი, ქერქამძვრალი. იმ წიფლის ზემოთ კი, ფერდობზე, ზღმარტლი, ზღმარტლი, რომ თითქოს შავი რაღაცების გუნდი დასევია ბუჩქებსო! გადავხტით ტაჭკიდან და გავიქეცით. პაპა მოგვძახოდა, _ ნელა, არსად არ აპირებენ წასვლასაო, მაგრამ ჩვენ მაინც სირბილით ავედით ფერდობზე. ხან ერთ ბუჩქთან მივირბენდით, ხან მეორესთან _ უჰ, რათხლუპ-თხლუპიაო! _ ხან მე ვიძახდი, ხან _ ბერდო. პაპა კმაყოფილების ღიმილით გამოგვყურებდა, თან გვარიგებდა,  ბევრს ნუ შეჭამთ, სხვა რამეებიცა გვაქვსდასაგემოვნებელიო. ჩვენ მაინც ბევრი ვჭამეთ, ბერდომ ცხვირ-პირი სულ მოითხუპნა. ჩაგვიძღვა ხევში პაპა. იქ წყალი მოდიოდა, _ წმინდა, წმინდა, სულ ფესვებში დახავსებში. ბერდოს ცხვირ-პირი მოვბანეთ, გადავედით იქით, ავყევით ზემოდან ჩამომავალ ფოთლებით სავსე ჩაღრმავებას. ფოთლებზე ჭირხლი იდო. გავედით სხვაჩაღრმავებაში, ჩაჯდა პაპა, ფოთლები გაქექა, გახვეტა სიგრძეზე, შავი ფსკერი გამოაჩინა და სახეგაბრწყინებული მოგვიბრუნდა. თხილები ოდნავ მოგრძო, ოდნავ სველი. მსხვილ-მსხვილი ტყის თხილები! ეყარა იმ შავ ფსკერზე ლამაზად. მე და ბერდო სიხარულით ვყიჟინებდით, ვიგდეთ პირში, მაგრამ ძალიან მაგარი იყო, ვერ გავტეხეთ. პაპაიცინოდა, _ ვერაო, შვილონიასაო, ეგრე ვერაო, მაგათი მომრევი მარტო ქვააო! მოვძებნეთ ქვებიც. ვამტვრევდით და ვახრამუნებდით. გემრიელი იყო, მეტი აღარ შეიძლება. ზოგს ვამტვრევდით, ზოგს აბგაში ვიყრიდით. პაპა სულ აბგაში ყრიდა. თუ ძალიან მსხვილ თხილს იპოვიდა, გვაჩვენებდა, _ ესაო ერთ თაგვსო სადილადაც ეყოფა დავახშმადაცო. ესაო, სადილადაც, ვახშმადაც და მეორე დღის საუზმედაცაო, მაგრამ ახლანდელი თაგვებიც გაზარმაცებულები არიან. მაშ, მე რომ თაგვი ვიყო, მაშ, მე რომერთი ფიცხელა თაგვი ვიყო, ამათ აქ დავტოვებდიო?! ააქანავებდა ხელისგულზე თხილებს და ჩაყრიდა აბგაში. იმდენი ავკრიფეთ, ერთი აირწინაღის აბგა სულ გაივსო, მეორე ნახევრამდე იყო. პაპამ წვრილი წნელით მოუკრა პირი ერთსაც და მეორესაც. დავბრუნდით ტაჭკასთან. ცხენმა რომ დაგვინახა, ხვიხვინი დაიწყო. პაპამ უთხრა, _ რაოო, მოგენატრეთო? ცხენმა ისე დაიქნია თავი, თითქოს ჰოს გვეუბნებოდა. მივედით და სამივემ მივუფერეთ.

პაპას პური და ყველი წამოეღო. დავსხედით, ვჭამეთ. ჩვენ რომ ვჭამდით, პაპა ბუჩქებში რაღაცას დაეძებდა. იპოვა, დაგვიძახა, მივედით და, გინდა დამიჯერეთ, გინდა არა, _ ჯერაც ისევ ცოცხალ-ცოცხალი შვინდი! ისიც გადაქექილ ფოთლებში! ეს პირის ჩასაკოკლოზინებლადო, მხოლოდ, ეს უნდა გაირეცხოსო. ავკრიფეთ იმ ქაღალდში, პაპასრომ ყველი და პური ჰქონდა გახვეული, ჩავიტანეთ წყალზე, გავრეცხეთ და რომ დავიგემოვნეთ, აღტაცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. პაპამ თქვა, _ აბაო, თრთვილდადებულ შვინდზე გემრიელი არაფერია ქვეყანაზეო. მართლაც! მართლაც!

ზღმარტლის კრეფა სულ ადვილი იყო, დავკრიფეთ, კალათა პირამდე გავავსეთ, ამასობაში მზეც საშუადღეოს გადასცილდა, ჩავიბარგეთ ტაჭკაში და წამოვედითმხიარულად. პაპა სულ ღიღინებდა.

მიწა ვარ ნიადაგ მენა,

მიწაა ჩემი მშობელიო…

ხან ღიღინებდა, ხან ჩვენ გვარიგებდა: შენაო, ქვეყნისთვალოო, უნდა ილოცო ხოლმეო, დასწვე, დაიხარო მიწისკენ, უნდა თქვა, _ ღმერთო, ჩემი კეთილი მიწა მიცოცხლე-თქო, ასდგე, გასწორდე და, მაშინაც ამას უნდა ეხვეწებოდე უფალსო. შენ კიდევაო, ბერდო, მე უკვე ვბერდები, ახლა შენ უნდა გამოიბა ცხრა თვალი და ცხრა ყური, ავმაკაცმა არაფერი გააფუჭოს შენს ირგვლივო.

ბერდო წამოხტა, ხელები ასწია, რაღაცა უნდა დაეძახა, ტაჭკა ჩაზლაყუნდა და ბერდო თივაში ჩაეცა საჯდომით.

პაპა სულაც არ არის ბებერი, აგვისტოს ოცდარვაში, მარიამობას, ორმოცდათვრამეტი წლისა გახდა.

ახლა რა არის საოცარი! საოცარი ის არის, რომ ბოლო ხანებში თითქმის ყოველღამე მეღვიძებოდა და მერე მიძნელდებოდა დაძინება. მე ახლაც მეღვიძება ნაშუაღამევს, მაგრამ დავხუჭავ თვალებს, თვალებდახუჭული წარმოვიდგენ: ფანჯრის რაფაზე ტყის თხილია გაფენილი, ქვაბში გემრიელი ზღმარტლი ყრია და ის ქვაბი ჩემი საწოლისქვეშ არის შედგმული. ჩახრიალების ზემოთ, ნასიმინდრების იქით, დიდი მაჟალო დგას, იქვე ტრაქტორით მოთრეული ხმელი წიფელი გდია, ხავსებში და ფესვებშიმომწვანო წყალი მილიკლიკებს, ჩრდილიან ფერდობებში, ყვითელ ფოთლებზე, თეთრი ჭირხლი დევს, ხეების კენწეროებთან ნათელი მზე ანთია, _ ამოვიწყობ ხელებსბალიშის ქვეშ, ვიტყვი: _ ღმერთო, ჩემი კეთილი მიწა მიცოცხლე, _ და მაშინვე ჩამეძინება ტკბილად.

ბერდოს ხომ სულ ტკბილად სძინავს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button