ფილოსოფია

ნინო ფარსადანიშვილი – “ომის ფილოსოფია” (დიმიტრი უზნაძე)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

დიმიტრი უზნაძე თავის ნაშრომში ,,ომის ფილოსოფია“ სიკვდილს განიხილავს როგორც ბოროტებას. იგი იხსენებს ნახატს, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ნახატზე გამოსახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტბის გაყინულ ზედაპირზე მისრიალებდა. ქალს თან სდევდა მისი ჩრდილი. მხატვარმა ჩრდილს სიკვდილის ჩონჩხის სახე მისცა, რომელიც ცდილობდა ქალის დაუფლებას, რათა სამუდამოდ ჩაექრო მისი სიცოცხლის მაჯისცემა. ქალმა იგრძნო უხილავი თანამგზავრის განზრახვა და ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. იგი მისრიალებდა ყინულის ზედაპირზე და თანდათან უახლოვდებოდა უფსკრულს. ახალგაზრდა ქალი განზე იხრება, იცვლის მიმართულებას და განაგრძობს გზას.

დიმიტრი უზნაძის თქმით, ქალის ყოველი ქმედება სიკვდილისადმი შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი. ფილოსოფოსის აზრით, ადამიანი დაბადებიდანვე ცდილობს, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ გახდეს. ავტორი თვლის, რომ სწორედ სიკვდილისადმი შიშია ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. მისი აზრით: “სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია ადამიანის ცხოვრებაში.’’

დიმიტრი უზნაძეს მიაჩნია, რომ ყოველი ჩვენგანი გამსჭვალულია ამ შიშით, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება უაზროდ ებრძვიან სიკვდილს. ეს ბრძოლა კი ყოველთვის სიკვდილის გამარჯვებით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანებიც ისევე იმსჭვალებიან მისდამი შიშით, როგორც ყველა მოკვდავი. ამის დასტურად ავტორს მოჰყავს შოპენჰაუერის მაგალითი.: “გაიხსენეთ შოპენჰაუერი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე მოციქული პესიმიზმისა, მაგრამ ძნელია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს.’’

უზნაძის აზრით, სიკვდილი ყველას თანაბარ შიშს აღუძრავს. ასე რომ იგი ყველა ადამიანისთვის ბოროტებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგიერთი მოაზროვნე, რომელიც სიკვდილში უფრო სიკეთეს ხედავს, ვიდრე ბოროტებას. თუმცა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი სიკვდილს უბედურების სახელით ნათლავს, მკვლელს კი – უდიდესი ბოროტების ჩამდენს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრიც იცვლება. მტრის სიკვდილის ამბავი სასიხარულოდ ჩაგვესმის ყურებში. ერთ დღეში ათასობით ადამიანი იღუპება და თუ ვინმემ ბრძლოლაში თავი ისახელა, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ,,რაინდობა’’. სხვა დროს კი, ერთი კაცის მკვლელიც კი სასტიკად ისჯებოდა, ახლა კი ათასი კაცის სისხლში ამოსვრილი ხელი, რაინდის ხელად მიგვაჩნია.

დიმიტრი უზნაძე თვლის, რომ გონებას ცხოვრების ფაქტების შეფასების ძალა არ შესწევს და თუ საზოგადოება ამ აზრს ჩაუფიქრდება, მხოლოდ მაშინ შეძლებს ომის საკითხის გადაჭრას და გააზრებას. ფილოსოფოსის აზრით, ,,ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება ის უმაღლესი დანიშნულება, ადამიანის არსებობას სარჩულად რომ უდევს.’’ აქვე ავტორს მოჰყავს რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის შეხედულება ომის შესახებ. რუსი ფილოსოფოსის აზრით, ომი გაერთიანების მიზანს ემსახურება, მაგრამ უზნაძე არ ეთანხმება მის მოსაზრებას და სოლოვიოვის შეხედულების მცდარობის დასადასტურებლად მოჰყავს რომის იმპერიის მაგალითი და 30 წლიანი ომი, რომელმაც გერმანიას გაერთიანების ნაცვლად, საპირისპირო შედეგი მოუტანა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი. იგი თვლიდა, რომ რაც უფრო მეტ სახელმწიფოს დაიპყრობდა, მით უფრო მეტ ხალხს გააერთიანებდა და ხელს შეუწყობდა მათ შორის სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობას. მისი მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერია ნაწილებად დაიშალა.

უზნაძეს მიაჩნია, რომ ომის დროს ცალკეული ადამიანის სიკვდილი შიშს აღარ იწვევს, ასე რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენი არსებობის მიზანი კი არ არის, არამედ ის არის საშუალება, რომელიც გარკვეული მიზნების მიღწევას მსხვერპლად ეწირება. ავტორი წერს, რომ ჩვენი ცხოვრების დანიშნულების ეს ობიექტური ხასიათი კაცობრიობის ისტორიიდანაც ჩანს. მას მაგალითად მოჰყავს არისტოტელე და პლატონი, თემისტოკლე და ფიდიასი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ცხოვრება. მათ ნაცვლად კი კაცობრიობის გმირთა პანთეონში იდგებოდნენ: კატილინა და ლუკული, ალკიპიადსი და კრასი, მაშინ მაჰმადი, ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ რომაელ არისტოკრატთა წინაშე, რომელთა ცხოვრებაც მხოლოდ განცხრომა და სიამოვნება იყო. მაგრამ კაცობრიობა ქედს არ იხრის მათ წინაშე და არც ოქროს ასოებით აღბეჭდავს მათ სახელებს მეხსიერების დაფაზე. უზნაძე კაცობრიობის ისტორიულ წარსულს აიგივებს ადამიანებთან, რომლებიც უდიდეს ბალავარზე რაღაცას აშენებენ, მათგან მოშორებით კი მრავალი ქალი და კაცი განცხრომას მისცემია. ისინი სულელებად მიიჩნევენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რაღაც შენობის აგებას ანდომებენ.

დიმიტრი უზნაძე ასევე განიხილავს კულტურას, როგორც მუდმივად განვითარებად პროცესს. მისი აზრით, ეროვნული კულტურა შეიძლება შეჩერდეს და უკანაც დაიხიოს მისმა განვითარებამ. ამის მაგალითია საბერძნეთი, რომელიც ოსმალეთის ბანოტობის დროს არავითარ კულტურულ წინსვლას არ განიცდიდა. მუდვივი განვითარება შესაძლებელია, მთავარია მსოფლიოში არსებობდეს აქტიური პრინციპი, ეს აქტიური პრინციპი კი სულიერებაა. აქტიური მომენტი მუდამ უნდა ებრძოდეს პასიურ მომენტს, ანუ ნივთიერებას და ამ ბრძოლის შედეგად პასიური მომენტი უნდა დაემსგავსოს აქტიურ მომენტს, იგი უნდა განსულიერდეს. უზნაძე მიიჩნევს, რომ კულტურული შემოქმედება მხოლოდ ეროვნებათა ფარგლებში შეიძლება წარმოებდეს. რაც შეეხება ომის პრობლემას, იგი თვლის, რომ ამ დროს ქრება ყველანაირი შიში სიკვდილის მიმართ. როდესაც ომი თავდაცვითი ხასიათისაა, იგი ცხოვრების აზრის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთ შემთხვევაში ყველას სიამოვნებით მიაქვს ზვარაკად თავისი სიცოცხლე. მხოლოდ მოგერიებით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი დიდებული პიროვნებები, როგორიც მაგ. ჟანა დარკი იყო. მაგრამ როცა ომი შეტევითი ხასიათისაა, მაშინ გმირობა და თავგანწირვა სანთლით საძებარი ხდება. ამიტომაც ავტორის აზრით, მოგერიებითი ომი თითქმის მუდმივად გამარჯვებით სრულდება. მას მაგალითად მოჰყავს ბერძენ-სპარსელთა ომები. ბერძნები მოგერიებით ომს ეწეოდნენ, რის შედეგადაც ამ გარემოებამ მათ შთაბერა უძლეველი სული, რაც მათი გამარჯვებით დასრულდა. ფილოსოფოსი თვლის, რომ თავდაცვითი ომი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცხოვრების აზრის განხორციელებასთან. მისი აზრით, ცხოვრების აზრმა კალაპოტში უნდა ჩააყენოს ადამიანთა მოქმედების მცდარი სახე, ჩვენი ენერგიის უაზრო ხარჯვა უნდა აღიკვეთოს და უნდა დადგეს ისეთი დრო, როცა ომიც სრულ დავიწყებას მიეცემა.

გამოყენებული ლიტერატურა:
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (ტომი მეორე)

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button