იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ჭაბუკი და მეკობრენი


ერთი კაცი, კარგი ჭაბუკი, მოვიდოდა და ხმალიც კარგი ერტყა. ყოველი საჭურველი კარგი ჰქონდა. ცოლი თან მოჰყვანდა, დია, ლამაზი და კარგი ქალი. გაიარა გზა და მიჰხვდა ადგილსა სამეკობროსა. ხუთნი ამხანაგნი იდგნენ და ბევრს კაცს აზიანებდენ. იგი კაი ჭაბუკი უცნაური იყო და უფიქროდ მივიდოდა. ვიდრემდის ხელი არა სტაცეს, ვერა შეიტყო რა. 

გაძარცვეს, ხელი შეუკრეს და წაიყვანეს. 

ერთს მათგანს ამხანაგს მისი ხრმალი თურე მოეწონა, მალვით უთხრა: ამ შენს საჭურველსა და სხვას ქონებას შენ გაგაყოფინებ. შენი ხრმალი წილად მე მომახვედრე და შენს ცოლს მოგცემ და გაგიშვებო. 

მან კაცმან ფიცი მისცა: თუ მე გამაყოფინებ, ჩემს ხრმალს შენ მოგახვედრებო. 

წაიყვანეს. ერთს სამზირალს ალაგს ციხე იდგა, მუნ დაესადგურათ. ათი კაცი სხვა მხარშეკრული იდვა და ნაძარცვი აუარებელი. 

მან განდობილმან ამხანაგმან თქვა: ეს დღევანდელი კაცი სულის კაცსა ჰგავს და მოდი ამას გავაყოფინოთო! 

ნება დართეს სხვათაც და ხელი გაუხსნეს. 

დაუწყო ყოფა მან კაცმან; ერთ წილად თავისი ცოლი დასვა და ერთ წილად ერთი ფარი და ზედ შიშველი თავისი ხრმალი. 

ანაზდად დაავლო ხელი, უწინ, რომელსაც ხრმალი უქადა, სცა მას და მოკლა. ერთი სხვა მოკლა. სამნი გაექცნენ. მუნ ხელდაკრულნი კაცნი დახსნნა, ხრმლები მისცა, გამოუდგნენ და ყველა დახოცეს. მან კაცმან თავისი ცოლი წაიყვანა და თავისი საჭურველი. სხვა მათ კაცთ მისცა: მე ეს მეყოფაო. 

– რადგან მან ერთმან ამხანაგმან ამდენი სიკეთე უყო, რომ ენდო, ხელი გაუხსნა, გააყოფინა, ცოლი მისცა, ეს მის სიკვდილ რასღა ემართლებოდა? კარგისათვის კარგი არაოდეს ქმნილა, რასაც შენ არა სტყუი და ახლა არ იგონებო! 

ლეონ უთხრა: 

– კარგი ჰქმენი, მას კაცსა მათზე ავის ქმნა დაუწუნე. ცოლი წაართვეს, გაძარცვეს, თავი დაიხელთა და ის მოკლა, ავად უქმნიაო. მე მასცა ვუძრახავ, უწინვე რასათვის ასრე ღაფლად დარჩა? თუცა უკანის არა ექმნა რა, შენებრი კაცი იქმნებოდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button