ესე

გრიგოლ ხანძთელის დახასიათება

– „გრიგოლ ხანძთელი ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე და მწერალია საქართველოს ისტორიაში. სწორედ მისი დასამახსოვრებელი მხატვრული სახე შექმნა თავის ცხოვრების ჟანრის თხზულებაში გიორგი მერჩულემ. „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა დაიწერა 951 წელს, ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ. ავტორი სწორედ გრიგოლის მიერ აშენებულ ხანძთის მონასტერში მოღვაწეობდა. გიორგი მერჩულეს რომ საფუძვლიანად შეუსწავლია ხანძთელის მოღვაწეობის ეპოქა – მერვე-მეცხრე საუკუნეების საქართველოს სოციალურ- პოლიტიკური და კულტურული ვითარება, ეს კარგად ჩანს მის ისტორიულ ნაწარმოებში, რომელიც დღესაც გვაოცებს გაუხუნარი ფერებითა და დიდოსტატურად გამოძერწილი მხატვრული სახეებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სწორედ მთავარი გმირი აგიოგრაფიული თხზულებისა – გრიგოლ ხანძთელი.

როგორც ვთქვით, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ასახულია მერვე-მეცხრე საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში გაშლილი დიდი სამონასტრო მშენებლობა და მისი ორგანიზატორის – გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი. იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ: რა დამსახურება მიუძღვის გრიგოლ ხანძთელს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, მოკლედ მაინც უნდა გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში იყო იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა: დასავლეთ საქართველო ბერძნების ხელში იყო. აფხაზეთს ჰყავდა მეფე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის მფარველობის ქვეშ იყო. აღმოსავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. მხოლოდ ტაო- კლარჯეთი იყო მტრებისგან თავისუფალი, ამიტომ, ბუნებრივია, რომ სწორედ აქედან – აქაური მამფალებისა და კურაპალატების თაოსნობით დაიწყო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში მათ გვერდით იდგა როგორც „თეთრი“, ისე „შავი“ სამღვდელოება. საერონი – ხმლით, ხოლო სასულიერო პირები – ჯვრით ხელში ერთი დიადი მიზნის აღსასრულებლად: ქვეყნის გაერთიანება- აღორძინებისათვის იღვწოდნენ. სწორედ ამ იდეის გამომხატველია სიტყვები, რომელსაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, ანუ საქართველო დახასიათებულია ქართული ენისა და ქრისტიანობის მიხედვით. სწორედ ეს ორი ფაქტორი – ენა და სარწმუნოება – განაპირობებდა სამეფო-სამთავროებად დანაწილებული ქვეყნის ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომ იყო დიდ ეროვნულ საქმედ მიჩნეული საქართველოში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ისინი წარმოადგენდა კულტურისა და განათლების კერებს, უფრო მეტი, მათ ირგვლივ სოფლები და ქალაქები შენდებოდა, ამიტომაცაა გიორგი მერჩულეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი – გრიგოლ ხანძთელი – ეროვნული საქმისათვის თავდადებული პიროვნება.

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართლის წარჩინებული ოჯახის შვილი. ის იზრდებოდა მამიდის ხელმძღვანელობით, ნერსე ერისთავის სასახლეში.

გრიგოლი გარეგნობითაც მიმზიდველი იყო: მაღალი, ახოვანი, გამხდარი. ფიზიკურად ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიც ჰქონდა: „ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოლად კეთილ სრულიად, გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.“

ის იყო თავმდაბალი, თავშეკავებული, მოკრძალებული, შემწყნარებელი. ასაკთან ერთად გრიგოლს ხასიათის საუკეთესო თვისებებიც: სიკეთე, სათნოება, სიმშვიდე ემატებოდა. მიუხედავად ამისა, ის სხვა ახალგაზრდების მსგავსად არ იყო ამპარტავანი, ქედმაღალი, არ უყვარდა ნუგბარი საჭმელები.

გრიგოლმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა სწავლისა და შრომის სიყვარული: „ხოლო გულისხმიერობაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად.“ მან იოლად დაისწავლა „დავითნი“, ყველა ის სასულიერო წიგნი, რომლებიც ქართულ ენაზე მოიპოვებოდა. გარდა ამისა, მან კარგად შეისწავლა უცხო ენები, ფილოსოფია. ამასთან ერთად, რაც მოსწონდა, იმას სწავლობდა, მიუღებელს კი – იშორებდა, უფრო მეტი, არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.

გრიგოლი დიდებული მჭევრმეტყველი იყო: „სიტყუაი მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაითა.“ მისი ნიჭიერება, განათლება, მაღალი ზნეობა ყველას აღაფრთოვანებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გრიგოლის აღმზრდელებმა მისი მღვდლად კურთხევა. რა თქმა უნდა, ამისკენ გული გრიგოლსაც მიუწევდა, მაგრამ თან აშინებდა უდიდესი პასუხისმგებლობა – ის ხომ ძალიან ახალგაზრდა იყო. ამაზე მეტყველებს მისი სიტყვები: „და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო! “ გრიგოლის აღმზრდელებმა კიდევ მეტი მოინდომეს, გადაწყვიტეს მისი ეპისკოპოსად კურთხევა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო გრიგოლისთვის, რადგან მისი მოწოდება იყო დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში ეკლესია- მონასტრების მშენებლობა, მათი გაცოცხლება-აღორძინება. ამ მიზნით მან თანამოაზრეებიც გაიჩინა: საბა, თეოდორე და ქრისტეფორე. ის მათთან ერთად გაიპარა ტაო-კლარჯეთში. ამ კუთხის არჩევაც სამონასტრო მშენებლობისთვის გრიგოლის სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობაზე მიგვითითებს. როგორც უკვე ვთქვით, ეს მხარე დამპყრობთაგან თავისუფალი იყო, ამდენად, ხელისშემშლელი არავინ ეყოლებოდა, მეორე, აქედან შეიძლებოდა სტარტი აეღო ქვეყნის აღორძინება-გაერთიანებისათვის ბრძოლას და, მესამე, იქ კარგი პირობები იყო ბერ- მონაზონთა ცხოვრებისათვის.

სრულიად ახალგაზრდა გრიგოლ ხანძთელმა უდიდეს ეროვნულ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ მხოლოდ ბერების ენთუზიაზმის ამარა ამ უდიდესი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი გრანდიოზული მშენებლობისთვის საჭირო იყო იარაღი, მუშახელი, რაც საერო ფეოდალთა ხელში იყო. ამ მიზნით დაუკავშირდა გრიგოლ ხანძთელი დიდებულ აზნაურს, გაბრიელ დაფანჩულს, შემდეგ კი მეფეს, აშოტ კურაპალატსა და მის შვილებსაც დაუახლოვდა. მათ მისცეს გრიგოლსა და მის ძმებს „კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშენებლად.“

უდაბურ ადგილებში მონასტრების მშენებლობა ადასტურებს გრიგოლ ხანძთელის არა მარტო პატრიოტიზმს, არამედ უდიდეს შრომისმოყვარეობასაც: ის ხომ თვითონ ეწეოდა მძიმე ფიზიკურ შრომას.

გიორგი მერჩულე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გრიგოლ ხანძთელის ისეთ თვისებაზე, როგორიცაა მისი გამორჩეული ორგანიზატორული უნარი. ის ნამდვილი ლიდერია, რომელსაც შეუძლია ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს ადამიანები, მათი ნებისყოფა მიმართოს მთავარი ამოცანის გადაჭრისაკენ, უფრო მეტი, საერთო საქმის გასაკეთებლად დარაზმოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: სასულიერო და საერო პირები. გრიგოლ ხანძთელი საკუთარი მაგალითით შთააგონებდა მათ. ის არასოდეს არ თვლიდა, რომ, თუნდაც საკუთარი დამსახურების გამო, ვინმეზე აღმატებული იყო.

ამის მაჩვენებელია მისი ანდერძიც, რომლითაც ითხოვა, რომ მისი ძმების გვერდით დაემარხათ, რადგან არაფრით აღემატებოდა მათ მოპოვებული სათნოებით.

გრიგოლი ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების არქიმანდრიტი იყო და თითოეულ მათგანში სანიმუშო წესრიგი ჰქონდა დამყარებული. მათ გააჩნდათ საკუთარი წეს-განგება, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული; მონასტერში ზარმაცს, უზნეოსა და გაიძვერას არ იღებდნენ. მონასტრებში საკმაოდ მძიმე ბერმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ხანძთელი ერთპიროვნულად განაგებდა ტაო- კლარჯეთის საეკლესიო-სასულიერო ცხოვრებას. ის არავის პატიობდა მის დაუკითხავად რაიმე ნაბიჯის გადადგმას, თუნდაც ეს უაღრესად საჭირო საქმე – ახალი მონასტრების აშენება ყოფილიყო. ამის დამადასტურებელ არაერთ ეპიზოდს გვთავაზობს მწერალი. გრიგოლის თანამოაზრეებმა: ქრისტეფორემ და თეოდორემ – გადაწყვიტეს დამოუკიდებლად აეშენებინათ მონასტრები, აიყოლიეს რამდენიმე ბერი და აფხაზეთში გაიპარნენ, მაგრამ გრიგოლმა მიაგნო მათ და დააბრუნა ხანძთაში, თუმცა ისინი კიდევ ერთხელ წავიდნენ გრიგოლის თანხმობის გარეშე. რა თქმა უნდა, მოძღვარმა ამჯერადაც იპოვა ისინი, თუმცა მშენებლობის ნებაც დართო. ქრისტეფორემ ააშენა კვირიკეთის მონასტერი, თეოდორემ კი – ნეძვის.

გრიგოლ ხანძთელი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც სასულიერო, ისე – საერო პირთა შორის. მას უსმენდნენ, უჯერებდნენ, მისი ეშინოდათ და, რაც მთავარია, პატივს სცემდნენ მის აზრს. ამის ბრწყინვალე მაგალითია ჯავახეთის საეკლესიო კრება, რომელიც გუარამ მამფალის თხოვნით მოიწვიეს და სადაც არსენის კათალიკოსად დასმის კანონიერების შესახებ მსჯელობდნენ. მიუხედავად გუარამ მამფალისა და ეპისკოპოსთა უმრავლესობის პრინციპული პოზიციისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ არსენის გაკათალიკოსება კანონდარღვევით, მისი მამის – მირიანის ჩარევით, მოხდა, მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, სანამ „უდაბნოს ვარსკვლავი“ – წმინდანის შარავანდედით შემოსილი გრიგოლ ხანძთელი არ შემოუერთდა მათ კრებას. მან „დაამტკიცა“ არსენის კათალიკოსობა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა: მირიანი უცოდველი არ იყო, მაგრამ, მისი აზრით, ეკლესიას ახლა სწორედ არსენის მსგავსი ენერგიული წინამძღოლი სჭირდებოდა.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა გრიგოლი, თუკი თვლიდა, რომ საქმისთვის ასე სჯობდა, არღვევდა საეკლესიო კანონს (გავიხსენოთ მცირეწლოვნების – არსენისა და ეფრემის – ძმობის წევრებად მიღება, რაც კანონით, ასევე, დაუშვებელი იყო).

გრიგოლ ხანძთელი ხმის აუმაღლებლად, თუმცა მრისხანე ტონით თქმული სიტყვებით იმორჩილებდა ურჩებს: იქნებოდა ეს უმაღლესი თანამდებობის ერისკაცი – გუარამ მამფალი თუ სასულიერო პირი – ეპისკოპოსი ეფრემი; აიძულებდა მათ თავისი მითითებების შესრულებას. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ცქირის მიერ გრიგოლის მოსაკლავად მიგზავნილ ანჩელ გლეხს მის დანახვაზე შიშისაგან ხელ- ფეხი გაუშეშდა.

გრიგოლ ხანძთელის ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილება აშოტ კურაპალატის საყვარელიც და მორჩილების ნიშნად წელზე საბელშებმული მიყვება ბერს ფებრონიასთან, მერეს მონასტერში.

გრიგოლ ხანძთელი მტკიცედ იდგა ქრისტიანული ზნეობის სადარაჯოზე და არავის, თვით მეფესაც არ პატიობდა მორალის ნორმების დარღვევას. ის წინაღუდგა აშოტის მიერ სიძვის დიაცის სასახლეში მიყვანას და მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალის მიმართ „გარდარეული სიყუარული“ ჰქონდა, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა გრიგოლის გადაწყვეტილებას. ბევრისმთქმელია, რომ სატრფოს დაკარგვით გამოწვეულმა მწუხარებამ ამოათქმევინა ხელმწიფეს: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“

გრიგოლ ხანძთელმა დაიცვა ქრისტიანული ზნეობა და აღკვეთა აშოტისა და სიძვის დიაცის ცოდვილი ურთიერთობა. ამ ეპიზოდში გიორგი მერჩულე დიდოსტატურად გვაგრძნობინებს, როგორ სძლიეს „ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა.“

ასევე პრინციპულად დაუპირისპირდა გრიგოლ ხანძთელი აშოტის ვაჟს – ადარნერსეს, რომელმაც მეძავი ქალის ცილისწამების გამო უდანაშაულო დედოფალი, თავისი შვილების დედა სასახლიდან გააგდო. გრიგოლმა ურჩი მეფე დაწყევლა კიდეც.

ზემოთმოყვანილი მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორი შეურყეველი ძალა და გავლენა ჰქონდა გრიგოლ ხანძთელს საზოგადოების ყველა ფენაზე. ის იყო „შავი სამღვდელოების“ – ბერ-მონაზვნების უცვლელი მეთაური, წინამძღოლი: „მადლითა სავსეი, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწეი და უდაბნოთა ქალაქმყოფელი. ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი.“

როგორც ვნახეთ, გრიგოლ ხანძთელის სიტყვა და ავტორიტეტი მეფეებისთვისაც შეურყეველი იყო. გავიხსენოთ მის მიერ აფხაზთა მეფე დემეტრისთვის თქმული სიტყვები: „ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან.“

იმავეს ადასტურებს ჯავახეთის საეკლესიო კრება, რომელმაც არ მისცა საშუალება საერო ფეოდალს – გუარამ მამფალს, საკუთარი პოზიციის გატარებისა. გრიგოლ ხანძთელი, ეპისკოპოსთა დიდი ნაწილის დახმარებით, წინ აღუდგა მთავრის სურვილს არსენის გადაყენების თაობაზე. მან არ მისცა საერო პირს საშუალება, ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში იმ დროს, როცა თავად აქტიურად ერეოდა მეფის პირად ცხოვრებაშიც კი.

როგორც ვხედავთ, გიორგი მერჩულემ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მაღალმხატვრული ოსტატობით გამოკვეთა ერის მოძღვრის, განმანათლებლის, დიდი სწავლულისა და პოეტის, უდაბური ადგილების გამაცოცხლებლის, ერის ზნეობის სადარაჯოზე მდგარი სულიერი მამისა და წინამძღოლის – გრიგოლ ხანძთელის – სამაგალითო სახე.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button