ქართული გვარები

რევაზიშვილთა გვარი

“რევაზიშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – “რევაზ” და სუფიქსი “შვილი”. გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “რევაზ”.

“რევაზ” – არაბული სახელია და არაბთაგან სპარსეთსა და კავკასიაში გავრცელებული.

რევაზიშვილის გარდა “რევაზ” ფუძისგან ნაწარმოებია შიდა ქართლში გავრცელებული გვარსახელი რევაზიშვილი, აგრეთვე არაქართული სუფიქსაციის გვარები: რევაზიანი – ქვემო ქართლში და რევაზოვი – შიგნით კახეთში.

გვარსახელი “რევაზიშვილი” რამდენიმე სხვადასხვა სოციალური წარმომავლობისა და სადაურობის გვარმოდენილობას აერთიანებს.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, რევაზიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

რევაზიშვილი – ქვემო ქართლში, საბარათიანოს გლეხი, XVII საუკუნის საბუთი, საბატონო გლეხი.

რევაზიშვილი – გუდარეხის მონასტრის გლეხი, XVII საუკუნის საბუთი, საეკლესიო გლეხი.

1646 წელი. როსტომ მეფემ აზნაურ არეშიშვილებს ქვემო ქართლში მამულები უწყალობა. სიგელში იხსენიება “ამოვარდნილი რევაზიშვილის სახლი”.

1698 წელი. ქვემო ქართლის სოფელ კოდაში რევაზიშვილებმა სამი დღიური მიწა მიჰყიდეს ქავთარაძეებს.

ასევე ქვემოქართლელი, მაგრამ წოდებით აზნაური რევაზიშვილი (შერმაზან) მოწმედ ისხენიება 1671 წლის თავად გოსტაშაბიშვილთა და ასანბეგიშვილთა (ეს ორივე გვარი ბარათაშვილთა განაყრობაა) შორის ყმა-მამულის გაცვლის წიგნებში.

1658-1675 წლებით დათარიღებული ერთი საბუთის მიხედვით, აზნაურ რევაზიშვილს სოფელ ოულეში (ლოკალიზაცია გაურკვეველია) ოთხი კომლი ყმა გლეხი ჰყოლია.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთებში ინახება გაურკვეველი სადაურობის (წოდებით შესაძლოა აზნაურის) რევაზიშვილის პირობის წიგნი. აზნაური რევაზიშვილები ჩანან შიდა ქართლშიც, კერძოდ, ზემო საციციანოში.

1743 წლის ზუმბულიძის პირობის წიგნში გვერდიწითელისადმი (ორივე გვარი აზნაურულია) საციციანოს სხვა აზნაურთა შორის მოწმედ დასახელებულია რევაზიშვილი ბერუკა.

1783 წლის ქართლ-კახეთის სამეფოს თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც თან ერთვოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, რევაზიშვილი ნახსენებია როგორც “თავადის ციციშვილის აზნაური”. ამავე სიაში “ქართლის თავადების რიცხვში” იხსენიება თავადი გურჯი-რევაზიშვილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავადი გურჯი-რევაზიშვილები იმ რევაზ ბარათაშვილის შთამომავალნი იყვნენ, რომელსაც მამაცობისთვის გურჯ-რევაზს ეძახდნენ ყიზილბაშები. თავადი გურჯი-რევაზიშვილები თავად ბარათაშვილების ერთ-ერთი სახლის შვილები იყვნენ და გლეხ და აზნაურ რევაზიშვილებთან სისხლით ნათესაობა არ აკავშირებდათ.

ბატონიშვილი იოანე თავად ამილახვართა უფროს განშტოებად “რევაზის შვილებს” ასახელებს. ამის გამო ერთ-ერთ ავტორთან რევაზიშვილთა გვარი მიჩნეულია ამილახვართა მონათესავე გვარად, რასაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. “რევაზის შვილი” ამ შემთხვევაში ამილახვართა ერთ-ერთი სახლის სახელად, პატრონიმად უნდა მივიჩნიოთ და არა შტონაყარ გვარად.

იოანე ბატონიშვილი საციციანოს აზნაურ რევაზიშვილებს რევაზაშვილებად მოიხსენიებს და მათ შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: “ამათნი წინაპარნი იყვნენ სომხითით ბარათაანთაგანნი და მცირე აზნაურნი, რომელნიც მოვიდნენ და დასახლდნენ საციციანოსა შინა და არიან ესენი ძველადვე ცნობილნი დროსა ვახტანგ VI მეფისასა 1703 წ. მეფეთაგან და ტრაქტატსა შინაცა მოხსენებულნი”.

1785 წლის თავად რუსიშვილის არზიდან ირკვევა, რომ რევაზიშვილები ყმა-მამულს ფლობდნენ კახეთის გაღმამხარში, სოფელ შილდაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რევაზიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, თავად ბარათაშვილ-ორბელიანთა და ციციშვილთა დროშებქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში ნეკრესელი ეპისკოპოსების დროშის ქვეშ.

ამჟამად რევაზიშვილები ცხოვრობენ: შიდა ქართლში – გორის რიონის სოფლებში (დაახლოებით 50 კომლი) და მცხეთის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 40 კომლი), არიან კასპის რაიონის რამდენიმე სოფელშიც. ქვემო ქართლში რევაზიშვილები უმნიშვნელო რაოდენობით შემორჩნენ. უფრო მრავლად არიან გარე კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფლებში (დაახლოებით 40 კომლი). უფრო მცირე რაოდენობით რევაზიშვილები ცხოვრობენ შიგნით კახეთში და კახეთის გაღმამხარში, აგრეთვე თორის მხარეში, ზემო იმერეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. თბილისში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული რევაზიშვილების დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს.

სულ საქართველოში რევაზიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2155-ს აჭარბებს (1995 წლის 1 თებერვლის მონაცემები).

ღმერთმა ამრავლოს გვარი რევაზიშვილთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button