საკითხავიფილოსოფია

მიშელ დე მონტენი “ფილოსოფოსობა, როგორც სიკვდილისათვის მზადება”

ციცერონის თანახმად, სიკვდილისათვის თავის შემზადება ფილოსოფოსობაა. განსწავლულობა და გონითი ჭვრეტა ჩვენს სულს მიწიერი „მეს“ მიღმა უხმობენ, მათ ძალუძთ სულის გაყვანა სხეულიდან; ეს ერთგვარად სიკვდილის შეცნობა, მასთან მიახლებაა. მართლაც, ამქვეყნიური სიბრძნისა და განსჯის მთავარი მიზანი ადამიანებისათვის სიკვდილისადმი შიშის დაძლევის სწავლებაა. ჩვენი გონება ან დაგვცინის, ან მხოლოდ ერთი მიზნისათვის – ჩვენი სურვილების დაკმაყოფილებისათვის – იღვწის, მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ კარგად ვიცხოვროთ, ანუ ისე, როგორც ეს საღვთო წერილშია მითითებული (სადაც მოცემულია სიამოვნების შესახებ ყველა აზრი, მისი მიღების სხვადასხვა საშუალება). ყველა დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად ჩვენი საბოლოო მიზანი სიამოვნებაა; დავის საგანია მხოლოდ ის, თუ როგორ მივაღწიოთ მას. აბა ვინ ათხოვებდა ყურს მტკიცებას, რომ ჩვენი მიზანი ტანჯვა და წვალებაა? ფილოსოფიურ მიმდინარეობათა შორის უთანხმოებას ამ საკითხზე მისი არსის სიტყვიერი გაფორმება თუ იწვევს. სენეკა მოითხოვდა – Transcurramus solertissimas nugas.1 მაგრამ სწავლულნი მაინც ჯიუტად კამათობენ წვრილმანებზე, ვიდრე ეს ასეთი მაღალი მოწოდების ადამიანებს მართებთ. ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ყოველთვის თამაშობს, იგი საკუთარ თავსაც თამაშობს. მაშინაც კი, როცა სხვათა მიმართ სიკეთის ქმნას არ ვიშურებთ, საბოლოო მიზანი ჩვენივე სიამოვნებაა.

კმაყოფილებას მგვრის ამაზე საუბრით იმ ადამიანთა ყურთასმენის გაღიზიანება, ვისაც ასეთი რამ არ ეხატება გულზე. თუ სიამოვნება, მართლაც, უმაღლესი და განსაკუთრებული კმაყოფილების გამოხატულებაა, მას სხვა რომელიმე მადლზე მეტად ქველობა უნდა იწვევდეს. ასეთი სიამოვნება მით უფრო სანეტაროა, რაც უფრო ძლიერი, მტკიცე და ცხოველია. ამიტომ მართებულია მას უფრო შესაფერის და ბუნებრივ სახელს – სიამოვნებას – ვუწოდებდეთ და არა მხნეობას (როგორც ჩვეულებრივ ვიხსენიებთ ხოლმე). ეს უკანასკნელი სხვა, უფრო დაბალი რანგის ტკბობაა. ეს მშვენიერი სახელი – ტკბობა – უმალ მეტოქეობას უკავშირდება. ჩემი აზრით, ტკბობა ქველობაზე მეტად მრავალ უსიამოვნებასა და დაბრკოლებას აწყდება. მისგან მიღებული წუთიერი, წარმავალი და მერყევი სიამოვნების მიუხედავად, მასაც თავისი საზრუნავი, უხერხულობა, გარჯა და ოფლი, მრავალი საოცრად მტანჯველი განცდა ახლავს, შემდეგ კი თითქმის სასჯელის ტოლფასი მოყირჭებულობა.

ძლიერ ვცდებით, როდესაც ვფიქრობთ, რომ სირთულეები და წინააღმდეგობები აძლიერებენ ასეთ ტკბობას და იქამდე ამაღლებენ, როგორც ეს ბუნებაშია, სადაც ურთიერთსაპირისპირო საგანთა კავშირი ახალ სიცოცხლეს ბადებს. იგივე ითქმის ქველობაზეც; ჩვენ გვგონია, რომ მასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და სირთულეები მას მიუღწეველს ხდიან; სინამდვილეში ეს ვნებები ბევრად უფრო აკეთილშობილებენ, აცხოველებენ და აძლიერებენ ქველობით და არა ზემოთ ხსენებული ტკბობით მონიჭებულ ღვთისმიერ სრულქმნილ სიამოვნებას. ვინც სასწორზე დებს სიკეთისათვის გამეტებულ მსხვერპლს და მისგან მისაღებ გამორჩენას, იგი უზენაესი მადლის ღირსი არაა. ასეთი ადამიანი ვერც მის მშვენიერებას შეიცნობს და ვერც ღვთის მადლს ეზიარება. მტკიცება, რომ ქველმოქმედება მძიმე და რთულია, რომ მხოლოდ მისი მიღწევაა სასიამოვნო, ჩრდილს აყენებს სიკეთის ქმნადობის ზეგარდმო დანიშნულებას. არსებობს კი ისეთი შესაძლებლობანი, რომელთა მეოხებითაც ადამიანი სრულად დაუფლებია მას? ჩვენ შორის ყველაზე სრულყოფილნიც კი თავს ბედნიერად ჩათვლიდნენ, თუ ოდნავ მაინც შეძლებდნენ მასთან მიახლებას. ვისაც ეს ადვილი ჰგონია, ცხადია, ცდება. ნაცნობი სიამოვნებისადმი ლტოლვა თავისთავად სანეტარო განცდას იწვევს ჩვენში და ქმნის იმ საგნის ხატს, რომელიც ჩვენი ქმედების საბოლოო მიზანია. თავისი არსით, ჩვენი წარმოდგენა საგანზე მისი ხატის იდენტურია. ქველობა გასხივოსნებულია ბედნიერებითა და ნეტარებით, და ასეთივე გრძნობებით აცისკროვნებს მის მზრახველთ სიცოცხლის კარიბჭიდან უკანასკნელ ზღუდემდე.

ქველობის ერთ-ერთი მთავარი მადლი სიკვდილის არად ჩაგდებაა. ამით იგი ჩვენ სიცოცხლეს სიმშვიდით მოსავს და ჩვენ მისი წმინდა და უშფოთველი სიამოვნებით ტკბობის საშუალებას გვანიჭებს. მათ გარეშე ყველა სიამოვნება არასრულყოფილი და ნაკლოვანია. ამ საკითხზე ფილოსოფიურ მოძღვრებათა შორის სრული თანხმობაა. ისინი ერთხმად მოგვიწოდებენ სიძულვილისაკენ ტანჯვის, სიღარიბისა და სხვა უამური შემთხვევითობებისა, რომელთაც ექვემდებარება ადამიანის ცხოვრება. ისინი, მართლაც, შემთხვევათა გამო ბორკილად ედებიან ადამიანთა ყოფას, ამიტომაც არ შეიძლება ისინი ჩვენი უპირველესი საზრუნავი იყოს (ადამიანთა უმრავლესობა ამქვეყნიდან ისე მიდის, რომ არც ტკივილს განიცდის, არც სიღარიბეს და არც ავადმყოფობას. მუსიკოსი ქსენოფანე ას ექვსი წლისა გარდაიცვალა, მას ჩინებული ჯანმრთელობა ჰქონდა). პირიქით, სიკვდილს შეიძლება ზოგჯერ დახმარებისთვისაც მივმართოთ, რათა მან შეწყვიტოს ჩვენი მიწიერი არსებობა და ამით ბოლო მოუღოს ჩვენს ტანჯვას. სიკვდილი გარდუვალია. აი, რას წერდა ამის შესახებ ჰორაციუსი:

Omnes eodem cogimur; omnium
Versatur urna serius ocius
Sors exitura, et nos in aeternum
Exsilium impositura cymbae.2

თუ სიკვდილი შიშს შთაგვაგონებს, ჩვენ ვიტანჯებით; ამ ტანჯვის შემსუბუქება შეუძლებელია; როგორც არ უნდა ვფრთხილობდეთ, ვატრიალებდეთ თავს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, როგორც საფრთხის მოლოდინში ვიქცევით ხოლმე – იგი მაინც ყოველი მხრიდან გვეპარება quoe quasi saxum Tantalo semper impendet.3 ჩვენი პარლამენტარები ხშირად დამნაშავის სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ნიშნავენ სწორედ იმადგილზე, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. გგონიათ, სიკვდილის გზაზე მდგომთ სიამოვნებას მიანიჭებთ, თუ გზად მათთან ერთად შეხვალთ საუკეთესო დუქნებში და გულუხვად გაუმასპინძლდებით?!

Non Siculae dapes
Dulcem elaborabunt saporem;
Non avium citharaeque cantus
Somnum reducent.4

მოგზაურობის საბოლოო მიზანი უკარგავს მათ სიამოვნების გრძნობას ყოველგვარი ფუფუნებისადმი.

Audit iter, numeratque dies, spatioque viarum
Metitur vitam; torquetur peste futura.5

ჩვენი სიცოცხლის დასასრული სიკვდილია, იგია ჩვენს სურვილთა ზღვარი; თუ ის შიშით გვთრგუნავს, განა შევძლებთ თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმას თრთოლის გარეშე?! ამ შემთხვევისათვის მდაბიოებს თავიანთი წამალი აქვთ – არ ფიქრობენ სიკვდილზე. მაგრამ ამგვარ სიბეცეს პირუტყვული უგუნურობა განაპირობებს; ასეთი ადამიანი ჰგავს აღვირამოდებულ სახედარს, რომელიც მორჩილად

Qui capite ipse suo instituit vestigia retro.6

ზოგს სიკვდილის სახელიც კი შიშს ჰგვრის; მათი უმრავლესობა, ამ სიტყვის გაგონებაზეც ეშმაკის სახელის მსგავსად, პირჯვარს იწერს; რაკი სიკვდილი აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ ანდერძში, მათ აზრადაც არ მოსდით მისი შედგენა მანამ, ვიდრე ექიმი საბოლოო განაჩენს არ განაცხადებს. მხოლოდ ღმერთმა უწყის სიკვდილის შიშით განაწამები მათი გონების მდგომარეობა ანდერძის შედგენისას.

რომაელთა ყურთასმენას ძალზე უხეშად ხვდებოდა სიტყვა სიკვდილი. მათ მის ჟღერადობაში რაღაც ავისმაუწყებელი ესმოდათ. ამიტომ ერიდებოდნენ მის პირდაპირ თქმას და პერიფრაზით ცვლიდნენ. ნაცვლად იმისა რომ ეთქვათ: „იგი მოკვდა“, რომაელები ამბობდნენ: „მან სიცოცხლე შეწყვიტა“, ანდა „მან თავისი წუთისოფელი მოჭამა“. სიცოცხლის ხსენება, თუნდაც დასრულებულის, მათ სიმშვიდეს ჰგვრიდა. აქედან მომდინარეობს ჩვენებური გამოთქმაც ფეუ Maitre-Jehan – „განსვენებული ბატონი ესა და ეს“. ზოგჯერ სიტყვა, მართლაც, ფულზე ძვირად ფასობს. მე დავიბადე ახალი წელთაღრიცხვით (ანუ როცა ახალი წლის დასაწყისად იანვარი დაადგინეს) ათას ხუთას ოცდაცამეტ წელს, თებერვლის ბოლო დღეს, თერთმეტიდან თორმეტ საათამდე. ორი კვირის წინ სიცოცხლის ოცდაცხრამეტი წელი შემისრულდა. სულ მცირე კიდევ ამდენის სიცოცხლე დამრჩა; და მაინც უგუნურობა იქნებოდა, არ დავფიქრებულიყავი ერთი შეხედვით ასეთ შორეულ ხვედრზე, რადგან ამქვეყნიდან მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც განურჩევლად მიდიან; თანაც ყოველი ადამიანი ისე მიდის, თითქოს ახლახან მოვიდაო. არ არსებობს ისეთი დაძაბუნებული მოხუციც კი (თუნდაც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მათუსალას ხნისა), რომელსაც კიდევ ოცი წლის სიცოცხლის იმედი არ ჰქონდეს. საბრალო უგუნურო ადამიანო! ვინ დაგიდგინა სიცოცხლის ხანგრძლივობა? შენი იმედი ექიმთა ზღაპრებს ემყარება; უმჯობესია, ირგვლივ მიმოიხედო და საკუთარ გამოცდილებას მიმართო. საგანთა ბუნებრივი იერარქიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენი სიცოცხლე ღვთის განსაკუთრებული წყალობაა; რახანია, გადააჭარბე არსებობის ჩვეულ ზღვარს. თქმულის სისწორეში დასარწმუნებლად დაითვალე, რამდენი შენი ნაცნობი შენზე ახალგაზრდა გარდაიცვალა და ნახავ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე იმათი, ვინც შენს ასაკამდე მიაღწია. იმათი სიაც შეადგინე, ვინც თავისი სიცოცხლე დიდებით შემოსა. დაგენიძლავებით, რომ მათი უმრავლესობა ოცდათხუთმეტი წლის ასაკამდე გარდაიცვალა. გონიერებამ და ღვთისმოსაობამ სიცოცხლის ნიმუშად დაგვიწესეს ქრისტეს სიცოცხლე, რომელიც ოცდაცამეტი წლის ასაკში დასრულდა. ადამიანთა შორის უდიდესიც, – მხედველობაში მყავს ალექსანდრე – ამ ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილს გზა ხსნილი აქვს, მოულოდნელად დაგვესხმის თავს და საამისოდ უამრავი საშუალებაც აქვს.

Quid quisque vitet, nunquam homini satis
Cautum est in horas.7

არაფერს ვამბობ ციებასა და ფილტვების ანთებაზე. ვინ იფიქრებდა, რომ ბრეტონის ჰერცოგს, ისევე როგორც ჩემს მეზობელ პაპ კლიმენტის ლიონში შესვლისას ბრბო გასრესდა?! ერთ-ერთი ჩვენი მეფეც ხომ სახალხო გართობის დროს მოკლეს. განა გარეული ტახისაგან მიყენებული ჭრილობით არ გარდაიცვალა ამ მეფის ერთ-ერთი წინაპარი? ესქილეს უწინასწარმეტყველეს, რომ სახურავის ნანგრევის ქვეშ მოჰყვებოდა. იგი ძალზე ფრთხილობდა, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. იგი იმსხვერპლა კუს ბაკანმა, რომელიც არწივს ბრჭყალებიდან ჰაერში გაუსხლტა. ვიღაც ყურძნის წიპწის მსხვერპლი შეიქნა, რომელიღაც იმპერატორი კი – სავარცხლის განაკაწრისა. ემილიუს ლეპიდუსმა საკუთარი ოთახის ზღურბლს წამოჰკრა ფეხი და ეს საბედისწერო შეიქნა მისთვის. ავფიდიუსი საბჭოს ოთახში შესვლისას კარს შეეჯახა და ამას შეეწირა; ქალის სარეცელზე დაასრულეს სიცოცხლე პრეტორმა კორნელიუს გალუსმა, ტიგელიუსმა, რომის დაცვის უფროსმა, მანტუს მარკიზმა ლუდოვიკომ, გვიდო გონზაგოს ვაჟმა; ასევე პლატონის სკოლის ფილოსოფოსმა სპევსიპემ და ერთ-ერთმა პაპმა; ბოლო ორი მაგალითი ბევრად უფრო საჩოთირო იყო. საბრალო მოსამართლე ბებიუსმა ერთ-ერთ მხარეს რვა დღის ვადა მისცა და თავად კი სული განუტევა; მოულოდნელად გარდაიცვალა ექიმი გაიუს იულიუსიც; სიკვდილმა მას სწორედ მაშინ მოუსწრაფა სიცოცხლე, როდესაც ერთ-ერთ ავადმყოფს მალამოს ადებდა თვალზე. ოცდასამი წლისა გარდაიცვალა ჩემი ძმა, კაპიტანი სენმარტენი. ახალგაზრდობის მიუხედავად, მან საკმაოდ გამოავლინა თავისი სიმამაცე. ჩოგნის თამაშის დროს დაშავდა. მარჯვენა ყურის ზემოთ მიყენებულ დარტყმას ჭრილობა და სისხლის დენა არ მოჰყოლია; ჩემი ძმა არათუ დაწვა, არც კი ჩამოჯდა; ხუთი-ექვსი საათის შემდეგ კი შერყევის შედეგად განვითარებული აპოპლექსიით გარდაიცვალა.

ასე ხშირი და ჩვეულებრივი მაგალითების შემდეგ როგორ არ უნდა ვფიქრობდეთ სიკვდილზე, როგორ არ უნდა ვგრძნობდეთ კისერზე მარად ჩავლებულ ხელებს?! თქვენ მეტყვით: სულერთია როგორ მოვკვდებით, მთავარია არ ვიტანჯოთ. მეც ამ აზრისა გახლავართ. მისგან თავდახსნის რა საშუალებაც არ უნდა შემომთავაზონ – თუნდაც ხბოს ტყავის ქვეშ ყოფნა – ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ მშვიდად ვიყო; შემოთავაზებულ საშუალებათაგან ავირჩევ საუკეთესოს, რაგინდ მიუღებელი და ნაკლებსახელოვანიც უნდა იყოს ის თქვენს თვალში.

Praetulerim
…delirus inersque videri,
Dum mea delectent mala me, vel denique fallant,
Quam sapere, et ringi.8

იმის იმედი, რომ ამ გზით შესაძლებელია სხვა ქვეყანაში გადასვლა, ნამდვილი უგუნურობაა. ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ ადგილს ტკეპნიან, ცეკვავენ, სიცოცხლის დასასრულზე არც კი ფიქრობენ, ყველაფერი კარგადაა; მაგრამ როგორც კი სიკვდილი თავს დაატყდებათ ან თავად, ან ცოლს, შვილებს, მეგობრებს, თავზარი ეცემათ; სასოწარკვეთილებს საოცარი ტანჯვა, ტკივილი და მწუხარება ეუფლებათ. გინახავთ ოდესმე ვინმე ასე დათრგუნული, ასე შეცვლილი, ასე გაოგნებული! ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ. არადა საკმაოდ ძვირად გვიჯდება ჩვენი პირუტყვული უდარდელობა, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია რომელიმე მოაზროვნე ადამიანის გონებას დაეუფლოს. სიკვდილი იმ მტერს რომ ჰგავდეს, რომელსაც შეიძლება გაექცეთ, გირჩევდით იარაღს სიმხდალეს დასესხებოდეთ. მაგრამ მისგან გაქცევა შეუძლებელია, იგი გაქცეულსაც ეწევა, მხდალსაც და პატიოსან ადამიანსაც.

Nempe et fugacem persequitur virum,
Nec parcit imbellis iuventae
Poplitibus, timidoque tergo.9

შეუვალი ჯავშანიც ვერ დაგიცავთ სიკვდილისაგან.

Ille licet ferro cautus se condat et aere,
Mors tamen inclusum protrahet inde caput.10

ამიტომ უმჯობესია, მისი მედგრად ატანა და მასთან ბრძოლა ვისწავლოთ; ავირჩიოთ საყოველთაოდ მიღებული გზის საპირისპირო და ჩამოვართვათ მას მისსივე დიდი უპირატესობა ჩვენს მიმართ; ჩავწვდეთ მის არსს, ჩამოვაშოროთ იდუმალების საბურველი. ყველგან და ყოველთვის სხვა რამეზე მეტად სიკვდილზე ვიფიქროთ, სხვადასხვაგვარად წარმოვიდგინოთ ის ჩვენს წარმოსახვაში; ცხენის წაბორძიკებაზე, კრამიტის ჩამოვარდნაზე, ქინძისთავის უმტკივნეულო ჩხვლეტაზეც კი ყოველთვის გავიაზროთ: „იქნებ ეს სიკვდილია?“ ასეთი აზრების წყალობით გავძლიერდებით და მტკიცედ დავხვდებით მას. ზეიმისა და მხიარულების ჟამსაც გვახსოვდეს ჩვენი ხვედრის ეს ბოლო წუთი; დროდადრო უნდა გაგვიელვოს აზრმა, რომ ჩვენი მხიარულებაც სიკვდილის სამიზნედ ყოფნაა. რამდენი მოულოდნელობით ემუქრება იგი ჩვენ სიცოცხლეს! ადათის თანახმად, ზეიმის დროს საუკეთესო საკვებსა და სასმელთან ერთად ეგვიპტელებს რომელიმე მიცვალებულის მუმიაც გამოჰქონდათ. ეს რიტუალი მოზეიმეთა ერთგვარი გაფრთხილება იყო.

Omnem crede diem tibi diluxisse supremum;
Grata superveniet, quae non sperabitur, hora.11

არავინ უწყის სად ჩაგვსაფრებია სიკვდილი, მას ყველგან უნდა ველოდეთ. სიკვდილზე ფიქრი თავისუფლებაზე ფიქრია; ვინც სიკვდილს შეიმეცნებს, მონობას თავს დააღწევს, სიკვდილისათვის მზადყოფნით ყოველგვარი მორჩილებისა და იძულებისაგან განთავისუფლდება. არავითარი ბოროტება არ ემუქრება მას, ვინც შეიცნობს, რომ სიცოცხლის დაკარგვა ბოროტება არაა. პავლიუს ემილიუსს მისმა ტყვემ – საბრალო მაკედონიის მეფემ – ელჩი გაუგზავნა თხოვნით – ნუ აიძულებდა, დასწრებოდა მის ტრიუმფს. ემილიუსმა შეუთვალა: დაე, ამ თხოვნით მან საკუთარ თავს მიმართოსო. მართლაც, ნებისმიერ საქმეში თუ ცოტაოდენი ნიჭითაც არ ხართ დაჯილდოებული, მხოლოდ მონდომებითა და მუყაითობით ბევრს ვერას გახდებით. ბუნებით უფრო მეოცნებე ვარ, ვიდრე პესიმისტი და მაინც ჩემი ცხოვრების ყველაზე თავაშვებულ პერიოდშიც კი ყველაზე მეტად სიკვდილზე ვფიქრობდი.

Iucundum quum aetas florida ver ageret.12

როდესაც ეგონათ, რომ ქალებითა და თამაშით გართულს ეჭვი ან გაცრუებული იმედები მტანჯავდა, ჩემი ფიქრის საგანი ჩემსავით ნეტარებით, სიყვარულითა და გზნებით სავსე ნაცნობი იყო, ლხინიდან დაბრუნებული და ციებით შეპყრობილი რომ გარდაიცვალა ახლახან. ყურში დაუსრულებლად მესმოდა

Iam fuerit, nec post unquam revocare licebit.13

სიკვდილზე ფიქრმა სხვა საზრუნავზე მეტად დამიღარა შუბლი. თავდაპირველად შეუძლებელია, რომ ასეთმა აზრებმა ტკივილი არ მოგვაყენოს. მაგრამ რაც უფრო ხშირად ვუბრუნდებით ასეთ ფიქრებს, მით უფრო ვეგუებით მათ. სხვაგვარად ხომ დაუსრულებელ შიშსა და კანკალს უნდა დავეტანჯე, რადგან ჩემსავით უნდოდ არავინ უყურებდა საკუთარ სიცოცხლესა და მის ხანგრძლივობას. საკუთარ ჩინებულ, იშვიათად შერყეულ ჯანმრთელობასაც არ ძალუძს ჩემი იმედის გაძლიერება ამ მიმართებით, ხოლო ავადმყოფობას – მისი შესუსტება. მგონია, თითქოს სულ სიკვდილს გავურბივარ; ხშირად ჩემთვის ვღიღინებ: „რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოხდეს, ის არც დღესაა გამორიცხული“. მართლაც, მარტო სახიფათო შემთხვევითობა არ არის მიზეზი აღსასრულის მოახლოებისა. თუ წარმოვიდგენთ – უბედური შემთხვევის გარდა, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად გვემუქრება – რამდენი რამ შეიძლება დაგვატყდეს თავს მხიარულებისა თუ ციებით ავადმყოფობისას, ზღვასა თუ სახლში, ბრძოლისა თუ განცხრომისას, ნათლად დავინახავთ, რომ სიკვდილი, მართლაც, მუდამ ჩვენ გვერდითაა:

Nemo altero fragilior est; nemo in crastinum sui certioრ.14

მგონია, რომ ჩემი აღსასრულის მოსვლამდე მაინც ვერ მოვასწრებ დაწყებული საქმის დასრულებას, რის გამოც ჩემი სიცოცხლე თუნდაც ერთი საათით ხანმოკლე მომეჩვენება. ერთხელ ერთი ახლობელი ჩემს ქაღალდებში რაღაც შენიშვნას წააწყდა. ეს უკანასკნელი, ჩემივე სურვილის თანახმად, ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა შეესრულებინათ. მე მას ავუხსენი, თუ რატომ ვიჩქარე ამ ჩანაწერის გაკეთება. კერძოდ, სახლიდან რამდენიმე ლიეთი დაშორებული დარწმუნებული არ ვიყავი, რომ შინამდე მივაღწევდი, თუმცა სრულიად ჯანმრთელი და კარგ გუნებაზედაც გახლდით. საერთოდ, სიკვდილზე ფიქრი არასოდეს მტოვებს, მუდამ მზად ვარ, რაკი ვიცი, რომ სიკვდილი შეიძლება ყოველ წუთს დამატყდეს თავს. ამიტომ რაც უნდა მოულოდნელი იყოს მისი მოსვლა, ამ აქტში ჩემთვის არაფერი იქნება ახალი. რომ იტყვიან, მუდამ ფეხთ უნდა გვეცვას და შეძლებისდაგვარად მზად უნდა ვიყოთ იმქვეყნად წასასვლელად. ამ დროს ჩვენი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი თავი უნდა იყოს, სხვა ყველაფერზე ფიქრს უნდა მოვეშვათ. როგორც ჰორაციუსი იტყოდა:

Quid brevi fortes iaculamur aevo Multa?15

საზრუნავი კი საკმაოდ გვაქვს.

ერთს სიკვდილზე მეტად ბრწყინვალედ დაწყებული საქმის დაუსრულებლობა აწუხებს; მეორეს ის, რომ ქალიშვილის დაქორწინება ან შვილების განათლებაზე თვალყურის მიდევნება არ დასცალდა; ერთი ცოლთან განშორებას ტირის, მეორე – ვაჟიშვილთან – დათმობა უჭირთ იმ არსებებისა, რომლებიც სიხარულს ანიჭებდნენ. ამჟამად, ღვთის წყალობით, მზად ვარ ყოველგვარი სინანულის გარეშე წავიდე ამქვეყნიდან, როცა ამას განგება ინებებს. მხოლოდ სიცოცხლეზე ფიქრი არ მასვენებს, რადგან არ ვიცი რამდენად გამიძნელდება მასთან განშორება. მე ყველაფრისაგან გავთავისუფლდი და საკუთარი თავის გარდა თითქმის ყველას დავემშვიდობე. ვფიქრობ, ასე ჩემსავით წინასწარ არავინ განდგომია ამ ქვეყანას და არ მომზადებულა საიქიოში წასასვლელად.

Miser! o miser! (aiunt) omnia ademit
Una dies infesta mihi tot praemia vitae.16

ხუროთმოძღვარი სიამოვნებით იტყოდა:

Manent (dit-il) opera interrupta, minaeque Murorum ingentes.17

ჩემი აზრით, არც ერთ საქმეში არ ღირს ძალზე შორეული მიზნის დასახვა ან, ყოველ შემთხვევაში, ღრმა მწუხარება იმის გამო, რომ ვერ მოესწრები შენ მიერ დაწყებული საქმის დასრულებას. ჩვენ საქმისათვის ვიბადებით. ოვიდიუსი ნატრობდა –

Quum moriar, medium solvar et inter opus.18

მე მსურს, რომ ადამიანები ირჯებოდნენ და შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ასრულებდნენ თავიანთ ცხოვრებისეულ საქმიანობებს; რომ პირადად მე სიკვდილმა კომბოსტოს დარგვისას მომისწროს და გულგრილი აღმოვჩნდე როგორც მისი მოსვლის, ისე ჩემი დაუმუშავებელი ბაღის მიმართ. ერთი მომაკვდავი სულ იმას ნანობდა, რომ ბოროტი ბედისწერა მის არსებობას ჩვენი ქვეყნის მეთხუთმეტე თუ მეთექვსმეტე მეფის დროს წყვეტდა.

Illud in his rebus non addunt, nec tibi earum
Iam desiderium rerum super insidet una.19

მავნე და უხამსი განწყობილებებისაგან უნდა განთავისუფლდეთ. ლიკურგეს თანახმად, სასაფლაოები იმიტომ იყო ეკლესიებისა და ქალაქის სხვა ხალხმრავალი ადგილების მახლობლად, რომ ბავშვებს, ქალებსა და მდაბიოებს მიცვალებულის დანახვაზე შიში არ დაუფლებოდათ, ხოლო ძვლების, საფლავებისა და დასაფლავების პროცესიის ხშირ ხილვას მათთვის მომავალი ხვედრი შეეხსენებინა.

Quin etiam exhilarare viris convivia caede
Mos olim, et miscere epulis spectacula dira
Certantum ferro, saepe et super ipsa cadentum
Pocula, respersis non parco sanguine mensis.20

ეგვიპტელები ლხინის დასასრულს სიკვდილის მიმანიშნებელ ათასგვარ გამოსახულებას უჩვენებდნენ იქ მყოფთ; ის, ვისაც ეს ევალებოდა, გაიძახოდა: „დალიე და გამხიარულდი, როცა მოკვდები, შენც ასეთი იქნები“. მეც საკუთარი თავი ყველგან და ყოველთვის სიკვდილზე ფიქრსა და საუბარს მივაჩვიე. ყველაზე მეტად ადამიანთა გარდაცვალების აქტი მაინტერესებს; კერძოდ, რას ამბობდნენ ისინი ამ დროს, როგორი იყო მათი გამომეტყველება, როგორ იქცეოდნენ. ისტორიულ თხზულებებში განსაკუთრებული ყურადღებით ვსწავლობ ასეთ საკითხებს. ამ მოვლე ნებისადმი განსაკუთრებულ ლტოლვას ჩემ მიერ მოტანილი მაგალითების სიუხვეც მოწმობს. მწერალი რომ ვიყო, ადამიანთა გარდაცვალებას აღვწერდი და კომენტარებსაც დავურთავდი, რადგან სიკვდილის შესწავლით ადამიანებს სიცოცხლეს ვასწავლით. დაახლოებით ასეთი წიგნი შეადგინა დიკარქუსმა შესაბამისი სათაურით, მაგრამ მას სხვა, ნაკლებსასარგებლო მიზანი ამოძრავებდა.

შეიძლება მითხრათ, რომ სინამდვილეში სიკვდილი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია; მის წინაშე ხომ საუკეთესო მოფარიკავეც დრკება. მაშასადამე, სიკვდილზე ფიქრი ძალზე სასარგებლოა. განა ცოტას ნიშნავს შიშისა და თრთოლის გარეშე შეხვდე აღსასრულის ჟამს?! ამ საქმეში ბუნებაც გვეხმარება და გვამხნევებს. როდესაც სიკვდილი უცაბედია და ძალისმიერია, მისდამი შიში დროის სიმცირის გამო ვერ გვეუფლება; ასევე შევნიშნე, რომ რაც უფრო მძიმედ ვარ ხოლმე ავად, მით უფრო ბუნებრივად და თავისთავად მიპყრობს იცოცხლის არად ჩაგდების გრძნობა. ცხადია, ჯანმრთელს და მხნეს ბევრად უფრო მიმძიმს სიკვდილზე ფიქრი, ვიდრე ციებით დაავადებულს, როცა ცხოვრებისეული სიამოვნებები უწინდელი ძალით აღარ მიტაცებენ და, ბუნებრივია, ვერც სიამოვნებას მანიჭებენ; ამ დროს სიკვდილის ნაკლე- ბად მეშინია; მე მანუგეშებს ფიქრი, რომ რაც მეტად დავშორდები სიცოცხლეს და მივუახლოვდები სიკვდილს, მით უფრო იოლად შემოვა ჩემში აზრი აქმყოფობიდან მარადიულობაში გადასვლის გარდუვალობაზე. სხვადასხვა მოსაზრებებმა დამარწმუნეს ცეზარის სიტყვების ჭეშმარიტებაში – რომ ხშირად საგნები გაცილებით უფრო დიდი გვეჩვენება შორიდან – და მივხვდი, რომ ჯანმრთელს ავადმყოფზე მეტად მეშინოდა სნეულებისა, რადგან სიმხნევე, სიცოცხლის ხალისი და საკუთარი ჯანმრთელობა თავიანთ საპირისპირო მდგომარეობას – უძლურებასა და სნებას – ძალზე მკვეთრად წარმომიჩენდნენ, წარმოსახვით საოცრად ვაზვიადებდი ავადმყოფობის უსიამოვნო შეგრძნებებს, ავადმყოფი კი ბევრად უფრო იოლად ვიტანდი მათ. ვფიქრობ, სიკვდილის მიმართაც იგივე შეგრძნება მექნება.

ბუნება საოცრად გვეხმარება; იგი ისე შეუმჩნევლად აბერებს ჩვენს სხეულს და აუარესებს ჩვენს ჯანმრთელობას, რომ ვერ ვგრძნობთ ამ თანდათანობით კვდომას. აბა რა რჩება მოხუცს ახალგაზრდული მხნეობიდან, მისი წარსული ცხოვრებიდან?

Heu senibus vitae portio quanta manet!21

ერთხელ ცეზარს ქუჩაში ერთ-ერთი მისი მცველი, მოხუცებული, დაუძლურებული ჯარისკაცი შეხვდა და სთხოვა, რომ სიკვდილამდე ბევრი აღარ დარჩენოდა და სამსახურიდან გაენთავისუფლებინა.

ცეზარმა შეხედა მის მომჩვარულ სხეულს და უპასუხა: „შენ თვლი, რომ ცოცხალი ხარ?“ ჩემი აზრით, ადამიანი ვერ აიტანდა სხეულისა თუ ორგანიზმის სწრაფ ცვლილებას. მართლაც, ცხოვრებას ხელჩაკიდებული მივყავართ დაღმართზე და თანდათანობით, შეუმჩნევლად გვაჩვევს ჩვენს მდგომარეობას. ამიტომ ჩვენი ახალგაზრდობის კვდომა, ანუ რეალურად უფრო მკაცრი აღსასრული ისე არ გვაშფოთებს, როგორც უძლური სიცოცხლის, ანუ ჩვენი სიბერის სიკვდილი. ამრიგად, ადამიანს ლაღი და სიცოცხლით სავსე არსებობიდან მტანჯველ და უძლურ არსებობაში გადასვლა ისე არ უმძიმს, როგორც უძლური არსებობიდან არარსებობაში გადანაცვლება. სულსაც დაუძლურებული სხეულის მსგავსად, უჭირს მძიმე ტვირთის გაძლება, ამიტომ იგი უნდა შევმართოთ და შევამზადოთ ასეთ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლისათვის. თუ იგი დათრგუნავს სიკვდილის საზარელ შიშს, შეუძლია დაიკვეხნოს (რაც თითქმის აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს), რომ განთავისუფლდა მოუსვენრობის, ტანჯვის, შიშისა და სხვა მათი მსგავსი უსიამოვნო განცდებისაგან.

Non vultus instantis tyranni
Mente quatit solida, neque Auster,
Dux inquieti turbidus Adriae,
Nec fulminantis magna Iovis manus.22

ასეთ შემთხვევაში სული საკუთარ ვნებათა და სურვილთა განმგებელი ხდება, არად აგდებს სიღარიბეს, სირცხვილს, გაჭირვებას და ბედის სხვა კუღმართობებს. ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად მოვიპოვოთ ეს დიდი უპირატესობა! სწორედ ესაა ჭეშმარიტი და უმაღლესი თავისუფლება, რომელიც შთაგვაგონებს გულგრილობასა და სიძულვილს ძალადობის, თვითნებობის, საპყრობილეებისა და ბორკილების მიმართ.

In manicis, et
Compedibus, saevo te sub custode tenebo.
Ipse Deus, simul atque volam, me solvet. – Opinor,
Hoc sentit, moriar. Mors ultima linea rerum est.23

ადამიანებს ჩვენი რელიგიისადმი რწმენით ყველაზე მეტად სიცოცხლის უგულებელყოფა განაწყობდა. გონების თანახმადაც არ უნდა გვეშინოდეს იმ საგნის დაკარგვისა, რომელიც ჩვენს სინანულს ვეღარ გამოიწვევს. იმავეს მოგვიწოდებს ეს მოსაზრებაც: რაკი სიკვდილი ამდენი სახით გვემუქრება, განა უფრო იოლი არაა, ერთი რომელიმე მათგანის ატანა, ვიდრე ყველა მათგანის შიში? მაშასადამე, რაკი სიკვდილი გარდუვალია, განა სულერთი არაა, როდის გვეწვევა იგი?! როდესაც სოკრატეს უთხრეს: ოცდაათმა ტირანმა სიკვდილი მოგისაჯაო – მან ამ სიტყვების მთქმელს მშვიდად უპასუხა: ბუნებამ კი იგივე მათ მიუსაჯაო. უგუნურობაა მარადიულ სამყოფელში გადასვლით განაწყენება, რომელიც ყველა გულისტკივილისაგან გვათავისუფლებს. როგორც ჩვენი ამქვეყნად მოსვლაა ჩვენ ირგვლივ არსებული ყველა საგნის დასაბამი, ასევეა ჩვენი სიკვდილი მათი დასასრულიც. იმაზე წუხილი, რომ ასი წლის შემდეგ აღარ ვიქნებით, ისეთივე უგუნურობაა, როგორც ის, თუ რატომ არ ვიყავით ასი წლის წინ. ერთის სიკვდილი მეორის დაბადებაა. ამქვეყნად მოსულთ იმდენივე ცრემლი და ძალისხმევა დაგვჭირდა ყოფიერების უწინდელი საფარისაგან გასათავისუფლებლად, რამდენიც აქ დასამკვიდრებლად. ვფიქრობ, შეუძლებელია მძიმე ასატანი იყოს ის, რაც მხოლოდ ერთხელ ხდება. ამიტომ ნუთუ გონივრულია ასეთი ხანგრძლივი შიში ამ მსწრაფლწარმავალი აქტისა?! რა აზრი აქვს სიცოცხლის ვადას, თუ ხანმოკლესაც და ხანგრძლივსაც ბოლო ერთი აქვს? არისტოტელე გადმოგვცემს, რომ მდინარე ჰიპარისის სანაპიროზე პატარა მწერები ბინადრობენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღეა; დილის რვა საათზე გარდაცვლილები სრულიად ახალგაზრდები, ხოლო საღამოს ხუთ საათზე დახოცილები საკმაოდ ხანდაზმულები არიან. რომელ ჩვენგანს არ გაეცინება, თუ მათ ბედნიერება-უბედურებაზე დროის ამ პერიოდის მიხედვით ვიმსჯელებთ? იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც, თუ ჩვენ მას მარადისობას ან მთების, მდინარეების, ვარსკვლავების, ხეებისა და თუნდაც ზოგიერთი ცხოველის არსებობის ვადას შევადარებთ.

ბუნება დიდად არ გვიხანგრძლივებს ამქვეყნიურ სიცოცხლეს; იგი გვეუბნება: „როგორც მოხვედით, ისევე გადით ამ ქვეყნიდან. ისევე უშიშრად და მშვიდად გადაინაცვლეთ სიცოცხლიდან სიკვდილში, როგორც შემოხვედით სიკვდილიდან სიცოცხლეში. თქვენი სიკვდილი სამყაროს ქმნადობის, მისი განმგებელი წესის ერთ-ერთი ნაწილია“.

Inter se mortales mutua vivunt,
Et, quasi cursores, vitai lampada tradunt.24

საგანთა ამ ღვთიურ კავშირს თქვენთვის ხომ არ შეცვლის ბუნება?! მაშასადამე, სიკვდილი თქვენი ამქვეყნად მოსვლის აუცილებელი პირობაა და მთელი თქვენივე სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია; ამგვარად, თქვენ საკუთარ თავს გაურბიხართ, თუმცა თქვენი არსებობა, რომელიც ტკბობას განიჭებთ, იმავდროულად სიცოცხლის კუთვნილებაცაა და სიკვდილისაც; მანლიუსის აზრით,

Prima, quae vitam dedit, hora, carpsit.
Nascentes morimur: finisque ab origine pendet.25

თქვენ მიერ განვლილ ყოველ წამს კლავთ, მის ხარჯზე ცხოვრობთ; მთელი თქვენი საქმიანობა სიკვდილის გამოზრდაა, ცოცხალს სიკვდილიც მუდამ თან გდევთ და მხოლოდ მაშინ განებებთ თავს, როცა სული ამოგხდებათ; თუმცა სიკვდილის შემდეგ მაინც არსებობთ; ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ: თქვენი სიცოცხლის ბოლო სიკვდილია, მთელი თქვენი სიცოცხლე კი თანდათანობითი კვდომა. ცხადია, სიკვდილი მომაკვდავზე უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე მკვდარზე. მაგრამ თუ სიცოცხლით მონიჭებული სიხარულით გული იჯერეთ, ამქვეყნიდან კმაყოფილი უნდა წახვიდეთ.

Cur non ut plenus vitae conviva recedis?26

ხოლო თუ ვერ შეძელით სიცოცხლის გამოყენება, თუ მან უქმად ჩაგიარათ, გული რად უნდა დაგწყდეთ დაკარგვაზე, რისთვისღა გინდათ ის?

Cur amplius addere quaeris,
Rursum quod pereat male, et ingratum occidat omne?27

სიცოცხლე თავისთავად არც სიკეთეა, არც ბოროტება; იგი სიკეთისა და ბოროტების შესაყარია – მთავარია, თქვენ რად აქცევთ მას. თუ თქვენ ერთი დღე მაინც იცოცხლეთ, მაშასადამე, უკვე ყველაფერი ნახეთ; ყოველი დღე ყველა დანარჩენის ტოლფასია. არ არსებობს სხვა სინათლე, სხვა წყვდიადი; თქვენს წინაპრებს ეს მზე, ეს მთვარე, ეს ვარსკვლავები, სამყაროს ეს წყობა ანიჭებდა სიხარულსა და ბედნიერებას; შთამომავლობასაც ისინი მოჰგვრიან აღტაცებას.

Non alium videre patres, aliumve nepotes
Adspicient.28

ჩემი კომედია – აქტების მრავალფეროვნების მიუხედავად – მხოლოდ ერთ წელს გრძელდება. თუ u4308 .წლის ოთხი დროის ფერხულს დაჰკვირვებიხართ, ეამჩნევდით, რომ ისინი ადამიანის სხვადასხვა ასაკს – ბავშვობას, ყრმობას, მოწიფულობას და სიბერეს – ესადაგებიან. ამ ასაკთა გავლით ადამიანი თავისი ამქვეყნად მოსვლის მისიას ასრულებს და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ასე იქნება მუდამ!

Versamur ibidem, atque insumus usque.
Atque in se sua per vestigia volvitur annus.29

თუ ფიქრობთ, რომ რაიმე ახალ გასართობს მოვიფიქრებ თქვენთვის? როგორც ლუკრეციუსი წერდა:

Nam tibi praeterea quod machiner, inveniamque,
Quod placeat, nihil est: eadem sunt omnia semper. 30

თქვენც ისევე დაუთმეთ ადგილი სხვას, როგორც თქვენ დაგითმეს; თანასწორობა სამართლიანობის პირველი პირობაა. ვინ დაიჩივლებს რომ განწირულია, თუ სხვებსაც იგივე ხვედრი ელით? რამდენიც არ უნდა იცოცხლოთ, მაინც ვერ შეამცირებთ დროის იმ ხანგრძლივობას, რომ ლის განმავლობაშიც მკვდარი იქნებით. ამ შემთხვევაში ყველა ძალისხმევა ფუჭია და თქვენ ამგვარი შიშის შთამაგონებელ მდგომარეობაში იქნებით იმდენ ხანს, რამდენსაც იქნებოდით იმ შემთხვევაში, ძუძუს ასაკში რომ მომკვდარიყავით.

Licet quod vis vivendo vincere secla,
Mors aeterna tamen nihilominus illa manebit.31

მე გაგიძღვებით იქ, სადაც აღარ გექნებათ წყენა და დარდი.

In vera nescis nullum fore morte alium te,
Qui possit vivus tibi te lugere peremptum,
Stansque iacentem?32

და აღარ მოისურვებთ სიცოცხლეს, რომლის დათმობაც ასე გენანებათ

Nec sibi enim quisquam tum se vitamque requirit.
Nec desiderium nostri nos afficit ullum.33

ამრიგად, სიკვდილისა არარაზე ნაკლებად უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე მასზე მცირე.

Multo… mortem minus ad nos esse putandum,
Si minus esse potest, quam quod nihil esse videmus.34

რა ხელი გაქვთ სიკვდილთან ცოცხალს – რაკი არსებობთ, ან მკვდარს იმავე სიკვდილთან – რაკი აღარ არსებობთ; მეტსაც გეტყვით, დროზე ადრე არავინ კვდება; თქვენ შემდეგ არსებული დრო ისევე აღარ არის თქვენი, როგორც არ გეკუთვნოდათ თქვენამდე არსებული.

Respice enim, quam nil ad nos anteacta vetustas
Temporis aeterni fuerit.35

მაშასადამე, თქვენი სიცოცხლის დასასრული იქაა, სადაც ის შეწყდება, მის ხანგრძლივობას თქვენი ბედისწერა განაგებს. მაგრამ სიცოცხლის საზომია არა მისი დროითი პერიოდი, არამედ ის, თუ როგორ შეძელით მისი გამოყენება; ზოგი დიდხანს ცოცხლობს, ზოგი არა. ვიდრე ამქვეყანაზე ხართ, აქ უნდა იყოთ. თქვენ სიცოცხლეს თქვენი ნება განსაზღვრავს და არა თქვენ მიერ განვლილი წლების რაოდენობა. გეგონათ, რომ ვერ მიაღწევთ იქ, რისკენაც შეუჩერებლივ მიდიხართ; ნუთუ არსებობს ისეთი გზა, რომელსაც არ აქვს დასასრული; მსოფლიოც თქვენსავით კეთილ მეგობართა საზოგადოებაში ხომ არ პოვებს ნუგეშს?!

…Omnia te, vita perfuncta, sequentur.36

ირგვლივ ყველაფერი ხომ თქვენთან ერთად იცვლება? არსებობს კი საგანი, რომელიც თქვენთან ერთად არ ბერდება ან თქვენთან ერთად არ კვდება მრავალი სხვა ადამიანის, ცხოველისა და არსების სახით?!

Nam nox nulla diem, neque noctem aurora sequuta est,
Quae non audierit mistos vagitibus aegris
Ploratus, mortis comites et funeris atri.37

მაშ, რა აზრი აქვს უკან დახევას იმისაგან, რასაც თავს ვერ დააღწევთ?! თქვენ გინახავთ დიდი გასაჭირისაგან სიკვდილის მიერ დახსნილი, დროულად გარდაცვლილი ადამიანები. მაგრამ გინახავთ ვინმე, ვისთვისაც სიკვდილს ტანჯვა-წამება მიეყენებინოს? უგუნურობაა იმის განსჯა, რაც არ განგიცდიათ საკუთარ თავზე და არც სხვისი მაგალითით იცით. მაშ, რატომ წუწუნებ შენი ხვედრის ან სიკვდილის გამო? განა ჩვენ (სიკვდილი და შენი ხვედრი) უსამართლოდ გექცევით? შენ უნდა განმგებლობდე ჩვენზე, თუ პირიქით – ჩვენ შენზე? ვიდრე ამქვეყნად ხარ, ეს შენი სიცოცხლეა: კაცუნაც დიდი ადამიანივით სრულყოფილია; „მაგრამ ადამიანები და მათი სიცოცხლე წყრთით როდი იზომება. როდესაც ქირონმა მამამისისაგან – მარადისობის ღმერთ სატურნისაგან – უკვდავების პირობები შეიტყო, მან უარი თქვა მასზე. კარგად დაფიქრდით უკვდავებაზე და მიხვდებით, რამდენად მძიმე და აუტანელი იქნებოდა იგი ღვთივბოძებული სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით. სიკვდილი რომ არ იყოს, ადამიანები წყევლა-კრულვით აავსებდნენ განგებას. ღმერთმა შეგნებულად გაურია მასში ცოტაოდენი სიმწარე, რათა ადამიანებს არ აღძვროდათ ხარბი და უგუნური ლტოლვა იოლად მისაწვდომი საგნისადმი; რათა შთაეგონებინა ის ზომიერება, რომელსაც ბუნება ითხოვს ადამიანებისაგან, ე.ი. არც სიცოცხლის უგულებელყოფა და არც სიკვდილისაგან გაქცევა; ერთიცა და მეორეც მან სანახევროდ ტკბილი, სანახევროდ მწარე გახადა. სწორედ მან შთააგონა თალესს, ადამიანთაგან პირველ ბრძენს, აზრი, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივეა. ერთხელ თალესს ჰკითხეს: თუკი ასეა, რატომ არ კვდებიო? მან გონივრულად უპასუხა: იმიტომ, რომ ეს ერთი და იგივეაო. წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ბუნების სხვა შემადგენელი ნაწილები ადამიანის სასიცოცხლო და სასიკვდილო ელემენტებია. მაშ რატომ გეშინია შენი უკანასკნელი დღისა? ისიც სხვა დღეებივით უწყობს ხელს შენს აღსასრულს; შენი უკანასკნელი ნაბიჯი არა დაღლილობის, არამედ სიკვდილის მაუწყებელია. სიცოცხლის ყველა დღეს სიკვდილისაკენ მიყავხართ, მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოჰყავს იგი შენთან. ასეთ საუცხოო აზრებს ჩაგვაგონებს ჩვენი დედაბუნება.

ხშირად მიფიქრია – რატომ არ გვეჩვენება ჩვენი ან სხვისი სიკვდილი ისე შემზარავად ბრძოლის დროს, როგორც სახლში (ასე რომ არ იყოს, ჯარში მხოლოდ ექიმები და ლაჩრები (წუწუნები) იქნებოდნენ), რატომაა, რომ გლეხები და მდაბიოები სხვებზე მარტივად უყურებენ სიკვდილს, თუმცა ის ყველგან და ყოველთვის ერთნაირია? ვფიქრობ, ამის მიზეზი ის მწუხარე სახეები და სიტუაციებია, რომელთა გარემოცვაშიც სიკვდილს ვუყურებთ. ამ უკანასკნელზე მეტად ისინი გვაშინებენ იმდენად, რამდენადაც სიცოცხლე უჩვეულო სახით წარმოგვიდგება: ჩაბნელებული ოთახი, ანთებული სანთლები, დედების, ცოლების, შვილების მოთქმა, დაბნეული და შეწუხებული მნახველები, მრავალრიცხოვანი ცრემლიანი და ფერმკრთალი შინამოსამსახურეები, ექიმები და მღვდლები გარდაცვლილის სასთუმალთან; ერთი სიტყვით, ჩვენ ირგვლივ მხოლოდ შიში და საშინელება ისადგურებს. ჩვენც საკუთარ თავს ჯერ შესუდრულს ვხედავთ, შემდეგ მის დასაფლავებას ვესწრებით; ჩვენ ვგავართ ბავშვებს, რომელთაც ნიღბებით მეგობართა ხილვა შიშს ჰგვრის. მაშასადამე, ეს ნიღბები უნდა ჩამოვხსნათ საგნებსაც და ადამიანებსაც, რათა აღმოვაჩინოთ იგივე სიკვდილი, რომელსაც ჩვენამდე მოხუცი კამერდინერი ან შინამოსამსახურე ყოველგვარი შიშის გარეშე შეხვდა. კურთხეულია სიკვდილი, რომელსაც ამგვარი სანახაობები არ ახლავს.

თარგმანი შესრულებულია ფრანგული დედნიდან
M. de Montaigne, Essais, Paris, IE, LIBRAIRES-EDITEURS,1876CHARPENTIER ET C
თარგმნა დოდო ლაბუჩიძემ
__________________
1. თავი დავანებოთ ამ მზაკვრულ წვრილმანებს. სენეკა, წერილები, 117.
2. ჩვენ ყველანი მისკენ ვისწრაფვით; ურნაში ირევა და ადრე თუ გვიან ეს ხვედრი ჩვენც გვხვდება წილად, ჩაგვსვამს ქარონის ნავში და სამარადისო დავიწყების გზას გაგვიყენებს. ჰორაციუსი, ოდები, II, 3, 5.
3. ის მუდამ ჩვენს თავზე კიდია, როგორც ტანტალოსი ეკიდა ჰაერში მოქანავე კლდის ქვეშ. ციცერონი, უმაღლესი სიკეთე და უმაღლესი ბოროტება, I, 18.
4. მას ვერ დაატკბობს სიცილიური საჭმელ-სასმელი, ვერც ჩიტების გალობა და კითარის ხმა დაუბრუნებს მშვიდ ძილს. ჰორაციუსი, ოდები, III, 1, 18.
5. გზა მას მოსვენებას უკარგავს, იგი დღეებს ითვლის, სიცოცხლის ხანგრძლივ უბედურებაზე ფიქრით. კლავდიუსი, რუფუსის წინააღმდეგ, III, 137-138.
6. თავს მიაბრუნებს და წასვლას დააპირებს. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, I, 472.
7. ადამიანს არ ძალუძს გაითვალისწინოს, თუ რა უნდა აირიდოს თავიდან ამა თუ იმ მომენტში. ჰორაციუსი, ოდები, II, 13.
8. დაე, შეშლილად ან უგუნურად ჩამთვალონ, მე კი მიჯობს, ჩემი მცდარი აზრები მართობდნენ ან მატყუებდნენ, ვიდრე მათ ვაცნობიერებდე და ამით ვიტანჯებოდე. ჰორაციუსი, წერილები, II, 2, 126.
9. ის მამაც ვაჟკაცსაც მისდევს და არც მხდალის მუხლის მყესებსა და ზურგს ინდობს. ჰორაციუსი, ოდები, III, 2, 14.
10. თუნდაც მან წინდახედულობა გამოიჩინოს და მთელი სხეული რკინითა და სპილენძით შეიჯავშნოს, სიკვდილი იქიდანაც ამოიყვანს. პროპერციუსი, III, 18, 25-26.
11. ღვთის მიერ ბოძებული ყოველი დღე უკანასკნელად ჩათვალე და ის საათიც სასიამოვნოდ მოგეჩვენება, რომლის იმედიც არ გქონდა. ჰორაციუსი, წერილები, I, 4, 13-14.
12. როცა ჩემი ჯან-ღონით სავსე ჭაბუკური სიცოცხლე მხიარულ გაზაფხულს ჰგავდა. კატულუსი, XVIII, 16.
13. ის თავის წუთისოფელს მოჭამს და მას უკან ვეღარასოდეს დააბრუნებთ. უკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 915.
14. ადამიანი სუსტი არსებაა, ყველა ერთნაირად უიმედოდ შეჰყურებს ხვალინდელ დღეს. სენეკა, წერილები, 91.
15. ამ სწრაფმავალ სიცოცხლეში რა აზრი აქვს თავხედურ ლტოლვას ასე ბევრისადმი? ჰორაციუსი, ოდები, II, 16-17.
16. ო, მე უბედური, მე საბრალო – იძახიან სასოწარკვეთილები; ერთმა ბედკრულმა დღემ მთელი ჩვენი სასიცოცხლო ძალა შთანთქა. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 898-899.
17. სამუშაო დაუმთავრებელია, კედლის მაღალი ქონგურები დაუსრულებელია. ვერგილიუსი, ენეიდა, IV, 88.
18. ნეტავი, სიკვდილმა მუშაობის დროს მომისწროს. ოვიდიუსი, სამიჯნურო ლექსები, II, 10, 36.
19. მათ ავიწყდებათ იმის თქმა, რომ სიკვდილის შემდეგ აღარ ექნებათ ამგვარი ლტოლვა. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, II, 900-901.
20. ძველი ადათის თანახმად, ნადიმების დროს საშინელი ბრძოლები იმართებოდა; ხშირად მებრძოლები კათხებს შორის ეცემოდნენ და თავიანთ სისხლს უხვად ანთხევდნენ ნადიმის სუფრაზე. სილიუს იტალიკუსი, პუნიკური ომები, XI, 51
21. ვაი, რომ ასე მცირე ხნის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი მოხუცებს! მაქსიმიანე, ელეგიები, I, 16.
22. მისი სულიერი სიმტკიცის შერყევა არ ძალუძს არც თავნება ტირანის მზერას, არც ბობოქარი ადრიატიკის მრისხანე მეუფე ოსტერს და არც ჭექა-ქუხილის დამთრგუნავ იუპიტერის ძლიერ მკლავს. ჰორაციუსი, ოდები, III, 3, 3.
23. „ხელ-ფეხზე ბორკილდადებულს საპატიმროს გულქვა ზედამხედველთან წარგადგენ“. „თავად ღმერთი მიბოძებს თავისუფლებას, როგორც კი მას მოვისურვებ“. ამ დროს იგი უდავოდ სიკვდილზე ფიქრობდა, ჩვენს სურვილთა უკანასკნელ ზღვარზე. ჰორაციუსი, წერილები, I, 16-17.
24. მოკვდავები ერთიმეორის თანმიმდევრობით ცოცხლობენ… ისინი მალმსრბოლელებივით გადასცემენ ერთმანეთს სიცოცხლის ლამპარს. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, II, 75-78.
25. დაბადებისთანავე სიკვდილის გზას ვადგებით; დასასრული დასაბამიდან იღებს სათავეს. მანლიუსი, ასტროლოგია, IV, 16.
26. რატომ გამაძღარი თანამეინახესავით არ მიდიხარ ამქვეყნიდან? ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 938.
27. რატომ ისწრაფვი იმის გასახანგრძლივებლად, რაც მაინც დაიღუპება და მსჯავრდებულია უკვალოდ გაუჩინარებისათვის? ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 938.
28. რაც ჩვენს წინაპართ უნახავთ, ჩვენი შთამომავალნიც მასვე ნახავენ. მანლიუსი, ასტროლოგია, I, 522-523.
29. აქ მონტენს ერთი სტროფი მოტანილი აქვს ლუკრეციუსიდან, მეორე ვერგილიუსიდან. ვიცვლებით, ჩვენ ირგვლივ კი ყველაფერი უცვლელადაა. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 1080. წელიწადი თავისივე ნაკვალევით ბრუნდება. ვერგილიუსი, გეორგიკები, II, 402.
30. რადგან მე, ბუნებამ, რაც კი მოვიფიქრე და მოვიგონე, შენი მოსაწონი არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ ყველაფერი უცვლელად დავტოვე. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 1944-1945.
31. სიცოცხლით საუკუნეების დამარცხებაც შეგიძლიათ, მაგრამ სამარადისო სიკვდილს მაინც ვერსად წაუხვალთ. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 1090-1091.
32. ნუთუ არ იცი, რომ სიკვდილის შემდეგ აღარ იქნები, რომ შენ ცოცხალი და ფეხზე მდგომი (არსება) ვეღარ დაიტირებ საკუთარ მკვდარსა და მწოლიარე არსებას. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 885.
33. მაშინ კი საკუთარ თავსა და სიცოცხლეზე აღარავინ ზრუნავს და ჩვენც აღარ გაგვაჩნია სინანულის გრძნობა საკუთარი თავისადმი. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 919-922.
34. უნდა ვიფიქროთ, რომ სიკვდილი არარაზე ბევრად უფრო დიდი არარაობაა, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება იყოს რაიმე იმაზე უმნიშვნელო, რაც ასეთად (არარად)მიგვაჩნია. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 972-973.
35. ა ხელი გვაქვს გარდასულ დროთა მარადისობასთან?! ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 968.
36. და ყველაფერი თან გაჰყვება შენს განვლილ სიცოცხლეს. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, III, 968.
37 არ ყოფილა ისეთი ღამე, ისეთი აისი, რომელიც მოწმე არ ყოფილიყო ბავშვების აბრალო ცრემლთან აღრეული გოდებისა – სიკვდილისა და დაკრძალვის მწუხარე პროცესის ამ თანამგზავრებისა. ლუკრეციუსი, საგანთა ბუნებისათვის, II, 578.__

Source
burusi.woburusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button