ისტორიაუცნაური

სონი ბინის ლეგენდა – მკვლელობა, ინცესტი და კანიბალიზმი

სონი ბინის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და საშიში შოტლანდიური ლეგენდაა. თავისი სცენარით ის დიდად არ ჩამოუვარდება საშინელებათა ჟანრის თანამედროვე ფილმებს. დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, ლეგენდა სათავეს იღებს მე-18 საუკუნეში.

როგორც ლეგენდა გვიამბობს, ალექსანდ სონი ბინი იყო ერთი შოტლანდიური ოჯახის უფროსი, ეს ოჯახი კი ინცესტური კავშირებითა და კანიბალიზმისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. ასევე პასუხისმგებელი იყო 25 წლიან ძარცვასა და მკვლელობებზე მე-15 საუკუნეში აირშირის სანაპიროზე. უამრავი ჩანაწერი და წყარო არსებობს, რომელიც ბინის კლანზე გვიამბობს, რაც სავარაუდოდ იმის მანიშნებელია, რომ ეს ლეგენდა მხოლოდ ფანტაზია არაა და დიდი ალბათობით რეალური ამბები უდევს საფუძვლად.

სონი ბინი მე-14 საუკუნის მიწურულს დაიბადა პატარა აღმოსავლურ სოფელში, ედინბურგიდან 10 მილის (16 კმ) დაშორებით. მამამისი არხებს თხრიდა და ღობეებს ავლებდა. სონიმ მამის კვალის გაყოლა გადაწყვიტა, თუმცა მალე აღმოაჩინა, რომ პატიოსანი შრომა მისთვის მომაბეზრებელი იყო და უსაქმურობისა და თაღლითობისკენ უფრო მეტად მიუწევდა გული. ამიტომაც მალე სახლიდან გაიპარა ერთ ქალთან, სახელად აგნეს დუგლასთან ერთად, რომელიც მასავით მანკიერი ზრახვების მქონე იყო. წასასვლელი და საცხოვრებელი არსად ჰქონდათ, ამიტომ თავი შეაფარეს სამხრეთ-დასავლეთ შოტლანდიის სანაპიროზე, გალოვეიზე მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულს. გამოქვაბული საკმაოდ მასიური იყო – სიღრმით 200 იარდი (183 მეტრი) და ზღვის ძლიერი მიქცევა-მოქცევის დროს შესასვლელი იფარებოდა. თავის რჩენის საშუალებად ადგილობრივებისა და უცხოელი მოგზაურების დაყაჩაღება და მკვლელობა აირჩიეს. გვამებს ანაწევრებდნენ, ხორცს მარილს აყრიდნენ, ამწნილებდნენ და მიირთმევდნენ. ინცესტური კავშირები უცხო არ იყო, ამიტომ ოჯახის წევრთა რაოდენობამ მალე იმატა და ორი ათწლეულის შემდეგ წყვილის შთამომავლობა შეადგენდა 8 ვაჟს, 6 ქალიშვილსა და 32 შვილიშვილს – ჯამში 46 ადამიანს.

ტერორისა და შიშის ბატონობა, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა – წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანი უგზოუკვლოდ იყო დაკარგული. თუმცა ბინების ოჯახის კლანი ისევ უშფოთველად აგრძელებდა ძველებურ საქმიანობას – შემთხვევით ნაპოვნ მოგზაურებს იჭერდნენ და კლავდნენ, მათ ხორცს ჭამდნენ, ხოლო დარჩენილ ნაწილებს კი ზღვაში ყრიდნენ. ნადირობა ძირითადად ღამით ან შებინდებულზე ხორციელდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაში იყო და მმართველი პირები ყველაფერს აკეთებდნენ დანაშაულის აღმოსაფხვრელად, რის გამოც ბევრჯერ სრულიად უდანაშაულო ადამიანები დასაჯეს სიკვდილით. ყველაზე ცუდ დღეში სასტუმროს პატრონები ჩავარდნენ, რადგან მსხვერპლებს, როგორც წესი, ბოლოს სასტუმროს ნომერში ხედავდნენ, ეჭვმიტანილები კი ავტომატურად ისინი ხდებოდნენ, ვისაც ეს უკანასკნელები ბოლოს ენახა. მსგავსი შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ სასტუმროს მეპატრონეებმა თავის არიდება გადაწყვიტეს – აიკრეს გუდა-ნაბადი და რისკიან საქმიანობას შეეშვნენ. ამის გამო მალე შოტლანდიის ეს არეალი ნელ-ნელა დაცარიელდა და დეპოპულაცია განიცადა.

როცა სონი ბინის ოჯახი საკმაოდ გაიზარდა და გაძლიერდა, მადაც გაეღვიძათ და უკვე ადამიანთა ჯგუფებზე დაიწყეს თავდასხმა. თუმცა თავიანთ შესაძლებლობებს ყოველთვის გონივრულად აფასებდნენ და შეტევას იმხელა ჯგუფზე ახორციელებდნენ, რომ ყველა წევრის ხელში მოგდება შესძლებოდათ. ამასთან, ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ: მათი საცხოვრებელი გამოქვაბული ძნელი მისაგნები და კარგი დასამალი ადგილი იყო, იცავდა მათ მოთვალთვალეებისა და აბეზარი ცნობისმოყვარეებისგან. ამასთან, აქეთ-იქიდან კლდეებით იყო შემოსაზღვრული და ძნელად მისადგომიც იყო.

ამასობაში 25 წელი იყო გასული და მათ მიერ დახოცილი ქალების, კაცებისა და ბავშვების რაოდენობა 1000-ს აჭარბებდა. საბოლოოდ, მათი აღმოჩენა შემთხვევითობის წყალობით მოხდა: ადგილობრივი ბაზრობიდან შოტლანდიელი ცოლ-ქმარი ბრუნდებოდა ცხენებზე ამხედრებული – ქმარი წინ და ცოლი უკან – როცა უეცრად ბინის კლანის ჩასაფრებული წევრები გადმოუხტნენ. მამაკაცმა ხმალი იშიშვლა და მძვინვარე ბრძოლა გამართა მათთან და მალე სასტიკი მასპინძლების ბრბოში ტალღის გაპობა მოახერხა. სამწუხაროდ, მისმა ცოლმა წონასწორობა დაკარგა და ცხენიდან გადმოვარდა. მას იმ წუთშივე დაუყოვნებლივ ეცნენ კლანის მდედრობითი წევრები, ყელი გამოსჭრეს და დანაწევრება დაიწყეს. შემდეგ მუცელი გაუპეს, შიგნეულობა ამოაცალეს და სისხლიანი ხორცით ნადიმობა დაიწყეს. ამის დანახვაზე მისი ქმარი შეძრწუნდა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვიტავს. მისდა საბედნიეროდ, მალევე დაახლოებით 30 მოგზაური გამოჩნდა, რომლებიც ასევე ბაზრობიდან ბრუნდებოდნენ სახლში. ბინების ოჯახმა ნაჩქარევად დაიწყო უკან დახევა და გამოქვაბულისკენ გაიქცნენ, როცა მამაკაცმა ახლად გამოჩენილებს აუხსნა, რაც ხდებოდა. ამბის შესახებ მალე შეიტყეს მოსამართლეებმა, რომლებმაც თავის მხრივ, მეფე ჯეიმს IV-ს აცნობეს. მეფე იმდენად შეაძრწუნა მონაყოლმა, რომ თავად გადაწყვიტა საქმეში ჩარევა. მოიხმო მსახურები, მოაყვანინა მეძებარი ძაღლები და 400 კაციან რაზმთან ერთად გაეშურა იმ ადგილისკენ, სადაც 25 წლის წინ სისხლიანი მკვლელობებისა და კანიბალიზმის ეპოქა დაიწყო.

მეძებარმა ძაღლებმა თავიანთი საქმე შესანიშნავად შეასრულეს: მეფის ამალამ ვერ შენიშნა მიყრუებულ ადგილას მდებარე გამოქვაბული, მაგრამ ძაღლებისთვის შეუძლებელი იყო, ვერ შეემჩნიათ სისხლისა და ხორცის მკვეთრი სუნი, რომელიც იქიდან გამოდიოდა. მათ გამოქვაბულს მიაშურეს და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ: ჭერზე ადამიანის სხეულის გამომშრალი და დამარილებული ნაწილები ეკიდა, კასრებში დამწნილებული კიდურები ეწყო, ხოლო იატაკზე გარდაცვლილთა ჯიბეებიდან ამოღებული ფულის მონეტებისა და აღკაზმულობების გროვა ეყარა. ბინის კლანის წევრებს გაქცევა ან წინააღმდეგობის გაწევა არც უცდიათ, მეფის ამალამ ისინი ცოცხლად შეიპყრო, ჯაჭვით შეუკრა ხელ-ფეხი და ედინბურგისკენ გაეშურნენ. ედინბურგში მათ დატუსაღება მიუსაჯეს ტოლბუთის ციხეში, მეორე დღეს კი ლეითის ოლქში წაიყვანეს.

ედინბურგის მოსახლეობაში დიდი მღელვარება დაიწყო, როცა შეიტყეს, თუ რა დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი სონი ბინის ოჯახის წევრებს. მათ მოინდომეს, დამნაშავეებს თავიანთი მეთოდებით, ბარბაროსულად გასწორებოდნენ. კაცებს ხელები და ფეხები დააგლიჯეს და ასე დატოვეს, სანამ სისხლისგან არ დაიცალნენ, ქალები და ბავშვები კი ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ, რაც აყურებინეს მათი ოჯახის წევრი მამაკაცების ტანჯვით სიკვდილი. სიკვდილის წინ არცერთ მათგანს არ უნანია ჩადენილი საქმეები, არამედ ბოლო ამოსუნთქვამდე ყველაზე საშინელ წყევლა-კრულვას უგზავნიდნენ მათ დამჭერებსა და მაყურებლებს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button