ლიტერატურამოთხრობა

რეი ბრედბერი – კაცი

კაცი

კაპიტანი ჰარტი რაკეტის ლუქთან იდგა. ლუქი უკვე გაეღოთ.

რატომ არავინ მოდის? – იკითხა მან.

საიდან უნდა ვიცოდე, კაპიტანო? – მოესმა თანაშემწის, მარტინის ხმა.

…და რა ადგილია ეს? – იკითხა კაპიტანმა და სიგარა გააბოლა. ანთებული ასანთის ღერი ღია ლუქში მოისროლა. ბალახს ოდნავ ცეცხლი მოეკიდა.

მარტინმა ცეცხლის ფეხსაცმლით ჩაქრობა სცადა.

არა! – უბრძანა კაპიტანმა. – დაე ენთოს. იქნებ,ამ შემთხვევაში მაინც გამოგვხედოს ვინმემ.
მარტინმა მხრები აიჩეჩა და ბალახს შეეშვა.
კაპიტანმა საათს დახედა…

აგერ უკვე ერთი საათია რაც დავეშვით, და რა?… სად არის დამხვედრი დელეგაცია? სად არის საპატიო მისალმება, ხელის ჩამორთმევა, ორკესტრი? არავინ! არავინ მოსულა. კოსმოსში მილიონობით მილი ვიფრინეთ… ესენი კი, რომელიღაც გაუგონარი პლანეტის, სულელური ქალაქის სულელი მცხოვრებლები ყურადღებასაც კი არ გვაქცევენ.
კაპიტანმა რაღაც ჩაიბურტყუნა და კვლავ საათს დახედა. – კარგი, 5 წუთიც და მერე…

რა მერე? – იკითხა მარტინმა, რომელიც მუდმივად თავაზიანობის განსახიერება იყო. ახლა კი მშვიდად აკვირდებოდა კაპიტნის მთრთოლვარე ლოყებს.

მერე… მერე გავფრინდებით. გადავუფრენთ მათ დაწყევლილ ქალაქს და კიდევ ერთხელ გულებს გავუხეთქავთ შიშისგან. – ხმაში ნელ-ნელა დამშვიდება ეტყობოდა. – მარტინ, იქნებ საერთოდაც არ შევუმჩნევივართ?

შეგვამჩნიეს. როცა ქალაქს გადავუფრინეთ, კარგად დავინახე, როგორ გვიყურებდნენ.

მაშინ რატომ არ მორბიან აქეთ, ჩვენ სანახავად? მიიხედ-მოიხედე! აქეთ-იქეთ დაბორიალებენ. შიშიც კი არ ეტყობათ. თითქოს, სულ ერთია მათთვის.
კაპიტანმა ჰარტმა ბინოკლი დაღლილ თვალებთან მიიტანა. მარტინმა შეხედა… კაპიტანს აშკარად ეტყობოდა საშინელი დაღლილობა და გაურკვევლობა. მარტინს ეჩვენა, თითქოს ჰარტი, აგერ უკვე მილიონი წლის იყო. არასდროს იძინებდა, ცოტას ჭამდა, და მუდამ იმის ცდაში იყო, სვლა განეგრძო. ახლა კი, მისი ჩამოშვებული, მშრალი ტუჩები, უღონოდ კანკალებდნენ ბინოკლის ქვეშ.

მარტინ, მე… მე უბრალოდ, არ ვიცი, რისი გულისთვის ვწვალობთ. ვაგებთ რაკეტებს, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა გავჭრათ კოსმოსი და მოვძებნოთ ისინი. და რას ვიღებთ მათგან სანაცვლოდ? მხოლოდ გულგრილობას და უგულებელყოფას. შეხედე ! შეხედე, როგორ უაზროდ დადიან. ვერ ვიჯერებ! ნუთუ არ ესმით, რა მოხდა ცოტა ხნის წინ? პირველი კოსმოსური ექსპედიცია მათ პლანეტაზე! ხშირად ხდება კი, ასეთი რამ?! მარტინ, მიპასუხე!
მარტინმა არ იცოდა, რა ეთქვა.
დაღლილმა კაპიტანმა ნელი მოძრაობით დაუბრუნა თანაშემწეს ბინოკლი.

რისთვის…? ეს ყველაფერი, რისთვის? იცი…?! ზოგადად, კოსმოსურ ექსპედიციებს ვგულისხმობ. ვეძებთ, ვეძებთ, სულ მუდამ რაღაცის ძიებაში ვართ. მუდამ დაძაბულები, არანაირი დასვენება ჩვენთვის არ არსებობს.

იქნებ, ჩვენ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სიმშვიდეს ვეძებთ? დედამიწაზე ამას მოკლებულები ვართ. – თქვა მარტინმა.

ასე ფიქრობ? – ჩაფიქრდა კაპიტანი. – დარვინის დროიდან მოყოლებული, არა? მას შემდეგ, რაც გაქრა, განადგურდა, ის ყველაფერი, რისაც ჩვენ მანამდე გვჯეროდა. ყველაფერი ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ასეა, არა? ღვთიური წინდახედულობა და ა.შ. ? ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გამოა, რომ ადამიანები კოსმოსში დავფრინავთ? ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს. ხომ ასეა? ვცდილობ გავიქცეთ ჩვენი დამპალი პლანეტიდან და ვეძებთ ახალს, მასზე უფრო სუფთას. ხომ ასეა?

შესაძლოა, სერ. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მუდამ რაღაცას ვეძებთ.
კაპიტანმა ჩაახველა. ხმაში სიმტკიცე დაუბრუნდა.

ხო… ახლა კი, მერს ველოდებით. მიდით, მიდით მათთან, მოუყევით, აცნობეთ, რომ ჩვენ, პირველი კოსმოსური ექსპედიცია, წარმატებით დავეშვით მათ პლანეტაზე. და რომ კაპიტანი ჰარტი გულთბილ სალამს უძღვნის და სურს შეხვდეს ქალაქის მერს. გასწი, მარტინ !

დიახ, სერ! – მარტინმა დინჯად გადააბიჯა ლუქს და დაბლა დაეშვა.

დაუჩქარე! – შესძახა კაპიტანმა.

დიახ, სერ! – მარტინმა ნაბიჯს მოუმატა, თუმცა როგორც კი რაკეტას მოშორდა, კვლავ მშვიდი სვლით განაგრძო სიარული. თან თავისთვის რაღაცაზე იღიმოდა.
მარტინის დაბრუნებამდე კაპიტანმა ორი სიგარის მოწევა მოასწრო.
მარტინი დაბნეული შეჩერდა ლუკთან. აშკარად იყო, რომ გონება ჰქონდა არეული და სათქმელზე კონცენტრირება უჭირდა.

აბა? რა გაარკვიე? შეგვხვდებიან?

არა. – მარტინი იძულებული იყო რაკეტასთნ ჩამუხლულიყო. თავბრუსხვევა მოსვენებას არ აძლევდა.

რატომ?

იმიტომ, რომ მათთვის უმნიშვნელონი ვართ. – გთხოვთ, კაპიტანო, მომაწოდეთ სიგარა!
მარტინმა წვალებით გამოართვა კაპიტანს სიგარა. მისი თვალები ქალაქისკენ იყო მიმართული. რამდენიმე წუთი ჩუმად ეწეოდა.

ჯანდაბა, თქვით რამე! – დაიყვირა კაპიტანმა. – მათ, რა.. არ აინტეერსებთ ჩვენი რაკეტა?

რა? ახ…დიახ.. რაკეტა… – მარტინმა სიგარას დახედა. – არა, ოდნავადაც არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, არასწორ დროს ჩამოვფრინდით. – მარტინი ეცადა უკეთ აეხსნა კაპიტნისთვის ვითარება. – მისმინეთ, კაპიტანო. გუშინ ქალაქში დიდი მოვლენა მოხდა. იმდენად მნიშვნლეოვანი და დიდებული, რომ იმასთან შედარებით ჩვენ უნიჭო დუბლიორებადღა ვჩანვართ. უნდა დავჯდე. – მარტინმა წონასწორობა დაკარგა და მძიმე-მძიმედ დაეშვა მიწაზე.
კაპიტანი გაბრაზებული ღეჭდა სიგარას.

ასეთი რა მოხდა?
მარტინმა თავი აწია. თითებზე შერჩენილი სიგარის კვამლი ქარს გაატანა და წარმოთქვა:

სერ, გუშინ ქალაქში უცნაური კაცი გამოჩნდა. – კეთილი, ჭკვიანი, გულისხმიერი და ძალიან ბრძენი.
კაპიტანმა ეჭვით შეხედა თანაშემწეს.

მერე ჩვენ? ვინ იყო ასეთი, რომ ჩვენი გამოჩენა გადაფარა?

იცით, ძალიან ძნელი ასახსნელია. ამ კაცს აქ მილიონობით წლის განმავლობაში ელოდნენ. ალბათ… და აი, გუშინ ეწვია ქალაქს. სწორედ ამიტომ აღარ მიუქცევიათ ყურადღება ჩვენი რაკეტისთვის.
კაპიტანი უცაბედად დაჯდა.

ვინ არის? ნუთუ ეშლი? ნუთუ ეშლიმ დაგვასწრო, აქ ჩვენზე ადრე დაეშვა და ჩემი დიდება მიითვისა?

არა, ეშლი არა, სერ.

ბერტონი! ასეც ვიცოდი. ბერტონი მოიპარა და ყველაფერი ჩაგვაშხამა. ხომ ვამბობ, არავის უნდა ენდო.

არც ბერტონი, სერ. – მშვიდად თქვა მარტინმა.
კაპიტანს უჭირდა მარტინის სიტყვების დაჯერება.

კი მაგრამ, სულ სამი რაკეტა იყო. ჩვენ ყველაზე წინ მოვფრინავდით. ეს კაცი კი, ჩვენზე ადრე ჩამოვიდა. რა ჰქვია მას?

მას არ აქვს სახელი. არც კი სჭირდება სახელი. ყველა პლანეტაზე სხვადასხვაგვარად ეძახიან, სერ.
კაპიტანმა მარტინისკენ გამომცდელი მზერა მიმართა. აშკარა იყო, რომ არ უჯერებდა.

და რა ქნა ასეთი? რა ჩაიდინა ასეთი გასაოცარი, რომ ჩვენი ხომალდისკენ არავინ იყურება?

მაგალითად… – მტკიცედ წარმოთქვა მარტინმა, – მან განკურნა რამდენიმნე ავადმყოფი, მთელი დღის განმავლობაში ხალხთან საუბრობდა სხვადასხვა თემებზე. ხალხს თავი დააინტერესა.

და ეს ასეთი საოცარია?

დიახ, კაპიტანო!

არ მესმის. – კაპიტანი მარტინს თვალებში უცქერდა. – ხომ არ დაგილევიათ მარტინ? ა? – კაპიტანმა ნაბიჯი გადადგა და ჩაფიქრდა. – არაფერი მესმის.
მარტინმა უკან, ქალაქისაკენ გაიხედა.

კაპიტანო, თუ არ გესმით, ჩემს ახსნას აზრი არ აქვს.
კაპიტანმა ქალაქს გააყოლა თვალი. მშვენიერი ქალაქი ჩანდა. მის ირგვლივ კი დიდებული სიმშვიდე სუფევდა. კაპიტანი მარტინს მიუახლოვდა და სიგარა პირიდან გადმოაგდო.

მოიცა.. მარტინ, შენ იმის თქმა გინდა, რომ… არა… ნუთუ გულისხმობთ, რომ… ეს კაცი… არა! შეუძლებელია!…
მარტინმა მშვიდად დააქნია თავი:

დიახ, სერ, ზუსტად მაგას ვგულისხმობ.
კაპიტანი გაშეშდა. ცოტახნით ჩუმად იდგა, შემდეგ კი წელში გაიმართა.

არ მჯერა.

შუადღის დადგომისთანვე კაპიტანი ჰარტი სწრაფად შევიდა ქალაქში. მას კომპანიონობას ლეიტენანტი მარტინი უწევდა. მათთან ერთად კიდევ ერთი დამხმარე იყო, რომელიც ხელსაწყოებს ეზიდებოდა.
მალევე მათ ქალაქის მერი შეხვდა.

თქვენ ბრძანდებით ქალაქის მერი?

გახლავართ.
ამ ორს შორის მაღალი რკინის აპარატი იდგა, რომელსაც მარტინი და მექანიკოსი მართავდნენ. ეს აპარატი საუბრის მომენტალურ გადათარგმნას უზრუნველყოფდა. კაპიტნისა და მერის სიტყვები მკაფიოდ არღვევდნენ ქალაქში გამეფებულ მყუდროებას.

მინდა პირველ რიგში გუშინდელით დავიწყო. ეს ყველაფერი მართლა მოხდა?

დიახ.

გყავთ მოწმეები?

დიახ.

შეიძლება მათ დაველაპარაკო?

ვისაც გინდათ იმას დაელაპარაკეთ, – უპასუხა მერმა, – ჩვენ, აქ, ყველანი მოწმეები ვართ.
კაპიტანმა ჩუმად ჩასჩურჩულა მარტინს:

მასიური ჰიპნოზი. შემდეგ ისევ მერს მიუბრუნდა: – როგორ გამოიყურებოდა ს კაცი? ის უცხოტომელი?

რთულია მისი აღწერა. – ოდნავ ჩაიცინა მერმა.

კი მაგრამ, რატომ?

შესაძლოა აზრი გაიყოს.

ხოო… აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებლად შეგვატყობინეთ. – ჩაიწერეთ, – მხარს უკან მიმართა მარტინს.
ლეიტენანტმა პორტატული მაგნიტაფონის კლავიშს დააჭირა.

ნუ… – დაიწყო მერმა. – ის ძალიან კეთილი და სასიამოვნო კაცი იყო. უდიდეს ცოდნას ფლობდა თითქმის ყველაფერში.

დიახ,დიახ, ვიცი. – ხელი ააქნია კაპიტანმა. – ეს ყველაფერი, ზოგადი შეფასებაა. მე კონკრეტული ინფორმაცია მჭირდება. როგორ გამოიყურებოდა ის?

ვფიქრობ, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ძალიანაც აქვს. – მტკიცედ მიუგო კაპიტანმა. – ჩემთვის აუცილებელია ვიცოდე, მისი აღნაგობა, გარეგნობა. თუ არ გსურთ პასუხის გაცემა, სხვებს ვკითხავ. – შემდეგ მარტინს მიმართა: – როგორც ჩანს, ბერტონია. მისი ერთ-ერთი უკბილო ხუმრობა…
მარტინი მორჩილად უსმენდა კაპიტანს და ხმის ამოღებას არ აპირებდა.

ესე იგი, როგორ? განკურნება ხოო?

დიახ. არაერთი. ბევრი, ძალიან ბევრი ავადმყოფის განკურნება.

ბევრი.. აჰა.. შეიძლება ერთ-ერთ განკურნებულს შევხვდე?

რა თქმა უნდა. აი, ჩემი ვაჟი. – მერმა პატარა ბიჭი მოიხმო. – გუშინ ხელს ვერც კი არყევდა, ახლა კი, ნახეთ! სრულებით ჯანმრთელია.

რა თქმა უნდა. – ჩაიცინა კაპიტანმა. ეს არ არის მტკიცებულება! მე ხომ არ მინახავს ეს ბავში ავადმყოფობის პერიოდში?! მე მტკიცებულება მჭირდება.

ჩემი სიტყვაა ჩემი მტკიცებულება.

მისმინეთ! – დაიყვირა კაპიტანმა. – გსურთ, რომ სიტყვაზე გენდოთ? არა!.. შეუძლებელია! !

მაპატიეთ, თქვა მერმა – მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.

გაქვთ ბიჭის სურათი? სადაც ჩანს, რომ ხელი გამხმარი აქვს?
ცოტა ხანში მოიტანეს ზეთში შესრულებული ნახატი, რომელზეც ბიჭი გამოსახული იყო თავის ოჯახთან ერთად. ნახატზე აშკარად ჩანდა მისი ხელის ავადმყოფობა.

ოხ, ძვირფასო.. – ნებისმიერს შეუძლია დახატოს ნახატი. მე ბიჭს ფოტო მჭირდება !.
თუმცა, ფოტოს მიწოდება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამ პლანეტაზე იმ დროისთვის ჯერაც არ იყო გამოგონებული ფოტოაპარატი.

ხოო… ამოიხვნეშა კაპიტანმა. – ქალაქის სხვა მცხოვრებლები დამალაპარაკეთ! მათი აზრი მაინტერესებს.
კაპიტანს არც ამაზე შეუქმნეს პრობლემა, თუმცა ყველა დაბარებულივით ერთსა და იმავეს იმეორებდა. რომ კაცი იყო ძალიან კეთილი, დადიოდა მათ შორის, შველოდა ავადმყოფებს და ესაუბრებოდა ყველას. კაპიტანს კი მოთმინება ეწურებოდა.

შეწყვიტეთ! კმარა! ყელშია თქვენი ქედმაღლობა. – შეყვირა მარტინმა. – შეეშვით მაგ ხალხს! მათ როგორც იქნა რაღაც კარგი ნახეს, კეთილი და სასიამოვნო. თქვენ კი უცებ, უცხო ბუდიდან მოფრენილი კაცი მოდიხართ და ყველაფრის არევას ცდილობთ. დასცინით და აბუჩად იგდებთ. არაფერი გესმით! არაფერი! მე კი ველაპარაკე მათ. დავდიოდი ქალაქში და ვაკვირდებოდი მათ სახეებს. მათ თვალებში დავინახე ის, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. – რწმენა! დიახ, ოდნავ რწმენას უზარმაზარი მთის გადადგმაც კი შეუძლია. ამ დროს კი, თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. ბოროტებისა და ამპარტავნებისგან აღარ იცით რა ქნათ. გახრჩობთ ბოღმა. ვერ აგიტანიათ, რომ ვიღაც, თქვენზე ადრე მოვიდა მათთან და მათთვის გამოუსადეგრად იქეცით.

კიდევ ხუთ წუთს გაძლევთ.. მესმის.. ძალიან მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფებოდით, მარტინ. მთელი ამდენი თვე კოსმოსში, ნოსტალგია, მარტოობა. ახლა კიდევ ეს. მესმის თქვენი და თანაგიგრძნობთ, და ამიტომ თქვენს ამ გამოხტომას ყურადღებას არ მივაქცევ. – მშვიდად თქვა კაპიტანმა.

სამაგიეროდ მე ვაქცევ ყურადღებას თქვენს გამოხტომებს. – უპასუხა მარტინმა. – თვენგან მივდივარ! აქ ვრჩები.

არ შეგიძლიათ!

ნუთუ? ძალიან კარგადაც შემიძლია. სცადეთ ჩემი შეჩერება. მე ხომ ამისთვის ჩამოვფრინდი აქ. თუმცა კი, თავადაც არ ვიცოდი ამის შესახებ. მე ეს მჭირდება, ეს ჩემთვის აუცილებელია. წადით და თქვენი სიბინძურე სადმე სხვაგან ამოანთხიეთ! სადმე სხვაგან გამოიყენეთ თქევნი დაწყევლილი სამეცნიერო მეთოდები! შეხედეთ! ამ ხალხის ცხოვრებაში პირველად მოხდა რაღაც, მართლაც ღირებული და ჩვენ კიდევ საოცრად გაგვიმართლა, რომ სწორედ ამ დროს დავეშვით ამ პლანეტაზე. ნუთუ თავს ძალას ვერ ატანთ და ვერ ხვდებით, რა პროცესის მონაწილენი გავხდით? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სასწაული მოხდა. დედამიწაზე ამ კაცის შესახებ 20 საუკუნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. იმ მომენტიდან, რაც ჩვენს სამყაროს პირველად ეწვია. ჩვენ ხომ ყველას ასე გვწადდა მისი ნახვა, მისი ხმის გაგონება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დღეს კი… დღეს ისევ გავუშვით… – სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე რომ ჩამოვფრენილიყავით… რამდენიმე საათი…
კაპიტანმა შეხედა მარტინს:

პატარა ბავშვივით სლუკუნებთ.

მიმიფურთხებია! ჩემთვის სულ ერთია.

ჩემთვის არა! ამ ცინგლიანების თვალწინ მაინც უნდა შეინარჩუნოთ ღირსება. ყველანაირ ზღვარს გადახვედით. კარგად იყავით!

არ მჭირდება თქევნი დამშვიდობება.

სულელო! როგორ ვერ ხვდები, რომ ეს ყველაფერი ბერტონის ხუმრობის ნაწილია? იდიოტი ხართ, მარტინ! სრული იდიოტი! თქვენ მას არ იცნობოთ. მე კი კარგად ვიცი, რა დონის სისულელეზეა წამსვლელი. ეს ყველაფერი ბერტონის ნახელავია. წყალია რ გაუვა.

არა. – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მარტინმა.

გეფიცებით! ეს ყველაფერი ბერტონის ნახელავია. ამ ჭკუათხელებსაც მეტი რა უნდოდათ, ნახეს განსხვავებული კაცი, დაიჯერს მისი ფოკუსები და ახლა უყურეთ, რა დაშტერებულები დადიან.

არა ! არა! თვალები დახუჭა და ისე იმეორებდა მარტინი. – არ მჯერა თქვენი სიტყვების!

უბრალოდ, არ გინდათ დაიჯეროთ. აღიარეთ. ბერტონი უარესის გამკეთებელიც არის. ხომ იცით, რა ტიპია. კმარა, მარტინ. მენდეთ, მოეშვით ფანტაზიორობას.
კაპიტანმა მეგობრულად დაარტყა მარტინს ხელი.
…მარტინი ნელ-ნელა დაიძრა რაკეტისკენ.

მოგვიანებით, როცა ეკიპაჟი პატარა მაგიდას სავახშმოდ შემოუსხდა, კაპიტანმა გამარჯვებულის ღიმილით ამცნო მარტინს, რომ რამდენიმე ადგილობრივი გამოკითხა და ყველა ერთი და იმავე ისტორიას ყვებოდა იმ უცხო კაცზე. ახლა უკვე არც მარტინს ეპარებოდა ეჭვი, რომ ყველანი ბერტონის ოინის მსხვერპლები იყვნენ.

მოვკლავ ! აუცილებლად მოვკლავ! ღმერთო, შემაძლებინე! არ ვაცოცხლებ ბერტონს ! – ბრაზს ვერ იოკებდა ლეიტენანტი.

დამშვიდდით, მარტინ, დამშვიდდით! ხელს არ ახლებთ და არც არავინ მოკვდება. ხომ ასეა? როგორც ჩანს, ბერტონმა თავისი გეგმა წარმატებით განახორციელა, ახლა კი წესით, მალევე უნდა დაბრუნდეს თავისი ძალაუფლების განსამტკცებლად. ჩვენ კი სწორედ ამიტომ, ამ პლანეტაზე ვრჩებით და მაქსიმალურად შევეცდებით, ბერტონის გამოჭერას. ასე არ არის, ლეიტენანტო?!
ამასობაში ხომალდზე შეტყობინება მოვიდა. რადარებმა ეშლის და ბერტონის რაკეტები დააფიქსირეს რომელიც პლანეტას უახლოვდებოდნენ. კაპიტანი აღტაცებული ელოდა ბერტონის გამოჩენას, თუმცა არც ერთი ხომალდი არ შეჩერებულა, იმავე სიჩქარით განაგრძეს ფრენა და მალევე გაუჩინარდნენ კოსმოსის უკუნში. ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა მიწაზე დაგდებული კოსმონავტი შეამჩნიეს, რომელიც წესით რომელიმე ხომალდიდან უნდა გადმომხტარიყო. დაუყოვნებლივ მასთან მიირბინეს ამბის გასაგებად.

რა მოხდა? ყვიროდა ჰარტი და თან დავარდნილის თავის მიწიდან წამოწევას ცდილობდა.

სერ, სერ, – ისმოდა ჩურჩული. – ორმოცდა რვა საათის წინ ჩვენი ორივე ხომალდი საშინელ კოსმოსურ ქარბუქში მოჰყვა. ყველანი დაიხოცნენ. ორი დღის წინ დავკარგეთ ბერტონი. ეშლიც მკვდარია.

მომისმინეთ! – გამხეცდა ჰარტი. – თქვენ ხომ პირველად ამ პლანეტაზე დაეშვით?
სიჩუმე…

მიპასუხეთ!
მომაკვდავმა წვალებით წარმოთქვა:

დიახ, დაიხ, ქარბუქი.. ბერტონი.. ორი დღის წინ დაიღუპა. 6 თვის განმავლობაში… პირველი დაშვება…

დარწმუნებული ხართ? – შეჰყვირა კაპიტანმა. თან, ცდილობდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა მისი ხელებისთვის მტკიცედ მოეჭირა და სიკვდილის უფლება არ მიეცა.

დარწმუნებული ხართ?

დიახ.

ბერტონი ორი დღის წინ მოკვდა?

დიახ,დიახ. – ჩაიბურტყუნა კოსმონავტმა, თავი მკერდზე დაუვარდა და სული განუტევა.
კაპიტანი მდუმარედ იდგა გვამის გვერდით ჩამუხლული და ვერაფერზე ფიქრობდა. ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა უკან დაიხიეს. მარტინი კი იცდიდა. მოგვიანებით კაპიტანმა სთხოვა, დახმარებოდნენ. მალე ყველანი ქალაქისკენ გაბრუნდნენ.

ეს ნიშნავს რომ…

რომ…? – კითხვა შეუბრუნა მარტინმა.

ეს ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მხოლოდ ჩვენ დავეშვით. ის კაცი კი…

რა, ის კაცი? – არ მოეშვა მარტინი.
კაპიტანს სახეზე შიში ეტყობოდა. – წამოდით, მარტინ! წამოდით! ხელი მომკიდეთ, დამეხმარეთ, არ დავვარდე. დრო არ უნდა დავკარგოთ, წამოდით…

რამდენიმე საათის შემდეგ ხომალდის ეკიპაჟი კვლავ მერის პირისპირ იჯდა და კაცის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

კი მაგრამ, ხომ უნდა იცოდეთ, რა მიმართულებით წავიდა?

ჩვენთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

რომელიმე ახლომდებარე გალაქტიკაში?

არ ვიცი.

უნდა იცოდეთ!

სადმე ხედავთ?

არა

ხო და, ესე იგი, წავიდა.

ალბათ. – სუსტი ხმით წარმოთქვა კაპიტანმა. – მე საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ახლა კი მისი ნახვა მსურს. ახლა! ამ მომენტში! მხოლოდ ახლა მივხვდი, თუ რა მნიშვნელობის მოვლენა მოხდა თქვენს პლანეტაზე. წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ამ ყველაფრის თანაზიარი აღმოვჩნდი. არსებობს მხოლოდ ერთი შანსი მილიარდიდან, რომ ამ მოვლენიდან ერთი დღის შემდეგ დაეშვა იმავე პლანეტაზე, სადაც ეს მოვლენა მოხდა. უნდა იცოდეთ! უნდა იცოდეთ, სად წავიდა!…

მას ყველა თავადვე პოულობს. – მშვიდად მიუგო მერმა.

დამალეთ! ასეა, არა?

არა. – უპასუხა მერმა. – მისი სახე არ შეცვლილა.

სად არის? – კაპიტანი ნელ-ნელა წამოიმართა.

ვერ გეტყვით. არ ვიცი.

ცრუობ!
მერის სახეზე ნაოჭიც კი არ შეხრილა, ჰარტს თვალს არ აცილებდა. მის მზერაში კი ღრმა სიბრალური ირეკლებოდა.

დაიღალეთ – მიმართა ჰარტს. – ძალიან დაიღალეთ მოგზაურობით. თქვენ მოფრინავთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც იმედისა და რწმენის გარეშე ცხოვრობენ. ახლა კი, ამ ყველაფრის პოვნას ჩვენთან ცდილობთ და თან ამას არც აღიარებთ. საშინლად გწყურიათ რწმენა, მაგრამ თქვენს თავს თავადვე უშლით ხელს. თუ თუნდაც ერთ მკვლელობას ჩაიდენთ, კიდევ უფრო გაგიძნელდებათ ცხოვრება. ამ შემთხვევაში, მისი პოვნის შანსიც შეგიმცირდებათ.

საით წავიდა? ხომ იცით! ვიცი, რომ იცით. აუცილებლად გეტყოდათ. რატომ არ მიმხელთ?! – დაიღრიალა კაპიტანმა და იარაღი აიღო.
მერმა მშვიდად გააქნია თავი.

მითხარით! მითხარით!
გაისმა სროლის ხმა. – მხოლოდ ერთი… მერი დაეცა, მხარში იყო დაჭრილი.
მარტინი სწრაფად მივარდა კაპიტანს.

ხელი არ შემიშალოთ, ლეიტენანტო !
მერმა თავი ასწია, თვალებით ჰარტის თვალები იპოვა და დამარცვლით კბილებიდან გამოსცრა:

მოაშორეთ იარაღი! ამით თქვენს თავს ვნებთ. არასდროს გწამდათ და ახლა თვლით, რომ ძალადობით შეძლებთ რწმენის მოპოვებას. გგონიათ, რომ ამის მოპოვება მხოლოდ სხვისთვის ვნების მიყენების ფასად შეიძლება.

არაფერში მჭირდებით. – მიმართა კაპიტანმა მერს. – მართალია, აქ დავაგვიანე… მაგრამ მერე რა? სხვა დროს მივუსწრებ და ვნახავ. თუ კიდევ დამაგვიანდა, შემდეგ პლანეტაზე ვიპოვი, ან კიდევ შემდეგზე….. ან შემდეგზე……. – კაპიტანი უკვე ყვიროდა, თავს ვერ აკონტროლებდა. – წამოდით, მარტინ! საქმე გველოდება.

არა! მე აქ ვრჩები.

სულელო! დარჩით, თუ გინდათ. არც თქვენ მჭირდებით.
მერმა თავი ასწია და მარტინს მიმართა:

არ ინერვიულოთ, მძიმე ჭრილობა არ არის, მალე შემიხორცდება.

მე დავბრუნდები. მხოლოდ რაკეტამდე მივყვები მას.
მათ თითქმის მთელი ქალაქი გაიარეს, სანამ ხომალდამდე მივიდოდნენ. კაპიტანი ზემოთ ავიდა და იქედან გადმოსძახა.

აბა, მარტინ?

დიახ, კაპიტანო?
კაპიტანმა ცას ახედა.

დარწმუნებლი ხართ, რომ გსურთ დარჩენა?

დიახ, სერ.

დაფიქრდით, მარტინ! წინ დიდი თავგადასავლები გველის. ო, ღმერთო! დამიჯერეთ,მარტინ, მე ვიპოვი მას!

მისი მოძებნა გადაწყვიტეთ, სერ?

დიახ. – კაპიტანმა თვალები დახუჭა.

იცით, რა მაინტერესებს…

რა, მარტინ?

როდესაც იპოვით, რას ჰკითხავთ?

მე.. მე.. – კაპიტანს ენა დაება. თვალები ფართოდ გაშალა. მისი მუშტები მტკიცედ იყო შეკრული. – მე.. ალბათ, ვთხოვ, ოდნავ სიმშვიდეს. – და უცნაურად გაიღიმა. – დიდი .. ძალიან დიდი ხანია, არ დამისვენია.

და ოდესმე თუ დატანჯულხართ?

ვერ გავიგე?…

კარგით, არაფერი. არ მიაქციოთ ყურადღება.

მშვიდობით, მარტინ.
ეკიპაჟის მხოლოდ სამმა წევრმა გადაწყვიტა ჰარტთან ერთად გაფრენა. შვიდნი რჩებოდნენ. მათ შორის, ლეიტენანტი მარტინი.

კაპიტანმა ლუქში გაიხედა და დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა: – სულელები.
რაკეტა ცაში აიწია და ცეცხლის კვალი დატოვა.
მარტინი მანამ უყურებდა, სანამ წყვდიადში არ გაუჩინარდა.
ლუქის მეორე მხარეს მერი, კიდევ რამდენიმე ადგილობრივთან ერთად, მარტინის გვერდით იდგა.

გაფრინდა. – თქვა მარტინმა და მერს მიუახლოვდა.

დიახ, გაფრინდა. საწყალი. – მიუგო მერმა. – ასე იქნება მუდამ. ყოველთვის დააგვიანდება. – ხან საათით, ხან ნახევარი საათით, ხან ათი წუთით და ხანაც წუთით. ბოლოს საერთოდაც რამდენიმე წამით გვიან მივა. და როცა გაივლის ასობით სამყაროსა და გალაქტიკას და როცა უკვე სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის იქნება, შეიძლება წამის მეასედითაც კი დააგვიანდეს. მაგრამ ვერასდროს მივა დროულად და ვერასდროს შეხვდება მას. და ასე იფრენს უშედეგოდ…. იმ ფიქრით, რომ სადაცაა მიაგნებს… იმას, რაც მან ჩვენს პლანეტაზე დატოვა. ჩვენს ქალაქში, აი, ახლა, ამ მომენტში…
მარტინი მერს პირდაპირ თვალებში უყურებდა, მერმა ხელი გაუწოდა და ღიმილით მიმართა

ნუთუ შეიძლება მასში ეჭვის შეტანა?! – მერმა თან წაიყოლა თანმხლებლები და ქალაქისკენ მიტრიალდა. – წამოდით, გველოდებიან. ის იქ არის.
…. ორივე გაბრუნდა და ქალაქისკენ დაიძრნენ.

მთარგმნელი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button