National Geographicბუნება & სამყაროსურათები

National Geographic: დაკარგული ქალაქები

პეტრა, იორდანია. პეტრას მონასტრის შესასვლელთან მდგარი ადამიანი გვანახებს, რამდენად გრანდიოზული და მასშტაბურია ეს უძველესი შენობა. II საუკუნეში ქვიშაქვის გორაკზე გამოკვეთილი სტრუქტურა მოგვიანებით მრავალი თაობის მიერ ეკლესიად ან მონასტრად გამოიყენებოდა, თუმცა თავდაპირველი დანიშნულებით ტაძარი იყო.


მაჩუ-პიქჩუ. იმის მიუხედავად, რომ უკვე 100 წელი გავიდა, რაც მაჩუ-პიქჩუ აღმოაჩინეს, ისტორიკოსებმა დაზუსტებით მაინც ვერ გაარკვიეს, ინკების ამ უძველეს ციტადელს რა ფუნქცია ჰქონდა. ინკებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ ჩვენამდე წერილობითმა ცნობებმა ვერ მოაღწია. შედეგად მკვლევარებს უწევთ, სხვა აღმოჩენების მიხედვით შეაკოწიწონ ინფორმაცია, რათა დაადგინონ მაჩუ-პიქჩუს აშენების მიზანი, დანიშნულება და სწრაფი გაუქმების მიზეზი.


პალენკე, მექსიკა. მაიას ტომის ყველაზე ადრეულმა წარმომადგენლებმა სამხრეთ-დასავლეთ მექსიკისა და გვატემალის ტროპიკული ხშირი ტყეების გაჩეხვა და დამუშავება დაიწყეს. ეს ხდებოდა დაახლოებით 3000 წლის წინ. 1400 წლის მანძილზე ამ რეგიონში ჩნდებოდა და იზრდებოდა დასახლებები, რომელთა შორისაც იყო პალენკე. მოგვიანებით კი გარდაიქმნებოდნენ მსხვილ ქალაქ-სახელმწიფოებად.


უძველესი ტროა. მითი, ფოლკლორი, იდუმალება და ინტრიგა არასდროს აკლდა ტროას, ამ მხრივ ის ნებისმიერ დაღუპულ ქალაქს აჭარბებს. ის რაც ერთ დროს მხოლოდ ჰომეროსის წარმოსახვის ნაყოფი ეგონათ, შექმნილი პოემა “ილიადასთვის”, რეალობა აღმოჩნდა – 1871 წელს თურქეთში ჩატარებულმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ტროა რეალურად არსებობდა. ჰაინრიხ შლიმანმა ქალაქ ჰისარლიკში დაიწყო არქეოლოგიური კვლევა, მისი მიზანი იყო მითიური ქალაქის აღმოჩენა. მან მართლაც მიაღწია მიზანს და 9 ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინა, რომლებიც 5000 წლით დათარიღდა. ბევრი არქეოლოგი სკეპტიკურად მიუდგა, მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ შლიმანს მართლაც ტროასთვის მიეგნო.


მოჰენიო-დარო, პაკისტანი. ინდის ხეობის ცივილიზაცია სრულიად უცნობი იყო მსოფლიოსთვის 1921 წლამდე, როცა პაკისტანში ჩატარებულმა გათხრებმა აღმოაჩინა ორი უძველესი ქალაქი – ჰარაპა და მოჰენიო-დარო. ეს იდუმალი კულტურა წარმოიშვა 4500 წლის წინ და ათასწლეულების მანძილზე ყვაოდა. ისინი იყენებდნენ მდინარე ინდის უხვმოსავლიან მიწებსა და დაბლობებს, სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ახლომდებარე მესოპოტამიის ცივილიზაციასთან.


პალმირა, სირია. არსებობს ცნობები, რომ უძველესი ქალაქი პალმირა, იგივე თადმორი, არსებობდა ქრისტეს შობამდე ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. მისი მნიშვნელობა გაიზარდა ქრისტეს შობამდე 300 წლიდან, როცა სავაჭრო ქარავნები მას იყენებდნენ საგზაო სადგურად მესოპოტამიასა და სპარსეთს შორის. პალმირას სტრატეგიულმა მდებარეობამ და კეთილდღეობამ მიიპყრო რომაელთა ყურადღება, რომლებმაც I საუკუნეში მისი ხელში ჩაგდება და კონტროლის დამყარება მოახერხეს.


ტანისი, ეგვიპტე. ქალაქი ტანისი ეგვიპტის საკმაოდ მრავალ ისტორიულ და მნიშვნელოვან ადგილებთან შედარებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას. შორეულ წარსულში ტანისი ეგვიპტის დედაქალაქი იყო, მისმა მეფურმა აკლდამებმა დღემდე შემოინახა უძველესი ხანის ადამიანის კულტურის ნაშთები (არტეფაქტები), რომელთა შორისაც შედის ფარაონ ტუტანჰამონის განძი.


დიდი კარიბჭე, ზიმბაბვე. ერთ დროს შეცდომით მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ბიბლიური პერსონაჟის, დედოფალ შებას საბრძანებელი. დიდი ზიმბაბვე – ასეთია თანამედროვე ზიმბაბვეში მდებარე უძველესი სამხრეთ აფრიკული ქალაქის ნანგრევების სახელწოდება. მისი აღმოჩენა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მოვლენად სუბსაჰარული აფრიკის ტერიტორიაზე. ისტორიკოსები დღემდე დავობენ ქალაქის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ. დღემდე მოღწეული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ზიმბაბვე ააგო შონას ჯგუფის ხალხმა, რომლებიც ბანტუს ეთნიკური ჯგუფის წინაპრებს წარმოადგენდნენ. ყველაზე გავრცელებული ვარაუდით, ეს მოხდა დაახლოებით 1250 წელს და ქალაქი შონას ხალხის სულიერ ცენტრს წარმოადგენდა.


ნიმრუდი, ერაყი. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქი ნიმრუდი ერთ დროს ასურეთის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა. სისხლის ღვრის მოსურნედ და მანკიერ ხალხად ცნობილი ასურელები ქრისტეს შობამდე მე-14 საუკუნეში აღზევდნენ და ათასწლეულის მანძილზე ბატონობდნენ ახლო აღმოსავლეთში. ქრისტეს შობამდე 612 წლიდან ნიმრუდი და ზოგადად ასურეთის იმპერია სწრაფად დასუსტდა და დაცემა დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნიმრუდის მეზობელი ქალაქი და იმდროინდელი დედაქალაქი, ნინევია, სამთვიანი ალყის შემდეგ აიღეს ბაბილონელებმა და მიდიელებმა.


პერსეპოლისი, ირანი. თანამედროვე ირანში მდებარე ანტიკური ქალაქი პერსეპოლისი წარმოადგენდა სპარსეთის ვრცელი იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქს ოთხიდან. მშენებლობა დაიწყო ქრისტეს შობამდე დაახლოებით 520 წელს. პერსეპოლისი იყო იმპერიის მზარდი სიმდიდრის, დიდი არქიტექტურისა და ვერცხლისა და ოქროს მარაგის ხელგაშლილი ხარჯვის თვალსაჩინო ნიმუში. უხვად იყო მასიური ვრცელი სკულპტურები, რომლის მაგალითიც სურათზეა – დესპანებს მეფესთან ძღვენი მიაქვთ. სპარსეთის ბატონობა გრძელდებოდა ქრისტეს შობამდე 550-330 წლებში, შემდეგ კი ალექსანდრე დიდის მოსვლასთან ერთად დაემხო აქემენიდთა დინასტია, ხოლო ქალაქის უმეტესი ნაწილი განადგურდა.


სტოუნჰენჯი, ინგლისი. პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. საუკუნეების მანძილზე მკვლევარებმა სტოუნჰენჯის შესახებ ბევრი რამ შეიტყეს, თუმცა პასუხგაუცემელი დარჩა უმთავრესი შეკითხვები – ვინ ააგო ეს გასაოცარი სტრუქტურა და რა მიზნით?


მესა ვერდე, კოლორადო. კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებლები, რომელთა რაოდენობაც 600-ს აჭარბებს. ეს ინდიელთა უძველესი ტომის, პუებლოს, იგივე ანასაზის ხალხის ნამოქმედარია. მსგავსი ნასახლარები გაბნეულია მთელს მესა ვერდეს ეროვნული პარკში. პუებლოს ისტორია ამ რეგიონში 550 წლიდან იწყება. ისინი სახლებს იშენებდნენ და ნათესებს ამუშავებდნენ მესა ვერდეს უსწორმასწორო მაღალ მიწებზე. 1150 წლიდან საცხოვრებლების გადატანა დაიწყეს კანიონთან ახლოს. სახლების უმეტესობა ძალიან პატარა იყო, თუმცა რამდენიმე საკმაოდ მასიურია – იტევს 250 ადამიანს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button