განხილვალიტერატურაწიგნები

ლაშა თაბუკაშვილი – ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! (მიმოხილვა)

თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, როგორც წინა მიმოხილვებში ვახსენე, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალონ იმ საყრდენ წერტილებად, რომელებზეც დაყრდნობა თავისუფლად შეუძლია ქართულ ლიტერატურას. ქართველმა მწერლებმა დაიწყეს ისეთ თემებზე წერა, რაზეც ფაქტობრივად არცერთი ლიტერატურული ნაშრომი არ დაწერილა (ან დიდი ხნის უკან დაიწერა) . ბუნებრივია, ეს სიახლე მოიტანა იმ ეპოქამაც, რომელშიც ცხოვრებაც უწევთ ამ ადამიანებს, თუმცა, ამ სიახლის დახვეწილი მხატვრული ენით აღწერა ცალკე ხელოვნებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ნიჭს მოითხოვს. საინტერესოა, რომ გარდა მსგავსი ინოვაციური თემების შემოტანისა, შეიქმნა ნაშრომები, რომლებიც გაჯერებული იყო წარსულის უზომო სიყვარულით, წარსულში მიტოვებული ტკბილი მოგონებებით, რომელიც აწმყოში ადამიანს ერთი-ორად უხალისებს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. დღეს სწორედ მსგავსი ტიპის ლიტერატურაზე ვისაუბრებთ. ეს წიგნია ლაშა თაბუკაშვილის პირველი რომანი – ,,ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“.
სანამ უშუალოდ წიგნის განხილვას დავიწყებდე, მანამდე მინდა ვთქვა, რომ ამ წიგნის წაკითხვა ერთმა ადამიანმა მირჩია (რომელმაც საკმაოდ დადებითი შეფასებები გააკეთა). ჩემი ცნობისმოყვარეობა გაზარდა იმ ფაქტმაც, რომ ეს იყო მწერლის პირველი რომანი. როგორც ავტორმა ინტერვიუში განაცხადა, ეს წიგნი სწორედ მისი წარსულისადმი ნოსტალგიის შედეგია და თქვენ ნახავთ, რომ ზოგადად ,,წარსულის“ ფენომენს რომანში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ამის გარდა, ვფიქრობ, ისიც უნდა ვახსენო, რომ როდესაც ქართულ რეალობაში იქმნება რამე ლიტერატურა, მაშინვე კრიტიკოსები ან უბრალო მკითხველები იმის ძიებას იწყებენ, რამდენად ორიგინალური წერის სტილი, სიუჟეტი თუ ქვეტექსტი აქვს ამა თუ იმ ნაწარმოებს, განიცდის თუ არა რომელიმე უცხოელი (ან ქართველი) მწერლის ზეგავლენას და თუკი განიცდის, როგორი სიმძაფრით იგრძნობა ეს გავლენა მოცემულ ნაწარმოებში. რაც შეეხება ლაშა თაბუკაშვილის რომანს, აქ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ძნელია ცალსახად განსაზღვრო, კონკრეტულად რომელი მწერლის, ან თუნდაც ლიტერატურული მიმდინარეობის გავლენას აქვს ადგილი. მე პირადად, გაოცებული დავრჩი, როდესაც წიგნში აღმოვაჩინე მთელი რიგი ნიუანსები სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობებისა, რომლებიც განსხვავებულ ეპოქაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ღირებულებებს ქმნიდნენ. ამ რომანში შესაძლებელია, შენიშნოთ როგორც მოდერნიზმის ნიშნები, ასევე – იმპრესიონიზმის კონკრეტული მახასიათებლები. გარდა ამისა, რომანში შეინიშნება მაგიური რეალიზმისა და მეოცე საუკუნის ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის კვალიც, რაც ნამდვილად გასაოცარია. სიუჟეტური ანალიზის დროს კი უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ ამ ყველაფერს.
ნაწარმოებში მოთხრობილია ორი სისხლით ნათესავის, ბექა და ლაზარე იშხნელის ტრაგიზმით, იუმორითა და სევდანარევი სიამაყით სავსე ცხოვრების შესახებ. მკითხველი ნახავს, რომ მთელი ნაწარმოები რაღაც წარმოსახვითი ღერძით გაყოფილია ორ ნაწილად: ერთი, რომელიც გვიამბობს 24 წლის გამომცემლის, ბექა იშხნელის ცხოვრების შესახებ, ხოლო მეორე – წარმოშობით ქართველი, მაგრამ უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილი, მულტიმილიონერი ლაზარე იშხნელის ისტორიას. რომანი არ არის ქრონოლოგიური სიზუსტით აგებული, დროისა და ადგილის მხრივ იგი საკმაოდ ,,არეულია“, თუმცა ეს დროისა და სივრცის ლაბირინთი მკითხველისთვის შეუმჩნეველი ხდება, რადგან მწერალს ყურადღება გამახვილებული აქვს არა ქრონოლოგიაზე, არამედ პიროვნებაზე. ავტორს არ აინტერესებს რა მოხდა უშუალოდ ერთი მოვლენის შემდეგ, მისი დაკვირვების ობიექტი არის უშუალოდ მოვლენა ან მოვლენის უმნიშვნელოვანესი წევრი – ადამიანი. ეს ქრონოლოგიის დეგრადაციისა და პიროვნების უმაღლეს რანგში აყვანა ძალიან მოგვაგონებს ფოლკნერის წერის სტილს, რომლისთვისაც, ანალოგიურად, არ წარმოადგენდა არავითარ მნიშვნელობას სიუჟეტის მკაცრი თანმიმდევრობა, იგი შეისწავლიდა სუბიექტს – ადამიანს და მის ხასიათს. სხვათაშორის, ქართველი ავტორის ეს გადაწყვეტილება გენიალურად მიმაჩნია მოცემული სიუჟეტის ფარგლებში, სადაც კოლოსალური მნიშვნელობა ენიჭება კონტრასტს ერთი მთავარი მოქმედი გმირის, საქართველოში გაზრდილ-დაბადებულ ბექა იშხნელსა და თავისი ქვეყნის უნახავ, რაღაც ბუნდოვანი სურვილების მქონე ლაზარე იშხნელს შორის. ქვემოთ განვიხილავ თითოეულ პერსონაჟს და იქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, თუ რა მსგავსება-განსხვავება ჰქონდა ამ ადამიანებს, რა სულიერი სიცარიელე ტანჯავდა თითოეულს.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი იწყება ბექას ცხოვრებით, მე მირჩევნია, ლაზარეს პიროვნების განხილვით დავიწყოთ. ლაზარე უნიკალური პერსონაჟია ამ წიგნში, საოცარი ისტორიისა და ხასიათის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. ადამიანმა, რომელიც ცხოვრების მკაცრი, დაუნდობელი რეალობის წინ სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და შესაბამისი დაღიც დარჩა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მის მსოფლმხედველობას აჩრდილად გაჰყვა. მწერალს საოცარი მონდომებით აქვს ის პროცესები აღწერილი, რომლის გავლაც მოუწია პერსონაჟს. მე სწორედ იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მინდა ვისაუბრო, რამაც პირდაპირ თუ ირიბად ლაზარეს ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა.
ლაზარე იყო ის ადამიანი, რომელმაც იგემა ცხოვრებაში ერთ-ერთი უსაშინლესი განსაცდელი, რასაც მეგობრის ღალატი ჰქვია და რის გამოც ის ციხეში აღმოჩნდა. ადამიანმა, რომელსაც თავიდან ბოლომდე ენდობოდა, ვიღაც გოგოს გამო სრულიად უდანაშაულო ლაზარე პოლიციას ,,ჩააბარა“ (რა და როგორ მოხდა, ამას წიგნში გაიგებთ). საინტერესოა, რომ მიუხედავად ამ ღალატისა, ლაზარეს არ დაუკარგავს რწმენა იმ ცნების მიმართ, რასაც მეგობრობა ჰქვია. მოგვიანებით ის გაცილებით უფრო ერთგულ მეგობრებს შეიძენს და უფრო ძლიერადაც ენდობა, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან ვნახავთ, რომ ლაზარეში მაინც არის დამკვიდრებული ნიჰილიზმის, ეგზისტენციალიზმის აჩრდილი, რომელიც თრგუნავს მასში გრძნობის გამოვლინებას გარკვეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ საგანთა მიმართ (ესენია სამშობლო, ღმერთი და სხვა). საინტერესოა, რა იყო ის მოვლენები, რა იყო ასეთი მასშტაბური ტრაგედია, რომელმაც ლაზარეში, ფაქტობრივად, ჩაკლა ეს სიყვარული. ამ ყველაფრის შესახებ ლაზარე თავისი პირით უყვება ბექას ერთ-ერთი გულისხმიერი საუბრის დროს.
როგორც ყოველთვის, თუკი ადამინმა რამე სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო ცხოვრების პერიოდში და ამ ტრავმამ სამუდამო დაღი დაასვა მის მსოფლმხედველობას, მაშინ ასეთი უზარმაზი ტრაგედია მხოლოდ ბავშვობის პერიოდში თუ მოხდება, ვინაიდან, სწორედ ბავშვის ჩამოუყალიბებელი გონება იღებს განსაკუთრებული მგრძნობელობით იმ სიგნალებს, რომელსაც გარშემო მიმდინარე მოვლენები აგზავნიან. ლაზარეს (გუინპლენის, შემოკლებით გუი, ეს სახელი ბავშვებმა შეარქვეს, რადგან გუინპლენის ნიღაბს ატარებდა ჰელოუინზე. ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის) მსოფლმხედველობრივი პრობლემის სათავე წორედ მის ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ლაზარე არ გახლდათ უბრალო ოჯახის წარმომადგენელი, ის იყო საკმაოდ წარჩინებული დედ-მამის შვილი, რომლებიც იძულებულები იყვნენ საფრანგეთში ემიგრანტებს შეერთებოდნენ და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს. მამა (ოთარი) ყოფილი კავალერისტი იყო, შესაბამისად ღირსეული და თავმოყვარე ადამიანი. სწორედ მისი თავმოყვარეობა იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რამაც საბოლოო ჯამში ლაზარეს მსოფმხედველობრივი ტრაგიზმი განაპირობა. ოთარს სამსახურში თავდაცვის მიზნით მოუწია ინგლისერი ვიკონტის ცემა, რომელმაც მათრახი მოუღერა სრულიად უსაფუძვლოდ და ამის გამო ოთარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სწორედ აქ ჩაერთო მისი კავალერისტული სულისკვეთება და თავმოყვარეობა საქმეში და განაცხადა, რომ იგი ვერ დააწვებოდა ოჯახს ტვირთად და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, რამდენიმე დღეში თავიც მოიკლა. აი, აქ ცოტა ხანი უნდა შევჩერდეთ და გავაანალიზოთ ეს მომენტი. იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სუიციდი? მიუხედავად იმისა, რომ ოთარმა დაკარგა სამსახური და დარჩა უმუშევარი, სუიციდი იყო კატეგორიული შეცდომა. როდესაც გაანალიზებული გაქვს ის ფაქტი, რომ ოჯახით ხარ უცხო ქვეყანაში გადასახლებული და უშენოდ ოჯახის წევრები რჩება ბედის ანაბარა, აქ რა ტვირთზე და თავმოყვარეობაზეა საუბარი? ნუთუ დიდი ფილოსოფიური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ ქმრისა და მამის სიკვდილი ოჯახს ფსიქოლოგიურად გაანადგურებდა და აღმოჩნდებოდა უარეს დღეში, ვიდრე ისინი თუნდაც უმუშევარი ოთართან  ერთად ცხოვრებისას აღმოჩნდებოდნენ? სადავო თემაა, აქ უკვე რეალურად რამ განაპირობა იშხნელის ეს საბედისწერო გადაწყვეტილება, იმან, რომ იგი სამსახურიდან გამოაგდეს და უმუშევრად (და შესაბამისად ტვირთად) იქცა, თუ უბრალოდ, მან შეცდომად ჩათვალა ის მოქმედება, რაც განახორციელა ინგლისელი ვიკონტის წინააღმდეგ და სწორედ ამ შეცდომას ვერ პატიობდა საკუთარ თავს? ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, პასუხი სადღაც ამ ორი მოვლენის შუაში უნდა ვეძებოთ.
ბუნებრივია, ერთი ტრაგედია, მითუმეტეს სუიციდი, მეორე ტრაგედიას შობს. ცხადია, ქრისტიანულ ქვეყანაში თვითმკვლელ ადამიანზე წესის აგება სასტიკად იუარა სასულიერო პირებმა და ეს სინამდვილე ისე უხეშად და მკაცრად მიახალეს ოჯახს, რომ პატარა ლაზარესთვის ეს იყო საბაბი რელიგიისა და ღმერთის უარყოფისთვის (სწორედ აქ განიცადა მან უკანასკნელი ფსიქოლოგიური დარტყმა). მან იმ ლოცვების კითხვაც შეწყვიტა, რაც დედამ ასწავლა ძილის წინ, ხოლო დედამ კი მიუხედავად სასულიერო პირების აკრძალვისა, მაინც გააგრძელა ლოცვა მიცვალებულთა სულისთვის. საოცრება სწორედ ამ მოვლენის შემდგომ ხდება. მწერალი წერს: ,,იმ ღამით ლაზარე რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა, წამოხტა და დაინახა ლოგინიდან გადმოვარდნილი დედა როგორ მიფორთხავდა ხატებისკენ.  ბავშვი ადგილზე გაშეშდა, დედა კი ამასობაში ტანჯვით წამოიმართა, სანთელი დაანთო და ნეტარი ღიმილით, მძიმე ტვირთმოცილებულის შვებით იატაკზე დაეშვა, მასთან მივარდნილ შვილს კი უცხო ღიმილი შეაგება…“ . მივაქციოთ ყურადღება გამუქებულ სიტყვებს. რა იყო ის ,,ნეტარი ღიმილი“ და ტვირთმოცილებულობის განცდა, რამაც დედა ასეთი სიხარულით აღავსო? თუკი დავუკვირებით იმ ფაქტს, რომ იგი ხატებისკენ სანთელით ხელში მიაბიჯებს და შემდეგ სულს განუტევებს, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით, თვითმკვლელ ადამიანს, მეუღლის გულწრფელი ლოცვითა და თხოვნით, მიეტევა სუიციდი ან, ცოტა მეტაფიზიკურად თუ ვიტყვით, დედამ საკუთარი სული გაიღო ქმრის სულის გადასარჩენად. ლაზარემ კი სწორედ ის ვერ აპატია მშობლებს, რომ ერთმანეთს ,,შეაკვდნენ“ და მარტო დატოვეს ბედის ანაბარა.
საინტერესოა ის ფაქტი, როდესაც ლაზარე პირველად ჩამოდის საქართველოში და ფეხს ადგამს ქართულ მიწას. იდეაში, მას რაღაც უნდა ეგრძნო მშობლიური, თუმცა იმ პერიოდში იგი ვერაფერს მსგავსს ვერ იგრძნობს, საკმაოდ გულგრილი დამოიკიდებულება ექნება ამ ყველაფრის მიმართ, თითქოს ეს ქვეყანა არ ყოფილიყო მისი ნაწილი. სწორედ ეს არის ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ნაწილი, როდესაც რწმენას კარგავ იმ ცნების მიმართ, რომლისაც რაღაც მომენტამდე გწამდა და თავის განუყოფელად მიგაჩნია. დროთა განმავლობაში, როდესაც ლაზარე შეასრულებს საქართველოში ჩამოსვლის ძალიან კონკრეტულ დავალებას, მასში გაჩნდება რაღაც უცნობი გრძნობა, მის ცნობიერებაში შემოდის საკუთარი მიწა-წყლის ცნება, რაც უკვე მასში არსებული ყინულის გადნობის დასაწყისია. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ეს სჯობს, მკითხველმა თავად ნახოს წიგნში.
ასეთი სულისშემძვრელი და ემოციებით დატვირთული ეპიზოდები მრავლად არის ამ წიგნში. იგივე ლაზარეს ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც საკმაოდ ბლომადაა, თუნდაც ციხეში გატარებული დღეები და იქ გადამხდარი თავგადასავლები. სხვათაშორის, როდესაც მსგავს მოვლენებს იხსენებენ პერსონაჟები, ავტორი ამ ყველაფერს აღწერს მარტივი წინადადებებით, რომელებიც წუთიერ შთაბეჭდილებას ასახავს, განცდას, რომელსაც ესა თუ ის პერსონაჟი გრძნობდა გარკვეულ პერიოდში. სწორედ ეს არის იმპრესიონიზმის მკვეთრი ნიუანსი.
ახლა დროა გადავიდეთ ბექა იშხნელზე, რომელიც ლაზარეს მსგავსად, უნიკალური პიროვნებაა. ადამიანი, რომელიც გროტესკულად უყურებს ყველა მოვლენას, თითქოს არც იმჩნევს იმ იმედგაცრუებას და ტკივილს, რაც გარკვეული მოვლენებიდან მოდის. არ უნდა საკუთარ თავს დაეუფლოს ისეთი გრძნობები, როგორიცაა იმედგაცრუება, მწუხარება ან თუნდაც სიხარული, უნდა თავისი გრძნობების ბატონ-პატრონად იქცეს და მზად არის, საკუთარ თავზე ამაღლდეს და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სურვილიც დათრგუნოს. ბევრ ქალბატონთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ სერიოზულად არავის შეყვარებაზე დაფიქრებულა. მკითხველი ნახავს, რომ ნაწარმოებში გამოჩნდება ერთადერთი ქალი, ვის მიმართაც იგი ნამდვილად სერიოზულად განეწყობა. კიდევაც ეტყვის, რომ მგონი შემიყვარდიო, მაგრამ ბედის ირონია ამ ქალსაც წაართმევს. არ გეგონოთ რომ იგი მოკვდება, უბრალოდ ისე განვითარდება სიტუაცია, რომ ამ ორი ადამიანის ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ისევ ქალის გადაწყვეტილებით. კონკრეტულად ამ ისტორიას მკითხველი რომანსი თავად გაეცნობა. რა უნდოდა ბექას? რა სურვილები ამოძრავებდა ახალგაზრდა გამომცემელს? რთულია გასცე პასუხი. მან ვერ იპოვა პასუხები, რომლებიც მის სულიერ შიმშილს დააკმაყოფილებდა. რა იყო ის, რაც მას აკლდა? რა იყო ის გრძნობა, რაც მის დინამიურობასა და მუდმივ სულიერ შფოთვას განაპირობებდა? აქ, ჩემი აზრით, პასუხი უნდა ვეძიოთ იმ ინსტიტუციაში, რასაც ოჯახი ჰქვია. ბექას ფაქტობრივად არ ჰყავდა ოჯახის წევრი, ნათესავი, ანუ ისეთი ადამიანი, ვის ძარღვებშიც მონათესავე სისხლი ჩქეფდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა მეგობრები, იგი მაინც მარტო იყო წმინდა სისხლისმიერი მეგობრის თვალსაზრისით. მისი ამ მხრივ სიცარიელის შევსება იწყება სწორედ ლაზარეს ჩამოსვლით. ორი ადამიანი ერთი გენეტიკური კოდით… ორი სისხლისმიერი ნათესავი. ზოგადად, ამ საერთო გენეტიკური კოდისა და სისხლის თემას წიგნში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე და ბექა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდები არიან, ისინი რაღაც უხილავი ძაფებით მაინც უკავშირდებიან ერთმანეთს. აქ მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რაც ნაწარმოებში ფიქსირდება. კერძოდ, ბექას დროგამოშვებით ესიზმრება თავისი საოცნებო ადგილი აფხაზეთში, ლამაზი ტბა, უზარმაზარი მთვარე და მწვანე ტყე ირგვლივ. ადგილი, სადაც იგი აბსულუტურ რელაქსაციას ჰპოვებს. ერთადერთი ადგილი, სადაც იგი მარტოა. მხოლოდ ერთხელ ამ სიმარტოვეს სიზმარში დაურღვევს ის ქალი, რომელიც ზემოთ ვახსენე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მაინტერესებს. მე მინდოდა მეთქვა, რომ ანალოგიურ ადგილს ლაზარეც ხედავს სიზმარში, ისინი გონებრივი იმპულსებით ერთმანეთს უკავშირდებიან და ხედავ ერთ საგანს. თქვენ ნახავთ, რომ მსგავსი მეტაფიზიკური კავშირები ნაწარმოების ბოლოსაც დაფიქსირდება, იქ ტიპურ სისხლისმიერ კავშირთან გვექნება საქმე (ამას თავად გაეცანით). მინდა აღვნიშნო, რომ მწერლის ეს გადაწყვეტილება არის მაგიური რეალიზმის (მიმდინარეობა, რომელიც ლათინურ ამერიკაში წარმოიშვა) კონკრეტული ნიშანი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: თუ გწამთ მირონმდინარე ხატების, მიცვალებულთა გაცოცხლების, რა გიშლით ხელს იწამოთ უფრო მეტი? რატომ გინდათ, შეზღუდოთ ადამიანის ფანტაზია და ჩასვათ იგი ჩარჩოში? რატომ არ შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ფიზიკურ კანონებს არ ემორჩილება? მაგიური რეალიზმი სწორედ რომ მსგავს სისხლისმიერ კავშირს და ადამიანთა შორის უხილავ ძაფებს რეალობად აღიქვამს. მწერალმა ეს ნიუანსი ბრწყინვალედ გამოიყენა.
ისევე როგორც ლაზარეს შემთხვევაში, ბექას ირგვლივაც მომხდარ ბევრ მოვლენაზეა შეთხზული ამაღელვებელი და საინტერესო ისტორიები. თქვენ ნახავთ, რომ მიუხედავავ 90-იანი წლების ბნელი აზროვნებისა, მთავარი იდეები მაინც შენარჩუნებული ჰქონდა ხალხს, რასაც მეგობრობის სიწმინდე და ღირსება ჰქვია. ბავშვობის მეგობრების ტრაგიკულ ისტორიებს, იუმორისტულ ეპიზოდებსა თუ ფსიქოლოგიურ დრამებს თქვენ მრავლად შეხვდებით ამ წიგნში, ვინაიდან რომანი დაწერილია იმ წარსულზე, რომელიც რეალურად გავიარეთ, იმ გრძნობებზე, რომელიც რეალურად განვიცადეთ, იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად გადავლახეთ და შესაძლოა, კიდევ მოგვიწიოს შერკინება, რადგან ცვალებად სამყაროში არის რაღაც კონკრეტული ცნებები, რომლებიც არ იცვლება და შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეულ კონკრეტულ პრობლემებს გამუდმებით წავაწყდებით.

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button