განხილვალიტერატურასაკითხავი

ოთარ ჩხეიძე – ისევ „ჯაყოს ხიზნები“

„ჯაყოს ხიზნები“ 1925 წელს გამოქვეყნდა;

სატელევიზიო დადგმა ამ რომანისა განხორციელდა 1979 წელსა;

რამდენი რამ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, გადაფასდა რამდენი რამა, ოღონდ ის აზრი არ შეიცვალა, ის რეაქცია არ შეიცვალა, განმეორდა სწორედ ისევე ამ ბოლო წლებშიცა, განმეორდა ბრალდება იგივე და იმავე მღელვარებითა, როგორც რო მაშინა, იმა პირველი გამოქვეყნების დღეებშია; ეტყობა ზოგმა თუ ბევრმა არა, ცოტა ფრთხილად რო გამოითქვას, ჯერკიდევ ბევრი ვერაფერი გაიგო, ეტყობა, ჯერკიდევ მის აზროვნებაზე ბევრი ვერაფერი კვალი დაამჩნია მრავალმა ცვლილებებმა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ძვრებმა მრავალმა, წინააღმდეგობამა მრავალმა, რაც რო გადაიტანა ჩვენმა ხალხმა, ამ ხნის განმავლობაში რო გადაიტანა; გამეორება იგივესი და იმავე სახითა ამას უნდა გვიდასტურებდეს;

თუმცა ისიცაა, მგრძნობიარება თან რო აჰყვება თვალსაჩინო სალიტერატურო მოვლენასა, სალიტერატურო და სახელოვნო მოვლენასა; ემოციური თუ ესთეტიკური აღქმანი თუ შთაბეჭდილებანი ბუნებრივია, რაღა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ოღონდ მაინც ეს არა კმარა, – არა და, რას ვიზამთ, – აზრია მაინც წარმმართველი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ასეა, რას იზამ!.. თორემ ნეტავი თუ რა იქნებოდა, რო ჩაექოლათ „ფუნთუშაი“ ფრანგებსა, რო შეეჩვენებინათ ავტორი „ფუნთუშასი“, ასე რო დასცინა იმათს პატრიოტულ განცდებსა, ეროვნული თავმოყვარეობა რო შეულახა ისე, პრუსიასთან ომში დამარცხებისაგან ისედაც შელახული თავმოყვარეობა ისე რო შეულახა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი რო დაუსახა ნამდვილ, ჭეშმარიტ პატრიოტადა, ზნეობის ნიმუშად რო დაუსახა, ზნეობრივი სიმტკიცის ნიმუშადა?.. მაშინ ამას გაგება უნდოდა, იმ მძიმე ჟამსა ფრანგებისათვისა, გაგება უნდოდა და გაიგეს ფრანგებმა, რომ მოევლინათ დიდი მწერალი, ორიგინალური შემოქმედი რო მოევლინათ, რო მოევლინათ მამხილებელი, სატირიკოსი დიდი, დიდი გულის ადამიანი, დიდი ტკივილის ადამიანი, დიდი განცდის ადამიანი, მათთან ერთადა თუ ყველაზე მეტად რო შეძრწუნებულიყო დამარცხებისა გამო, პრუსიასთან ომში დამარცხებისა, და ეძიებდა მარცხის მიზეზებსა უფრო თავისი ხალხის ზნეობრივი პრინციპების მერყეობაში, ვიდრე სხვა რამეში, ვთქვათ, თუნდაც რო უნიჭობაში თავიანთი მხედართმთავრებისა, ანთუ ძლიერებაში მოწინააღმდეგისა; ეს სულ სხვა რამ იყო, – „ფუნთუშაზე“ ვამბობ, – უპირისპირდებოდა ყოველგვარ შაბლონსა, სალიტერატუროსა თუ ზნეობრივსა, უპირისპირდებოდა პატრიოტულობის შაბლონსა, ყალბ, თვალთმაქცურ პატრიოტობასა, უპირისპირდებოდა და უარჰყოფდა, – სულ სხვა რამ იყო და თავგანწირვაც იყო მანამდე უცნობი თუ უჩინარი ავტორის მხრივა; ერი ერია, მაგრამ უფრო დინჯად განსჯიდა დიდი ერი, ძლიერი ერი, ამ შემთხვევაში, პატარა უფრო მღელვარედ განსჯიდა და კიდევაც განსაჯა მღელვარედა „ჯაყოს ხიზნები“ თავის დროზედა, – ხალხმა თუ არა, ვინც რო განსაჯა ჰო სულ ერთია, – ოღონდ მას მერე ჰო გავიდა კარგა ხანი?..

კარგა ხანი გავიდა;

ესეც არ იყოს, ცოტა სხვაგვარად წარმოედგინა თავისი ერი მიხეილ ჯავახიშვილსა;

ერთგან აღნიშნავს:

„სორბონის პროფესორმა კოლინიონმა – განთქმულმა არქეოლოგმა და აღმოსავლეთის მცოდნემ – ერთხელ მითხრა ბაასის დროს: ქართველი ხალხი სხვაგან სადმე რომ ყოფილიყო დასახლებული და ნორმალურად განვითარებულიყო, ეხლა ას მილიონზე მეტი იქნებოდა. ამ პატარა კუნძულს მეტად დიდი ზღვები სჭამდნენო აი ასე წარმოედგინა;

წარმოედგინა იმადა თუ რაც უნდა ყოფილიყო, – დიდი, ძლიერი, ძლევამოსილი, – რომელს რო ადვილადაც გაუბედავდა, რო არ უნდა დაეთმო მშვენიერება, არ უნდა გაეწირა მშვენიერება, რო არ უნდა შეებღალა მშვენიერება, რადგან სიცოცხლე სიცოცხლეა, თუ მშვენიერია, ხოლო უამისოდ აღარც სიცოცხლეა, – ადვილადაც გაუბედავდა და ყურადიღებდა ადვილადაცა ერი იგი ძლევამოსილი, ხალხი იგი მღელვარიცა და გონიერიც ერთდროულადა, სწორედაც რო ერთდროულადა, თორემ მღელვარება თუ გადაივლის, მერე ყველა გონიერია, მეტნაკლებადა რაღა თქმა უნდა; ოღონდ რა ვუყოთ, თუ ცოტა სხვაგვარად იყო, რა ვუყოთ, თუ არა ჰყოფნიდა რიცხობრივობა, შინაგანი ძალა ჰო ჰყოფნიდა, შინაგანი კულტურა, შინაგანი სიმტკიცე ჰო ჰყოფნიდა, – თუღა ჰყოფნიდა, – ჰო გადაეტანა უამრავი წინააღმდეგობა, ჰო გამოეღწია, ჰო გამოსულიყო მოწინავე ერთა შორისა – გამოსულიყო, გამოეღწია და არ უნდა აჰყოლოდა დაუფიქრებელ მგრძნობელობასა; თუმცა ისიცაა, აქედან ადვი­ლია განსჯა იმა მღელვარებისა, მაგრამ მას მერე ჰო დიდი დრო გავიდამეთქი, იმასვე ვკითხულობ და იგივე მიკვირს, ნუთუ აღარ უნდა გაფრთხილება მშვენიერებასა, ნუთუ ისიც წარმავალია, ნუთუ იცვლება, ნუთუ შეიძლება უგულებელჰყოფა იმისიცა, ნუთუ შეიძლება?!. არ ვიცი, არ ვიცი!.. მშვენიერება უმაღლესი იდეალი, ასე გაგვიგია, ასე შეგვიგნია, აქ დავა არ ივარგებს; და მაინც თუ სადაოს გახდიან, ეს შეიძლება იმისი ბრალიც იყოს, თავისებური როა მხატვრული სტილი მიხეილ ჯავახიშვილისა: ცხოვრებაშივე რო მოაქცია იდეალი მშვე­ნიერებისა, რო მოაქცია ყოფით გარემოში, და შემოაფხრიწა ბრჭყვიალა საბურველი, საბურველი რომანტიკული რო შემოაფხრიწა; მაგრამ ეს ჰო სტილია, მხატვრული სტილია, ეს ჰო ხერხია და მეტი არაფერი, – იდეალი ჰო ისევ იდეალია, მშვენიერება ჰო იგივე მშვენიერებაა და, რო არ უნდა დასთმო, არა, არა არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დასთმო, არ უნდა გასწირო, ეს მოწოდება ვითომ ისეთი რა აღმაშფოთებელია, რო ვერ გამორკვეულა აგერ აქამდისა ბევრი თუ მცირედი?.. ვთქვათ თუ მცირედი, – ეს სულ ერთია, რადგან მცირედიც ბევრ რამეს აბნევს, ყოველთვის თუ არა, ბევრჯერ თუ არა, ზოგჯერ მაინცა და ეს „ზოგჯერა“ გადამწყვეტი ხდება, სავალალოცა ხდება ზოგჯერა;

ისე, რო ითქვას, –

გმირი უფრო მომხიბლავია, რაღა თქმა უნდა, ლიტერატურული გმირი, ძლევამოსილი, გამარჯვებული, ან თუნდაც რო ტრაგიკული ბედიც რო ეწიოს, მომხიბლავია უზადობითა თავისითა, კეთილშობილებითა, სიკეთის ქმნითა, მომხიბლავია, რაღა თქმა უნდა, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი სტილია, სტილი იგი ამაღლებული, ამაღლებული რო უნდა გამოჰხატოს, სანიმუშო რო უნდა გამოჰხატოს, როგორიც რო უნდა იყოს ადამიანი, ეს რო გამოჰხატოს, – როგორიც რო უნდა იყოს!.. მაგრამ არსებობს სხვაგვარი სტილიცა ლიტერატურაში, მხატ­ვრულ ლიტერატურაში, რაღა თქმა უნდა, – რო უნდა გამოჰხატოს, როგორიც რო არ უნდა იყოს ადამიანი, როგორიც რო არ უნდა იყოს; ჰო არსებობს?.. არსებობს ცხადია, მიხეილ ჯავახიშვილს არ გამოუგონია, ეს სტილი თუ ეს ხელოვნებაც უძველესია: იდეალიზირება თუ რომანტიზირებაც უძველესია, სატირაც აგრეთვე უძველესია, – ვის უნდა მიჰბაძო, ამის მოწოდებაც უძველესია, ვის არ უნდა მიჰბაძო, უძველესია ესეცა, ანთუ რო უნდა შეგძრას ხელოვნებამა, ესაა უძველესი და მარადიული, სხვანაირად რო არც იქნება, რახან რო ესაა სა­ფუძველი სულიერი განწმენდისა და ამაღლებისა; ესთეტიკური ფენომენია ამასთან ერთადა თუ უპირველეს ყოვლისა და აი, აქ ექცევა ადამიანი წინააღმდეგობაში: განდიდებული მომხიბლავია, დაკნინებული არაა მომხიბლავი, გონჯია, შემზარავია, შემაძრწუნებია, ეს ის არაა, რო აღგამაღლებს უეცრადა, რო აღგიტაცებს უეცრადა, აქ კათარზისი უფრო რთულია, შეიძლება რო განმთანგველია, რასაც რო ადვილად არ მოინებებს ადამიანი; მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია რეალიზმი, ასე მკაცრია, პირუთვნელია ასე, მოჰყვა, თან მოჰყვა ადამია­ნის მატერიალისტურ აზროვნებასა, მოჰყვა და მოსდევს, ამაღლდება და დაეშვება, ამაღლდება და დაეშვება წინააღმდეგობაში სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებათა, ამაღლდება და დაეშვება, ისევ ამაღლდება და ისევ დაეშვება ამ გაუთავებელ წინააღმდეგობაში; აქ წარმოიშობა მოდერნული მიმდინარეობანი, წინააღმდეგობას ისა ჰქმნის ცხადია; რაც უნდა იყოს, აქ ჯერ მაინც იმის თქმა მინდა, რო შემოქმედი იდეალური სახეებისა, იდეალური გმირებისა, ბევრად უფრო მიმზიდველად გადაქცეულა, ხოლო ხელოვანი, შემოქმედი, რაღა თქმა უნ­და, რეალისტური ხასიათებისა, მით უმეტეს სატირიკოსი, განწირულა ხშირ შემთხვევაში, განწირულა თანამედროვეთაგანა; აქ ხელოვნებაა თავთავისებური, თორემ იდეალი ერთია ორივესი, საბოლოოდ ერთია: ამაღლება და სწრაფვა ამაღლებულისადმი, – იდეალი ერთია, განცდაა სხვადასხვაგვარი, დამოკიდებულებაა სხვადასხვაგვარი: კეთილია ერთ შემთხვევაში, გაავებულია მეორე შემთხვევაში, გაავებულია დაუფიქრებლადა; და ეგება ფიქრი არც უნდა ხელოვნებასა, – ვინ იცის, ვინ უწყის, – რაც უნდა იყოს, ჩვენი საუკუნე რეალიზმის საუკუნეა, მრავალ აქცევათა მიუხედავადა, და რეალიზმი რეალიზმია; რეალიზმისა გახლდათ ჟამი „ჯაყოს ხიზნების“ გამოქვეყნებისა, შედეგი იყო რეალიზმისა, რეალიზმი რეალიზმიაო, და დაბნევის უფლება აღარა ჰქონდათ; არცთუ ისე ადვილად შექმნილა „ჯაყოს ხიზნები“, არცთუ ისე ადვილადა და ისე უბრალოდა, დაპირისპირება რო იყოს ადვილი; მართალია რო სწრაფადა წერდა მიხეილ ჯავახიშვილი, სწრაფადა და თითქოს ადვილადა, – ეს მერე, მეორედ რო მიუბრუნდა სალიტერატურო ასპარეზსა, – მაგრამ ამ რომანს მაინც კარგა ხანი მოანდომა, ოცი წელიწადი მოანდომა თითქმისა (ტ. VI, გვ. 180, 181), ჩვენი საუკუნის პირველი ორი ათეული მოანდომა დაახლოებითა, საოცრად ძლიერი და წინააღმდეგობრივი ორი ათეული, ავტორიც რო შიგ ჩაეთრია, ჩაეთრია სახიფათოდა; ამიტომაა აქ ბევრი რამ განცდილი, განცდილი და განზოგადებული, – ცოდნაცა და გამოცდილებაცა, სიხარულიცა და მარცხის სიმწარეცა, იმედიცა და უიმედობაცა. უარყოფა უარსაყოფელისა და მომავლის რწმენაცა, რწმენაცა იმისა, რო ბოლოს და ბოლოს გაგიგებს შენი ხალხი, დიდი და ძლიერი ხალხი, „ეხლა ას მილიონზე მეტი რო იქნებოდა“, ოღონდ რაც როა, მაინც იმოდენაა, იმდენია თავისი სულის სიძლიერითა, ნებისყოფითა, გამძლეობითა, იმედოვნებითა; და ამ რომანში, ამ რეალისტურ ნაწარმოებში, ამ ყოვლად რეალურ, ყოვლად ყოფითსა თუ ჩვეულებრივ სიტუაციებში, თუ გნებავთ, ყოვლად ბანალურ სიტუაციებში, ბევრი რამ უფრო სიმბოლურია, სიმბოლური და მეტაფორულია, გაზღაპრებულობაზე თუ მითოლოგიზირებაზე რო არაფერი ითქვას; როგორღაც უცნაურად აქ თითქოს პირიქითაა ყველაფერი: თუ სხვაგან მეტაფორებსა და სიმბოლოებში, ალეგორიებსა და მითოსურ სიტუაციებში კითხულობენ რეალურ სახეებსა, აქ რეალურში, რეალურსა და შიშველ სახეებში, ნატურალისტურობამდე გაშიშვლებულ სახეებში, ამოიკითხება პირიქითა ანთუ გაიაზრება პირიქითა, მეტაფორული და სიმბოლური სურათები გაიაზრება, – ასე პირიქითაამეთქი ყველაფერი; ეს არაა პატარა ხელოვნება, ეს დიდი ხელოვნებაა, დიდოსტატობა სწორედაც ესაა რეალისტურ რომანში, – მე ასე მითქვამს და სხვამან სხვა ბრძანოს, თუ სხვა რამ იცის;

ძირეული სქემა „ჯაყოს ხიზნებისა“ ძველია, კლასიკურია, – აქ ორიგინალობას არ მიმართავს ავტორი, – ძველია და მრავალნაცადი კლასიკურ ლიტერატურაში, სხვაგანაცა და ჩვენშიცა: სიკეთე – მშვენიერება – სიავე, აი, ეს სქემაა; ამ სქემას მიმართავს თვით „ვეფხისტყაოსანი“ და ბევრი სხვა დიადი ქმნილებაცა, მოკიდებული „ილიადადანა“; ოღონდ „ილიადას“ რო თავი დავანებოთ ამჯერადა, სხვათა ჩამოთვლასაც რო თავი დავანებოთ, სათვალსაჩინოდა კმარა ცხადია „ვეფხისტყაოსანი“: სიკეთე – მშვენიერება – სიავე, სადაც რო სიკეთე ანუ გმირი ტარიელია, მშვენიერება ნესტანია, რაღა თქმა უნდა, ხოლო სიავე ქაჯეთი გახლავთ; ამისდა კვალად „ჯაყოს ხიზნებში“: სიკეთე ან გმირი, ანთუ აქ უფრო ანტიგმირი თეიმურაზია, მშვენიერება მარგოა ცხადია, სიავე ჯაყოა, აქ რო მხოლოდ სახე რო არ არის, ტიპიც რო არ არის, არა, არ არის, ტიპი არ არის, ერთი არ არის და პიროვნებაც არ არის. ქაჯეთია, მთელი ქაჯეთი; ასე რო სქემა ეს ძირითადი, ქარგაი ძირეული, ერთი და იგივეა, ოღონდ მოვლენაა სულ სხვადასხვაგვარი და უნდა ყოფილიყო ასედაცა, რაღა თქმა უნდა, სხვა ეპოქის ქმნილება როა ის ერთი, სხვა ეპოქისა ეს მეორეი: ის იმ ეპოქისაა და იმ ხალხისაა: „ნორმალურად რო განვითარებულიყო, ეხლა ას მილიონზე მეტი რო იქნებოდა“, ხოლო ეს იმ ეპოქისაა, ძლივძლივობისა რო გადარჩენილიყო ორნახევარი თუ სამი მილიონი და რიცხვი იგი, ასი მილიონი, ჰიპოტეზადაც აღარ ივარგებდა; სულ სხვაა ცხადია, სულ სხვა ისტორიული ბედის შედეგია, ამ ორთა შუა მოქცეული უმძიმესი საუკუნეების შედეგია, შედეგია გამოვლილი დიდი სიმწარისა, „ჯაყოს ხიზნებით“ რო გამოიხატა; ოღონდ და მაინც, თუნდაც იგივე, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ფორმა რო აერჩია „ჯაყოს ავტორსა“, იგივე პოეტური აღმაფრენა რო გამოეჩინა, იგივე სწორედა, ბადალი და განუსხვავებელი, მაინც შთაბეჭდილება გამოწვეული „ჯაყოსაგანა“ ესევე იქნებოდა, სწორედ ესევე და სხვაგვარი არა, რადგან სხვაობა სქემაშივეა, ცვლილება იქვეა, ძირეულ ქარგაში, როცა სიკეთე გმირი როდია, – ანტიგმირია; აი, აქაა უთანხმოება, უთანხმოება თავისი დროისა, მაგრამ მას შემდეგ ჰო დიდი ხანი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუ გარდაიქმნა, გარდაიქმნა შეხედულებანი, დამოკიდებულებაცა მხატვრული მოვლენისადმი?.. თანადროულია ანტიგმირიცა; გამრავლებულა ანტიგმირი სხვა ქვეყნების ლიტერატურაში, მაგრამ ეს იქ არავის აღშფოთებს, პირიქით, მნიშვნელოვან მოვლენადაც მიუჩნევიათ, რადგან გმირი რო უფრო ერთფეროვანია, ანტიგმირი მრავალფეროვანი, თავისებური, შეუდარებელი ერთიმეორესთანაა და ფართო ასპარეზსა ჰქმნის მეცნიერებისათვისა, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, სოციოლოგიური, ესთეტიკური პრობლემების ანალიზისა და განზოგადებისათვისა, თვით ეკონომიკური პრობლემების ანალიზისა და განზოგადებისათვისა თანამედროვე პირობებში, ურთულესი ტექნიკური წარმოების პირობებში, – თუმცა სად მივტოპავ?!. პატარა ერი მაინც უფრო მგრძნობიარედ განიცდის ყველაფერსა, თუნდაც რო ეგონოს, თითქოს მართლაც რო ას მილიონზე მეტი ვიქნებოდიო, მაინც განიცდის მგრძნობიარედა; განიცდის და განიცდიდნენ ასევე სხვებიცა, თუნდაც, მაგალითად, ნორვეგიელნი, ჰენრიკ იბსენი რო განდევნეს სამშობლოდანა ასეთივე შეცოდებისთვისა, ასეთივე მხილებისა, ასეთივე მკაცრი, შიშველი, პირუთვნელი რეალიზმისათვისა; და ეს განდევნა იბსენისა, პარიზს განდევნა, უფრო სასარგებლოც აღმოჩნდა ამ დიდებული დრამატურგისათვისა: აღიარებამ დიდი ერის მიერა დიდადაც გაუთქვა სახელი, – მსოფლიო სახელი მოუხვეჭა, მაგრამ განდევნა მაინც განდევნაა, გაქცევა იყოს თუნდაცა; ოღონდ და მაინც, იბსენი თუ მოპასანი ტყუილად როდი მომიშველიებია, – თუმცა „ფუნთუშა“ მოვიშველიე, მოპასანი არც მიხსენებია, მაგრამ ერთია, რაღა თქმა უნდა – ორივე სახელი იზიდავდა მიხეილ ჯავახიშვილსა: დრამებსა წერდა იბსენისებურსა, მოთხრობებსა წერ­და ნატურალისტთა მიბაძვითა, წერდა და ჰხევდა მოპასანისებრა, დრამებსაცა ხევდა და მოთხრობებსაცა მოპასანისებრა კარგახნის მანძილზედა, რო მოსდებოდა უცხოეთის გზებსა, სამშობლოსაც რო დაუბრუნდებოდა, გაზეთს რო სცემდა, სამეურნეო-ორგანიზაციულ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში რო ჩაბმულიყო, წერდა და ჰხევდა, ანადგურებდა, თუნდაც რო ისევ მოპასანივითა, იმ განსხვავებით, რო მოპასანს ფლობერი ურჩევდა, ხოლო ჯავახიშვილს არა ჰყავდა თავისი ოსტატი, მრჩეველი თავისი, თვითონვე იყო ოსტატიცა და შეგირდიცა თავის თავისა, და წერდა და ჰხევდა ლამის „ჯაყოს ხიზნებამდისა“, თითქმის „ჯაყოს ხიზნებამდისა“; და ეს უკვე მოვლენა გახლდათ, შედეგი დიდი გამოცდილებისა, დიდი შრომისა, დიდი განცდის შედეგი, – მოვლენა გახლდათ და რჩება მოვლენადა;

მოპასანის მხატვრულ ხელოვნებას რო განსაზღვრავს მიხეილ ჯავახიშვილი, ამგვარად განსაზღვრავს:

„დღემდის ათასი საზომი და ფორმულა მოუგონიათ ხელოვნური ნაწარმოების ფორმის დასაფასებლად, მაგრამ ამ ათასიდან ერთი საზომია მუდმივი და სწორი: მკაფიობა, მარტივობა და ზომიერება. ეს ერთადერთი საზომი ჭეშმარიტი ხელოვნებისა ზედგამოჭრილია მოპასანის შემოქმედებაზე, ან თუ გნებავთ, პირიქით, მოპასანის შემოქმედებაა ზედგამოჭრილი ამ საზომზე“ (ტ. VI, გვ. 20).

ასე განსაზღვრავს და აქამდე აღწევს თვითონაცა:

მკაფიობა, მარტივობა, ზომიერება…

„ჯაყოს ხიზნები“ ქმნილებაა უმაღლესი ამა საზომისა უყოყმანოდა და უეჭველადა, თუმცა ყოყმანობდა ბევრი, ეჭვობდა ბევრი, მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს, სამართალი უწევს ყველაფერსა; ეგება მეტი დასაბუთებაა საჭირო?.. იყოს!.. იუბილეით არა მთავრდება შესწავლა მწერლის შემოქმედებისა, მით უმეტეს ისეთი მწერლისა, მიხეილ ჯავახიშვილი რო იყო;

და რაც უნდა იყოს, თუ როგორც უნდა იყოს, ჩვენი დროის მხატვრული პროზა, ქართული ცხადია და, რაღა თქმა უნდა, განისაზღვრება ძირითადად ორი თავთავისებური მხატვრული სტილითა, ორი მხატვრული კონცეპციითა: ერთი ვასილ ბარნოვია, ერთიცა მიხეილ ჯავახიშვილი; თუ შეიმჩნევა კიდევ სხვა რამეცა, უფრო მოდაა, ლიტერატურული მოდაა, უფრო, სწრაფწარმავალი და უკვალო; დამტკიცება უნდა? უნდოდეს, – იუბილეით არ მთავრდება შესწავლა მწერლის შემოქმედებისა მეთქი.

გადმობეჭდილია ლიტერატურული ფორუმი არმურის საფიხვნო-დან (http://armuri.4forum.biz/—f11/-t94.htm)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button