ზღაპარისაბავშვო

ხასან-ხუსანა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. გავიდა დრო, მოხუცდა ხელმწიფე, დაიბარა შვილები და უთხრა: – ვიცი, მე უნდა მოვკვდე, ანდერძად ამას გიტოვებთ: ამა და ამ ქვეყანაში დევებს გატაცებული ჰყავთ სამი ქალიშვილი და თუ შეგიძლიათ, ისინი მოიყვანეთო და სათითაოდ დაირიგეთო! კიდევ უთხრა მეორედ: – შვილებო, მე მყავს ბევრი მტერი, სანამ ცოცხალი ვიყავი, ვერაფერს მაკლებდნენ და მე რომ მოვკვდები, არ მოუშვათ ჩემს ახლოსო.

ხელმწიფე მოკვდა. დაკრძალეს შვილებმა და დაუწყეს დარაჯობა. წავიდა პირველ ღამეს დიდი ძმა მამის საფლავზე. როდესაც გათენება ახლოვდებოდა, ბიჭს თვალებში რაღაც მოებლანდა. შეეშინდა და გამოიქცა სახლისაკენ. მოვიდა და შევიდა ბოსელში. იმ ღამეს იქ გაათია. გათენდა თუ არა, შევიდა ბიჭი სახლში. ძმები დაეკითხნენ: – ხომ არავინ მოსულაო! – ძმამ უთხრა: – არავინ არ იყოო. მაგრამ იმ ღამეს მოვიდა ვიღაცა და მთელი საფლავი დათხარა.

მეორე ღამეს მოვიდა შუათანას ჯერი. ისიც ისე გამოიქცა, როგორც პირველი ძმა.

ბოლოს ადგა და წავიდა სულ პატარა ძმა. აისხა იარაღი და დაიწყო დარაჯობა. როდესაც ძილი მოერია, არ დამეძინოსო, ადგა, თითი გაიჭრა და სიმწრით არ დაეძინა. უცბად ჰაერში გაისმა რაღაც შრიალი. ბიჭი მიიმალა საფლავების ქვების უკან და დაიწყო ცდა. ამ დროს ჩამოეშვა წითელ რაშზე მჯდომი ხელმწიფე, დაახტა საფლავს და უთხრა: – სიცოცხლეში ვერაფერი დაგაკელი, ახლა ხომ მოკვდი, უნდა ამოგიღო და სულ ლუკმა-ლუკმა დაგჭრაო. გაიგო ბიჭმა ეს თუ არა, ესროლა ისარი და ჩამოაგდო ძირს. მიიყვანა ცხენი და დააბა ძეგლის გვერდით. მოიცადა კიდევ ცოტა ხანი ბიჭმა და უცბათ კიდევ გაისმა შრიალი. ადგა და მიიმალა. ჩამოეშვა ხელმწიფე ძირს, რომელიც იჯდა თეთრ რაშზე და უთხრა: – სიცოცხლეში ვერაფერი ვერ დაგაკელი, მაგრამ ახლა ხომ მოკვდი, უნდა ამოგიღო და რაშის ფეხებით უნდა გადაგქელოო. გაიგო ბიჭმა თუ არა ეს სიტყვები, ესროლა ისარი და ჩამოაგდო ძირს. მიიყვანა რაში და რაშის გვერდზე დააბა, მიიმალა კიდევ თავის ალაგას. ამ დროს მოისმა კიდევ ჰაერში შრიალი, მოდის ხელმწიფე, რომელიც ზის შავ რაშზე. დაახტა რაში საფლავს და დაუწყო თხრა. ბიჭმა აღარ დააცადა სიტყვების თქმა, ესროლა ისარი და ჩამოაგდო ძირს.

იცადა ბიჭმა კიდევ დიდ ხანს. რომ არავინ მოვიდა, გათენებისას ადგა და წამოვიდა. წამოიყვანა სამივე რაში. წამოსვლის დროს მამამისმა საფლავიდან ამოსძახა: შვილო, შენ ღმერთმა ისეთი ძალა მოგცეს, რომ დედამიწას უჭირდეს შენი ტარება, შენ ძმებს ძალა ისე დააკლოს ღმერთმა, წინ რომ პური ედოთ, ვერა ჭამონო! მართლაც, მოემატა ბიჭს ღონე და დევგმირულად მოდის გზაზე. მოიყვანა რაშები და დააბა ბოსელში. მივიდა კარებთან, გააღო და შევიდა. ნახა რომ ძმებს სძინავთ. ადგა და დაუყვირა: – ადექით თქვე ზარმაცებოო. მაგრამ ძმები ადგილიდან ვერ ინძრეოდნენ. მაშინ მივიდა პატარა ძმა, მოჰკიდა ხელი ძმებს და დასვა სკამზე. შეეკითხა: მამის ანდერძი არ უნდა ავასრულოთო? ძმებმა უთხრეს: ადგომა აღარ შეგვიძლია და იქ როგორ წამოვალთო.

მაშინ ადგა პატარა ძმა და შეუდგა მამის ანდერძის შესრულებას. შეჯდა წითელ რაშზე და გაუდგა გზას. ბევრი სიარულის შემდეგ შეხვდა ვერცხლის ტბა. გადააფრინა რაში, მაგრამ რაშმა მეტი წასვლა ვეღარ შეძლო და დაეშვა ძირს. მაშინ მობრუნდა ბიჭი და გადმოიყვანა ისევ პირველ ნაპირზე, მოიყვანა უკან სახლში და შეჯდა შავ რაშზე. შემოკრა ბიჭმა შავ რაშს მათრახი თუ არა, რაშმა ნიავივით გააქროლა მეორე ნაპირზე. ბევრი იარა ბიჭმა, ბოლოს დაინახა კვერცხივით მრგვალი კოშკი. შემოუარა გარშემო, კარები ვერ ნახა. მაშინ ადგა და ერთ ალაგას გაჰკრა და შეანგრია კოშკის კედელი. თურმე ეს კოშკი ყოფილიყო დევებისა. სწორედ ის სამი ქალიშვილი აქ ყოფილიყვნენ. შეიარა ბიჭმა. შემოხვდა დევი, რომელიც გაგულისებული მოდიოდა. დაეტაკა ბიჭს, მაგრამ ვერაფერი უყო. მოუქნია ბიჭმა ხმალი და ქათამივით წააგდებინა თავი.

განაგრძო გზა. მივიდა ერთ ალაგას. გაიხედა და დაინახა ათსართულიანი სახლი. ყველა სართულში იდგნენ მცველები. დაიწყო ბიჭმა პირველ სართულზე ასვლა. ამ დროს შემოხვდა ადამიანის მსგავსი კაცი, სახელად ხასანა. აიარა მეორე სართული და შემოხვდა მეორე ადამიანის მსგავსი კაცი – ხუსანა. ბიჭს გაუკვირდა აქ ადამიანის მსგავსი ხალხი რომ ნახა. თურმე ეს ვაჟები იმ ქალების შვილებია, ორი დისა. მესამეს კი არ ჰყავდა. ავიდნენ ზევით. მიიყვანეს ბიჭებმა თავიანთ დედებთან. გაიგო ბიჭმა მათი ვინაობა და დაიწყო გამოძიება. თურმე ეს ქალები გამოტაცებული ყოფილან ამ ბიჭის სახელმწიფოდან. ბიჭმა უთხრა: – მე მოვსულვარ თქვენდა წასაყვანადო! მაშინ ქალებმა უთხრეს: ახლა ჩვენი ქმრები მოვლენ და მოგკლავენ. გირჩევთ აქედან წახვიდეო. არ დაუჯერა ბიჭმა და მოუცადა იქ.

ამ დროს გაგულისებული დევები მოდიოდნენ სანადიროდან. ვერაფერი ენადირათ და გაჯავრებულები იყვნენ. შემოვიდნენ სახლში თუ არა, დაინახეს უცხო კაცი. მოვიდა დევი, შეჭმა დაუპირა, მაგრამ ხასანამ, მისმა შვილმა , არ მიუშვა, დევი გაგულისდა და შეებრძოლა თავის შვილს. როდესაც ხედავდა ბიჭი, რომ იმას უნდა ეძლია, მოუქნია ხმალი, ფეხებიდან გადასჭრა და დავარდა დევი ძირს. ხასანა მოეხვია მეგობარს.

მოჰკლა მეორე დევიც და წამოიყვანა ორივე და. თურმე მესამე და ჰყოლია ერთ გიჟ ქოსას, რომელიც თმებით არის ჩამოკიდებული. ქალებმა უთხრეს ბიჭს: როდესაც მიხვალ ჩვენი დის წამოსაყვანად, არამც და არამც არ შეცდე და ქოსა არ ჩამოხსნა, თორემ ის ღონიერია, შემოგკრავს და დაგარეტიანებსო. მაგრამ ბიჭმა ეს არ დაუჯერა. შევიდა სახლში, ნახა, რომ ქოსა მართლა თმებით იყო ჩამოკიდებული. ქოსამ რომ დაინახა ადამიანი, მიმართა: – ადამიანის შვილო, ჩამომხსენიო. ქალმა უთხრა: – ეს რომ ჩამოხსნა, ვერც მე წამიყვან და შენც ცოცხალი ვერ გადარჩებიო!

ბიჭმა არ დაუჯერა და ჩამოხსნა ქოსა. მოუბრუნდა ქოსა მაშინვე, შემოჰკრა მუშტი და კვახივით დაახეთქა ბიჭი ძირს. მოიტაცა თავისი ცოლი და გაიქცა. ბიჭი ძირს დაეცა გულწასული. მოვიდნენ ხასან-ხუსანა და ძლივს ააყენეს. ბიჭმა უთხრა: – სად წავიდა, მაჩვენეთო. ხასანამ უთხრა: – აი, ის ხე, მინდორში რომ ჩანს, იქ მიდი. იმ ხესთან ყოველ საღამოობით ამოდის ერთი კვიცი და სძოვს, ადი შენ ხეზე, როდესაც კვიცი ახლოს მოვა, დააფრინდი ზედ, მიეკარ მუცელზეო, და ეგ კვიცი იმ ქოსასთან ჩაგიყვანსო. ასეც მოიქცა ბიჭი. მივიდა ხესთან, ავიდა ზედ და დაიცადა.

საღამოს პირას გამოვიდა კვიცი და დაიწყო ძოვა. მოიხერხა ბიჭმა ადგილი და დაეშვა კვიცზე, მიეკრა მუცელზე. კვიცი მაშინვე გაქრა თავის ბინისკენ და ჩაიყვანა ბიჭი მიწის ქვეშ. როდესაც მივიდა ადგილზე, გაჩერდა. გადმოვიდა ბიჭი. გააღო კარი და შევიდა ოთახში. ნახა, ქოსას სძინავს. ქოსამ თურმე ერთი თვე ძილი იცის, ერთი თვე სიფხიზლე. გააღო მეორე ოთახი და ნახა ქალი, რომელიც ძალიან ტირის. ქალმა დაინახა ბიჭი თუ არა, გახარებული წამოხტა და მოეხვია. ამ ქალმა ბიჭს უთხრა: – ჩქარა, ახლავე წავიდეთო! – წამოიყვანა ბიჭმა, მოიყვანა მის დებთან და გაგზავნა თავის სახელმწიფოში. თვითონ კი უკან დაბრუნდა. ჩავიდა ქოსასთან და ნახა, ქოსა ახლად იღვიძებს. შემოაჯდა კვიცს და გამოქუსლა. გამოიღვიძა ქოსამ. ნახა, რომ ცოლი იქ აღარ არის, გამოეკიდა ბიჭს… ბევრი სდია, მაგრამ ვერ დაეწია. ბიჭმა გააჩერა კვიცი, გადმოხტა მიწაზე და გმირულად დაუხვდა ქოსას. გაუქნია ხმალი და კისერი მოაგდებინა. მოჰკლა ქოსა და წამოიყვანა მისი ცხენი. მოიყვანა თავის სამშობლოში და დაიწყო იქ ცხოვრება. დიდი და მისცა დიდ ძმას, შუათანა შუათანას და პატარა თვითონ შეირთო. დაჯდა ხელმწიფედ და დაიწყეს მხიარული ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button