ზღაპარისაბავშვო

თავგაუტეხელი კაცი

ერთი მოხუცებული კაცი ვენახს რწყავდა თან ღვინოს შეექცეოდა. აიღო სავსე ჩარექა, ცერი ყურში გაუყარა და თავისი თავი ასე დალოცა: ღმერთო, დამასწარ მრავალ ამ დროს. ამ ხნის კაცი ვარ, ჯერ თავი ჩემთვის არავის გაუტეხნია და ნურც მივალ იმ ზომამდის, რომ ვინმემ გამიტეხოსო.

ერთი ჯეელი ბიჭი ყურს უგდებდა მოხუცის ლოცვას. აიღო თოხი და წყალი თავის ვენახს მიუგდო. რა წყალი შეუწყდა მოხუცს, გაჯავრებული წყლის სათავისაკენ გაეშურა. სათავეში თოხით ხელში ვიღაც ყმაწვილი დაინახა, რომელსაც წყალი თავის ვენახში გადაეგდო, მოხუცი შეეკითხა:

– რატომ გადამიგდე წყალიო?

ახალგაზრდამ უთხრა:

– ჩემი ჯერიაო.

– რათა კაცო, ჩემი ჯერი არ არიო?

– შენი ჯერი იყო. მაგრამ მე უნდა მოვრწყა ახლა.

მოხუცმა რა შეატყო ახალგაზრდას – შარზეაო, უთხრა:

– კარგი და დღეს შენ მორწყე, შვილო, ხვალ კი მე მოვრწყავო!

ახალგაზრდამ უთხრა:

– ხვალაც მე მინდაო.

– კარგი და რაკი ხვალაც შენ გინდა, მე კიდევ ზეგ მოვრწყავ.

– არა, ზეგაც მე მინდა.

– კარგი და რაკი ზეგაც შენ გინდა, მაზეგ მე მოვრწყავ.

ახალგაზრდამ ვერ იპოვა ჩხუბის მიზეზი. შერცხვა და უთხრა:

– ასეთი კაცი რომ ყოფილხარ, იმიტომ არ გაგტეხია თავიო, – და წყალი ისევ მოხუცის ვენახს მიუგდო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button