ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ფობოფობია*

საერთაშორისო პროექტის – “საქართველოს დემოგრაფიული ხელშეწყობის” თბილისის ოფისს, 5 მილიონიანი ბიუჯეტით და უახლესი ტექნიკური უზრუნველყოფით, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის პირდაპირ, ბიზნეს-ცენტრის მესამე სართული ეკავა.
ვინაიდან, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული ტრენინგების მიუხედავად, შობადობის საერთო მაჩვენებელი მხოლოდ ორ რაიონში – გარდაბანსა და მარნეულში გაიზარდა, უცხოელმა დამფინანსებლებმა, პროექტის მეორე ეტაპზე, თბილისის ოფისში, შტატების შემცირება, რეორგანიზაცია და ხარჯების მიზნობრიობის შესწავლა კომპეტენტურ კომისიას დაავალეს.
***
პროექტის ხელმძღვანელი – ჯალილა გიდადა აფრიკელი იყო, კერძოდ – ეთიოპიელი. ეთიოპიის პრეზიდენტის, ნეგასო გიდადას ძმისწული – შავტუხა, ხუჭუჭთმიანი, დაბალი, განიერი თეძოებით, ფართო, მოღიმარი სახით და დიდი, კეთილი თვალებით. ვერანდიან, რომელიც კოსტავას ქუჩას გადაჰყურებდა, და მოსასვენებელ ოთახიან, თანამედროვე ავეჯით გაწყობილ დიდ კაბინეტში იჯდა. თბილისში სამი წლის წინ გამოგზავნეს პროექტის ხელმძღვანელად. დილის 10 საათზე რომ შევიდოდა კაბინეტში, სამუშაოს დამთავრებამდე არ გამოდიოდა. საღამოს 7 საათზე ჩაუჯდებოდა ორგანიზაციის მძღოლს “მერსედესში” და მთელი დღის უმოძრაობისგან მოდუნებული კუნთების გასავარჯიშებლად, ფიტნეს-კლუბში მიაყვანინებდა თავს. ქალბატონ ჯალილას დიდი დამსახურება მიუძღვოდა ინგლისურენოვანი კადრების შერჩევაში, ოფისში მეგობრული ატმოსფეროს შექმნასა და ერთმანეთთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით საუბრის დანერგვაში. საქმეზე არავის ელაპარაკებოდა. რაღაც რომ გეკითხა, მომწერეო, გიპასუხებდა.
***
სახელი და გვარი – ჯალილა გიდადა;
ეროვნება – ეთიოპიელი;
ასაკი – 36 წლის;
სქესი – მდედრობითი;
ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი;
სარწმუნოება – ათეისტი;
ორიენტაცია – ტრადიციული;
ენები – ინგლისური, ამჰარული.
– ვერ შევამცირებთ, შავკანიანია, რასიზმს დაგვწამებენო! – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
***
ერიკ ნილსენი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ატარებდა ტრენინგებს – “თავისუფლი სექსის გავლენა შობადობაზე”. ქერა, ლამაზი, მაღალი, გამხდარი, ზრდილობიანი და სასიამოვნოდ მოსაუბრე, უპირატესობას ჭყეტელა ჩაცმულობას ანიჭებდა. ოფისში იშვიათად მიდიოდა, ძირითადად მივლინებაში იყო. უყვარდა მოგზაურობა, ახალ-ახალი ურთიერთობები. ამაში ხედავდა ცხოვრების არსს და ამიტომ, თავისი საქმე ძალიან მოსწონდა.
***
სახელი და გვარი – ერიკ ნილსენი;
ეროვნება – ნორვეგიელი;
ასაკი – 27 წლის;
სქესი – მამრობითი;
ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი;
სარწმუნოება – პროტესტანტი ქრისტიანი;
ორიენტაცია – ჰომოსექსუალი;
ენები – ინგლისური, ნორვეგიული.
– ვერ შევამცირებთ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, ჰომოფობიას დაგვწამებენო! – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
***
ლუდა ხატკანა კერეკელი იყო. იმ 8 ადამიანიდან ერთ-ერთი, ჩუკოტკის ოლქში, ჩრდილოეთის ტუნდრაში, ამ ერს რომ წარმოადგენდა და იმ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, ვინც კერეკული ენა იცოდა. თავისი ერის დამახასიათებელი სახე ჰქონდა – ვიწრო თვალებით, განიერი ყვრიმალებით და სწორი, ყორნისფერი თმით. ურთიერთობაში თავისუფალი იყო, მხიარული. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისი საწერი მაგიდის უჯრაში შენახული არყის ბოთლიდან 100 გრამი ჰქონდა გადახუხლი. როგორც მცირე ერის წარმომადგენელი, მსგავს პროექტებში ხშირად იწვევდნენ. ლუდა ტრენერი იყო. ის და ერიკი ერთად დადიოდმენ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.
ერთხელ, შემოდგომით, ლუდა და ერიკი კახეთში მიდიოდნენ რომელიღაც ქარხანაში ტრენინგის ჩასატარებლად. ავტობუსში ლუდას უკითხავს
– Где здесь завод?-ო
– ააა, “ზაოტი” გინდა, გოგონიო? – არყის გამოხდაზე წაუყვანიათ კახელებს. ერთი კვირა არ წამოსულან იქიდან
– Вот завод, не то, что у нас!-ო – სიამოვნებით იხსენებდა ლუდა.
***
სახელი და გვარი – ლუდმილა ხატკანა;
ეროვნება – კერეკი;
ასაკი – 32 წლის;
სქესი – მდედრობითი;
ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი;
სარწმუნოება – შამანიზმი;
ორიენტაცია – ტრადიციული;
ენები – ინგლისური, რუსული, ჩუკოტკური, კერეკული.
– ვერ შევამცირებთ, მცირე ერის წარმომადგენელია, ეთნოფობიას დაგვწამებენო! – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
***
პროექტის ფინანსური დირექტორი – ქევინ ო’ბრაიმი იმ ძველი, ამერიკული ოჯახიდან იყო, პირველები რომ გადავიდნენ ინგლისიდან და სამხრეთელები “იანკებად” მოიხსენიებდნენ. მაღალი იყო, სიმპათიური, მოწესრიგებული. მუდმივად შავ შარვალს და მოკლე სახელოებიან თეთრ პერანგზე აკურატულად გამონასკვულ ჰალსტუხს ატარებდა. ხასიათით უკარება იყო, თავს არავის უყადრებდა და ურთიერთობისას მუდამ დისტანცია ეკავა. ოქსფორდის ფინანსების მართვის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ამით, ძალიან ამაყობდა. არათუ სპირტიან სასმელს, ჩაის და ყავასაც არ ეკარებოდა. სამშობლოში დიდი ოჯახი ჰყავდა დატოვებული – 7 შვილი 4 ცოლისგან, რომელთაგან, ერთთან ოფიციალურ და სამთან სამოქალაქო ქორწინებაში იყო – სარწმუნოება აძლევდა ამის უფლებას.
***
სახელი და გვარი – ქევინ ო’ბრაიმი;
ეროვნება – ამერიკელი;
ასაკი – 42 წლის;
სქესი – მამრობითი;
ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, ცოლი და 7 შვილი;
სარწმუნოება – მორმონი;
ორიენტაცია – ტრადიციული;
ენები – ინგლისური.
– ვერ შევამცირებთ, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია, ქსენოფობიას დაგვწამებენო! – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
***
კახა მძღოლად იყო გაფორმებული, მაგრამ, ამის გარდა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, მომმარაგებლის, მონტიორის, კურიერის და თარჯიმნის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. საშუალო სიმაღლის იყო, დაკუნთული. შავგვრემან სახეზე, გრძელი ცხვირი, გადაბმული წარბები და სქელი ულვაშები, ერთი შეხედვით, გოროზი კაცის იერს აძლევდნენ, მაგრამ, ამ დროს, ძალიან თბილი და გულისხმიერი იყო – ყველა თანამშრომელს სიამოვნებით ეხმარებოდა და არცერთის დაბადების დღეზე საჩუქრის ჩუქება არ ავიწყდებოდა. უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ, ამას აფიშირებას არ უკეთებდა. ცოლი და 4 შვილი ჰყავდა. მარხულობდა და კვირაობით ეკლესიაში დადიოდა.
***
სახელი და გვარი – კახაბერ მამაცაშვილი;
ეროვნება – ქართველი;
ასაკი – 38 წლის;
სქესი – მამრობითი;
ოჯახური მდგომარეობა – ცოლი და 4 შვილი;
სარწმუნოება – მართლმადიდებელი ქრისტიანი;
ორიენტაცია – ტრადიციული;
ენები – ინგლისური, ქართული, რუსული.
– მძღოლის შტატი გაუქმებულიაო! – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
***
საღამოს, კახამ, ინტერნეტში განსათავსებლად, ახალი CV შეადგინა. ორიენტაციის გრაფაში აკანკალებული ხელით ჩაწერა – ჰომოსექსუალი.
– მამა აღარ დამიძახოთ, დღეიდან “მამალო” ვარო! – დარცხვენილმა უთხრა შვილებს.

არდაშელ თაქთირიძე

*ფობოფობია – ფობიების შიში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button