განხილვამუსიკა

ბერიკონი – გზა (1990)

symphonic prog, progressive electronic, pop

ტრეკლისტი:

  1. მუმლი მუხასა (20:00)
  2. გზა (3:19)
  3. მოლოდინი (6:05)
  4. პირველი თოვლი (3:49)
  5. ვისაც სიყვარული შეუძლია (4:56)
  6. დედა მოვა [ბონუსი] (4:42)

შემადგენლობა:

  • ტატა ჩუბინიძე – ვოკალი
  • ავთანდილ წიკლაური – ვოკალი
  • თეიმურაზ მაისაშვილი – კლავიშები, ვოკალი
  • ბესიკ კაკუტია – გიტარა
  • ჯონი მაისურაძე – ბასი
  • უჩა კორძაია – საქსოფონი

მიუხედავად იმისა, რომ თუ ძებნას დაიწყებ, საბჭოთა დროის ქართულ ჩანაწერებში ფსიქოდელიური / პროგრესული როკის პოვნა არ გაგიჭირდება, მაინც ძალიან ცოტაა კლასიკური, სიმფონიური პროგ-ნაწარმოებები. ვინაიდან საბჭოთა ცენზურა ჯაზს შედარებით უფრო მეტად სწყალობდა, ქართული პროგრესივიც უფრო ჯაზის მხრიდან ვითარდებოდა. იმდროინდელი ეპიკური მასშტაბის ნაწარმოებები კი სულ თითზეა ჩამოსათვლელი; უმრავლესობა ოფიციალურადაც კი არაა გამოსული! (მაგ. 75-ის „სამშობლო“ ან „ლაბირინთი“-ს ნახევარსაათიანი ეპიკური კომპოზიცია, რომელიც თბილისის როკ-ფესტივალზე შესრულდა).

ერთ-ერთ ძალზედ მნიშვნელოვან გამონაკლისს „ბერიკონი“-ს კომპოზიცია „მუმლი მუხასა“ წარმოადგენს. „ბერიკონი“ 1989 წელს შეიქმნა, თუმცა ჯგუფის ფესვები უფრო ადრეული ფორმაციიდან, „ჯადოსნური გზები“-დან მოდის, სადაც მომავალი „ბერიკონის“ ორი წევრი, თეიმურაზ მაისაშვილი და ავთანდილ წიკლაური უკრავდნენ. „ჯადოსნური გზების“ ერთადერთ ფირფიტაზეც სჩანს კონტრასტი პროგრესულ და პოპ მიდგომებს შორის, რომელიც „ბერიკონში“ კიდევ უფრო გაღრმავდა.

ალბომის ჩართვამდე ჯერ ფირფიტის გარეკნის უკანა მხარე იქცევს ყურადღებას: სხვაგან არსად მინახავს, რომ ჯგუფის ისტორია ერთგვარი ანკეტის ფორმით იყოს მოცემული. როგორც სჩანს, ჯგუფი თავის „უფროს ძმად“ „ივერიას“ მიიჩნევდა, უმცროსად კი ბავშვთა კოლექტივ „მართვეს“.

ფირფიტის პირველი გვერდი ზემოთნახსენებ ეპიკურ, ოცწუთიან კომპოზიციას, „მუმლი მუხასა“-ს უკავია. ნაწარმოები ფოლკ-მოტივებზეა შექმნილი და ეს დასაწყისიდანვე იგრძნობა.  იგი საკმაოდ გრძელი, კოსმიური შესავლით იწყება, სადაც ნელ-ნელა ფოლკლორული გუნდი იპარება. 6-ე წუთზე მუსიკა მოულოდნელად Emerson, Lake & Palmer-ისეული პასაჟით ფეთქდება. პომპეზურ კლავიშებს, რომელიც მაინც არ კარგავენ ფოლკლორულ ობერტონებს, მხარს სწორხაზოვანი, ენერგიული დრამ-მანქანის რიტმი უბამს. დრამ-მანქანას, როგორც წესი, პროგრესულ როკში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, სადაც ეს ინსტრუმენტი ჟღერადობას არათუ არ აზავებს, არამედ მისი სწორხაზოვნება, პულსირებად ბას-პარტიასთან ერთად, მუსიკას დიდძალ ენერგიას სძენს.

საქსოფონის მოკლე სოლოს შემდეგ ეს რიტმული მოქმედება მთავრდება; მას ისევ კოსმიური-ფოლკ ინტერლუდია ენაცვლება, სადაც ქალის ატმოსფერული ვოკალი რამდენიმე დრამატულ თემას ერთდროულად ავითარებს. ამ თემებიდან ერთ-ერთი უკვე შემდეგ, მოკლე რიტმულ მოქმედებაში ვითარდება; აქ ამ პულსურ რითმულობას სქელი ატმოსფერული კლავიშები ადევს და მალე დრამ-მანქანა და ბასი კლავიშების მიერ შექმნილ ნისლში იძირება… ისევ მოკლე პოლიფონია და შემდეგ უკვე ცარიელი კოსმოსი.

ეს სიჩუმე სინამდვილეში დამამთავრებელ მოქმედებას ამზადებს, სადაც კომპოზიციის ყველა შემადგენელი კომპონენტი, პომპეზური კლავიშები, ფოლკლორი, კოსმიურობა, დრამ-მანქანის რიტმულობა და გიტარის რიფები ერთად ეფექტურად იკრიბება და მართლაც საოცარ კულმინაციას ქმნის. დასასრულის ეს ექსტაზური შეგრძნება დაახლოებით Genesis-ის „The Musical Box”-ის დასასრულს მაგონებს.

სამწუხაროდ, ფირფიტის მეორე მხარეზე „მუმლი მუხასა“-ს პროგრესულობიდან თითქმის არაფერი დარჩა. პირველი ორი სიმღერა „გზა“ და „მოლოდინი“, რუსული პოპ-ესტრადისმაგვარი მუსიკის შექმნის ძალზედ წარუმატებელი მცდელობებია. „გზა“ „არგონავტების“ დროინდელი „ივერიის“ მიერ დაწუნებულ სიმღერას ჰგავს. დრამ-მანქანის გამაღიზიანებელი “გრუვი“, ბანალური მელოდია… ძალიან მოკლე, სასიამოვნო ვოკალური გადასვლა და ფონური ELP-სებრი სინთეზატორი ამ სიმღერას ვერ შველის.

მოლოდინი“ კი საერთოდ კატასტროფულია. არანჟირება მეასეხარისხოვანი რუსული პოპ-სიმღერისას ჰგავს; ამას დაუმატეთ უაზრო ტექსტი და მწკლარტე მისამღერი. თან ეს „ბედნიერება“ ლამის უსასრულოდაა გაწელილი – სიმღერა 6 წუთზე მეტს გრძელდება

მოგეწონებათ თუ არა „პირველი თოვლი“, დამოკიდებულია იმაზე, მოგწონთ თუ არა იტალო-პოპი. სიმღერა Al Bano & Romina Power-ის რეპერტუარიდან გეგონებათ; არანჟირებაც სტილის საუკეთესო ტრადიციებშია გაკეთებული. მსუბუქი რიტმი, ლამაზი სასიმღერო მელოდია და მისამღერი, პიანინოსა და ელექტროგიტარსი მოკლე, ტკბილი პასაჟები. ვინაიდან ამ სტილთან პრობლემა არასოდეს მქონია, სიმღერაც მომწონს.

მაგრამ მეორე გვერდის საუკეთესო მომენტი მაინც ბოლო სიმღერაა. „ვისაც სიყვარული შეუძლია“ იწყება, როგორც მელანქოლიური ქალაქური ბალადა (ავთანდილ წიკლაურის სიმღერის მანერა ძალიან ჰგავს მისი უფროსი, ცნობილი მოგვარისას), რის შემდეგაც შემოდის ძალიან ლამაზი და დრამატული ინსტრუმენტული პასაჟი, რომელიც ამ სიმღერას ერთიორად უფრო ემოციურს ხდის. ბოლოს სიმღერა fadeout-ამდე კლავიშების ასევე ლამაზ, განმეორებად მოტივს მიჰყავს.

ალბომის შეფასება პლუსებისა და მინუსების შეჯამებით სჯობს. პირველ გვერდზე გვაქვს 20 წუთიანი სუპერ-კომპოზიცია, რომელსაც არამხოლოდ ქართულ მუსიკაში არ მოეპოვება ანალოგი, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან ორიგინალურია ქართული ფოლკლორის, ოთხმოციანების ელექტრონული ჟღერადობის და პროგრესული ელექტრონიკის სინთეზის გამო. მეორე გვერდზე კი გვაქვს ერთი ცუდი („გზა“), ერთი ძალიან ცუდი („მოლოდინი“), ერთი კარგი („პირველი თოვლი“) და ერთიც ძალიან კარგი („ვისაც სიყვარული შეუძლია“) სიმღერა. ასე რომ ამ გვერდზე წარმოდგენილ მასალას შეიძლება საშუალო ვუწოდოთ.

ამ ფაქტორების (და ოდნავი პერსონალური ბონუსის) გათვალისწინებით, შეფასება იქნება: 7,5. ალბომი რეკომენდებულია პროგრესული როკის მოყვარულთათვის; განსაკუთრებით იმ მსმენელთათვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ საბჭოთა დროის ქართულ სიმფონიურ პროგრესივს.

პ.ს. ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ გადავწყვიტე ალბომისთვის ბონუსად ერთი ძალიან ლამაზი სიმღერა დამემატებინა, რომელიც ალბომში არ შედის. “დედა მოვა” ეძღვნება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

გადმოსაწერი ბმულიBerikoni – Gza (1990)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button