ლიტერატურაწიგნები

დიდი გეთსბი და მე-20 საუკუნის ამერიკელი ქალი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ საშუალებას გვაძლევს სრული სიცხადით დავინახოთ გასული საუკუნის 20–იანი წლების ამერიკა. საზოგადოების ღირებულებები, ქცევები, ინტერესები, ამერიკელთა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები – ეს ყველაფერი ამ შედარებით თხელ წიგნში საკმაოდ კარგადაა დახატული. მკითხველს შეუძლია იმოგზაუროს ჯაზის ეპოქაში, თვალი ადევნოს იმ ცვლილებებს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო და გაითავისოს ის რევოლუციები, რომლებიც ამერიკული მოსახლეობის მსოფლმხედველობაში საკმაოდ სწრაფად მოხდა.
„დიდი გეტსბი“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე–20 საუკუნის 20–იანი წლების ამერიკელთა სარკეა. ნათლად არის ნაჩვენები საზოგადოების რეალური სახე, რომელიც უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. ცნება „ამერიკული ოცნება“ ჯერ კიდევ პირველ მოსახლეებში გაჩნდა, მაგრამ თუკი ადრე ეს გულისხმობდა ქვეყნის დასავლეთით მდებარე მიწების ათვისებასა და სტაბილურ ოჯახურ ცხოვრებას, მე–20 საუკუნეში სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვების სინონიმი გახდა. შესაბამისად, ამერიკელებისთვის მთავარ ღირებულებად ფული იქცა, რამაც საზოგადოების მორალური დეკადანსი გამოიწვია. სადღაც გაქრა მე–19 საუკუნეში გაბატონებული წეს–ჩვეულებები, ამერიკელთა მთავარი საქმიანობა გართობა გახდა. საზოგადოების მაღალი ფენა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და როგორც წესი მისაბაძია, ალკოჰოლის, ფულისა და თამბაქოს სურნელში იძირება. მათი მთავარი საქმიანობა წვეულებებზე სიარული, ცეკვა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა. სადღაც გაქრა მოწიწება და მორიდებულობა, რაც უპირველეს ყოვლისა ქალებს შეეხო,ამიტომ შეუძლებელია წიგნის წაკითხვისას ყურადღების გარეშე დარჩეს ქალთა თავისუფალი ქცევა, სიგარეტის გაბოლება, დაუსრულებლივ წვეულებებზე სიარული, ვისკისა და სხვა სპირტიანი სასმელების სმა,რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამერიკის პურიტანელი მოსახლეობისთვის. ქალებისთვის ცხოვრება ბევრად უფრო თავისუფალი და შეუზღუდავი გახდა. ტრადიციული, პურიტანული მორალის ქალბატონები ფლეპერებად იქცნენ. მათ უკუაგდეს საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული კონსერვატორული აზროვნება, გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი, თავისუფალი და აქტიურები. სურვილი, ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, თავად უზრუნველყოთ თავიანთი თავები, მათში ხშირად მიზანდასახულობას ბადებდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანგარებამ, რომელიც ყველა დროის ყველა საზოგადოებაში არსებობდა, გასული საუკუნის დასაწყისში პიკს მიაღწია. ფულზე ორიენტირებული საზოგადოება კი მორალურად და სულიერად გამოიფიტა.
შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ნაწარმოებში პრაქტიკულად არ არსებობს დადებითი ქალი პერსონაჟი. მკთხველთა ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება, მაგრამ რომანში ყველაზე დიდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს მთავარი პერსონაჟი და დიდი გეტსბის ერთადერთი სიყვარული – დეიზი, რომელმაც ჯეისადმი სიყვარული, ტომის ფულში გაცვალა. გამაღიზიანებელია დეიზის ქცევა გეტსბის სახლში – ის აღფრთოვანდა გეტსბის პერანგებით, ოქროს ნივთებით, მისი სახლით, იმ მატერიალურად ღირებული ნივთებით, ასე ბლომად რომ ჰქონდა ნაწარმოების მაძიებელ გმირს. მაგრამ მას არ ძალუძს შეიგნოს, თუ რა ტრიალებს ჯეის გულში, თუ რამხელა სიყვარულს გრძნობს გეტსბი, რომ ჯეიმ თავისი კეთილსინდისიერება დეიზისთვის გასწირა, იმისთვის რათა მისი თანასწორი გამხდარიყო. დეიზის არ შეუძლია ამ სიყვარულის დანახვა, რადგან თავად არ ძალუძს სიყვარული. მისი სიყვარული მხოლოდ მატერიალიზმით შემოიფარგლება. დეიზი, უგულო და გულქვა ადამიანი, რომელიც ანგარებით გათხოვდა, სკოტ ფიცჯერალდმა სულ ერთ წინადადებაში ჩაატია: „მისი ხმა ფულის წკრიალს ჰგავს“, ამიტომ რა გასაკვირია თუ მკითხველს ერთგვარი ზიზღი გაუჩნდება ამ პერსონაჟისადმი, მაშინ როდესაც თავად ნაწარმოების ავტორიც კი ცივი ირონიიით ახასიათებს მას. თუმცა შესაძლოა, დეიზისადმი გარკვეული თანაგრძნობის გამოხატვაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმდიდრით დაბრმავებულს ჭეშმარიტი სიყვარულის შეცნობაც აღარ ძალუძს და მარტოსულია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მორალური დეკადანსი შეეხო საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენელ ქალბატონებსაც. ნაწარმოების კიდევ ერთ პერსონაჟ მირტლ უილსონზე მეტად, ალბათ არავინ ყოფილა ფულზე დახარბებული. მანაც ფულის გამო უარყო თავისი მეუღლე და სწორედ მეუღლის ცხვირწინ სასიყვარულო ურთოერთობა გააბა უხეშ, სულიერად გახრწნილ, მაგრამ მდიდარ და განათლებულ ადამიანთან. მირტლი იმდენად დააბრმავა მწვანე სიმახინჯემ, რომ ტომისგან ყოველგვარი დამცირების ატანა შეეძლო. სასაცილოა მირტლის მცდელობა, დამსგავსებოდა მაღალი წრის ქალბატონებს. ნიუ–იორკში ლეკვის ყიდვა გადაწყვიტა, მანერები გამოიმუშავა, რამაც იგი ხელოვნურ ადამიანს დაამსგავსა, რომლის ეს მიმბაძველობა იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მისის უილსონი კი არ ამაღლდა, არამედ უპრინციპო, იოლად სამართავ ადამიანად იქცა.
და ბოლოს, გეტსბის წვეულებებზე თავს უამრავი ადამიანი იყრიდა, ყვითელკაბიანი გოგონები, ჟღალთმიანი ქალბატონი თუ სხვანი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ერთი ძირითადი სახისა და ხასიათის სხვადასხვა გამოვლინებები არიან – მოდიოდნენ იმ კაცის წვეულებაზე ვისაც არ იცნობდნენ, ვისაც არც კი ესალმებოდნენ, მადლობის თქმაზე რომ არაფერი ვთქვათ. გაზარმაცებული, ანგარებიანი, უმადური ქალბატონები, სამწუხაროდ გასული საუკუნის 20–იან წლებში საკმაოდ აქტიურები იყვნენ, ოღონდ იმის მაგივრად, რომ ეს აქტიურობა ღირებულისადმი მიემართად, პირიქით, მეტისმეტად პრიმიტიულს მიუძღვნეს.მაგრამ რა იმალებოდა ამერიკელთა ძვირადღირებული სახლებისა თუ მანქანების, კაბებისა თუ დროსტარების უკან -დაკვამლული ნაგავსაყარი, „ფერფლის ველი“, სულიერმა სიმწირემ და სიმახინჯემ ფულის ნიღაბი აიფარა.

ავტორი: თინათინ ასანიშვილი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button