ლიტერატურა

გივი ალხაზიშვილი – გზა გრძელდება

“ებლიტფო” ლათინურ ენასავითაა

ებლიტფო: ბატონო გივი, ყველა ბავშვობიდან მოდის, მწერალიც, რა თქმა უნდა. თქვენი ნებართვით საუბარი «თამაშით» დავიწყოთ, რით ერთობოდა ბავშვობაში თქვენი თაობა?

გივი ალხაზიშვილი: რითაც ჩვენ ვერთობოდით, ის თამაშები, სამწუხაროდ გადავიწყებულია; მხოლოდ ძველებს ახსოვთ. ლახტი, რიკ-ტაფელა, კენწვლა (ოღონდ ბურთის არა), «სამაკატკა», მდინარეში ცურვა, მშვილდ-ისრებით მიზანში სროლა, შურდული და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლას ვერც კი შევძლებ. მაშინ ტყავის ბურთი იშვიათობა იყო და ველოსიპედზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ტელევიზორიც ძალიან გვიან შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, მგონი მაშინ, როცა შევძელით ბუნებასთან სრული შერწყმა და ამიტომაც ჩვენი თაობა უფრო ბუნების პირმშოა, რასაც ჩემი შვილების თაობებზე ვერ ვიტყვი. საცურაოდ რიონზე ვიპარებოდით. საოცარი რიტუალი იყო მოდიდებულ მდინარეში ცურვა. თვითნასწავლი მოცურავე ვარ, სტილით ცურვას იქ ვინ გვასწავლიდა?!

დედაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა დარბაზის გამგედ. ბიბლიოთეკა ჩემს სკოლასთან ახლოს იყო და გაკვეთილების შემდეგ აუცილებლად უნდა მივსულიყავი დედასთან. კითხვას იქ მივეჩვიე. ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე, თვითონვე ვეძებდი და ვპოულობდი წიგნებს. რაღას არ ვკითხულობდი. არ ჩამოვთვლი იმ წიგნებს, რასაც ნებისმიერი ბავშვი კითხულობს სიყმაწვილისას. ყველაზე მკაფიოდ ბოკაჩოს ”დეკამერონი” მახსოვს, როგორ მოვიპარე ბიბლიოთეკიდან და სკოლაში, გაკვეთილებზე მალულად ვკითხულობდი. მასწავლებელს თავს ვაჩვენებდი, თითქოს ვუსმენდი, არადა მუხლებზე მედო წიგნი და ქურდულად ვკითხულობდი. მაშინ ყველაზე პიკანტურ წიგნად ითვლებოდა და მერვეკლასელს ძალიანაც მაინტერესებდა ის ამბები, რაც იქ ეწერა. ბიბლიოთეკაში სიარული ჩემთვის სრულიად ბუნებრივი აუცილებლობა იყო. კითხვა რომ მბეზრდებოდა, რიონზე ვიპარებოდი და ტოლებთან ერთად ვერთობოდი. ყომარბაზებსაც გადავყრივარ, მოფარებულში კამათელს რომ აგორებდნენ და რამდენჯერმე ატანდაზეც ვმდგარვარ. მეცხრე-მეათე კლასიდან მთლიანად შეიცვალა ჩემი ინტერესები. ახლა უკვე წყალტუბოში ვიპარებოდით ბიჭები და ჩამოსულ ტურისტებს ვეკურკურებოდით. ყველაფერთან ერთად კვირაში სამჯერ მიწევდა მუსიკალურ სასწავლებელში წასვლა, სადაც ვსწავლობდი ჰობოიზე დაკვრას, ორჯერ პიონერთა სასახლეში ლიტ. წრეზე და იქიდანაც აუცილებელი გადახვევები რიონის პირას და ასე საყვარელი ცურვა ჯაჭვისხიდთან ან ფალიაშვილების უბანში, ზოგჯერ ჭომაშიც. პირველი ”ბიჩოკიც” იქ ავითვისე, თავიც გვარიანად გამიბრუვდა და ძლივს მოვსულიერდი. მას მერე ორმოცდაშვიდი წელი გავიდა და ამ ძვირფას ჩვევას ვერ შეველიე მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მენატრება, ისევე თავისუფლად ვსუნთქვდე, როგორც რიონის პირას ვსუნთქავდი.

ჩემი სახლი ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იდგა. იქიდან საოცრად ჩანდა გელათის მონასტერი და, რა თქმა უნდა, წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ზარების ხმა ახლაც ჩამესმის. მე თუ რამეს ვწერ, იმ სასწაულებრივი გარემოს ბრალია, მე რომ გამზარდა და იმ ადამიანებისა, ჩემზე რომ მძაფრი ზეგავლენა მოახდინეს. ახლა ვხვდები, რომ შთაბეჭდილებათა იმხელა მარაგი დავაგროვე, რომ მისი ამოწურვის შანსიც კი არ მაქვს. როცა მარაგს ვამბობ, სიტყვიერ მარაგსაც ვგულისხმობ, რადგან ნებისმიერი შთაბეჭდილება სიტყვებში და სიტყვებად ლაგდება და არსებობს.

არ იფიქროთ, რომ იდეალურ დროსა და ქვეყანაზე ვსაუბრობდე. არა, სულაც არა. უბრალოდ, ასაკი მქონდა იდეალური, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდნენ ადამიანები, თვალი რომ ამიხილეს და დამანახეს საბჭოთა სინამდვილის სიმახინჯე, და მაშინდელი რეჟიმის სიძულვილი ჩაითესა კიდეც ჩემში, რომელმაც თავის აპოგეას სამოციან წლებში მიაღწია კიდეც, როცა მესამეკურსელი სტუდენტი საბჭოთა ჯარში გამამწესეს.

ებლიტფო: მგონი ამ თემაზეა თქვენი მესამე რომანი ”რკინის კარს აქეთ და იქით”?

გივი ალხაზიშვილი: დიახ, ჯარის ამბებია. ამაზრზენი თავგადასავლები, დივიზიის ახლოს დასახლებული საეჭვო ყოფაქცევის ქალები, ”სამავოლკები” ”სამაგონის” თანხლებით, ჩხუბები ეთნიკურ ”ნიადაგზე”, ყაჩაღობები, სწორხაზოვანი და ყეყეჩი ოფიცრები და სანატრელი ფოსტა, ყველა რომ გაფაციცებული ელოდა წერილს, როგორც ცოტა ხნით შინ დაბრუნების საყვარელ ილუზიას და იმათი ნაღვლიანი თვალები, ვისაც წერილი არ მოუვიდოდა. ყველაფერს ვერ მოვყვები. ვისაც აინტერესებს, წაიკითხავს.

ებლიტფო: სტუდენტი თუ იყავით, რატომ წაგიყვანეს ჯარში?

გივი ალხაზიშვილი: აპოლიტიკური გამოხდომების გამო. ცხრამეტი წლის ვიყავი და რაც მომესურვებოდა, იმას ვამბობდი, ზოგჯერ კათედრიდანაც. რუსთაველის თეატრში კოლექტიურად ვნახეთ დავით გაჩეჩილაძის სპექტაკლი. მოგვიანებით, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამ სპექტაკლის განხილვა. მეც გამოვედი სიტყვით და რიხით განვაცხადე რომ საქართველო არის მიჯაჭვული ამირანი და…. მთელი კასკადი ანტისაბჭოური რიტორიკისა. ორი დღის შემდეგ რუსთველოლოგიის ლექციიდან დამიძახეს დეკანატში, სადაც დამხვდა მაიორი, ამიხსნა, რომ კომისარიატში უნდა წავყოლოდი, კომისიას გავივლიდი და დავუბრუნდებოდი უნივერსიტეტს. წამიყვანეს და წამიყვანეს. იმავე საღამოს კიროვაბადში ამომაყოფინეს თავი, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. სამი წელი იქ ვხეხე. პლანი მაშინ ახალი ხილი იყო და ოფიცრები ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდათ დაბოლილ ჯარისკაცებს. არყით მთვრალები არ იყვნენ, მაგრამ მთვრალებივით იქცეოდნენ. ქალაქში ”ბაში” ორმოცდაათი კაპიკი ღირდა და ვინც ამ საქმით იქცევდა თავს, ადვილად შოულობდა. ხრუშჩოვისდროინდელი ე. წ. ”დათბობა” თავის საქმეს აკეთებდა და ბზარები უჩნდებოდა საბჭოეთს, ჯარშიც კი. ერთ უწვერულ ლეიტენანტს ვკითხე: არ გინდა, ლენინი იყო და მკვდარი იყო? გაფითრდა, ვერც დამეთანხმა და ვერ იუარა. იყო ასეთი დრო, ყველაფერი თვალწინ ჭაობდებოდა. დივიზიაში მშვენიერი ბიბლიოთეკა იყო _ კლასიკით გადაჭედილი, ”ინოსტრანნაია ლიტერატურასაც კი ღებულობდნენ და თავისუფალ დროს ვკითხულობდი. კითხვა ძირითადად საყარაულო პოსტზე მიწევდა პროჟექტორის შუქზე, ღამით. წიგნს ქამრის ქვეშ ვმალავდი ხალათში. რომ არა ეს ”საქმიანობა,” სამ წელს ვერ გავიყვანდი.

უცნაურია, მაგრამ წლების მერე, შინ რომ დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ იქაურობის ნახვა ძალიან მომინდა და ერთხელაც განჯაში წავედი; კიროვაბადი აღარ ერქვა, რადგან საბჭოეთი ახალი დაშლილი იყო და ცხოვრება სწრაფად იცვლებოდა. ბევრი თავისუფლება დაგვაწვა ტვირთად, იმიტომ რომ არ ვიცოდით თავისუფლების ყადრი და არ ვიცოდით, რა გვექნა. განჯაში ის ყაზარმები აღარ დამხვდა, ყველაფერი მიწასთან გაესწორებინათ და ახალი მშენებლობები წამოეწყოთ. რატომღაც თავი შემებრალა, ახლა ვხვდები რატომ, მაგრამ არ ღირს ალბათ თქმა. რა ძალამ მიმიყვანა იქ, ნაყაზარმალებთან ან რისი ნახვა მინდოდა. ნუთუ ფარული ნოსტალგია მჭირდა იმ სამი წლისა და იმჟამად თავისუფალს მსურდა, თვალი შემევლო იმ დროისთვის, აღარსად რომ იყო, გარდა ჩემი მეხსიერებისა და სადღაც კონკრეტულ ადგილას ვეძებდი, რომელიც ასევე აღარ იყო და ყველაფერი გამქრალიყო თვალსა და ხელს შუა. მგონი, კმარა ამ თემაზე საუბარი, სხვა თემაზე ხომ არ გადავიდეთ?

ებლიტფო: თქვენს ლიტერატურულ საქმიანობაზე გვითხარით რამე.

გივი ალხაზიშვილი: ლიტერატურული საქმიანობა ჩემთვის იყო ჟურნალ «\”ცისკარში»\” ცამეტწლიანი მუშაობა და მერე გამომცემლობა «\”მერანში\”« ჩვიდმეტწლიანი საგამომცემლო გამოცდილება. რაც თავი მახსოვს, ახალგაზრდა მწერლებთან ვმეგობრობ. ასე იყო «\”ცისკარსა»\” და \”«მერანშიც»;\” არაერთ დებიუტს შევუწყე ხელი, მრავალი პირველი წიგნი გამოვეცი. ახლაც, როგორც ხედავთ, ვირტუალურ სივრცეშიც მათთან ვარ, ნომინალურად მაინც.

ებლიტფო: რას იტყვით ახალგაზრდა მწერლებზე, მათი შემოქმედების საერთო დონეზე?

გივი ალხაზიშვილი: არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი, თითქმის ყველა ჟანრში. ”გულს იმედი ჩამესახა”. საერთო დონეს _ საერთოდ ლიტერატურაში, მათ შორის ახალგაზრდულშიც, საუკეთესოები განსაზღვრავენ. თუ ამ კრიტერიუმით მივუდგები, ვიტყვი, რომ დონე კარგია და ვფიქრობ, რომ მომავალში უკეთესი იქნება, თუ ნიჭთან ერთად გარჯასაც შეეჩვევიან. მაწუხებს ნახევარფაბრიკატული ტექსტების გამოქვეყნება, როცა ავტორს მოშლილი აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და მკითხველს ერთთავად ეწუწუნება საკუთარ წვრილმანებზე. არ მომწონს ზოგიერთის ახირება _ უარყოს ის, რაც ვერ აითვისა და წეროს ე.წ. ”პირველადი” ”განცდები” და ტექსტზე არ იმუშაოს, თუნდაც რედაქტორულად. ეს მძიმე შეცდომაა და ვინც ამ ”ტექნოლოგიას” ნერგავს, უბრუნდება საუკუნის წინანდელ გამოცდილებას, რომელიც ტრადიციად ვერ იქცა და ლიტისტორიაში ჩარჩენილი მატარებელია. ეს ვრცელი თემაა და ერთხელ მგონი გვქონდა კიდეც საუბარი.

მიღწევების აუთვისებლობა, ”ვერათვისება” პროცესზე უარის თქმაა და ვითომ ახლის დაწყებაა ნულიდან.

ლიტერატურასა და ხელოვნებაში დაგროვილია უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც გარკვეულ დონეზე მაინც შესწავლა და ათვისება უნდა. ამის შემდეგ არის საძებნი ახალი გზები. ამას ყველას გასაგონად ვამბობ. ზოგი დაიჯერებს, ზოგი არა, შედეგსაც შესაბამისს უნდა მოელოდნენ. ებლიტფოზე არის რამდენიმე გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდა. მე დიდ იმედებს ვამყარებ მათზე. არაფერს ვამბობ მეტ-ნაკლებად ცნობილ ავტორებზე, რომელთაც უკვე გამოცემული აქვთ წიგნები და ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდნენ და წინ მიიწევენ.

ებლიტფო: კონკრეტულად ვერ ჩამოთვლით ავტორებს, ვისაც გულისხმობთ?

გივი ალხაზიშვილი: შეუძლებელია, ვინმე არ გამომრჩეს და გული არ ვატკინო, ამიტომაც არ ჩამოვთვლი. უმრავლესობამ პირადად იცის ჩემი აზრი და ესეც საკმარისია.

ებლიტფო: რას იტყვით «ებლიტფოზე», ეხმარება თუ არა ვირტუალური სივრცე მწერლებს, მაშინ როცა სხვა საჯარო სივრცეები, გარდა რამდენიმე ჟურნალისა, დახურულია მწერლობისთვის.

გივი ალხაზიშვილი: ეს დიდი მონაპოვარია, მაგრამ ამ სივრცესაც სჭირდება გადასხვაფერება. ვგულისხმობ ელექტრონული ჟურნალის შექმნას, სადაც პროფესიული ფილტრის მერე დაიბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები. ამისათვის საჭიროა კარგი რედკოლეგია. «ებლიტფო» ცდილობს ერთად მოუყაროს თავი შემთხვევით ავტორებს, მოყვარულებს და პროფესიონალებს. ამიტომაც გამოქვეყნებული ნაწარმოებები დონით კატასტროფულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ მე ცენზურაზე მივანიშნებ, არა, ბატონო. მე ვგულისხმობ მეტ პროფესიონალიზმს, რომლის ნაკლებობასაც განიცდის ჩვენი ქვეყანა ყველა დარგში. «ებლიტფო» შესანიშნავი მონაპოვარია და უკეთესი უნდა გახდეს. კარგი ელექტრონული ჟურნალი უცბად შეცვლის ყველაფერს და დონეც გამოჩნდება.

ებლიტფო: ელექტრონული ჟურნალის შექმნა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით ასე გავაგრძელოთ და სამომავლოდ ჟურნალზეც ვიფიქროთ.

გივი ალხაზიშვილი: მგონი დაგღალეთ საუბრით. ბავშვობასაც გადავურბინე და დღევანდელობასაც გადავწვდი ზედაპირულად. ორი ბიბლიოთეკის ამბავი გაკვრით გიამბეთ, ერთსაც დავამატებ და დაგეხსნებით. ე.ი. პირველი _ დედაჩემის ბიბლიოთეკა. მეორე _ პარადოქსია, მაგრამ დივიზიის ბიბლიოთეკა, მესამე _ თბილისში, ძველი ფუტურისტის შალვა ალხაზიშვილის პირადი და უნიკალური ბიბლიოთეკა, საიდანაც ვსარგებლობდი წიგნებით და ხშირად მჩუქნიდა კიდეც ბატონი შალვა _ ბიბლიოფილი და უგანათლებულესი მწერალი, მაშინდელი ”მნათობის” კრიტიკის განყოფილების გამგე. ამ კაცს უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე და მე მარად ვალში ვიქნები მისი ხსოვნის წინაშე. იყო პერიოდი, როცა მე ”ცისკარში”, ბატონი შალვა კი ”მნათობში” კრიტიკის განყოფილებებს ვხელმძღვანელობდით და განაწყენებული ავტორები გვლანძღავდნენ, როგორც ბიძა-ძმისშვილს, არადა მხოლოდ მოგვარეები ვიყავით, ის კახეთიდან, მე კი იმერეთიდან _ ქუთაისიდან. ახლა მართლა დავიღალე, სათქმელი კი ბევრი მრჩება.

ებლიტფო: დიდი მადლობა, ბატონო გივი, რომ არ დაიზარეთ და გაგვესაუბრეთ… დაგვპირდით, რომ მომავალში კიდევ ვილაპარაკოთ ლიტერატურასა და სხვაზე.

გივი ალხაზიშვილი: ვნახოთ, შესაძლოა.

წყარო: http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1529

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button