საკითხავიწიგნები

პლატონი – სახელმწიფო (წიგნი მეშვიდე)

– შემდგომ ამისა, – ვთქვი მე, – აი, რას შეგიძლია შეადარო ჩვენი ბუნება განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ: წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც თითქოს მღვიმის მსგავს მიწისქვეშა დილეგში არიან გამომწყვდეულნი. დილეგს მთელ სიგრძეზე გასდევს ჭრილი, საიდანაც შემოდის სინათლე. პატიმრებს კისერსა და ხელ-ფეხზე სიყრმიდანვე ბორკილები ადევთ, ასე რომ, არც განძრევა შეუძლიათ და არც უკან მიხედვა. ამიტომაც მხოლოდ წინ იყურებიან და მარტოოდენ იმას ხედავენ, რაც თვალწინ უდევთ. ბორკილდადებულნი ზურგშექცევით სხედან კედლისკენ, საიდანაც შემოდის სინათლე, რომელსაც შორს, მაღლა, მოგიზგიზე ცეცხლი ასხივებს. ცეცხლსა და პატიმრებს შორის მაღლობზე გადის გზა. ამ გზას პატიმრებისაგან დაბალი კედელი ჰყოფს, იმ ფარდის მსგავსად, რომლის მიღმაც თვალთმაქცები თავიანთ თანაშემწეებს მალავენ, მაღლა აწეული თოჯინებით რომ ართობენ ხალხს.

– წარმოვიდგინე.

– ახლა ისიც წარმოიდგინე, რომ კედლის გასწვრივ მიდი-მოდიან მგზავრები, რომლებსაც ხელში ნაირ-ნაირი საგნები უჭირავთ, მათ შორის, ხისა თუ ქვისაგან გამოთლილი ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებანი, რომლებიც იმ სიმაღლეზე აუწევიათ, რომ კედლის მიღმაც ჩანან. მგზავრებიდან, ჩვეულებრივ, ზოგი ლაპარაკობს, ზოგი კი ჩუმადაა.

– ეს რა უცნაურ სურათსა და უცნაურ პატიმრებს გვიხატავ?

– ისინი ჩვენ გვგვანან. ერთი ეს მითხარი, როგორ გგონია, განა ამ დღეში მყოფი ხალხი შეიძლება სხვა რამეს ხედავდეს, გინდა თავისას და გინდა სხვისას, მის წინ – მღვიმის კედელზე მორიალე ლანდების გარდა?

– რას უნდა ხედავდნენ, თუკი გაჩენის დღიდან თავის უკან მიბრუნებაც არ შეუძლიათ?

– კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის იმ საგნებზედაც, კედლის მიღმა რომ მიმოაქვთ?

– მაინც რა?

– რა და, პატიმრებს რომ ერთმანეთში ლაპარაკი შეეძლოთ, შენი აზრით, იტყოდნენ თუ არა, რომ ნამდვილი საგნების სახელს არქმევენ კედელზე მორიალე მათ ლანდებს?

– რა თქმა უნდა.

– ხოლო მათი მღვიმე ექოსავით რომ იმეორებდეს გზად მიმავალი მგზავრების სიტყვებს, განა არ ეგონებოდათ, რომ კედელზე მორიალე ლანდები ლაპარაკობენ?

– ცხადია, ვფიცავ ზევსს.

– მაშასადამე, ეჭვს გარეშეა, რომ ისინი ნამდვილ საგნებად აღიქვამდნენ ამ ხელთქმნილი საგნების ლანდებს?

– აუცილებლად.

– ახლა კი დაუფიქრდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შედეგად იმას, რომ მათთვის ბორკილები აეყარათ და უმეცრებისაგან დაეხსნათ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მოხდებოდა მათში, ბუნებრივი გზით რაღაც ამგვარი რომ შემთხვეოდათ? ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანისათვის ბორკილები აეხსნათ და ებრძანებინათ, შებრუნებულიყო, ორიოდე ნაბიჯი გადაედგა და სინათლის მხარეს გაეხედა. განა ეს ნამდვილი ტანჯვა არ იქნებოდა მისთვის? თვალისმომჭრელი სინათლე იმ საგნების გარჩევის საშუალებას არ მისცემდა, რომელთა ლანდებსაც მღვიმის კედელზე ხედავდა. როგორ გგონია, რას იტყოდა, ვინმეს რომ ეთქვა – აქამდე მხოლოდ უბადრუკ ლანდებს ხედავდი, ახლა კი, ჭეშმარიტ არსებობას მიახლებული, ნამდვილ საგნებსა ხედავო? მერე ერთ-ერთი საგანი ეჩვენებინათ, თანაც ეკითხათ, რა არის ესო, და ძალდატანებით მოეთხოვათ პასუხი გაეცა მათთვის. განა ეს, შენი აზრით, საგონებელში არ ჩააგდებდა? საბრალოს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ გაცილებით უფრო ნამდვილი იყო ის, რასაც მანამდე ხედავდა, ვიდრე ის, რასაც ახლა უჩვენებენ.

– რასაკვირველია, ამას იფიქრებდა.

– ანდა, თუ აიძულებდნენ ცეცხლის შუქისათვის ემზირა, განა თვალს არ მოსჭრიდა მისი ციმციმი? ასე რომ, შეძრწუნებული, სირბილით დაუბრუნდებოდა იმას, რასაც აქამდე ასე თავისუფლად უსწორებდა თვალს და რაც, მისი აზრით, გაცილებით უფრო ნამდვილი იყო, ვიდრე ის, რაც ახლახან უჩვენეს.

– მართალს ბრძანებ.

– ხოლო თუ ძალით გამოათრევდნენ გარეთ, რათა ციცაბო ფერდობზე გამავალი გზით მაღლა აეყვანათ და მზის სინათლე ეჩვენებინათ, განა ტკივილით გატანჯულს არ აღაშფოთებდა ამნაირი ძალმომრეობა? მზის სიკაშკაშით თვალდავსილი ერთსაც ვერ გაარჩევდა იმ საგნებს შორის, რომლებზედაც დაჟინებით ჩასჩიჩინებენ, ნამდვილი საგნები თუ გნებავს, სწორედ ესენი არიანო.

– ერთბაშად მართლაც ვერ გაარჩევდა.

– აქ საჭიროა მიჩვევა, რაკიღა ყველაფრის დანახვა მართებს, რაც მაღლაა. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ლანდებისკენ უნდა მიმართოს მზერა, შემდეგ – წყლის სიღრმეში არეკლილი ადამიანებისა თუ სხვადასხვა საგანთა გამოსახულებებისაკენ, ბოლოს კი საკუთრივ საგნებს უნდა მიაპყროს თვალი. ამასთან, ცისა თუ ყოველივე ზეციურის ჭვრეტა ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე უფრო გაუადვილდება, ვიდრე დღისით – მზის სინათლეზე.

– რა თქმა უნდა.

– ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი, ჩემი აზრით, იმასაც შეძლებს, რომ თვალი გაუსწოროს თვით მზესაც და წყალში კი აღარ უცქიროს მის ანარეკლს, არამედ ცის თაღზე დაუკვირდეს მის თვისებებს.

– უცილობლად.

– რის შედეგადაც ის დაასკვნის, რომ სწორედ მზე განსაზღვრავს წელიწადის დროთა მონაცვლეობას და დროის დინებას, რომ ამ ხილულ სამყაროში მზე წარმართავს ყველაფერს და, გარკვეული აზრით, იგივე მზეა ყოველივე იმის მიზეზიც, რაც მღვიმეში ჩანდა.

– ცხადია, თავისი დაკვირვების შედეგად სწორედ ამ დასკვნამდე მივა.

– მერედა, თავისი უწინდელი სამყოფლის, იქაური სიბრძნისა და თავისი მეგობარი პატიმრების გახსენებისას განა ნეტარებად არ მიიჩნევს თავის ახლანდელ ყოფას და სიბრალული არ აღეძვრის დილეგში მყოფთა მიმართ?

– რა თქმა უნდა.

– ხოლო თუ ისინი თავიანთ მღვიმეში პატივსა და დიდებას მიაგებდნენ ერთმანეთს და ჯილდოს არ იშურებდნენ იმისთვის, ვის გამჭრიახ მზერასაც არ გამოეპარებოდა არც ერთი საგანი, კედლის იქით რომ მიჰქონდათ, და ყველაზე უკეთ იმახსოვრებდა, რა გამოჩნდებოდა პირველად, რა – შემდეგ და რა – ერთდროულად, რის საფუძველზეც წინასწარმეტყველებდა მომავალს, – როგორ გგონია, ბორკილებიდან თავდაღწეული კვლავინდებურად ინატრებდა ყოველივე ამას, ან შური აღეძვროდა იმის მიმართ, ვისაც თაყვანს სცემდნენ მღვიმეში, როგორც ყველაზე საჩინო და სახელოვან კაცს? თუ იმავე განცდით გულშეძრულს, რასაც გვაუწყებს ჰომეროსი, მხოლოდ ერთი რამ ექნებოდა სანატრელი: დღიურ მუშად ემუშავა ღარიბი გლეხის ყანაში და ოფლის ღვრით ეშოვა ლუკმა პური, ან აეტანა ათასნაირი გაჭირვება, ოღონდაც აღარასოდეს მიბრუნებოდა თავის უწინდელ ყოფას და იმდროინდელ სიბრმავეს.

– მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან, – მართლაც ყველაფერს აიტანდა იმის გულისთვის, რომ ძველებურად აღარ ეცხოვრა.

– ერთსაც დაუფიქრდი: ეს კაცი რომ კვლავ მღვიმეს დაბრუნებოდა და თავის ძველ ადგილას დამჯდარიყო, განა მზის ნათელს ასე ანაზდად განშორებულს იმწამსვე თვალს არ დაუვსებდა ბნელი?

– რა თქმა უნდა.

– ხოლო თუ მღვიმეში სამუდამოდ გამომწყვდეულ პატიმრებთან კვლავ მოუწევდა პაექრობა ამა თუ იმ ლანდისა და მისი მნიშვნელობის გამო, ვიდრე თვალს შეაჩვევდა სიბნელეს, რასაც, ალბათ, საკმაო დრო დასჭირდებოდა, შენი აზრით, განა მასხრად არ აიგდებდნენ ამ სიტყვებით: რას მიეხეტებოდა იმ სიმაღლეზე, სულ ტყუილად დაკარგა თვალის ჩინიო? ასე რომ, თუ ვინმე შეეცდებოდა ტყვეობიდან დაეხსნა და მაღლა აეყვანა ისინი, განა იმწამსვე სულს არ გააფრთხობინებდნენ, ხელში რომ ჩავარდნოდათ?

– უეჭველად.

– ჰოდა, ჩემო ძვირფასო გლავკონ, სწორედ ესაა კაცთა ყოფის ზუსტი ხატება. მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს ედარება. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს მიმართ. აი, როგორია ჩემი აზრი, თუკი გსურს მას მისდიო; პირადად მე ასე მგონია, ცოდნით კი ღმერთმა იცის, მართალია თუ არა იგი. გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი, მაგრამ საკმარისია ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ, რომ აქედან უშუალოდ გამოგვაქვს დასკვნა: სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი, ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს, გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც, რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება; ამიტომ სწორედ მის ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა, ვისაც სურს გონივრულად იქცეოდეს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

– გეთანხმები, – თქვა მან, – რამდენადაც შემიძლია შენს აზრს მივსდიო.

– მაშინ ამაშიც დამეთანხმე: ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია, უკვე აღარ შეუძლია ხელი მიჰყოს კაცთა ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგანაც მისი სული გამუდმებით მიელტვის მხოლოდ სიმაღლეს. და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგანაც ზედმიწევნით შეესაბამება ჩვენს მიერ დახატულ ალეგორიულ სურათს.

– მართლაც.

– მერედა, ნუთუ შენი აზრით, უნდა გვიკვირდეს, რომ როდესაც ამ ღვთაებრივი ჭვრეტიდან ადამიანი კვლავ უბრუნდება ამქვეყნიურ უბადრუკობას, შემცბარი და დაბნეული, – სასაცილო ჩანს? დაბინდული მზერა ჯერ კიდევ ვერ შესჩვევია გარემომცველ სიბნელეს, მაგრამ, ვიდრე შეეჩვეოდეს, მანამდე აიძულებენ სამსჯავროში თუ სადმე სხვაგან გამოვიდეს და სამართლიანობის ლანდებისა თუ ამ ლანდების ანარეკლთა გამო იდავოს, ესე იგი, იმ ხალხივით დაიწყოს ბრძოლა მათი განმარტებისთვის, ვისაც თვალითაც არ უნახავს სამართლიანობა თავისთავად.

– არა, ამაში არაფერია საკვირველი.

– ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდან – სინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: დავუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნარი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინვას, არამედ დავუფიქრდეთ – უფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავსახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი.

– მართალს ბრძანებ.

– თუ მართალია, – ვთქვი მე, – აი, რა დასკვნის გამოტანა გვმართებს: განათლება სულაც არ არის ის, რაც ზოგ-ზოგიერთს ჰგონია, ვისი მტკიცებითაც გაუნათლებელ სულს თითქოს ისე უნდა ჩავუნერგოთ განათლება, როგორც უსინათლო თვალს – ხედვის უნარი.

– დიახ, ასე ამტკიცებს ბევრი.

– ეს ჩვენი მსჯელობა კი მოწმობს, რომ ყველა სულსა აქვს ამის უნარი და სათანადო იარაღიც მოეძებნება. მაგრამ როგორც თვალი მხოლოდ მთელ სხეულთან ერთად თუ მიბრუნდება სიბნელიდან სინათლისაკენ, სულიც ასევე მთლიანად თუ განუდგება ყოველივე ქმნადს, იმ ზომამდე, რომ არა მარტო არსს, თვით იმასაც კი გაუსწოროს თვალი, რაც ყველაზე ნათელია არსში, ხოლო ეს, ჩვენი მტკიცებით, სიკეთეა, არა?

– დიახ.

– სწორედ აქ ვლინდება მოქცევის ხელოვნება, – ვუთხარი მე, – რა გზით შეიძლება უფრო ადვილად და ქმედითად მოვაქციოთ კაცი? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხედვის უნარი ჩავუნერგოთ მას, ვისაც უკვე აქვს ეს უნარი. თუმცა ის არასწორადაა მიმართული და იქით როდი იყურება, საითაც ჯერ არს. სწორედ აქ გვმართებს ძალისხმევა, რომ მისი მზერა სწორად მივმართოთ.

– როგორც ჩანს.

– სულის ზოგიერთი უნარი ძალზე ახლოს დგას სხეულის ამა თუ იმ უნართან, რამდენადაც ადამიანს თავიდანვე შეიძლება არც ჰქონდეს როგორც ერთი, ისე მეორე, მაგრამ შემდეგ თვითწვრთნის წყალობით შეიძინოს. ხოლო რაც შეეხება ცოდნის უნარს, ეს, ეტყობა, რაღაც უფრო ღვთაებრივია, რაკიღა არასოდეს არ კარგავს თავის ძალას და იმის მიხედვით, თუ რისკენაა მიმართული, ხან სასარგებლოა და სასიკეთო, ხანაც უსარგებლო და უკეთური. ნუთუ არ შეგიმჩნევია, რა გამჭრიახია იმ ხალხის ბნელი სული, ვისაც არამზადებად, თუმცა ჭკვიანებად კი თვლიან, ან რატომ ვერაფერს გამოაპარებ მათ თვალს, რასაც თვითონვე მიელტვიან? ასე რომ, მათ მშვენიერი მხედველობა აქვთ, მაგრამ რაკი ის მათსავე ავკაცობას ემსახურება, ამიტომ რაც უფრო გამჭრიახია, მით უფრო მეტ ბოროტებას სჩადის.

– რა თქმა უნდა.

– მაგრამ თუ ამნაირ ბუნებას ერთბაშად, ბავშვობაშივე მოვკვეთდით უკეთურ მიდრეკილებებს, ტყვიის საძირავივით რომ ეწევიან მას ღორმუცელობის, ღრეობისა თუ სხვა ხორციელი განცხრომისაკენ და ქვემოთ მიმართავენ მის მზერას, მაშინ ყოველივე ამისაგან თავდახსნილი სული ჭეშმარიტებას მიუბრუნდებოდა და იგივე ავკაცნი არანაკლებ თვალნათლივ გაარჩევდნენ ყოველივე ჭეშმარიტს, ვიდრე იმ საგნებს, რომლებისკენაც ამჟამად მიმართულია მათი მზერა.

– კი მაგრამ, განა ზემოთქმულიდან ბუნებრივად და გარდუვალად არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო მმართველობისთვის არც გაუნათლებელნი და ჭეშმარიტების არმცოდნენი გამოდგებიან და არც ისინი, ვინც მთელი თავისი დღე და მოსწრება ცოდნას და განათლებას იძენდა? პირველნი იმიტომ, რომ მტკიცედ დასახული მიზანი არ გააჩნიათ, რომლისკენ სწრაფვასაც შეალევდნენ მთელ თავიანთ პირადსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მეორენი კი იმიტომ, რომ არასდიდებით არ დათანხმდებოდნენ სახელმწიფოს მართვისათვის მიეყოთ ხელი, რადგანაც, მათი აზრით, სიცოცხლეშივე დაიმკვიდრეს ნეტართა კუნძულები.

– მართალს ბრძანებ.

– მაშასადამე, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს დამაარსებლების, ვალი ისაა, რომ ვაიძულოთ ყველაზე ღირსეულნი სწორედ იმის შესწავლას მიუბრუნდნენ, რაც უზენაესად დავსახეთ: მე ვგულისხმობ სიკეთის წვდომას და მისკენ სწრაფვას. მაგრამ როცა ამ სიმაღლეს მიაღწევენ და გულს იჯერებენ მისი ჭვრეტით, იმის ნებას კი აღარ მივცემთ, რაც დღეს ნებადართულია მათთვის.

– მაინც რის ნებას?

– ამ სიმაღლეზე დარჩენისას, თუკი აღარ ისურვებენ კვლავ დაუბრუნდნენ ჩვენს პატიმრებს, რათა, ავად თუ კარგად, მათი ჭირი და ლხინი გაიზიარონ.

– კი მაგრამ, მაშინ ხომ უსამართლონი ვიქნებით მათ მიმართ, რაკიღა ჩვენს გამო შავ დღეში უნდა ჩაცვივდნენ, თუმცა კი შეეძლოთ გაცილებით უკეთ ეცხოვრათ.

– შენ კვლავ გავიწყდება, ჩემო კეთილო, რომ კანონი მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას. შეგონებით თუ იძულებით, ის უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის ერთიანობას, რათა ისინი ერთმანეთისათვის სასარგებლონი იყვნენ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ამით არგონ მთელ სახელმწიფოს. მოქალაქეთა რიცხვშიაც იმიტომ როდი რთავს ღირსეულ ადამიანებს, რათა საშუალება მისცეს მათ, ვისაც რა მოეპრიანება, ის აკეთოს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს განსამტკიცებლად გამოიყენოს ისინი.

– მართლაც დამავიწყდა.

– იმასაც დაუფიქრდი, გლავკონ, რომ ჩვენ უსამართლონი კი არ ვიქნებით ჩვენშივე აღზრდილ ფილოსოფოსთა მიმართ, არამედ სამართლიან მოთხოვნებს წავუყენებთ და ვაიძულებთ მათ, როგორც მცველებს, სხვებზე იზრუნონ. „ყველა სხვა სახელმწიფოში – ამ სიტყვებით მივმართავთ მათ, – ვინც ფილოსოფოსი ხდება, უფლება აქვს მონაწილეობა არ მიიღოს სახელმწიფოს მართვის საქმეში, რადგანაც ყველა, სახელმწიფო წყობილებისაგან დამოუკიდებლად, თვითონვე გახდა ფილოსოფოსი, ხოლო ის, რაც თავისით იზრდება, არავის არ უმადლის თავის საზრდოს და, ცხადია, არც იმის სურვილი აქვს, რომ ვინმეს აუნაზღაუროს მისი გულისთვის გაწეული ხარჯი. თქვენ კი ჩვენ აღგზარდეთ, როგორც თვით თქვენდა სასიკეთოდ, ისე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, რათა იგივენი ყოფილიყავით, რანიც არიან მეფეები და ბელადები ფუტკრების სკაში. ჩვენი წყალობით შეიძინეთ საუცხოო და უცხოელ ფილოსოფოსებზე გაცილებით უფრო სრულყოფილი განათლება და ჩვენვე გიბოძეთ იმის უნარიც, რომ ერთმანეთისთვის შეგეთავსებინათ ფილოსოფია და პოლიტიკა. ამიტომ თვითეული თქვენგანი ერთიმეორის მიყოლებით უნდა დაეშვას დანარჩენ მოქალაქეთა საერთო საცხოვრისამდე; შეაჩვიეთ თვალი იქ გამეფებულ წყვდიადს, და როცა შეაჩვევთ, ათასჯერ უკეთ გაარჩევთ ყველაფერს, ვიდრე ბნელეთის მკვიდრნი, და უკეთვე გამოიცნობთ, რას წარმოადგენს თვითეული ლანდი ან რისი ხატია იგი, რადგანაც ადრევე გიხილავთ ყოველივე მშვენიერის, სამართლიანისა და კეთილის ჭეშმარიტი პირველნიმუშნი. მაშინ ჩვენი სახელმწიფო წყობილება ჩვენცა და თქვენც სიცხადეში წარმოგვიდგება და არა სიზმარში, როგორც სხვა დღევანდელი
წყობილებანი, სადაც მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომები და ლანდების გააფთრებული ბრძოლები ძალაუფლებისათვის, თითქოს ეს იყოს ყველაზე დიდი სიკეთე. სიმართლე კი, თუ გნებავთ, ისაა, რომ სადაც ძალაუფლებას ყველაზე ნაკლებ მიელტვიან ისინი, ვინც უნდა მართავდეს ქვეყანას, სახელმწიფო სწორედ იქ იმართება ყველაზე უკეთ და შინააშლილობისთვისაც ყველაზე ნაკლები საბაბი რჩება; მაშინ როდესაც სულ სხვაგვარადაა საქმე იმ სახელმწიფოებში, რომელთა მმართველნიც საპირისპიროდ არიან განწყობილნი“.

– რა თქმა უნდა.

– როგორ გგონია, ამას რომ მოისმენენ, ჩვენი აღზრდილები აღარ დაგვემორჩილებიან და არ ინებებენ ერთიმეორის მიყოლებით ითანამშრომლონ დანარჩენ მოქალაქეებთან? თუ ამჯობინებენ სამუდამოდ გვერდი-გვერდ დარჩნენ წმინდა სინათლის საუფლოში?

– შეუძლებელია, – თქვა მან, – რადგანაც სამართლიან ხალხს ვუყენებთ ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს. თუმცა, ყველა დღევანდელი სახელმწიფოს მმართველთა საპირისპიროდ, თვითეული მათგანი მხოლოდ აუცილებლობის კარნახით თუ აიღებს ხელში მმართველობის სადავეს.

– დიახ, ასეა საქმე, ჩემო კეთილო. თუ იმათთვის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა, ცხოვრების უკეთეს წესს ჰპოვებ, ვიდრე მმართველობას, მაშინ იმასაც შესძლებ, რომ მშვენიერი სახელმწიფო წყობილება დაამყარო. რადგანაც მხოლოდ ამნაირი სახელმწიფოს მმართველნი თუ იქნებიან ჭეშმარიტად მდიდრები, მაგრამ ოქროთი კი არა, არამედ იმით, რითაც მდიდარია ბედნიერი კაცი: სიბრძნითა და სიქველით. ხოლო თუ გლახაკნი და უპოვარნი მიელტვიან ძალაუფლებას, რათა საქვეყნო სიკეთეს მსუყე ლუკმა ჩამოათალონ, სასიკეთოს ნურას მოელი: რადგანაც იწყება გაუთავებელი შუღლი, შფოთი, შეხლა-შემოხლა და ეს შინააშლილობა ბოლოს უღებს თვით მათაც და სახელმწიფოსაც.

– მართალს ბრძანებ.

– კი მაგრამ, თუ იცნობ ცხოვრების რომელიმე სხვა წესს, ისეთივე ზიზღს რომ აღუძრავდეს ადამიანს ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ, როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფიასთან ზიარებულის ცხოვრებაა?

– არა, ვფიცავ ზევსს.

– ასე რომ, სახელმწიფო თანამდებობა ხელში არ უნდა ჩავუგდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სული ელევათ მასზე, თორემ მათი ჯიბრი და მეტოქეობა გადაგვიყოლებს.

– უცილობლად.

– მერედა, ვის განამწესებ იძულებით სახელმწიფოს მცველებად, თუ არა იმ ხალხს, ვინც ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა მართო ქვეყანა, მაგრამ, ამასთან, ბევრი სხვა ღირსებაც აქვს და გაცილებით უფრო ღირსეულადაც ცხოვრობს, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწენი?

– სხვას ვერავის.

– ახლა, თუ გნებავს, ვნახოთ, რანაირად შეიძლება აღვზარდოთ ამნაირი ადამიანები და რა გზით წარვმართოთ ისინი მაღლა – სინათლისაკენ, როგორც, გადმოცემით, ზოგიერთი გმირი ამაღლებულა ჰადესიდან ღმერთებამდე.

– რა საკითხავია?

– ეს არც ისე ადვილია, როგორც თიხის ნატეხის გადაბრუნება; აქ თვით სული უნდა შევაბრუნოთ ბინდისფერი დღიდან ჭეშმარიტებით გაბრწყინვებული დღისაკენ. ხოლო ამნაირ აღმასვლას ჩვენ, ალბათ, სიბრძნისკენ სწრაფვას ვუწოდებთ.

– რა თქმა უნდა.

– იქნებ ისიც გვენახა, მაინც რისი ცოდნა გვაძლევს ამის საშუალებას?

– აუცილებლად უნდა ვნახოთ.

– კი მაგრამ, გლავკონ, რა უნდა იყოს ეს ცოდნა, ქმნადობიდან ჭეშმარიტი არსებობის მიმართ რომ მიაქცევს სულს? თუმცა ამას რომ ვამბობ, სულ სხვა რამეზე ვფიქრობ. აკი ვთქვით, რომ ჩვენი ფილოსოფოსები სიჭაბუკისას მხნე მეომრებიც უნდა იყვნენ?

– დიახ, უკვე ვთქვით.

– მაშასადამე, ცოდნას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, გარდა აღნიშნულისა, სხვა უპირატესობაც უნდა ჰქონდეს.

– მაინც რა?

– რა და, სასარგებლო უნდა იყოს მეომრებისთვის.

– რა თქმა უნდა, თუკი ეს შესაძლებელია.

– კი მაგრამ, ისიც ხომ ითქვა, რომ მათ გიმნასტიკური და მუსიკური ხელოვნების მეშვეობით უნდა ვზრდიდეთ?

– დიახ, ესეც ითქვა.

– მერედა, გიმნასტიკა ხომ იმას ეხება, რაც იბადება და კვდება? რადგანაც მასზეა დამოკიდებული ძალის მატებაც და კლებაც.

– რა თქმა უნდა.

– მაშ, სწორედ ესაა, რასაც ვეძებთ?

– არა.

– ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი მუსიკური ხელოვნება ხომ არ არის?

– მაგრამ, თუ გახსოვს, – თქვა მან, – ჩვენი ადრინდელი მტკიცებით ის ერთგვარად უპირისპირდება გიმნასტიკას, რამდენადაც აყალიბებს მცველების ზნეს, ჰარმონიის მეშვეობით ჰარმონიულ წონასწორობას რომ ანიჭებს მათ, რიტმის მეშვეობით კი – ევრითმიას, მაგრამ არა ცოდნას. ასეთივეა მისი ზემოქმედება სიტყვიერების დარგშიაც, გინდ მითიურ თქმულებებს ეხებოდეს საქმე და გინდ ნამდვილ ამბებს; მაგრამ ის ცოდნა, სიკეთისაკენ რომ მიგვიძღვის, ცოდნა, რომელსაც ამჟამად ეძებ, უცხოა მუსიკური ხელოვნებისთვის.

– სწორედ რომ დროზე გამახსენე; მართლაცდა, ამგვარი ხომ არა გვითქვამს რა. მაგრამ, ჩემო დიდებულო გლავკონ, სად უნდა იყოს ეს ცოდნა, რაკიღა ყველა ხელოვნება მხოლოდ ტლანქი ხელობა გამოდგა?

– რა მოგახსენო? ანკი რა ცოდნაღა გვრჩება, თუ მუსიკასაც უკუვაგდებთ, გიმნასტიკასაც და სხვა ხელოვნებასაც.

– კეთილი, – ვთქვი მე, – თუკი მათ გარდა აღარაფერი გვაქვს, მაშინ ის მაინც ავიღოთ, რაც ყველაფერზე ვრცელდება.

– მაინც რა?

– თუნდაც ის, რასაც ყველა ხელოვნება იყენებს, ისევე, როგორც აზროვნება და მეცნიერება; ის, რასაც ყოველი ჩვენგანი ყველაზე ადრე უნდა სწავლობდეს.

– რას გულისხმობ?

– ისეთს არაფერს; მხოლოდ იმას, რისი მეშვეობითაც ერთმანეთისაგან ვასხვავებთ ერთს, ორსა თუ სამს; მოკლედ რომ ვთქვათ, თვლისა და ანგარიშის ხელოვნებას, რის გარეშეც ვერც ერთი ხელოვნება, ვერც ერთი მეცნიერება ვერ გავა ფონს; ასეა, არა?

– რა თქმა უნდა.

– ვერც საომარი ხელოვნება?

– ვერა.

– მართლაცდა, განა პალამედესი, გამოჩნდება თუ არა ტრაგედიებში, ნამდვილ პამპულად არ წარმოგვიჩენს მხედართმთავარ აგამემნონს? ნუთუ არ დაჰკვირვებიხარ, რომ ანგარიშის ეს გამომგონებელი თვითონვე გვიცხადებს, როგორ დააწყო რაზმებად და ილიონის გალავანთან საიერიშოდ განალაგა ლაშქარი, როგორ დათვალა ხომალდები და სხვა დანარჩენი, თითქოს მანამდე არავის დაეთვალოს. აგამემნონმა კი, ეტყობა, ისიც არ იცოდა, თუ რამდენი ფეხი ჰქონდა, რაკიღა თვლა არ შეეძლო. ჰოდა, თავად განსაჯე, როგორი მხედართმთავარი უნდა ყოფილიყო.

– როგორი და, ბრიყვი, თუკი ეს მართალია.

– ვაღიარებთ თუ არა, რომ მხედართმთავარი აუცილებლად უნდა ფლობდეს თვლისა და ანგარიშის მეცნიერებას?

– აუცილებლად, თუკი სურს ცოტა რამ მაინც ესმოდეს საომარი ხელოვნებისა; მეტიც, საერთოდ, თუ სურს იყოს ადამიანი.

– მაგრამ თვითონაც თუ იზიარებ ჩემს აზრს ამ მეცნიერების შესახებ?

– კერძოდ?

– ვეცდები აგიხსნა, – ვუთხარი მე, – მაგრამ რაკი ჩემთვისვე ვცდილობ განვასხვავო ერთმანეთისგან, რას მივყავართ ამ მიზნისაკენ და რას არა, ჩემთან ერთად განიხილე ეს და პირდაპირ მითხარი, მეთანხმები თუ არა, რათა უფრო ნათელი გახდეს, რამდენად სწორია ჩემი ვარაუდი.

– მაშ, გზა მიჩვენე.

– გიჩვენებ, თუ გსურს ამ გზას მისდიო. ზოგი რამ ჩვენს შეგრძნებებში შემდგომი განხილვისათვის არ აღძრავს გონებას, რადგანაც საამისოდ საკუთრივ შეგრძნებაც კმარა, ზოგი კი გადაჭრით მოითხოვს განხილვას, რადგანაც შეგრძნება სანდოსა და საიმედოს არას გვთავაზობს.

– ცხადია, შენ გულისხმობ შორიდან დანახულ საგნებს და შუქ-ჩრდილის თამაშს.

– ვერც ისე კარგად მიმიხვდი.

– მაშ, რას გულისხმობ?

– გონებას განსახილველად არ აღძრავენ ის საგნები, რომლებიც ერთდროულად არ იწვევენ ორ ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებას, და, პირიქით, განხილვას მოითხოვენ საგნები, რომლებიც ამნაირ შეგრძნებებს იწვევენ, ვინაიდან, ახლოდან აღვიქვამთ მათ თუ შორიდან, შეგრძნება სულაც არ გვიჩვენებს, რომ საგანი ასეთი და ასეთი უფროა, ვიდრე ისეთი. თუმცა შენ უკეთ გამიგებ, თუ შემდეგი მაგალითით აგიხსნი ამას: ავიღოთ ეს სამი თითი – ნეკი, საჩვენებელი და შუა თითი.

– კეთილი, – თქვა მან.

– თვითეული მათგანი თითია და, ამ მხრივ, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, სულერთია, შუა ნაწილს უყურებ თუ კიდურას, თეთრია ის თუ შავი, წვრილი თუ მსხვილი და ასე შემდეგ. არც ერთ ამ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობის სული იძულებული არ არის აზროვნებას მიმართოს კითხვით – მაინც რა არის თითი? ვინაიდან მზერას არასოდეს უჩვენებია მისთვის, რომ თითი შეიძლება სხვა რამეც იყოს, გარდა თითისა.

– რა თქმა უნდა, არა.

– მაშასადამე, სავსებით ბუნებრივია, რომ აქ შეგრძნება აზროვნებას არ მიმართავს და არც აღვიძებს მას.

– დიახ, სავსებით ბუნებრივია.

– კი მაგრამ, თვალი ასევე კარგად არჩევს, დიდია თითი თუ პატარა, ხოლო მზერისთვის სულერთია შუა თითი და კიდურა? ან შეხებით თუ შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ, წვრილია თითი თუ მსხვილი, რბილი თუ მკვრივი? და განა იგივე არ ითქმის დანარჩენ შეგრძნებათა მიმართაც? გრძნობა, რომლის დანიშნულებაც სიმკვრივის შეგრძნებაა, იმავდროულად უნდა აღიქვამდეს სირბილესაც, და ამიტომაც აუწყებს სულს, რომ ერთსა და იმავე საგანს ის აღიქვამს როგორც მკვრივს და როგორც რბილსაც.

– ასეა, – თქვა მან.

– მაგრამ ამ შემთხვევაში სული თავის მხრივ, იბნევა და აღარ იცის, რას ნიშნავს სიმკვრივის ეს შეგრძნება, რომელიც ერთსა და იმავე საგანს მკვრივადაც აღიქვამს და რბილადაც. და განა იგივე არ ითქმის სიმძიმისა და სიმსუბუქის შეგრძნებაზედაც, რომელიც იუწყება, რომ მძიმე მსუბუქია, მსუბუქი კი – მძიმე?

– ყველა ამნაირი უწყება უცნაურია სულისთვის და, რა თქმა უნდა, განხილვას მოითხოვს.

– ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ საგონებელში ჩავარდნილი სული განსჯასა და აზროვნებას მოუხმობს მწედ, რათა, უწინარეს ყოვლისა, გაარკვიოს, ყოველი ასეთი უწყება ერთ საგანს ეხება თუ ორს.

– რა თქმა უნდა.

– და თუ გაირკვა, რომ ეს ორი საგანია, თვითეული მათგანი ერთადაც ეჩვენება და მეორისგან განსხვავებულადაც?

– დიახ.

– ხოლო თუ თვითეული მათგანი ერთად ეჩვენება, ორივე კი — ორად, ის მათ ერთმანეთისაგან განცალკევებით აღიქვამს, რადგანაც განცალკევებულნი რომ არ იყვნენ, ორად კი არ აღიქვამდა მათ, არამედ – ერთად.

– მართლაც.

– მაგრამ მზერა, ჩვენი მტკიცებით, ცალ-ცალკე კი არ აღიქვამს დიდს და პატარას, არამედ – ერთად შერწყმულთ; ასეა, არა?

– დიახ.

– და ნათელი რომ მოჰფინოს ამას, აზროვნება იძულებულია ერთად შერწყმული სახით კი არ განიხილოს დიდი და პატარა, არამედ ერთიმეორისგან განცალკევებით, ესე იგი, მზერის საპირისპიროდ იქცევა.

– ჭეშმარიტად.

– მერედა, განა სწორედ ამის გამო არ გვებადება კითხვა: მაინც რა არის ეს დიდი და პატარა?

– სწორედ ამის გამო.

– ასე რომ, ერთს გონით საწვდომს ვუწოდებთ, მეორეს კი – გრძნობით აღქმადს.

– მართალს ბრძანებ.

– სწორედ ამას ვგულისხმობდი წეღან, როცა ვამბობდი: ზოგი რამ გონების ქმედითობას იწვევს, ზოგი კი – არა-მეთქი. ის, რაც ჩვენს გრძნობებზე ზემოქმედებისას თავის საპირისპიროსთან ერთად მოქმედებს, აზრის გამომწვევად დავსახე, ხოლო რაც ამნაირად არ მოქმედებს, არც აღვიძებს აზრს.

– ახლა კი მესმის და მართებულად მიმაჩნია შენი ნათქვამი.

– კი მაგრამ, ამ ორთაგან რომელს მიაკუთვნებენ რიცხვსა და ერთს?

– ვერ გეტყვი.

– მაშინ ზემოთქმულიდან გამოიტანე დასკვნა. თუ თავისთავადი ერთი საკმაოდ ცხადად აღიქმება მზერით ან რომელიმე სხვა გრძნობით, მაშინ სულში არ აღიძვრის იმისკენ სწრაფვა, რომ ახსნას მისი არსი, როგორც თითის მაგალითზე გიჩვენე ზემოთ. მაგრამ თუ ერთის აღქმა ყოველთვის გარკვეულ წინააღმდეგობას შეიცავს, ისე, რომ ერთი მარტოოდენ ერთად კი არა, თავის საპირისპიროდაც წარმოგვიჩნდება, აქ უკვე საჭირო ხდება განსჯა: საგონებელში ჩავარდნილი სული იძულებულია ეძებოს, თვითონვე აღძრას აზრი და თავის თავს ჰკითხოს – რა შეიძლება იყოს ერთი თავისთავად? ამრიგად, ერთის წვდომა არსის ჭვრეტად მიაქცევს სულს.

– ერთის აღქმა ჩვენში მართლაც ამ განცდებს იწვევს, რადგანაც ერთსა და იმავე საგანს ერთადაც აღვიქვამთ და უსასრულოდ მრავლადაც.

– მერედა, რაც ითქვა ერთზე, განა იგივე არ ითქმის ყველა სხვა რიცხვზედაც?

– რა თქმა უნდა.

– მაგრამ არითმეტიკა და ანგარიში ხომ მთლიანად რიცხვებს ეხება?

– დიახ.

– მაშასადამე, სწორედ მათ მივყავართ ჭეშმარიტებისაკენ.

– ასეა, – თქვა მან.

– მაგრამ ჩვენი მცველი ხომ ერთდროულად მეომარიცაა და ფილოსოფოსიც?

– დიახ.

– ამიტომ ეს ცოდნა სავალდებულო უნდა გავხადოთ, გლავკონ, და დავარწმუნოთ ყველა, ვისაც სურს უმაღლესი თანამდებობები დაიკავოს სახელმწიფოში, ანგარიშის ხელოვნებას დაეუფლონ, მაგრამ ზერელედ კი არა, არამედ მანამდე განაგრძონ სწავლა, ვიდრე წმინდა აზროვნებით არ შეიცნობენ რიცხვის ბუნებას, ოღონდ აღებ-მიცემობის გულისთვის კი არა, როგორც იქცევიან ვაჭრები და სოვდაგრები, არამედ საომარი მიზნებისა და იმის გულისთვის, რომ სულს ქმნადობის სამყაროდან ჭეშმარიტებისა და არსის მიმართ მიქცევა გაუადვილონ.

– დიდებულად მსჯელობ.

– და მართლაც, ახლა, ანგარიშის ხელოვნების განხილვის შემდეგ, თვალნათლივ ვხედავ, რა დახვეწილი და მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენი განზრახვისათვის, თუკი მას შემეცნების მიზნით ეუფლებიან და არა ვაჭრებივით.

– მაინც რითია სასარგებლო?

– იმით, რაზედაც ახლახანს ვლაპარაკობდით: გავიხსენოთ, რა ძალით მიაქცევს სულს უზენაესი სამყაროს მიმართ და აიძულებს თავისთავად რიცხვებზე იმსჯელოს, ისე, რომ ამ მსჯელობაში არამც და არამც არ ჩართოს ხილულ და ხელშესახებ საგანთა შესაბამისი რიცხვები. ხომ მოგეხსენება, როგორ დასცინიან ამ მეცნიერებაში გაწაფულნი და ზიზღით უარყოფენ ყოველგვარ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს ნაწილებად დაყონ ერთი თავისთავად, მაგრამ თუ მაინც დაყოფ, ისინი კვლავ გააერთიანებენ მათ, რათა ერთი კვლავ ერთად ჩანდეს და არა ნაწილთა სიმრავლედ.

– მართალს ბრძანებ.

– როგორ გგონია, გლავკონ, მათთვის რომ გვეკითხა: ო, საოცარნო, რომელ რიცხვებზე ლაპარაკობთ, იმათზე ხომ არა, რომლებშიაც ერთი მართლაც ისეთია, როგორც თქვენ ფიქრობთ, ესე იგი, ყოველი ერთი ყველა სხვა ერთის ტოლია, არაფრით არ განსხვავდება მისგან და არავითარი ნაწილები არ გააჩნია?

– დიახ, როგორ გგონია, რას გვეტყოდნენ პასუხად?

– მე თუ მკითხავ, ისინი იმნაირ რიცხვებზე ლაპარაკობენ, რომელთა წვდომაც მხოლოდ აზრით თუ შეიძლება და სხვა გზით ვერანაირად ვერ მიუდგები.

– ხომ ხედავ, ჩემო კეთილო, ეს მეცნიერება შეიძლება მართლაც აუცილებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, რამდენადაც აიძულებს სულს წმინდა აზროვნებას მიმართოს თავისთავადი ჭეშმარიტების გულისთვის.

– თანაც რა კარგად ახერხებს ამას.

– მაგრამ თუ შეგიმჩნევია, რა ადვილად ითვისებენ ყველა სხვა მეცნიერებას გამოთვლის ნიჭით დაჯილდოებულნი? თვით ისინიც კი, ძალიან მძიმედ რომ აზროვნებენ, გამოთვლის ხელოვნებაში სათანადო წვრთნისა და გაწაფვის შემდეგ, სხვას თუ არაფერს, იმის უნარს მაინც იძენენ, რომ სხვებზე გაცილებით უფრო ადვილად ეუფლებოდნენ ცოდნას.

– ასეა, – თქვა მან.

– თანაც, ჩემი აზრით, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა საგანი, რომლის დაუფლებაც უფრო მეტ შრომას მოითხოვდეს ჩვენგან.

– რა თქმა უნდა.

– ყოველივე ამის გამო ვერასდიდებით ვერ უგულებელვყოფთ ამ მეცნიერებას; პირიქით, მისი მეშვეობით უნდა აღვზარდოთ საუცხოო ბუნებრივი მონაცემებით დაჯილდოებულნი.

– გეთანხმები.

– მაშასადამე, ესაა ჩვენს მიერ აღიარებული პირველი მეცნიერება; ახლა კი მეორეც განვიხილოთ, რომელიც პირველს უკავშირდება და ვნახოთ, საჭიროა თუ არა ჩვენთვის.

– გეომეტრიას ხომ არ გულისხმობ?

– დიახ, სწორედ გეომეტრიას.

– რამდენადაც ის გამოიყენება სამხედრო საქმეში, – თქვა მან, – რა თქმა უნდა, გვჭირდება. ბანაკის გაშლა იქნება, ხელსაყრელი ადგილის დაკავება, ლაშქრის დარაზმვა თუ გაშლა, ან სხვა საომარი მოქმედებები როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჯარის გადაადგილებისას, – ყოველივე ამას გეომეტრიის მცოდნე მხედართმთავარი გაცილებით უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე არმცოდნე.

– მაგრამ ამისთვის საკმარისი იქნებოდა გეომეტრიის სულ უმნიშვნელო ნაწილისა და ანგარიშის ცოდნაც. ჩვენ კი გვმართებს განვიხილოთ მისი უმთავრესი ნაწილი, გაცილებით უფრო ფართოდ რომ გამოიყენება, რათა დავრწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა ის ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, ან რამდენად გვიწყობს ხელს იმაში, რომ უფრო ადვილად ვჭვრეტდეთ სიკეთის იდეას. რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს, ვამტკიცებთ ჩვენ, რამდენადაც აიძულებს სულს მიიქცეს იმ სამყაროს მიმართ, რომელიც არის სავანე არსთა შორის უნეტარესი არსისა, ვის ხილვასაც დაუოკებლად უნდა მიელტვოდეს ყველა ჩვენგანი.

– მართალს ბრძანებ.

– მაშასადამე, თუ გეომეტრია ჭეშმარიტი არსის ჭვრეტად მიგვაქცევს, ის საჭიროა ჩვენთვის, ხოლო თუ ქმნადობის ჭვრეტად – არა.

– ცხადია.

– მაგრამ ვისაც ცოტა რამ მაინც გაეგება გეომეტრიისა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ ეს მეცნიერება აშკარად უპირისპირდება იმ ენას, რომელსაც იყენებენ მისი მიმდევრები.

– როგორ?

– ეს ენა ძალზე სასაცილოა და უცნაური; რადგანაც ისინი პრაქტიკოსებივით ლაპარაკობენ და მხოლოდ პრაქტიკულ მიზნებს ისახავენ. ამიტომაც ერთავად ეს აკერიათ პირზე – „ავაგოთ ოთხკუთხედი“, „დავუშვათ მოცემულ ხაზზე“, „მივუმატოთ“ და ასე შემდეგ. არადა, ამ მეცნიერების მიზანი შემეცნებაა.

– რა თქმა უნდა.

– ერთშიაც ხომ არ შევთანხმდეთ?

– რაში?
– მისი მიზანი მარადიული არსებობის შემეცნებაა და არა იმისა, რაც იბადება და კვდება.

– გეთანხმები; გეომეტრია მართლაც მარადიული არსებობის შემეცნებაა.

– მაშასადამე, ის, ჩემო კეთილშობილო, ჭეშმარიტებისაკენ მიაქცევს სულს და ფილოსოფიურ აზრს აღვიძებს მასში, რის შედეგადაც ზეგრძნობადი სამყაროს საგნებისკენ მიმართავს ჩვენს მზერას, რომელიც ახლა, შეცდომით, გრძნობადი საგნებისკენ გვაქვს მიმართული.

– გეომეტრია ამ მხრივ მართლაც რომ დიდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე.

– ამიტომაც უნდა დავავალდებულოთ კალლიპოლისის მკვიდრნი, არამც და არამც არ უგულებელყონ ფილოსოფია, რომლისთვით გამოყენებით ნაწილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

– კერძოდ?

– კერძოდ, იმას, რაზედაც შენ ლაპარაკობდი: მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია სამხედრო საქმეში და ბევრ სხვა დარგშიაც, ვისაც სურს საფუძვლიანად დაეუფლოს მათ. ჩვენ ხომ ვიცით, რა უზარმაზარი განსხვავებაა გეომეტრიის მცოდნეთა და არმცოდნეთა შორის.

– უზარმაზარი, ვფიცავ ზევსს.

– მაშასადამე, ესაა მეორე მეცნიერება, რომლის შესწავლასაც დავავალებთ ჩვენს ჭაბუკებს?

– დიახ.

– კეთილი; მაშინ მესამე ადგილს მივუჩენთ ასტრონომიას; რას იტყვი?

– გეთანხმები, რადგანაც წელიწადის დროების, თვეებისა თუ წლების მონაცვლეობაზე დაკვირვება სასარგებლოა არა მარტო მიწათმოქმედისა თუ ზღვაოსნის, არამედ მხედართმთავრისთვისაც.

– რა კარგი ვინმე ხარ, – ვუთხარი მე, – კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ გეშინია, ვაითუ ვინმემ დამწამოს, ფუჭი მეცნიერებების შესწავლას ავალებ ხალხსო. არადა, თუმცა ძნელი კია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირწმუნო, რომ ის მეცნიერებები, რომლებზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თითქოს წმენდენ და სიცინცხლეს უბრუნებენ ადამიანის სულის გარკვეულ უნარს, რომელსაც ბევრი სხვა საქმიანობა აბლაგვებს და აჩლუნგებს, თუმცა მისი სისაღის შენარჩუნება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ათასი თვალის ქონა, რადგანაც მხოლოდ მისი მეშვეობით თუ იხილავ ჭეშმარიტებას. ვინც ამ აზრს იზიარებს, ალბათ, იტყვის, რომ მშვენივრად მსჯელობ, ხოლო ვისაც ამის წარმოდგენაც არ შეუძლია, ის, რა თქმა უნდა, იფიქრებს, რომ სისულელეს როშავ, რადგანაც დარწმუნებულია, რომ თუ მეცნიერება პრაქტიკულად უსარგებლოა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს. მაშ, ამთავითვე გადაწყვიტე, ამ ორი სხვადასხვა შეხედულების მქონე მსმენელიდან მაინც რომელს მიმართავ? თუ არც ერთის აზრს უწევ ანგარიშს და არც მეორისას და მხოლოდ შენთვის მსჯელობ? მაგრამ მაშინ იმის საწინააღმდეგო რა უნდა გქონდეს, რომ ვინმემ ამ შენი მსჯელობიდან თავისთვის სასარგებლო დასკვნა გამოიტანოს?

– მე მირჩევნია, აი, ასე, კითხვა-პასუხის საშუალებით ვმსჯელობდე, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის.

– მაშინ უკან დაიხიე, – ვუთხარი მე, – რადგანაც წეღან არასწორად ავირჩიეთ გეომეტრიის მომდევნო საგანი.

– როგორ? – იკითხა მან.

– სიბრტყეების შემდეგ ჩვენ ავიღეთ წრიულად მბრუნავი მყარი სხეულები, თუმცა ჯერ თავისთავად უნდა განგვეხილა ისინი, რადგანაც უფრო სწორი იქნებოდა ორი განზომილების შემდეგ მესამეს მივდგომოდით: მე ვგულისხმობ კუბებისა და სიღრმის მქონე ყველა სხვა სხეულის განზომილებას.

– სწორია, სოკრატე, – თქვა მან, – მაგრამ მე მგონია აქ ჯერ კიდევ არაფერი აღმოუჩენიათ.

– ორი სხვადასხვა მიზეზის გამო: ჯერ ერთი არც ერთ სახელმწიფოში ამ მეცნიერებას სათანადოდ არ აფასებენ, და რაკი ძალიან ძნელია, ამიტომ სუსტადაა განვითარებული. ეგეც არ იყოს, მკვლევართათვის აუცილებელია ხელმძღვანელი, ვის გარეშეც მათი შრომა წყალში იყრება. მაგრამ ხელმძღვანელის პოვნა ადვილი საქმე როდია, თუმცა კიდევაც რომ იპოვნონ, თვით სწავლულები დღევანდელ ვითარებაში ისე არიან გაზულუქებულნი, რომ მაინც არ დაემორჩილებიან, მაგრამ მთელი სახელმწიფო ზრუნვას რომ არ აკლებდეს ამ მეცნიერებას და მხარს უჭერდეს ხელმძღვანელობას, მაშინ არა მარტო დაემორჩილებოდნენ, არამედ გამუდმებული და მკაცრი სიზუსტით წარმართული კვლევა-ძიების წყალობით ნათელსაც მოჰფენდნენ ბევრ საკითხს, ვინაიდან თვით დღესაც კი, როცა მას ზიზღით უყურებს ბრბო და გასაქანს არ აძლევს იმ მკვლევართა უმრავლესობა, რომელთაც თვითონ არ ესმით მისი მნიშვნელობა, ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ვითარდება, იმდენად მომნუსხველია მისი ხიბლი. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჯერჯერობით ამ დღეში ვხედავთ.

– მართლაცდა, მასში ბევრი რამაა მომნუსხველი. მაგრამ უფრო ნათლად ამიხსენი, რასაც ახლახანს მეუბნებოდი. შენ ჯერ დაასახელე გეომეტრია, ანუ სიბრტყეთა შემსწავლელი მეცნიერება, არა?

– დიახ.

– მერე კი – ასტრონომია, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიე.

– მე მინდოდა სასწრაფოდ განმეხილა ყველაფერი, მაგრამ რომ იტყვიან, მოჩქარეს მოუგვიანდესო, სწორედ ისე გამომივიდა. ეგეც არ იყოს, გეომეტრიას უშუალოდ ის მეცნიერება მოსდევს, სამგანზომილებიან სხეულებს რომ შეისწავლის, მაგრამ რაკი მისი დღევანდელი მდგომარეობა ძალზე არასახარბიელოა, ამიტომაც გვერდი ავუარე და პირდაპირ ასტრონომიაზე, ანუ მყარ სხეულთა მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებაზე გადავედი.

– მართალს ბრძანებ.

– ასე რომ, მეოთხე ადგილას ჩვენ დავაყენებთ ასტრონომიას; დღესდღეობით ის, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია, მაგრამ კვლავ აღორძინდება, თუკი სახელმწიფო მიაქცევს ყურადღებას.

– რა თქმა უნდა; მაგრამ რაკი წეღან მისაყვედურე, სოკრატე, რომ მე უგერგილოდ განვადიდე ასტრონომია, ამიტომ ახლა ვეცდები, შენ რომ მოგეწონება, ისე შევაქო. მე მგონია, ყველასთვის აშკარაა, რომ ის აიძულებს სულს მაღლა მიმართოს მზერა და მიწიდან ზეცისკენ მიუძღვის მას.

– იქნებ ყველასთვის აშკარაა, მაგრამ ჩემთვის კი არა.

– როგორ?

– თუ ასტრონომიას იმათი თვალსაზრისით შევხედავთ, ფილოსოფიურ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ მას, მაშინ ის მაღლა კი არა, პირიქით, დაბლა მიმართავს მზერას.

– რას გულისხმობ? – იკითხა მან.

– მე თუ მკითხავ, მშვენივრად ჩამოაყალიბე შენი წარმოდგენა უზენაესი სამყაროს შემსწავლელი მეცნიერების შესახებ. ალბათ, იმასაც ფიქრობ, რომ თუ კაცი თავს უკან გადაიგდებს, მოხატულ ჭერს მიაშტერდება და მისი შემყურე რაღაცას მაინც ამოიცნობს, ამას გონებით ახერხებს და არა მზერით. ჩემნაირ გულუბრყვილოს კი ვერასდიდებით ვერ დააჯერებ, თითქოს სულს სხვა რამე მიაქცევს უზენაესი სამყაროს მიმართ, გარდა იმ მეცნიერებისა, რომლის საგანიც არსი და უხილავი სინამდვილეა. მაგრამ თუ რაიმე გრძნობადის შესაცნობად პირდაღებულნი შესციცინებენ ცას, ან თვალმოჭუტულნი აშტერდებიან მიწას, ვერაფერსაც ვერ შეიცნობენ, რადგანაც არავითარი გრძნობადი შემეცნების საგნად არ გვევლინება, და სული, ამ შემთხვევაში, მაღლა კი არ იყურება, არამედ – დაბლა,მთუნდაც გულაღმა იწვე მიწაზე, ან ზურგულით მიაპობდე ზღვას.

– მაგრად კი მომდექი, თუმცა ახია ჩემზე. მაგრამ შენი აზრით, დღევანდელობისაგან განსხვავებით, როგორ უნდა სწავლობდნენ ასტრონომიას, რათა მისი შესწავლა სასარგებლო იყოს ჩვენი მიზნისთვის?

– აი, როგორ: ცის თაღის მომხიბლავ სამკაულებს ჩვენ უნდა აღვიქვამდეთ ყველაზე ნატიფ და თვალწარმტაც სამშვენისებად ამნაირ საგანთა შორის; მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მივლენ იმ უხილავ სამკაულთა სრულქმნილებასთან, თავიანთი მოძრაობითა და ამ მოძრაობის ჭეშმარიტი სისწრაფით თუ სიზანტით, თავიანთი ჭეშმარიტი ფორმითა თუ თანაფარდობით რომ ამოძრავებენ ყველაფერს, რასაც ცის თაღი მოიცავს. ყოველივე ეს მზერით კი არა, მხოლოდ გონებით და წმინდა აზრით მიიწვდომება; თუმცა იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ?

– არამც და არამც.

– მაშასადამე, ციურ სამკაულებს ისე უნდა ვიყენებდეთ უზენაესი სამყაროს შესაცნობად, როგორც გამოიყენებდა კაცი დედალოსისა თუ სხვა რომელიმე დიდოსტატის უებრო ხელოვნებით შექმნილ ნახაზებს, შემთხვევით რომ ჩავარდნოდა ხელში: გეომეტრიის მცოდნე ერთი შეხედვითაც აღიქვამდა მათ განსაცვიფრებელ სინატიფეს და სრულყოფილებას, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყოფოდა, თუ ვინმე დააპირებდა მათი მიხედვით შეეცნო ტოლობის, გაორმაგების თუ სხვაგვარ თანაფარდობათა ჭეშმარიტი ბუნება.

– მართლაც რომ სასაცილო იქნებოდა.

– მერედა, შენი აზრით, განა ჭეშმარიტი ასტრონომიც ამასვე არ განიცდიდა ვარსკვლავთა მოძრაობაზე დაკვირვებისას? მისთვისაც ცხადი იქნებოდა, რომ ცაც და ყოველივე ციურიც დემიურგოსმა უსრულყოფილესად მოაწესრიგა, მაგრამ რაც შეეხება დღის მიმართებას ღამისადმი, დღე-ღამისას – თვისადმი, თვისას – წლისადმი, ხოლო ვარსკვლავებისას – ყოველივე ამისა და ერთმანეთისადმი, როგორ გგონია, განა ის უაზრობად არ მიიჩნევდა არა მარტო იმის მტკიცებას, რომ ყველა ეს მიმართება მუდამ ერთი და იგივეა და არასოდეს არ იცვლება, არამედ იმის თავგამოდებულ მცდელობასაც, რომ აქ ჭეშმარიტებისათვის მიეღწიათ, მაშინ როდესაც ზემოხსენებული მიმართებები ხილულ და სხეულებრივ საგანთა მიმართებებია?

– ყველაფერს ვეთანხმები, რაც ახლა მოვისმინე.

– ასე რომ, ასტრონომიასაც ისევე შევისწავლით, როგორც გეომეტრიას, ზოგად პრობლემათა მოშველიებით, და არც კი შევეხებით ციურ მოვლენებს, თუკი გვსურს სათანადოდ დავეუფლოთ ასტრონომიას და, ამრიგად, გამოვიყენოთ თავისი ბუნებით გონივრული და ჯერ კიდევ გამოუყენებელი ნაწილი ჩვენი სულისა.

– გვარიანად კი ართულებ ასტრონომების ამოცანას იმასთან შედარებით, რასაც ისინი დღეს აკეთებენ.

– მე მგონია, ამასვე დავუწესებთ სხვა მეცნიერებებსაც, თუკი გვსურს ნამდვილი კანონმდებლები გვერქვას; მაგრამ თუ შეგიძლია ჩვენთვის საჭირო კიდევ ერთი მეცნიერებაც გამახსენო?

– ასე სახელდახელოდ არ შემიძლია.

– მოძრაობა, ჩემი აზრით, ერთი კი არა, ბევრი სხვადასხვა სახისასაა; მცოდნემ შეიძლება ყველაფერი ჩამოთვალოს, ჩვენ კი მხოლოდ ორი გვახსენდება.

– მაინც?

– გარდა ზემოხსენებულისა, არის კიდევ ერთი, მისი შესაბამისი.

– რომელს გულისხმობ?

– როგორც ჩვენი თვალი ასტრონომიისკენაა მიქცეული, ისე ყური – ჰარმონიულ თანახმიერებათა მოძრაობისკენ. ეს ორი მეცნიერება დები არიან, როგორც ამტკიცებენ პითაგორელები, და ჩვენც, გლავკონ, ალბათ, კვერს დავუკრავთ, არა?

– რა თქმა უნდა.

– რაკი ეს საკითხი არსებითია, ვეცდებით აქაც გავიზიაროთ მათი აზრი და სხვა მხრივაც, თუკი რაიმეს დასძენენ; მაგრამ, ასეა თუ ისე, მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებით.

– კერძოდ?

– ჩვენს აღსაზრდელებს არამც და არამც არ უნდა დავრთოთ რაიმე არასრულყოფილის ან იმის შესწავლის ნება, რასაც ჩვენს მიერ დასახული მიზნისაკენ არ მივყავართ, რომელსაც უნდა მიელტვოდეს ყველა; ამასვე ვამტკიცებდით წეღან ასტრონომიასთან დაკავშირებით. ნუთუ არ იცი, რომ ჰარმონიის მიმართაც იგივე შეცდომა მეორდება? აქაც, ვინ იცის, რამდენი შრომა იყრება წყალში, მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსები მარტოოდენ სმენით აღქმული ბგერების გაზომვითა და მათი ურთიერთშედარებით იფარგლებიან.

– სასაცილოა, ღმერთმანი! ისე ყურდაცქვეტილნი ლაპარაკობენ „სიხშირეებზე“, გეგონებათ მეზობლების საუბარს აყურადებენო. ზოგი ამტკიცებს, ორ ბგერას შორის შუათანასაც აღვიქვამთო; მათი აზრით, ესაა უმცირესი შუალედი, რომელსაც საზომად უნდა იყენებდნენ. ზოგს კი, პირიქით, ის წინა ბგერების მსგავსი ჰგონია; თუმცა ერთნიც და მეორენიც სმენას გონებაზე მაღლა აყენებენ.

– ეტყობა, იმ ყოჩაღ მუსიკოსებს გულისხმობ, მოსვენებას რომ არ აძლევენ სიმებს და თითქოს საწამებლად ახვევენ კოჭზე. შემეძლო გამეგრძელებინა სიტყვა და იმაზეც მელაპარაკა, როგორ ადანაშაულებენ სიმებს, რანაირად უხათქუნებენ ხემს, ხან გმობენ, ხან კი მათი ჟღერით თავს იწონებენ, მაგრამ აღარ გავაჭიანურებ და ერთს დავსძენ მხოლოდ: აქ მათზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ იმ ხალხს ვგულისხმობ, რომლებსაც წეღან შევთავაზეთ ჰარმონიაზე ემსჯელათ.

რადგან ისინი ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც ასტრონომები, რაკიღა რიცხვებს ეძებენ სმენით აღქმულ თანახმიერებებში, მაგრამ ზოგადი პრობლემის განხილვამდე კი ვერ მაღლდებიან და არც იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რომელი რიცხვები არიან ჰარმონიული და რომელი არა, ან რა იწვევს მათ შორის ამ განსხვავებას.

– განსაცვიფრებელ საქმეზე მსჯელობ.

– მართლაც რომ სასარგებლოა სიკეთისა და მშვენიერების საკვლევად, მაგრამ სრულიად უსარგებლოა, თუკი სხვა რამეს ვისახავთ მიზნად.

– რა თქმა უნდა.

– მე მგონია, თუ ჩვენს მიერ განხილული ყველა მეცნიერების შესწავლა მათ კავშირსა თუ ნათესაობას ცხადყოფს და იმასაც გვიმჟღავნებს, მაინც რა მხრივ უკავშირდებიან ერთმანეთს, – ისინი ხელს შეგვიწყობენ ჩვენს მიერ დასახული მიზნის მიღწევაში, თუ არა და, ტყუილად გავრჯილვართ.

– მეც ასე ვფიქრობ: მაგრამ ძალიან რთულ საკითხზე მსჯელობ, სოკრატე.

– საწყის ნაწილს გულისხმობ თუ სხვა რამესაც? ნუთუ არ იცი, რომ ყოველივე ეს მხოლოდ შესავალია იმ მელოდიისა, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ? თუ, შენი აზრით, ვინც ყველა ამ მეცნიერებაში გაწაფულია, ის არის დახვეწილი დიალექტიკოსიც?

– რა თქმა უნდა, არა, ვფიცავ ზევსს, ჩემს ნაცნობთა შორის იშვიათ გამონაკლისთა გარდა.

– კი მაგრამ, ვისაც არც ბჭობის თავი აქვს და არც მოსმენისა, განა ოდესმე შეიცნობს იმას, რისი ცოდნაც, ჩვენი აზრით, საჭიროა?

– ვერა, – თქვა მან.

– სწორედ ეს არის, გლავკონ, ის მელოდია, რომელიც გამოჰყავს დიალექტიკას. და თუმცა ის გონით საწვდომია, ხედვის უნარი ცდილობს მის მიბაძვას, მაგრამ ხედვა, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, თავდაპირველად მიელტვის ცოცხალ არსებათა, შემდეგ – ვარსკვლავების და ბოლოს – თვით მზის აღქმას. ხოლო როდესაც ვინმე ცდილობს დიალექტის გზით, გრძნობათა შემწეობის გარეშე, მარტოოდენ გონების მეოხებით ჩასწვდეს ყოველი საგნის არსს და ვერაფერი შეაჩერებს, ვიდრე აზრით არ ამაღლდება სიკეთის არსის წვდომამდე, მაშინ ის აღწევს გონით საწვდომი სამყაროს მწვერვალს, ისევე, როგორც ხედვის უნარი – ხილული სამყაროისას.

– მართალს ბრძანებ.

– მერედა, განა დიალექტიკურს არ უწოდებენ ამ გზას?

– რა თქმა უნდა.

– სწორედ ესაა ბორკილებისაგან თავდახსნა, ლანდებიდან – ხატებათა და სინათლის მიმართ მიქცევა, მიწისქვეშეთიდან – მზისკენ აღმასვლა, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ცოცხალ არსებათა, მცენარეთა და მზის შუქის ჭვრეტა, უმჯობესია ღვთაებრივ ანარეკლთა თუ ნამდვილ საგანთა ლანდების ციმციმს უმზერდე წყალში, ვიდრე ჩახჩახა მზის ხატის – ცეცხლის შუქით მღვიმის კედელზე მიფენილი ნამდვილი საგნების ხატებათა ლანდების ცეკვას. ამის უნარს კი გვანიჭებს ზემოხსენებულ მეცნიერებებში თავის გაწაფვა, ზეციური სინამდვილისა და არსთა შორის უსრულქმნილესის ჭვრეტად რომ მიაქცევს ჩვენი სულის ყველაზე მშვენიერ საწყისს, ისევე, როგორც ჩვენი სხეულის ყველაზე გამჭრიახი საწყისი – ჩვენი ხორციელი თვალი მაღლდება ამ ნივთიერ და ხილულ სინამდვილეში ყველაზე ნათელი საგნის ჭვრეტამდე.

– ეს, ჩემი აზრით, დასაშვებია, თუმცა ძალიან კი მიჭირს ამის დაშვება. მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ამის უარყოფა ჩანს ადვილი. ამიტომ – რაკი ამ საკითხს არა მარტო ახლა განვიხილავთ, არამედ შემდგომაც მრავალჯერ მივუბრუნდებით, – დავუშვათ, რომ საქმე მართლა ისეა, როგორც შენ ამბობ, საკუთრივ მელოდიაზე გადავიდეთ და ისევე განვიხილოთ იგი, როგორც მისი შესავალი განვიხილეთ. მაშ, გვითხარი, რა განასხვავებს დიალექტიკას, რა სახეებად განიყოფება, ან რა გზებს მისდევს იგი? რადგან ამ გზებს, როგორც ჩანს, იმ მიჯნამდე მივყავართ, რომლის მიღწევაც მოგზაურისთვის დასვენებას და მისი მგზავრობის დასასრულს მოასწავებს.

– მე კი მზადა ვარ, მაგრამ შენ რომ ვერ მომყვები, ჩემო ძვირფასო გლავკონ? არადა, იმის ხატებას კი არ იხილავდი, რაზედაც ახლა ვმსჯელობთ, არამედ – თვით ჭეშმარიტებას; ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. მართლა ასეა თუ არა ეს, ჯერჯერობით ნუ მოვყვებით ამის მტკიცებას; მაგრამ რაღაც ამდაგვარი რომ უნდა არსებობდეს, ეს კი შეგვიძლია დაჟინებით ვამტკიცოთ, არა?

– როგორც ჩანს.

– და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ მხოლოდ დიალექტიკა თუ უჩვენებს ამას ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მეცნიერებებში გაწაფულს, სხვა გზით კი ეს შეუძლებელია.

– ამის მტკიცებაც ღირს.

– ალბათ, ვერავინ შეგვედავება იმაში, რომ არ არსებობს სხვა მეცნიერება, მეთოდურად რომ ცდილობდეს მოიხელთოს ყოველი საგნის არსი, რადგანაც ყველა სხვა ხელოვნება თავის საგნად ან კაცთა ვნებებსა თუ შეხედულებებს სახავს, ან ყველაფრის წარმოშობასა თუ ურთიერთშერწყმას, ანდა ბუნებრივ თუ ხელოვნურ საგანთა დაცვას. რაც შეეხება დანარჩენ ხელოვნებებსა თუ მეცნიერებებს, რომლებიც, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, არსის გარკვეულ ნაწილს მაინც იხელთებენ, როგორც, მაგალითად, გეომეტრია და მისი მომდევნო მეცნიერებანი, ჩვენ ვხედავთ, რომ არსის მათეული აღქმა სიზმარეულ ჩვენებებს უფრო მოგვაგონებს, ცხადად კი ვერ ხედავენ და ვერც იხილავენ მას, ვიდრე, თავიანთ ვარაუდებს აყოლილნი, შეეცდებიან კვლავაც უცვლელად შეინარჩუნონ ისინი და მათი ღირებულების თაობაზე ანგარიშს ვერ ჩააბარებენ თავიანთ თავს. ვისაც საწყისის მაგივრობას უწევს ის, რაც არ იცის, ხოლო დანასკვად და შუალედურ წინადადებებად იყენებს ყოველივე იმას, რაც ერთმანეთს არ ერწყმის, შეიძლება ერთმანეთს კი მიუსადაგოს ისინი, მაგრამ აქედან ნამდვილად ვერ მიიღებს ცოდნას.

– ვერასდიდებით.

– მაშასადამე, დიალექტიკური მეთოდი ერთადერთია, ჰიპოთეზებს რომ უარყოფს და უშუალოდ პირველსაწყისამდე მაღლდება, რათა მყარად დააფუძნოს თავისი დასკვნები; ის თანდათან ათავისუფლებს ბარბაროსულ მწვირეში დანთქმულ სულიერ მზერას, რისთვისაც თანამგზავრებად და თანაშემწეებად იყენებს ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ხელოვნებებს, თუმცა ჩვეულების ძალით, ზოგჯერ მეცნიერებებად ვიხსენიებდით მათ; მაგრამ აქ სხვა სახელწოდება იყო საჭირო, უფრო ცხადი, ვიდრე „წარმოდგენა“, მაგრამ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე „მეცნიერება“. ზემოთ, აქა-იქ, „გონივრულ განსჯას“ ვუწოდებდით მას. თუმცა, ჩემის აზრით, რა დროს სახელწოდებებზე დავაა, როცა განსახილველად წინ გვიძევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ.

– მართლაც; მთავარია სახელწოდება ნათლად გამოხატავდეს იმას, რასაც აღნიშნავს.

– ასე რომ, წეღანდელისა არ იყოს, ჩვენთვის საკმარისი იქნება, თუ პირველ დანაყოფს მეცნიერებასა თუ ჭეშმარიტ ცოდნას ვუწოდებთ, მეორეს – გონივრულ განსჯას, მესამეს – რწმენას, მეოთხეს კი – მიმსგავსებას, ამ ორ უკანასკნელს, ერთად აღებულს, – წარმოდგენას, ხოლო პირველ ორს – აზროვნებას. წარმოდგენის საგანია ქმნადობა, აზროვნებისა კი – ჭეშმარიტი არსებობა. არსებობა ისე მიემართება ქმნადობას, როგორც აზროვნება – წარმოდგენას, და როგორც აზროვნება მიემართება წარმოდგენას, ისე მიემართება ცოდნა რწმენას, გონივრული განსჯა კი – მიმსგავსებას. ხოლო რაც შეეხება ორად გაყოფას – იმად, რასაც წარმოდგენით აღვიქვამთ და იმად, რასაც გონებით ვწვდებით, ისევე, როგორც თვითეულის მიმართებას მისი შესაბამისი საგნისადმი, ამის განხილვას შევეშვათ, გლავკონ, რათა თავიდან ავიცილოთ გაცილებით უფრო გრძელი მსჯელობა.

– მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რაც ახლა თქვი, რამდენადაც იმისი ძალი შემწევს, რომ შენ მოგდიო.

– მაშ, შენ დიალექტიკოსს უწოდებ იმას, ვისაც შეუძლია ყოველი საგნის არსს ჩასწვდეს? ხოლო ვისაც ამისი თავი არა აქვს, შენი აზრით, იმდენადვე აკლია ჭკუა, რამდენადაც არ შეუძლია თვითონვე გაიცხადოს ან სხვისთვის ცხადყოს ეს?

– რა თქმა უნდა.

– იგივე ითქმის სიკეთეზედაც. ვისაც არ შეუძლია ყოველივე დანარჩენისაგან განაცალკევოს და ასე განსაზღვროს სიკეთის იდეა; ვინც ისე მხნედ არ მიარღვევს დაბრკოლებებს, როგორც ბრძოლის ველზე, რათა უკუაგდოს ყველა საპირისპირო მოსაზრება, რომელიც არსის წვდომაზე კი არა, წარმოდგენაზეა დამყარებული; დიახ, ვინც ურყევ ლოგიკაზე დაყრდნობით შეუპოვრად არ მიიწევს წინ, ამნაირ კაცზე შენ, ალბათ, იტყვი, რომ ის არც ჭეშმარიტ სიკეთეს იცნობს და არც საერთოდ სიკეთეს; ხოლო თუ ის, ასე თუ ისე, მაინც ახერხებს მოიხელთოს სიკეთის ლანდი, წარმოდგენის მეოხებით ახერხებს და არა ცოდნის წყალობით. ამნაირი კაცი თვლემასა და სიზმარეულ ჩვენებებში ატარებს თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეს და გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებს, ისე ჩადის ჰადესში, რათა იქ სამუდამო ძილით იძინოს.

– ვფიცავ ზევსს, თამამად ვიტყვი ამას.

– მაგრამ, ადრე თუ გვიან, როცა მოგიწევს აღზარდო და განათლება მიაღებინო შენს შვილებს, რომლებსაც ჯერ მხოლოდ წარმოსახვით ელოლიავები, ალბათ, ნებას არ მისცემ მათ, ჯერ კიდევ შავი მონახაზებივით უნდილნი და უგუნურნი, მბრძანებლობდნენ და უმნიშვნელოვანეს საქმეებს წყვეტდნენ სახელმწიფოში.

– რა თქმა უნდა, არა.

– ალბათ, კანონით დაავალდებულებ მათ, უპირატესად იმნაირი განათლება შეიძინონ, რომლის წყალობითაც სრულყოფილად დაეუფლებიან კითხვა-პასუხის ხელოვნებას.

– დავავალდებულებ, შენთან ერთად.

– მაშ, ასე. ხომ არა გგონია, რომ დიალექტიკა აგვირგვინებს მთელ ცოდნას, და არ არსებობს ხელოვნება, რომელიც შეიძლებოდა მასზე მაღლა დაგვეყენებინა, რადგანაც ის არის ცოდნის უმაღლესი მწვერვალი.

– რა თქმა უნდა.

– ისღა დაგვრჩენია, განვსაზღვროთ, ვის აღვზრდით, ან როგორ აღვზრდით ამ გზით.

– ცხადია, – თქვა მან.

– თუ გახსოვს, რანაირი მმართველები ავირჩიეთ მათი პირველი არჩევისას?

– როგორ არ მახსოვს.

– კეთილი; მაშ, დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ სწორედ მათნაირი ხალხი უნდა ავირჩიოთ: სანდონი, მამაცნი და, შეძლებისდაგვარად, წარმოსადეგნი; უნდა ვეძიოთ არა მარტო კეთილშობილნი და დარბაისელნი, არამედ ამნაირი აღზრდისათვის სათანადო ნიჭით ცხებულნიც.

– რა ნიჭს გულისხმობ?

– სწავლაში გამჭრიახნი უნდა იყვნენ, ჩემო კეთილო, და ადვილად ეუფლებოდნენ ცოდნას. რადგანაც სულებს გაცილებით უფრო აკრთობს მეცნიერებათა სირთულე, ვიდრე გიმნასტიკური ვარჯიშებისა. ვინაიდან ტანჯვა-წამება, რასაც ცოდნის შეძენა მოითხოვს, მით უფრო მტკივნეულია სულისათვის, რომ სხეული არ იზიარებს მას.

– მართალს ბრძანებ.

– უნდა მოიძებნოს კარგი მეხსიერების მქონე ადამიანი, რომელიც დაუღალავიც იქნებოდა და შრომისმოყვარეც. თორემ როგორ გაუძლებს ფიზიკურ დატვირთვას და ამდენ სწავლასა და ვარჯიშს?

– ასეთის პოვნა გაგვიჭირდება, თუ ყოველნაირი ნიჭით არ იქნა დაჯილდოვებული.

– ჩვენი დროის შეცდომა, საიდანაც ფილოსოფიის არასაკმარისი დაფასება იღებს სათავეს, იმაში მდგომარეობს, რომ – ადრეც გვითქვამს – მას ისე არ უდგებიან, როგორც ის ამას იმსახურებს. ამ საქმეს ხელი ნამდვილებმა უნდა მოკიდონ და არა – ყალბისმქმნელებმა.

– რას გულისხმობ?

– პირველ რიგში, ის, ვინც ამ საქმეს მოკიდებს ხელს, შრომისმოყვარეობაში არ უნდა მოიკოჭლებდეს. ის არ უნდა იყოს ნახევრად შრომისმოყვარე და ნახევრად – ზარმაცი. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს უყვარს ტანვარჯიში, ნადირობა და ყოველივე, რაც სხეულს ავითარებს, მაგრამ არ უყვარს სწავლა, ძიება, არ არის ცნობისმოყვარე, პირიქით, ასეთი სიძნელეები მისთვის საძულველია. ისიც მოიკოჭლებს, ვისაც შრომისმოყვარეობა საპირისპირო მხარეს აქვს მიმართული.

– სრულიად მართალს ბრძანებ.

– ზუსტად ასევე, განა ჭეშმარიტებასთან მიმართებითაც სახიჩრად არ მივიჩნევთ სულს, რომელსაც ისე ძალიან სძულს ნებსითი სიცრუე, რომ ზიზღის გარეშე ვერც თავის თავში იტანს მას და ვერც სხვაში – აღშფოთების გარეშე, მაგრამ მაინც დასაშვებად მიაჩნია უნებური სიცრუე და არავითარ აღშფოთებას არ ავლენს მის მიმართ, არამედ ისე გორავს თავის საკუთარ უმეცრებაში, როგორც ღორი – წუმპეში.

– რა თქმა უნდა.

– რაც შეეხება კეთილგონიერებას, სიმამაცეს, დიდსულოვნებას და სიქველის ყველა სხვა სახეს, არანაკლები დაკვირვება სჭირდება იმას, რომ უკეთურისაგან გაარჩიო კეთილშობილი. ვინც მათ გარჩევას ვერ შესძლებს, სულერთია, სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, ამა თუ იმ საჭიროებისათვის ისე მიიწვევს კოჭლებსა და უკეთურებს, ვის – მეგობრებად და ვის – მმართველებად, რომ თვითონ ვერც კი შენიშნავს ამას.

– ჩვეულებრივ, ასედაც ხდება.

– ჩვენ კი სწორედ ამას უნდა ვერიდოთ. თუ ცოდნის დასაუფლებლად და სხეულის გასაკაჟებლად სულითა და ხორცით ჯანსაღ ხალხს შევარჩევთ, თვით სამართლიანობაც კი ვერაფერს გვისაყვედურებს და ჩვენ ურღვევად შევინარჩუნებთ სახელმწიფოს მთლიანობასაც და მის წყობილებასაც. ხოლო თუ საამისოდ უღირს ხალხზე შევაჩერებთ არჩევანს, საქმე უკუღმა წაგვივა და კიდევ უფრო მწარე დაცინვის საგნად ვაქცევთ ფილოსოფიას.

– მართლაც რომ სირცხვილს ვჭამდით, – თქვა მან.

– რა თქმა უნდა; მაგრამ მე მგონია ახლავე აღმოვჩნდი სასაცილო მდგომარეობაში.

– რატომ?

– დამავიწყდა, რომ ეს თამაშია და, ცოტა არ იყოს, ხმას ავუწიე; თანაც ერთთავად ფილოსოფიაზე მეჭირა თვალი და ვხედავდი, როგორ ამცირებენ. ამიტომაც აღშფოთებით შევუტიე მის აბუჩად ამგდებთ და უკმეხად გამომივიდა, რაცა ვთქვი.

– ვფიცავ ზევსს, მე, როგორც ერთი შენი მსმენელი, სხვა აზრისა ვარ.

– მე კი, როგორც რიტორი, ვერ დაგეთანხმები. ასეა თუ ისე, ნუ დავივიწყებთ, რომ ხანდაზმულებზე შევაჩერეთ ჩვენი პირველი არჩევანი, ახლა კი ვხედავთ, რომ შევცდით. მართლაცდა, ხომ ვერ ვერწმუნებით სოლონს – ხანში შესული ბევრ რამეს სწავლობსო? პირიქით, ხანდაზმულს კიდევ უფრო ნაკლებ შესწევს სწავლის უნარი, ვიდრე სირბილისა. ასე რომ, ყველაზე დიდ და მრავალრიცხოვან საქმეთა აღმსრულებლად ახალგაზრდობა უნდა მიგვაჩნდეს.

– უცილობლად, – თქვა მან.

– მაშასადამე, არითმეტიკის, გეომეტრიისა და სხვა მეცნიერებათა ცოდნა წინ უნდა უსწრებდეს დიალექტიკის შესწავლას, ასე რომ, ახალგაზრდები ბავშვობაშივე უნდა ეუფლებოდნენ მათ, მაგრამ ყოველგვარი იძულებისა თუ ძალდატანების გარეშე.

– ვითომ რატომაო?

– იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას. როცა სხეულს სიძნელეთა დაძლევას აჩვევენ, ამით ის სულაც არ ხდება უარესი, მაგრამ სულში ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია.

– ამას კი მართალს ამბობ.

– ამიტომ, ჩემო კეთილშობილო, შენს შვილებს ძალდატანებით კი არა, თამაშით უნდა ასწავლიდე, რასაც ასწავლი, თუ გინდა უკეთ ადევნო თვალყური თვითეულის ბუნებრივ მიდრეკილებებს.

– ჭკვიანურია.

– თუ გახსოვს, ჩვენ ვამბობდით, რომ ბავშვები ცხენებზე უნდა შეგვესხა და თან გვეახლა ომში, რათა ბრძოლის ქარცეცხლისთვის შორიდან ედევნებინათ თვალი, ხოლო თუ საფრთხე ნაკლები იყო, ახლოსაც მიგვეშვა, რომ ლეკვებივით ეგემათ სისხლი.

– როგორ არ მახსოვს.

– და ვინც ყოველივე ამაში – გარჯაში, სწავლასა თუ განსაცდელში ყველაზე უკეთ გამოიჩენდა თავს, ცალკე სიაში შეგვეტანა.

– რა ხნისანი?

– როცა უკვე თავს ანებებენ სავალდებულო საწვრთნელ ვარჯიშებს; რადგანაც ამ ხნის განმავლობაში – სულერთია, ორ წელიწადს გრძელდება თუ სამს, – არასდიდებით არ შეუძლიათ სხვა რამეშიც იმეცადინონ: დაღლილობა და ძილი მეცადინეობის მტრები არიან. თან ესეც ხომ საკმაოდ ძნელი გამოცდაა: რანაირად გამოიჩენენ თავს საწვრთნელ ვარჯიშებში.

– ცხადია, – თქვა მან.

– ამ დროის გასვლის შემდეგ ოცი წლის ჭაბუკებიდან გამორჩეულთ უფრო მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე დანარჩენებს, ხოლო იმ მეცნიერებებს, ბავშვობაში ცალ-ცალკე რომ ასწავლიდნენ, გარკვეულწილად გააერთიანებენ, რათა თვალნათლივ უჩვენონ შეგირდებს მათი ნათესაობა როგორც ერთურთის, ისე არსის ბუნების მიმართ.

– მხოლოდ ამ გზით შეძენილი ცოდნა იქნება მყარი.

– სწორედ ესაა ყველაზე დიდი გამოცდა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავადგინოთ, ვინაა თავისი ბუნებით დიალექტიკოსი და ვინ არა. ვისაც შეუძლია ყველაფერი ერთობლივად მოიცვას მზერით, დიალექტიკოსია, ხოლო იმას, ვისაც ამის უნარი არ შესწევს, ვერც ჩვენ მივიჩნევთ დიალექტიკოსად.

– მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მან.

– ჰოდა, სწორედ შენ უნდა განსაზღვრო, ვინაა ყველაზე უკეთესი ამ მხრივ და ვინ უფრო უდრეკი იქნება მეცნიერების დაუფლებისას, ბრძოლის ველზე თუ ყოველივე იმის აღსრულების დროს, რასაც ვალად გვიწესებს კანონი. ოცდაათი წლისანი რომ გახდებიან, მათ შორის ხელახლა უნდა მოახდინო არჩევანი, ხოლო რჩეულებს კიდევ უფრო მეტი პატივი უნდა მიაგო და გამოსცადო, ვინ რისი მაქნისია დიალექტიკაში, ან ვის შესწევს ხედვისა თუ სხვა შეგრძნებათა შემწეობის გარეშე ჭეშმარიტ არსამდე ამაღლების უნარი. მაგრამ აქ, ჩემო მეგობარო, დიდი სიფრთხილე გვმართებს.

– ვითომ რატომაო?

– ნუთუ არ შეგიმჩნევია ის ბოროტება, დღეს რომ ემუქრება დიალექტიკას და ესოდენ ღრმად გაიდგა ფესვი?

– რა ბოროტებას გულისხმობ?

– რასა და, იმას, რომ დიალექტიკის მიმდევრებში უკანონობა ისადგურებს.

– მართლაც.

– მერედა, გიკვირს მათი მდგომარეობა? როგორ გგონია, იმსახურებენ თუ არა მიტევებას?

– რა მხრივ?

– ავიღოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, მრავალრიცხოვან, მდიდარსა და კეთილშობილურ ოჯახში მიგდებული ბავშვი იზრდება. აქ მას ყოველნაირად ანებივრებენ. მაგრამ როცა წამოიზრდება, გაიგებს, რომ ვინც მშობლებად მიაჩნდა, თურმე უცხონი ყოფილან, ნამდვილ მშობლებს კი ვერ პოულობს. თუ შეგიძლია გამოიცნო მისი დამოკიდებულება, ერთის მხრივ, იმ ხალხისადმი, ვინც ანებივრებს, მეორეს მხრივ კი – დედობილ-მამობილის მიმართ, ჯერ ერთი, მაშინ, როცა არ იცოდა, მიგდებული რომ იყო, და მეორეც, მას შემდეგ, რაც გაიგებს ამას. ანდა, თუ გნებავს, მე გეტყვი, როგორ წარმომიდგენია ეს?

– ცხადია, მნებავს.

– წინასწარ ვხედავ, რომ, ვიდრე სიმართლე არ გაუგია, უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობა დედ-მამას და ნათესავებს, ვიდრე იმათ, ვინც თავს ევლება და ელოლიავება. ნაკლებ დაუდევრობას გამოიჩენს გასაჭირში ჩავარდნილ ახლობელთა მიმართ, ნაკლებად ატკენს გულს სიტყვით თუ საქმით და ნაკლებად ეურჩება მათ, ვიდრე იმ ხალხს, ვინც ანებივრებს.

– ალბათ.

– მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმართლეს გაიგებს, მე მგონია საგრძნობლად იკლებს მისი პატივისცემა და ყურადღება ახლობლების მიმართ, და, პირიქით, იმატებს იმათ მიმართ, ვინც ანებივრებს, რომლებსაც უფრო მეტად დაემორჩილება, ვიდრე უწინ, ყურად იღებს მათ რჩევას და აშკარად დაიჭერს მათ მხარეს, მამობილსა და ყოფილ ნათესავებზე კი საერთოდ აღარ იზრუნებს, თუ ბუნებით უაღრესად კეთილი კაცი არ არის.

– ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ ამბობ, მაგრამ რა საერთო აქვს შენს მაგალითს დიალექტიკის მიმდევარ ხალხთან?

– აი რა: სამართლიანობასა და მშვენიერებაზე ჩვენ, მშობლების ზეგავლენით, ბავშვობაშივე გვიყალიბდება გარკვეული შეხედულებები, მშობლებისა, რომლებსაც პატივს ვცემთ და ვემორჩილებით.

– მართლაც.

– მაგრამ ამ შეხედულებებს უპირისპირდებიან მაცთური წარმოდგენები, საამოდ რომ ელამუნებიან სულს. თუმცა თავდაჭერილი ხალხი არ აჰყვება მათ მაცთურ ხიბლს და როგორც მამაპაპურ შეხედულებათა ერთგული კიდევაც ემორჩილება მათ.

– ასეა.

– კეთილი; მოდი, ვკითხოთ ამნაირად განწყობილ კაცს, რა არის მშვენიერება: ისე გვიპასუხებს, როგორც უსწავლია კანონმდებლისგან, მაგრამ თუ შემდგომი მსჯელობისას მრავალგზის და მრავალნაირად უარყოფენ და აბათილებენ მის აზრს, ამ კაცს შეიძლება ვაფიქრებინოთ, რომ მშვენიერება სულაც არ არის უფრო მშვენიერი, ვიდრე სიმახინჯე, და ასეთსავე შეცდომას დავაშვებინებთ სამართლიანობასთან, სიკეთესა და ყოველივე იმასთან მიმართებით, რასაც უწინ განსაკუთრებით აფასებდა. ამის შემდეგ, როგორ გგონია, რა მოუვა მის პატივისცემას და მორჩილებას?

– ცხადია, აღარც უწინდელი პატივისცემის გრძნობა შერჩება და არც მორჩილებისა.

– მაგრამ თუ ყოველივე ამას აღარ მიიჩნევს პატივისცემის ღირსად და ფასეულად, ჭეშმარიტებას კი ვეღარ მიაკვლევს, საკითხავია, ცხოვრების რანაირ წესს მიუბრუნდება, თუ არა იმას, რაც საამოდ ელამუნება მის პატივმოყვარეობას?

– ყოველივე სხვა გამორიცხულია.

– ასე რომ, ჩემი აზრით, კანონთა დამრღვევად მოგვევლინება, თუმცა ადრე განუხრელად იცავდა მათ.

– უცილობლად.

– მაშასადამე, ამნაირი მდგომარეობა ბუნებრივია დიალექტიკის მიმდევართათვის, და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი სავსებით იმსახურებენ მიტევებას.

– და სიბრალულსაც.
– ამრიგად, ოცდაათწლიანებმა ამნაირი სიბრალული რომ არ აღგვიძრან, ისინი დიდი სიფრთხილით და წინდახედულებით უნდა ვაზიაროთ დიალექტიკას?

– რა თქმა უნდა.

– განა სიფრთხილის ერთი ამნაირი საშუალება ის არ იქნება, რომ სიყრმეშივე არ იგემონ დიალექტიკის სიტკბო? ალბათ შეგინიშნავს: როგორც კი გემოს გაუსინჯავენ დიალექტიკას, ყმაწვილები ცდილობენ სათამაშოდ და თავშესაქცევად გამოიყენონ იგი, წინააღმდეგობებით გატაცებულნი რომ ბაძავენ მის უარმყოფელთ, რათა თვითონვე უარყონ ისინი, და თანაც იმით ტკბებიან, რომ თავიანთი საბუთებით ლეკვებივით ძიძგნიან ყველას, ვისაც კი საკბენად მოიხელთებენ.

– ტკბებიან და მერე როგორ.

– მას შემდეგ, რაც თვითონ უარყოფენ მრავალს და მრავალი თავის მხრივ, უარყოფს მათ, ისინი უკვე სწრაფად აქცევენ ზურგს ყოველივე იმას, რაც მანამდე სწამდათ, ეს კი ხალხის თვალში ჩირქსა სცხებს მათაც და ფილოსოფიის მთელ საგანსაც.

– მართალს ბრძანებ, – თქვა მან.

– უფრო ხნიერი კი არ ისურვებს მონაწილეობა მიიღოს ამ სიშლეგეში; პირიქით, უმალ იმ კაცს მიბაძავს, ვისაც სურს ჭეშმარიტებას მიაღწიოს დავისა და კამათის გზით, ვიდრე იმას, ვინც მხოლოდ თავშექცევისა თუ თამაშის გულისთვის უარყოფს მოპირისპირის მოსაზრებებს. ის თვითონაც თავდაჭერილია და კი არ ამდაბლებს, პირიქით, ხალხის თვალში ფასს ჰმატებს ფილოსოფიას.

– სწორია.

– განა სიფრთხილის ზომებს არ ეკუთვნის ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა: დიალექტიკოსებად შეიძლება აღვზარდოთ მხოლოდ მტკიცე და თავდაჭერილი ხალხი, ესე იგი, იმის საპირისპიროდ ვიქცევით, რასაც დღეს ვხედავთ, როცა დიალექტიკის დაუფლების ნებას აძლევენ ყველას, ვისთვისაც ღმერთს არ მიუცია ამისი ნიჭი.

– რა თქმა უნდა.

– იმასთან შედარებით, ვინც გიმნასტიკური ვარჯიშებით იკაჟებს სხეულს, საკმარისი იქნება თუ არა ორჯერ მეტი დრო დიალექტიკის დასაუფლებლად, თუ ამის გარდა სხვას არაფერს აკეთებს კაცი?

– ექვს წელიწადს გულისხმობ თუ ოთხს?

– ეგ სულერთია; თუნდაც ხუთი იყოს. შემდგომ ამისა, შენ აიძულებ მათ კვლავ დაუბრუნდნენ მღვიმეს და სახელმწიფო თანამდებობები დაიკავონ: როგორც სამხედრო, ისე ყმაწვილკაცთა შესაფერის სხვა მოვალეობათა შესრულებას მიჰყონ ხელი, რათა არავის ჩამოუვარდებოდნენ გამოცდილებით. ეგეც არ იყოს, ამით კიდეც გამოსცდი მათ: გაუძლებენ ათასნაირ საცთურს თუ ვერა.

– საამისოდ რამდენ წელს აძლევ?

– თხუთმეტს. ხოლო როცა ორმოცდაათს მიუკაკუნებენ, მაშინ ისინი, ვინც ღირსეულად გაუძლო გამოცდას და როგორც საქმეში, ისე მეცნიერებაშიც გამოიჩინა თავი, უკვე თავიანთი საბოლოო მიზნის ხორცშესხმას უნდა შეუდგნენ: უნდათ თუ არა, უზენაესი არსის მიმართ აღაპყრონ თვალი, არსისა, სინათლეს რომ ჰფენს ყველაფერს, ხოლო მას შემდეგ, რაც იხილავენ უზენაეს სიკეთეს, ნიმუშად დასახონ იგი და სიცოცხლის მთელი დანარჩენი დროის მანძილზე მისი მიხედვით მოაწესრიგონ სახელმწიფოს, კერძო პირთა თუ თავიანთი პირადი ცხოვრება. ისინი ფილოსოფიის შესწავლაში გაატარებენ სიცოცხლის უმეტეს ნაწილს, ხოლო როცა რიგი მოუწევთ, სახელმწიფო თანამდებობებს დაიკავებენ და საზოგადო ცხოვრების მოწესრიგებას მიჰყოფენ ხელს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს დიდებულ საქმიანობად მიაჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ ასე სჭირდება ქვეყანას. ასე, უწყვეტი რუდუნებით თავიანთ მსგავსად რომ აღზრდიან მოქალაქეებს, რათა მათ გადააბარონ სახელმწიფოს დაცვა, თვითონ ნეტართა კუნძულებს მიაშურებენ საცხოვრებლად. სახელმწიფო ძეგლებს აუგებს ამ ღვაწლმოსილთ და მათ სახსოვრად, როგორც უკვდავი ღვთაებებისა, დააწესებს მსხვერპლშეწირვას, თუკი პითია დაადასტურებს ამას, თუ არა და, მაშინ მათ ისე შესწირავენ მსხვერპლს, როგორც ნეტარსა და ღვთაებრივ ხალხს.

– რა მშვენივრად გამოძერწე ეგ შენი მმართველები, სოკრატე, ნამდვილი მოქანდაკეც ვერ შესძლებდა უკეთესად.

– მმართველი ქალებიც, გლავკონ: რაც მე ვთქვი, ქალებსაც ისევე ეხება, როგორც კაცებს; მართალია, მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც საამისოდ ბუნებრივი მონაცემები მოეძებნებათ.

– სწორია, – თქვა მან, – რაკიღა, ჩვენი შეთანხმებისამებრ, ერთთაც და მეორეთაც თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ ყველაფერში.

– კეთილი და პატიოსანი; ახლა მაინც ხომ აღიარებთ, რომ ფუჭი აზრები როდი გამოგვითქვამს სახელმწიფოსა და მის წყობილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათი ხორცშესხმა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი; როცა სახელმწიფოს სათავეში ჭეშმარიტი ფილოსოფოსები ჩაუდგებიან, – გნებავთ, ერთი და გნებავთ მრავალი, – მათ თვალში ფასი დაეკარგება ყველა იმ პატივს, დღეს ასე ხარბად რომ მიელტვიან, რადგანაც თავისუფალი კაცისთვის უღირსად და უფასურად მიიჩნევენ მათ, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო მაღლა დააყენებენ მოვალეობის პირნათლად მოხდას და უანგარობის ჯილდოს – ღირსებას. ყველაზე დიდ ფასეულობად კი დასახავენ სამართლიანობას, რომელსაც ერთგულად ემსახურებიან
და რომლის მიხედვითაც ეცდებიან მართონ ქვეყანა.

– როგორ?

– იმათ, ვინც ჩვენს სახელმწიფოში ათ წელზე მეტი ხნისაა, სოფლებში გაგზავნიან, დანარჩენებს კი დღევანდელ ზნე-ჩვეულებებს განარიდებენ, რაც ნიშნეულია მათი მშობლებისათვის, და ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ კანონთა მიხედვით აღზრდიან. ამ გზით სახელმწიფოში ყველაზე უფრო ადვილად დამყარდება ის წყობილება, ჩვენ რომ მოვხაზეთ; სახელმწიფოც აყვავდება და მისი მოქალაქეებიც ბედს ეწევიან.

– რა თქმა უნდა; ჩემის აზრით, კარგად ახსენი, სოკრატე, რანაირად შეიძლება ამის ხორცშესხმა.

– ასე რომ, ჩვენ საკმარისად ვილაპარაკეთ ამ სახელმწიფოზეც და მის მინამგვან ადამიანებზედაც; ხომ ცხადია, როგორიც უნდა იყოს იგი.

– დიახ, ცხადია. და, შენი თქმისა არ იყოს, ეს საკითხი ამოწურულად უნდა მიგვაჩნდეს.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ელექტრონული ბიბლიოთეკა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button