კომიქსებილიტერატურა

გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა

ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიბადნენ და სხვადასხვა ეპოქის შვილები არიან. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ. ისინი გამორჩნილ ჯენტლმენთა ლიგის წევრები არიან.

მარცხნიდან: კაპიტანი ნემო, ალან კუოტერმანი, მინა მიურეი, ჰავლი გრიფინი. უკან: მისტერ ჰენრი ჰაიდი

პირველი და ძირითადი ლიგა 1890 წელს ალან მურმა და კევინ ო’ნილმა შექმნეს და ჯენტლმენები ბრიტანეთის იმპერიის უსაფრთხოების სადარაჯოზე გამოიხმეს.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პროფესორმა მორიარტიმ, იგივე “M”-მა, რომელიც ბრიტანეთის ინტელიგენციის წარმომადგენლობასთან ერთად მიწისქვეშა კრიმინალური სამყაროს წევრობასაც წარმატებით ითავსებდა, აღმოაჩინა რა, რომ ჩინელმა კრიმინალმა ფუ მანჩუმ მოიპარა ჰაერზე მსუბუქი მეტალი – კავორიტი, ნაძარცვის მის საწინააღმდეგოდ გამოყენების შიშით აღძრულმა, სასწრაფოდ დაავალა კემპიონ ბონდს, შეეკრიბა იმ დროისთვის მსოფლიოში გაბნეული საუკეთესო ინდივიდუალისტები და ისინი “იმპერიის სამსახურში” ჩაეყენებინა. ლიგის წარმატებული საბრძოლო ოპერაციების შემდეგ აშკარა აღმოჩნდა მორიარტის მზაკვრული მიზნები და ამჟამად ჯენტლმენები იძულებულნი იყვნენ დამქირავებლის წინააღმდეგ გაელაშქრათ. ამასობაში კი ისინი კიდევ ერთ ბრიტანელ ინტელიგენტს, მაიკროფტ ჰოლმსს უკავშირდებიან და უფროსი ჰოლმსი ხდება ახალი “M”.

იმავე სახელწოდების 2003 წელს გამოშვებული სტივენ ნორინგტონის ფილმი

კომიქსების შემდგომ ადაპტაციებში ავტორებმა ლიგას დამატებს უბერებელი დორიან გრეი და ახალგაზრდა მსროლელი ამერიკიდან – ტომ სოიერი. სატელევიზიო ეკრანიზაციაში კი კუოტერმანის როლი შონ კონერმა მოირგო. დრო გადიოდა, იცვლებოდნენ პერსონაჟები, ემატებოდნენ ახალი გმირები, ერთადერთ ჯენტლმენად კი, რომლის ვიზუალიც ოდნავადაც არ შეცვლილა, გაგიკვირდებათ და უჩინარი კაცი იყო.

უჩინარი კაცი
ჰოლი გრიფინი, იგივე როდნი სკინერი. მშობელი – ჰერბერტ უელსი. ყოფილი ფიზიკოსი, რომელმაც მალევე გამოიგონა გაუჩინარების საშუალება. ერთადერთი, ვინც მას ხედავდა, იყო დოქტორი ჰაიდი. სკინერი თავისი უჩინარობით ძირითადად გასახდელებში გოგოებით ერთობოდა, რომელთაც შემდგომ დაორსულების მიზეზი სულიწმინდა ეგონათ. სკინერის ხულიგნობა შეუმჩნეველი არ დარჩა და საბოლოოდ “ზემოდან” დააკაკუნეს და გრიფინი სახელმწიფო საიდუმლო სამსახურში ჩაეწერა. მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ უხილავად მოძრაობისთვის აუცილებელი იყო სიშიშვლე. ამიტომ, სკინერი ხშირად ცივდებოდა.

მინა მიურეი
უილჰელმინა მიურეი, ნახევრად-ვამპირი. სახელი გაითქვა თავისი ყოფილი ქმრის – ჯონათან ჰარკერის მეშვეობით. ის ერთ-ერთ იმ გამონაკლის არსებებს მიეკუთვნება, რომლებსაც არ ეშინიათ დოქტორი ჰაიდის. გარდა ვამპირული ბუნებისა, მინას აქვს ადამიანის გონებაზე ზემოქმედების უნარიც. პირველად, რა თქმა უნდა, დრაკულასთან გამოჩნდა, როდესაც მისი მეუღლე ტრანსილვანიაში მიიწვიეს. ბედის უკუღმართობით, მინამაც დაკარგა ადამიანურობა, თუმცა კარგა ხანი მეუღლესთან და პროფესორ ვან ჰელსინგთან ერთად სწორედ ვამპირების წინააღმდეგ იბრძოდა. მინა პრაქტიკულად უკვდავია.


დორიან გრეი
ყოფილი არისტოკრატი, შემდგომში ფანტომის რაზმის წევრი, შემქმნელი : ოსკარ უაილდი. დორიანი უკვდავია და მას ასაკი არ ემჩნევა. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის და თვითგანკურნების უნარი. ახალგაზდობაში ჩათქმული სურვილი გრეის მოულოდნელად აუხდა და მისი პორტრეტი იქცა მის მეორე სახედ, რომელიც თავად არასდროს უნახავს. გარდა ნახსენებისა, ლიგაში გრეის მთავარი უპირატესობა მისი გონება და გამჭრიახობაა, მთვარი სისუსტე კი, თავისივე სახე. სახე, რომელიც მის პორტრეტზეა გამოსახული და მის ნაცვლად ბერდება. კინემატოგრაფიულ ვარიანტში რეჟისორმა მინას და დორიანის საინტერესო კვაზიურთიერთობაც წარმოგვიდგინა.


დოქტორი ჯეკილი / მისტერ ჰაიდი
რობერტ ლუი სტივენსონის მიერ შექმნილი კიდევ ერთი წარუმატებელი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი თავი მონსტრად აქცია. აგრესიის შემთხვევაში დოქტორში ბატონი ჰაიდი იღვიძებს. საკუთარი თავისგან გასაქცევად ჯეკილმა ბინა საფრანგეთში დაიდო. სწორედ იქ მიაკვლიეს ტომ სოიერმა და ალან კუოტერმანმა და ლიგის მიზნებისთვის ძალდატანებითაც შეიპყრეს. თავიდანვე ყველასთვის აშკარა იყო, რომ ლიგას სჭირდებოდა მუტრუკი ჰაიდი, რომელიც მის წინ ყველა და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა, საკუთარ ჭრილობებს კი ადამიანზე ბევრად სწრაფად იხორცებდა. თუმცა, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ, ფიზიკურად სუსტი დოქტორი (ნემოსთან ერთად, რა თქმა უნდა) ლიგას უფრო მეტად დაეხმარება ვიდრე მისი მეორე სახე.


კაპიტანი ნემო
ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი. ნამდვილი სახელი – პრინცი დაკარი. ინდოელი რაჯას შვილი. ლიგის ინტელექტუალური ბაზისი, ინჟინერი და კიბერნეტიკოსი. ნემოს ტექნიკური მიღწევები აოცებდა მნახველს, მისი ნაუტილუსი კი ჯენტლმენთა ლიგის “სათავო ოფისია”. ნემოს ნაუტილუსამდელი წარსული უცნობი და იდუმალებით მოცულია. კავორიტის ძიებაში ერთ-ეთი პირველი ჩაერთო, რიგი მიზეზების გამო ის და კუოტერმანი პრინციპულად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ კარგ მეგობრებადა იქცნენ. მარსელებთან საბოლოო ბრძოლის შემდეგ თანალიგელებისგან განაწყენებული ნემო ტოვებს ლიგას და მის საყვარელ ხომალდს მიაშურებს. ამის შემდეგ ნემოს ამბავი აღარავის გაუგია.

ტომ სოიერი

მარკ ტვენის ცუღლუტი ახალგაზრდა გაიზარდა და დაკაცდა. დახელოვნდა იარაღის ხმარებაში და გახდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წევრი. ტომმა ისწავლა ვინჩესტერ 94-ის გამოყენება, რომელსაც მეტსახელად ეძახდა – “იარაღს, რომელმაც დაიპყრო დასავლეთი”. ტომი “M”- ს წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული არ იყო. ის უკვე შემდგომ, ლიგის მეორე მისიის დროს გამოგზავნეს ამერიკელებმა ფანტომის დასამარცხებლად. ფანტომის  დასამარცხებლად მას ყველაზე დიდი მოტივაცია ჰქონდა, ვინაიდან ამ ბოროტმოქმედმა ერთ დროს ტომის ბავშვობის მეგობარი, ჰეკლბერი ფინი მოკლა. მიუხედავად დორიან გრეის წინააღმდეგობისა, კუოტერმანმა მაინც ჩართო სოიერი ლიგაში. თანაც, კუოტერმანს ახალაგზრდა ტომი თავის დაღუპულ შვილს ახსნებდა. გადამწყვეტი შეტაკების დროს, კუოტერმანის მიერ დაჭრილი ფანტომი, რომელიც აღმოჩნდა რომ “M” ყოფილა, საკმაოდ შორი დისტანციიდან, სწორედ სოიერის ნასროლმა ტყვიამ მოკლა. სხვათა შორის, არც სოიერი ერიდებოდა ემა ჰარკერთან ფლირტს, თუმცა საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდა.

ალან კუოტერმანი

სერ ჰენრი რაიდერ ჰაგარდმა პირველად ალან კუოტერმანი “სოლომონ მეფის მაღაროებში” გამოაჩინა, 1885 წელს. კუტერმანი იყო პროფესიონალი მონადირე და ბრიტანული იმპერიის პრესტიჟის დამცველი. მისი უკანასკნელი ექსპედიციის დროს კუოტერმანმა შვილი დაკარგა და ამის შემდგომ გადასახლდა კენიაში, სიმშვიდის საპოვნელად. მანამ სანამ “M” გამოიძახებდა, კუოტერმანი აფრიკით ტკბებოდა. თუმცა, იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულმა მოძრაობებმა და ახალგაზრდა სოიერმა უბიძგა მოხუც მსროლელს, კვლავ ჩამდგარიყო იმპერიის სამსახურში. კუოტერმანი ლიგის საკვანძო პიროვნებაა, ყველაზე ბრძენი და ყველაზე გაწონასწორებული. მის ირგვლივ არიან გაერთიანებული ჯენტლმენები, მისმა სიკვდილმა კი ბუნებრივად ლიგის დაშლაც გამოიწვია. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები კუოტერმანმა სოიერთან გაატარა. მისი ბოლო სიტყვებიც ტომისადმი იყო მიმართული: “დაე, ახალი საუკუნე იყოს შენი, შვილო… ისევე, როგორც წინა იყო ჩემი….”

*           *           *

ჯენტლმენთა ლიგის პირველი გამოცემის შემდეგ, კიდევ ბევრჯერ შეიცვალა მისი წევრების ვინაობა. ცალკე, ლიგის გულშემატკივრებმა შექმნეს ალტერნატიული ლიგები, თუმცა საუკეთესოდ ისევ პირველი კლასიკური ლიგა რჩება. ეს ისტორიები არ ჰგავს ტიპურ სუპერგმირულ ისტორიებს. გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა აერთიანებს კლასიკური ნაწარმოებების პერსონაჟებს. პერსონაჟებს, რომლებიც ძნელად წარმოსადგენია სუპერგმირებად. ამგვარად, ალან მურმა შეძლო კლასიკური ლიტერატურა კლასიკური კომიქსად ექცია.

ავტორი: ირაკლი სულაძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button