განხილვალიტერატურაწიგნები

ბლეიზი – რიჩარდ ბახმანი (სტივენ კინგი)

–         ჯორჯ!პასუხი არ არის.
1973 წელს, როდესაც სტივენ კინგმა ბლეიზის წერა დაამთავრა, მისი, როგორც ჰორორის ამომავალი მეფის გზა ჯერ ახალი გაკვალული იყო. შესაბამისად, ისეთმა რომანებმა, როგორებიცაა, „ქერი“ და „სალემის ლოტი“, რბილად რომ ვთქვათ, დაჩრდილეს ბლეიზი. სტივენი ახალგაზრდობიდანვე ბევრს წერდა. ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოსაცემად რამდენიმე რომანს ამზადებდა. გამომცემლობის პრეტენზიების გათვალისწინებით, ავტორი იძულებული იყო, რომ გამოცემული ორი წიგნიდან ერთ-ერთისთვის ფსევდო-ავტორის სახელი მიენიჭებინა. ასე დაიბადა რიჩარდ ბახმანი. თუმცა, საშინელებითა და მისტიკით გართულმა კინგმა საერთოდ გადაიფიქრა ბლეიზის გამოცემა და როგორც მას ხშირად სჩვევია, ხელნაწერი იმდენად უყურადღებოდ მიაგდო, რომ მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ, მენის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში წააწყდა. ისიც შემთხვევით. ამჟამად უკვე დაღვინებულმა ავტორმა უფრო მეტად დააფასა თავისი ერთ-ერთი პირველი ქმნილება და მას უკვე სხვა თვალით შეხედა. ასე იხილა ბლეიზმა დღის სინათლე 2007 წელს.

რომანი მისი მთავარი გმირის სახელს ატარებს. ბლეიზი კლეიტონ ბლეიზდელის მეტსახელია. აღნაგობით – მაღალი, ზორბა, ჩამოყალიბებული მუტრუკი. გონებრივად – ოდნავ განუვითარებელი. ხასიათით – გულჩვილი და ცოტა სულელი. ბლეიზი, მეგობრის, ჯორჯის მკვლელობის შემდეგ, მათი ერთობლივი გეგმის განხორციელებას და მდიდარი მამიკოსთვის შვილის მოტაცებას გადაწყვეტს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ბლეიზი ესაუბრება ჯორჯს, ცხადად ხედავს მას ოთახში, მისგან სწავლობს ბავშვის მოვლას, საფენების გამოცვლას. გარდაცვლილი ჯორჯი აძლევს ცხოვრების ძალას და მატებს გამბედაობას.თუმცა, არის მომენტები, როდესაც ჯორჯი აღარ ჩანს, ბლეიზი რჩება მარტო, გადის დრო და მასში იღვიძებს სტაინბეკის „ადამიანებისა და თაგვების შესახებ“ – ის ლენნის მსგავსი კეთილშობილური არსება.გახსოვთ არა? სცენა, როდესაც მალკოვიჩი ეფერება პატარა ლეკვს. სწორედ ასეთი ხდება ბოროტმოქმედი ბლეიზი პატარა ჯოსთან მიმართებით. ნელ-ნელა ბლეიზისთვის მისი ქმედებების მთავარი მიზანი – ფული, უკვე უმნიშვნელო ხდება და მის  ერთადერთ სურვილად იქცევა პატარა ჯოსთან სიახლოვე და მისი მოვლა – პატრონობა.
წიგნის თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ერთი – ახლანდელი, „ვზროსლი“, ნასამართლევი და ათას უბედურებას გადაყრილი ბლეიზის ამბავია, მეორე კი – მისი და ჯორჯის პატარაობა ბავშვთა სახლში. უნდა ითქვას, რომ ბავშვობის ისტორიები უფრო საინტერესოა, ნათლად ჩანს ყველა ის ფაქტორი, რაც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად უდიდეს ზეგავლენას ახდენს ბავშვების შემგომ ცხოვრებაზე. ბლეიზი ხშირად უბრუნდება ბავშობისდროინდელი მოგონებების ადგილებს, ვერ ივიწყებს ჯორჯს და ცდილობს მუდმივი კავშირი ჰქონდეს წარსულთან. 
ისევე როგორც კინგის “ის”-ში, ბლეიზშიც, მკვეთრად არის გამოხატული პატარაობისდროინდელი ტრავმების ზეგავლენა ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის შეხედულებებზე სამყაროსადმი. არც ერთ ადამიანს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მთავარ გმირზე, როგორც ბავშვობისდროინდელ მეგობარს, მასზე გამხდარს, გაცვეთილ და ხულიგან ჯორჯს. ჯორჯს, რომლის გარეშეც ბლეიზის ბავშვობა არასრულყოფილია და რომლის სიკვდილის შემდეგაც ბლეიზი შეიცვალა. შეიცვალა იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ჯორჯთან. თუ ჯორჯისგან ლანძღვას და დაცინვას თუნდაც ერთი დღე არ მოისმენდა, ბლეიზს ყოველთვის რაღაც აწუხებდა. ჯორჯი და ბლეიზი ერთი მთლიანობა იყო, ერთმანეთს აბალანსებდნენ და ერთ საშიშ ორგანიზმს ქმნიდნენ. ამ ორგანიზმის დაშლამ კი ბლეიზის ცვლილება გამოიწვია. თუმცა, დადებითი კუთხით (ალბათ).
ჯერ ერთი, ჯორჯი არც არასდროს მომკვდარა, ის მუდამ ცოცხალი იყო ბლეიზის თავში, მუდამ ჰქონდა მასთან კონტაქტი. თანაც, რაც დრო გადიოდა, ბლეიზი უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდებოდა, აგრესიის კონტროლს სწავლობდა და თავისი სიშტერის აღარ ეშინოდა.

შიში? არ ვიცი, რამდენად საშიშია ის ეპიზოდები, რომელშიც ბლეიზი ბნელ ოთახში ბავშვის მოტაცებას ცდილობს, ან მკვლელობის ის სცენები, რომელიც აბსოლიტურად შემთხვევითია, მაგრამ ამ რომანით კინგმა თავისი მეორე სახე არამარტო ფორმალურად, არამედ წმინდა ლიტერატურულადაც შექმნა. მისი საბეჭდი მანქანის კლავიშების მრავალფეროვნება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ საშინელებათა და მისტიკური თრილერების ჟანრის კლასიკურ რომანებთან ერთად, სტივენი ქმნიდა ოდნავ სევდიან, ქანთრის მელოდიით გაჟღენთილ ამერიკულ ისტორიებს, პატარა ბავშვებით და ბუნჩულა ბოროტმოქმედებით.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button