საკითხავი

კახაბერ ჯაყელი – ქართული ღვინის მარკეტინგული კომპლექსი და მისი პირველი P- ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის შექმნა

ქართული ღვინის მარკეტინგული კომპლექსი და მისი პირველი P- ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის შექმნა

ფულბრაიტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი- კახაბერ ჯაყელი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Caucasus international university

Marketing mix of Georgian wine and its first – P- how to make traditional Georgian wine in Qvevri (potter amphora)

Fulbright Professor, Dr. Phd., Kakhaber Djakeli

წინათქმა

21 საუკუნეში დადგა ის დრო როდესაც ჩვენი წინაპრის მიერ დატოვებული მეწარმეობის უდიდესი დარგი – ქვევრზე დაფუძნებული ქართული მეღვინეობა მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადდა. მრავალმა დასავლეთელმა მეღვინემ გამოაცხადა რომ ნამდვილი ღვინო ისაა, რასაც ქართველები ვამზადებთ და მრავალმა ღვინის მცოდნე მეცნიერმა თავისი ყური საქართველოს მოაპყრო, მაგრამ თავად ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებს ნაკლებ მომზადებული დახვდა. ქართული ტრადიციული მეღვინეობა რომელიც აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრიობას და არანაირ ჩარევას არ ცნობს ღვინის დადუღებაში, გარდა ბუნებრივი პროცესებისა გადაშენების წინაშე დგას. ქართული მეღვინეობა, ჩვენი ერის ერთ-ერთი მთავარი ძარღვი დავიწყების საშიშროების წინაშე დადგა არა დღეს, 21 საუკუნეში, არამედ მე-20 საუკუნის ბოლოსაც, ამ ტრადიციული მეწარმეობის მიმართულების წინაშე უამრავი სირთულე გაჩნდა.
სწორედ ამიტომაც ილია ჭავჭავაძემ 1987 წელს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნარკვევი დაწერა, რომელსაც „ღვინის ქართულად დაყენება“ უწოდა. ეტყობა იგი გრძნობდა იმ დიდ პასუხისმგებლობას რასაც ქართველში ეროვნული და ტრადიციული კულტურის – ქართული მეღვინეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საფუძველის ჩაყრა ერქვა. მაგრამ მანამდეც იყო კიდევ ერთი საინტერესო წიგნი, რომელიც თავადმა ჯორჯაძემ დაწერა და შახ-აზიზოვმა გამოსცა, ზოგადად ღვინოების გაუმჯობესების შესახებ, ამ წიგნს ქვია : „მევენახეობა ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება ხელმძღვანელობისათვის“, ამ წიგნში ნათლად ჩანს საქართველოს მევენახეობის პრობლემები იმ ხანად და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დავწმუნდეთ – სირთულეები რაც ჩვენს წინაშე დგას დღეს არ-ახალია არამედ ძველი, მაგალითად „დღეს ჩვენში უცხო ქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური (ავტორის შენიშვნა: იგულისხმება საზღვარგარეთული) ტყუილი მართლადა“ (ილია ჭავჭავაძე, „ღვინის ქართულად დაყენება“). შეიძლება ითქვას რომ დღესაც 21 საუკუნეში უმწეოებად გამოვიყურებით მსოფლიოს იმ დარგშიც კი – მეღვინეობაში, რომელიც თავად ქართველი კაცის შემოქმედებით ბუნებას შეუქმნია, იმიტომ რომ საფუძვლიანად არ გვაქვს შესწავლილი ტრადიციული მეწარმეობის ეს დარგი.
როდესაც პირველად ხელში ილია ჭავჭავაძის „ღვინის ქართულად დაყენება“ ავიღე, მაშინ მივხვდი თუ რაოდენ წინ წასულა ეს გენიოსი თუნდაც საბაზრო აზროვნებაში, იმ საკითხებში რასაც დღეს ღვინის მარკეტინგსა და ბრენდინგს ვუწოდებთ, რადგანაც ამ მეცნიერებებში მთავარი ფასეულობის თემაა. სწორედ ქართული მეღვინეობის ფასეულობის განვითარება არის მთავარი ამოცანა დღესაც.
ქართული ღვინის გამძლეობა მისი ბუნებრიოვობაა – აი ეს აზრი იკვეთება ილია ჭავჭავაძის ნაშრომში. რაც ბუნებრივია ის ნაკლებ გამძლეა ზოგადად. აქედან გამომდინარე ილია მართალი ამბობს იმ სიტყვებს რაც ჩვენ გულზე უნდა დავიწეროთ და შრომაში გავითვალისწინოთ:
„ჩვენი შინაურნი ოსტატები ბრძანებენ, რომ ჩვენებური ღვინის კეთება გროშად არ ჰღირსო; ჩვენ არ ვიცით ვერც ერთნაირის და გამძლე ღვინის კეთება, ვერც შამპანიურისა, ვერც კონიაკისა და სხვა ამგვარი დიდფასიანი სასმელებისაო.საზღავგარეთ კი მეცნიერების შემწეობით ერთნაირს გამძლეს ღვინოს აკეთებენ, შამპანიურს, კონიაკს და სხვა ამისთანა სასმელებს ხომ რა თქმა უნდაო“. შემდეგ ილია მართალი აღნიშნავს „ეს კი გონების თვალისაგან მოსხლეტიათ რომ ღვინის კეთებას ჩვენში მთელი ათასის წლების ისტორია აქვს და მაშასადამე არის რამ მიზეზი რომლის ძალითაც ჩვენი ერი თავისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს და ევროპიულს უბრთხის და ერიდება დღესაც“.
21 საუკუნეში ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის შენარჩუნებისათვის დიდი საქმიანობა ჩაატარა საქართველოს საპატრიარქომ – საქართველოს ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, ალავერდის ეპარქიის წინამძღვარმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) 2007 წელს ალავერდის მონასტრის მარანში საფუძველი ჩაეყარა ქვევრში უძველესი ტრადიციული წესით კახური ღვინის დაყენებას. 2010 წელს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტ ანდრიასა და ჭონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს თაოსნობით შეიქმნა «ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი», რომელმაც დააარსა «ქართული ღვინის კულტურის ცენტრი».
მაგრამ დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტი ითავებდა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო სფეროში აღორძინებას და მის საგნმანათლებლო სამაგისტრო სწავლების დონეზე განვითარებას.
სწორედ იმ მიზეზის აღმოსაჩენად, „რისთვისად ჩვენი ერი თავისებური ღვინის კეთებას ჰრჩეობს“, 2014 წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და კანცლერმა – ბატონმა ვახტაგ წივწივაძემ, საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო კონტაქტში წამოიწყო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია პირველად საქართველოში და მსოფლიოში ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო დონეზე განხილვა და მისი დისციპლინების სამაგისტრო დონეზე სწავლება. ამ პროგრამის მესვეურებს, მტკიცედ სწამთ რომ მომავალში, ქართული მეღვინეობის პროდუქტზე – ქართული ტრადიციული ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოზე შეყვარებული მრავალი უცხოელი ეწვევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი მიზნით – შეისწავლონ ქართული მეღვინეობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან ამგვარი პროგრამის განვითარება 21 საუკუნეში დიდ სულიერ, კულტურულ და მატერიალურ პოტენციალს მოითხოვს. ბატონმა ვახტანგმა ერთ-ერთ შეკრებაზე, მის ირგვლივ შემოკრებილ ენთუზიაზით გამსჭვალულ ხალხს გაგვაცნო თავისი ხედვა, გაგვამხნევა და ძალიან დიდი ძალით აგვავსო, რადგანაც მან საკუთარი ხედვის სიმაღლეებზე აგვიყვანა და იმგვარი სულიერი ძალები შთაგვბერა, რომელსაც ინატრებს ნებისმიერი მკვლევარი, მეცნიერი თუ მეღვინეობის დარგის პროფესიონალი.
გამომდინარე დარგის მოთხოვნებიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომელიც პირველ ყოვლისა მარანს და მიწაში სათუთად ჩაფლულ ქვევრებს მოიცავს.
2014 წლის ოქტომბერში, უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში შექმნილი მარნის ქვევრებში უკვე დუღდა შემდეგი ქართული ღვინოები: ა) ოცხანური საფერავი, ბ) ოცხანური საფერავი ჭაჭაზე დაყენებული. გ) ჩხავერი, დ) ჩხავერი ჭაჭაზე დაყენებული, მათზე მეცნიერულ-ლაბორატორიული დაკვირვება საუნივერსიტეტო დონეზე დაწყებულია. რას პირდება ქართული ქვევრის მსოფლიოს და პირველ ყოვლისა საქართველოს? რა უპირატესობებით გამოირჩევა ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობა? როგორ უნდა იქნას მიწოდებული ქართული ღვინის მთავარი იდეა და მისია ღვინოზე შეყვარებული საერთაშორისო მომხმარებლისათვის? ამ კითხვებზე პასუხი სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გაიცეს.
ამ ნარკვევში ჩვენ შევეცდებით ქართული ღვინის შექმნაზე გავამახვილოთ ყურადღება. პროდუქტის შექმნა მარკეტინგული კომპლექსის (მარკეტინგული მიქსის) განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ქართული ტრადიციული მეღვინეობის მარკეტინგული მიქსი მოიცავს ქვევრის ღვინის წარმოებას და მის ტრადიციულ განვითარებას.
შემდგომში გესაუბრებით ქართული ღვინის იმგვარ სხვა საკითხებზე, როგორიცაა, ტრადიციული ქვევრის ღვინოს განფასება, დისტრიბუცია და რეკლამა-პრომოცია.
გვჯერა რომ მოვა დრო როდესაც ქართული ღვინო მსოფლიოს დაიპყრობს და სწორედ ქართველები კიდევ ერთხელ შეძლებენ დაისაკუთრონ ღვინის, ამ ხვთაებრივი სითხის პატრონობა.

ფულბრაიტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი კახაბერ ჯაყელი
გამოხმაურებისათვის მოგვწერეთ ელექტრო-მეილზე: – k.jakeli@rocketmail.com

1 თავი : ქართული მეღვინეობის პრინციპები
არქეოლოგიური მონაცემებით სწორედ საქართველოა ის ადგილი სადაც ადამიანმა 7000 წლის წინ შემთხვევით თუ გარკვეული დაკვირვების წყალობით – ღვინო, ეს უმთავრესი საკაცობრიო სასმელი, ერთდროულად სალხინო და სამკურნალო სითხე აღმოაჩინა.
მრავალი საუკუნის მანძილზე სწორედ ქართველმა კაცმა გამოიმუშავა მისთვის უპრიანი და მეტად რენტაბელური მეთოდი ღვინის შექმნისა, რომელიც მიწაში ღრმად ჩამარხულ ქვევრში ყურძნის ტკბილი მასის ჩატოვებაში და ამგვარად დაღვინებაში გამოიხატებოდა.
ქართული ღვინის შექმნას დაწვრილებით განვიხილავთ, მაგრამ უნდა ითქვას რომ ამ მეცნიერებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ქართული მეთიხეობის შესწავლა და ანალიზი. საქართველოში მექვევრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახლდათ. ამაზე ისიც კი მეტყველბს, რომ ქვევრში ინახავდნენ არა მარტო ღვინოს, არამეს ხორბალსაც, მარცვლეულს, ერბოს, ჭაჭის, მწნილის და სხვათა შესანახად.
ღვინოსთან მიმართებაში საინტერესოა ის ფაქტი რომ ძველი ქვევრები ღვინის გადასატანად გამოიყენებოდა. პროკოფი კესარიელი (VI) წერს: ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. აქედან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ის ჰიპოთეზა, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც ჩვენი ერთ-ერთი კვლევის საგანი უნდა გახდეს.
„ყოველი კეთების ავკარგიანობა ნაკეთარმა უნდა გამოარჩიოს“, ამბობს ილია ჭავჭავაძე და როდესაც ქართულ მეღვინეობას მის კონკურენტ ევროპულ მეღვინეობას ადარებს შენიშნავს ქართული ღვინის უპირატესობას – პროცესების ბუნებრივობას და ადამიანის ჩარევის მინიმუმამდე დაყვანას.
„მაგალითებრ, საფრანგეთის მინისტრმა ქიმიკოსმა შაპტალმა აღმოაჩინა, რომ შესაძლოა მჟავე ღვინოს სიმჟავე დაუკარგოს კაცმა თუ ფხვნილი მარმარილო ჩააყარა, სიმჟავეს მარმარილო შეისვამს და მერე ძირს დაილექებაო. მერე მარმარილოს მაგიერად ამისათვის თაბაშირს დაუწყეს ხმარება და ამ თაბაშირით ნაკეთობას საფრანგეთში Platrage-ს ეძახიან და თვითონ სისტემას კი „შანტალიზაციას“. ილიას სიტყვებით დოქტორმა გალლმა „გალიზაცია მოიგონა“ რომელიც ღვინოს, მინარევებს უმატებს. ასევე ღვინის საფერავის ხმარებას რომელსაც „ფუქსინიზაცია“ ეწოდება.
ილია მართალი შენიშნავს რომ „შანტალიზაცია, გალლიზაცია ფუქსინიზაცია“ არის ის მეთოდები რომელიც ადამიანისათვის მაწყინარია. „ჩვენც იმათ ავყვეთ და მარგებელი სასმელი მაწყინარად და ადამიანის მოსაწამლად გადავაქციოთ“- ხმას იმაღლებს იგი და ეს კითხვა თუ შეძახილი დღევანდელობაში მოწოდებასავით გაისმის.
მართლაც – რაშია ჭეშმარიტი ღირსება ღვინისა?
ქართული მეღვინეობის მთავარ პროცესი თავად უფლის მიერაა დაწესებული. ქართული ღვინო ბუნებრივია, შესაბამისად მასში ძნელია იმგვარი ერთგვაროვნების დაცვა, რასაც ჩვენ ევროპულ მეღვინეობაში ვხედავთ. „ბუნებრივი ღვინო სხვადასხვა არის და ეგ სხვადასხვაობა დამოკიდებულია მიწის სხვადასხვაობაზე“ (ილია).

შესაბამისად ქართული მეღვინეობა მიწის შერჩევიდან იწყება.
1.1 ქართული მეღვინეობა და ნიადაგები
ისტორიული წყაროების შესწავლიდანაც და გავრცელებული პრაქტიკიდანაც კარგად ჩანს რომ ტრადიციული ქართული მეღვინეობა ნიადაგიდან უნდა იწყებოდეს. „ღვინის დამყენებელმა უნდა იცოდეს, რა ადგილმა, რა გვარი ღვინო იცის და რაგვარი ღვინოც სურს, იმგვარს შეურჩიოს სავენახე ადგილიცა“(ილია, 1887). ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე შემდეგი კანონზომიერებებია გადასამოწმებელი რომელიც ნიადაგისა და ღვინის დამოკიდებულებას გვთავაზობს.

Picture1

ტაბულა 1: ავტორი კახაბერ ჯაყელი, წყარო ილია ჭავჭავაძე „ღვინის ქართულად დაყენება“

1.2. ქართული მეღვინეობის სისტემა

ქართული მეღვინეობის სისტემა თითქოს და მარტივია, „კაცმა მოაშოროს ყოველივე ის რაც თვითონ ბუნებას უშლის ყურძნის წვენის ბუნებრივ ღვინოდ სრულიად და სავსებით შექმნასა და იმ ყურძნის წვენშივე არსებულთა და მოქმედთა ძალთა ბუნებისასა ხელი შეუწყოს , ხელი მოუმართოს“ (ილია, 1887).

1.3. როცა ყურძენი დაიკრიფა – დავადუღოთ კლერტით თუ არა? რა მარკეტინგულ ფასეულობას მატებს კლერტზე დადუღება ქართულ ღვინოს?

ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ მარცვალი ყურძნისა უნდა მოშორებული იქნეს კლერტისაგან, რადგანაც კლერტს რომ არ აცლიან ჩვენში ყურძენს ეს იწვევს იმას რომ „ღვინო პირსა ჰბლანდავს“ (ილია, 1887, გვ. 16).
მაგრამ ღვინის დაწმენდის საკითხში თავად ილია ამბობს რომ კლერტი ღვინის დაწმენდვას უწყობსო ხელს. „როცა ღვინოს ქუდს გაუტეხენ და დაურევენ, კლერტი ძირს ჩადის და ლექი ღვინისაც ძირს ჩააქვსო, ამის გამო ღვინო მალე დაწმინდდავდება ხოლმეო“- ამბობს დიდი ილია, მაგრამ უმალ საღ და სკეპტიკურ აზრს მოიშველიებს და დაამატებს ეს ბოლომდე შესწავლილი არ გავქვსო და „ამას მარტო გამოძიება გამოაჩენს“.
იმ პერიოდში როდესაც ილია ჭავჭავაძემ აღნიშნული ნარკვევი დაწერა, საზოგადოდ ცნობილი იყო ქართული ღვინის ერთი თვისება, იგი ხანგრძლივი ტრანსორტირებისათვის არ იყო მედეგი, ამიტომაც ღვინოსაც ძირითადათ იქვე სვამდნენ სადაც აკეთებდნენ. მაშ სად დაიკარგა ის უძველესი ცოდნა ქართული ღვინის გადატანისა, ჩვენთვის ხომ ცნობილია რომ ქართული ღვინით სავსე ქვევრები თერმოსული წესით, ასირიაში და რომში იგზავნებოდა. ესეც როგორც ჩანს შესასწავლი თემაა.
რაც შეეხება კლერტის მოცილებას. მეტად მნიშვნელოვანი საკითხია თუ სად და როდის აცლიდნენ ქართველები კლერტს ღვინოს? თავად ილია ამბობს ამაზე, რომ სოფლებში შაქრიანსა და ფაშაანში, ტურისციხესა და ზეგაანში, დაწურვის შემდგომ, იმ წამსვე კლერტს მოაცილებდნენ წვენს და დააადუღებდნენ ღვინოს. ამის შემდგომ ეს სოფლები მაჭრით ყოფილა ცნობილი. მაგრამ ღვინისაგან „პირის დაბლანდვას“, რომ თავი დავანებოთ რასაც სიამოვნებადაც აღიქვამს ადამიანი დღესაც, საინტერესოა, რა ხდება ამ დროს, რატომ არ იღებენ ქართველნი კლერტს ღვინისაგან, თუ ეს ტრადიცია მხოლოდ მოკლე ისტორიით შემოიფარგლება და უძველესი ისტორია ჩვენ ამ პროცესისა არ ვიცით? თავად ილია მისი ეკონომიკური-ლიბერალური ლოგიკითა და გამჭრიახობით, როგორც ჩანს ქართველის მიერ კლერტის მოუცილებლობის საკითხს, მაინც და მაინც ისევ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ხედავს. „კლერტის გადარჩევას დრო და ხარჯი უნდა“ – მევენახის გულის ხვიშიადს უღრმავდება ილია მართალი.
ილია თავად გვთავაზობს ექსპერიმენტს, რომ გამოვიძიოთ შემდეგი საკითხი: რატომ არ ვაცლით კლერტს საღვინე მასალას და რატომ ვაცლით კლერტს სამაჭრე სითხეს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია. სამომხმარებლო კულტურიდან გამომდინარე თუ ეკონომიკურ მეცნიერული პრობლემებიდან დანახული ქართველი გლეხის ცხოვრება მუდამ საინტერესოა ამ კუთხით. უნდა იქნეს შესწავლილი კლერტის ყველა თვისება ღვინოსთან მიმართებაში. საიდან მივიდა ქართველი კაცი იმ აზრამდე რომ მან კლერტზე დადუღებული ღვინო ამჯობინა?
არის რამოდენიმე შესაძლო პასუხი ამ თემაზე:
ა) კლერტი ქართულ ღვინოს მგდრადობას ანიჭებს;
ბ) კლერტზე დაყენებული ღვინო უფრო მოსწონდათ ქართველებს მანამ სანამ ევროპული ღვინო გამოჩნდებოდა ჩვენს ბაზარზე;
გ) კლერტზე დაყენებული ღვინო სამკურნალო თვისებების მატარებელია;
დ) ამას აკეთებს გლეხი იმიტომ რომ მას ეკონომიკურად ძლიერ უჭირს;
ე) ბაზრის მოთხოვნა იყო მსგავსი, ანუ არა უმჯობესი ვიდრე შეთავაზება;
ვ) ტრადიცია სჯულზე უმჯობესიაო – ანუ ეს განაპირობა ტრადიციამ მხოლოდ;
ზ) არის კიდევ რამოდენიმე გარემოება რომელიც ჯერ უცნობია;
ილია ასეთ ჰიპოთეზასაც გვთავაზობს: „ვინ იცის, იქნებ კლერტზედ ნადუღარი ღვინო უფრო გამძლეც იყოს?“.
სწორედ ამ კუთხით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბატონ ვახტანგ წივწივაძის ინიციატივით შეიქმნა საცდელი ღვინის კვლევების ცენტრი, დაიფლა ქვევრები, მასში მოთავსდა სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინომასალა დაყოფილი ორ კატეგორიად – ღვინომასალა კლერტით და ღვინო მასალა კლერტის გარეშე. მიმდინარეობს ამ ღვინოების დადუღება ქვევრებში. ამიტომაც ამ მიმართულებით მალე გვექნება მეტად მნიშვნელოვანი სიახლეები და ილია მართლის მიერ დასმულ ამ საჭირობოროტო კითხვასა და საკითხს შესაძლოა გაეცეს პასუხი.
ყურძნის მარცვლის გადარჩევას და საუკეთესოების გამორჩევას დიდი მნიშვნელობა რომ აქვს ამას ბავშვიც აცნობიერებსო ამბობს საქართველოს დიდი მოამაგე, მაგრამ რადგანაც ასე მხოლოდ იშვიათად იქცევიან ქართული ტრადიციული მეღვინეობის დროს, ეს ილიას ამგვარად აფიქრებინებს.
„ეგრედ გადარჩევა კარგა დროს ჯაფასა და ხარჯსა ჰთხოულობს და ჩვენი ღვინის ფასი კი დღევანდელს ბაზარში ისეთი დაბალია, რომ უამისოდაც ძლივს აყენებს საზოგადო ხარჯსა… მაგალითებრ შატოდიკების პატრონი მარკიზი ლურ სალუსი, რომელსაც ბოთლი ღვინო თითქმის ოთხ-ხუთ მანათად უსაღდება. ამისთანა ფასი რას არ შეაძლებინებს კაცსა“.
ვინ გახლდათ ეს მარკიზ ლურ სალუსი ჩვენ არ ვიცით მაგრამ ფაქტია რომ ქართული ღვინის დაბალი ფასი ძლიერ აღელვებს დიდ ილიას, რომელიც ფიქრობს რომ ქართული ღვინის პენეტრაციული ანუ ბაზრის გაჯერებისათვის აუცილებელი, დაბალი ფასებით შეტანა ბაზარზე არის შეცდომა რასაც ქართველი სჩადის. რა თქმა უნდა იმ პერიოდისათვის ღვინის კომერციის სხვადასხვა სტრატეგიას იცნობდა ევროპა მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო რომ ამგვარი სტრატეგიების ცოდნა არ შეიძლებოდა ჰქონოდა ტრადიციულ ქართველ მეღვინეს რომელიც ოჯახურ პირობებში, წინაპრებისაგან დატოვებული ცოდნით გადიოდა ფონს მხოლოდ და ბაზარს იმას აწვდიდა რაც შეეძლო. ამ მიმართებაში დღესაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დიდია სტრატეგიული მარკეტინგული ტექნოლოგიების როლი იმისათვის რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა და მისი პროდუქტი დამატებითი ფასეულობის ზრდით მივაწოდოთ ბაზარს. აქ უცილობლად დაგვეხმარება ერთი მარკეტინგული მატრიცა (ანსოფის მანტრიცა).

Picture3

ტაბულა 2: პროდუქციისა და ბაზრის ექსპანსიის მატრიცა (ანსოფის მატრიცა)

ამ ტაბულის თანახმად ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ქართული მეღვინეობა და ქვევრში დადურებული ქართული ღვინო უკვე გარკვეულ წილად რაღაც ახალ ინოვაციას წარმოადგენს მსოფლიო ბაზრებისათვის. „ახალი კარგად დავიწყებული ძველი გახლავთ“ – უთქვამს ერთ ბრძენს და ამ პრინციპის მიხედვით ანსოფის მატრიცის თანახმად ჩვენ გვჭირდება პროდუქტის განვითარების სტრატეგია. რას მოიცავს იგი ქართული ღვინისათვის?
პროდუქტის განვითარებისათვის პირველ ყოვლისა საჭიროა საინფორმაციო სტრატეგიისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კონცებციის ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან შერწყმა. საჭიროა მთელს მსოფლიოს, სადაც უკვე საკმაოდ მატულობს ინტერესი ქართული მეღვინეობის მიმართ , მოუყვეთ და აუხსნათ თუ რა არის ამ ტიპის მეღვინეობის უპირატესობები და დროული მარკეტინგული კამპანიების მეშვეობით მივაღწიოთ ამ ტიპის მეღვინეობისა და მისი საბოლოო პროდუქტის სტანდარტების შემუშავებას. ასევე საჭიროა საინფორმაციო სტანდარტების განვითარება და სრულყოფა. საბოლოოს ქართული მეღვინეობა თავად უნდა იქცეს ბრენდად და განვითარდეს იმგვარად როგორ მაგალითად ვისკის ტექნოლოგია შოტლანდიაში და ადგილწარმოშობის სახელწოდებით დადასტურებული ღვინოების წარმოება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში.

2. თავი ღვინის დაწურვა ქართული მეთოდით
საწნახელი და მისი აზრი -ყურძნის საწური დიდი, გრძელი ჭურჭელი ქვიტკირისა ან ხისა

ქართული საწნახელი ნოეს კიდობანს წააგავს, ილია ამბობს რომ ევროპაში საწნახელის ფორმა სრულიად განსახვავებულია იმისაგან რაც ჩვენ გაგვაჩნია. საწნახელი ყურძნის ფეხით დასაწურად გამოიყენება. მისი იდეა ამით არ შემოიფარგლება და იგი უფრო ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თავადი ლევან ჯორჯაძე 1876 წელს გამოცემულ თავის მბწყინვალე წიგნში, რომელიც დღეს რარიტეტად არის ქცეული, ასეთ რამესაც გვირჩევს -“ნავში რომ ყურძენი ჩაყაროთ, თუ მშრალი იქნება ისა, მეორე ანუ მესაე დღესაც რომ დაიწუროს, არ წახდება და უფრო გაკეთდება, ამისათვის რომ ყურძენი უფრო გაშრება და დატკბება; თუ ნამიამი ყურძენი იქნება ის იმავე დღეს უნდა დაიწუროს, თორემ ჩახურდება და წახდება, თუ დარჩა ნავშია. კარგად მოწეულ ტკბილ ყურძენს არ უნდა გაშრობა ნავში და ის მაშინვე უნდა დაიწუროს ” (თავადი ლ.ე.ჯორჯაძე „მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეტება და გაუმჯობესება, ხელმძღვანებლობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა“ გამოცემული ა.ი. შახ აზიზოვის მიერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში, 1876 წელს).
დაწურვისას ყურძნის საღი მარცვლები ცხადია უფრო ეფექტურად იჭყლიტება და მისი წვენი ყველა უწინ დაიძრება გასასვლელისაკენ. „ამას უწოდებენ წინა წვენსა…საზღვარ გარეთ კარგ ღვინოს ეს წინა წვენი აყენებს, შემდეგ ამისა იწურება მაგარი მარცვალი…ამას ქვიან შუა წვენი; შემდეგ ამისა რაც ჭაჭა დარჩება და ისვრიმის მაგარი მარცვალი; ის გამოიწურება- ამას ჰქვიან ბოლო წვენი “ (ჯორჯაძე, 1876). ხოლო თუ ღვინოს საქაჯავში ვწურავთ მაშინ ბოლო ნაწილს საქაჯავში გაატარებენ და უწოდებენ „ნაქაჯი წვენი“ – აქედან ხომ ხედავთ ქართველი კაცის სიბრძნეს თუ როგორ მგრძნობიარედ უყურებს იგი თავად წვენს და მის ფრაქციებს. თუ უცხოეთში წინა წვენი მოსწონთ, „მარამა კახეთში ჩვეულებათა აქვსთ მიღებული და მოსწონთ შუა წვენი ანუ ბოლოსი“ – ამბობს თავადი ჯორჯაძე. მის სიტყვაკაზმულობაში „ანუ“ იხმარება „ან-ის“ მნიშვნელობით.
იკითხავთ ალბათ თუ რატომ მოსწონდათ ქართველებს შუა და ბოლო წვენი უფრო ვიდრე ქინა წვენი? თავად ჯორჯაძე, როგორც გამოცდილი მეღვინე ამას გემოთი ხსნის, ჭაჭის ძალა და მუხის სიმჟავე უფრო მოჰყვება ამ წვენსო ამბობს იგი მაგრამ, თავადი ილია ჭავჭავაძე ქართვეების მიერ შუა წვენის სიყვარულს სულ სხვა მიზეზებით ხსნის, რაც ალბათ კიდევ არის დასაზუსტებელი და გადასამოწმებელი:
„ვისაც დიდი მოსავალი მოსდის, საწნახელიდანვე გამოსულს ტკბილს სამ წვერად დაჰყოფს და ცალ – ცალკე ქვევრში მიუშვებს. ერთი წვერო იგია, რაც მუშების პირველ გავლაზე წვენი გამოვა საწნახელიდამ. ამას ცალკე მიუშვებენ და ამბობენ , ამისი დაბალი ღვინო დადგებაო, რადგანაც რაც ჭუჭყი , მტვერი ჩაჰყოლია ყურძენს და რაც მეტი წყალი აქვს , ამ პირველ ნაწურ წვენს გაჰყვებაო. ამ წვენის ფერი თითქმის მღვრიე წყლის ფერია. წვენი ამის შემდეგ მალე იცვლის ხოლმე ფერსა… ნაბოლოვარად წვენი ერთხელ კიდევ იცვლის ფერსა, უფრო მოჭირებულის ფერისა შეიქმნება , უფრო სქელი და წებოიანი და მაშინ მესამე ქვევრში მიუშვებენ“ (ილია, 1887).
ამავე დროს ილია პრაქტიკულ რჩევასაც თავაზობს ქართულად ღვინის დამყენებლებს – ქვევრის ზომა წინასწან შეუხამეთო ამგვარ 3 ფრაქციად დაყოფილ ყურძნის წვენს, გვირჩევს იგი, რადგანაც – „თვითოეულ წვერ ტკბილისათვის ქვევრი იმოდენა უნდა იყოს რომ ერთის დღის ნაწურმა ტკბილმა სადუღარად მოყაროს ქვევრი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ქვევრი უფრო დიდი იქნება მაშინ მას კიდევ უნდა დაუმატოთ წვენი ეს დუღილს დაახანებს, რაც შეცდომაა. „საჭიროა ერთისა და იმავე დროის ნაწურით ერთსა და იმავე დღეს ქვევრი …იმოდენად აივსოს რამოდენაც ქვევრს თუ ჭურჭელს დუღილისთვის ავსებენ ხოლმე“ (ილია, 1887)

დიაგრამა 1: წვენთა ფრაქციები.

Picture4

ტაბულა: ქართული ღვინის მოსამზადებლად ყურძნის დაწურვა და მისი წვენის ფრაქციები ლევან ჯორჯაძეს მიხედვით.
ქართული მეღვინეობა უფალს მინდობილი საქმიანობაა, რადგანაც მისი მთავარი პრინციპია „არ ჩაერიო სადაც არ ხარ საჭირო და მიენდე უფალს“, აქედან გამომდინარე ქართველი კაცის გენი დაკვირვებულობით გამოირჩეოდა და ამიტომაც მან ისწავლა ის ფაქტი რომ ყურძნის წიბწა არ უნდა დაემტვრია მას უნებურად ყურძნის დაწურვის დროს.
საწნახელი როდესაც შეცვალეს სხვა მოწყობილობით, უმალვე გაირკვა რომ ნებისმიერი მექანიკური ყურძნის საწური, მათ შორის ისიც რომელსაც თავად დიდი ილია „საქაჯავს“ უწოდებდა, აზიანებდა წიბწას და წიბწის გემო აზიანებდა იმ სასმელს რომელიც თავად უფალს იყო მინდობილი.
აღმოსავლეთ საქართველოში საწნახელს ნავსაც უწოდებდნენ. „ამისათვის ჩვენში ან ხის ნავია ან ქვიტკირის საწნახელებია, კარგად გალესილი“. სამეგრელოში საწნახელს უქოდებენ ოჭინახს, რაჭა-ლეჩხუმში – ხორგოს ან ხაპს.
სასაწბახლედ გამოიყენება წაბლი, თელა, ცაცხვი. უნდა შეირჩეს დიდი ხე, მზის გულზე გაზრდილი, უზადო და სწორი. სასაწნახლე ხის ზამთარში მოჭრა სჯობია ამბობენ მცოდნე კაცნი, შემდეგ იგი უნდა გაითალოს, გული ოთკუთხედ ფორმით გამოითალოს და ამოიჭრას. კარგი იქნება თუ ბსკერი სწორი იქნება ყურძენზე მაქსიმალური დაწოლა რომ მოვიდეს და ყურძნის მარცვლები რომ არ გაიფანტოს.
მესხეთში განსაკუთრებით ვარძიის კომპლექსში ხშირად გვხვდება ქვის საწნახელი. რაც შეეხება ქვისა და ქვითკირის საწნახლებს, როგორ გავლენას ახდენენ ისინი ღვინის ხარისხზე, ხის საწნახელებთან შედარებით ეს კითხვა ჯერაც გადაუჭრელია. ამ მიმართებითაც საინტერესოა კვლევა – თუ როგორ გავლენას ახდენდა საწნახელის აგებულება და ფორმა, მისი შემადგენლობა ღვინოზე და რატომ აირჩიეს მესხებმა სწორედ ქვის საწნახელი? ეს კითხვები ჯერაც საიდუმლოებით მოცული თემაა.
„გაჭყლეტილი წიბწა ღვინოს წკლარტავსო და ამწარებსო“- ამბობს სულმნათი ილია მართალი, ამიტომაც ნამდვილი ქართული ღვინის დამზადება საწნახელის გარეშე შეუძლებელია.

3 თავი: ქვევრის მომზადება

„გარეცხილ ქვევრსა…ყურძნის წვენის ჩასასხმელად უნდა შემოავლოთ უნდა შემოავლოთ ერთი დვოინოი ბოთლი სპირტი…ეს სპირტი უნდა მოასხათ შიგნიდან ქვევრის კედელსა…ერთ გირვანქა სპირტში უნდა მოავლოთ დაუწერავი ქაღალდი, ამ სპირტიან ქალღალდსა მოუკიდეთ ცეცხლი ჩააგდეთ ქვერვშია და როდესაც კარგად გაძლიერდეს , მაშინ დააფარეთ სარქველი რომ ბოლი შიგ დატრიალდეს. შემდეგ ასწიეთ სარქველი. მიუმართეთ ღარი და ისევ დააფარეთ სარქველი ზედ ღარზედ და ისე მიუშვით ყურძნის წვენი“ (თავადი ლ. ჯორჯაძე, 1876).
ასევე ჯორჯაძე გვირჩევს ნედლი ღვიას ხის ტოტები, ან კაკლის ხის შტოები , ან კაკლის ფოთოლი, დავკუწოთ ქვაბში მოვხარშოთ და მისი წვენი ვასხუროთ ქვევრს შიდა კედლებზე და დავაფაროთ სარქველი. როცა მისი ორთქლი ქვევრში დატრიალდება მაშინ ის წვენი უნდა ამოვღვაროთ და შემდეგ უკვე სპირტი ზემოხსენებული მეთოდით შემოვავლოთ ქვევრს.

3.1. ქვევრის გავსება ყურძნის წვენით და ჭაჭის ჩაყრის საკითხი

ქვევრებში ცალ ცალკე „შუა წვენის“ და „ბოლო წვენის“ ჩასხმის შემდეგ მას ჭაჭა უნდა დავაყაროთ თუ არა ამ საკიტხს ჯორჯაძე და ჭავჭავაძე სხვადასხვანაირად ხსნიან. თავადი ჯორჯაძე ამბობს რომ „ჩაყარეთ შიგ ჭაჭა, რომელიც უნდა საპანეზედ სამი გოდორი“. ილია კი ამგვარად საუბრობს „საჭიროა ჭაჭა და კლერტი ჩააყოლონ ტკბილსა თუ არა? ჩვენ დუღილს ბუნებრივი მოქმედება ვუწოდეთ , იმიტომ რომ დუღილი აქ კაცის ხელიტ მიცემული წამლით არ აღიძვრის ხოლმე; ნივთიერებას თუ წამალს თვითონ ბუნება აძლევს ყურძენსა“, შემდეგ იგი პასტერის ცნობილ ცდას განიხილავს რომლის დროსაც ფრანგმა მეცნიერმა ვაკუუმში მოაქცია წვენი ჭურჭელში კლერტისა და ჭაჭის გარეშე და წვენი არ დადუღდა, შესაბამისად ილია ამბობს რომ ჭაჭმა ყურძნის კარგად დადუღებისათვის საჭიროა და აუცილებელი.
ქვევრში წითელი ღვინისათვის ერთ საპანე წვენზე 4 გოდორი ჭაჭა დაუმატეთო. ამბობს ჯორჯაძე თავის წიგნში. რაც მთავარია ჯორჯაძე და ჭავჭავაძე ერთ რამეში თანხმდებიან რასაც ქვია ჭაჭის უდიდესი მნიშვნელობა ქართული ღვინისათვის შეფერილობის მიცემაში.
საინტერესო რამეს გვაწავლის თავადი ლ. ჯორჯაძე სარქველის დახურვის წესის შესახებ – სარქველსა და ქვევრის პირს შორის , ნეკის სისხლო ვაზის წალამი- სიგრძით ნახევარი არშინი ჩააყოლეთო და ისე მიაყარეთ სარქველს ბლომად მიწაო, „ხოლო იმ წალმის ბოლო ზევით ამოხარეთ მიწაშია, რომ შიგ არ დაჰყვეს და არ დაიმალოს“. რატომ სჭირდება ეს მეთოდი დადუღების პროცესს? – პასუხს ჯორჯაძე ამგვარად აყალიბებს – „იმისათვის რომ დუღილში ამ წალმის ტოტიდან დუღილის სუნი ამოდიოდეს (უგლეკისლი გაზ), თორემ კარგად ვერ დაიდუღებს ყურძნის წვენი და ან ქვევრს გახეთქამს დუღილის ძალა და სუნი, უკეთუ სასულე არ ექნება დატანებული“ (ჯორჯაძე , 1876 წელი, გვერდი 80).
ამგვარ სასულეზე არაფერს ამბობს ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ცხადია აქ რაღაც ძველი გამოცდილება იმალება. რა თქმა უნდა ნახშიროჟანგის გაზის ამოსვლას გულისხმობს ჯორჯაძე „დუღილის სუნში“, და მისი რჩევა მეტად საინტერესოდ გამოიყურება დღესაც.
ჭაჭის ჩაყრის შემდეგ ქვევრს ყელში ჭაჭას სპეციალური ცხაურო უნდა გაუკეთდეს, ჩხირების სახით რომ ჭაჭამ არ ამოიწიოს . ჩხირები უნდა იყოს ქერქ გაცლილი მუხის ან წაბლის, შესაძლოა ღვიასი, კაკლის ან თავად ვაზის ხისა. რომელი ხის ჩხირები სჯობს ამ მეთოდიდან ეს ჯერაც დასაზუსტებელია.
„ქვევრში იმტოლა ადგილი უნდა დავაგდოთ ცარიელი , რომ შიგ ყურძნის წვენმა კარგად დაიდუღოს, ამისათვის რომ დუღილში რადგან მაჭარი ზემოთ ამოიწევს, მაშინ უკეთუ სარქველს ზევით ამოიდუღა მიწაშია, ძალასა და სუნსა მიწა მიიზიდავს და ღვინო წახდება“- ამბობს ჯორჯაძე.
ქვევრზე დასაწყობად ხავსი სჯობსო წაბლისა და მუხის ხისა, ამბობს ჯორჯაძე. როდესაც ქვევრი დაიხუფება მას აყალო მიწას აყრიან, არსებობს ასევე მეთოდი რომელიც პურის ფქვილისაგან ცომის გაკეთებას და იმითო ქვევრის სარქველის შემოლესვას გულისხმობს. ხომ არ არის ეს მეთოდი მართლაც ყველაზე უნიკალური და ძველი, რადგანაც იგი ღვინისა და პურის კავშირს ასახავს? ამ კიტხვაზეც პასუხს კავკასიის საერტაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის პროგრამის მესვეურები და მათი საცდელი მეურნეობა – მარანი გაგვცემს პასუხს სადაც აღნიშნული ცდები მიმდინარეობს.

3.2. ქვევრი და ქართული მარანის საიდუმლო: რენტაბელობა და საუკეთესო გემო
ილიაც ამბობს ქართველის გასაჭირს რომ მას მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება არ შეეძლო მეღვინეობაში, ხშირად ეს მარანზეც აისახებოდა. ხალხს ფარღალალა მარნები ჰქონდა და უცოელი გაიკვირვებდა თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივებს ამგვარ პირობებში ტემპერატურის შენარჩუნებაო? ტემპერატურა მარანში 10 დან 15 გრადუსამდე უნდა იყოს. მაგრამ აქვე შენიშნავს:
„დააკვირდით , ჭურჭელი რაშიაც ჩვენში ტკბილს ადუღებენ რა ადგილას არის? იგი ღრმად ჩასმულია და გარედ ჰაერზედ არ დგას. რატომ? სხვატა შორის იმიტომ რომ ვერც გარეთი სიცხე ჩაატანს ისე მალე და ხელაღებით, ვერც სიცივე. მიწა ინახავს ქვევრს ერთსა და იმავე სითბო სიგრილეში და გარეთი ჰაერის ცვლილება მაგოდენად არა სწვდება ქვევრსა და აქედამ ტკბილსა რომელიც ქვევრში ჰდუღს.“ (ილია, 1887).
მართლაც ქართველების გამოგონება, ქვევრი უნიკალური საშუალებაა ღვინის დადუღებისათვის. იგი მუდამ ინაცღუნებს ტემპერატურას 10 და 15 გრადუსამდე, ასევე ხელს უწყობს დადუღების პროცესის გამარტივებას და ნახშირჟანგის გამოყოფას.
როგორც დიდი ილია ამტკიცებს ქვევრში ღვინის დადუღება ყველაზე რენტაბელური და ეკონომიკურად ეფექტიანი საქმიანობა ამ სფეროში.

4 თავი: მეღვინეობა და რისკ მენეჯმენტი: ვაზის დაავადებები ვაზის „ესკა“ – ზაფხულის დამბლა – ტრაქეომიკოზული სოკოვანი დაავადების სახეობაა რომელსაც იწვევს – sterium hirsturum (wild). აღნიშნული სოკო იჭრება ვაზში შტამბის მექანიკურად დაზიანებული ადგილიდან. მერქანში შეღწეული ეს დაავადება ვრცელდება პერიფერიებში, გადადის წლიურ კონცენტრულ რგოლებზე. აღნიშნული პროცესი იწვევს გამტარი ჭურჭელ-ბოჭკოვანი სისტემის პარალიზებას და საბოლოოდ ვაზი იწყებს ხმობას. ვაზი უეცრად იღუპება.
როგორ აღმოვაჩინოთ აღნიშნული დაავადება? როგორ ვლინდება ის? დაუკვირდეთ უნდა ფოთლებს. ფოთლების მწვანე ფერი უეცრად იცვლება მოყვითალო მწვანით. ხმობა ზაფხულში ხდება. მაგრამ მაინც დაავადება ს აქვს ფარული პერიოდიც, როდესაც ვაზი დასნეულდება აქედან მოყოლებული სწრაფი ჩარეის გარეშე იგი შეიძლება 3 წელიწადში დაიღუპოს.
ეს დაავადება სწრაფადაც ვრცელდება სხვა მცენარეებზე, წარმოიდგინეთ დასნეულებული ვაზი მერქანში სკდება , მისი ფხვნილის მასასავით შეითავსი ქარის მიერ გადადის სხვა ჯამრთელ მცენარეებზე და მათში აღწევს, ამგვარად მთელი ვენახების დიდი ფართობები და სხვა ნარგავებიც, მაგალითად ხეხილიც შესაძლოა დასნეულდეს. დაავადებას ხელს უწყობს ვეგეტაციის პერიოდი, მაღალ ტემპერატურაზე ხდება ფოთლებიდან ინტენსიური აორთქლება, რომლის შევსებაც არ ხდება ფესვებიდან , რადგანაც სოკომ უკვე დაშალა გამტარი ჭურჭლები და წყალი ვერ მიედინება მასში. ამ სინდრომს ადგილი აქვს განსაკუთრებით ზაფხულში.
აღნიშნული დაავადება შტამბის ზედა ნაწილზე ვითარდება, მისი ქვემოთ წასვლა არ ხდება და ხშირად ვაზის ფესვი საღია.
როგორ ვებრძოლოთ ვაზის დამბლას?
პროფილატიკური ხასიათის ღონისძიებებია – ვაზის წორად გასხვლა, მერქნის მექანიკურად დაზიანების გარეშე. თუ ამგვარი დახეთქილი ადგილები მერქანზე შეინიშნება – ამოავსეთ იგი ბაღის მალამოთი.
გაშენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს: ვაზის გაშენების დროს კარგად შეზრდილი ნამყენები უნდა დაირგოს. ცუდი შეზრდისას შესაძლოა იქ სოკოს მიცელიუმი მერქანში შეიჭრას და ვაზის დამბლა გამოიწვიოს.
სასწრაფო ჩარევა ეგრეთ წოდებული „ვაზის ოპერაცია“: იმ შემთხვევაში თუ სხვა სოკოებთან არ გვაქვს საქმე და საუბარია მხოლოდ ვაზის ამ ტიპის დაავადებაზე, ანუ ფესვი საღია და მხოლოს შტამბის ზედა ნაწილია დასნეულებული მაშინ უნდა გადაიხერხოს ვაზი მიწის ზედაპირიდან 20 სანტიმეტრზე, სწორედ ამ ნაწილის მოშორებით, დამრეცად და გადანაჭერი დაიფაროს ბაღის მალამოთი. ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე. გადაჭრილი ნაჭერი უნდა დაიწვას.
ხოლო თუ ფესვებიც დაავადებულია, ესეიგი ადგილი აქვს სხვა სოკოვან ვირუსსაც მაშინ ვაზი ფესვიანად უნდა ამოიძირკვოს, უნდა გაკეთდეს ორმოები 50×50 სმ. რამოდენიმე დღეში უნდა ჩავყაროთ მიწა მასში და ორმოები შეიწამლოს ფუნგიციდებით ან ბიოპრეპარატ „ბიოკატანას“ 3% ხსნარით .

ბიბლიოგრაფია:

1. თავადი ლ.ე.ჯორჯაძე „მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეტება და გაუმჯობესება, ხელმძღვანებლობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა“ გამოცემული ა.ი. შახ აზიზოვის მიერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში, 1876 წელს).
2. თავადი ილია ჭავჭავაძე „ღვინის ქართულად დაყენება“ 1887 წელს, ხელახლა გამოცემული 2012 წელს ბარისაშვილის მიერ.
3. გიორგი ბარისაშვილი “ (წყარო: http://www.24saati.ge/weekend/story/23066-ghvinis-qartulad-dayeneba-qvevrshi-chadziruli-qudit)
4. მესხური მეღვინეობა (წყარო: http://www.24hours.ge/weekend/story/11681-meskhuri-mevenakheobis-nashtis-kvaldakval)
5. ანანია ჯაფარიძე -პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, თეოფილაქტე სიმოკატა, თეოფანე, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ : ანანია ჯაფარიძე ; [რედ. ი. გორგიძე].
6. ვაზის ესკა – წყარო სასოფლო სამეურნეო პროექტების ცენტრი.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button