ლიტერატურასაკითხავი

ვაჟა-ფშაველა – სცენები (ფშავლების ცხოვრებიდამ)

სცენა I
ყოჩაღ, ხაფანგო!
ი ო რ ა მ ი. ბიჭოო! ბეჟანო, სადა ხარ, ეეე?!

ბ ე ჟ ა ნ ი. აქა ვარ. რა გინდე, ეე?

ი ო რ ა მ ი. აბა, შენი ჭირიმე, ცხვრები ან ბატკნები ფარეხს გარეთ არა დაგრჩეს. ყველას თავთავის ბინა მიეც. ე თოხლის ხორციც ჩასჭერ საყაურმედა. წყალზე მივალ.

ბ ე ჟ ა ნ ი. აგრეე, აგრეე… ძაღლებისად ხო არ გიჭმევავ, ბიჭო?!

ი ო რ ა მ ი. არა, არაა… მე თავად ვაჭმევ, შენ დარდი ნუ გაქვ მაგეებისა (მიეფარება გორას).

ბ ე ჟ ა ნ ი. (ცხვრებს) ნტრიე, ნტრიე, ნტრიეეე! ამუჩი, აგამუჩი, შე მუდრაგო, რას ეხეტებ-ებეცები? ქსსს! შალაგდით, შალაგდით, თქვენის ღმერთის ჭირიმე.

ი ო რ ა მ ი. (ქოხში წყალს შეიტანს, გამოჩნდება ხელქვაბიანი და ძაღლების გეჯის პირას დგება. ძაღლებს) აა, აბდულავ, ა, ღურბელავ, ა, სამურავ, – აქა, აქა, აქა, ატუგია ჭამეთ! (გეჯაში შრატს უსხამს). დაძეღით, ჩემო ძაღლებო, არ იჩხუბოთ კია, თორო ხო იცით ჩემი ამბავი (ისმის ძაღლების ღრენა, თან საჭმლის დღვლეფა და პირით ჭლაპა-ჭლუპი). წადით თეოზე. თავთავის ბინა იცოდეთ. „სლუჟბა ზნაიშო“, რუსული მაინც არ გაგიგონიათ, თქვე ტიალებო! გასწით, აქ კუდებს ნუ აწუხებთ, თორო! (ძაღლები მიდიან და ფარეხის გარეშემო სხვადასხვა ადგილას წვებიან).

ბ ე ჟ ა ნ ი. (მოდის. ქოხის კარებზე ჩობახს მიაყუდებს). შინა ხარა, ე?

ი ო რ ა მ ი. შინა ვარ, ძმაო, შინა. მოდი გენაცვალე მა გარჯილობაში, სუყველა დააჟამკრია?

ბ ე ჟ ა ნ ი. სუყველა, ერთი მარტო ცხენები არცადა ჩან.

ი ო რ ა მ ი. რა უნდა, მოდი, დაჯე, თუ ღმერთი გწამ. ემანდ ჭალ-ჭალის პირებში სამ გაეღეტებოდენ, რა მგელი დასჭამს… ის კი არა, ბეჟანო, მე ერთი საქმე მწადიან გულით და არ ვიცი, შენ რას მირჩევ, რას მეტყვი. აქა-იქ სასაუბროდ კი ნურა გრჯის რა, თავისთავადაც კი გამოჩნდება საქმე.

ბ ე ჟ ა ნ ი. შენგნით არ მიკვირსა, რას ამბობ, თუ ღმერთი გწამ. ქვეყანაზე ვიუბნო, განა ბალღი ვარ, კაცო?

ი ო რ ა მ ი. შენი უცოდარი კი, ჩემს ძმას გიამბო, არ არის ეს საქმე. შენც შაგელიშნა კი ის ერთი სურიელი.

ბ ე ჟ ა ნ ი. ვინა? რომელი?

ი ო რ ა მ ი. აი, ემა შალვაის დედაკაცი.

ბ ე ჟ ა ნ ი. ჰო, ვიცი, ვიცი, ახლა კი მივხვდი.

ი ო რ ა მ ი. აბა უყურე შენ დედაკაცის ნამუსსა და ღმერთსა. ჯერ ერთი წელი არც კი შაჰსრულებია მა რძე-ძაღლსა და ვერ უყურებ, რა საქმეებს იწყობს. ეხლავ სხვას გადაეკიდა. წადი და შენ ღმერთი სთხოვე მაგ იუდის კერძსა. ჰაი, ნეტავი, ერთი შალვას ჩემსავით კი აცოდინა (იცემს გულზე ხელს). მერმე ვისა! ქიზიყელი რამ არა ჰყავს ივანეს ჩობნად, ღამღამ იმასთან იპარება თეოზე. ვინ გაუგებს, ქმარი შინ არა ჰყავ, მწყემსი კაცია, დედამთილი გადაყრუებულია სიბერისაგან, ძმისწული ჰყავ და, ბალღია. მებრალება შალვა, კაი ვაჟკაცია, ცოდვაა, რო ეგ უნამუსო იმას ქუდსა ხდიდეს. სწორჩიით უნდა არჩევდესა. ამაღამ ეგ გოგიასთან წაუსვლელი არ დადგება, ალღო ავართვი, გაღმაით ივანეს ბინების პირდაპირ ბორბოწიაობდა რასამ, ერთს გამჩვენეობაში იყო, სწუხდებოდა, ეშმაკის ცხენზე ჯდებოდა, ეტყობოდა.

ბ ე ჟ ა ნ ი. განა თვითონ შალვას არ ეცოდინება?

ი ო რ ა მ ი. არ იცის, არა, და, იქნება, ეჭვი კი ჰქონდეს. იცი, მე რა მწადიან? ხა, ხა, ხა, ხააა! უნდა ხაფანგი დაუგო. არ მინდა შალვამ გაიგოს, რომ იმის დედაკაცს რა განზრახვითაც დაუგე ხაფანგი. არა უშავს რა, თვითონაც მიჰხვდება. ერთი მაგ უნამუსოს ერთი კაი „სტუკა“ უნდა უგდოთ, ეგებ როგორმე დავაშლეინოთ შავშუაღამეთ ხეტება… ეს კი იცოდე, ზევით როცა წავა, ხევს გაღმით, ჯაგიანზე, მამულის ბოლოებზე ბილიკით დავალის და იქით რო დაბრუნდება, რაკი თავის ეშმაკს გაალაღებს, გამოღმითაზე ჩამაივლის, მგელთველზე ბილიკზე გამაივლის, აი, ემანდ რო ველ არი, მაგაზე. სად არი ი მგლის ხაფანგი?

ბ ე ჟ ა ნ ი. ხაფანგი აქ არი, მაგრამ ვაი თუ ხათაბალა რამ გახდეს, ჯანაბას ერთის თავიც და მეორისაც. იაროს, რამდენიც უნდა…

ი ო რ ა მ ი. არა, ბიჭო, შენ არ იცი, მე როგორ გულით მინდა მაგ ზუვს მგელს ამოაშხამო ეგრე სიარული… განა იმის ქმარს კი გავაგებინებ, რაადაც დაუგე ხაფანგი! გეებას, ერთი გეებას, შენის კარგა ყოფნითა, მე მეტი არა მინდა… რაკი გაემბის, მე ვიტყვი, მგელს დაუგე ხაფანგიო, ქვეყანა გიაგებს, შალვაის ყურადაც ჩავარდება. იკითხავს, სად გაება იმისი ცოლი, როგორ იყო საქმე, რა დრო იყო, რაისად დავიდოდა, რა ედვა, რა ესაქმებოდა შავ-შუაღამეთ იქაო, და ამასობაში გაიჩხრიკება საქმე… ერთი მაგ იუდის კერძს, შუბივით რო დაჰმწვეტებიან თავ-ლაშნი, ერთი მაგისად კარგა მაღლა დავატაცებინებ ი უნამუსო გაზასა… რაც მაჰხდება, მაჰხდეს. დედაკაციიი!.. ღმერთმა დასწყევლოს… დედაკაცმა არ გამამირია ნასერი! აი ნახევარი თმა მაგან გამითეთრა, რამოდენა დავიდარაბა გამოიარე. თვითონ დამიპირა იმ რძე-ძაღლმა. წავედ გამოსატაცებლად… გამამყვა, ძალა არა მიხმარებავ… გზაზე მამეწივნენ ქალის ძმა-ბიძაშვილები, ვხოცეთ ერთურთი, ვჭერით, იმათ მე მჭრეს, მე ისინი ვჭერ. აი ვიდავეთ, აი, ვიდავიდარაბეთ, რა ზღვენი, რა სახვეწარი არ მიმატანინეს… როგორც იყო, ქალი დავინარჩომე, ჩემს ძმას გიამბო… იმ ზაფხულს ლაშარს წავედით, ჩემს ძმას უამბო. გაიმართა, როგორც იცოდე, ლხინი. დაიწყეს ქალ-ვაჟთ ერთად თამაშობა. ჩემი დედაკაციც ერთს სიგრიგელაში გამოდიოდა. ვუყურებ, თვალი და თვალი ერთს სურიელზე ჰრჩება, ერთხელ თვალიც ჩაუკრა. აბა იმ ბიჭმაც შალიშნა და შაწუხდა ისიც. რა ვქნა, როგორ არი ჩემი დედაკაცის და ამ კაცის საქმე? – ვამბობ ჩემს გუნებაში. თან ვეჭვობ, თან არც კი მინდა, რო ვიეჭვო. ამისთანა საქმეში ხო ისე იცის კაცმა… ეჰ, მაშინ აბა რა იქნებოდა! კარგა ნასომი ვარ, მაგრამ გულში კი მაქვს და ვეუბნები ჩემს თავს: ამაღამ, ჩემო თავო, ნუ დაიძინებ, იფთხილე. ე დედაკაცი როცა შენთან წევს, გეხვევა, გეტოლება, და იქ სხვას თვალს უცემს, ერთი მაგისი ავ-კარგი გაიგეო. შუაღამეა. მე თავი მოვიმძინარავე და დავიწყე ხვრინვა. ოღონდაც, ჩემს ძმას უამბო, ამ ჩემს დედაკაცს კაცი კი შემოეპარა. ეს დედაკაცი გადაბრუნდა პირ-იმისაკე… ვოჰხმე, ვოჰხმე, რო მომაგონდება, თავში დამკრავს ჟრიანტელი და ფეხებში გამვარდება, ჯინჭველებივით რაებიმ დამივლის ფეხის გულზე და თითებში. ეჰ, აბა რაღა გითხრა… გადმობრუნდა ეს დედაკაცი, ის კი გაისტუმრა, უფრო მეხვევა და მეტოლება: „ვაი, ვაი, რა ძალიან მიყვარხარო“, – თან იმას მეუბნება ი რჯულზეით ხელაღებული. მაგისად რა ფიც გინდარისო, ახლა მე უთხარ: „თუ შენ არა ა ის კაცი, ეხლა რო ემაში გეწვა…“ გაშრა ეს დედაკაცი, ჩაუვარდა ხმა, გამტკნარდა და ალივით ცხელს ორთქლს მაყრიდა თვალ-პირში.

ბ ე ჟ ა ნ ი. რამ გულმა გაგიძლო, რო ორნივ არ დაჰხანჯრენი?

ი ო რ ა მ ი. ისე როგორმე გავხდი, სუ გონთით გადავვარდი, სუყველა დამავიწყდა… მაშინვე შავკაზმე ცხენები, ჩემს ძმას უამბო. ხელიც არ დამიკარებავ დედაკაცისად, ლაშარის ჯვრის მადმა, შავსვი ცხენზედ და საგათენებოდ შინ მოვიყვანე. ჩავუწყე თუ რამ თავისი ოხერი და ტიალი ჰქონდა, სათავნო ეშმაკი, ქაჯი, აუკიდე ცხენზე და მივგვარე თავის დედ-მამას. მაშინ კი ვეღარ მოვითმინე, დავტაცე თმები, წამოვაპირქვავე და უთხარ: „აქ დასჩვეულხარ ძაღლობას და აქვე მაინელეო“, ავდეგ და წამუედ შინა. მას აქეთია, მე დედაკაცს აღარ ვენდობი, როგორც ეშმაკს არ ენდობა კაცი. მე იმისად არც არა ცხვირ მამიჭრავ, ჩემს ძმას უამბო, არცა რა ხელი. სუ ის მინდა, კაცო, მას აქეთ, რო ყველა ქმრის მოღალატეს ცოლს ამაჰშხამდეს ღალატობა და ძაღლობა.

ბ ე ჟ ა ნ ი. შენ საქმე წინავაც გაგონილი მქონდ; მართლა ისრეცა ყოფილა, როგორც ამბობდენ. რაისად უნდოდა, ქალთათავი რა საცოლია, საით რა აუთრევ-გაუთრევავ?!

ი ო რ ა მ ი. მე საითღა ავითრიე?! რა ვიცი, რას თვალზე ჰნახავს კაცი ქალსა, ან თუ ქალი კაცსა. ჭიჩოს ვაჟის მაყრად წავიდა შალვა; იქ ქორწილში ენახა, მასწონებიყო. მოწონებასაც მოწონება ჰქვიან, კაცო, სუ თავი გადიკლა გინდადრობით, არ იქნება და არ იქნება, უნდა შავირთოვო. შაირთო და აგერაი, ეხლა ნახოს გემო წეგოსი, აი! (იცქირება ქოხის კუთხეში) აბა, თუ ძმა ხარ, ემანდ შენს გვერდით იქნება ის ხაფანგი, მგონავ, ხალის[1] გუნდა უნდა ეფაროს.

ბ ე ჟ ა ნ ი. მაშ აღარ იშლი, ბიჭო, აღარა?! თუ საით ფეხი ჩასცა, ფინთად კი დასტაცებს, ძმობის მადმა, ი კაჩას. ძალიან მაგარი კამალეებია და ვერც ამააძრობს ფეხსა, თუ არავინ მიიშველია.

ი ო რ ა მ ი. გოგიას თუ მიიშველიებს, აბა სხვას ვისა?! (იცინიან) ისეთს ადგილს დაუგებ, რო გოგიას ხმას ვეღარ მიაწვდენს. (ჰსინჯავს ხაფანგს) შვიდ-რვა მგელი დავიჭირე ემითა და ერთიც არ წამსვლია.

ბ ე ჟ ა ნ ი. დუშმანთა, რო მართლა გაებას ი მამლების მოყვარე მგელი, ძალიან სეირი კი იქნება, ღმერთის მადმა (იცინის).

ი ო რ ა მ ი. აი თუ არ გაემბის და აქ არ გამოჩნდებაა. იასო ქრისტეს მადმა, კუდიანი კი არა ვარ, ღმერთო, დამიხსენ, და გული მეუბნება, უნდა ის ზუვი მგელი გაებას… ჯერ კი ადრეა. ქათმის ყიულამდე ის გოგიას თავს ვერ დაანებებს და ნამდვილად ისეთ დროს გაემბის, რომ ხაფანგიც გაითრიოს, კიდევ შუა გზაზე გაუთენდეს… აბა მაშინ იქნება სეირი. აბა, ვივახშმოთ, არ არია დრო?! ემაგას ეყოფა, მაიწვებოდა კიდეც, გადმოიღე, თუ ღმერთი გწამ, თოხლის ხორცია, ეყოფა.

ბ ე ჟ ა ნ ი. არამც ცომა იყოს.

ი ო რ ა მ ი. ცომა კი არა! მგელი სუ ცომას არა სჭამსა, მაგრამ ბიჭობით კი ვერავინ სჯობია. გადმაიღე, გადმაიღე, თუ ღმერთი გწამს, მშიან, მშიან, რო სუ კბილები მიკაწკაწებს.

ბ ე ჟ ა ნ ი. აჰა, ესეც გადმოიღე (მააქვს ხის თეფში და იღებს ზედ ყაურმას. ორივენი ერთს ჯამში სჭამენ). ჭამე, თუ ღმერთი გწამ, კარგა გაძეღ. ხვალ თოხლს დაგიკლავ, თუ გაიმარჯვებ. (ამ დროს ძაღლი შემოჰყოფს თავს) წამოთეო! სად მეეხირები, შე მუდრეგო?! გასწი, ცხვარს თავს ნუ ანებებ. დაიყარეს ძაღლებმაც ყაურმის სული.

ი ო რ ა მ ი. (ამობოყინებით) ჰო, ახლა კი გავძეღ და დროც არი წავიდე. (იღებს ხაფანგს და გადის გარეთ) როგორი უკუნეთია. (მიდის და მიაქვს ხაფანგი) ღმერთო და ბედო!

ბ ე ჟ ა ნ ი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ხა, ხა, ხა, ხააა!

ი ო რ ა მ ი. გიშველა ღმერთმა! (მიეფარება).

ბ ე ჟ ა ნ ი. (თავისთვის) ცხვართან თუ გავილი… (იღებს ნაბადს და მიდის ისიც) ახი კი იქნება, ის შრატ-ძაღლი რო გაებას (წამოწვება ფარეხის პირას და შესცქერის მოღრუბლულს ცას, რომელზედაც თითო-ოროლი ვარსკვლავიღა ჰბჟუტავს. კარგა ხანია ამ მდგომარეობაში. ძაღლები იწყებენ ყეფას). მოალის სამა, კაცის ხმაზე ჰყეფენ.

ი ო რ ა მ ი. (ძაღლებს) ვაი თქვენ და ცეცხლი და ნავთი! რასა ჰკავკავებთ? მანდა ხარა ბიჭო?

ბ ე ჟ ა ნ ი. აქააა. მოდი, მოდი. კი-დაუგია, რა ჰქენ?

ი ო რ ა მ ი. იქითას პირში დაუგე, პირველს გადმოსაჩენში, და ლამაზადაც დაუგე, ძმობის მადმა, ვეღარცაით ასცდება.

ბ ე ჟ ა ნ ი. როგორ რა გაიყიდება, ნეტარ, მაგ მგლის ტყავი?

ი ო რ ა მ ი. აღარც ასი თუმანი ეღირებაა. ტყავი და რა ტყავი მემრე! ხუმრობაა, ბიჭო, სუ ოქროს ბეწვი ასხავ (იცინის).

ბ ე ჟ ა ნ ი. შენ ხო ნავსი ხარ, იორამო, და რა კარგა დაგხვდებოდა ქალთათავი, რომ გამოეხსნებოდა როგორმე ი ხაფანგშიით. წაიღებდა შინა და აღარ მოგცემდაა (იცინის).

ი ო რ ა მ ი. ალალი იყოს, ძმაო, სხვის უშველლად კი დაეხრწიოს ხაფანგშიით… არა, ბევრს კი იწვალებს, ბევრს ეცდება და იმაობაში ჩამაალევს კიდეც დღე-ჟამთა, შუა გზაზე თენებაც მაასწრობს. მაშინის არის კიდეც საქმე და. (იცინის) აბა, თუ გეძინება, დაიძინე, მე კი ვიყარაულებ.

ბ ე ჟ ა ნ ი. დავიძინებ, შენმა მზემ, ჩემა, ერთი კაი სიზმარიც უნდა ვნახო (იძინებს).

ი ო რ ა მ ი. თუ კა სიზმარი არა ჰნახე, ვა შენს ტყავს (ეყრდნობა ჯოხზე და სთვლემს).
სცენა II
ვაჰმე, ცხვირო!
შ ა ლ ვ ა. მაშ არ იცია, დედავ, სად წავიდა ის რძე-ძაღლი?

ხ ო შ ი ა. (დედა შალვასი). არ ვიცი, დედაშვილობამ, სად იქნების წასული. დაწოლითაც შინ დაწვა, ერთად დავწევით, მერმე თუ სამე წავიდა, კი არ ვიცი, ბიჭო! დაკარგულ არაი გვყვანდა, რომ იმის საძებნელად წასულიყო-დ მერავ აბა.

შ ა ლ ვ ა. ჰო, უთუოდ, ვინც მითხრა, იმას არ უტყუვნავ. უყურე, შენ მაგ ძაღლის რძით გაზდილსა… უყუროს კაცმა მაგ ჩემს დამნამუსებელს. წუხელ შუაღამისას მოსულა კაცი მუელი, ეს არი, ხო გათენდა და აბა თუ სად გამოჩნდეს. ვისთან არი? რასთან არი? სად დავა შავ-შუაღამეთა, თუკი ძაღლობა არ უძე გულში? დაიცა, დიაცო, დაიცა! შენი ჩიქილა დამხურე, თუ შენი ჯავრი შავჭამო, (სდგას დერეფანში, იფურთხება და ილანძღება, ხევ-გაღმა კაცს დაინახავს და წადგება წინ) მანდ რომენიღა დახვალ, რასა ჰღონობ, ბიჭო?

ი ო რ ა მ ი. შალვავ, შენა?!. როდის მოხვედ, ხო არა გიჭირდათ, რა რიგი დროება არის საქონისადა, კაცისადა?

შ ა ლ ვ ა. კარგა ვიყვენით, ღმერთმა კარგი მოგცას; არცა რა კაცს გაგვჭირებია, ღვთითა, არცა რა საქონსა. მემრე თავად როგორა ხართ, ბიჭო? რას დახვალ, რას ეძებ?

ი ო რ ა მ ი. ვართ ისრე, როგორც იცოდე ჩვენის მთა-ბარის ამბავი. დღესნამდე კი არცარა ჩვენ წაგვხდომია. წუხელის მგელს ხაფანგი დაუგე, აი, ზეით, მგელთ-ველის იქითას პირში, შუა ბილიკზე, გაბმულა ის ოხერი და წაუღავ. მაგრამ იმედი მაქვს, შორს კი ვერ წაიღებდა, ჩანგლიანი ხაფანგია. ახლა აი ზენ უნდა ავიარო, იქაც გავსინჯავ. ხეზე სამ გასდებდა ი ჩანგალსა. თოვლი რო იყოს, კვალს გაიგებდა კაცი (მიდის ზევით და მიეფარება ტყეს).

შ ა ლ ვ ა. რაკი ჩანგალი ჰქონდა ხაფანგს, ვეღაროთ სად წაგივიდოდა. (ყურს უგდებს. ბორკილსავით ჯაჭვის ჩხარა-ჩხური ესმის ხევიდამ. მიდის იქითკე. ჰხედავს თავის ცოლს, ქალთათავას, ხაფანგში გაბმულს; ქალი ხაფანგს აწვალებს, უნდა ფეხიდამ მოიშოროს) რას აკეთებ აქა შე იუდის კერძო, შე ღვთისაგან წყეულო, შენა? სად დახვალ, როგორ დახვალ? (დაადგება თავზე).

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. სად დავალ რაღასა ჰქვიან? საქმეზე დავალ, ვერა ჰხედავსა ე შენი თვალები? (ეჯაჯგურება ხაფანგის კამალებს) მიწამც ჩამაჰშლის შენის პატრონის ხელებს, აგრიაა! ოხრადამც დაჰრჩები შენს პატრონს, შე ბაითალმანო!

შ ა ლ ვ ა. მიწამ, მაგის პატრონის ხელები კი არა, შენი ხელები და თავი უნდა ჩამაჰშალოს, მადლი ის არი, შე უნამუსოვ, შენა!

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. რადა ვარ უნამუსო, თავის საქმის გულისად რო კაცი დავიდოდეს, იმით უნამუსო თუ იქნება? ხბუების საძებნელად ვიყავ… უნამუსობა რაღასა ჰქვიან, შენ რაღას ამბობ, ნეტარა?

შ ა ლ ვ ა. მე სუყველა ვიცი კარგა, ეშმაკის ჯიშისავ, ვიცი. ვეღარ მამატყუებ, ვეღარა (მიუახლოვდება ათრთოლებულის ტანით და აკანკალებულის ხელებით). რო მეუბნებოდი: „ემ წინდათ ემა ქიზიყელას მივცემ დამწვარს, აქ წინდებს ვინ დაუქსოვსო, მადლია, გადმოკარგულ კაციაო“, მაგაად თუ გებრალებოდა? მაგაად გინდოდა? მაგაად გებრალებოდა, შე ძაღლის ძუძუთ გაზდილო, შე გველის წიწილავ? (უჭირებს ყელში; ბრაზს ვერ იკლავს და იღებს ხანჯალს) სუ თათრების ძვალზე არა გცადო, ოხერო, ერთხელ დედაკაცის ცხვირის გემოცა ნახე. (უსომს და ათლის ნახევარს ცხვირს. სისხლი ჩამოსდის ქალთათავას. შალვა თავს ანებებს და უკან გადგება ცოტად). გეყოფაა? არ გეყოფაა, გამდელ-ძაღლო?! (მიდის შინათკე). წადი ეხლა გოგიასთანა!

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. ოჰ, ოჰ, ოჰ! ვაჰმე, მოვკვდი, დედას ჩემო! აღარავინა ხართ ქრისტიანი, აღარას მიშველთა?! ვაჰმე, ჩემო ცხვირო!.. ვაჰმე, მამკლა ამ შავის სიკვდილის დაბუნდუებულმა, (მოსთქვამს და ქვითინებს), მაგ ურჯულოთ ასაკაფავმა. შენამც გიტირებს დედაშენი ადრე-დ მალე, ურჯულო ლეკების აკაფულსა! სად წაუხვალ, სად დაემალები ჩემს ძმათა, შე ძაღლო!
სცენა III
ხარსაცა და ფურსაც!
ი ვ ა ნ ე. (ზარხოშად) გენაცვალე, ჩემო მამუკავ, რო მამიხვედ. ერთმანეთის დახედვა-მიხედვის მეტი არა გაგვყვება, ღმერთის მადმა. მე ხო მარტუას პურ არ მეამება, შენი ჭირიმე, მარტუა კაცი სუყველად ბეჩავია. ეს არაყანი ძოღანისავ ამოიტანე შინაითა, მაგრამ მარტუამ ვერ დავლიე, არცავინ სტუმარ მამსვლია (ქეიფიანად).

მ ა მ უ კ ა. მეც რო თავად ეგეთაი ვარ. ზოგ კაცია, ჩემს ძმას გიამბო, მარტუა გაძღება. მარტუა კაც როგორ უნდა დაითვრეს, ვაი დედას მტრისას!

ი ვ ა ნ ე. (ისხამს არაყს ყანწში და ილოცება) ღმერთმა შაიწყალნეს შენნი ბებო-პაპანი, ძმაო მამუკავ, – იაღად ქნას იმათი სული, ჩემნი ბებო-პაპანიც. კიდევ იმათი დრო კი სჯობდა.

მ ა მ უ კ ა. ღმერთმა გაგიგონოს, შენ ხსნილობა მოგცას.

ი ვ ა ნ ე. (უსხამს არაყს და აწვდის მამუკას) აბა, დამიტირე, გამამართვი ე ყანწი.

მ ა მ უ კ ა. გვეყო, ე, დავითვრები, მამიდაისავ! აგერაი გოგიას აკლავ.

ი ვ ა ნ ე. დაითვრები კი არა, გადაითვრები. მაშ როგორ უნდა გავათენოთ ე ღამე. დაიჭი, ჩამამართვი, ვაჟო! (აძლევს ყანწს). გოგიასაც დავალეინებ, განა კი-დამავიწყდა. ხვალ ამაღლებაა. დილაზე ჩვენს ღვთიშობელში გავიაროთ… მა რა ვქნათ, დაიტირე ივანე?!

მ ა მ უ კ ა. ღმერთმა მაიხსენოს შენნი ბებო-პაპანი, ჩემნიცა (ჰსვამს).

ი ვ ა ნ ე. ასწი, ასწი, ასწი!.. გაამოს ღმერთმა.

მ ა მ უ კ ა. (აწვდის ყანწს) გამრავლოს, შენი სიცოცხლე მაამოს, ეს არაყი ძალიან გასჭრის, ყელში ფინთად იკბინება, ძმობის მადმა.

ი ვ ა ნ ე. (ასხამს ყანწში არაყს) გოგიავ! მოდი, არაყი დალიე… გაუფთხილდი, ე ხინკალი არ ჩაგვეშალოს. აბა შენ იცი, როგორს ჩობნურს ხინკალსაც გვაჭმევ. ერთი მწვადიც როგორმე მოგვიხერხე, ჩემო გოგიავ.

გ ო გ ი ა. მიირთვით თქვენა, კაცო (თან ეწვდება ყანწს). გაცოცხლოთ, გაგიმარჯოთ, ღმერთმა მოიხსენოს, ვისაც შენდობა უთხარით. თეე! (იხედება ქოხის ჭერში) კიდევ წვიმა არ დაიწყო ამ ვერანმა, წვეთი დამეცა თავში!.. თუ არაფერი დავაფარეთ, სულ გაგვიოხრებს ქოხში რაც რამე გვაქვს (ჰსვამს ყანწსა და აწვდის ივანეს).

ი ვ ა ნ ე. წყემსის გუდა-ნაბადს რა გააშრობს, ჩემო ძმაო. (მამუკას) მოდი, შავიმღეროთ, გენაცვალოს ივანე (იმღერის და მამუკა ბანს ეუბნება):

პურსა სჭამენ და ღვინოს ჰსმენ,
სიმღერას არ იტყვიანო,
არ ვიცი, მკვდარსა გლოვობენ,
არ ვიცი, არ იციანო.

–––

ალაზნის თავსა, კლდის თავსა,
სისხლის წყარონი დიანო,
არცა ჰსმენ მონადირენი,
არც როდის დაშრებიანო.
ის ურჯულონი ლეკები
სასმელად გადმოდიანო. (გოგიას)

ხინკალ არ ჩაჰშალო, ლაშარი-ჯვრის გამარჯვებამ, თორო უერთოდ არ მამრჩები.

გ ო გ ი ა. ძაან კი დაიკოკრნენ და, იგეთი გემრიელი იქნება (იღიმება), როგორც გოგოჰ წითელი ლოყები.

მ ა მ უ კ ა. არ გიყვარსა მაშ ჩვენებურ ხინკალი, გოგიავ? ქიზიყში ქალის ლოყები კი თუ იჭმევა, ე?

გ ო გ ი ა. ფშავლებმა ხინკალი მეტი კარგი რა საჭმელი იცით, რო? მარა ღორიჰ ლურთებითანა გემრიელი ვერც ხინკალია და ვერც სხვა რამე საჭმელიჰ. ძაან გემრიელია ი ვერანაჰ წითელ ღვინოჰთან. უნდა ახლა კი ეყოფინოს (ჰსინჯავს ქვაბში თითით ხინკალს).

ი ვ ა ნ ე. არ დამბალაა?

გ ო გ ი ა. დამბალია ძრიანა, ცომი ჰყვება ხელსა.

მ ა მ უ კ ა. რაკი ნახარშელა მასდევს თითსა, მოხარშული იქნება. (იღებს ცეცხლიდამ ქვაბსა და სდგამს დაბლა) ოჰ, ხელი დავიწვი, შენი ოხრობაც არი.

ი ვ ა ნ ე. თავი დაანებე, შენ ვერ ამაიღებ. ჩაჰშლი. მამაწვადე აქ ე ქაფქირი. (იღებს ხინკალს, ხონჩაზე აწყობს და უდგამს მამუკას). კარგა მოხარშულა.

მ ა მ უ კ ა. (აბრუნებს, გვერდს უქცევს ხინკლებს და ბოლოს ერთს ხინკალს აიღებს) ღმერთო, ნაწილის გამჩენო, შენა სწყალობდე ივანეს, იმის ყოფა-ცხოვრებას, იმის ცხვარ-ბინას.

ი ვ ა ნ ე. ღმერთმა კარგი მოგცეს. (იღებს ხინკალს) ღმერთო, გვიშველე და კარგა მიყოფე ყველა აქა ბძანებელი (სჭამს). აი, დაილოცე, რა საამური ხარ ამ ნაარაყალ გულზე. (მამუკას) აბა, გენაცვალოს ივანე, შინაურულად მიირთვი, ნუ გააციებ.

მ ა მ უ კ ა. განა კი მცხვენიან, შენი ჭირიმე.

ი ვ ა ნ ე. (გოგიას) შენც აიღე, ბიჭო, ქობი თავად ადუღდება, ჩვენი ჭამა შენ რას გარგებს, ჩემო ძმაო!

გ ო გ ი ა. (ფეხზე სდგას) ოთხი ხინკალი ჩავახუხუნე-ყე და ესეც მეხუთე (იღებს ხინკალს).

ი ვ ა ნ ე. (ასხამს ყანწში არაყს) ძმაო, მამუკავ, აბა, გენაცვალოს ივანე, ეხლა ჩვენი ღვთიშობელი ვადღეგრძელოთ.

მ ა მ უ კ ა. სუ, შენი ჭირიმე, ჩემო ივანე. აღარ შამიძლავ, კაცო, სხვა რო არა იყოს, ხატში ვეღარ გავალი; ემა ხევში სამ გადავიჩახტები.

ი ვ ა ნ ე. (აძლევს ყანწს ხელში ძალად) გადაიჩახტები კი არა, გადმაიჩახტები. აი, ღვთის მოცემული ბინა აქა გვაქვ, დაწევ და დაიძინე, განა ცოლ-შვილს მგელი დაგიჭამს. მთელი ქვეყანა იქ არი.

მ ა მ უ კ ა. (თასს ჩამოართმევს) ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ღვთიშობელს. (ჰსვამს და აწვდის ყანწს ივანეს. ისმის ქოხის კარებზე ძაღლების ყეფა, რომელიც მალე შესწყდება) ვინ რა არი, კაცის ხმაზე კი ჰყეფენ.

ი ვ ა ნ ე. (დგება ფეხზე) დაიცა, აბა გავხედნებ (ქოხის კარებში შაეხეჩება შალვას). ჰაი, შენი ჭირიმე, შენი კვნესამე და შენის მოსვლისა (ეხვევა და ჰკოცნის შალვას). სიდედრსა ჰყვარებიხარ, ძმაო, გენაცვალე.

მ ა მ უ კ ა. (ადგება ფეხზე) მამიხვედ მშვიდობით, ნათლიას ჩემო, შენი ჭირიმე და შენის ჩობნურის ქუდისა. (შალვა ხმას არ იღებს, ალეწილი სახე აქვს, არეულია და თავს იმაგრებს) როგორღაც ვერა ხარ გუნებაზე. აბა, ივანე, მე კი ნუ მაძალადებ, აი ამას უჭირს არაყი, ჰაი. მაიტა ე ხელადა აქა. (ივანეს მოაქვს ხელადა. ივანე და მამუკა ორივენი იჭერენ ხელადას და ასმევენ შალვას. ერთად ეუბნებიან): ასწი სულუქცევრად. შენ ფხიზელამ გინდა ჩვენ სასაცილოდ აგვიგდო.

ი ვ ა ნ ე. დალიე, დალიე, არ იქნება.

შ ა ლ ვ ა. მეყოფა, მეყოფა. (იხსნის პირიდამ ხელადას).

ი ვ ა ნ ე. რას კილოს გუნებასა ხარ, ძმაო, გენაცვლეი, რატუ არას გვეტყვი?

შ ა ლ ვ ა. თქვენი ჭირიმეთ, ამბავს ნუ მკითხავთ. განა არ იცით, კაცნო?! (გოგია თავჩაღუნული ცეცხლს უკეთებს და ნიშის მოგებით შეაცქერდება ხანდახან). ის კი არა (ხმას ათრთოლებს) მე მინდა ერთი ზღაპარი გიამბოთ, ყური დამიგდეთ.

ი ვ ა ნ ე დ ა მ ა მ უ კ ა. (ერთად) თქვი, შენი კვნესამე. ვაი დედას მტრისას, ყურს როგორ არ დაგიგდებთ (უგდებენ ყურს. შესჩერებიან).

შ ა ლ ვ ა. იყო ერთი მეცხვარე, ბეჩავი, მწყემსი კაცი, როგორც იცოდეთ, – ობოლი, ობლობით გამოზდილი. (ღელდება და თავს იმაგრებს) წავიდა ცხვარში. ერთი წელი არ მოსულა შინა, ცოლიცა ჰყვანდა, შვილებიცა. ოღონდაც ამბავი მაუვიდა ცოლსა, რო, ღმერთმანი, შენი ქმარი აღარ არი ცოცხალი, თათრებმა მოკლესო. ადგა ეს დედაკაცი, ერთმა თვემ რო ჩამაიარა, ქმარი შაირთო, ჯვარი დაიწერა სხვაზე. საყდარშიით რო მობრუნდენ, ხალხი დაჯარდა. ნეფე-დედუფალი ჯარზედა სხედან. არი სმა… ღრეობა…

მ ა მ უ კ ა. რაღა სული გეხუთება? მემრე?

შ ა ლ ვ ა. სმა არი და ღრეობა… ახალს… ახალს ნეფე-დედუფალს… ახალს ნეფე-დედუფალს შაჰხარიან… ამ დროსა… დედუფლის ქმარი ცოცხალია, განა მართლა მოკლეს, მოვიდა შინა ცხვარშიით. ნახა ეს თავის ცოლი… ოღონდაც გვირგვინიანია, ნეფეც გვერდით უზის… ნეფე… ნეფე… ჰოო, ნეფე… (აღელვდება უფრო, ტანსა და ხელებში აკანკალებს).

ი ვ ა ნ ე. (გააწყვეტინებს) კი გცივა… რა არის მემრე?

შ ა ლ ვ ა. ჰოო დავსველდი… დავსველდი, ივანე, ლაფიან ვარ, განა არა მხედავთ, სველი და ტბორი… ამ მეცხვარემ მშვილდს მასწია… წაადგა ჯარს თავზე და დაიძახა… „ხარსა თუ ფურსაო?“ – ფურისა რა ბრალია, ხარსაო, – შამოსძახა იქით ცოლმა. მოსწია ბიჭმა მშვილდსა და დააკერა ისარი გულში თავის ცოლსა: „ფურსა სჯობიაო“. (ხმამაღლა დაიღრიალებს) მე რო იმის ადგილას ვყოფილიყავ… (გვერდზე მობრუნდება და ხანჯალს გაიწვდის) ფურმა მიიღო თავის წილი და ესეც ხარსა! (დასცემს გოგიას გულში ხანჯალს, გოგია დაეცემა ძირსა და ფორთხალობს).

ი ვ ა ნ ე დ ა მ ა მ უ კ ა. (ერთად, გაშტერებულნი და შეძრწუნებულნი) ვაჰმე! ვაჰ, დედას მტრისას! რა ჰქენ, შალვავ, რა ჰქენ, კაცოო! (ეხვევიან გოგიას).

შ ა ლ ვ ა. (გავარდება გარეთ). გაატყავეთ ეგ ქორბუდიანი ხარი-ირემი… სუკები ასჭერით და ჩემს დედაკაცს გაუგზავნეთ.
სცენა IV
გთხოვთ, დამიჭიროთ!
პ რ ი ს ტ ა ვ ი. (კარების კაკუნი ესმის) ვინა ხარ?

შ ა ლ ვ ა. მე გახლავარ, შენი ჭირიმე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ვინ შენა?

შ ა ლ ვ ა. მე, შალვა მგელაშვილი… გამოსაცხადებელი მაქვ.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (ჩაფარს)შემოუშვი.

შ ა ლ ვ ა. (შემოდის კარებში) კნიაზი ადღეგრძელოს ღმერთმა!

პ რ ი ს ტ ა ვ ი. გაგიმარჯოს!.. პატარა ხანს მანდ დადექი, აი ამ დედაკაცთან გავათაო ჯერ საქმე. (სალომეს) მერე? აბა მოჰყე.

ს ა ლ ო მ ე. იმას მოგახსენებდი, კნიაზოჯან, ვენაცვალე შენს კნიაზობას, პრისტაობას და შენს სამართალს… იმას მოგახსენებდი, დიაღ, კოლოტაანთ ივანემ დამაბრალა, ჯადო გამიკეთაო. ვითომც მე ჯადოქარი გახლდეთ. ის კი არა, ბატონო, (იღებს ჯიბიდამ ნაჭერს და ჯღანის ნაგლეჯს) თვითონ ივანე გახლავთ ჯადოსანი. ეს ჯადო მოლამ ჩვენის სახლის კედლიდამ ამოიღო და ეჭვიც ივანეზე მიიტანა: „პაჭუაა, თვალჭრელი კაცია, პირში ლაქუცა და უკან ორმოს მთხრელი, თქვენი მომიჯნავე არისო, თავზედ ტყავის დაგლეჯილი ქუდი ჰხურავს, დაგლეჯილი ჩოხა აცვიაო“, – მოგახსენათ.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (სიცილით) აბა ერთი აქ მაჩვენე ეგ ჯადო. (დაცინვით) წადი… უგუბერნატოროდ და უმთავარმართებლოდ ეგ საქმე არ გამოიძევა, რადგანაც მძიმე, დიდი საქმეა, სისხლის საქმეა. გაიგონე? მივწერავ, პოლკით და ბატალიონებით მოვლენ და გამოიძევენ. გასწი შინ! გაიგონე?

ს ა ლ ო მ ე. როგორ არ გავიგონე, გენაცვალე! განა ჩვენ არ ვიცით, რომ მძიმე საქმე გახლავთ: უმთავარმართებლოდ და უგუბერნატოროდ როგორ იქნება, თქვენი ბრძანებისა არ იყოს (გადის).

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (შალვას) აბა, შენ რა გინდა?

შ ა ლ ვ ა. (გაუბედავად) კაცი შემამაკვდა და გთხოვთ…

პ რ ი ს ტ ა ვ ი. როგორ თუ კაცი შემოგაკვდა. რას მიჰქარავ, შე ვირისთავო! მერე სამახარობლო მოგცე? რად შემოგაკვდა?

შ ა ლ ვ ა. მაიხსენეთ, შენი ჭირიმე, ბატონო. ცოლი გავასახიჩრე და იმის კურო კი მოვკალ… გთხოვთ, დამიჭიროთ… მართალია, ეხლა ძველი დრო აღარ არი, რუსობაა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ორისავ სისხლში გავერიე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ერთად მოასწარი?

შ ა ლ ვ ა. არა, შენი ჭირიმე. მთელმა ქვეყანამ იცოდა. კუროსთანით მონავალებული ხაფანგში გაბმულიყო, მწყემსებს სცოდნიყო და დაეგო ჩემის ცოლისად ხაფანგი. მე შინ არ გახლდი, შენი ჭირიმე, იმ ჟამადა, ცხვარში ვიყავ. მუედ შუაღამისას, არცად იყო ჩემი ცოლი, ჩემი ჯალაფი. არ იცოდენ, სად იყო და სად არა. მეორეს დღეს ხაფანგში გაბმული კი მოვხელე. იმას ცხვირი მოვსჭერ და იმისი კურო კი დავამთავრე. მამა-პაპის ჩვეულება ეგ იყო ჩვენი…

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (საწერელსა და ქაღალდებს იღებს პროტოკოლის შესადგენად) ჰოო, ჰოო, ეგრე იყო მაშ, რაღა? (ღიმილით) ეგ მოკვლა და მოჭრა რომ იცით, საქმის მოვლა რატომ არ იცით? აბა რაებს მიედ-მოედები, შე ოხერო. ისეთი არაფერი მოიგონე, რომ სასჯელი შეგისუმბუქდეს? განა მადლობას გეტყვიან, – პირდაპირ ციმბირში გიკრავენ თავსა.

შ ა ლ ვ ა. საცა უნდა მიკრან ეხლა თავი, შენი ჭირიმე, როგორც იყო, ისე კი მოგახსენებთ და სხვა რაღა ვქნა.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (ცბიერის კილოთი) მაშ არ გინდა? არ გინდა?

შ ა ლ ვ ა. აბა რაღა მინდა, შენი ჭირიმე, ეხლა თქვენ იცით.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (გაჯავრებით) დათვო!.. (ადგენს პროტოკოლს. ზის კარგა ხანს, ჰფიქრობს, ჰშლის, ხან ილანძღება, ხან იფურთხება. კონვერტში ჩასდებს ქაღალდს. ჩაფარს) სოსიკო! ეს კონვერტი და ეს ვაჟბატონი დღესვე გამომძიებელს წარუდგინე, გესმის? ხელები შეუკარი!

ს ო ს ი კ ა. დიახ, შენი ჭირიმე, ემ საათში, ცხენს შევკაზმავ. (შალვას ავლებს ხელს) აქ მო, შენ, ეი!

შ ა ლ ვ ა. რა ჭერა მინდა, თავად წამოვალ მე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. მოიტა თოკი.

ს ო ს ი კ ა. (მოარბენინებს თოკს) აი, აქ გახლავთ, ბატონო.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. შეკარი კარგა მაგრა.

შ ა ლ ვ ა. რად გინდათ ეგ საბელი, მე თუ გაქცევა მდომნიყო, განა ვერ გავიქცეოდი? (ჩაფარს) შენ რაღა მკალიასავით მებღრევი? გამეცალე, თორო, ასეთს დაგაცეცხლებ, რო! (უძალიანდება).

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ბიჭებო! აქ მოდით, შეუკარით ხელები ამ მ–ლს, მთის დათვსა! (სამი ბიჭი შემორბის, უკვრენ შალვას ხელებს და გაჰყავთ გარეთ, პრისტავი მარტო!). Вот, с–н! Вот, народ! Вот, народ, я вам скажу…
წყარო: tagiweb.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button