National Geographicფლორა & ფაუნა

National Geographic: ზღვის უნიკალური არსებები

იეტი კიბორჩხალა იმდენად განსხვავებული სახეობაა, რომ მისი კლასიფიკაციისთვის მეცნიერებმა ცხოველების ახალი ოჯახი შექმნეს – Kiwaidae. მას წყნარ ოკეანეში, 2300 მეტრის სიღრმეზე წააწყდნენ აღდგომის კუნძულიდან 1500 კმ-ით სამხრეთით. მისი თმიანი მარწუხები და კიდურები ბაქტერიების კოლონიის მასპინძელია. ამ ბაქტერიებს სავარაუდოდ საკვებად იყენებს, რათა თავი დაიცვას ვულკანური ამოფრქვევების შედეგად გამოთავისუფლებული ტოქსიკური სითხეებისგან. ასევე შეიძლება სენსორების ფუნქცია ჰქონდეს – იყენებდეს მეწყვილის საპოვნელად, რადგან თავად ბრმაა.


თევზი-ბაყაყი კამუფლაჟის უნარის მეშვეობით ისე გამოიყურება, თითქოს ფსკერზე მყოფი ქორჭილა იყოს. ეს მოჩვენებითი შესახედაობა იმისთვის სჭირდება, რომ პოტენციური მსხვერპლი ახლოს მოიზიდოს. შეუძლია შეიცვალოს გარეგნობა და ფერიც კი, რათა უკეთ დაემსგავსოს გარემოს. მსხვერპლის მოტყუება გარკვეული ნაწილის ჭიასთან მიმსგავსებითაც შეუძლია. თევზი-ბაყაყი ისე კარგადაა შეგუებული ფსკერზე ცხოვრებას, რომ მკერდის ფარფლებს იყენებს ბაჯბაჯისთვის და ცურვას თითქმის არ მიმართავს.


ჩვეულებრივი რვაფეხა ყველაფერია, გარდა ჩვეულებრივისა. უხერხემლო ცხოველების ყველაზე ჭკვიან წარმომადგენელს უნარ-ჩვევების მთელი ამალა აქვს, რომ დაუძვრეს ისეთ მტაცებლებს, როგორიცაა ზვიგენი, გველთევზა და დელფინი. კამუფლაჟის ოსტატს თავისუფლად შეუძლია ფერისა და ფორმის შეცვლა, რაც ფაქტობრივად უჩინარს ხდის. ზოგჯერ უშვებს კვამლის ან შავი მელნის მსგავს ნივთიერებას, როცა იგრძნობს, რომ შეამჩნიეს და საფრთხეშია. თამაში არც გამოჭერის შემთხვევაში სრულდება – ის რომელიმე საცეცს მოიძრობს და მტაცებელს ყურადღებას გადაატანინებს, თავად კი გაიქცევა და ცოტა ხანში ახალი კიდური ამოუვა.


გორგონას თავის კიდურები და შტოები ქმნიან ისეთ აბლაბუდას, რომლიდანაც გაბმული მსხვერპლისთვის თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. თითოეული საცეცი შეიძლება ოთხჯერ ან ხუთჯერ აღემატებოდეს სიგრძით ცხოველის სხეულს და მოიცავს უამრავ განშტოებას, რომლებიც განასკვულია ზოოპლანქტონების ირგვლივ.


საკვების ღამით მოძიება საკმაოდ რთული რამაა, მაგრამ ფერად თევზ გირჩას საიდუმლო იარაღი აქვს: ბუნებრივი პროჟექტორები. მანათობელი ბაქტერიები სახლდებიან თევზის ქვედა ყბის ორ ორგანოზე და გამოიმუშავებენ სხივებს, რაც საშუალებას იძლევა, სიბნელეში გაანათოს და მტაცებელს ახალი მსხვერპლი აპოვნინოს.


ლენტისებრ გველთევზას უნიკალური გარეგნობა აქვს: საყვირის მსგავსი ნესტოები და სამი საცეცით აღჭურვილი ქვედა ყბა. მაგრამ ამ გველთევზას ფიზიოლოგიაზე უფრო გასაოცარი მისი ქცევაა – მიდრეკილება სქესის შეცვლისკენ. ჯანმრთელი მამრები რეგულარულად გარდაისახებიან მდედრებად და იცვლიან ფერებს, იძენენ ყვითელ ელფერს, რაც უფრო თვალნათლივ აჩვენებს მათ ტრანფორმაციას.


სიფონოფორები ენათესავებიან მარჯნებსა და მედუზებს, თუმცა ცხოველების არცერთ სხვა სახეობას არ ჰგვანან. ეს ჟელესებრი არსებები ცხოვრობენ კოლონიებად, ანუ რეალურად წარმოადგენენ ცალკეული ნაწილების მყარ ერთობლიობას. თითოეულ ნაწილს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს, როგორიცაა მაგალითად მსხვერპლის დაჭერა, მონელება, გამრავლება და გადაადგილება. ზოგიერთ სახეობაში სიფონოფორის ცილინდრულმა ღერომ სიგრძეში შეიძლება მიაღწიოს 40 მეტრს, რაც ყველაზე დიდი ცხოველის – ლურჯი ვეშაპის – ზომასაც კი აღემატება.


ლოკოკინა სახელად ფლამინგოს ენა კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანის მარჯნის რიფებში ბინადრობს. იკვებება შხამიანი გორგონიანებით, იგივე ზღვის შოლტებით და არათუ არ იწამლება, არამედ იღებს ტოქსიკურ ნივთიერებებს და თავად ხდება შხამიანი. ნიჟარების შემგროვებლებს ხშირად იზიდავთ ფერადი ლოკოკინები, თუმცა სინამდვილეში ნიჟარა თეთრია – წინწკლები და ხალები ეძლევა იმ ცოცხალი ქსოვილებიდან, რომლებიც სხეულის გამონაზარდია და ნიჟარას ზემოდან ფარავს. ამ ქსოვილებს ისეთი დანიშნულება აქვს, რაც თევზის ლაყუჩებს – ახდენს ჟანგბადის გამოცალკევებას წყლიდან, რათა ლოკოკინამ ისუნთქოს.


მფრინავი თევზი გრაციოზულად სრიალებს ჰაერში, ქვემოთ კი, ტასმანიის ზღვის წყნარ წყლებზე მისი სხეული ირეკლება. მფრინავი თევზების დაახლოებით 40 სახეობა არსებობს. ყველა მათგანს განვითარებული აქვს ფრთების მსგავსი მკერდის ფარფლები, რაც საშუალებას აძლევთ, ჰაერში გაინავარდონ წყალქვეშ სწრაფი ცურვის შემდგომ, რომლის დროსაც მათი სიჩქარე ადის 60 კმ/სთ-მდე. დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა ამ თევზებს უფრენიათ 200 მეტრის მანძილზე ჩამოვარდნის გარეშე.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button