ლიტერატურასაკითხავი

მერაბ ღაღანიძე “ფორსტერის სამწერლო პაუზა”

ედვარდ მორგან ფორსტერმა საერთობრიტანული ლიტერატურული სახელი და დიდება, რომელმაც კონტინენტამდეც მოაღწია, მაშინ მოიპოვა, როცა იგი ოცდაათ წელს მცირედით იყო გადაცილებული. იმხანად მას, – გახმაურებული, ბრწყინვალედ მიჩნეული რამდენიმე რომანის ავტორს, – ბევრი არაფერი უკლდა, ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსად ყოფილიყო აღიარებული… 1924 წელს მწერალი აქვეყნებს თავისი მეხუთე რომანს, – “მგზავრობა ინდოეთში”, – რომელიც ლიტერატურულმა შემფასებლებმა მის საუკეთესო ქმნილებად მიიჩნიეს. ამ წიგნის გამოცემის შემდგომ მან კიდევ დღეგრძელი ცხოვრება განვლო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე, – ფორსტერი 1970 წელს ზაფხულში ოთხმოცდათერთმეტი წლისა გარდაიცვალა, – მას ერთი ახალი მხატვრული თხზულებაც აღარ შეუმატებია თავისი პროზისათვის. ათწლეულების განმავლობაში, როცა ურყევი რჩებოდა მისი სამწერლო რეპუტაცია, იგი აქვეყნებდა მხოლოდ ესეისტურ თუ პუბლიცისტურ ტექსტებს, იკვლევდა საზოგადოებრივ, კულტურულ და ლიტერატურულ საკითხებს (ამ პერიოდის ნაწერებს შორის გამოირჩევა შესანიშნავი თეორიული ნაშრომი “რომანის ასპექტები” – 1927), უძღვებოდა გადაცემებს რადიოში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში… ისიც კი, რაც მწერლის სიკვდილის შემდეგ მის არქივში აღმოჩნდა, თითქმის მთლიანად იმ დროს იყო დაწერილი, როცა იგი თავის ბელეტრისტულ ნაწერებს საჯაროდ ბეჭდავდა.

არქივში ნაპოვნი, გამოუქვეყნებელი ტექსტების წყებაში, დაუმთავრებელი რომანის “არქტიკული ციალის” გარდა, აღმოჩნდა ის, რაც, ზოგიერთი შემფასებლისა და მკითხველის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ფორსტერის შემოქმედებაში: რომანი “მორისი” და მოთხრობების კრებული “მომავალი სიცოცხლე”, – გამორჩეულად ღრმა, ფაქიზი, ოსტატური და, ამავე დროს, გამორჩეულად ავტორისეული, ავტორისათვის შინაგანად ახლობელი ნაწარმოებები იმ წიგნებს შორის, რაც სახელგანთქმულ პროზაიკოსს თავისი ლიტერატურული ცხოვრების მანძილზე შეუქმნია. როგორც რომანის, ისე კრებულის – დროსა და სივრცეში ფართოდ განფენილი, მაგრამ ერთი სახეობის ტრფობის ირგვლივ თავმოყრილი მოთხრობების – გამოქვეყნებისაგან მწერალს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ეროტიკული თემატიკის გამო შეუკავებია თავი… თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამომცემლებს არ დაურღვევიათ ავტორისეული ნება: “მორისის” ავტორს უბრალოდ სურდა, რომ ზოგიერთი მისი ნაწარმოები, რომლებიც ფაქტობრივად სრულიად გამზადებული იყო გამოსაცემად, მხოლოდ მაშინ გამხდარიყო ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის, როცა ცოცხალი აღარ იქნებოდნენ არც თავად მწერალი და არც დედამისი.

მაგრამ ინგლისური ლიტერატურის მკვლევარნი დღემდე ვერ შეთანხმებულან, რამ განაპირობა ფორსტერის განდგომა ლიტერატურისაგან, უფრო ზუსტად, მხატვრული ლიტერატურის შექმნისაგან: ზოგს მიაჩნია, რომ ეს თავშეკავება, სინამდვილეში, მისი მანკიერი პიროვნული თვისების – სიზარმაცის შედეგი იყო; ზოგის აზრით, წერაზე უარის თქმით მწერალმა ბოლოს და ბოლოს მიაღწია დედის წარმმართველი გავლენისაგან გათავისუფლებას; ზოგიც თავად რომანისტის განცხადებას იჯერებს, რომ მას სათქმელი არაფერი დარჩა, რადგან აღარ ესმოდა, თუ რა ხდებოდა ირგვლივ… თუმცა ძალდაუტანებელი დაფიქრებისა თუ მსუბუქი დაკვირვების შემდეგ ეს განმარტებანი ძნელად თუ დაიმსახურებს ნდობას: სიზარმაცე არაფრად გამოდგებოდა იმისათვის, რათა სრულიად ახალგაზრდა კაცს მოთხრობების გრძელი წყება და ყოველ მეორე წელს ახალი რომანი გამოექვეყნებინა (მისი შემოქმედებითი ნაყოფიერება კი ადრეულ ასაკში სწორედ ამგვარი იყო!); თუკი დედისაგან გათავისუფლება მართლაც იყო ფორსტერის სანუკვარი მიზანი, მაშინ რამდენად ისურვებდა იგი, მშობლისაგან მოუშორებლად ეცხოვრა (მზრუნველი ვაჟი დედის 90 წლიანი სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად ცხოვრობდა და, როგორც მემუარისტები წერენ, ეთაყვანებოდა მას!); და თუკი მას აღარ ესმოდა საზოგადოებისა და არ იცოდა, რა ეთქვა მისთვის, მაშინ იგი ნამდვილად არ იქნებოდა ასე მყარად ჩართული პუბლიცისტურ თუ საჯარო-სამოქალაქო საქმიანობაში (სხვა თუ არაფერი, იგი კარგა ხნის მანძილზე, 30-იან და 40-იან წლებში, ბი-ბი-სი-ს ერთ-ერთი ნიშნეული ფიგურა იყო!). არსებობს თვალსაზრისიც, რომ ცნობილმა რომანისტმა უარი თქვა წერაზე, რაკი პურიტანულ გარემოში, 60-იანი წლების მიწურულის სექსუალურ რევოლუციამდე, შეუძლებელი იყო იმის საჯაროდ გამოთქმა, რაც მას ყველაზე მეტად აღელვებდა, თუმცა ეს მოტივიც სარწმუნოდ არ ჩანს: როგორც აღმოჩნდა, მას არცთუ მცირედი დაუწერია ამგვარ, იმ დროისა და მისი გარემოსათვის საჭოჭმანო თემებზე, ოღონდ მათი დაბეჭდვისაგან შეუკავებია თავი; ერთი სახელგანთქმული ამერიკელი ლიტერატორი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მწერალმა, უბრალოდ, დროულად თქვა ნებაყოფლობითი უარი, გამხდარიყო დიადი…

და მაინც, როგორც ჩანს, ფორსტერის სამწერლო დუმილის მიზეზი სხვაგანაა საძებნელი…

* * *

ედვარდ მორგან ფორსტერის მამა საშუალო შეძლების არქიტექტორი იყო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა მის დედისერთა ვაჟს ორი წლისათვისაც არ მიეღწია, მაგრამ მომავალ მწერალს გარე ბებიისაგან მემკვიდრეობად იმდენი ქონება ერგო, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლელადაც, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში ხანგრძლივად სამოგზაუროდაც, უზრუნველი და შეუჭირვებელი ცხოვრებისთვისაც დედის, მეგობართა თუ თანამოაზრეთა გარემოში.

მაინც, მოგზაურობათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტე და ინდოეთი აღმოჩნდა, – პიროვნულადაც, შემოქმედებითადაც.

ეგვიპტემ მას ორი მეგობრობა შესძინა: ერთი – ინტელექტუალური თანაზიარება ალექსანდრიელ ესთეტთან და დეკადენტთან, ბერძენ პოეტ კონსტანტინოს კავაფისთან, რომლის პოეზიასაც ევროპული დიდების გზა, ფაქტობრივად, სწორედ ფორსტერმა გაუკვალა, თუმცა, ამავე დროს, ალექსანდრიული მითოსის შესამჩნევი ნაკადი ბრიტანელი პროზაიკოსის შემოქმედებაში ელინი პოეტის გავლენითაცაა განპირობებული; მეორე ეგვიპტური შეხვედრა კი იყო ურთიერთობა ალექსანდრიელ ტრამვაის გამყოლთან, არაბ ყმაწვილ მუჰამად ელ-ადლთან, რომელიც მათი გაცნობიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა და რომელსაც მწერალმა სიკვდილისშემდგომი ეპისტოლე უძღვნა, – ეს მოკლე ლირიკულ-ნოსტალგიური აღსარება, რომელიც მგზნებარე ვნებისა და მძაფრი ტკივილის თანდათანობითი გაფერმკრთალების დრამატულ მოწმობად რჩება, შვიდი წლის მანძილზე იწერებოდა (მკითხველისათვის მოულოდნელად, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ წერის პროცესში ცხოვრებისეული წლები გადის და ამ რამდენიმეგვერდიანი ტექსტის მცირე მონაკვეთებს შორის დროის მოზრდილი მონაკვეთები ჩამდგარა).

ინდოეთში კი ფორსტერს ჯერ მოგზაურობა მოუხდა 1910-იანი წლების დასაწყისში, ხოლო შემდგომ, უფრო ხანგრძლივად, – ცხოვრებაც, 20-იანი წლების დასაწყისში. ამ დროს იგი ერთი ინდური სამთავროს, დევასის, მაჰარაჯის – ტუკოჯირაო ჳჳჳ-ის – პირად მდივნად მსახურობდა, რომელთანაც მას ბევრი საერთო აკავშირებდა. ინდური გამოცდილების მწერლური შედეგი “მგზავრობა ინდოეთში” (1924) აღმოჩნდა, – პროზაიკოსის ყველაზე წარმატებული და განთქმული რომანი, რომელშიც მოთხრობილია ინდოელი მუსლიმის, დოქტორ აზიზის დრამატული მეგობრობის შესახებ სამ ბრიტანელთან. სამივეს გაუცხოება ელის თავიანთ თანამემამულეთაგან, როცა ისინი – მეტროპოლიის წარმომადგენლები – მხარს დაუჭერენ უსამართლოდ ბრალდებულ ინდოელს, თუმცა თითოეული მათგანი განსხვავებულად მოექცევა მას განსაცდელის ჟამს, ხოლო ერთი – ქალიშვილი ადელა – თავდაპირველად, სიმართლის განჭვრეტამდე, თავადვეა ბრალმდებელი. ლიტერატურის ისტორიკოსთა გავრცელებული თვალსაზრისით, ფორსტერის ეს ნაწარმოები, კიპლინგის წიგნებთან ერთად, ინდური თემის ყველაზე ღირსშესანიშნავი გამოხატულებაა ინგლისურ ლიტერატურაში.

ამ წიგნს, მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ უკანასკნელ მხატვრულ ქმნილებას, წინ უძღოდა ზედიზედ გამოცემული და მკითხველთა მიერ მეტად მოწონებული ოთხი რომანი: “სადაც ანგელოსებს ეშინიათ შებიჯება” (1905) – წიგნი იტალიელ მამაკაცზე შეყვარებული ახალგაზრდა ინგლისელი ქალისა და ამ ქალის შინდარჩენილი ოჯახის მცდელობის შესახებ, უკან დააბრუნონ იგი ბრიტანეთში პატარა იტალიური ქალაქიდან, სადაც ახალდაქორწინებულნი ცხოვრობენ; “უგრძელესი მოგზაურობა” (1907) – შეიძლება ითქვას, აღზრდის რომანი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, რიკი ელიოტის, პიროვნულ და საზოგადოებრივ ჩამოყალიბებას ასახავს; “ოთახი ხედით” (1908) – შთამბეჭდავი და გამოკვეთილი პერსონაჟებით აღსავსე ნაწარმოები, რომელიც ფლორენციაში იწყება და ფლორენციაში მთავრდება, ხოლო შუალედში ახალგაზრდა ბრიტანელი ქალი, ლუსი ჰანიჩერჩი, რთული, ლამის გადაუწყვეტელი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება ორ ახალგაზრდა ვაჟს შორის, რომელთაგან ერთი ლაღი და მგზნებარე სატრფოა, მეორე კი – საქმრო, უნიადაგო მეოცნებე და უგრძნობელი ეგოისტი; უნდა ითქვას, რომ რომანის სტილი თითქმის კლასიკურია, კომპოზიცია – თითქმის დიდოსტატური; დაბოლოს, “ჰოვარდს ენდი” (1910) – ედვარდული ხანის ბრიტანული საზოგადოების ჯგუფური პორტრეტი: განსხვავებული ფენების ზუსტი, მრავალფეროვანი, მხატვრულად და ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი პანორამა…

სხვათა შორის, ფორსტერის პროზაულ ქმნილებათა უმთავრესი ნაწილი ეკრანიზებულია (ზოგიერთი მათგანი – რამდენჯერმეც), ხოლო ეკრანიზაციათა უმთავრეს ნაწილს როგორც მაყურებელთა, ისე კინოკრიტიკოსთა გამორჩეული ყურადღება ხვდა წილად.

მწერლის ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეგობრობა კომპოზიტორ ბენჯამინ ბრიტენთან, მეოცე საუკუნის მუსიკის უეჭველ კლასიკოსთან. ფორსტერის, როგორც ლიბრეტისტის, და ბრიტენის, როგორც მუსიკის ავტორის, ერთობლივი შრომის შედეგია ოპერა “ბილი ბადი” (1951), რომელიც ჰერმან მელვილის რომანის საფუძველზე შეიქმნა.

* * *

მაინც, რამ განაპირობა ფორსტერის მრავალწლიანი სამწერლო პაუზა, რომელიც მხოლოდ მისმა სიკვდილმა შეწყვიტა?

შესაძლო პასუხი, ალბათ, მის იმ გამოუქვეყნებელ წიგნში უნდა ვეძებოთ, – რომანში “მორისი” (1913-1914), – რომელიც ტექსტის დაწერიდან ორმოცდაჩვიდმეტი წლის, ხოლო მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1971 წელს, გამოიცა. როგორც ჩანს, თხზულების სიუჟეტურმა სარჩულმა, მასში აღწერილმა ურთიერთობებმა უკან დაახევინა რომანისტს, გაეზარდა ნაწარმოების მკითხველთა წრე (რომელიც ავტორის სიცოცხლეში მხოლოდ მისი ახლო მეგობრებით შემოიფარგლებოდა) და თუნდაც ეს წიგნი, თუნდაც მოთხრობების ასევე გამოუქვეყნებელი კრებული “მომავალი ცხოვრება” ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო.

რომანი თითქმის ავტობიოგრაფიულია და ხატავს ორი კემბრიჯელი სტუდენტი ჭაბუკის მეგობრობას, რომელიც მალე სცილდება ოდენ მეგობრობის საზღვრებს. მკითხველი ხედავს, ერთი მხრივ, საშუალო ფენებიდან გამოსული, გარემოსაგან არაფრით გამორჩეული მორის ჰოლის პიროვნულ ზრდას, არჩევანის გაკეთებისა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების თანდათანობით მოზღვავებულ ენერგიას, საზოგადოებრივ კონვენციათა დაძლევისა და საზოგადოებრივ ფენათა ზღუდეების გადალახვის მოპოვებულ შესაძლებლობას; მეორე მხრივ, მისი მეგობრის, არისტოკრატ კლაივ დარემის, – ყოველივე მშვენიერის ტრფიალის, ანტიკურობის მეხოტბისა და ინტელექტუალი მეამბოხის, – კონფორმისტულ დაბრუნებას მშობლიურ წიაღში: ბრიტანეთის მაღალი კლასის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც მრავალმხრივ განმსჭვალულა გაცხადებული ფარისევლობითა და ფუჭი, უშინაარსო პირობითობებით. კლაივისაგან, პოლიტიკურ მორევში ჩათრეული ყოფილი მეგობრისაგან, სულ უფრო დაშორებული და გაუცხოებული მორისი თამამად აირჩევს ცხოვრების უჩვეულო, სახიფათო გზას: დარემების მამულის ახალგაზრდა მსახურთან – დაქირავებულ ეგერ ალეკ სკადერთან ერთად ბედნიერი, ჰარმონიული ცხოვრების წამოწყებას გადაწყვეტს. რომანის ფინალური გვერდები თითქმის არაფერს გვეუბნება მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ, მაგრამ ცხადია, რომ მწერალი, თავისივე აღიარებით, როგორც ერთმანეთისადმი დაუოკებლად მლტოლველი წყვილის ცხოვრების, ისე თავად ნაწარმოების ბედნიერ დასასრულს გულისხმობდა…

მაგრამ ეს ბედნიერი დასასრული, რომელზე მინიშნებითაც მთავრდება “მორისი” და რომლის ცხოვრებაში ხორცშეხმის იმედი თავად ფორსტერსაც ნაკლებად ჰქონდა, არცთუ მთლად დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აშკარაა, რომ მწერალმა სცადა, სასურველისათვის რეალობის სახე მიეცა, წარმოსახული სინამდვილედ ექცია, მაგრამ გაცნობიერებულმა თვალის მოხუჭვამ ცხოვრებისეული სიმართლის წინაშე ხელოვნების ქმნილებაში, როგორც ჩანს, მას წერის სურვილი დაუკარგა, სიტყვისმიერი სამყაროს შექმნის ვნება ჩაუკლა და გაუქრო… ამის შემდეგ ისე ჩამთავრდა 20-იანი, 30-იანი, 40-იანი, 50-იანი, 60-იანი წლები, რომ ფორსტერს ერთხელაც აღარ აუღია ხელთ ბელეტრისტის კალამი. თავისი რომანის ფურცლებზე, ლიტერატურულ სივრცეში მან მოინდომა იმის შექმნა, რისი მიღწევისა თუ მოპოვების იმედი სინამდვილეში არც ჰქონდა, მაგრამ ამგვარი სინამდვილის ლიტერატურული შეთხზვისათვის, ლიტერატურით სარგებლობისათვის საკუთარი ილუზიის სამსახურად, და არა ჭეშმარიტების ცხადსაყოფად, მან თითქოს საკუთარი თავი დუმილითა და მწერლური პაუზით დასაჯა, – პაუზით სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა არა სიცოცხლის შემდეგ.

* * *

ფორსტერს მიაჩნდა, და ეს შეხედულება მკვეთრადაა ასახული მის რამდენიმე ნაწარმოებში, რომ პიროვნების გათავისუფლების აუცილებელი პირობა რელიგიისაგან გათავისუფლებაცაა და რომ რელიგიური სწრაფვანიც იმგვარივე ხუნდებია ადამიანისათვის, როგორც ეროვნული, ეთნიკური, სოციალური თუ სქესობრივი ჩაკეტილობა (სხვათა შორის, თავად მწერალი ქმედითად იყო ჩართული “ბრიტანეთის ჰუმანისტურ ასოციაციაში”, – გაერთიანებაში, რომლის წევრებსაც ერთად კრებდა ცხოვრება რელიგიური რწმენის – ანუ, მათი თვალსაზრისით, ცრურწმენათა – გარეშე). “მორისშიც” რომანის ახალგაზრდა გმირები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ თავიანთ ეროტიკულ არჩევანთან გაწონასწორებას, რაც დემონსტრაციულად გაემიჯნებიან ქრისტიანულ სარწმუნოებას და, უპირველეს ყოვლისა, საეკლესიო ცხოვრებას. ერთი პირობა, ისინი დასაყრდენს წარმართულ, ძველ ელინურ და ძველ რომაულ მემკვიდრეობაში პოვებენ, თავდავიწყებით კითხულობენ პლატონის ნაწერებს, შეჰნატრიან ანტიკური ათენის ცხოვრებას, თუმცა, მოულოდნელად, კლაივი სწორედ საბერძნეთში, ანტიკური ამფითეატრის გამოშიგნული და დაცარიელებული ნანგრევების ჩრდილში აღმოაჩენს, რომ მას ისევ იმ გზით სიარული სურს, როგორითაც მის კეთილგონიერ წინაპრებს უვლიათ, – გზით, რომელიც მას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წარმატებას მოუტანს. პარადოქსი ისიცაა, რომ საუკუნეთა წინ აშენებული ეს თეატრი დიონისეს სახელს ატარებს… დიონისური ვნებები რომანის პერსონაჟისათვის ცარიელი სახელდება აღმოჩნდა…

მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ფორსტერის ნაწერებში შეუმჩნევლად და, როგორც ჩანს, ხშირად ავტორის უნებურად, – იდუმალისა და ზებუნებრივის (თუ გარებუნებრივის) სახით, – უცაბედად გაკრთებოდა უხილავი მისტიკური ცეცხლის წამიერი ნაპერწკალი, მოულოდნელად თვალწინ გაიელვებდა ცხოვრების ვერტიკალური განზომილების ჭრილი… “ბრიტანეთის ჰუმანისტური ასოციაციის” წევრისაგან ცოტათი უცნაური იყო, რომ როცა იგი ჰენრი ჯეიმსის პროზაულ ოსტატობას იწუნებდა (თავის ნაშრომში “რომანის ასპექტები”, რომელსაც საფუძვლად უდევს მწერლის საუნივერსიტეტო ლექციები), უფროსი კლასიკოსის ტექსტების არაბუნებრივი, არაცოცხალი ფორმების მიუღებლობასთან ერთად, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯეიმსის თვალსაწიერის არარელიგიურობაც, თუმცა, რა თქმა უნდა, რელიგიურობაში იმჯერად ან რომელიმე მართლმორწმუნე მოძღვრების მიმდევრობა, ან რომელიმე ეკლესიის წევრობა ნაკლებად იგულისხმებოდა…

ვისაც წაუკითხავს ფორსტერის სამეცნიერო-ფანტასტიკური, ანტიუტოპიური, ანუ დისტოპიური მოთხრობა – “მანქანა ჩერდება” (1909) – მას აუცილებლად გაუჩნდებოდა აზრი, რომ ნაწარმოებში ნაწინასაწარმეტყველებია ტელევიზიაც, ინტერნეტიც, სკაიპიც. სხვათა შორის, როგორც ბოლო საუკუნეების მანძილზე აღმოჩნდა, ტექნიკური პროგრესის კონკრეტულ წარმატებათა ლიტერატურული თუ ფუტუროლოგიური წინასწარმეტყველება ძნელი ამოცანა არ ყოფილა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ძნელია ადამიანისა და საზოგადოების განვითარების განჭვრეტა, ან კიდევ მეტი: განსაზღვრა იმისა, ვითარდება თუ არა, საერთოდ, და ვითარდება თუ არა უკეთესობისაკენ ან ადამიანი, ან საზოგადოება… მაგრამ ფორსტერს ნამდვილად სჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩამოიშლებოდა კლასობრივ, კულტურულ თუ ტრადიციულ შეზღუდულობათა საზღვრები და კედლები, მიჯნები და ზღვრები, ხოლო თანაბარ და თავისუფალ ადამიანთა კავშირზე დაფუძნებული მომავალი საზოგადოების განმსაზღვრელი საწყისი იქნებოდა ადამიანებს შორის პირადი, პიროვნული დამოკიდებულება, – დამოკიდებულება ყოველგვარ შეზღუდვათა, დაბრკოლებათა, პირობითობათა გარეშე: ადამიანი ადამიანის პირისპირ. როგორც ჩანს, ამგვარი მომავლისაკენ სწრაფვას გამოხატავს მწერლის ქვის ობელისკზე ამოკვეთილი ეპიტაფიაც: “მხოლოდ კავშირი”…

ფორსტერის ქმედებებს, წიგნებს, შეხედულებებს ხშირად გამოუწვევია კამათი, მაგრამ, ალბათ, გასაკუთრებულად საორჭოფოდ რჩება ფორსტერის ერთი გახმაურებული გამონათქვამი: “თუკი მე უნდა გავაკეთო არჩევანი ჩემი ქვეყნის ღალატსა და ჩემი მეგობრის ღალატს შორის, მე მირჩევნია ვუღალატო ჩემს ქვეყანას”… ედვარდ მორგან ფორსტერის ეს სიტყვებიც, როგორც ბევრი რამ, რაც მას გაუკეთებია, რაც მას უთქვამს, რაც მას აურჩევია, ბუნებრივია, ფიქრსაც აღძრავს და კამათის სურვილსაც…

2008

პირველად გამოქვეყნდა წიგნში: მერაბ ღაღანიძე, მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ, თბ.: მემკვიდრეობა, 2011, გვ. 230-239.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button