ლიტერატურაწიგნები

„ჰაიზენბერგის თვალებით“ დანახული შორეული მომავალი

ეს პოსტი არ არის ვოლტერ ვაითის აწ უკვე საკულტო პერსონაჟის შესახებ. პოსტში განხილულია ნაკლებად ცნობილი მოთხრობა, ფრენკ ჰერბერტის „ჰაიზენბერგის თვალები“, რომლის წაკითხვაც მხოლოდ სათაურის გამო გადავწყვიტე, ამაში კი ვოლტერ ვაითს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის. მანამდე ორიოდ სიტყვა ფრენკ ჰერბერტზე:
ფრენკ ჰერბერტი ამერიკელი ფანტასტი მწერალია, რომელიც ღირსეულად დგას ამ ჟანრის XX საუკუნის გიგანტებთან (აზიმოვი, კლარკი, ბრედბერი, ჰაინლაინი). ჰერბერტი ცნობილია თავისი „დიუნას“ საგით, რომელიც შედგება 6 წიგნისგან. ამ სექსტალოგიას (გნებავთ, ჰექსალოგიას) კრიტიკოსები მისი მასშტაბურობიდან და ლიტერატურული ღირებულებიდან გამომდინარე, თავისუფლად აყენებენ აზიმოვის „დაფუძნების“ სერიის გვერდით (ზოგი მასთან შედარებით უპირატესობასაც კი ანიჭებს). ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ XX საუკუნის შუა ხანების საი-ფაის პოპულარობა საზრდოობდა ნაწარმოებში აღწერილი გამომგონებლური იდეების ნოვატორულობით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საი-ფაის XIX საუკუნის მამების ზეგავლენას, მაშინ როდესაც „დიუნა“ წარმოადგენს ამ ტენდენციის გარკვეულ უარყოფას რთული და საინტერესო პერსონაჟების შემოყვანის კუთხით, რაც ლიტერატურულად უფრო მაღალი დონის მაჩვენებელია. 

ფრენკ ჰერბერტი

გარდა პერსონაჟების განვითარებისა, „დიუნას“, „დაფუძნების“ მსგავსად, გააჩნია რამდენიმე მილენიუმზე და ასტრონომიულ მასშტაბებზე გათვლილი სამყარო. როგორც The Library Journal -მა აღნიშნა, „დიუნა“ იგივეა სამეცნიერო ფანტასტიკისთვის, რაც – „ბეჭდების მბრძანებელი“ ფენტეზისთვის“. ეპიკური რეზიუმეა, აღარაფერს დავამატებ. უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ შედევრის არსებობა გარკვეულწილად მწერლისთვისაც არ არის ოპტიმალური კონდიცია, რადგან მისი სხვა ნაწარმოებების განხილვა-შეფასება სწორედ შედევრთან შედარებით ხდება და არა – დამოუკიდებლად, ამიტომ ამ პოსტში განსახილველ მოთხრობას ასეთი მიდგომით ნუ შეაფასებთ. 
„ჰაიზენბერგის თვალები“ არის დისტოპიური მომავლის (80,000 წლის შემდეგ) ხედვა, სადაც ადამიანები (“Folk”) წარმოადგენენ მარიონეტ ფიგურებს ორი უზენაესი ძალის კონფრონტაციაში. ერთ მხარეს დგანან ოპტიმენები – გენეტიკურად მოდიფიცირებული ზეადამიანები რამდენიმე მილენიუმის ხანგრძლივობის სასიცოცხლო ციკლით. მეორე მხარეს კი კიბორგები – იატაკქვეშეთა მოძრაობა, რომლის წევრები კომპიუტერებისა და სხვა მექანიკურ-ციფრულ-სტიმპანკური მოწყობილობების ორგანიზმში იმპლანტანციის გზით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს და იუმჯობესებენ გადარჩენისათვის საჭირო უნარებს. კიბორგები მჭიდრო კავშირში არიან უფრო მცირე მასშტაბის საიდუმლო ორგანიზაციებთან: „მიწისქვეშეთის მშობლებთან“ და „კურიერებთან“. 
ოპტიმენები იყენებენ მოსახლეობის კონტროლის კარგად აპრობირებულ მეთოდს, რომელიც ჯერ კიდევ თომას მალთუსმა შემოგვთავაზა XVIII საუკუნეში: მოსახლეობის რაოდენობის კონსტატაცია. ამ მიზნით ოპტიმენები გარკვეული პერიოდულობით ქალაქებში აფრქვევენ კონტრაცეპტულ გაზს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის უმრავლესობა ისედაც სტერილურია. რაც შეეხება რეპროდუქციის უნარის მქონე მოსახლეობას, მათ აკონტროლებენ ოპტიმენებს უშუალოდ დაქვემდებარებული ქირურგების ჯგუფი. ემბრიონები განთავსებულნი არიან მაღალტექნოლოგიურ სინჯარებში, სადაც მათზე მუდმივად ახორციელებენ გენეტიკურ მანიპულაციებს (“Cut”). ემბრიონების მცირე ნაწილი ავლენს უცნარ გენეტიკურ ნიშან-თვისებებს და სწორედ ისინი ხდებიან ოპტიმენები, ფაქტობრივად უკვდავები, ადამიანი-ღმერთები: „ისინი წარმოადგენენ ძალას, რომლებსაც ჩვენ ვუყვარვართ და გვიცავენ.“ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ოპტიმენები თავადაც სტერილურნი არიან და ამიტომ იძულებულნი ხდებიან დაეყრდნონ ადამიანურ რესურსს. სტერილურია ქირურგთა უმრავლესობაც, რომელთა გასამრჯელო სპეციალური ფერმენტული თერაპია და სიცოცხლის გახანგრძლივებაა. 

„ჰაიზენბერგის თვალების“ გამოცემები

ტოტალური სტერილურობა იწვევს საი-ფაის ჟანრისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან უარყოფით შედეგს – იდენტობის დაკარგვას (გავიხსენოთ მაგალითად რიკ დეკარდი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრულ ცხვრებზე?-დან“). ბუნებრივი რეპროდუქციის შეუძლებლობა გულისხმობს, რომ „ისინი არიან ხალხი წარსული გარეშე და არსებობს მხოლოდ მომავლის იმედი. ჩვენი წარსული სადღაც ბნელეთის ოკეანეში დაიკარგა. ოპტიმენემა და მათმა გენეტიკის ქირურგებმა ჩვენი წარსული წაშალეს.“ ამიტომ, ბევრი ცდილობს შეუერთდეს კიბორგებს თავიანთი უფერული ცხოვრების გასახანგრძლივებლად. 
რაც შეეხება ნარატივს: სიუჟეტის ხაზი განვითარებულია ცოლ-ქმრის ლიზაბეთ და ჰარვი დურანტებისა („მიწისქვეშეთის მშობლებისა“ და „კურიერების“ წევრები) და მათი ემბრიონის ირგვლივ. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში ესწრებიან მათი ემბრიონის გენომის მოდიფიცირებას, როცა დაფიქსირდება უცნაური შემთხვევა: მათ ემბრიონს აქვს უჩვეულო თვისებები, გაზრდილი პოტენციური ინტელექტი, რეპროდუქციის სრულფასოვანი უნარი (ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კონტრაცეპტული გაზის მიმართ აქვს იმუნიტეტი) და სიცოცხლის თითქმის უსასრულო ციკლური მაჩვენებელი. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ეს თვისებები ოპტიმენების თვისებებზე ბევრად მაღლა მდგომია. სისტემა კი სისტემის ჩვეულ ელემენტებზე ზემდგომ ელემენტს ვერ ეგუება. ამ ლოგიკით დურანტების ემბრიონი ანომალიაა, რომელიც, კანონის მიხედვით, უნდა განადგურდეს. თუმცა ექიმები წესებს დააღვევენ და იწყება ნადირობა „ბუნების შეცდომაზე“. ოპტიმენებს მისი ლიკვიდაცია, ხოლო კიბორგებს მისი ექსპერიმენტალური შესწავლა და გამოყენება სურთ. მოვლენების განვითარების გასაგებად მიმართეთ პირველწყაროს. 
ნაწარმოების სათაური მინიშნებას აკეთებს XX საუკუნის გერმანელი ფიზიკოსის – ვერნერ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპზე, რომლის მიხედვით რაც უფრო ზუსტად არის დადგენილი ნაწილაკის ადგილმდებარეობა, მით უფრო რთულია მისი იმპულსის განსაზღვრა და პირიქით. თუ ამ პრინციპს ნაწარმოების შინაარსთან დავაკავშირებთ, მივიღებთ, რომ განუსაზღვრელობა მოქმედებს როგორც გენეტიკურ დონეზე (ანომალიური ემბრიონის არსებობა), ისე – სოციალურ დონეზე. სწორედ ამ პრინციპის მოქმედების შედეგად იწყება არეულობა ოპტიმენების კონტროლის გამო სტაზისში მყოფ საზოგადოებაში, რადგან წინასწარგანსაზღვრულ წესრიგში შემოდის ქაოსის, არაპროგნოზირებადი ფენომენის ელემენტი, რაც სტატიკური სისტემისთვის დამღუპველია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ემბრიონის მოშორება ოპტიმენებისთვის, რათა შენარჩუნდეს წესრიგი და კონტროლი. დადგენილი წესის შესაბამისი ქცევის მნიშვნელობაზე ნათლად მიუთითებს ეტიკეტის ის წესები, რომლებსაც იცავენ ოპტიმენების საბჭოს ყრილობაზე. 

ოპტიმენები და კიბორგი სხვადასხვა გამოცემის ყდებზე

ზოგჯერ ოპტიმენებსაც ეშინიათ, ეშინიათ კონტროლის დაკარგვის, სიკვდილის, განადგურების, ამ დროს კი მიდრეკილნი ხდებიან ძალადობისკენ და ემოციათა ეს კალეიდოსკოპი ახსენებს მათ, რომ ისინიც ცოცხლები არიან (ყოველ შემთხვევაში, ოდესღაც მაინც იყვნენ). რთულია მათი ცალსახად ანტაგონისტებად მონათვლა, რადგან ყველა დაპირისპირებულ მხარეს თავის სიმართლე გააჩნია. ოპტიმენები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ, ისინი კლავენ, ანადგურებენ, აკონტროლებენ, მაგრამ ხანდახან მათთვისაც კი „ძნელია ღმერთობა“
P.S. რატომ სამეცნიერო ფანტასტიკა? ფრენკ ჰერბერტის პასუხი:
„ვფიქრობ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ეხმარება და უთითებს საინტერესო მიმართულებებს. ის აჩვენებს ფარდობით მიმართულებებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს წარმოსახვის უნარი სხვა შესაძლებლობებისთვის, სხვა არჩევნებისთვის. ჩვენ კი საკუთარ თავებს ვუქვემდებარებთ შეზღუდულ არჩევანს. ჩვენ ვამბობთ „კარგი, ერთადერთი პასუხია…“ ან „თუ შენ უბრალოდ… “. რაც ამ ორ ფრაზას მოსდევს, იქვე ავიწროებს ჩვენს არჩევანს. თვალსაწიერი მიწასთან ისე ახლოს მიდის, რომ გარშემო ვეღარაფერს ამჩნევ. ადამიანები ვერ ხედავენ შორ მანძილებზე. ამ თაობებში კი ჩვენ მოგვეთხოვება გვქონდეს იმის მომავალი ხედვა, თუ რას დავმართებთ სამყაროს ჩვენს გარშემო. სწორედ აქ გვეხმარება, ჩემი აზრით, სამეცნიერო ფანტასტიკა. არა მგონია, რომ „ახალი მშვენიერი სამყაროს“ და „1984“-ის მსგავსი წიგნები ახდენენ იმის პრევენციას, რაც ამ წიგნებშია აღწერილი. თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი გვაფრთხილებენ მათი მოხდენის შესაძლებლობაზე და ამცირებენ ასეთი შესაძლებლობების ალბათობას. ისინი გვატყობინებენ, რომ შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით მივდიოდეთ.“ 

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button