ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მეგრული დაწყებითი სკოლისათვის

I

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დასახლებულია ერთ-ერთი ქარველი ტომი, რომელიც ცნობილია მეგრელების პროვინციული სახელწოდებით. ამ ზღვისპირელი ქართველების ცხოვრებაში ამჟამად ხდება არსებითი ცვლილება, რაც მათ საყოველთაო უკმაყოფილებასა და ხმამაღალი დრტვინვას იწვევ. ეს ეს ცვლილება ის არის, რომ სამეგრელოს დაწყებითი სკოლებიდან იდევნება ქართული ენა და შემოქვთ მეგრული საანბანო წიგნი, რომელშიც ქართული ანბანის ნაცვლად იხმარება ახლად შეთხზული ანბანი.

ისინი, ვინც ამ ცვლილების მომხრენი არიან, საგნის ცუდ ცოდნას და სათანადო წინდახედულების უქონლობას იჩენენ, რადგან ეს ღონისძიება მეგრელთა ტომის მთელ იტორიას, მის სანუკვარ სურვილებსა და საარსებო ინტერესებს ეწინააღმდეგება და, ამდენად, მისი განხორციელება და საბოლოოდ განმტკიცება ყოვლად შეუძლებელი იქნება.

ისტორია მოგვითხრობს, რომ უხსოვარი დროიდან ქართული ენა მეგრელთათვის სარწმუნოებრივი ღვთისმსახურების, სასკოლო, სალიტერატურო და სასამართლო-ადმინისტრაციულ ენას წარმოადგენდა. მეგრელები, რომლებმაც ქრისტიანობა აღმოსავლელ ქართველებთან შედარებით სამი საუკუნით ადრე მიიღეს, მხსნელ ქრისტეს ადიდებდნენ და ღვთისმსახურებას ასრულებდნენ თავის ძირითად – ქართულ ენაზე, და ისინი ამას სჩადიოდნენ მხოლოდ საკუთარი სურვილითა და საზოგადოებრივი ინსტინქის კარნახით. საეკლესიო კათედრა სამეგრელოს ფარგლებში არასოდეს არ ხმარეობდა სხვა ენას, გარდა ქართულისა. ისეთი პერიოდებიც კი იყო, როდესაც სამეგრელოს ჭყონდიდის სამიტროპოლიტო კათედრას პირველი ადგილი ეჭირა ქართულ მჭევრმეტყველებაში და თავისი წრიდან გამოჰყოფდა ხოლმე მთელ საქართველოში სახელგანთქმულ მქადაგებელთ. მეგრელთა ცნობიერებაში ქრისტიანობა ისე მჭიდროდ შეეზარდა ქართულ ენას, რომ ერთმანეთისაგან მათი დაშორება არავითარი შესაძლებლობა არც ყოფილა და არც არის. ასევე მჭიდროდ შეეზარდა მეგრული სკოლა ქართულ ენას. სამღვდელოების მიერ დაარსებულ საეკლესიო და სამონასტრო სკოლებში სწავლების იარაღს ყველა საუკუნეში ქართული ენა წარმოადგენდა, და ამ სკოლების მოსწავლენი იმავე ქართულ წინგებზე ვითრდებოდნენ და იზრდებოდნენ, რომელთაც საქართველოს სხვა კუთხეებშიც ხმარობდნენ.

ასევე საკუთარი გულისწადილის გამო მეგრელებმა, ყველა ქართველ ტომთან ერთად, იმთავითვე აღიარეს ქართული ანბანი თავის საკუთარ ანბანად, და თავის სალიტერატურო ენად მიიჩნიეს ქართული ენა, პროვინციულ კილოს კი მხოლოდ შინაურობაში ხმარობდნენ. ქართული სასულიერო და სერო ლიტერატურით მეგრელები ისე ამაყობდნენ, როგორც თავისი ეროვნული საუნჯით და რუსთაველი და მისი მემკვიდრეები საკუთარ ეროვნულ გენიოსებად მიაჩნდათ. მათ არასოდეს აზრად არ მოსვლიათ ცალკე ანბანის შეთხზვა, ცალკე ანბანის შეთხზვა, ცალკე სალიტერატურო ენისა და განსაკუთრებული ლიტერატურის შექმნა, სწორედ ისევე, როგორც ბელორუსელებს არასოდეს არ დაჰბადებიათ სურვილი ამ მხრივ ჩამოსორებოდნენ ველიკოროსებს. წინააღმდეგ შემთვევაში, მეგრელებს ადვილათ შეეძლოთ ლიტერატურულად განცალკევებულიყვნენ, რაგდან მათი სამშობლო ძალიან ხშირად სარგებლობდა პოლიტიკური დამოუკიდებლობით და საკუთრ ბედს თვითონვე განაგებდა. მეტიც, ასე თუ ისე განათლებული მეგრელები ყოველთვის შესანიშნავად ჰფლობდნენ ქართულ სალიტერატურო ენას, ამ მხრივ ხშირად კიდევც სჯობნიდნენ სხვა ქართველ ტომთა წარმომადგენლებს და უაღესად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქარტული პოეზიის, მხატვრული პროზისა და მეცნიერების გამდიდრებაში. ასე, რომ საბოლოო ჯამში, მათ ქრთული ლიტერატურის საუნჯეს შეჰმატეს არა ნაკლები გონებრივი კაპიტალი, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე სხვა ქართველმა ტომმა. ძველი საქართველოს აყვავების ხანაში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს, ქართული განათლების საქმის ინიციატოივა და ხელმძღვანელობა მთელ საქართველოში სამეგრელოდან მოდიოდა, რადგან სამეგრელოს ჭყონდიდის მიტროპოლიტითა წოდება განუყრელად დაკავშირებული იყო საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოვალეობბასთან. დაბოლოს, თუ რაოდენ აუცილებელ შინაგან მოთხოვნილებას შეადგენდა ქართული ენა მეგრელთა ტომისათვის, ჩანს იქიდან, რომ ამეგრელოს მიტროპოლიტთა, ეპისკოპოსთა და თით მფლობელ მთავართა მიერ გაცემული სიგელები ქართულ ენაზე იწრებოდა და მთელი საქმის წარმოება როგორც ადმინისტრაციულ დარგში, ისე სასამართლოებში იმავე ენზე მიმდინარეობდა. თვით საშინაო აქტები, კერძო მიწერ-მოწერა და სავაჭრო წიგნები არასოდეს არ იცნობდა და არ იცნობს სხა ენასა და სხვა ანბას, გარდა ქართულისა. ერთი სიტყვით, მეგრელთა ტომი ქართულ ენას ყოველთვის თვლიდა თავის ძირითად მშობლიურ ენად (დედა-ენად), ხოლო თავის ადგილობრივ დიალექტს უცქეროდა, როგროც მშობლიურ კილოს.

ამის შემდეგ მეგრელებისათვის იმის თქმა, რომ ისინი ქართველები არ არიან, რომ მათ არა აქვთ არც ანბანი, არც დამწერლობა, არც ლიტერატურა, რომ ყველაფერი ეს ამიერიდან უნდა შეიქმნასო, განე ეს იმას არ ნიშნავს, რომ წავართვათ მათ მთელი მათი სახელოვანი წარსული, მთელი ისტორიული მონაპოვარი, გამოვაცხადოთ ისინი გონებრივ ღატაკებად და გვერდით ამოვუყენოთ ისეთ ბარბაროსულ ტომებს, რომელთაც არავითარი ისტორია არ გააჩნიათ? ასე მოქცევა იმის მოსურნება ხომ არ იქნებოდა, რომ ერთმანეთს დააშორონ ის, რაც ღმერთს, ბუნებას და ათასწლოვან ისტორიას შეუერთებია?

II

გადავხედოთ აწმყოს. სამეგრელო შედგება ორი – სენაკისა და ზუგდიდის მაზრისაგან. ორივე მაზრის მრავალრიცხოვანი სამღვდელოება და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი უმაღლესი წოდება ყოველთვის ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ. ამავე ენას ხმარობს გლეხობის უდიდესი უმრავლესობა; მათ შორის საკმაოდ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებისთვისაც მეგრული კილო სრულიად უცხოა და, რომლებიც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ, განსაკუთრებით იმერეთის და გურიის მოსაზღვრე სოფლებში. ქართულ ენას ნაკლებად ხმარობს მხოლოდ ნეგურის გაყოლებით მდებარე და აფხაზეთის მოსაზღვრე მთიან ადგილებში მცხოვრები მდაბიო ხალხი, რომელიც თითქმის მხოლოდ თავის პროვინციულ კილოზე ლაპარაკობს. მაგრამ თუ რამდენად ახლო დგას ეს კილო ქართულ ენასთა, ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ ამ საზღვრისპირა მეგრელებსაც ქართული კარგად ესმით. ამავე სიახლოვეზე მკაფიოდ მეტყველებს ის უდავო ფაქიც, რომ სამეგრელოს განაპირა ადგილების სახალხო სკოლებიდან სულ უკანასკნელ ხანებამდე ქართული ენის და წერა-კითხვის ისეთივე მცოდნე ყმაწვილები გამოდიოდნენ, როგორსაც ყველა ქართული სკოლა უშვებდა იმერეთში, ქართლსა და კახეთში. ასე იყო წინათაც, საქართველოში რუსეთის ბატონობის დამყრებამდე. მაგალითად, ფრანგი მოგზაურის შარდენის გადმოცემით, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს ინახულა სამეგრელო, სამეგრელოში მცხოვრებ და მქადაგებელ კათოლიკე მისიონერებს, მეგრული კილოს შესწავლის შემდეგ, ადვილად ესმოდათ ქართული ენაც. იგივე შარდენი იმოწმებს მისიონერთა ცნობას, რომ თითქმის ყველა მეგრელს კარგად ესმის ქართულული და თავისუფლად ხმარობს მასო.

მეგრელებმა არა თუ იციან ქართული ენა და უყვართ იგი, არამედ მოწიწებით ეპყრობიან მას, როგორც წმინდა ენას… თქვენ რომ შეეკითხოთ შუაგულ სამეგრელოს მცხოვრებს, თუ რატომ არ ხმარობს იქი ქართული ენას, როდესაც მას ეს ენა ესმის, იგი გიპასუხებთ: ” მე დიდ ცოდვად ვთვლი დამახინჯებული, არა სავსებით სუფთა ქართული ენით ლაპარაკს და ამიტომ მისი ხმარებისაგან თავს ვიკავებ იმ ბედნიერ მომენტამდე, როდესაც შევძლებ ვისაუბრო სრულიად სწორ, სასაცილო პროვინციალიზმებისაგან თავისუფალ ქართული ენაზე”. და ამიტომაა, რომ ყველაზე უზადო სალიტერატურო ქართული ენას მეგრელთა ნაწარმოებებში შეხვდებით და ყველაზე უზადო ცოცხალ სასაუბრო ქართულსაც მეგრელ ორატორთაგან მოისმენთ. ორმოცი წლის წინათ მეგრელებმა მჭერმეტყველურად დაამტკიცეს თავის ღრმა სიყვარული ქართული ენისადმი. სასულიერო უწყებამ, მრავალი წლის შრომის შემდეგ, საღვთისმსახურო წიგნები თარგმნა მეგრულ კილოზე და ქართული საეკლესიო წიგნების ნაცვლად მათი შემოღება განიზრახა. და რა გამოვიდა? სამეგრელოს ყველა წოდება აღსდგა ამ წამოწყების წინააღმდეგ და სასულიერო უწყებას უარი ათქმევინეს მასზე. ხოლო სღვთისმსახურებო მეგრული წიგნები გამოუყენებელი დარცა. ეს ცდა ათი წლის წინათ იქნა განმეორებული, მაგრამ იგი ისეთ ერთსულოვან წინააღმდეგობას წააწყდა როგორც ადგილობრივი სამღვდელოების მხრივ, რომელიც მთლიანად ნამდვილი მეგრელებისაგან შედგებოდა, ისე სამეგრელოს მრავალრიცხოვანი თავადაზნაურობისა და გლეხების მხრივ, რომ ამ ცდას სავსებით მიანებეს თავი. ასეთივე მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მეგრელები ახალი განზრახვის – სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის გაძევებისა და მათთვის განსაკუთრებული, პროვინციული დამწერლობის შემოღების მიმართ. თუ რაოდენ აღაშფოთა და შეაწუხა ამ წამოწყებამ მეგრელი ხალხი, ეს ჩანს იქიდან, რომ გლეხებმა მრავალი ლექსი შეთხზეს, რომლებშიც ისინი დასცინიან მასწავლებლებსაც, მათ მიერ შემოღებულ სწავლების ახალ მახინჯ ხერხებსაც და ამ დაცინვას იმით ამთავრებენ, რომ ურჩევენ ძველებურად, მართმადიდებულურად ასწავლონ ბავშვებს მეგრელთა ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ მათ კარგად ესმით, თუ რა სამწუხარო შედეგებს და ამთი სასაცილო ინტერესების შელახვას გამოიწევდა ეს ახალი ღონისძიება. უხსოვარი დროიდან არსებული სამეგრელოს სახალხო სკოლა მეგრელს სძენდა ქართული ენისა და წერა-კითხვის კარგ, მტკიცე ცოდნას. მეგრელი ამას თავისთვის დიდ სიკეთედ თვლიდა და ამაში არც სცდებოდა. ქართული წერა-კითხვის მეშვეობიტ მეგრელი ხდებოდა ქრისტიანთა ეკლესიის შეგნებული წევრი, კითხულობდა და ითვისებდა დაბადებასა და სახარებას, ეზიარებოდა ქართულ ლიტერატურას, საღად ერკვევოდა ყველა იმ წერილობითსა და საოჯახო აქტში, რომლებიც ქართულ ენაზე სდგებოდა და სდგება და, ბოლოს ყოველ ზამთარს თავისი კუთხიდან გარე საშოვარზე წასული, იგი როგორც საკუთარ ოჯახში, ისე გრძნობდა თავს საქართველოს ორივე – ქუთაისისა და თბილისის გუბერნიაში. მეგრელები აფასებენ ამ დიდ სიკეთეებს და უღრმესი თანაგრძნობით და გულწრფელი სიყვარულით ეპყრობოდნენ და ეპყრობიან ქართულ სკოლას.

მეგრული სკოლის ორგანიზაცია მეგრელებს ხელიდან აცლის ყველა ზემოხსენებულ სიკეთეს. ხოლო რას პირდება სამაგიეროდ? ახლად გამოგონებული ასობით შედგენილ მეგრულ ალფაბეტს და მეგრულ წერა-კითხვას. მაგრამ ასეთი დაპირებებით ბავშვებს იქცევენ მხოლოდ.

ყოველ ალფაბეტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი და მნიშვნელობა, როდესაც იგი სასულიერო და საერო ლიტერატურის გასაღებს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შექმნა და შესწავლა დროის უნაყოფოდ ფანტვას ნიშნვს. სკოლებში შესასწავლი ასეთი ალფაბეტი, რომელსაც ცხოვრებაში სათანადო დასაყრდენი არა აქვს არც მერლობაში, არც ლიტერატულ ნაწარმოებში და არც სახალხო ბიბლიოთეკებში, ერთი-ორი წლის შემდეგ ისე ჰქრება გონებიდან, რომ ცარიელი ადგილის მეტი მისგან არაფერი რჩება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალფაბეტი გასაღებია, ხოლო ლიტერატურა – ბოქლომი. რა საჭიროა გასაღები, თუ ბოქლომი არ არსებობს? “ქართული ალფაბეტი ჩვენთვის, – ამბობენ მეგრელები, – წარმოადგენდა და წარმოადგენს გასაღებს ძველი და ახალი ქართული ლიტერატურისათვის, რომელიც ჩვენ ყოველთვის ჩვენს მშობლიურ ლიტერატურად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია. ხოლო რომელი ლიტერატურის ბოქლომი უნდა გავაღოთ ჩვენ ამჟამად ჩვენთვის შეთხზული ალფაბეტის საშუალებით?” “ჩვენ შეგიქმნით დამოუკიდებელ მეგრულ ლიტერატურას”, – უპასუხებენ მათ მახინჯი ანბანის გამომგონებელნი. “კი მაგრამ, გეთაყვა, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი, ძველთაძველი ქრისტიანული, ყველა ქართველი ტომისათვის საერთო ლიტრატურა”, – უპასუხებენ მეგრელები. “ესეც არ იყოს, აბა რა ლიტერატურის შექმნა შეიძლება ჩვენს განუვითარებელ, პატარა კილოზე, რომელიც მხოლოდ ორ მაზრაშია გამოყენებული? ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ჩვენ დიდი ხანია შევიმუშავებდით ცალკე ალფაბეტსაც და ცალკე ლიტერატურასაც, რადგან ჩვენს სამშობლოში ყოველთვის ჩვენი თავის ბატონ-პატრონები ვიყავით!”… “ქართულმა ალფაბეტმა – განაგრძობენ მეგრელები, – გვაზიარა და ის გვაზიარებს ჩვენს ძველსა და ახალ აღთქმას, მართლმადიდებლურ საღვთისმსახურებო წიგნებს, იგი სრულ შესაძლებლობას გვაძლევს შეგნებული ქრისტიანები გავხდეთ. მეგრული ალფაბეტი კი, რომლითაც, ზემოდასახელებული მიზეზების გამო, არც საღვთო წერილი და არც საეკლესიო წიგნები არ შეიძლება გამოიცეს, ყოველივე ქრისტიანულსა და წმინდათა წმიდას ჩამოგვაშორებს და სარწმუნოებას მოკლებულ წარმართებად გვაქცევს”. ეს მოსაზრება დამაჯერებელია, იმდენად დამაჯერებელი, რომ განსახიერებულმა ჯიუტობამაც კი მის წინაშე უკან უნდა დაიხიოს. მაგრამ გამომგონებელნი მაინც თავისას გაიძახაინ და მეგრელიზმის შექმნას იმედოვნებენ.

III

ახალი მეგრული ალფაბეტის გამოგონებას ნამდვილი რუსი ინტელიგენტები საზიანოდ თვლიან ამტომის მცხოვრებთა შორის რუსული წერა-კითხვის გავრცელების თვალსაზრისითაც კი. სხვათა შორის, ასეთი შეხედულება გამოთქვა რამდენიმე დღის წინათ ამ საკითხის კარგად მცოდნე, ერთმა ცნობილმა რუსლმა ლიტერატორმა. მისი მეტად საქმიანად დაწერილი სტატიიდან მოგვყავს შემდეგი ადგილი:

“ვინ არ იცის, რომ მეგრელები ლაპარაკობენ განსაკუთრებულ ქართულ კილოზე, რომელსაც მეგრული ეწოდება და შენარჩუნებული აქვს ქართული ენის ყველა თავისებურება. იშვიათია ისეთი მეგრელი, რომელმაც ბავშვობიდანვე ქართული ენა არ იცოდეს; წარა-კითხვის მცოდნენ კი მშობლიურ ენაზე წარმოებულ მიწერ-მოწერაში ქართულ ასოებს ხმარობენ, რადგან ყველა ქართული ასო სავსებით შეესაბამება მეგრული კილოს ყველა ბგერას, რაც, ცხადია, არ შეიძლება ითქვას რუსულ ალფაბეტზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ქართულისაგან სრულიად განსხვაებული ენისათვის არსებობს. ამის გამო ცხადი ხდება, რომ რადგან რუსული ენის სახელმძღვანელოს შემოღება სკოლებში განზრახული აქვთ მეგრულის პარალელულად, ამიტომ ეს უკანასკნელი უნდა დაიბეჭდოს ქართული ასოების გამოყენებით. მაგრამ, ჩვენთვის გაუგებარი მოსაზრებით, მეგრული კილოსათვის გამოგონებულია განსაკუთრებული ალფაბეტი, რომელიც სავსებით თვითნებურად შეცვლილი რუსული ასოებისაგან შედგება. ჩვენ ახლა წინ გვიდევს, მაგალითად, არ ვიცი ვის მიერ შედგენილი “მეგრული ანბანი” (თბილის, 1899), რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს სამეგრელოს სკოლებში მეგრელი ბავშვებისათვის შემოუღიათ როგორც რუსული ენის სხელმძღვანელო. ამ ანბანში ორ სვეტზე დაბეჭდილია პარალელური ტესტი მეგრული (შეცვლილი რუსული შრიფტით) და რუსულ ენებზე. რუსული შრიფტი მეგრელებისათვის შეცვლილია იმ ხრივ, რომ მრავალი რუსული ასოსათვის, როგორიცაა მაგალითად, i, k, n, m, r და სხვა., გაუკეთებიათ რაღაც კუდები, რომლებმაც, შემდგენლის განმარტებით, განსაკუთრებული მეგრული ბგერები უნდა გმოხატონ. პირდაპირ გაუგებარი რჩება, რა საჭირო იყო რუსული ასოების შეცვლა და ახალი, ყველასათვის უცნობი ალფაბეტის შექმნა, მაშინ როდესაც არსებობს მეგრული კილოსათვის სრულიად შესაფერისი ქართული ალფაბეტი, რომელიც არავითარ შეცვლას არ მოითხოვდა. ეს, ასე ვთქვათ, კულტურის საერთო მოთხოვნების თვალსაზრისით, რომელიც, როგორც ცნობილია, არაფერს ხელოვნურს არ ითმენს. მაგრამ რუსული ენის სახელმძღვანელოში რუსული ალფაბეტის დამახინჯებას არსებითი ნაკლი აქვს პედაგოგიური მხრივაც, რადგან იგი მცირეწლოვან მოწაფეს ხელს შეუშლის კარგად დაიხსომოს ნამდვილი რუსული ალფაბეტი, რომელსაც ბავშვი თავის გონებაში აურევს დამახინჯებულ რუსულ ალფაბეტში. ამის გამო ბავშვი საბოლოოდ მხოლოდ დიდი წვალებით შეძლებს ორივე ალფაბეტის დამახსოვრებას და გარჩევას, ხოლო ზოგჯერ, შესაძლებელია, ეს ვერც მოახერხოს. ამრიგად, სხვადასხვა კილოსათვის ხელოვნურად შექმნილი ალფაბეტები საზიანოა (ხაზი ჩვენია) და ასეთ ცდაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიღოთ ხელი; ის კი, რაც ამ მიმართულებით უკვე გაკეთდა, უნდა მოისპოს” (см. “Новое обозрение”, от 25 сентября 1902 года).

მართლაც, რუსული ალფაბეტის დამახინჯება, მისთვის უცნაური კუდების მიმატება და მესამე დამახინჯებული ალფაბეტის შექმნა, რომელიც ვერც ქართულსა და ვერც რუსულ ალფაბეტს ვერ შეცვლის, საქმეში მხოლოდ სრულ არევ-დარევას შეიტანს და მეგრელთა შორის განათლების გავრცელებას დიდ დაბრკოლებას შეუქმნის.

IV

მაგრამ სამეგრელოს სკოლების ახლებური ორგანიზაცია განსაკუთრებით სავალალო გავლენას მოახდენს ხალხის სარწმუნოებაზე, რომელიც მრავალ არახელსაყრელი გარემოების გამო ისედაც ძლიერ შესუსტებულია. საღვთო სჯულის სწავლების განუვითრებელ მეგრულ კილოზე, რომლის საშუალებითაც მხოლოდ მატერიალური საგნებისა და მატერიალური ურთიერთობის გამოხატვა შეიძლება, სამეგრელოს ხალხი სარწმუნოების პროფანაციად, თავისი სარწმუნოებრივი გრძნობის შელახვად თვლის. იგი აღშფოთებულია და ისეთივე ენერგიულობით ებრძვის ამ მოვლენას, როგორი ენერგიითაც უარყოფდა ღვთისმსხურების შემოღებას მეგრულ კილოზე. სამეგრელოს სკოლებში საღვთო სჯულის რუსულ ენაზე გადმოცემა წარმოუდგენელია, რადგან თვით ამ ენის შესწავლა დიდ დროს მოითხოვს. ამრიგად, სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნა რელიგიის სავლებაზე უარის თქმას გამოიწვევს და ამ სკოლებს მართლაც გადააქცევს მატერიალისტებისათვის მოსაწონ ათეისტურ სკოლებად. საქმის ამგვარად დაყენება კი იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებოდეთ უმაღლესი მთავრობის მისწრაფებას ხალხში სარწმუნოებრივი გრძნობის გაძლიერეგბისადმი.

დაბოლოს, სამეგრელოს დაწყებითი სკოლის ახლებურად მოწყობა ხელს შეუშლიდა რუსული ენის სწავლებას არა მარტო ერთკლასიან, არამედ ორკლასიან სკოლებშიც. უკანაასკნელ დრომდე მეგრელები ისეთივე წარმატებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო ენას, როგორც დანარჩენი ქართველი ტომები, რასაც ნათლად ადასტურებს შემდეგი ამბავი. რმდენიმე ხნის წინათ საქართველოს ესტუმრა უწმინდეის სინოდის ობერ-პროკურორის ამხანაგი ბ. საბლერი. ამ საპატიო სტუმარმა სამეგრელოს მონასტრებისა და ეკლესიების რევიზიის დროს ინახულა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაც, სადაც სწავლება და ყველაფერი სწორედ ისეა მოწყობილი, როგორც ქუთაისის და თბილისის სხვა ქართულ სათავადაზნაურო სკოლებში. საპატიო სტუმარი თვალნათლივ დარწმუნდა პატარა მეგრელების მიერ რუსული ენის შესანიშნავ ცოდნაში და სკოლის ინსპექტორთან საუბარში სრული კმაყოფილება და გაკვირვებაც კი გამოთქვა იმის გამო, რომ ასეთ მივარდნილ კუთხეში და თანაც მეტისმეტად არახელსაყრელ პირობებში ასეთი სასიხარულო წარმატება იყო მოპოვებული რუსული ენის შეთვისებაში. ვ. კ. საბლერს ახლდა ერთი განათლებული მეგრელი, რომელმაც სთხოვა მას, რომ მხარი დაეჭირა სკოლის ახლანდელი ორგანიზაციისათვის, რომელიც ესოდენ მიზანშეწონილია და ასეთ სანუგეშო შედეგებს იძლევა. ეჭვს გარეშეა, რომ რუსული ენის შესწავლის საქმეში მოპოვებული ეს შედეგები ძალიან შემცირდება, თუ კი, ნაცვლად განვითარებული, კულტურული ქართული ენისა, რომელსაც მეგრელები ოდითვე თავის ძირითად მშობლიურ ენად თვლიდნენ და რომელიც შესანიშნავი მოსამზადებელი საშუალება მათი ბავშვების მიერ სახელმწიფო ენის გონივრულად, შეგნებულად შეთვისებისათვის, სამეგრელოს სკოლებში შემოღებულ იქნება ადგილობრივი, სრულიად განუვითარებელი, მეტად ღარიბი დიალექტი, რომელსაც თვით მეგრელები არასოდეს არ თვლიდნენ განათლების იარაღად.

V

სამეგრელოს სკოლებში საუკუნეების მანძილზე არსებული სწავლების წინანდელი სისტემის გაუქმება არათუ უსაფუძვლო, უსამართლო და საზიანოა, არამედ შეურაცხმყოფელიცაა ქართველი ხალხისათვის. კავკასიაში არ მოიპოვება არც ერთი ხალხი, რომელიც რამდენიმე კილოზე არ ლაპარაკობდეს. მიუხედავად ამისა, კავკასიის სასწავლო ოლქი ყველგან სწავლებას საერთო სახალხო ენაზე აწარმოებს. ჩრდილოელი ოსები ერთ კილოზე ლაპარაკობენ, სამხრეთელები – მეორეზე, დიდგორელები – მესამეზე; თბილისელ სომხებს ერთი კილო აქვთ, შუშელებს – მეორე, ერევნელებს – მესამე, ალექსანდრეპოლელ კი – მეოთხე. ლეკები ხუთ კილოზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოსეთისა და დაღესტნის სახალხო სკოლებში სერთო სახალხო ენაზე ასწავლიან, ხოლო სომეხ მოსახლეობას – სომხურ სალიტერატურო ენაზე. იმასვე ვხედავთ ამიერკავკასიის თათრებშიც, რომლებიც ურთიერთისაგან მკვეთრად განსხვავდებულ რამდენიმე ადგილობრივ კილოზე ლაპარაკობენ მიუხედავად ამის, მშობლიური და რუსული ენის სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა თათრული სკოლისათვის შედგენილია საერთო-სალიტერატურო – აზერბაიჯანულ ენაზე, და შედგენილია არა რომელიმე თათარი პატრიოტის, არამედ ნამდვილი რუსი პედაგოგის ჩერნიავსკის მიერ. ეს სახელმძღვანელოები არათუ მოწონებულია კავკასიის სასაწვლო ოლქის მიერ, არამედ მისი მატერიალური დახმარებით გამოიცა კიდეც. მაშ რატომ არის აუცილებელი, რომ ქართველი ტომი ამ მხრივ სამწუხარო გამონაკლისს შეადგენენ და, თავისი ნება-სურვილის წინააღმდეგ, განუვითარებელ პროვინციულ კილოზე და არა საერთო-სალიტერატურო ქართულ ენაზე სწავლობდნენ? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ტომები ნებაყოფლობით შEუერთდნენ რუსეთს და გულმოდგინედ უწყობდნენ ხელს მისი მფლობელობის განმტკიცებას კავკასიის ყელზე? ან კიდევ, იქნებ იმიტომ, რომ, როგორც ეს მოწყალებით არის ნათქვამი 1901 წლის უმაღლეს რესკრიპტში, რომელიც გამოიცა რუსთთან საქართველოს ნებაყოფლობით შეერთების ასი წლისთავის დღესასწაულობის გამო, “ქართველი ხალხი და განსაკუთრებით ქართველი თავადაზნაურობა ყოველთვის წარმოადგენენ რუსეთის მეფეებისა და თავისი ახალი სამშობლოსადმი ერთგულების მაგლითს?”

ქართველთა სისტემტური დენაციონალიზაციის პირდაპირ შედეგს უკვე მათი დემორალიზაცი, სრული სარწმუნოებრივი ინდიფერენტიზმი, ზნე-ჩვეულებათა ძლიერი დაცემა წარმოადგენს.

ამით ისარგებლეს კავკასიის სხვა ხალხებმა, რომლებმაც ამიერკავკასიის ნაციონალურ ძალთა ტანაფარდობა მკვეთრად შესცვალეს თავის სასარგებლოდ. რუსეთის ბატონობის ხანაში მაჰმადიანებმა მოახერხეს ინგილოების ანუ ზაქათალის ოლქი ქართველთა გამაჰმადიანება, ახალციხის მხარის ქართველი მოსახლეობის გათათრება იმდენად, რომ მათი რიცხვი ამჟამად ქართველების რიცხვის 500 ათასით აღემათება. სომხები თითქმის მთლიანად დაეუფლნენ სამხრეთ საქართველოს სამ მაზრას – ახალციხის, ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ანუ თბილისის გუბერნიის ყველა ქალაქში კომპაქტური უმრავლესობა შექმნეს. თუ XIX საუკუნის დასაწყისში სომეხთა რაოდენობა ოთხჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ქართველებისა, სამაგიეროდ ამჟამად ისინი თითქმის გაუთანასწორდნენ ქართველებს, ხოლო ვაჭრობას მთლიანად დაუეფლნენ. ასეთ ვითარებაშუ ხელსაყრელია თუ არა სახელმწიფო თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლება 200.000-ზე მეტი მეგრელის მოცილებით კიდევ უფრო შესუსტდეს ამიერკავკასიაში ქართველ მართლმორწმუნეთა ელემენტი?

ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ლიტერატურა საუკუნეთა მანძილზე ისე მჭიდროდ შეეზარდა მეგრელთა შეგნებას, ისეთი ღრმა ფესვები გაიდგა მასში დ ისეთ მტკიცე საფუძველს ეყრდნობა, რომ მატი განდევნის ცდა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგრელთა სიყვარულს ამ ძვირფასვი საერთო ქართული საუნჯისადმი, რასაც ასე ნათლად ვხედავთ უკანასკნელ ხანებში. მეორე მხრივ, სამეგრელოს სკოლეიდან ქართული ენისა და ალფაბეტის ძალდატანებით განდევნა ისეთივე დრტვინვას, უკმაყოფილებასა და გაბოროტებასაც კი გამოიწვევს მეგრელთა შორის, როგორიც ღვთისმსახურებიდან ქართული ენის განდევნის ცდამ გამოიწვია.

ამ მოსაზრების მთელი ძალის გასათვალისწინებლად საჭიროა ვიცოდეთ, რომ სამეგრელოს მფლობელი მთავრები, თავიანთი სეპარატული ხელისუფლების განსამტკიცებლად და საქართველოსადმი მეგრელთა ლტოლვის შესასუსტებლად, თუმცა ფრიად დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ დამწერლობის, ლიტერატურისა და ღვთისმსახურების საქმეში თავისი ქვეშევრდომები გამოეყოთ დანაერჩენ ქართველთაგან, მაგრამ ამ მიმარმთულებით ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერასოდეს ვერ ბედავდნენ, რადგან ასეთი ცდა მათ განუხორციელებლად, უიმედოდ და სახიფათოდაც კი მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ იგი მეგრელი ხალხის უეჭველ გაბოროტებასა და პროტესტს გამოიწვევდა.

ამრიგად, სამეგრელოს სკოლებში ახალი სასწავლო გეგმისა და ახლად შეთხზული, მახინჯი მეგრული ანბანის დაუყოვნებლივ გაუქმება და სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე და ქართული წიგნებით სწავლების მრავალსაუკუნოვანი სისტემისადმი დაბრუნება წარმოადგენს იმ ღონისძიებას, რომელსაც მოითხოვს არა მარტო მეგრელთა ტომის სიკეთე და მართლმადიდებელი ქართველი ხალხის სარგებლობა, არამედ პირდაპირი, ყველაზე არსებითი სახელმწიფო ინტერესებიც.

დაბოლოს, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ, რომ კავკასიის ადრინდელი მმართველები: ციციანოვი, ერმოლოვი, ვორონცოვი, ბარიატინსკი და განსაკუთრებით კი მისი იმპერატორობითი უმაღლესობა, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის-ძე, რომელთა მაღალი სახელმწიფოებრივი ნიჭი და გონება აღიარებულია ყველას მიერ, სავსებით ეწინააღმდეგებოდნენ ამ წვრილმანსა და მიზანშეუწონელ განზრახვას – მეგრული შტოს იზოლირებას ქართველი ხალხოსაგან, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი მართლმადიდებელი დიდი რუსი ხალხის ბედს.

ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენის მხარის ახლანდელი მმართველისთვისაც ასევე სრულიად უცხო ამგვარი მისწრაფება და ყოვლად უაზრო ეს ღონისძიება, რომლის მოწმენიც ჩვენა ვართ, აშკარაა, იმ ბეც პოლიტიკანთა უგუნური გულმოდგინების ნაყოფია, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, ამ დიდმნიშვნელოვან საკითხს კავკასიაში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის დაუკითხავდად სჭრიან… ეს პოლიტიკანები, რომლებიც ცდილობენ ქართველი მეგრელების გადაქცევას არაქართველებად, სრულ წინააღმდეგობაში იმყოფებიან ისეთი მგზნებარე რუსი პატრიოტისა და შესანიშნავი კავკასიისმცოდნის შეხედულებასთან, როგორიცაა ფადეევი, რომელიც ამბობს: “იმისათვის, რომ მტკიცედ მოიკიდო ფეხი საქართველოში, საჭიროა შეინარჩუნო იქ ქართველები როგორც ტომი და როგორც საზოგადოება… ქართველი რომ რუსეთის კარგი ქვეშევრდომი იყოს, ამისათვის საჭიროა, რომ იგი უპირველეს ყოვლისა კარგი ქართველი იყოს” (Собраниу сочинений Фадеева, том I, часть 2-я, стр. 157 и 162). . .

დაბოლოს, ყოველივე ზემოხსენებულს ჩვენ საჭიროდ ვთვლით დავუმატოთ ისიც, რომ ის, რაც მეგრელთა შტოს შესახებ ითქვა, სავსებით შეეხება ქართველი ხალხის მეორე შტოსაც – სვანებს, რომელთა არაქართველებად გადაქცევას ლამობენ იგივე გულმოდგინე, მაგრამ ხეპრე პოლიტიკანები, წინააღმდეგ ამ სიმპათიური მთიელი ქართველების სურვილისა, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან დღემდე მხოლოდ ქართული ენას და ქართველ ალფაბეტს ხმარობენ ეკლესიაშიც, სკოლაშიც და თავისი ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button