ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მეორ საგრამატიკო ბაასი

წავიკითხეთ ბატონის ნასიძის დარბაისლური და დალაგებული პასუხი!

რა გინდა სულო და გულო, რომ ამ პასუხში არ იყოს? გადაბრალება ჩვენთვის იმისთანა რამეებისა, რომელიც აზრადაც არ მოგვსლია, გადასხვაფერება ჩვენის სიტყვებისა და აზრებისა, ბანზედ სიტყვების სროლა, ჩინჩხვა-მინჩხვარის კრეფა, წვრილამანი ჭინჭყლი, ბზე და ღვარძლი, აი რითია მდიდარი ჩვენის ახალის გრამატიკოსის პოლემიკური წერილი. ბაასის საგანი მას უკან ჩამოუყენებია და ჩვენს კიცხვას და წყენას გამოსდგომია.

რად ჯავრობს და რად გვირისხდება ჩვენი მოკამათე? განა ჩვენ ურიგოდ ვახსენეთ იგი? სრულიადაც არა. ჩვენი წერილი, როგორც მკითხველს მოეხსენება, იყო ობიექტური, საგნობრივი და ბატონის ნასიძის პიროვნებას იოტის ოდენადაც არ შეეხებოდა. სწორედ გითხრათ, არც წადილი და არც განზრახვა გვქონდა შევხებოდით. “სცდება”, “დავიწყებია”, აი ორი უწყინარი და მართებული სიტყვა, რომელიც ჩვენ ვიხმარეთ და რომელიც ყოველთვის იხმარება თვით ფრიად დარბაისლურს ბაასშიაც. ან იქნებ ჩვენი შენიშვნა იყო ბატონის ნასიძის ინტერესისათვის მავნებელი? პირ-იქით, იგი იყო ძლიერ სასარგებლო, რადგანაც დროიანად აფრთხილებდა: თქვენი გრამატიკა ჯერად მკუახეა, შეცდოით არის სავსე, კარგად გადაასწორეთ, შეიმუშავეთ, თორემ საზოგადოებსი წინაშეც შერცხვებით და შრომაც და ხარჯიც ტყვილ-უბრალოდ ჩაგივლისო.

მაშ რად აპილპილებულა და რად გაბრაზებულა ჩვენზედ ბ-ნი ნასიძე? იმიტომ, რომ გამტყუნება ღირსეულად ვერ აუტანია.

როგორც მკითხველს მოეხსენება, ჩვენს საგრამატიკო შენიშვნაში არ ვეთანხმებით არა მარტო ნასიძეს, არამედ სხვებსაც, რომელნიც ჩვენში ცნობილნი არიან მართლა გრამატიკოსებად. ჩვენი ბედი, რომ ესენი სხვა ჯურის გვამნი არიან, თორემ, თუ ბ. ნასიძესებური აყალ-მაყალი აეტეხათ ჩვენთვის, თქვენს მტერს მიადგეს ის განსაცდელი, რაც ჩვენ თავზედ დაგვატყდებოდა. ჩვენ სწორედ იმ ჯოჯოხეთში ჩავვარდებოდით, რომელშიც იხრაკება ანჩხატელის პაატა, რომელსაც ოთხმა ა ტ ს ტ ა ვ ნ ო ი მაიორმა ლამის სული ამოართვას. მაგრამ, უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენ არც ამ პაატას მდგომარეობას შეუშინდებოდით. სრული სიმართლე და ჭეშმარიტება, ჩვენის ფიქრით, ჩვენს მხარეს არის, და ეს ისეთნი ძლიერნი და უტყუარნი მოკავშირენი არიან, რომ სრულიად პირნათლად გამოგვიყვანენ საზოგადოების წინაშე ყოველს შემთხვევაში.

მაშ ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმესა.

თავდაპირველად უნდა ვუთხრათ მკითხველსა, რომ პოლემიკურს გართობას ჩვენ მას ვერ აღვუთქვამთ. სპოლემიკო ჩვენ ბ-ნ ნასიძესთან არაფერი გვაქვს. ჩვენ გვსურს მხოლოდ საგანს მოვფინოთ ჯეროვანი ნათელი. ამიტომ ჩვენი იარაღი იქნება: საგრამატიკო ანალიზი, საბუთები, ანალოგია და შიგადა-შიგ ცოტაოდენი ირონია. მართალია, ეს უკანასკნელი ჩვენს მობაასეს ისე ძლიერა სწყინს, რომ უკბილო ოხუნჯობად მოლანდებია; მაგრამ რა ვქნათ, რომ ირონია ზედ-გამოჭრილია მისს უდღეურს აზრებზედ, მედიდურს კილოზედ და უნებლიედ აზავებს ჩვენს ბაასსა?

თავისი პასუხის დასაწყისში ბ. ნასიძე უპირველესად ყოვლისა გუნდრუკს უკმევს თავის-თავსა. საგრამატიკო წერილი შევთხუზე, გრამატიკაზედ კამათი ავტეხე და ძლიერ სასიქადულო, თავ-მოსაწონი საქმე ჩავიდინეო. ერთის სიტყვით, ძეგლს თხოულობს. არც ეხლა და არც შემდეგში ჩვენ ამ თავდაბალს სურვილზე არას ვიტყვით. და ბაასის გათავების შემდეგ კი თვითონ მკითხველს მივანდობთ წარმოსთქვას მედიატორული პასუხი კითხვაზედ: რა გვარის ძეგლის ღირსია ბ. ნასიძე?

ჩვენ როგორ-ღა გვეპყრობა? არა ინგლისურად, არამედ… მოხისურად.

როცა ჭკვიანს ინგლისელს უნდა ვისმეს გამოებაასოს და გაამტყუნოს, იგი ჯერედ თავის მოწინააღმდეგეს უქებს ჭკუას, ცოდნას, ლოგიკას, კეთილ-შობილებას და მერმე შეებრძოლება. იგი ჯერედ გაასუქებს თავის მოკამათეს და შემდეგ მის ჩატკბარუნებას იწყებს. ჭკვიანი ინგლისელი ამ შემთხვევაში ასე ფიქრობს: გავამტყუნებ ჩემს მოწინააღმდეგეს? ბევრს მოვიგებ, რადგან იტყვიან; ჭკვიანს, მცოდნე, ძალუანს კაცს მოერიაო. გამტყუნებული ვიქნები? ბევრს არას დავკარგავს, რადგანაც იფიქრებენ: ჩათლახს ხომ არავის დაუმარცხებია, ძლიერი და ღონიერი კაცისაგან იქმნა ძლეულიო.

ჩვენმა მოპირდაპირემ კი წერილის სათაურშივე დაგვაჭლევა ისე უწყალოდ, ისე შეუბრალებლად, რომ გადაგვაქცია ფარაონის მჭლე ძროხებზედ უარეს ჩონჩხად, და მერმე ჩვენით შექცევა ინება.

მესამე ნაბიჯზედ უფრო უარესი საქმე დამართა თავის თავსა. მას წარბ-შეუხრელად ცოცხალი ტყუილი გაშანშხლა და ამით ჩვენ იარაღი უფრო გაგვილესა. ჩვენს შენიშვნაში უარს ვყოფდით უგვანოდ და უაკნონოდ შედგნილს გრამატიკასა, ვამბობდით, რომ ამისთანა გარამატიკებმა ძლიერ დააბრკოლეს ენების შესწავლაში იმისთანა მაღალი ნიჭიერი კაციც კი, როგორც არის ვირხოვი, და დავასკვნით, რომ გრამატიკა მაშინ დაგვეხმარება ენის შესწავლაში, როდესაც იგი იქნება მარჯვედ შედგენილი და უტყუარს კანონებზედ დამყარებულიო. მკითხველს ეს კარგად ახსოვს. ჯერედ თვალწინ უძევს ის ნომრები “ივერიისა”, საცა იყო დაბეჭდილი ჩვენი წერილი, და ბატონი ნასიძე კი მას ეუბნება: გოგებაშვილმა უარჰყო სრულიად გრამატიკაო. კაცმა ჯერ სულ არ უნდა იკადროს ტყვილის თქმა და თუ ეშმაკმა აცდინა, პატარა გრძელი ფეხები მაინც უნდა გამოაბას. ბატ. ნასიძემ კი დაჰბადა სრულიად კუტი ტყუილი და ფეხების მაგივრად გამოაბა კუდი, რომელზედაც ყველა მკითხველი ფეხს ადვილად დაადგამს.

გადავიდეთ დაბრიყვებულს ბრუნვებზედ.

მთელს ქართველობას, ძველსა და ახალსა, ყველა გრამატიკოსებს, ერთს გარდა, სწამდათ და სწამთ მოქმედებითი ბრუნვა, როგორც თვითმყოფელი გრამატიკული მოვლენა. თუმცა ეს საყოველთაო აზრია, მაგრამ მისი უარ-ყოფა, როგორც ყოველი აზრისა, შესაძლებელია, რასაკვირველია. მხოლოდ ის უარ-ყოფა უნდა იყოს მტკიცე საფუძველზედ დამყარებული. იგი უნდა აშენებული იყოს უტყუარს საბუთების მთელს რაზმზედ. რა საბუთები მოჰყავს ბ-ნს ნასიძეს თავისი აზრის გასამართლებლად? პირველს წერილში არაფერი და მეორეში კი აი რა “ბრწყინვალე” სურათებს გვიშლის თვალწინ.

სახარებაში სიტვა “с учениками” გადმოთარგმნილიაო ქართულად “მოწაფითურთ”; იქვე სიტყვა “с светльниками” ითარგმნებაო “სანთლებითა”. საყოველთაო აზრით პირველს შემთხვევაში ნახმარია მოქმედებითი ბრუნვა თანდებულის დამატებით, მეორე შემთხვევაში უთანდებულოდ. ბ-ნს ნასაძეს კი ჰგონია, რომ ოირვე შემთხვევაში ნახმარია სახელობითი ბრუნვა თანდებულით “თურთ” იმ განსხვავებით, რომ პირველს სიტყვაში ეს თანდებული სრულიად არის დაცული და მეორეში კი ერთ ასოდ დალეულიო.

რაზედ ამყარებს თავის აზრს ჩვენი ახალი გრამატიკოსი? თუ პირველი სიტყვა “მოწაფითურთ” მოქმედებითი ბრუნვა არისო, მაშო ასო “თ”, ბრუნვის დაბოლოება, თანდებულის წინედ რა იქმნაო? რუსულში ერთი ფორმაა ნახმარი ამ ორივე შემთხვევაშიო და ქართულს ენაშიაც, უთუოდ ერთი და იგივე ფორმა უნდა იყოსო. აი ორად-ორი ჩხირი, რომელზედაც მას დაუმყარებია უარყოფა მოქმედებითის ბრუნვისა.

ჩვენ ამაზედ ვუპასუხებთ შემდეგსა. პირველად: თანდებული ხშირად ჰკვეცავს, ან ამოკლებს ბრუნვის დაბოლოებას: ხეზე, სახლში, ჩვენ შორის და სხვანი. ასახსნელს შემთხვევაში ეს შემოკლრება მით უმეტესად იყო საჭირო, რომ ორი თ-ს ერთად გამოთქმა ენას უტეხს კაცსა: კეთილ-ხმოვანებას გაუუქმებია უკანასკნელი ასო ბრუნვისა და ნაცვლად “მოწაფითურთ” ვამბობთ და ვსწერთ: მოწაფითურთ.

მეორედ: როდესაც რომელიმე ორ მარცვლოვანი თანდებული შემოკლდება, მას შერჩება მაინც-და-მაინც მთელი პირველი მარცვალი და არა მარტო პირველი ასო: ზედა-ზე, შიან-ში და სხვანი. ამიტომ თუ თ მოქმედებითს ბრუნვაში ნიშნავს “თურთ”, ჩვენ უთუოდ ასე ვიტყოდით და დავსწერდით: მოწაფითუ, ღვანითუ, ხოლერითუ და არა მოწაფით, ღვინით, ხოლერით.

მესამედ: მოწაფეების თან ყოფა და სანთლების თან ქონვა სხვა-და-სხვა მოვლენაა. პირველს შემთხვევაში სულიერნი არსებანი თვითონ, საკუთარის ძალით მისდევენ ქრისტესა, მეორე შემთხვევაში უსულო საგნები ხელით მიაქვთ სულიერ არსებათ. თუ რუსული ენა ვერ ჰხატავს ამ განსხვავებას და ორავე შემთხვევაში ჰხმარობს ერთსა და იმავე ფორმას, ეს შედეგია ენის კერძო ნაკლულევანებისა. ქართული ენა კი პირველის მოვლენის გამოსახვისათვის ხმარობს მოქმედებითს ბრუნვას თანდებულით “თურთ”, რომელიც ნიშნავს თ ა ნ ა ა რ ს ე ბ ა ს ს უ ლ ი ე რ თ ა და მეორე მოვლენას ხატავს მარტივის მოქმედებითი ბრუნვით, რომელიც აღნიშნავს თ ა ნ ქ ო ნ ვ ა ს უ ს უ ლ ო ს ა გ ნ ი ს ა ს ა. რუსული ალაბი ამ შემთხვევაში მოკლე მოდის. იმის მაგივრად, რომ ბ-ნ ნასიძემ იქით გადასდოს ეს შეუსაბამო ალაბი, აუღია მაკრატელი და ქართულის ენას ამოკლებს.

მეოთხედ: ასო თ რომ უდიდეს თანდებულს “თურთ”, მათი ხმარება ერთი მეორის ნაცვლად შეიძლებოდა. ბ-ნი ნასიძეც ამბობს, რომ შეიძლებაო; მაგრამ მაგალითები მაგივრად, რომელნიც მას გაამტყუნებდნენ, საბუთად მოჰყავს ფრაზა: “ეს ცხადია”. თუ ცხადია, აბა ვცადოთ და ფრაზა: “იესო მოვიდა მოწაფითურთ თვისით სანთლებით და ჩირაღდნებით” გადავაკეთოთ მისებურად. “იესო მოვიდა მოწაფით სანთლებითურთ და ჩირაღდნებითურთ”. გამოდის, რომ სანთლები და ჩირაღდნები იესო ქრისტეს მოსდევდნენ და მოწაფენი კი მაცხოვარს ხელში ეჭირა.

მეხუთედ: როგორც ეტყობა, ბ-ნი ნასიძე ფორმაში “სანთლებით” იმიტომ ჰხედავს თანდებულს, რომ რუსულს ენაში ეს აზრი გამოიხატება მოქმედებითი ბრუნვითი თანდებულის დამატებით; მაგრამ სჩანს მას დავიწყებია, რომ მრავალს შემთხვევაში ერთი და იგივე აზრი რუსულში თანდებულის დახმარებით იხატება, ჩვენში უთანდბულოდ და უკუღმაც. Я обратился к редактору – მე მიმვმართავ რედაქტორსა. Господу Богу помолимся – უფლისა მიმართ ვილოცოთ. Я смотрю на сестру – მე ვუცქერი დასა. Я разсердился на брата – მე გავუჯავრდი ძმასა, და სხვანი.

მეექვსედ: ფორმა “მოწაფე” არის სახელობითი ბრუნვა. თუ თანდებული “თურთ” ითხოვს ამ ბრუნვას, უთუოდ იქმნებოდა “მოწაფითურთ”. გარნა ძველნი და ახალნი ქარველნი ხმარობდნენ და ხმრობენ “მოწაფითურთ”, ესე იგი თანდებულის წინად სვამდნენ და ვსვამთ ნაცვლად ე ასოსი ი, რომელიც არის შემოკლებული დაბოლობა მოქმედებითის ბრუნვისა ით. ბ-ნი ნასიძე ამ შემთხვევაში კეთილ-ხმოვანებას ეჭიდება და უნდა თავი დააძვრინოს. მაგრამ აქ კეთილ-ხმოვანება ჭუჭრუტანის სამსახურსაც ვერ გაუწევს. კეთილ-ხმოვანება ეჩოთირება ერთისა და იმავე ასოს ხმარება რავდენჯერმე ერთსა და იმავე სიტყვაში. სიტყვა კი “მოწაფე” მარტო ბოლოში აქვს ასო ე. გარდა ამისა, ეს ასო ისევე ლაზათიანად ხმაურობს, როგორც მისი მეზობელი ი. მაშასადამე, თუ ასო ე საცილობელს ბრუნვაში არ არის, ეს იმიტომ, რომ სხვის სადგურში მას ხელი არა აქვს და არც არავინ შეუშვებს. მაგრამ განა მარტო ერთსა და ორს შემთხვევაში ებმის თანდებული “თურთ” არა სახელობითს ბრუნვას, არამედ მოთხრობითსა? ჩვენის ახალის გრამატიკოსის საუბედუროდ, ამ გვარს შეთანხმებას ადგილი აქვს ყველგან და ყოველთვის და ერთს შემთხვევასაც ვერავინ დაასახელებს, რომ ხსენებული თანდებული თხოულობდეს სახელობითს ბრუნვასა. დითურთ (და არა დათურთ), დედითურთ (და არა დედათურთ), ძმითურთ (და არა ძმათურთ), მზითურთ (და არა მზეთურთ), ჭილაძითურთ (და არა ჭილაძეთურთ), ნასიძითურთ (და არა ნასიძეთურთ). მხოლოდ სიტყვებში, რომელიც თავდება ასოთი ი, ეს შეთანხმება ცხადად არა სჩანს, რადგანაც ამ გვარს სიტყვებში სახელობითის ბრუნვის დაბოლოება და შემოკლებული ფლექსია მოქმედებითის ბრუნვისა ერთი და იგივეა და აი სწორედ აქ გახლავთ სათავე იმ შეცდომისა, რომელსაც ჩვენ ვამხელთ. მაგრამ ბედად, ამ გვარს სიტყვებში ურევიან იმისთანანი, რომელთაც მოქმედებითს ბრუნვაში ერთი ხმოვანი ასო გამოაკლდებათ ხოლმე. მაგალითად: მგელი – მგელით, მღვდელი – მღვდლით, დიაკვანი – დიაკვნით, მთავარი – მთავრით. ახლა ვიკითხოთ: როგორ ვამბობთ და ვსწერთ: მგელითურთ, მღვდლითურთ, მთავარითურთ, დიაკვანითურთ, თუ: მგლითურთ, მღვდლითურთ, მთავრითურთ, დიაკვნითურთ? რასაკვირველია, ყოველთვის ვხმარობთ უკანასკნელ ფორმასა, მაშასადამე “ცხადზე უცხადესია”, რომ თანდებული “თურთ” თხოულობს არა სახელობითს ბრუნვასა, არამედ მოქმედებითსა და მხოლოდ მას ეთანხმება.

ჩვენ შეგვეძლო ეს ჯაჭვი საბუთების კიდევ ბევრად გაგვეგრძელებინა; მაგრამ დავუმატებთ მხოლოდ ერთს მოსაზრებას, რომელსაც ძირითადი მნიშვნელობა აქვს. სრულიად ტყუილია, ყოვლად-უსაფუძვლო მოგონებაა, ვითომც ახლანდელი მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოება იყოს მარტო ასო “თ” (ეს ასო არის დაბოლოება მრავლობითის რიცხვისა) და არა მთელი მარცვლით ით, ხან თი. ეს შეცდომა საწარმოობს იქიდგან, რომ ასო ი ბევრს სიტყვებში არის დაბოლოება სახელობითის ბრუნვისაცა. მაგრამ აბა მივმართოთ იმ სახელებს, რომელიც თავდება ასოებით: ა, ე, ო, უ და დავინახავთ, რომ მოქმედებითს ბრუნვაში სიტყვის ძირებს ებმის მთელი მარცვალი ით და არა ასო “თ”. მამ-ით. მზ-ით, ოქრო-ით, ანუ ოქრო-თი, კუ-ით, ანუ კუ-თი, და სხვ. ეს მარცვალი რომ ერთი უხმო ასოდ შევამოკლოთ და სახელობითს ბრუნვას მივუმატოთ, მივიღებთ მრავლობითს რიცხვსა;ლ მამათ, მზეთ, ოქროთ, კუთ და სხვ. გამოდის, რომ თუ ასო “თ” შემოკლებულ თანდებულად ჩავთვალეთ, მოქმედებითი ბრუნვა შეურყეველი დარჩება, მაგრამ ოთხიოდე მრავლობითი ბრუნვა კი ჩაილულის წყალს დალევს და გარდაიქცევა მხოლობითის რიცხვის სახელობითს ბრუნვად თანდებულის დამატებით. აბა მაშინ მოხდება ჩვენს გრამატიკაში იმისთანა ანარგია, რომელიც თვით პარიჟელს კომუნისტებსაც კი სიზმრადაც არ მოსვლიათ. აი ამას ჰქვია შეცდომის მიყვანა ჰერკულესის სვეტებამდინ.

რათა არც ერთი მხარე საგნისა არ დარჩეს ნათEლ-მოუფენელი, საჭიროდ ვრაცხთ აღვნიშნოთ, რომ მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოება ზოგს შემთხვევაში სჩადის, თუმცა ვაინაჩრობით, თანდებულის “თურთ” მაგივრობასა: ივანე მოვიდა ცოლით (ნაცვლად ცოლითურთ). და აი, სწორედ ამ მოვლენას უნდა დაებადნა ის უცნაური შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვამტყუნებთ. მაგრამ ამ შეცდომის დამცველებს ყურადღბა მიუქცევიათ კერძო შემთხვევისათვის, რომელიც ძალდატანების წყალობით არიან ნაშობი და საზოგადო მოვლენა კი უყურადღებოდ დაუგდიათ. ამას გარდა დავიწყებიათ, ან ვერ შეუმჩნევიათ შემდეგი გარემოებანი: თანდებული “თურთ” ახალს ქართულს ენას ეჩოთირება და ამიტომ ყველა ცდილობს მის მაგივრად იხმაროს ფორმა, თუმცა განსხვავებული, გარნა მახლობელი, ადვილი და კეთილ-ხმიანი. მაგრამ რადგანაც ჩვენი ეს წადილი სრულდება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში და მაშინაც შეუსაბამობას ვგრძნობთ; ამიტომ ქართულს ენას გამოუფურჩვნია ახალი ფორმა: იგი მოვიდა დედიანად (ნაცვლად “დედითურთ”), გიორგი ამოწყდა ცოლშვიალანად (ნაცვლად “ცოლ-შვილითურთ”), გლეხი გადასახლდა დედა-ბუდიანად (ნაცვლად “დედა-ბუდითურთ”), და სხვანი.

თანდებული “თურთ” ვერა შემთხვევაში ვერ ეწევა მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოების მაგივრობას და ამითი ამტკიცებს, რომ უკანასკნელი მასზედ ბევრით ღონიერი და ძლიერია და არა მისი თანასწაორი.

თუნდაც რომ მოქმედებითს ბრუნვის დაბოლოებას ხან-და-ხან გაეწია სრული შესაბამობთ ხსენებულის თანდებულის ოდენობა, მაშინაც არავითარი საბუთი არ გვექნებოდა მათს იგივეობაზე ჩამოგვეგდო სიტყვა. სხვა თვით-მყოფელი ბრუნვებიც ხან-და-ხან იხდიან თავიანთ თანდებულების ვალსა და უფრო მომეტებულის შესაბამისობით; მაგრამ მათი გაერთიანება კი აზრადაც არავის არ მოსდის. მაგალითად: მე მივალ ტყეში, ბაღჩაში, ვენახში. აქ მიცემითი ბრუნვა ვერ მოიშორებს თანდებულს, მაგრამ სხვა მსგავსს შემთხვევაში კი ძალიან ადვილად იშორებს; ვამბობთ: მივალ კახეთს (ნაცვლად კახეთში), გორს, თელავს, იმერეთს და სხვანი. ბ-ნი ნასიძის ლოგიკას რომ გავყვეთ, უნდა ამ მოვლენის გამო შევუდგეთ დამტკიცებას, რომ მიცემითი ბრუნვის დაბოლოება “სა” არის შემოკლებული თანდებული “შინა” და გავაუქმოთ ეს ბრუნვაცა.

ბ-ნი ნასიძის ავლა-დიდება ამით როდი თავდება. შემდეგ მას მოჰყავს უფრო “ძალუანი” საბუთები. სახარებაშიო, ბრზანებს იგი, მოქმედებითი ბრუნვანი отцем და გადმოთარგმნილიაო ნათესაობითი ბრუნვით მამისათანა და ჩემ-მიერ. თუ ქართულ ენაზე მოქმედებითი ბრუნვა სადმე იყოო, რიღასათვის შეინახა მთარგმნელმაო. გახლდათ, როგორც არ გახლდათ; მაგრამ არ უხმარნია, რადგანაც ქართველს მთარგმნელებს მეხუთE საუკუნეში მოყვანილი ადვილი სხვა ნაირად გაუგიათ და რუსულს მთარგმნელს მეცხრე საუკუნეში კიდვ სხვა ნაირად. “მამისათანა ვცხოვრობ” ნიშნავს მამის გვერდით, მამის ახლოს ცხოვრებას; “მამით ვცხოვრობ” აღნიშნავს მამისაგან გამომავალის ძალით, ანუ წყალობით სიცოცხლესა. პირველი მნიშვნელობა მიუცია სახარების სიტყვებისათვის ქართულის მთარგმნელს, მეორე რუსულად მთარგმნელს. ამიტომ ერთს უხმარნია ნათესაობითი ბრუნვა (მამისათანა), მეორეს – მოქმედებითი ბრუნვა (отцем). აგრეთვე სხვა-და-სხვა მნიშვნელობა აქვს ფორმებსა: ჩემით და ჩემ-მიერ. როდესაც გვინდა რომელიმე არსება დავსახოთ ძალის თვით-მყოფელ წყაროდ, ჩვენ ვხმარობთ პირველს ფორმასა; მაგლითად: ღვთით არსებობს კაცი; თავისთვის ცხოვრობს კაცი. როცა კი რომელიმე არსება არის არა პირველი წყარო ძალისა, არამედ შუამავალი, უზენაესის ძალის გადმომცემი, მაშინ მივმართავთ მეორე ფორმასა. მაგალითად: “მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მ ი ე რ იქმნა”; მთავარმართებლის-მ ი ე რ გამოცხადდა ესა და ეს განკარგულება. რუსულის სახარების მთარგმნელს ზემო მაგალითში იესო ქრისტე დაუსახნია ძალის პირველ წყაროდ და უხმარნია მოქმედებითი ბრუნვა (мною), – ქართულის სახარების გადმომღებს კი – შუამავლად (სრული სიმართლით და საფუძვლიანობით) და ამიტომ უხმარნია ნათესაობითი ბრუნვა თანდებულის დამატებით (ჩემ-მიერ)… აბა აქ რა შუაშია მოქმედებითის ბრუნვის ან ყოფნა არ ყოფნა?

მთარგმნელებს რომ ერთნაირად გაეგოთ ხსენებული ადგილი, შეიძლებოდა სხვა-და-სხვა ბრუნვა ეხმართ. ხშირად, ძალიან ხშირად, ერთი და იგივე აზრი რუსულს ენაზედ იხატება ერთის ბრუნვით, ქართულზედ – მეორით. Помолимся Богу (детельн. падеж) – უფლის მიმართ ვილოცოთ (ნათესაობითი ბრუნვა). Смотрю на сестру (винительный падеж с предлогом) – ვუცქერი დას (მარტივი მიცემითი ბრუნვა). Не люблю матери (родительный падеж) – არ მიყვარს დედა (სახელობითი ბრუნვა). მოვედი ურმით (მოქმედებითი ბრუნვა) – приехал на арбе (предложный падеж) და სხვანი.

ჩვენ წინანდელს შენიშვნაში მხარი ავუქციეთ იმ აზრსა, ვითომც მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოება, გარდა თანდებულისა “თურთ”, ზოგჯერ იყოს შემოკლება ნათესაობითს ბრუნვის დაბოლოებისა “ისათანა”. გზა ავუქციეთ, უყურადღებოდ დავსტოვოთ იმიტომ, რომ ამ აზრის უსაფუძვლობა ყველასათვის ცხადია, და მის გაცურებას მოსამზადებელის კლასის მოწაფეც შეიძლებს, რადგანაც “ისათანა” ერთი სამად და ოთხად უფრო უმეტესს მანძილზედ სდგას მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოებაზედ, ვიდრე თანდებული “თურთ”. მაგრამ ბ-ნი ნასიძე (არ ვიცით, კი, განზრახ, თუ გაუგებრობის გამო) ამ გზის აქცევას აბრალებს იმას, ვითომ ჩვენ გაგვძნელებოდეს მისი გამტყუვნება. მაშ, თუ იგი ერთჯერლ კიდევ მეტად იქნას გამტყუნებული უსუსურს შეცდომაში, თავის თავს დააბრალოს.

რაზეა დამყარებული ხსენებული აზრი ჩვენის მობაასისა? მხოლოდ იმაზედ, რომ დაბოლოება “ისათანა” იპყრობს ასოს “თ”, სხვა საბუთი არა სჩანს-რა. მაგრამ ეს საბუთია? როგორ და რა გზით შვიდი ასო ისე დალია, რომ ერთს ასოდ გარდაიქცა? როგორ შემოკლდა ოთხი მარცვალი ისე, რომ ერთი მთელი მარცვალი აღარ შერჩა? აქვს ამისთანა უცნაურს დალეულობას მაგალითები? არა, სრულიად არა. მაშ რითი უნდა გამართლდეს იგი? ბ-ნ ნასიძეს გაუგონია, რომ ბუზი სპილოდ იქცევა ხოლმე არაკებში, და ცხადლივ მოუნდომებია უკუღმა მოქმედების ჩადენა – სპილოს გარდაქცევა ბუზად.

ეს უცნაური შემოკლება მით უფრო ჭკუაზედ შორს არის, რომ სხვა ბრუნვები კი იმშვნევენ დაბოლოების შემოკლებასა თანდებულთან შეერთების დროს და ნათესაობითი ბრუნვა კი ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს იცავს სრულს თავისს დაბოლოებასა: კალია-სავით, სიყვარულ-ისგან, კაც-ისამებრ, უფლ-ისათვის, რედაქტორ-ისადმი, ეპისკოპოზ-ის მიმართ, ანგელოზ-ისთანა. აქ მოყვანილნი არიან ნათესაობითის ბრუნვის ყველა თანდებულნი. აბა სცადეთ დაბოლოების შემოკლება და ნახავთ, რომ თვისება ბრუნვისა და დაბოლოებისა მას სრულად ვერ შეიმშვნევს. მაშასადამე, აზრი, ვითომც “ისათანა” იქცა ერთადერთ ასოდ “თ”, ისე დასაჯერბელია, როგორც მუხას ვაშლი ასხიაო…

მივმართოთ საცილობელის ფორმის შინარსსა. მოვედი ურმით. მოვედი ურმისთანა. ბ-ნი ნასიძე ბრძანებს, რომ აქ ერთი და იგივე აზრიაო და ამიტომ “ურმით” და “ურმისთანა” ერთ ბრუნვად უნდა ჩაითვალოსო. შემიბრალეთ, მკითხველო, რომ იძულებული ვარ ამისთანა პირ-ღია შეცდომა ვამხილო. პირველი ფორმა (ურმით) ნიშნავს, რომ ურემში ვიჯექი და ისე მოვდიოდი; მეორე (ურმისათანა) გვიჩვენებს, რომ მე ურემს ფეხ-და-ფეხ (ან ცხენით) მოვსდევდი. განა ბლომა განსხვავებაა?

უფრო მომეტებული სისუსტე და უცოდინარობა გამოიჩინა ბატონმა ნასიძემ თავის წერილის მეორე ნაწილში, სადაც იგი შეებრძოლა ჩვენს საბუთებსა, რომლითაც ჩვენ ვამტკიცებთ მოქმედებითის ბრუნვის არსებობას, თვით-მყოფელობასა.

პირველი ჩვენი საბუთი გამოცანითგან შესდგებოდა. მაგრამ ამ გამოცანას შეუშინებია და გაუქცუნებია ჩვენი მობაასე, უთუოდ იმიტომ, რომ შიგ ნახსენები იყო ხოლერა (ივანე მოკვდა ხოლერით). მაშ კარგი. ამ საშინელის სტუმრის მაგივრად ვიხმაროთ შინაური და ყველა ქართველისათვის საყვარელი საგანი – ღვინო. ბერუა დაითრო ღვინით. ამ მაგალითში ბერუას ღვინო ათრობს. აბა, ახლა ეს ფრაზა გადავაკეთოთ ისე, როგორც მოითხოვს ბატონი ნასიძის მოსაზრება. ბერუა დათვრა ღვინითურთ, ბერუა დათვრა ღვინისა თანა. პირველს ფრაზაში ბერუა და ღვინო ერთად, ძმურად ითრობიან, – რითი? უთუოდ უნდა გამოიცნოთ. მეორე ფრაზაში ბერუა დაუპატიჟნია ღვინოსა, გვერდით მოუსვამს და კარგა ლაზათიანად ჩაუბრუჟებია. რითი? კიდევ აუცილებელი გამოცანა. ერთს გამოცანას გაექცევით და ორი მოგადგათ კარზედ. მახეში ნებით გაბმა ბევრი მინახავს, მაგრამ ამისთანა ახირებული კი ჯერედ არა.

მეორე ჩვენი საბუთი იყო შემდეგი: მოქმედებითის ბრუნვის უკანასკნელი ასო (თ) რომ შემოკლებული თანდებული იყოს, ამ ასოს ბოლოზედ სხვა თანდბული ვეღარ მიებმებოდა; გარნა ამ ბრუნვას სხვა თანდებულნი ძალიან შნოიანად უკავშირდებიან; მაგალითად “გან”. “პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა”. რას ამბობს ამაზე ბატონი ნასიძე? ჯერედ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბრუნვაზედ მობმულს თანდებულს შეიძლება დაეკონწიალოს მეორე თანდებულიცაო. მას მოჰყავს სამი მაგალითი: “სახლშიდა”, “თქვენზედ წინ” და “თქვენისთანაზედ”. მისი აზრით, პირველს სიტყვაში “და” არის ცალკე თანდებული ში-ზედ მიბმული. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მკითხველებში ძნელად მოიპოვება იმისთანა მიუხდომელი, რომელსაც არ ესმოდეს, რომ პროვინციალური “შიდა” არის გადასხვაფერებული, დამახინჯებული “შინა” და არა ორ-კეცი თანდებული: მეორე მაგალითში სიტყვა “წინ” ბოლოზედ კი არ აბია წინასწარ თანდებულსა, ცალკე სიტყვა და ამას გარდა შეადგენს ამ შემთხევასა, ცალკე სიტყვაა და ამას გარდა შეადგნს ამ შემთხევაში ზმნისზედას და არა თანდებულსა. “იგი მოვიდა თქვენზედ ა დ რ ე, გ ვ ი ან, წ ი ნ ა დ”, ამ მაგალითში უკანასკნელ სამს სიტყვას, რომელიც არის აღმნიშვნელი დროსი და მიმგებელი კითხვაზედ – როდის? – ზმნისზედად აღიარებს ყოველი ცოტაოდნად შეგნებული მოწაფე პირველი კლასისა, და გვიკვირს, ახალმა ჩვენმა გრამატიკოსმა ეს როგორ არ იცის. მესამე სიტყვაში თანდებული “თანა” არის არა ბრუნვის დაბოლოება, არამედ ორგანიული, განუშორებელი ნაწილი რთული სიტყვისა “თქვენისთანა”, რომელიც სდგს დასაბამითს ფორმაზედ. ეს მაგალითი მაშინ იქნებოდა ჩვენი გამამტყუნებელი, რომ გვეთქვა: თუ რთული სიტყვის მეორე ნაწილი შესდგება თანდებულისაგან, მას ბრუნვის ბოლოზედ მეორე თანდებული ვეღარ დაჰყვებაო. გარნა ეს ყოვლად შეუსაბამო აზრი ჩვენ სიზმარშიაც არ მოგველანდებოდა, რადგანაც ბეჯითად ვიცით, რომ ქართულნი თანდბულნი ძალიან ხშირად შეუხორცდებიან სიტყვების ძირსა, გახდებიან მათი გაუყრელნი ნაწილნი, სრულიად დაჰკარგავენ თავის საკუთარს მნიშვნელობას და შეადგენენ რთულს სიტყვებსა: უკეთესთაგანი, ხელქვევითი, ცისქვეშეთი, ზმნისზედა და სხვანი. ყველა ამ შემთხვევაში შეხორცებულს თანდებულს ბოლოზედ ებმის დასაბამითი ფორმა და მთელი სიტყვა შეადგენს სახელობითს ბრუნვას. ეს სიტყვებიც იბრუნებ ისე, როგორც ყველა სხვა სახელი, და მათ ბოლოზედ დაჰყვებათ ყოველ-გვარი თანდებული. ერთი სიტყვით, ჩვენ ვამბობთ: რაკი ხარს კუდი აბია, ამ კუდზე მეორე კუდი ვეღარ მოებმის-თქო. ამაზე ბატონი ნასიძე ფრიად ზრდილობიანად გვეუბნება: სტყუი, სტყუიო, – ხარს თავზედ აბია ჯერ ტანი და მერმე ტანზედ კუდიო; მაშასადამე, კუდზედ კუდის მობმა ძალიან შესაძლებელი ყოფილაო, დიაღ, ძლიერ კვიმატი მოწინააღმდეგე შეგვხვდა ამ ჟამად.

ჩვენი მოპირდაპირე შემდეგ ამბობს, რომ “პირველიდგან”-არის არა მოქმედებითი ბრუნვაო, არამედ ნათესაობითი და წარმოსდგება ამ გვარადაო: პირველად, პირველადგან, პირველიდგან. აქაც ჩვენს მოპირდაპირეს დავთრები არევია და თვის-თავს თვითონვე აბამს მახეში… ცვლილებითის ბრუნვის ფორმა “პირველად” (რომელსაც იგი სრულიად უარ-ჰყოფს) მოსჩვენებია ნათესაობითის ბრუნვის ფორმად და ერთი მეორეში დომხალივით აურევია. საქმე უფრო კიდევ აუწეწნია თანდებულს “განა”. ბატონს ნასიძეს შეუმჩნევია, რომ ეს თანდებული ზოგჯერ მისდევს ნათესაობითს ბრუნვას და ჩაუთვლია მის ყურ-მოჭრილ ყმად, რომელსაც ვითომც არც ნება აქვს და არც შეიძლება სხვა რომელსამე ბრუნვას ეახლოს. მაგრამ ეს მარცვალი ისეთივე თავისუფალი მოსამსახურეა, – როგორც, მაგალითად: “ვითა”, რომელიც ხან ეახლება სახელობითს ბრუნვასა (ლომივით) და ხან მიცემითსა (კალიასავით), და ან როგორც “თანა”, რომელიც ხან ნათესაობითს ბრუნვას აეკვიატება (მამისათანა) და ხან მიცემითს ებმის (დედასთან). მსგავსად ამ თავის ორის ტოლ-ამხანაგისა, “გან” შეეთანხმება ხან ნათესაობითს ბრუნვას (ძმისაგან) და ხან მოქმედებითს (თბილისითგან). პირველს შემთხვევაში იგი უგებს კითხვაზედ: რისგან, მეორეში კი ეპასუხება კითხვას: საითგან. რუსულს ენაში ორსავე ამ კითხვაზედ (из чего и откуда) ეპასუხება ერთი და იგივე ნათესაობითი ბრუნვა, და სწორედ ეს გარემოება ჰრევს ბატონ ნასიძეს და სხვებსაც. მაგრამ კერძო ნაკლულევანება რუსულის ენისა საბუთს როდი გვაძლევს, რომ ესევე ნაკლულევანება ვაკისრებინოთ ქართულს ენასაც. რომ აქ ნამდვილი ნაკლულევანებაა, სჩანს ჯერ იქიდან, რომ из чего и откуда სხვა-და-სხვა კითხვები არიან და მაშასადამე სხვა რომ უცხო კულტურულს ენებზედაც თურმე ამ შემთხვევაში იხმარება არა ერთი და იგივე ბრუნვა, არამედ სხვა-და-სხვა.

ბატონი ნასიძის აზრი შესახებ მისა, თუ როგორ წარმოსდგა ფორმა “პირველიდგან”, ყოვლად შეუსაბამოა და ჰგავს იმასა, რომ არაგვს აშობინოთ ისპანიური მდინარე გვადალკვირი. მთელი ჩვენი ძველი ლიტერატურა ხმა-მაღლა ღაღადებს ჩვენის მოპირდაპირის წინააღმდეგ. სამაგიეროდ ყოველი გვერდი დაბადებისა, სახარებისა და საერო ლიტერატურისა ემოქმება ჩვენის მოსაზრების სიმართლესა. ძველი ქართველები არამც თუ ამ გვარს ფორმაში: პირველიდგან, იერუსალიმიდგან, აღმოსავლეთიდგან – არ ჰხმარობდნენ თ-ს მაგივრად დ-სა, არამედ უმეტესს ნაწილად მარტო მოქმედებითი ბრუნვით ხატავდნენ იმ აზრსა, რომლისათვის ეხლა ჩვენ ვხმარობთ ამ ბრუნვას თანდბულის “გან” დამატებით. ახალი ქართველები ვსწერთ და ვამბობთ: კაცი მოვიდა იერუსალიმიდგან, თბილისიდგან, გორიდგან, უწინ კი ხშირად ამბობდნენ და სწერდნენ: მოვიდა იერუსალიმით, თბილისით, გორით. ამავე ფორმას აქამდის ჰხმარობს ჩვენი მთის ხალხი. რადგანაც ამ გვარს ციტატებს აქვს დიდი მნიშვნელობა არა მარტო ამ კერძო კითხვის დასკვნისათვის, არამედ თვითონ მოქმედებითის ბრუნვის გამართლებისათვის, ამიტომ მოვიყვანთ ჩვენ რამოდენიმე ადგილს ჯერედ ახალის აღთქმის სხვა-და-სხვა ნაწილებიდგან: “აჰა მოგვნი აღმოსავალით (ნაცვლად აღმოსავლეთიდგან) მოვიდნენ იერუსალიმად” – “აღმოვიდა იოსებიცა ქალააქით ნაზარეთით (ნაცვლად ნაზარეთიდგან) ურიასტანად” – “იგი (პეტრე) უფალმან გამოიყვანა საპყრობილი” (ნაცვლად საპყრობილიდგან). – “ბარნაბა და სავლე მიიქცეს იერუსალიმით (ნაცვლად იერუსალიმიდგან) ანტიოხიად”, და სხვანი. მეთორმეტე საუკუნის ლიტერატურაც ამ ფორმას ხშირად ჰხმარობს: “მუცლითგან (და არა მუცლიდგან) რომელ რა გიშობია (“ვისრამიანი”, 11 გვერდი)”. – “აქა ხუზისტანით მოიყვანეს ვისი. – მას დღესა მოვიდეს მეფენი ერაყით, ჯორჯანით, გულანით. შეჭამადი სპარსეთის ხორასნით მოვა”, და სხვანი.

მკითხველსა ვთხოვთ ერთს წამს შესდგეს აქა და მოიყვანილს ფრაზებში მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოება შესცვალოს თანდებულზედ “თურთ” და “ისათანა”, თანახმად ბატონი ნასიძის თეორიისა. რა გამოვა? სასაცილოზედ უსასაცილოესი რამე. მაგალითად: მოგვებს თან მოჰყვება იესო ქრისტეს თაყვანის საცემლად მთელი აღმოსავლეთი მიწა-წყლით, მთა-ბარით, ქალაქ-სოფლებით და მცხოვრებლებით; საპყრობილიდგან გამოპარებულს პეტრეს უკან დაედევნება მთელი საპყრობილე საძირკველ ბინიანად, კედელ-ბუხრიანად და ტუსაღებიანად. აქ, ვგონებთ, შეცდომა ჰერეკლესის სვეტების იქითაც გარბის და საცაღა ოკეანის უფსკრულში იღუპება.

რაც შეეხება გამოკვლეულს ფორმაში დ ხმარებას თ მაგივრად (თბილისითგან, თბილისიდგან), ამ ახალის დროის ჩვეულებას ააქვს შესაწყნარებელი საბუთი კეთლ-ხმოვანების მხრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ამ გვარად ვამოკლებთ ბრუნვის დაბოლოებას: ტყიდან, ქალაქიდან, ვენახიდან. სრული ფორმის ხმარების დროს კი საჭიროა ფონეტიკას და მართლ წერას არ ვუღალატოთ, თორემ, სხვა არა იყოს-რა, შემდეგშიც არა ერთი ვაჟბატონი აირევა ბრუნვების გარჩევაში ისე უწყალოდ, როგორც ჩვენ თვალ-წინ დაიბნა ბატონი ნასიძე.

ჩვენს მეორე საბუთთან შეჭიდებაც ბატონი ნასიძისა გათავდა იმითი, რომ საბუთს ფეხიც ვერ უცვლია, – მაგრამ თვითონ კი მას უხეიროდ ქვეშ მოჰყვა, როგორც ეს ცხადად ვყავით ზეით.

მესამე ჩვენი საბუთი მდგომარეობდა იმაში, რომ, როდესაც სახელი-არსებითი და ზედშესრული ერთად შეთანხმებით იბრუნვიან, ყოვლად შეუძლებელია-მეთქი, რომ თანდებული დაჰყვეს ერთსაც და მეორესაცა: მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოება კი მთლად ებმოდა და ებმის, სახელი-არსებითის გარდა ზედშესრულსაც მაშინაც, ოდენ წინ უძღვის სახელი-არსებითისა და მაშინაც, როცა უკან მისდევს-თქო. ეს ჩვენი მოსაზრება ბ-ნმა ნასიძემ ჩასთვალა “დიდ შეცდომად” და დასამტკიცებლად წამოაყენა შემდეგი ფრაზა: კაცზედ პატიოსანზედ. ეს ერთად-ერთი მოსაზრებაა ჩვენი მოპირდაპირისა, რომელიც ერთი შეხედვით მარცვალსა ჰგავს იმ ბზის გროვაში, რომელსაც წარმოადგენს მისი წერილი: მაგრამ იგიც ფშუტი ჭვავის მარცვალი გამოდგება ეხლავე. დედა-ბოძი ჩვენი მოსაზრებისა გახლავთ ის მოვლენა, რომ ვერა თანდებული ვერ მიებმის ზედშესრულს, როდესაც იგი წინ უძღვის სახელი-არსებითისა. ბატონმა ნასიძემ შეხებაც ვერ გაბედა ამ დედაბოძისა. მან მოიწადინა დაემტკიცებინა, რომ მეორე შემთხვევაში, ესე იგი, როდესაც სახელი-არსებითი წინ უძღვის ზედშესრულსა, უკანასკნელსაც ებმის თანდებულიო. თუნდაც რომ გაემართლებინა მას ეს თავისი მოსაზრება, მაინც ჩვენი საბუთი, უძრავს დედა-ბოძზედ დამყარებული, ვერ შეირყევოდა. მაგრამ ვერ გაამართლა. მოყვანილი ფრაზა არის ძალდატანებითი ქართული. ამის უტყუარი საბუთი ის გახლავთ, რომ ამისთანა ძალდატანება იქნება ვაინაჩრობით მოითმინოს კიდევ ერთმა თანდებულმა “ში”; მაგრამ ყველა სხვა თანდებულნი კი ენერგიულად ეწინააღმდეგებიან ამ გვარს თავის ბუნების შეუსაბამო ხმარებასა. მაგალითად, ყოვლად შეუძლებელია ვსთქვათ: კაცისათვის პატიოსნისათვის, პატარითგან ქალაქითგან, ლომივით ძლიერივით, მეზობლისთან ახლოსათანა, რედაქტორისადმი ფიცხელისადმი, მწერლის მიერ უფხოს მიერ, და მებრივ. მოქმედებითის ბრუნვის სრული დაბოლოება კი მშვენივრად უხდებოდა და უხდება სახელი-არსებითსაც და ზედშესრულებულსაც, რა გვარს წყობაზედ გინდა იყვნენ დალაგებულნი: ძლიერითა კაცითა, კაცითა ძლიერითა, – უძლურითა გონებითა, გონებითა უძლურითა. ეს თვისება მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოებისა, რომელიც სდებს დიდს მანძილს მის და თანდებულთ შორის, უფრო კიდევ ბრწყინვალედ სჩანს იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებაში ერთად შეიყრებიან ხოლმე შეთანხმებულად: სახელი-არსებითი, ზედშესრული და ნაცვალსახელი, ან რიცხვითი სახელი. მოქმედებითი ბრუნვა ამ დროს სწორედ ფარშავანგებურად იშლიდა და იშლის თავის სრულს ფორმას. მაგალითების ძებნა შორს არ მოგვინდება. ავიღოთ ლოცვები და სახარება, რომელნიც არიან გადმოთარგმნილნი ძველის-ძველად, როდესაც ქართველებს უფრო ცხადად უნდა სცოდნოდათ მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოების ვითომ თანდებულობა და მორიდებოდნენ მის შეუსაბამოდ ხმარებასა. აი როგორ იწყება ლოცავ სინანულისა: “მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავალითა მოწყალებითა შენითა გამწმიდე მე”. უმთავრესი მცნება იესო ქრისტესი სახარებაში გამოიხატება ასე: “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა”. გარდაშალეთ შემდეგ ჩვენი მატიანენი და თითქმის ყოველს გვერდზედ შეხვდებით ამ გვარ გამოხატულებათა: მრავალითა სპითა თვისითა, ორითა მონითა თვისითა, და სხვანი.

მაშასადამე “ჭეშმარიტზედ უჭეშმარიტესია”, რომ რაც ჩვენს მწერლობას თავი შეუსწავლია, მთელი ქართველობა უცქეროდა და ხმარობდა მარცვალს ით, როგორც ბრუნვის წმინდა დაბოლოებასა, და სრულიად მოშორებული იყო იმ აზრსა, ვითომც იგი იყოს თანდებული.

ფრანგულის ენას მოქმედებითი ბრუნვა არა აქვსო, მაგრამ ამითი კი არა უფუჭდებათ-რა ფრანცუზებსაო… ჩვენ გვგონია, რომ უფუჭდებათ. მოქმედების გამოხატვა ბრუნვის მოქნილი და პატარა დაბოლოების შუამავლობით ბევრით უფრო ადვილია, ვიდრე თანდებულის ხმარებით, რომ ამ ბრუნვის ქონვა ნამდვილი ღირსებაა ენისა, სჩანს იმ ფაქტიდგან, რომ ლათინურს ენას, რომელზედაც ლაპარაკობდა უ ა მ ხ ნ ე ს ი და უ ნ ი ჭ ი ე რ ე ს ი ე რ ი და რომელიც ითვლება უ ს რ უ ლ ე ს ი ს აგებულების ენად, ჰქონდა ეს ბრუნვა.

როგორც ეტყობა ფრანგულის ენის მიხედვას დაუბადნია თავ-დაპირველად აზრი ქართულის მოქმედებითის ბრუნვის გაუქმებაზედ. შემდეგში რუსულს ენას კიდევ უფრო უარესად აურევია საქმე. თითქმის ყველა შეცდომა ბატონ ნასიძისა წარმოსდგება იქიდგან, რომ მას სათვალეებად გაუკეთებია რუსული ენის ფორმები და ისე დაუწყვია შინჯვა დედა-ენის აგებულებისა.. ასეთივე დაბნევა, ასეთივე მარცხი მოელის ყველას, ვინც ქართულის ენის შენობის შესწავლისათვის და გრამატიკის შედგენისათვის ქვა-კუთხედად არ დასდებს მის საგრამატიკო ანაილზს, კეთილ-სვინდისიერსა და მრავალ-მხროვანსა და დაიწყებს ნეკერაობასა უცხო ენების მიხედვით.

გავათავეთ სიტყვა მოქმედებითს ბრუნვაზედ.

ეხლა თვითონ მკითხველმა გაშინჯოს: გამტყუნდა, თუ არა ყველა საბუთები ბატონი ნასიძისა და ჩაიშალა თუ არა ყველა მისი მოსაზრებანი ისე, როგორც ქარის შებერვით იშლება ბავშვის ხუხულა? მეორეს მხრივ გამართლდა, თუ არა ჩვენგან წარმოდგენილი საბუთები და საგრამატიკო კანონები და დამკვიდრდა, თუ არა მტკიცე საფუძველზედ არსებობა და თვით-მყოფადობა მოქმედებითის ბრუნვისა?

დარჩა ყველასაგან უარყოფილი და გაბრიყვებული ცვლილებითი ბრუნვა. ჩვენ მას ერთხელ კიდევ გამოვესარჩლებით მით უმეტესი სიამოვნებით, რომ ერთობ მოგვწონს დაცვა ყოველის უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დაბრიყვებულისა. მაგრამ ჯერ სხვა რამეზე.

წინანდელი ჩვენი წერილი გათავებული და დაბეჭდილი იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ სრულიად მოკლე გზა იმ შეცდომის მხილებისათვის, რომელსაც ჩვენ ისე შორიდგან მოვუარეთ. ეს შორს მოვლა გახდა საჭირო იმის გამო, რომ ჩვენი ეჭვი ბოლომდინ არ მივიტანეთ, სათავე არ გავუშინჯეთ გასამტყუნებელს შეცდომას და შეურყეველ დოგმატად მივიღეთ ის აზრი, ყველა ჩვენი გრამატიკოსებისაგან აღიარებული, ვითომც ქართულს ენაზედ არსებობდეს თანდებული “თურთ”. გარნა ჩვენმა, უფრო ბეჯითმა საგრამატიკო ანალიზმა აშკარად აღმოაჩინა, რომ ამ თანდებულს ნამდვილად სხვა სახე აქვს, შესდგება არა ოთხის ასოსაგან, არამედ სამისაგანდა გამოიხატება ასე: ურთ. მას არ აბადია, აკლია თავში სწორედ ის ასო (თ), რომელიც აქამდის ისე უწყალოდ ფუტკნიდა, რევდა საქმესა და ყველა ჩვენი გრამატიკოსები ჩააგდო ფრიად შეუსაბამო შეცდომაში. ეს ჩვენი აზრი დამყარებულია შემდეგს საბუთზედ.

ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორ, რა სახით უკავშირდებიან თანდებულნი სხვა რიგის სიტყვებს ბ ო ლ ო შ ი და როგორ შეადგენენ მათთან შეერთებით რთულს სიტყვებსა. სწორედ ამ სახითვე მოხდება ხოლმე შეხორცება თანდებულისა სხვა სიტყვებთან თ ა ვ ი დ გ ა ნ, ასე, რომ პირველს ნახევარს სიტყვისას შეადგენს თანდებული; მაგალითად: ზედადგარი, მიმართულობა, თანაზიარი, ზეციერი, შინაური, გარეგანი, ქვეშ-ქვეშა, ზეზელა და სხვანი. ყველა თანდებული, მეტადრე თვალ-საჩინო, იღებს ამ გვარს მონაწილეობას რთულის სიტყვების შედგენაში. აღმოჩნდა, რომ საცილობელი თანდებულიც ასრულებს ამ ვალსა, მაგრამ არა როგორც “თურთ”, არამედ როგორც “ურთ”. შეერთებით რიცხვითს სახელთან “ერთი” იგი ჰბადავს რთულსა და ლაზათიანს სიტყვას: “ურთიერთი, ურთიერთობა”.

შეიძლება გვითხრან: პირველი ასო “თ” ამ სიტყვაში კეთილხმოვანებას გაუუქმებიაო. მაგრამ ეს სიტყვის შებრუნება იქნება სრულიად უსაფუძვლო. ყოველი თანდებული, სიტყვასთან თავიდგან შეერთების დროს, იცავს თავის სრულს სახესა და არც ერთს ასოსაც არა ჰკარგავს. გამოკლებას აქაც შეადგენს ზოგს შემთხვევაში მხოლოდ ორი თანდებული – ზედ და შინა; მაგრამ ესენიც ბოლოდგან შემოკლდებიან ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს და არა თავიდგან. ამიტომ აზრი, რომ არც ერთი თანდებული თავში არ იცვლება, უნდა შეირიცხოს კანონად, რომელსაც არც ერთი გამოკლება არა აქვს. მაშასადამე, თავში შემოკლება საკამათო თანდებულისა ყოვლად შეუძლებელი იყო; კეთილ-ხმოვანებას რომ აქ საბუთი და ძალა ჰქონოდა, ასოს “თ” გამოაკლებდა არა თავში, არამედ ბოლოში და მაშინ მივიღებდით: “თურიერთი” და არა “ურთიერთი”.

გამოდის, რომ თანდბულიანს მოქმედებითს ბრუნვაში ასო თ ეკუთვნის დაბოლოებას და არა თანდებულსა, როგორც ჰფიქრობდნენ აქამდის ყველა ჩვენი გრამატიკოსები, – და ამიტომ საგრამატიკო ანალიზმა ასე უნდა გაჰყოს იგინი ერთმანეთისაგან: დედით-ურთ, კაცით-ურთ, სიძით-ურთ, და არა უწინდებურად დედი-თურთ, კაცი-თურთ, სიძი-თურთ. აი ამ შეცდომამ დაბადა არა არსებული თანდებული “თურთ”, რომელსაც არავითარი ოქმი, არავითარი საბუთი არა აქვს თავისი არსებობის, თვით-მყოფელობის დასამტკიცებლად. იგი დღეის შემდეგ უნდა ჩაითვალოს ფიქციად, არაფრობად და თავისი ადგილი დაულოცოს ნამდვილს თანდებულს “ურთ”. ამასთან ერთად უნდა მოეღოს სამუდამოდ ბოლო იმ შემცდარს აზრსა, ვითომც მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოება იყოს შემოკლებული თანდებული. რაკი თვითონ თანდებულს თავში ჰკლებია ასო თ, რა ჯანაბიდგან უწილადებდა ამ ასოს ბრუნვის დაბოლოებას, რომელსაც თვითონ აქვს საკუთრად ეს ასო.

ამ სახით, ჩვენ წარვუდგინეთ მკითხველს ორი გზა შეცდომის გასამტყუნებლად: გრძელი და მოკლე. პირველს მოვანდომეთ ბევრი დრო, მაგრამ, სამაგიეროდ, გზაზე სიარულის დროს შევხვდით მრავალს საგრამატიკო მოვლენასა და შეძლების-დაგვარად მოვფინეთ მათ ნათელი. მეორე გზამ მოითხოვა ძალიან ცოტა დრო, ფრიად აადვილებს საკითხის გამოკვლევას და ჰფენს საგანს სრულს სინათლეს.

ყოველს შემთხვევაში, ორივე გზამ მიგვიყვანა, როგორც რომაელნი ამბობდნენ, რომში, ესე იგი ჭეშმარიტებასთანა. პირველი გზა წარმოგვიდგენს ნიმუშს, ესრედ წოდებულს, ალმაცერა დამტკიცებისას, და ამის გამო ჩვენ მას ხელი არ დავაფარეთ, თუმცა პირდაპირს უტყუარს დამტკიცებას უკვე მივაგენით.

გადვიდეთ ესრეთ-წოდბულს ცვლილებითს ბრუნვაზედ (კაცად). ეს უბედური ბრუნვა დავიწყებულია და უარ-ყოფილი თითქმის ყველა გრამატიკოსებისაგან, გარდა ერთისა, რომელმაც თუმცა აღიარა მისი არსებობა, მაგრამ არც ერთი ოქმი, არც ერთი ხელის ოდენა ბარათი არ დაანათლა არსებობის გასამართლებლად. და ამიტომაც მოხდა, რომ შემდეგმა გრამატიკოსებმაც ეს ბრუნვა სრულიად უყურადღებოდ დასტოვეს. უარ ჰყოფს მას ბ-ნი ნასიძეც და სთვლის ზმნისზედად.

ჩვენ პირველს საგრამატიკო საბაასოში მკითხველს წარვუდგინეთ რავდენიმე საბუთი ცვლილებითის ბრუნვის თვით მყოფელობის დასამტკიცებლად.

თავი საბუთი გალხდათ ის ფაქტი, რომ დაბოლოება “ად” ებმის ყოველს სახელი-არსებითს, ზედშესრულს, რიცხვითს სახელს და ნაცვალსახელსა და აძლევს მათ ყოველთვის განსაზღვრულ აზრსა. რადგანაც ეს თვისება არის მიუცილებელი კუთვნილება მხოლოდ ბრუნვის დაბოლოებისა, ამიტომ საცილობელი ფორმა უთუოდ უნდა ჩაითვალოს-თქო ცალკე ბრუნვად. რას ამბობს ამის წინააღმდეგ ბ-ნი ნასიძე? არაფერსა. მას ამ საბუთისათვის თავიც გაუშინჯნია, ბოლოც, გვერდებიც; მაგრამ ვერ უპოვნია პაწია ხელმოსაჭიდი როკიც კი და გზა აუქცევია. მაშ დავიხსომოთ, რომ დედაბოძი, რომელზედაც დავამყარეთ ცვლილებითი ბრუნვის არსებობა, ხელუხლებელი დარჩა.

მეორე საბუთად ის წამოვაყენეთ, რომ ზედშესრული, რიცხვითი სახელი და ნაცვალ-სახელი, დაკავშირებული სახელი-არსებითთან, რომელიც ბოლოვდება მარცვალზედ “ად”, ეთანხმება ამ უკანასკნელს სწორედ ისე, როგორც ყველა სხვა ბრუნვებსა; მაშასადამე, საცილობელი ფორმა ყოფილა წმინდა ბრუნვა-თქო. ამ საბუთისათვის რომ ძალა წაერთმია, ბ-ნ ნასიძეს უნდა დაენახვებინა ჩვენთვის, რომ ამისთანავე ბრუნვებრივი შეთანხმება სახელების შეიძლება წ მ ი ნ დ ა ზმნისზედასთანაც. მაგრამ ამისი დანახვება ისევე არ შეიძლება, როგორც მოსიარულე ხის ჩვენება. ეს კარგად უგრძვნია ჩვენს მოკამათეს, გასავალი ვერსად უპოვნია და ისე დაბნეულა, რომ თავის თავი საკუთარი ხელითვე დაუჭერია შეცდომაში. “ტყუილად ჰგონია ბ-ნს გოგებაშვილს”, ამბობს იგი, “რომ მარტო საცილობელს ფორმას მიეთვისება განმარტებითი სახელი. ყოველი ზმნისზედა, რომელიც შესდგა ან დაიბადა ერთ-ერთს ბრუნვისაგან, მიიკედლებს განმარტებითს სიტყვასა”. კაცმა რომ ინატროს მოპირდაპირე, სწორედ ბ-ნი ნასიძის მზგავსი. უნდოდა დაემტკიცებინა, რომ საცილობელი ფორმა ზმნისზედაა და არა ბრუნვაო და რა ჰქმნა? აღიარა სრულიად წინააღმდეგი, სახელდობრ ისა, რომ ზმნისზედა, დაბოლოებული მარცვლით ად, იმიტომ ეთანხმება ზედშესრულებულსაო, რომ ბრუნვიდგან წარმოსდგებაო. ამით მან საცილობელი ფორმა დასახა არა უბრალო ბრუნვად, არამედ დედა-ბრუნვად, რომელიც ზმნისზედასაც ჰბადავს… ჩვენც სწორედ ამას ვამბობდით. ცვლილებითი ბრუნვა, გარდა თავის პირ-და-პირი მოვალეობისა, ხან-და-ხან ასრულებს ზმნისზედის სამსახურსაცაო; მაგრამ არა დაბოლოების “ად” წყალობით, არამედ იმიტომ, რომ წინადადებაში ზოგჯერ აღნიშნავს გარემოებასა-მეთქი (შევწვი ხელად, მიღირს მარჯვენა ხელად). ამ ჩვენს აზრს ჩვენმა მოკამათემ კვერი დაუკრა და ჰგონია კი, რომ გაგვამტყუნა.

მესამე ჩვენი საბუთი ლოგიკურს გარჩევაზედ იყო დაფუძნებული. ჩვენ ვამბობდით, რომ საცილობელი ფორმა წინადადებაში ასრულებს იმისთანა მაღალს სამსახურს, როგორც შ ე მ ა ვ ს ე ბ ლ ო ბ ა, რომელიც შეუძლიან მხოლოდ ბრუნვასა-თქო. ზმნისზედა კი არის აღმნისვნელი მხოლოდ გარემოებისა და ამიტომ მისი გამოტოვება წინადადებიდგან ადვილად შეიძლება-მეთქი. ბატონმა ნასიძმე მოიწადინა დაემტკიცებინა, რომ ზმნისზედას შეუძლიან გასწიოს წინადადებაში იმისთანა მაღალი სამსახური, რომელსაც კისრულობს საცილობელი ფორმა, და მაგალითად მან მოიყვანა ფრაზა: ორჯერ ორი არის ოთხი. მისი აზრით, ზმნის-ზედა “ორჯელ” ამ წინადადებაში ისეთი საჭირო წევრია, რომ უიმისოდ სრული უაზრობა გამოვა. მაგრამ აქაც შემცდარია ჩვენი მოკამათე. პირველი სიტყვა რომ გამოვსტოვოთ მოყვანილი წინადადებითგან, მას მაინც შერჩება გრამატიკული აზრი. ეს იქიდანაც სჩანს, რომ გარემოებითი სიტყვა “ორჯელ” ადვილად შეიძლება გარდავაქციოთ დასართავ წინადადებად და ასე გავავრცელოთ მოყვანილი ფრაზა: ორი, გამეორებული ორჯელ, არის ოთხი. როგორც ჰხედავთ, დანარჩენი სამი სიტყვა უზმნისზედოდ შეადგენს მთავარს წინადადებასა და გრამატიკის მხრივ მას უდღეურობას ვერ შევსწამებთ. შინაარსი იცვლება აქ არა გრამატიკებრივად, არამედ მათემატიკებრივად და ეს წარმოსგება დასკვნილი ამოცანის განსაკუთრებულის თვისებისაგან, და არა იქიდგან, რომ თვითონ ზმნისზედას ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ მართალს ვამბობთ და ზმინისზედას “ორჯელ” შეუძლიან მხოლოდ დაბალი სამსახური გასწიოს წინადადებაში, სჩანს იქიდგან, რომ ყოველს სხვა შემთხვევაში, გარდა ხსენებული მათემატიკური ამოცანისა, მისი გამოტოვება წინადადებითგან, აზრის აურევლად, ძლიერ ადვილია: მე შენთან ვიყავი დღეს ორჯელ; ჩემი მეზობელი ომში ორჯელ დაჭრეს; ორჯელ შობილი ერთხელ კვდება, და სხვანი-და-სხვანი.

თუმცა რომ ამ ერთად-ერთს ზმნისზედას ზემოთ ხსნებულს მაგალითში ჰქონდეს ჩვეულებრივზედ მომეტებული მნიშვნელობა, მაინც ეს შემთხვევა ჩვენგან დადგენილს კანონს ვერას დააკლებდა, რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ როგორც დიდ ჯალაბობას თითო მახინჯი არ დაელევა, ისე გრამატიკაშიაც მოიპოვებიან მოვლენანი, რომელნიც გამოკლებას შეადგენენ კანონისაგან.

მეორე მაგალითი ბატონ ნასიძესა: “ანგელოსებრი ხმა აქვს ამ ქალსა” – დამპალ ზღმარტლად არა ღირს; ჯერ იმიტომ, რომ პირველი სიტყვა არის არა ზმნისზედა, არამედ განზრახ დამახინჯებული ზედშესრული “ანგელოზებრივი”, და მერმე იმიტომ, რომ, თუნდაც ზმნისზედა ყოფილიყო, ვერას დაამტკიცებდა, რადგანაც ისეთი დაბალი მნიშვნელობა აქვს წინადადებაში, რომ უიმისოდაც წინადადებას სრული აზრი რჩდება: ამ ქალს ხმა აქვს.

მესამე მაგალითით ბატონი ნასიძე უნებლიეთ გვემოწმება ჩვენ და უნებლიედვე ამტყუნებს თავის თავსა. მას მოჰყავს ტყუილით სავსე ფრაზა: “წყლად” არის ზმნის-ზედა”. აქ უნებლიედ გვაგონდება ქართული ანდაზა: “ურია, ღმერთს ნუ ჰფიცავო, და არა, ღმერთმანიო”. პიველს სიტყვას, უტყუარს ცვლილებითს ბრუნვას, იგი სთვლის ქვემდებარედ და რას ამტკიცებს ამით? რომ საცილობელს ფორმასა და ნამდვილს ზმნისზედას შორის დიდი მანძილია და პირველი არ შეიძლება არ ჩაითვალოს ბრუნვად, რადგანაც მეორეს არამც თუ ქვემდებარეობა არ შეუძლიან, პირდაპირის შემავსებელის სამსახურსაც ვერა სწვს. – ეს ბრწყინვალედ დაამტკიცა ბატონმა ნასიძემ იმითი, რომ, თუმცა ბევრი ეცადა, ვერც ერთი ნამდვილი მაგალითით ვერ გაამართლა ის თავისი აზრი, ვითომც ზმნისზედას შეეძლოს იმისთანავე მაღალის სამსახურის გაწევა, როგორსაც ეწევა საცილობელი ბრუნვა. მაშასადამე, ამ შემთხვევაშიაც ჩვენ კვერი დაგვიკრა და თავისი აზრი თვითონვე გააბათილა.

რავდენადაც ბატონი ნასიძისათვის ძნელი და შეუძლებელი შეიქმნა მოყვანა იმისთანა მაგალითებისა, სადაც ზმნისზედა გარემოების გარდა რასმე სხვას ჰხატავდეს, იმდენად ადვილია ჩვენთვის მოყვანა აუარებელი ფრაზებისა, სადაც საცილობელი ფორმა ასრულებს მაღალს სამსახურსა და შეადგენს ფრიად საჭირო წევრს წინადადებისას. ბაირონი მიმაჩნია დიდებულ პოეტად, – თოვლი იქცა წყლად, – ეს ნივთი მომხვდება ნათესავად, – მეზობელი აღმიჩნდა მტრად, – ხოდაბუნი დამიჯდა დიდ-ძალ ფულად, – მგელი დავსახე ძაღლად, – ეს ადგილი მინდა ბაღად და სხვანი. ყველა აქ მოყვანილს მაგალითებში საცილობელი ფორმა უფრო ძლიერი ფაქტორია, ვიდრე ზმნისზედა, შეადგენს საჭირო – შემავსებელს – წევრსა და იმავე ძალას იჩენს, რასაც სხვა ბრუნვები.

ბატონი ნასიძე უფრო კიდევ უარეს რამეში შეიქმნა დამნაშავე. მან არ დაითაკილა ჩვენი სიტყვების გადასხვაფერება, ტყუილად გადაბრალება ჩვენთვის იმისთანა აზრებისა, რომელიც სიზმრადაც არ მოგვჩვენებია. როცა ჩვენ საცილობელს ფორმას დავარქვით ცვლილებითი ბრუნვა, დავსძინეთ, რომ ეს სახელი უნდა შესაბამად ჩაითვალოს, რადგანაც ეს ბრუნვა, უმეტესს ნაწილად საგანთა ცვლილებას ნიშნავს-მეთქი. სიტყვები “უმეტეს ნაწილად” კურსივით იყო დაბეჭდილი. ბატონი ნასიძე კი მკითხველებს არწმუნებს, ვითომც ჩვენ გვეთქვას: ეს ახალი ბრუნვა ყოველთვის ცვლილებას მოასწავებსო, და ვითომ ჩვენ გასამტყუნებლად მოჰყავს იმისთანა შემთხვევანი, როდესაც იგი ცვლილებას არა ნიშნავს. მეორე ადგილას ჩვენა ვსთქვით: “მოქმედება არის ძირითადი თვისება კაცის არსებობისა”. აქაც მოქმედება გადუკეთEბია მოქმედებითს ბრუნვად და მტკნარი უაზრობა გადუბრალებია ჩვენთვის, ამისთანა საქციელს ძლიერ ცუდი სახელი ჰქვიან და ბატონ ნასიძეს ვურჩევთ აღარა დროს აღარ იკადროს ეს ფრიად სათაკილო ოინი.

ჩვენ გზას ავუქცევთ რაღაც ქართულ ზმნებსა, ჩვენი მობაასისაგან გამოგონილსა, რადგანაც უიმისოდაც სასაცილო რამეები საკმარისად შეგვხვდა, და ზემოთ მოყვანილს საბუთებს, რომელთაც ფეხიც ვერ უცვალა ბატონმა ნასიძემ, დაუმატებთ სამიოდე ახალს მოსაზრებასა.

სახარების აქა-იქ ხელ-ახლად გადაფურცვლამ დაგვარწმუნა, რომ ძველი ქართველები განმავითარებელს სიტყვას საცილობელი ფორმისას უთანხმებდნენ განსავითარებელსა და დაბოლოებას ‘”ად” აბამდნენ ერთსაც და მეორესაც. მაგალითად, ჩვენ ეხლა ვამბობთ: ოთხ ნაწილად გავყავი, უწინ კი ამბობდნენ: ოთხად ნაწილად: “და, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად”. (სახარება იოვანესი, თავი 19, მუხლი 13). ეს გარემოება მეტად აძლიერებს ჩვენს მეორე საბუთსა ცვლილებითის ბრუნვის დაცვისათვის.

უწინდელს დროში ამ ცვლილებითს ბრუნვას უფრო ფართო სამფლობელო ჰქონია. გარდა პირდაპირი თავის დანიშნულებისა, მას უსრულებია კიდევ ერთი ფუნქცია, ერთი მოვალეობა მიცემითის ბრუნვისა. ეხლა, როდესაც ჩვენა გვსურს გამოვხატოთ მიმართულება მომქმედი პირისა რომელისამე ადგილისაკენ, ვხმარობთ მიცემითს ბრუნვასა და ვამბობთ: ივანე მიდის თელავს (ან თელავში), გორს, ქუთაისს; უწინ კი ამ შემთხვევაში ხმარობდნენ ცვლილებითს ბრუნვას და ამბობდნენ: ივანე მიდის თელავად, გორად, ქუთაისად. “აღვიდა იოსებიცა უ რ ი ა ს ტ ა ნ ა დ, ქალაქად დავითისა”. “და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი (იესო) უ დ ა ბ ნ ო დ”. “და აღსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქ ა ლ ა ქ ა დ იუდასსა”, და სხვანი. ფორმა “ქალაქს” არის ბრუნვა, ძველი მისი სრული სადარი არის “ქალაქად”. მაშასადამე, ესეც ბრუნვად უნდა ჩაითვალოს, თუ სადმე სიმართლე და ლოგიკა არსებობს.

მაგრამ ყველა ამაზედ უტყუარი და ბრწყინვალე საბუთი ცვლილებითის ბრუნვის არსებობისა გახლავთ ის ფაქტი, რომ მას, სხვა ბრუნვებისავით, ახლავს თავის საკუთარი თანდებული, რომელიც მას ემსახურება და შველის, როცა ბრუნვას უჭირდება მარტო საკუთარი დაბოლოებით გამოხატოს აზრი. ეს თანდებული გახლავთ “მდე” ანუ ეხლანდელი მდინ, მდის. იგი ებმის ყოველს სახელსა, რომელიც-კი ბოლოვდება მარცვლით “ად” და აძლევს განსაკუთრებულს მნიშვნელობას: ქალაქამდინ, გორამდინ, თელავამდინ, იმერეთამდინ, გურიამდინ. ამ მაგალითებში უკანასკნელი ასო ბრუნვისა თანდებულის წინ “დ” კეთილ-ხმოვანებას გამოუკლია. და ეს გარემოება აძნელებდა და აძნელებს ამ ფორმის გამოცნობას. მაგრამ უწინდელი ქართველები, რომელნიც კეთილ-ხმოვანებას სასტიკად უმორჩილებდნენ კანონიერებასა, ამ ბრუნვის დაბოლოებას სრულად იცავდნენ თანდებულთან შეერთების დროსა და ამბობდნენ: იერუსალიმად-მდე, ნაზარეთად-მდე, ათინად-მე, თბილისად-მდე, უკუნისად-მდე, კახეთად-მდე, გურიად-მდე, აფხაზეთად-მდე და სხვანი. გადაათვალიერეთ “დაბადება”, ძველი მწერლობა და ყველა ფურცელზედ შეხვდებით ამ ფორმას, სრულად დაცულსა. ამასთან შესანიშნავია, რომ როდესაც სახელი-არსებითს, თანდებულთან ცვლილებითს ბრუნვაზედ დაყენებულს, ახლდა რომელიმე განმავითარებელი სახელი, ამ უკანასკნელსაც ებმოდა სრული ბრუნვის დაბოლოება შეუმოკლებლად “და საფლავი მისი არს ჩვენ შორის, ვიდრე მოდღეინდელად დღედ-მდე” (საქმე მოციქულთა, თავი მეორე, მუხლი 29).

თუ ჩვენგან ნათქვამს უწინ და ეხლა საცილობელის ფორმის შესახებ მკითხველი ერთად მოუყრის თავს, ცხადად დაინახავს, რომ ამ ფორმას აქვს ყოველი ოქმი, ყოველი საბუთი ნამდვილ ბრუნვად აღიარებისათვის და მის ამ გვარის არსებობის უარ ყოფა ყოვლად შეუძლებელია მისთვის, ვინც კი ორივე თვალს ძალად არ დაიხუჭავს და განზრახ არ დაბრმავდება, რათა სინათლე არ დაინახოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ ყოველი გონიერი ქართველი, ყოველი შეგნებული მასწავლებელი აღიარებს, ირწმენს არა ათს ბრუნვას ბროსესავით, არა რვასა ანტონი კათალიკოსის, მისი მიმდევრების და პროფესორის ჩუბინაშვილისავით, არა ექვსსა პლატონ იოსელიანივით, არა ოთხსა ბატონის დიმიტრის ივანეს-ძე ყიფიანისავით და არც ხუთსა ბ-ნ ნასიძესავით, არამედ შვიდსა, თანახმად ჩვენის საბუთებისა და მოსაზრბისა: ადამიანი, ადამიანისა, ადამიანსა, ადამიანმა, ადამიანით, ადამიანად, ადამიანო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button