ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ორ სიტყვაში ოთხიოდე უცნაურობა

ბ-ნმა კ– ძემ ამ დღეებში დაბეჭდა “დროებაში” პატარა წერილი ამ სათაურად: ორიოდე სიტყვა სახელმძღვანელოებზე. ამ ორ სიტყვაში ოთხიოდე უცნაურობას იპოვნით. უპირველესად ყოვლისა, იგი სჩივის ქართულის ენის სახელმძღვნელოების უქონლობაზე და იხსენიებს მხოლოდ “დედა-ენას” და “ბუნების კარსა”. მაგრამ განა ამ ორი წიგნის მეტი არაფერი მოგვეპოვება? რად ივიწყებს “გუთანს”, “ქართველ მწერლებს” ბ-ნი გომელაურისას, “წყაროს” ბ-ნი ქუთათელაძისას, “ქრესტომატიას” ეპისკოპოზის კირიონისას და ბ-ნი ყიფშიძისას. ყველა ამ სახელმძღვანელოს თავთავისი ღირსება აქვს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, და არას გზით მათი დავიწყება არ შეიძლება. იქნება ავტორს ჰგონია, რომ ეს წიგნები მხოლოდ თაროებს ამშვენებენ და მკვდარს კაპიტალს, თანხას წაროადგენენ? სრულიადაც არა. “გუთანი” ერთის წლის წინად დაიბეჭდა, რიცხვით ოთხი ათასი და, როგორც ისმის, დღემდის ნახევარზე მეტია გაყიდული და მზადდება ახალი გამოცემა. ბ-ნი გომელაურის ქრესტომატია დაიბეჭდა პირველ გამოცემით შარშანწინ ათას ხუთასი ცალი და ერთის წლის განმავლობაში გასაღდა, მეორედ დაიბეჭდა შარშან სამი ათასი და დღეს ცოტაღა დარჩომილა. ქრესტომატიაც ეპისკოპოზი კირიონისა და ყიფშიძისა აგრეთვე მეორედ დაიბეჭდა ამას წინ. ამათზე ბევრად უხუცესი “წყარო” მეოთხედ დაიბეჭდა შარშან რიცხვით ათას ორასი, და დღიდან თავის დაბადებისა გასაღდა ექვს ათასზე მეტი.

“ბუნების კარი” ბოლოს წლებამდე მოწყენით გახლდათ, რადგანაც მარტოობას გრძნობდა, ახლა კი ამხანაგები გაუჩდნენ და მოილხინა. მოილხინა გულწრფელად, რადგანაც კონკურენციამ კი არ შეამცირა მისი გასავალი, გააძლიერა. წინა წელიწადებში გადიოდა 4000-5000 ცალი, უკანასკნელ წელიწადში გაიყიდა ათასით მეტი, ესე იგი ექვსი ათასი.

სჩანს უკანასკნელ წლებში ქართულის წიგნის მოთხოვნილებამ იმატა, წინააღმდეგ ბევრგვარი დაბრკოლებისა და უკუღმართობისა. იმედია, რომ შემდეგში უფრო კიდევ იმატებს.

მართალია, უფროსი კლასებისათვის გვაქვს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართველი ავტორები ცალკე გამოცემანი, მაგრამ თუ ამ კლასებში ქართულ ენას ფეხი მტკიცედ მოვადიდვინეთ, განსაკუთრებულის სახელმძღვანელოების შედგენას და გამოცემას მალე მოვესწრებით.

ამ ფეხის მოკიდებისათვის და ჩვენი სამოსწავლო ლიტერატურის აღორძინებისათვის საჭიროა გონივრული და მხნე მოქმედება ჩვენის ინტელიგენციისა. მან უნდა განდევნოს თავისი წრიდან ყოველი შური, პირადობა და საქმის სიკეთეს გულწრფელად ემსახუროს. ვინც ამ სიკეთეს ემსახურება, მას კი არ უნდა მიესიოს, რატომ ჩვენებურად არ იცავს საქმესაო, მტერს უნდა შეუტიოს და უკან დაახევინოს. სამწუხაროდ, ჩვენი ინტელიგენტები ხშირად იქცევიან ამის წინააღმდეგ, ოთოთაანთ ქორივით შინაურებს მივარდებიან ხოლმე და გარეულებს ახარებენ, ზურგს უმაგრებენ, ამხნევებენ ქვეყნის წინააღმდეგ.

დავუბრუნდეთ ბ-ნ კ–ძესა. ყოვლად უცნაურია მისი ჩივილი მასწავლებლების შესახებ, რომელნიც, მისი სიტყვი, თურმე იმდენად უვიცნი არიან, რომ ანბანის სწავლებაც კი არ შეუძლიანთ. ეს რომ მართალი იყოს, ქართველი ხალხი ყველა კავკასიელს ხალხზე წიგნის ცოდნაში დაბლა უნდა იდგეს. ნამდვილად კი ამ მხრივ, და, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ მხრივ, მას პირველი ადგილი უჭირავს. ეს არ მოხდებოდა არას გზით, თუ სახალხო სკოლის მასწავლებელნი ისე უხეირონი იყვნენ.

ან იქნება, მასწავლებლები ვერ ახერხებენ ანბანის სწავლებას იმის გამო, რომ მიღებული სახელმძღვანელო რთულისა და ძნელის მეთოდზეა შედგენილი? წინააღმდეგ ამისა “დედა-ენის” ანბანი ისეთს მარტივს მეთოდზე არის აგებული, რომ მისი მარჯვედ ხმარება და სწავლება შეუძლიან არამც თუ უკანასკნელს მასწავლებელსა, არამედ უბრალო გლხესაც, თუ მან წიგნი იცის. მეტს სიმართლესაც ვიტყვი. საკმარისია ბავშვს დაეხმაროთ პირველს სამ გაკვეთილის შეთვისებაში დ შემდეგ იგი სურათების და ნორმალური სიტყვის ანალიზის დახმარებით თვითონ შეუწევნელად გაათავებს ბოლომდი ანბანსა და ისწავლის წერა-კითხვასა. და ასეც არის ნამდვილად… მაშასადამე, ვერც ერთი ქართულის ენის შემავიწროებელი თავს ვერ იმართლებს იმით, რომ ქართველებს არც მასწავლებლები უვარგათ და არც სახელმძღვანელო.

გაზვიადებულია ჩივილი ვენის კრიტიკოსისა იმაზედაც, ვითომც “დედა ენაში” და “ბუნების კარში” ბლომად იყოს იმერთათვის გაუგებარი სიტყვები. კარგად რომ გაეცნო ეს ორივე წიგნი მას, ამას არ იტყოდა. რამდენიმე წლის წინად “დედა-ენის” ა ნ ბ ა ნ შ ი, აკაკის დახმარებით, გამოვტოვეთ ყველა ის სიტყვები, რომელნიც დასავლეთ საქართველოში არ იხმარებიან, აგრეთვე გამოვტოვეთ სურათები, რომელთაც იქ სხვა სახელი ჰქვიათ, მაგალითად ლოქო, რომელსაც იქაურად ღლავი ეწოდება. ვერ გამოვტოვეთ მხოლოდ სიტყვა “თითა”, რომელი ნახმარია პირველივე გვერდზე, მეორე გაკვეთილში. ვერ გამოვტოვეთ იმის გამო, რომ აქ ყოველი შემდეგი სიტყვა, გასაადვილებლად კითხვის პროცესისა, უნდა იწყებოდეს იმ მარცვლით, რომლითაც თავდება წინა სიტყვა. აი ეს გაკვეთილია: ა-თი, თი-თა, თა-თი, თითი. შეიძლება დასავლეთ საქართველოში ყველგან არ იცოდნენ, რომ თითა გრძელ მარცლოვანს ყურზენსა ჰქვიან, მაგრამ ამითი არა წახდება-რა. ახლაც კი რუსი პედაგოგები ანბანის თავში არ ერიდებიან, კითხვის შესამსუბუქებლად უაზრო მარცვლებსა, და ჩვენ ხომ ნამდვილს სიტყვას ვხმარობთ და არა უაზრო მარცვალსა. რაც შეეხება “დედა-ენის” მეორე ნაწილსა, აქ ჩვენ თვით ტექსტში, აკაკისავე დახმარებით, ამერს ტერმინებს გვერდში ამოვუყენეთ იმერი სინონიმები. მაგალითად: ფილთაქვა, ანუ ქვასანაყი, ჩურჩხელა, ანუ ჯანჯუხი, ლოქო, ანუ ღლავი, კორიანტელი, ანუ ბდღვირი, ბაღლინჯო, ანუ კედლის ტილა, ხე-კაკუნა, ანუ კოდალა, სტაქანი, ანუ ჭიქა, და სხვანი. თვითონ ტექსტში იმიტომ მოვაქციეთ სინონიმები და არა ბოლოზე მივკერეთ ლექსიკონის სახით, რომ ეს ფორმა უფრო ადვილია ბავშვებისათვის, რომელნიც, რაწამს წაიკითხავენ უცნობ სიტყვას, იქევ ამოიკითხავენ მის ამხსნელს სინონიმსა, და არ მოუნდებათ წიგნის ბოლოში ძებნა. ამ ხერხის წყალობით იმერი ბავშვები სრული შენგებით ითვისებენ ამერი სინონიმებსა და ამიერი მოსწავლენიც უნებლიედ სწავლობენ კითხვის დროს იმერ სინონიმებსა, და ამ სახით ლექსიკონი სიტყვისა ორივე მხარეს უმდიდრებდა. რასაკვირველია, არა ერთი და ორი იმერი ტერმინი დამრჩებოდა გადაუთარგმნელად; მაგრამ მათი გაგება კონტექსტის წყალობით, მეზობელი სიტყვების კავშირით, ადვილად შეუძლიათ არამც თუ მასწავლებლებსა, თვითონ მოწაფეებსაცა.

ტყუილად აზვიადებს ბ-ნი კ–ძე ამ დაბრკოლებასა. სადამდის მიდის ეს გაზვიდება, ცხად-ვყოფდ ორი მაგალითით. “დედა-ენაში” ერთი ლექსი ასე იწყება: იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო. ბ-ნი კ-ძე ითხოვს, რომ სიტყვა ჯეჯილი ახსნილი იყოს, რადგანაც ბევრს არ ესმის დასავლეთ საქართველოშიო. მაგრამ ნუ თუ თვითონ ლექსი დღესავით ცხადად არა ჰყოფს, რომ ჯეჯილი ჰქვიან ახლად ამოსულს მწვენე ყანასა? – “დედა-ენის” მეორე ნაწილის დასაწყისში მოთავსებულია პატარა მოთხრობა: “სწავლაზე ზარმაცი, ლეკურზე მამაცი”. “ვანო, სკოლაში წადიო, ფეხები მტკივაო. – ვანო, მდოი ერთი ლეკური დაუარეო. – აბა ერთი კარგი ტაში დაუკარითო”. ამის შესახებ ჩვენი ავტორი მოგვითხრობს ასეთ კურიოზსა: “ერთმა დიდი ხნის მასწავლებლად ნამყოფმა ის ადგილი, სადაც ნათქვამია: მოდი ერთი ლეკური დაუარეო, ასე გადასცა მოწაფეებს: თითონ გამოიჭიმა, თითქოს ხელები ხმალზე დაიდო, მარჯვენა ხელი ზევი ასწია; შემდეგ ლეკური სვანურ სიტყვად “დაშნადა” გადაუთარგმნა და ასე ამნაირად “ლეკური” დაშნა გამოვიდა. მოწაფეები ძალზე გაკვირვებული დარჩნენ: “ჩხუბის დროს ტაშის დაკვრა რა საჭიროაო”. – პატარა მოსწავლეები ბევრით ჭკვიანები ყოფილან თავის მასწავლებელზე. და აბა ამისთანა გვამი კურიოზების მეტს კლასში რას მოიმოქმედებდა! განა დღესავით ცხადი არ არის, რომ აქ “ლეკური” ნიშნავს თამაშობას, ცეკვას და არა იარაღსა! თუ კრიტიკოსს უნდოდა ეთქვა, რომ დაუარეს მაგივრად იცეკვავე, ან ითამაშე უნდა ყოფილიყო, ვეტყვით, რომ კარგს ლეკურზე ამერნი ყოველთვის პირველს ტერმინს ხმარობენ.

დასამტკიცებლად იმისა, რომ ძალიან კარგად ესმით დასავლე საქართველოში ჩემი ენა, მოვიყვან შემდეგ უტყუარ ფაქტსა. ყოველი ჩემი სახალხო წიგნაკი (“იავნანამ რა ჰქნა?”, “ასპინძის ომი”, “თავ-დადებული ქართველები”, “მეფე ერეკლე და ინგილო ქალი”, “სხივი წარსულისა” და სხვანი) ათი ათასობით მოიფინა თვითვეული იმერთა სახლებში, სადაც მასწავლებლის შემწეობა და განმარტება შეუძლებელი იყო და არის. ეს არ მოხდებოდა, თუ დასავლეთის გლეხობას ცოტაოდნაც მაინც უძნელდებოდა წაკითხულის გაგება. მართალია, ეს გლეხობა აქა-იქ შეხვდება წიგნის ტექსტში აღმოსავლეთის სინონიმებს, რომელთა ნაცვლად დასავლეთის საქართველოში სხვა სინონიმები იხმარება; მაგრამ უცნობს სინონიმებს კითხულობს იგი არა ცალკე და განმარტოებულად, არამედ ფრაზებში, რომლის ყოველი სიტყვა, ერთის გარდა, კარგად ესმის, და ამ სიტყვების შემწეობით ტყობილობს მნიშვნელობას უცნობის ტერმინისას.

ამ გვარს გაზვიადებას ჩვენ უნდა ვერიდოთ, რადგანაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს პროვინციალურს სეპარატიზმს, რომელიც უფრო მეტად იქნება მავნებელი, ვიდრე იყო ჩვენი ისტორიული პოლიტიკური სეპარატიზმი, რომელმაც დააქუცმაცა ჩვენი ქვეყანა, დააუძლურა და მტრების ლუკმად გახადა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button