ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ქართველების სწავლა განათლების ნიჭი

(დაწერილი პარიჟის გამოფენისათვის)

ამ ჟამად საქართველოს შეადგენს თბილისისა და ქუთაისის და ბათუმის გუბერნიები და საზღვრებად აქვს: ჩრდილოეთით კავკასიონის მთები, სამხრეთით სომხითის მაღლობი, დასავლეთით შავი ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით – დაღისტნის მთები. აწინდელი ქართველება ორ მილიონ სულამდე ითვლება. მაგრამ ძველად ქართველთა ერი უფრო მრავალრიცხოვანი იყო. ევროპისა და რუსეთის ორიენტალისტთა (ლენორმანის, რაულსონის, მასპეროს, პროფესორების ანუჩინის, ნიკოლსკის და სხვ.) გამოკვლევით, ქართველთა წინაპრებს ურარტელებად წოდებულთ ეჭირათ აწინდელის სომხეთის მიწა-წყალიცა, რვა ასის წლის წინად ქრისტეს შობამდე, და მსოფლიო ბატონობას ეცილებოდნენ ასირიელებს, რომელთაც ხან-და-ხან კიდეც ამარცხებდნენ. ამასთან მათ ჰქონათ მტერთა მიმართ გულშემატკივრობა, უჩვეულო ყოველ ძველ ხალხთა და განსაკუთრებით ასირიელთათვის. სახელ-განთქმულნი ხეტნი, რომელნიც ეგვიპტელებს მსოფლიო ბატონობას დიდხანს ეცილებოდნენ და რომელთაც ბერძნებს ბევრი რამ გონების მონაღვაწევი უანდერძეს, აგრეთვე ქართველთა ტომს ეკუთვნოდნენ, როგორც ამას გვიმტკიცებს საფრანგეთის წარჩინებული მეცნიერი მასპერო თავის თხზულებაში: “აღმოსავლეთის ხალხთა ძველი ისტორია”.

ქართველნი თვიანთ სამიათასწლოვან ისტორიულს ცხოვრების განმავლობაში განსხვავდებოდნენ მწერლობისა და განათლების სიყვარულით. ეხლა თითქმის დამტკიცებულ ფაქტად ითვლება, რომ ვანის ოლქის განთქმული ლურსმული წარწერები ამოუჭრიათ ძველი ქართულის ენით ქართველთა ტომის აღმოსავლეთის რტოს წინაპრებსა. ხეთთა კულტურის მრავალ-რიცხოვანი და ფრიად შესანიშნავი ნაშთი-კი ეკუთვნიან უძველეს ქართველთა დასავლეთის რტოსა.

ფონეტიკური ეროვნული ანბანი ქართველებმა მოიგონეს პირველის მეფის ფარნავაზის დროსა, რომელიც მეფობდა ქრისტეს წინად 301-267 წ. ამ ანბანს პირველად ჰქონდა კუთხიანი სახე, მაგრამ დროთა განმავლოაში თან-და-თან შეიცვალა და მიიღო მეათე საუკუნიდან მრგვალი სახე, აწინდელის ფრანგულის რონდოს მსგავსად.

რიგზედ გამართული სკოლები გაჩნდა საქართველოში ქართველთა მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ, – რაიცა მოხდა მეოთხე საუკუნეში. ამ სკოლებს ძველ დროში აფუძვნებდნენ მონასტრებთან და ეკლესიებთან, და მრავლადაც. ამ სკოლებმა თან-და-თან ორნაირი სახე მიიღეს: ზოგი დაბალი იყო და ზოგიც საშუალო. დაბალ სკოლებში ასაწვლიდნენ საღმთო წერილს, გალობას, სამშობლო გრამატიკას და სამშობლო მწერლობასა. ხოლო საშუალო სკოლებში ამ საგნებს ემატებოდა: ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ისტორია, ბერძნული და ლათინური ენები. ყველა ამ საგნებისათვის იხმარეობდა საჭირო საშველი და სახელმძღვანელო წიგნები, ქართულად დაწერილი. ხოლო უმაღლესი სწავლის მისაღებად ქართველი ახალგაზრდები მიდიოდნენ ბიზანტიას, რომელიც მაშინდელს დროში განათლების ცენტრად ითვლებოდა. მაგალითად, ქართულის მატიანის “ქართლის ცოვრების” სიტყვით, საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა, რომელიც მეფობდა 1089-1125 წ., ბიზანტიაში გაჰგზავნა 60 ახალგაზრდა ქართველი უმაღლესის განათლების მისაღებად და ბერძნულის ენის ზედმიწევნით შესასწავლად. მაგრამ უბრალო წერა-კითხვა-კი საქართველოში უმთავრესად შინაური სწავლებით ვრცელდებოდა. ამ გვარი სწავლება მეტად გავრცელებული იყო საქართველოში. თვითეულის ნასწავლი მოზრდილი ქართველის ქალის სახლი იქცეოდა პატარა სკოლად, სადაც მთელის დღეობით მოდიოდნენ ქალიშვილები და დილით საღამომდე რიგ-რიგად ბეჯითობდნენ კითხვასა, წერასა და ხელსაქმეში. ამ სწავლებისათვის ფულადი გადასახადი არ იყო დადებული; მაგრამ ძღვენი და მისართმევი-კი სავალდებულოდ ირიცხებოდა, მოწაფე ქალთ შეძლებულობის შესაფერისად ხოლო ნასწავლ ქალის გათხოვების დროს, მისი საქმრო მოვალე იყო საკმაო ფული გადაეხადა თავისი დანიშნულის მასწავლებლისათვის და მისგანვე მიეღო ნებართვა, ჯვარი დაეწერა მის ყოფილ მოწაფეზედ; თორემ, მღვდელი ჯვარს ვერ დასწერდა, ადათის ძალით. ამასთან ჯილდოს სიდიდე განისაზღვრებოდა სასძლოს ნასწავლობის ხარისხით, ეს ჩვეულება შინაურის მასწავლებლის ქალის შრომას ხელ-მიმცემ საქმედ ჰხდიდა, ნებას აძლევდა გადაედო ცოტა ფულიცა, რაზედაც ქმარს ხელი არ მიუწვდებოდა. ამიტომაც თვითეული ნასწავლი ქართველი ქალი ცდილობდ ყოვლის ღონისძიებითა გაემართა თავისთან პატარა სკოლა. ამისგამო, როცა მშვიდობიანობა საქართველოში ოციოდე წლით მაინც დამყარდებოდა, წერა-კითხვა ძლიერ ვრცელდებოდა, მეტადრე ქალთა შორის.

თუ რამდენად ჰქონდათ ქართველებს წერა-კითხვისა და განათლების პატივისცემა, იქიდგან ჩანს, რომ კეთილშობილის პატარძლის მზითევის სიაში უსათუოდ უნდა ყოფილიყო სასულიერო და სერო საყვარელი წიგნებიც, რომელთა შორის პირველი ადგილი ეჭირათ სახარებასა და საერო პოემას “ვეფხის ტყაოსანს”, ლექსად დაწერილს მეთორმეტე საუკუნეში სახელოვანის მგოსნის შოთა რუსთაველისაგან. სამოსწავლო, სამეცნიერო და სამხატვრო მწერლობა საკმაოდ მდიდარი იყო და შეიცავდა წიგნებს ყოველგვარის ცოდნის შესახებ, ზოგს თარგმნილს, ზოგსაც თავისებურს. ამ მწერლობის სიმდიდრს ჰმოწმობს, სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ მარტო მცხეთის ტაძრის წიგნთ-საცავში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შვიდი ათასზე მომეტებული წიგნი იყო, როგორც ამას ამტკიცებს ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი.

შეუწყვეტელმა ათასწლოვანმა ბრძოლამ არაბებთან, ოსმალებთან, მონგლოებთან, სპარსელებთან და კავკასიელ მთიულებთან ძალ-ღონე მოუღო საქართველოს, რომელიც იძულებული გახდა მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ნებით შეერთებოდა ერთ მორწმუნე რუსეთსა, რომელთანაც თვისი მრავალ საუკუნოვანი

ცხოვრების განმავლობაში შეჯახება არც ერთხელ არა ჰქონია. ამ შეერთების შემდეგ საქართველოში გაუქმდა ეროვნული სასწავლებლები და გაიმართა რუსული სკოლები, სადაც საგნები რუსულად ისწავლება და ქართულს-კი ასწავლიან, როგორც კერძო საგანსა. ამის გამო ქართველთ დარჩათ საზრუნავად – შეადგინონ გონივრული სახელმძღვანელოები ქართულის და აგრეთვე რუსულის ენისა თავისი სკოლებისათვის და გააძლიერონ სამშობლო მწერლობა, ქართული ჟურნალ-გაზეთობა, ღვიძლი ლიტერატურა.

ამ ჟამად ქართულის ენის უმთავრესი სახელმძღვანელოები დაბალ სკოლებში არსი: “დედა-ენა” და “ბუნების კარი” იაკობ გოგებაშვილისა. ორივე სახელმძღვანელო დღემდინ სამას ათას ცალამდინ დაბეჭდილა. როგორც ქართულის ენის, ქართულის მწრელობის და ქართველთა ცხოვრების ზედმიწევნით მცოდნე ბ-ნი არტურ ლეისტი ამბობს, ორივე ეს სახელმძღვანელო შეიძლება შედარებული იქნეს ევროპის განათლებულ ხალხთა საუკეთესო სახელმძღვანელოებთან. ეს აზრი გამოთქმული აქვს თავის გერმანულ თხზულებაში, რომელსაც ეწოდება: გეორგიშე დიხტერ (ქართველთა პოეტები ). ქართველთათვის დაბალ სკოლებში რუსულის ენის უმთავრესი სახელმძღვანელო არის “Русскоу Слово”, ორ ნაწილად, მასწავლებელთათვის მეთოდიკუთურთ, იმავე გოგებაშვილის შედგენილი. აი რა გამოსთქვა ამ სახელმძღვანელოს შესახებ სპეციალურმა, საქმის მცოდნე რუსულმა ჟურნალმა “Филологическая Библыотека”: “არა რუსთათვის შედგენილ რუსულის ენის აურებელ სახელმძღვანელოებში იშვიათი საპოვარია ისეთი მშვნიერი და ნიჭიერად დაწერილი სახელმძღვანელო, როგორიც არის ბ-ნი გოგებაშვილის შრომა; მასალა, რომელსაც იგი იძლევა, მეტად უხვია და, რც განსაკუთრებით საუაღესოა, მკაცრის თანდათანობით არის დაწყობილი”, და სხ.

საღმრთო სჯულის ქართულად შესწავლისათვის დასაწყის სკოლებში იხმარება თავისებური და ნათარგმნი სახელმძღვანელოები, ქართველ სამღვდელოთაგან შედგენილი, როგორც, მაგალითად, დეკ. ცამციევისა, ღამბაშიძისა, ყუბანეიშვილისა, კონჭუაშვილისა, და სხვ. საარითმეტიკო სახელმძღვანელოები შედგენილია ყიფიანისა, ჯაჯანაშვილისა, ნატროშვილისა და როსტომაშვილისაგან.

საყმაწვილო ჟურნალი “ჯეჯილი”, რომელსაც ბეჭდავს ანასტასია წერეთლისა, მხნე ქართველი ქალთაგანი, ათ წელიწადზე მეტია არსებობს და თავისის ღირსებით არ დაუვარდება რუსეთის საუკეთესო საყმაწვილო ჟურნალებს. ამავე მოღვაწე ქალის მხნეობას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას კავკასიელ მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ იგი დიდხანს იყო.

საყმაწვილო ქართული ლიტერატურა ჯერ მდიდარი არ არის; მაგრამ მოეპოება მაინც საკმაო რიცხვი წიგნებისა, რომელთა შორის, ნათარგმნის გარდა, თავისებური ნაწარმოებიც არის. უკანასკნელ ნაწარმოებთა შორის შესანიშნავია საყმაწვილო ამბები ლუკა რაზიკაშვილისა, რომელიც პოეტისა და ბელეტრისტის საკვირველის ნიჭის პატრონია, და ეკატერინე გაბაშვილისა, დიდად განათლებულის და ნიჭიერის მწერლისა, რომლის მოთხრობებს განასხვავებს გულმხურვალება, ღრმა კაცთმოყვარეობა, ფსიქოლოგიური ალღო და ერთფეროვანი მხატვრობა.

საშუალო სკოლებისათვის იხმარება: სალიტერატორო ქრესტომატია პროფ. ჩუბინაშვილისა, ისტორიული ქრესტომატია ალ. ჭყონიასი, საქართველოს ისტორია ცნობილის სწავლულის დიმ. ბაქრაძისა, სახალხო სახელმძღვანელო ქართულის ისტორიისა მ. ჯანაშვილისა, საქართველოს ეკლესიის ისტორია მისივე, სიტყვიერების თეორია აურებელი ნიმუშებით, შედგენილი ცნობილის ეპისკოპოსის კირიონის და ლიტერატორის გრიგოლ ყიფშიძის მიერ, ქართული გრამატიკები: ჩუბინაშვილისა, დ. ყიფიანისა, თ. ჟორდანიასი, პ. კვიციანისა, ა. ქუთათელაძისა და სხვ. ეს თხზულებანი, ყველა მცოდნე კაცების აზრით, შემკულნი არიან ჯეროვანი ღირსებითა და იხმარებიან ზოგნი როგორც სამოსწავლო, ზოგნი როგორც სახელმძღვანელო წიგნები ქართულის სწავლის დროს. თვითეულის კეთილად მოწყობილის სკოლის წიგნთ-საცავს საქართველოში ამშვენებს ქართული კლასიკური ქადაგებანი აწ გარდაცვვალებულის იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, მაღალ ნიჭიერის ქართთველისა, რომელსაც ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნასთან შეერთებული ჰქონდა ვრცელი ფილოსოფიური და ფართო სამეცნიერო განათლება, რის წყალობითაც განამდიდრა რუსული ფილოსოფიური ლიტერატურა შესანიშნავის შრომით: “Основания опытной психологий”. მისი ქადაგებანი ქართულიდან გადათარგმნილია არა თუ რუსულად, არამედ ინგლისურადაც კი.

ქართველებს თუმცა ამიერკავკასიის ხალხებში სიმრავლით პირველი ადგილი უჭერიათ; მაგრამ დაბალ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვით რუსებს დაუვარდებიან, ხოლო კავკასიის სხვა მკვიდრ ხალხებს აღმატებიან. კავკასიის სამოსწავლო ოლქის 1898 წ. ანგარიშისამებრ (გვ. 9), ერთი პირველ დასაწყისი სკოლა მოდის რუსთა შორის 4,000 სულზედ, ქართველთა შორის 6,000 სულზედ, სომხთა შორის 8,400 სულზედ, თათართა შორის 24,300 და სხვ. ამიერკავკასიის გუბერნიებში დასაწყისის სკოლების სიმრავლით პირველი ადგილები ქუთაისისა და თბილისის ქართულ გუბერნიებს უჭერიათ. განსაკუთრებით განსხვავდება ამ შემთხვევაში ქუთაისის გუბერნია, თითქმის მხოლოდ ქართველებით დასახლებული, სადაც სახალხო სკოლები ბადესავით მოფენილია.

ქართველ მოქალაქეთა სიმცირის გამო, კავკასიის საქალაქო სკოლებში, რომელთა რიცხვი ორმოცამდე უწევს, ქართველები წინანდელს წლებში უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე რუსები და სომხები. მაგრამ ქართველ მოქალაქეთა გამრავლებისთანავე ჩქარა მრავლობენ ქართველი მოწაფენიცა აქაურ საქალაქო სკოლებში. აი, სამი უკანასკნელი წლების საბუთები, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის ანგარიშიდგან ამოღებული. 1897 წ. იყვნენ: რუსები – 3, 708, ქართველები – 2, 090, სომხები – 2,809. 1989 წ. რუსები – 3, 972, ქართველები – 2, 372, სომხები – 2,909; მაგრამ 1899 წ. ქართველების რიცხვი წამოეწია რუსეთა რიცხვსა და წინ გაუსწრო სომეხთა რიცხვსა, და ქართველებმა დაიჭირეს, ადრინდელი მესამე ადგილის ნაცვლად, მეორე ადგილი. აი ციფრებიც: რუსნი იმ წელში იყვნენ 4, 284, ქართველები უკვე – 3, 069, სომხები – 3, 060. მაგრამ ყველაზე უფრო შესანიშნავია ის, რომ ქართველები სამოქალაქო სასწავლებლებში წარმატებითაც უსწრებენ არა თუ სომხებს, არამედ რუსებსაც. ოლქის მზრუნველის საბუთების მიხედვით, რუსთაგან წარმატების სწავლობდა 1897 წ. 78%, ქართველთაგან – 72%, სომეხთაგან – 68%; მაგრამ 1898 წ. ქართველები უკვე იძლევიან სწავლით წარმატებულთა 79%, რუსები – 76%, სომხები – 67%, 1899 წ. ქართველებმა მოგვცეს სწავლით წარმატებულთა 77,1%, რუსებმა – 75%, სომხებმა – 73,9%.

II

საშუალო სკოლებში ქართველები მოწაფეთა რაოდენობით ბევრით დაუვარდებიან არა თუ რუსებს, არამედ სომხებსაც. ამის მიზეზია ის, რომ ქართველები სოფლის მკვიდრი, მხვნელ-მთესველი, ანუ მიწის პატრონი ხალხია, მსხვილი მოქალაქე და ვაჭარი მათ შორის ჯერ ცოტაა, ეკონომიურად ღარიბნი არიან და უძნელდებათ ბავშვების რუსულად მომზადება საშუალო სკოლებში შესაყვანად და მათი შენახვა. რუსები, როგორც მოხელეები, და სომხები, როგორც ვაჭრები, შეუდარებლად უკეთესს გარემოებაში იმყოფებიან. მათმა ბავშვებმა ჯერ კიდევ შინ იციან რუსული ენა, რომლითაც სკოლებში ასწავლიან, მათ არ აკლიათ არც ტანისამოსი, არც საზრდო, არც ბინა, არც სახელმძღვანელოები. ქართველ ბავშვებს-კი უმეტეს ნაწილად ყოველი უსაჭიროესი რამედ-კი აკლიათ. ამ ყოფაში ქართველი მოწაფეები უკან უნდა ჩამორჩენოდნენ სომხებს სწავლით საშუალო სკოლებში და მესამე ადგილი სჭეროდათ; მაგრამ ნამდვილად მათ ხშირად მეორე ადგილი უჭერიათ და სომხებს მესამე ადგილისაკენ ახევინებენ. აი ამისი აუცილებელი საბუთები. 1897 წელს, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის ანგარიშისამებრ, სომხებმა სწვლაში გაუსწრეს ქართველებსა თბილისის პირველისა და განჯის გიმნაზიაში (79%, 78%); მაგრამ დანარჩენ ექვსს გიმნაზიაში ქართველებს უკან ჩამორჩნენ. აგრეთვე თბილისის მეორე გიმნაზიაში ქართველთ წარმატებას ჰხატავს 80%, სომხებისას-კი 76%; ერევნის გიმნაზიაში ქართველთაგან წარმატება ჰქონდათ 91%, სომეხთაგანს-კი მხოლოდ 73%. 1898 წ., ანგარიშის მიხედვით, ქართველებმა ხელახლად გაუსწრეს სომხებს ექვს გიმნაზიაში თვითონ რუსებიც კი ჩამორჩნენ ქართველებს ქუთაისისა და ბაქოს გიმნაზიაში. საზოგადოდ, გიმნაზიებში ამ წელს ქართველთა წარმატებას ჰხატავს 80,1%, სომხებისას-კი 79,3%. ამასვე ვხედავთ 1899 წელსაც. გიმნაზიებში რუსთა წამარებას, იმავე ანგარიშის მიხედვით, ჰხატავს 79%, ქართველებისას 77,7%, სომხებისას 71,4%.

პროგიმნაზიებში ქართველები ერთობ ცოტანი არიან, მაგრამ არათუ სომხებს, რუსებსაც კი გაუსწრეს სწავლაში. მათ სამისავე წლის წარმატებას ჰხატავს 100%, რუსებისას – 75%, 71,8%, 72,2% და სომხებისას – 72% – 57,1% – 73,3%.

საქალო გიმნაზიებში ქართველ ქალებს, იმავე ანგარიშის მიხედვით, 1897 წ. ეჭირათ მეორე ადგილი, რუსთაგან წარმატება ჰქონდა 85%, ქართველთაგან – 82% და სომეხთაგან – 80%. 1898 წ. რუსთაგან გიმნაზიელი ქალები წარმატებით სწავლობდნენ 87%, ქართველთაგან -82,2%, სომეხთაგან-კი -81,7%. უფრო სანუგეშოა ქართველ ქალთათვის 1899 წლის ციფრები. ქართველ ქალთაგან წარმატება ჰქონდა 87,7%, რუსთაგან – 87,4%, სომეხთაგან-კი – 80%.

საქალო პროგიმნაზიებში 1897 და 1898 წლებში ქართველმა ქალებმა გაუსწრეს რუსის ქალებსაც და სომხის ქალებსაც. პირველთაგან წარმატება ერგო 87,7%,, 94,8%, მეორეთაგან – 86,6% და 87,9%, ხოლო მესამეთაგან – 75,5^% და 75,4%. 1899 წ. პირველი ადგილი წარმატებიმსამებრ დაუჭერიათ რუსს ქალებს (85%), მეორე – ქართველებს (80%), ხოლო მესამე – სომხებსა (76,7%).

კიდევ უფრო ცხადად ჰხატავს ერთა შედარებითს წარმატებას მოწიფულობის ეგზამენების საბუთები. საზოგადოდ გიმნაზიელ რუს ვაჟთაგან მოწიფულობის ატესტატი მიიღო 1897 წ. 5,1%, ქართველთაგან აგრეთვე 5,1%, ხოლო სომეხთაგან 3,1%. 1898 წ. (მოუსავლიანი იყო) შედარებითი პროცენტი კურს-დასრულებული ქართველთა ცოტა მცირე იყო, ვიდრე სომხებისა, მაგრამ 1899 წ. ქართველებმა გაუსწრეს არა თუ სომხებს, არამედ რუსებსაც. ატესტატ-მიღებულთა პროცენტს ქართველთა შორის ჰხატავს 5,7%, რუსთა შორის – 5,1%, სომეხთა შორის-კი – 3,5%.

თუ უფრო ცუდს გარემოებაში მყოფნი ქართველები რუსებზე და განსაკუთრებით სომხებზე უარესად არა სწავლობენ, სამართლიანად უნდა დავასკვნათ, რომ ისინი ბუნებრივ ნიჭით არვითარ შემთხვევაში არ დაუვარდებიან არც ირველებსა არც მეორებსა, თუმცა ეს ორიევ ერნი სამართლიანად ითვლებიან ნიჭერ ხალხთა შორის.

ამასვე დაგვასკვნევინებს, თუ გავეცნობით საშუალო და უმაღლეს სკოლებში მოსამსახურე მასწავლებელ ქართველთა მოღვაწეობას. ისინი საქმის მოყვარულნი, კეთილ-სინდისიერნი, ნიჭიერნი პედაგოგნი არიან და დიაღ პატივცემულნი მთავრობისა, მასწავლებელთა და მოწაფეთაგან. ქართველთა მცირე რიცხოვანმა ერმა რუსეთის უმაღლეს სკოლებს მოკლე ხანში არა ერთი ნიჭიერი პროფესორი და მეცნიერი შესძინა, რომელნიც გამოსულნი არიან სხვა-და-სხვა წოდებიდგან: შესანიშნავი ფიზიოლოგი, უნიჭიერესი პროფესორი, პოპულიზატორი და ერთი საუკეთესო ლიტერატორთაგანი რუსეთში თავადი თარხნიშვილი წმინდა ქართველია, შუაგულ საქართველოში დაბადებული, იქვე აღზრდილი და მხოლოდ 17 წლისა წასული რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად. ცნობილი ქიმიკოსი და პროფესორი ოდესის უნივერსიტეტისა პეტრიაშვილი, რომემაც რამდენიმე მნიშვნელობიანი რამ აღმოაჩინა ქიმიაში, აგრეთვე ქართველია, გლეხთაგანის მღვდლის შვილი. იმავე უნივერსიტეტში პროფესორად არის მეორე ქართველი, მოქალაქეთაგანი პეტერე მელიქიშვილი, რომელმაც ბოლოს ხანს თავისი ფრიად საფუძვლიანი მეცნიერული თხზულებებით პრემია და სასიქადულო სახელი დაიმსახურა. ორდინარი პროფესორი, აღმოსავლეთის ფაკულტეტისა პეტერბურგში ცაგარელი, ცნობილი თავისის რამდენიმე საფუძვლიანი თხზულებით საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ, ქართველი აზნაურთაგანის მღვდლის შვილია აგრეთვე. აგრეთვე საქართველოს შვილად უნდა იქნეს აღიარებული იმავე ფაკულტეტის პროფესორი სომხურის სიტყვირებისა მარი, ახალგაზრდა მეცნიერი, ფრიად ნიჭიერი, რომელსაც ზოგიერთი რუსი სწავლულები აღმომავალ ვარსკვლავს ეძახიან. იგი საქართველოშია დაბადებული ქართველი გლეხის ქალისაგან შავი ზღვის პირად, აღზრდილია საქრთველოშივე, ლაპარაკობდა ყმაწვილობაში მხოლოდ ქართულსა და გიმნაზიაში ყოფნის დროს ხელთ-ნაწერ ქართულს ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ქართველ გლეხთაგანის მღვდლის შვილია. სულ რამდენიმე წელიწადია, რაც მოსკოვის უნივერსიტეტი გაათავა, მაგრმ მოკლე ხანში გამოაქვეყნა ბევრი რამ საფუძვლიანი და მრავალ-ფეროვანი ნამუშევარი, რომელთა შორის პირველი ადგილი უჭერია მის ორ დიდ ტომიან ქართულის ლიტერატურის ისტორიას. მის გონებრივ მოღვაწოებას დაუღალაობა და ფრიადი ნაყოფიერება ეტყობა.

ქართველთა შესანიშნავ პედაგოგიურ ნიჭს აი კიდევ რა მოწმობს: სომხის უკეთეს პედაგოგად ითვლებოდა და აქამდენ ითვლება პეტრე შენშიევი, ათიოდე წლის წინად გარდაცვალებული. ჩინებულის პედაგოგიურის მოღვაწეობისათვის ღრმა მადლობის ნიშნად სომხებმა გამოღებულის ფულით დაუდგეს მას დიდ-მშვენიერი ძეგლი ქალაქის ვანქის ტაძრის გალავანში, და აი ეს სომეხთ სასიქადულო პედაგოგი ჩამომავლობით ქართველი იყო. მისი პაპა იყო გვარად გოგებაშვილი. მდიდარის სომხის შანშიანცის ქალი შეუყვარდა, მაგრამ ქალმა ცოლობა აღუთქვა იმ პირობით, თუ მის სარწმუნოებასა და გვარს მიიღებდა. სიყვარული იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ შვილი გაიანცდა, გოგებაშვილი შანშიანცად გადაიქცა. მაგრამ მაშინვე ცოლითურთ სპარსეთს გაიქცა, რადგანაც ეშინოდა მაშინდელის საქართველოს მეფის ერეკლესი. შემდეგ მეფემ დანაშაული აპატყია, შანშიანცები დაბრუნდნენ საქართველოში და დასაბამი დაუდვეს შანშიაშვილების გვარსა, მერმე შანშიევად გადასხვაფრებულსა.

კავკასიის სამოსწავლო ოლქის ყველა მზრუნველებს ქართველები უტყუარის პედაგოგიურის ნიჭის პატრონად მიაჩნდათ. მაგალითად, აწინდელის მზრუნველის წინამოადგილე, სახელოვანის გრანოვსკის მეგობარი, ნევეროვი, დიდად განათლებული პედაგოგი, ხშირად ამბობდა: ქართველები ბუნებრივი პედაგოგები არიანო. თავისის სიტყვების გულწრფელობა, სხვათა შორის, იმით დაამტკიცა, რომ კავკასიაში პირველი გამართული სახალხო სკოლების დირექცია მიანდო ქართველის – ბესარიონ ღოღობერიძის ხელმძღვანელობას, დანიშნა რა იგი დირექტორად.

კიდევ მეტს ვიტყოდით. ქართველები მთელს სამოსწავლო ოლქში საუკეთესო მასწავლებლები არიან მათემატკიკისაც-კი, რომელიც სხვა მეცნიერებაზედ უფრო ნალებ შეესაბამება მათს ტემპერამენტსა. მაგალითად, გასულ სამოსწავლო წელში, ოლქის ყველა გიმნაზიების უფროსის კლასისი მოწაფეებმა მათემატიკაში მიიღეს 16 ხუთიანი, რომელთაგან ცხრა ხუთიანი წილად ხვდა თბილისის მესამე გიმნაზიას, სადაც მათემათიკის მასწავლებლად კაი ხანია ქართველია.

ქართველთა ბუნებრივი პედაგოგიური ნიჭი მომდინარეობს ფრიად შესანიშნავი სათავედგან, ანუ უკედ, საძირკველიდან, ქართველთა სულიერო ორგანიზაცია ანუ აგებულება იმგვარია, რომ იგინი მოკლებულნი არიან ვიწრო ეროვნულს ინსტიქტს, გვარტომობის ცალ-მხროვანობასა, და აქვთ მიდრეკილება ფართო ადამიანობისადმი, რის გამო ხათრიჯამიანი განწყობილება ერთს მათს ძირითადს თვისებას შეადგენს. ცნობილია, რომ პედაგოგიური ნიჭი ვერ დაისადგურებს ვერც კერძო კაცში და ვერც ერში, გარეშე ნამდვილი ადამიანური გრძნობისა. თუ ბერძნები გაცილებით სჯობნიდნენ რომაელებსა მოზარდის თაობის აღზრდისა და სწავლების საქმეში, ეს იმიტომ, რომ მათზედ უფრო გაცილებით კაცთმოყვარენი იყვნენ. ძველის დროის უდიდესი პედაგოგი, სოკრატი ამასთან უდიდესი ჰუმანისტი იყო. პედაგოგის მამა-მთავარი კომენსკი, პესტალოცი, დისტერვეგი, უშინსკი კაცთ-მოყვარეობის, ალტრუიზმის მნათობნი იყვნენ. ეგოისტ კაცთა და ტომთა არ ძალ-უძთ პედაგოგის სფეროში შემოქმედებითი ძალა აღმოაჩინონ. ისეთი ფრიად რთული და ყოვლად ძნელი საქმე, როგორიც ადამიანის აღზრდა და სწავლებაა, ხელიდგან გამოუვა მხოლოდ მათ, ვისაც ასულდგმულებს გულწრფელი სიყვარული მოყვასთა მიმართ. რადგან ეს აღნიშნული თავისებურობა ქართველის ბუნებისა მეტად საინტერესოა, ისტორიას მოვიყვან მოწმედ.

ისტორიის უძველსთა დროთა მკვლევარნი აღიარებენ, რომ ქართველთა წინაპარმა ურარტელებმა პირველმა აღმართეს ისტორიაში კაცთა მოყვარეობის დროშაო. ვანის წარწერაში არსად არის მოხსენებულიო, რომ დატყვევებულ მტეერთათვის ტყავი გაეძროთ, მტრების თავებით პირამიდები დაედგათ, უცხო ტომნი ცოცხლივ ჩაეკირწყლოთ ციხის ზღუდეში და მსგავსი რამე ულმობელობა ჩაედინათ, რითაც თავი მოსწონთ ასირიელებსა, ბაბილონელებსა და სხვა ხალხებს იმ გულ-ქვაობის დროის წარწერებში, რომელნიც დარჩენილან ძეგლებზეო. თავიანთ წარწერებში ურარატელნი მხოლოდ აღიარებენ თავის გამარჯვებას და მადლსა სწირენ ღმერთებსა შემდწობისა და დახმარებისათვისო. წერილში “ასურეთი და ურარტუ”, რომელიც დაბეჭდილია წიგნში: “Братская помощь армянам” და ეკუთვნის ცნობილის ორიენტალისტის კალამს, ნათქვამია: “ულმობელობა განსაკუთრებული თვისება იყო ასურეთისა და ბაბილონის სამეფოებისა, რომელნიც ღვთის რისხვის იარაღად გადაიქცნენო”. “პირიქით, “ურარტუ ღვთის რისხვის-კი არა, სიყვრულისა და მოწყალების იარაღი იყოო”. ‘ხეთნი და ურარატნი მონათესავე ხალხები იყვნენ და მათი მოსპობა ეგების დიდი უბედურება იყო კაცობრიობისათვისო” (“Братская помощь армянам”, გვ. 55-56 გამოც. მესამე).

ეს სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში. საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება. საქართველოში ძველიდგანვე სცხოვრობდნენ ურიები; მაგრამ საშუალო საუკუნეებშიაც კი არ დასდგომიათ გაჭირვება ქართველთაგან, და ურიების დარბევა, რაც ასე ხშირად იყო და ეხლაც არის ევროპაში, არასოდეს არ მომხდარა საქართველოში. ებრაელებს საქართველოს მეფენი სამძიმო დიპლომატიურ საქმესაც კი მიანდობდნენ ხოლმე. თათრები ისე იყვნენ კმაყოფილნი თავიანთ ბედისა საქართველოს სამეფოში რომ თავგანწირულად ებრძოდნენ შემოსეულ თათრებსვე. სომხები ყოველთვის შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს ბლომს ნაწილს, და არა თუ ქართველთაგან მტრობა არ განუცდიათ, არამედ ყოველთვის მინიჭებული ჰქონდათ სრული თანასწორობა ქართველებთან და, ასე გასინჯეთ, მემკვიდრეობითაც კი ეჭირათ ქართველთა სახელმწიფოში დიდ-დიდი თანამდებობა. შესანიშნავია, რომ რამდენიც უფრო ძლიერი იყო საქართველო, იმდენი უმეტესის სულგრძელობით და კაცთ-მოყვარეობით ეპრყობოდა თავის ქვეშევრდომ უცხო ხალხებსა. სომხის მეისტორიენი მოწიწებით და მადლობით იხსენიებენ ქრესტეს აქეთ მეთერთმეტე საუკუნის ქართველთა ძლიერ მეფეს დავით აღმაშენებელს, რომლის დროსაც საქართველოში შეიქმნა ყოვლად ძლიერი სამეფო და ეჭირა მთელი ამიერ კავკასიეთი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე მოკიდებული, რომლის დროსაც საქართველოს სამეფომ მიაღწია თავისის ძლიერების ზენიტს, გააუქმა თავისს სამეფოში მეთორმეტე საუკუნეში არა თუ სიკვდილით დასჯა, არმედ სხეულის სასტიკი სასჯელიცა, შთამომავლობისა და სარწმუნოების განურჩევლად ყოველის ქვეშევრდომისათვის ერთნაირად, როგორც ამას ჰმოწმობს ცნობილი ორიენტალისტიც ბროსსე თავისს საქართველოს ისტორიაში. ამის გამო თამარის მეფობამ ისე განვლო, რომ არ ოფილა სიკვდილით დასჯილი და დასახიჩრებული არც ერთი თათარი, არც ერთი ურია, მით უმეტეს ქრისტიანი. ეს კაცთმოყვარული სამართლიანობა სხვა სჯულის ხალხების შესახებ მით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველები წინა საუკუნებრში ყოველთვის აღგზნებული იყვნენ ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობით.

რაოდენი ძალა უნდა ჰქონოდათ ქართველებს მოწყალებისა და კაცთ-მოყვარეობისა, თუ იმათს მხურვალე სარწმუნოების ერთგულებასაც-კი ქედი უნდა მოეხარა ამ კაცთ-მოყვარეობის ძალის წინაშე!

ქართველებს ამ ჟამად არაფერი სწადიათ მის მეტი, რომ მათ მიუწყონ იმავე საწყაოთი, როგორითაც ისინი მიუწყავდნენ ყოველთვის სხვებსა, ურარტის ხსნიდგან მოკიდებული მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისმდე, როდესაც საქართველო შეუერთდა რუსეთსა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button