ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ქართული შრიფტის შესახებ

ამას წინად “ცნობის ფურცელში” ერთმა უჩინარმა პედაგოგმა გამოსთქვა ის აზრი, რომ ეხლანდელი ჰიგიენა მოითხოვსო, რომ წიგნები იბეჭდებოდნენ მსხვილი შრიფტით, რომელსაც სიდიდე მილიმტრ ნახევარი უნდა ჰქონდესო. ეს შენიშვნა, რამდენადაც ჩვენ შეგვეხება, მტკნარი გაუგებრობის ნაყოფია, და აი რად.

ევროპასა და რუსეთში იხმარება იმისთანა წვრილი შრიფტები, რომელიც ქართულს ენაზედ, ვგონებ, სრულიად არ არსებობს. ასეთია ესრედ წოდბული ნონპარელი და პეტიტი. პირველს აქვს ერთი მილიმეტრი სიდიდე, მეორეს მილიმეტრი და ერთი მეოთხედი (1 1/4 მილ.). ნომერაციის მხრივ ნონპარელი იწოდება მეექვსე ნომრად, პეტიტი მერვე ნომრად. მათ მისდევს მესამე შრიფტი – კორპუსი, რომელსაც მილიმეტრ ნახევარი სიდიდე აქვს და შეადგენს მეათე ნომერსა.

წინედ ევროპაში წიგნები უმეტეს ნაწილად იბეჭდებოდნენ კორპუსით, ბოლოს ხანებში-კი ხმარებაში შემოიღეს პეტიტი და ნონპარელი ეკონომიის გულისათვის. რადგანაც ნონპარელი ერთი-ორად მეტი ეტევა წიგნის გვერდზე, ვიდრე კორპუსი. წიგნი, რომელსაც კორპუსის შრიფტით უჭირავს ოთხი თაბახი, ჯდება თითქმის ერთი-ორად იაფი და იაფადაც ისყიდება.

თუმცა ეკონომიის მხრივ ძლიერ სასარგებლოა ორი ხსენებული წვრილი შრიფტი, მაგრამ თვალისათვის მძიმეა და მაზიანებელი. ამის გამო ნონპარელის და პეტიტის ხმარების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს უკანასკნელს წლებში ევროპის მეჰიგინეებმა და მათ შორის რემბოლდმა, ერთმა საუკეთესო ავტორიტეტმა. ამ უკანასკნელის აზრით, რათა სისაღე თვალებისას არა ევნოს-რა საჭიროა პატარებისათვის დანიშნული წიგნები იბეჭდბოდნენ N12, ანუ ციცეროთი, და დიდებისათვის კორპუსით ანუ N10. ციცერო მოზრდილი შრიფტია და აქვს თითქმის ორი მილიმეტრი სიდიდე. ეს ის შრიფტი გახლავთ, რომლითაც არიან დაბეჭდილნი ყველა ჩემი სახელმძღვანელონი და იბეჭდებიან ჩვენში წიგნები, ჟურნალები, გაზეთები.

რუსებმა კორპუსით იწყეს ბეჭდვა არამც თუ დიდებისათვის დანიშნული წიგნებისა, არამედ პირველ-დაწყებითი სახელმძღვანელოებისაც. მაგალითად, სტუპინის რუსული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი დაბეჭდილია კორპუსით. ესვე შრიფტია ნახმარი მის საბავშვო ბიბლიოთეკაში, რომელსაც შეადგენს სამოცამდე წიგნი. პავლენკოს ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, ძლიერ გავრცელებული რუსეთში, აგრეთვე კორპუსით არის ნაბეჭდი. ბოლოს დროს პეტიტიც შემოვიდა ხმარებაში და ნონპარელსაც უთუოდ გამოუჩნდებიან მომხრენი. ერთი სიტყვით, ევროპასა და რუსეთში ეკონომიამ სძლია ჰიგიენას, ჯიბემ თვალსა.

ჩვენში? ჩვენში სრულიად წინააღმდგი სენი იდგამს ფესვებს. ამ სფერაშიაც ვიჩენთ ჩვენს განთქმულს ბედოვლათობასა. ქართულ შრიფტთა შორის არ მოიპოვება სქოლიოებისათვისაც-კი არც ნონპარელი და არც პეტიტი. არის მხოლოდ მომცრო შრიფტი კორპუსი, რომელიც თითქმის უხმარებლად აწყვია სტამბებში, თუმცა ვენის კორპუს ძლიერ ლამაზი, შნოიანი, და გარკვეული შრიფტია. ჩვენ მოგვწონს წყალმანკაინის ადამიანის მგზავსი წიგნები, რომელნიც გარედგან მტერს უყენებენ თვალსა და შიგნიდგან მოყვარესა.

ავიღოთ, მაგალითად, დაბადება ანუ ბიბლია. ევროპაში იგი იბეჭდება ან პეტიტით, ან კორპუსით, ღირს ერთი მანეთი და ჯიბეში სატარებელის წიგნის სიდიდე აქვს. ამის გამო იქ ვერ ნახავ გლეხსაც-კი, რომელსაც შინ არა ჰქონდეს დაბადება, სახარება და თავისუფალს დროს არა კითხულობდეს არამც თუ შინ, გარეთაც-კი. ჩვენ კი დაბადება დავბეჭდეთ ვეებერთელა შრიფტით, 16 ნომრით, გამოვიყენეთ ურმით სატარებელ ტვირთად, ფასი დავადეთ ექვსი მანეთი და ხალხისათვის თითქმის აღკრძალულ ხილად შევქმენით. ჩვენებურს გაზეთებში არამც თუ მოწინავე სტატიები და ფელეტონები, თვით კორესპონდენციები და წვრილი ამბები იბეჭდება ციცეროთი და არა კორპუსით, რის გამო ქართული გაზეთები ერთი ორად ღარიბნი არიან ცნობათა რაოდენობით ევროპიულსა და რუსულს გაზეთებზედ, რომელნიც უმეტეს ნაწილად კორპუსით და პეტიტით იბეჭდებიან. მდიდარი ევროპა ბეჭდავის საქმეში იცავს სასტიკს ეკონომიას, ღატაკი საქართველო-კი ეკონომიას უარს ჰყოფს და ბედოვლათობს.

უფრო სამწუხარო ის არის, რომ ეს სენი სასწავლებლებშიაც აპირობს შებრძანებასა და სიღატაკის შეტანასა ქართულის ენის სწავლებაში. აქამდინ ქართული ანბანები იბეჭდებოდნენ მეთექვსმეტე ნომრით, პირველი საკითხავი წიგნი – მეთორმეტე ნომრით, ანუ ციცეროთ. ეს წესი ეთანხმებოდა ერთის მხრივ ჰიგიენის მოთხოვნილებას, მეორეს მხრით ეკონომიას. სწორედ ამისთანავე შრიფტებით არიან დაბეჭდილნი საუკეთესო პირველ დაწყებითი სახელმძღვანელოები ევროპასა და რუსეთში. ახლა-კი გამოჩნდნენ ჩვენში პირნი, რომელნიც ანბანს ბეჭდავენ 24 ნომრით და პირველ საკითხავს წიგნსა – 16 ნომრით. ეს მათთვის პირადად ძლიერ სასარგებლოა, რადგანაც პატარა და ღატაკი წიგნი იღებს სახეს დიდისა და მდიდარის წიგნისას და თვალს ატყუებს. გარედგან მტერს უყენებენ თვალსა და შიგნიდგან მოყვარესა. მაგრამ ხალხისათვის-კი, რასაკვირველია, ძლიერ მაზარალებელია. მეთექვსმეტე ნომერი იჭერს თითქმის ორჯერ მეტს ადგილსა, ვიდრე მეთორმეტე ციცერო, და ერთი ორად დიდი გამოდის და ამის შესაფერად ფასიც ემატება.

ავიღოთ მაგალითად “დედა-ენა”. ანბანი მასში დაბეჭდილია მეთექვსმეტე ნომრითა და უჭირავს 32 გვერდი, აკრიბეთ იგი 24 ნომრით და გამოვა სამჯერ უფრო დიდი – 96 გვერდიანი ანბანი. პირველი საკითხავი წიგნი “დედა-ენისა” დაბეჭდილი N12, შეიცავს თითქმის 200 გვერდსა. იხმარეთ მასში N16 და მიიღებთ ვეებერთელა 400 გვერდიანს წიგნსა, რომელიც ბევრად ძვირად ეღირება – ახლანდელზედ.

ამიტომ ვინც ანბანს ბეჭდავს 24 ნომრით და პირველ საკითხავს წიგნს 16 ნომრითა, იგი პატარა წიგნს დიდად აჩვენებს ხალხსა, მცირე შინაარსი იღებს დიდს ფასსა, ქრთულის ენის გაღატაკებას, შევიწროებას ეხმარება სკოლებში, რის გამო მისი მოქმეება უნდა აღიარებულ იქმნა უკუღმართობად.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ რამდენათაც წვრილი შრიფტია მავნებელი თვალისათვის, იმდენად მაზარალებელია ნორმას გადასული დიდი შრიფთი, რადგანაც თვალს აკლდება ვარჯიშობა მომცრო საგნების გარჩევაში. ეს ვარჯიშობა-კი ფრიად საჭიროა, რადგანაც ქვეყანაზედ მომცრო საგნები უფრო ბევრია, ვიდრ დიდები.

რა დასკვნა გამოდის ნათქვამიდან? ისა, რომ ჩვენ წიგნების და პერიოდულს გამოცემების ბეჭდვაში უნდა დავიცვათ ერთი მხრივ თვალის სისაღე და მეორე მხრივ ეკონომია. ამის გამო ანბანები უნდა იბეჭდებოდნენ მეთექვსმეტე ნომრით, სახელმძღვანელო წიგნები და ჟურნალები – მეთორმეტე ნომრით, გაზეთებში ნახევარი ადგილი უნდა ეჭიროს კორპუსსა. კორპუსითვე უნდა ვბეჭდავდეთ ლექიკონებსა, ქრონიკებსა, დაბადებასა, სახარებასა და სხვა დის წიგნებსა.

მეთექვსმეტე ნომრის ხმარება შეიძლება სახალხო გამოცემაში მხოლოდ მაშინ, თუ წიგნი პატარაა და ციცეროთი არ გამოვა მთელი თაბახი.

როგორც ცოტა თავ ცარიელს და ჯიბე ცარიელს ხალხს, ქართველებს ძლიერ გვიჭირს ცოცხალი შინაარსით გაჭიკნილი და იაფფასიანი წიგნები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button