ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – შენიშვნა

ამას წინად “ცნობის ფურცელმა” დასტამბა წერილი, რომლის ავტორი მარტო “მამებს” აბრალებს იმ სამწუხარო მოვლენას, რომ დღემდის ქართულს სათავად-აზნაურო გიმნაზიას არ მიურია მთავრობისაგან უფლება დედა-ენაზე მოაწყოს საგნების სწავლება ყველა საშუალო კლასებში და გარდაქმნას იგი ეროვნულ საშუალო სასწავლებლად.

ამ სტრიქონების დამწერი არ ვეკუთვნი არც “მამებს” და არც “შვილებს” სააზნაურო გიმნაზიისას, დიდი ხანია გამოვეთხოვე მას და შემიძლიან მიუდგომელი მსჯელობა განვუზიარო მკითხველს აღძრულ საკითხის შესახებ.

სათავად-აზნაურო გიმნაზიას მართავს ორი დაწესებულება: საპედაგოგო საბჭო და გამგე კომიტეტი. პირველის წევრებად ბრძანდებიან მხოლოდ “შვილები”, რომელთა შორის არც ერთი “მამა” არ მოიპოვება. მეორეს წევრებში ხუთი “შვილია” და ორი “მამა”.

ვსთქვათ, რომ აღნიშნულს დაუდევრობაში მხოლოდ და მხოლოდ გამგე კომიტეტია დამნაშავე, განა უკიდურესი უსამართლობა არ იქნება დაუდევრობა შვიდის წევრისა ორს “მამას” მოვახვიოთ კისერზე და ხუთი შვილი კი უმანკო კრავებად გამოვიყვანოთ? ამ კრავებსაც ხომ ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ხნიერს ცხვრებსა. რატომ არ მოიხმარეს თავისი უფლება და საქმეს სწრაფი მსვლელობა არ მისცეს?

თუ მეტყვით, “მამებს” ბელადობა უნდა გაეწიათ “შვილებისათვისაო”, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს დროში კიბე გადმობრუნდა და “მეთაურობა” ხელთ იგდეს უდიდესს საქვეყნო საქმეებშიაც უწვერულვაშო ყმაწვილებმა. მით უმეტეს შეეძლოთ გამგე კომიტეტის “შვილებს” უნარი გამოეჩინათ იმისთანა მარტივსა და უბრალო საქმეში, როგორც არის მიღება უფლებისა – დედა-ენაზე მოეწყოს საგნების სწავლება ქართულს გიმნაზიაში. მაგრამ ეს უნარი ვერ გამოიჩინეს.

თავი არ გამოიდეს აგრეთვე იმათ, ვისაც პირდაირ აბარია ეს საქმე, ვინც მოვალეა მხოლოდ მასზე იზრუნოს და კეთილად აწარმოვოს. მე მოგახსენებთ მასწავლებელთა კრებულზე, საპედაგოგო საბჭოზე, მათ უნდა აღეძრათ ეს საკითხი, შესაბამი გადაწყვეტილება მიეღოთ, წარედგინათ გამგე კომიტეტებისათვის და ეთხოვნათ, რომ მას თავის მხრივ აღეძრა ჯეროვანი შუამდგომლობა მთავრობის წინაშე.

მაგრამ, ბედად, ამ შუამდგომლობის დაგვიანება არც უბედურობას და არც დიდს დანაშაულობას არ შეადგენს. იგი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად იქმნება შეწყნარებული და განხორციელებული ახლა, როცა მთავრობა ყოყმობიდან გამოვიდა ამ საკითხის შესახებ და ყველა ერს ანიჭებს უფლებას მოაწყოს თავისს ენაზე სწავლება ყველა კერძო სასწავლებელში. სულ ორის-სამის კვირის განმავლობაში მივიღებთ სანატრელს უფლებას მთავრობისაგან…

ბევრად უფრო მძიმეა მეორე დანაშაულობა, რომელშიაც წილი უძევს გამგე კომიტეტებსაც და საპედაგოგო საბჭოსაც. მეტადრე კი უკანასკნელსა. მე მოგახსენებთ ეროვნულ სახელმძღვანელოების უქონობაზე.

დიაღ, ქრთულს ენაზე ამჟამად არ მოიპოვება არც ერთ საგნის სახელმძღვანელო სასწავლებლისათვის. არა გვაქვს არც გეოგრაფია, არც ისტორია საქართველოში დ ასე გასინჯეთ, ლიტერატურული ქრესტომატიაც-კი. არ გვაბადია საზოგადო გეოგრაფია, საზოგადო ისტორია, ქიმია, ბოტანიკა, ზოოლოგია, და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, ამ მხრივ ჩვენში სრული გულსაკლავიდ სიცარიელე მეფობს.

უბედურება კიდევ ის არის, რომ ამ ნაკლის თავიდან აცილება ისე ადვილი არ არის, როგორც ხსენებული უფლების მოპოვება.

თითქმის მთელი წელიწადი სწავლება შეწყვეტილი იყო ჩვენებურს სათავად-აზნაურო გიმნაზიაში, მასწავლებლები ჯამაგირს იღებდნენ და შეეძლოთ მთელი რიგი სახელმძღვანელოები გადაეთარგმნათ, ან შეედგინათ და დაებეჭდათ.

მაგრამ ჯერჯერობით ჭაჭანებაც არ არის მათი…

ახლა მაინც უნდა დააჩქარონ სახელმძღვანელოების გამოცემა, თორემ მიღებული უფლება განუხორციელებელი დარჩება, ფუჭად ჩაივლის, ვიზარალებთ დიდის ზარალით და შევრცხვებით დიდის შერცხვენით.

შეიძლება ესეც მარტო “მამებს” გადავაბრალოთ და “შვილები” უმანკო კარვებათ გამოვიყვანოთ, მაგრამ ამით სქმე განა გაკეთდება? პირიქით, კიდევ უფრო გაფუჭდება, რადგან უმანკო კრავები აღარ შეეცდებიან თავის წილი ბრალი დროზე გაასწორონ…

პირადად ჩვენ ყველა საგნების სახელმძღვანელოების გამოცემა ქართულს ენაზე საშუალებას სასწავლებლებისათვის მაშინაც კი საჭიროდ მიგვაჩნდა და ვთხოულობდით, როდესაც ბრძანებლობდა პლევე და არავითარი იმედი არ იყო, რომ ეს სასწავლებლები ოდესმე მაინც ეღირსებოდნენ დედა-ენაზე სწავლებასა. ამას ვთხოვულობდით არა მარტო პერიოდულ ორგანოების სვეტებზე, არმედ ცალკე პუბლიცისტურ გამოცემებშიაცა. წაიკითხეთ მაგალითად, ვენი “ბურჯი ეროვნებისა” (62 გვ.)

“მარტო ოჯახის ერთგულება არა კმარა დედა-ენის გასაძლიერებლად. სკოლა, ეს უძლიერესი კულტურული ფაქტორი, უნდა ეპყრობოდეს ქართულს ენას სრულის პატივით, როგორც უსაჭიროეს საგანსა… სახალხო სკოლაში იგი უნდა მეფობდეს სრულიად და სავსებით. მასზე უნდა იყოს მოწყობილი მთელი სწავლა, ყველა საგნების გადაცემა, სახელმწიფო ენა კი უნდა ისწავლებოდეს, როგორც მხოლოდ ცალკე საგანი. გარდა ამისა დედა-ენას როგორც ცალკე საგანს, დათმობილი უნდა ჰქონდეს ყოველ წლივ და ყოველ განყოფილებაში არა ნაკლებ ექვსი გაკვეთილისა კვირაში ყველა სახალხო სკოლაში, როგორც ერთი კლასიანში, ისე ორ კლასიანში… საშუალო სასწავლებლებში ჩვენი დედა-ენა უწინდებურად უნდა გადაიქცეს სავალდებულო საგნად ყველა ქართველ მოწაფეთათვის, როგორც სავალდებულოა ადგილობრივი ენა ფინლანდიაში.მისი მასწავლებელნი ჯამაგირით და უფლებით უნდა გათანასწორებულ იმნან, უნდა დაეთმოს ყველა პროგიმნაზიურს და გიმნაზიურს კლასში არა ნაკლებ სამის გაკვეთილი კვირაში. ამას გარდა (მოისმინეთ) საჭიროა ქართულს ენაზე გადაითარგმნოს და შესდგეს სახელმძღვანელონი გეოგრაფიისა, ისტორიისა, ბუნების მეტყევლებისა და ყველა საგნებისა, რათა ქართველმა მოწაფეებმა ორივე სქესისამ გაიმეორონ შინ თავისს დედა-ენაზე ყოველ დღე ის, რასაც რუსულად სწავლობენ გიმნაზიებში და სხვა საშუალო სასწავლებლებში გაკვეთილებზე”.

სრული იმედია, რომ ჩვენი პედაგოგები ახლა მაინც ნამდვილს უნარს გამოიჩენენ და დააჩქარებენ სახელმძღვანელოების დამზადებას.

ეს იქმნება ნამდვილი ღვაწლი “შვილებისა”, რომელსაც საზოგადოება ჯეროვნად დააფასებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button