საკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ჩვენებური ვირთაგვები

ზღვაში ხომალდი მიცურავს. დაეჯახა წყლის ქვეშ მყოფს კლდესა და ძლიერ დაზიანდა. წყალმა იწყო დენა ხომალდში და უქადის მას დაღუპვასა. მოგზაურნი დაფაცურდნენ და ზოგი უცობს გახვრეტილ ადგილსა, ზოგიც შემოსულს წყალს ასხამს ზღვასივე. ხომალდის კაპიტანი ყველას ამხნევებს და იმედ აძლევს მშვიდობით მისვლისას ნაპირამდის. ხომალდის ვირთაგვები კი სრულიად სხვანაირად იქცევიან, ესენი სტოვებენ თავისს ხომალდსა და შეცურდებიან ზღვაში იმ იმედით, რომ სხვა ხომალდამდის მიაღწევენ, გადარჩებიან და ახალს სასუსნავს იშოვნიან. თვით ხომალდის ბედი მათ ფეხებზედაც არა ჰკიდიათ, მაგრამ იმედი უცრუვდებათ, ზოგი მათგანი წყალში იხრჩობა, ზოგი ონავარ ზღვის ცხოველების ლუკმად ხდება და ზოგნი თუმცა მიაღწევენ ხოლმე სხვა ხომალდამდის, მაგრამ იქაური ვირთაგვები ეცემიან, დაჰკბენენ და ამოჟლეტენ ხოლმე. ხომალდი კი ხშირად დაღუპვას გადაურჩება ხოლმე თავისი მოგზაურების ერთგულების და მხნეობის წყალობით.

ჩვენი ეროვნების ხომალდიც სწორედ ამავე მდგომარეობაშია. შფოთიანმა ისტორიულმა ზღვამ და წყლის ქვეშ მყოფმა კლდეებმა იგი მეტად დააზიანეს და საშიშარს მდგომარეობაში ჩააგდეს. თვით მისი არსებობაც კი მომავალში საეჭვო გახდა. სავალალოდ მხოლოდ მცირეოდენი გუნდი მამულიშვოლებისა ებრძვის ამ სახიფათო მდგომარეობას, ყოველის ზიანის განკურნებას ცდილობს, ცდილობს გადაარჩინოს დაღუპვას ეროვნული ხომალდი, გაიყვანოს სამშვიდობოს და სანუგეშო მომავალი მოუმზადოს. უმრავლესობა კი გულგრილად უყურებს ამ საშინელს ხიფათს და ან არ ესმის ამ ხიფათის მომაკვდინებელი მნიშვნელობა და ან თუ ესმის გულხელდაკრეფილი შესცქერის შავს მომავალსა, რადგანაც მთლად მოკლებულია უნარსა და მხნეობასა. ზოგნი კი, ვირთაგვებივით, სტოვებენ ეროვნულს ხომალდსა, ღალატობენ მას, გარბიან მისგან და იმედოვნებენ, რომ სხვა ხომალდზე მოიპოვებენ საზრდოს და ბედნიერებას. მაგრამ ისევე ულმობლად სტყუვდებიან, როგორც სულდაბალი ვირთაგვები.

აი ერთი ჯურის დიპლომიანი ვირთაგვა. იგი კარგად ჰხედავს რა გაჭირვებულს, შევიწროებულს მდგომარეობაშია დედა-ენა, რომელსაც ყოველი უფლება და პატივი აყრილი აქვს სკოლაშიაც და სხვა-და-სხვა დაწეებულებებშიაც. ეს სულიერი რომ ღირსეული ადამიანი ყოფილიყო, ყოველ ღონისძიებას იხმარდა, რომ თავის სახლობაში დედა-ენა, ეს ეროვნული მთავარი საუნჯე, გაემეფებინა და თავისი შვილებისათვის იგი სავსებით შეეთვისებინა. მაგრამ იგი ვირთაგვაა, და ამიტომ ზურგს აქცევს დედა-ენას, სტოვებს მას, თავისს საკუთარ სახლობაში აბუჩად იგდებს, შვილებს მუდამ უცხო ენაზე ეჟღურტულება და მზად არის თვით ლაქიასა და მოახლეს აუკრძალოს ქართული ლაპარაკი ბავშვებთან. და რას მოიმკის? მისი შვილები, მოშორებულნი დედა-ენის ცხოველ მყოფელს გავლენას, მოკლებულნი არიან ყოველს ძლიერს აზრსა, ყოველ ღრმა გრძნობას, ქარაფშუტობით არიან შეპყრობილნი, და გამოდიან გამოუსადეგარნი თავისიანებისათვისაც და ქვეყნისათვისაც.

აი მეორე ჯურის ვირთაგვა. იგი დიპლომიანია. მსახურობს ერთს საშუალო სასწავლებერლში. მისს ღვიძლს საზოგადოებას ძლიერ უჭირს დახმარება ნასწავლი კაცებისა, საზოგადო საქმენი მუშაკთა სიმცირით – არა კეთდებიან, ფუჭდებიან, სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ვაჟბატონს რომ ადამიანის გული ჰქონოდა, ჩაერეოდა საზოგადო საქმეებში, ზურგს მისცემდა მუშაკთა და დაეხმარებოდა ეროვნულის ეტლის მსვლელობასა, მაგრამ მას მხოლოდ თავისი საკუთარი სიკეთე აბრმავებს, თავისი კეთილდღეობა ახსოვს, და ამიტომ ზურგს აქცევს საზოგადოებას, გაურბის მას, ფეხი ამოკვეთილი აქვს ქართულს თეატრში, არც ერთს ქართულს დაწესებულებაში წევრად არ არის, არც ერთ წამს, არც ერთს გროსს არ ახმარებს მშობლიურს საქმეებსა. ჩინოვნიკობს, აგროვებს ფულსა და ბედნიერებას ელის, მაგრამ ტყუილად. მოკლებული კაცურს ცხოვრებას, ხავსდება თანდათან, ყველას ადამიანურს ღირსებას და გრძნობას ჰკარგავს, ყველას სძულდება, მყრალს ჭიას ემსგავსება და ბოლოს ლევს თავის ღატაკს სულსა ისე, რომ არც ერთს ადამიანში იოტის ოდენა სიმწუხარეს არა ჰბადავს, სიკვდილის მოახლოვებაც კი ვერ აღვიძებს მასში ადამიანურს მცნებას და თავის 30.000 ფულიდგან გორშ კაპეიკს არ უტოვებს საზოგადოებას. ეს ფული სავსებით გადადის მის უსაქმურ და ბედოვლათ ნათესავების ხელში და ბოროტს საქმეებში იხარჯება. ვირთაგული ბოლოა, განა?

აი მესამე ჯურის ვირთაგვა. ეს კი ყოვლად მყრალი, ყოვლად საზიზღარი ქვემძრომია. იგი არამც თუ გაურბის ყოველ მონაწილეობა საზოგადო საქმეებში, პირიქით თავის პროფესიად გაუხდია ცილის წამება და ბეზღება იმ მუშაკთა, რომელნიც შეძლებისდა გვარად სცდილობენ შეამცირონ საზოგადო უბედურება. ეს ვირთაგვა ამ ბეზღებით მოელის წინ წაწევას, ქონების შეძენას, კეთილდღეობას. სხვის უბედურებაზე მას სურს ააგოს საკუთარი ბედნიერება. მაგრამ ვირთაგულს ბედს ვერც ეს ასცდენია. თავისიანებს ყველას იგი ჭირივით ეჯავრებათ და ეზიზღებათ, არა ნაკლებ ეზიზღებათ გულში ეს ქვემძრომი იმათაც, ვის საამებლადაც სჩადის ამისთანა სულმდაბლობას, და თუ თეთრს კბილს უჩვენებენ და თავზე ქონს უსმენ, ეს მხოლოდ დროებით, ვიდრე არ მოიმსახურებენ, მერმე კი პანჩურს ჰკრავენ ხოლმე ამ მოსაზრების ძალით: ეს ქვემძრომი თუ თავისიანებს ღალატობს, მით უმეტეს ჩვენ გვიღალატებს, თუ მეტი ლუკმა დაანახვეს სხვამაო, და მიჯვნი ეშმაკისგანაო.

აი მეოთხე ჯურის ვირთაგვა. ეს ხელს უწყობს და ეხმარება ჩვენის ერის დაქუცმაცებას, ღვიძლი ძმების გაყრას, იგონებს რაღაც პროვინციალურს ანბანს, რაღაც პროვინციალურს ენასა, სცდილობს ხელი გაუმართოს ჩვენის ერის პატარ-პატარა ლუკმებად დაყოფასა, რომ მისი გადაყლაპა გაუადვილოს მოქიშპე კავკასიის ერებსა. ბატის ტვინი და სულმდაბლობა ქვეწარმავლისა ერთად არიან შეზავებულნი ამ ვირთაგვაში.

აი სენაკის ვირთაგვაც. ეს მამაცი ქევწარმავალი არამც თუ სკოლაში სდევნის ქართულს ენასა, არამედ სკოლის გარეშეც უკრძალავს მას თავის მოწაფეებს და ყველას, ვინც ასე უკუღმართად არ იქცევა, ორგულობას აბრალებს, ცილსა სწამებს და აბეზღებს.

სამურზაყანოც არ არის ამ მხრივ ჩამორჩენილი სხვა ჩვენებურს კუთხეებზე. აქ ბანკი აქვს კაი ხნიდან ერთს მეტად აბეზარს გრძელ კაბიანს ვირთაგვას, რომელმად დაუბეზღებელი და ცილ დაუწამებელი არ გაუშვა არც ერთი ადგილობრივი მოღვაწე, არც ერთი რიგიანი მასწავლებელი, არც ერთი ლიტერატორი და ასე გაშინჯეთ, არც მღვდელმთავარნი. თავისი საზიზღრობით ამან ბევრად გადააჭარბა სხვა კუთხეების ვირთაგვებსა.

სამწუხაროდ, თბილისშიაც სუფევს სულიერი, რომელსაც ვირთაგვას სახელს ვერ ვაკადრებ თუმცა დიდი ვირთაგული ცოდო კი ჩაიდინა. ამან მოაჭორა, მოიგონა, შეთხზა კ ა ღ ა ლ რ უ ს ო ფ ო ბ ო ვ (რუსთა მოძულე დასი) ქართველთა შორის და დაბეჭდა ერთს სატხტო გაზეთში. რად იკადრა ასეთი მეტად მავნებელი ცილისწამება, რომელიც ორგულობის ჩრდილს აყენებს ყველა ქართველს, აძლიერბს უსაფუძვლო ეჭვს ქართველთა ერთგულებაზე და იწვევს შემავიწროვებელს ზომებსა და ისედაც გაჭირვებულს მდგომარეობას ჩვენის ქვეყნისას უფრო კიდევ ამწვავებს? ალბათ იმიტომ რომ თავისი ერთგულების ფასი გაეზვიადებინა, თავისი კარიერის, პირადი ბედნიერების დროშა მაღლა აღეფრიალებინა და საძირკვლად გაეხადნა თავისიანთა გაჭირვება, შევიწროება, უბედურბა. მართალია, ახლა თითქო ნანობს და სცდილობს როგორმე შეირიგოს ქართველი საზოგადოება; მაგრამ ამისათვის საკმარისი არ არის წვრილმანი სიკეთენი. დიდს ცოდოს დიდი მონანიება ეჭირება, დიდს ვნებას მხოლოდ დიდი ღვაწლი განაქარწყლებს და გააბათილებს, თუ ამას მოიმოქმედებს ეს პირი, ქართველობა ისეთივე სიყვარულით მიიღებს მას და მიიჩნევს ღირსეულ ადამიანად, როგორითაც მიიღო მაცხოვრის იგავით გზა-დაბნეული აბელი მისმა ღვიძლმა მამამ…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button