საკითხავი

კონსტანტინე გამსახურდია “ტერენტი გრანელის სულიდან საფლავები”

ჩვენი თანამედროვეობა მისტიკის სანიშნოს უყურებს. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა პოეტის საოცარი გამბედაობით გამოცემულმა წიგნმა, რომელიც უფრო საოცარ წარწერას ატარებს: “ტ. გრანელი მოდის სისხლიანი საფლავიდან”. ჩვენ დროს ესაჭიროება ქრისტეს სისხლიანი სახის დემონური შემოხედვა. ევროპულის მასშტაბით მოხდა დიდი გარდატეხა, რადიკალიზმიდან მარჯვნივ. ფილოსოფიაში მისტიკა იმარჯვებს. პოეზიასაც მისტიკური ქროლვა ეუფლება. ახალგაზრდა ტ. გრანელი სიმპატიურია ამ მხრივ. წიგნში მრავალი გულწრფელი ცრემლია, დიდი მჭმუნვარება, დიდი სევდა, გაუხარებელ ნაღველში გამოზრდილი თაობისა. სტრიქონები აქა-იქ სევდიანია, როგორც ცოდვილი ქერუბიმების თეთრი ფრთების შრიალი.
ლექსების ტექნიკაშიც დიდი წინსვლა ეტყობა პოეტს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ტერენტი გრანელი ალაგ-ალაგ დაშინებას გვიპირებს თავის “მკვდრების” ფანტომებით. ჩვენ ისეთი საშინელი ვაკხანალიის განმცდელი თაობის წარმომადგენლები ვართ, რომ სისხლიანი სურათებით ვერავინ დაგვაშინებს. დღეს რეალობა უფრო მეტ ტრაგიკულ მოტივებს იძლევა. ვურჩევთ ახალგაზრდა პოეტს, მოიზომოს ფერადები; ფერადების ნაძალადევი დამუქება მხოლოდ იმას მოწმობს ყოველთვის, რომ ავტორს ალაგ-ალაგ ფერადების ჰარმონია აკლია.
ეს წიგნი უახლეს პოეზიაში ძლიერ თამამი სიტყვაა, მას ჩვენ თავის დროზე, ჯეროვან ყურადღებას მივაქცევთ.
საოცარი მატერიალური სიღარიბე ეტყობა წიგნს, მაგრამ ეს აორკეცებს იმ ცრემლიან მჭმუნვარებას, რომელიც ასე ძლიერად ჰქრის ამ მინანქრის სტრიქონებიდან”.

ჟურნალი “ილიონი”, 1922 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button