ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი –

„მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება“.

„ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს“.

„ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე“.

„მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება“.

„მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა“.

„რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო“.

1469957_237584759736750_1226264504_n

„სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით“.

„ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს“.

„ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები“.

„დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ“.

„განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს?“

„ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს“.

„ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ“.

„იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის“…

„ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია“.

„ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის“.

„ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა“.

„მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის“.

„ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება“.

„ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო!“

„ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს“.

„ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია“.

„ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა“.

13151948_1099236916828792_4561106981002510959_n

„ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის“.

„სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით“.

„თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით… რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე!“

„ყოველი ადამიანის მგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება“.

„ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა“.

„მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან“.

„მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ!“

„ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან“.

„არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს“.

535800_141699259325301_517858740_n

„თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე“.

„ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი“.

„ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ“.

„აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ… ჩვენ ხომ… გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ“.

„მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა – არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button