ლიტერატურაპოეზიასაკითხავი

ჰომეროსი – ქება მეთექვსმეტე. პატროკლეა

ასე იბრძოდნენ ბაგირმტკიცე ხომალდებისთვის,
როცა პატროკლე ლაშქართ მწყემს პელიდს ეწვია.
მხურვალე ცრემლი დასდიოდა, როგორც მთის ნაკადს
კლდის ნაპრალიდან მოსჩქეფს ხოლმე შავი ჩქერები.
5 შეხედა მოძმეს, შეებრალა ფეხმარდ აქილევსს
და მოფერებით მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”რაო, პატროკლევ, რად ცრემლოობ, ვით ნორჩი გოგო,
დედას რომ მისდევს, ატატებას ჰვედრის ტირილით,
ებღაუჭება კაბას, წამსვლელს კალთაზე ეკვრის
10 და შესციცინებს ცრემლიანი – ამიყვანეო.
იმასა ჰგავხარ შენც, პატროკლევ, ცრემლებს რომ აფრქვევ.
იქნებ რაიმე მირმიდონელთ გინდა გვაცნობო?
იქნებ მარტო შენ იცი რამე შინაურებზე ?
კარგად არისო აკტორის ძე მენეტიოსი,
15 ამბობენ, პელევს ეაკიდიც მხნედ ბრძანდებაო.
მართლაც საზარი იქნებოდა მათი სიკვდილი!
იქნებ არგიველთ ბედზე შფოთავ, ეგრე უწყალოდ
უსამართლონი გემებთან რომ ისრისებიან?
გულში ხვაშიადს ნუ ჩაიკლავ, მითხარ, ვიცოდე”.

20 ამოიოხრა და მიუგო გმირმა პატროკლემ:
”აქაველთ შორის უქველესო გმირო აქილევს!
ცრემლი შემინდე! დიდი ურვა ერგო აქაველთ,
ყველას, ვისაც კი უმამაცეს მეომრად თვლიდნენ,
უწყალოდ დაჭრილს სული ხდება შავ ხომალდებთან!
25 ისრით დაკოდეს დიომედე, ხელჩართულ ომში
ოროლით დაჭრეს ოდისევსი, აგამენონი,
ევრიპილოსიც ბარძაყჭია შუბით მოწყლული,
მათ აქიმები თავს მზრუნველად დასტრიალებენ.
შენ კი, აქილევსს, მხოლოდ შენ ერთს არ გეწვის გული!
30 ო, შენებრ რისხვს დაუცხრომელს არ მოვსწრებივარ!
ვის შეუძლია ჩვენი მოდგმა გადაარჩინოს,
თუკი არგიველთ სამარცხვინო ხვედრს არ აშორებ?
გულუკეთურო! არ შეგფერის მამად პელევსი,
დედად თეტისი არ გერგება! შავმა კლდეებმა
35 და ზღვამ გშვეს გულქვად, როგორებიც თვითონ არიან!
თუ ღვთაებრივი სასწაული რამ გულს გიშფოთებს,
თუ ზევსის რამე საიდუმლო გიამბო დედამ,
მე ჩამრთე ომში, მე მომანდე მირმიდონელნი!
დანაელთ ბედის მანათობლად ეგების ვერგო!
40 მხრებზე ავისხამ შენს საჭურველს შეუდარებელს:
ვინძლო ბრძოლის დროს აქილევსად მიგულვოს მტერმა,
აქაველ მოყმეთ ღონემიხდილთ შვება მიეცეთ.
იშვიათია დასვენების წუთი ომის დროს.
დასვენებული ჩვენი რაზმი ბრძოლით დამშვრალ
45 ტროელთ მხედრობას გემებიდან გაჰრის იოლად”.

ასე სთხოვდა და ვერ განსჭვრიტა, რასაცა სთხოვდა:
სიკვდილსა სთხოვდა უბედური და არადყოფას!
ამოიოხრა და მიუგო გმირმა ფეხმარდმა:
”აბა, რას ამბობ, ო, პატროკლევ, კეთილშობილო!
50 მისნობა როგორ შემაშინებს? ღვთაებრივ დედას
ზევსის სურვილზე არაფერი ჩემთვის არ უთქვამს.
მაგრამ გულს მსჭვალავს, სულს მიშფოთებს სასტიკი რისხვა,
როს ვხედავ – კაცი თანასწორის გაძარცვას ცდილობს
მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებით აღემატება!
55 და არც დაცხრბა რისხვა ჩემი: ბრძოლაგადახდილს
აქაველებმა შემირჩიეს ჯილდოდ ასული:
შუბით ვირგუნე, როს დავთრგუნე მტკიცე ქალაქი
და თვითნებურად გამომტაცა ხელიდან ქალი
აგამენონმა, თითქოს ვინმე ბოგანო ვიყო!
60 მაგრამ რაც მოხდა, რას გავაწყობ! არც ეგ ივარგებს,
რომ რისხვას ზღვარი არ დავუდო. ის კი ცხადია,
არ დავწყნარდები, სანამ აქვე ჩემს ხომალდებთან
და ჩვენს ბანაკთან არ ატყდება ომის გნიასი. . .
კარგი, პატროკლევ, შეიმოსე ჩემი ბექთარით
65 და წინ გაუძეხ მირმიდონელთ, ომს მოწყურებულთ.
ვხედავ, გარშემო ტროელ სპათა შავი ღრუბელი
გემს მოსჯარვია, ზღვის კიდესთნა მიჭეჭყილები
ძლივს იკიდებენ აქაველნი ფეხს ქვიშროვანზე.
თავს დასტყდომია ტროა აგრე გალაღებული:
70 ვეღარ ხედავენ ბრძოლის ველზე პელიდის ჩაჩქანს
თვალისმომჭრელს და მოელვარს! მათს გვამებს მიწა
ვერ დაიტევდა, აგამენონს რომ არ ეძალა.
ბანაკს და გემებს მოსდგომია მტერი თამამად,
აღარ მძვინვარებს დიომედე მძლე მარჯვენაში
75 მძლავრი ბოძალი, რომ აშოროს ლაშქარს მოძალე.
აგამენონის საძულველი ბაგე-პირიდან
ხმა აღარ ისმის, კაცთამჟლეტი ჰექტორი ოდენ
გრგვინავსს ტროელთა შორის მყოფი, მძლავრი ყიჟინით
ველს აზანზარებს და სასტიკად მუსრავს აქაველთ!
80 კმარა! პატროკლევ, ააშორე ხომალდებს ცეცხლი,
მტკიცედ დაჰკარი, რომ გემები არ გადაბუგონ,
გზა არ მოგვიჭრან სანუკვარი – შინ წასასვლელი!
ოღონდ მისმინე და ეს რჩევა გულს ჩაიბეჭდე:
სახელ-დიდება მომიხვეჭე დანაელთ შორის,
85 რომ მშვენიერი ქალიშვილი უკან მომგვარონ,
თან მოსაკითხი მომიტანონ აურაცხელი,
გემს ააცდინე განსაცდელი და დამიბრუნდი!
მეხისმტყორცნელმა თუნდ დიდებით გაგამამაცოს,
მაინც უჩემოდ ნუ გაბედავ ბრძოლის მოყვარე
90 მტრის იავარქმნას, ნუ შებღალავ ამით ჩემს სახელს.
გულანთებულმა სიმამაცით სძლიე ტროელნი,
მაგრამ სპას ნუღარ წარუძღვები ილიონისკენ,
რომ ოლიმპოდან მათდა შემწედ უკვდავი ვინმე
არ მოგვევლინოს: აპოლონს ხომ უყვარს ტროელნი!
95 როგორც კი გემებს გადაარჩენ, მყისვე დაბრუნდი,
აქაველები მოსასპობად იქვე დატოვე!
მამაო ზევსო! ო, ათენავს! დიდო აპოლონ!
ნეტავ ტროელთა, არგიველთა მხედრობამ სრულად
მოსპოს ერთურთი! მხოლოდ ჩვენღა გავექცეთ სიკვდილს,
100 მხოლოდ ჩვენ დავცეთ ილიონის ამაყი ციხე!”

ამ საუბარში იყვნენ, როცა ტროელთ თავდასხმას
ვეღარ გაუძლო აიანტმა – ისხარს ისართა.
ზევსის ძალამ და სწრაფმოისარ მტრის სიმამაცემ
დათრგუნა გმირ, მოელვარე რვალის მუზარადს
105 წკრიალ-წკრიალი გასდიოდა, სპილენძის წიბოს
ხვდებოდა რვალი, და აიანტს მხარიც დააწყდა
ფარის სიმძიმით, აქამდე რომ ეჭირა მტკიცედ.
მაინც ვერ დაძრეს, თუმც ოროლებს თვლა აღარ ჰქონდა.
ხშირ-ხშირად, მძიმედ, ღრმად სუნთქავდა, ოფლი ღვარ-ღვარად

110 სდიოდა, მაგრამ არ შეეძლო ერთი წამითაც
მას შეყოვნება -საფრთხეს ისევ საფთხე მოსდევდა.

გვამცნეთ, მუზებო, ვის ოლიმპო გეგულვით სახლად,
როგორ მოედო აქაველთ გემს ცეცხლი მსახვრალი?

მიეჭრა ჰექტორ და იფნის შუბს აიანტისას
115 სწვდა ორლესულით და დიბლიგი შუა გაუპო.
ამაოდ სცადა აიანტმა ტელამონის ძემ
მოღერებული შუბის ტყორცნა, ბასრი ბუნიკი
მოსწყდა შუბისტარს, დაენარცხა მიწას წკრიალით.
მყის გულის თრთოლვით აიანტი მიხვდა, რომ ღმერთებს
120 ასე სწადიათ, რომ მის ყოველ მოწადინებას
მაღლით მგრგვინავი ზევსი ჩაშლის ტროელთ შემხიდე.
რაღა გზა ჰქონდა, უკუმიდგა. მყისვე ტკაცუნით
ცეცხლი მოედო გემს, ზედ ალმა გადაირბინა.
ამ დროს ფეხმარდმა აქილევსმა რისხვით ბარძაყზე
125 ხელი დაიკრა და შესძახა მამაც პატროკლეს:
”გმირო პატროკლევ! ო, იჩქარე, ჩემო მხედარო!
ვხედავ, გიზგიზებს უკვე გემზე ცეცხლი შთანთქმელი.
თუ ხომალდები ხელთ ჩაიგდეს, გზაც მოგვეჭრება!
თორნ-იარაღით შეიმოსე, მე სპას მოვუხმობ!”
130 ასე ბრძანა და ყრმამ ელვარე რვალს ხელი ჰკიდა.
თავდაპირველად მოიწვართა საბარკულები,
ვერცხლის კავებით იკვრებოდა ზედ მჭიდროდ იკა.
განიერ მკერდზე სამკერდული ეაკიდისა
სწრაფად აისხა, ვარსკვლავებით გაბრწყინებული.
135 მხარზე ღვედი და ხმალი ვერცხლისსამსჭვალიანი
აისხა რვალისპირიანი, ფარს დასწვდა ბაკმულს,
თავზე მოირგო მოელვარე ზუჩი, მრისხანედ
უთრთოდა ჯიღა, ცხენის ფაფრით დამშვენებული.
ხელში რაც მოხვდა, იმ შუბს მისწვდა, როდი ინდომა
140 ბოძალი გმირი ეაკიდის: მძიმე რამ იყო
მტკიცე იფანი. ვერაკაცი აქაველთაგან
ძვრას ვერ უზამდა. აქილევსი კი შუბს მსუბუქად
ხმარობდა ხოლმე! თურმე ქირონს მამამისისთვის
მტრის სავალალოდ პელიონზე მოუკვეთია.
145 ცხენთა შეკაზმვა ავტომედონტს სთხოვა პატროკლემ,
მძლე აქილევსის შემდეგ ყველა გმირზე ღირსეულს,
ყველაზე ერთგულს და ბრძოლაში ყველაზე ამტანს.
ავტომედონტმა მიაყენა ხელნასთან ცხენნი –
ქსანთოს, ბალიოს – ფრთაშესხმულნი, ქართუმალესნი.
150 ცხენნი პოდარგემ შვა, ჰარპიამ, ოდეს ზეფიროსს
ეწვია ველზე ოკეანის შმაგ ნაკადებთან.
სწრაფი პედასიც მოიყვანა. აქილევსს ერგო
ეს ცხენი, როცა ეტიონის ციხე დალაშქრა.
ტოლს არ უდებდა უკვდავ რაშებს მოკვდავი ცხენი.

155 იმ დროს პელიდი მირმიდონელთ კარვებს ეწვია,
ბრძოლად განაწყო, როგორც მგლები ხორცისმჭამელნი.
აულაგმავი თავხედობა მგლებს გულში უდევთ,
ქორბუდა ირემს მთის წარაფთან დასცემენ ოდეს.
უწყალოდ ფლეთენ. სისხლით წითლად უღვივით ხახა.
160 შემდეგ მაძღარნი შავ წყაროსთან მიხროვდებიან,
შესმული სისხლი ლაშზე დასდით, გასკდომაზე აქვთ
სტომაქი, მაგრამ გული სავსე რცება სიხარბით.
მირმიდონელთა გუნდის თავნიც ომში მგლებს ჰგვანან.
165 ფეხმარდ პელიდის სპა შეუდგა ყრმას კეთილშობილს,
მათ შორის იყო აქილევსიც ბრძოლისმოყვარე,
ყიჟინით ცხენებს აღაგზნებდა, ფაროსან მოყმეთ.
ორმოცდაათი მოეყვანა ხომალდი პელიდს,
ზევსის რჩეულ გმირს, ტროის მხარეს, ყოველ ხომალდზე
170 ორმოცდაათი მოყმე იჯდა ხოფის საბელთან.
ხუთი თავკაცი შეერცია ომში წინამძღვრად,
თვით კი მთელს ლაშქარს თავკაცობდა ხელმწიფურ ნებით.
თორნმოელვარე მენესთიოს უძოდა ერთ რაზმს –
სპერქეიოსის ძე, მდინარის, ცით ჩამოღვრილის:
175 მალულა თურმე შმაგ ნაკადთან შვა პოლიდორემ –
პელევსის წულმა, ქალმა ღმერთთან შეერთებულმა.
თუმც ისიც უთქვამთ, პერიერიდ ბოროსგან ჰყავსო,
რომელმაც მასზე იქორწინა დიდძალ საფასით.
მეორე რაზმი მოჰყვებოდა მამაც ევდოროსს.
180 იგი ფერხულში უებარმა, ფილანტის ქალმა
შვა – ჰოლიმელემ. ჰერმეს ღმერთი მხიარულ ქალწულს
დამონებია, როს ტკბილხმიან გუნდში უხილავს,
ოქროსისრიან არტემისის დღესასწაულზე.
კოშკში შესულა, საიდუმლოდ შეუღლებულა
185 ქალწულთან ღმერთი. და შვა ქალმა ძე მშვენიერი –
ევდოროს – სწრაფი ასპარეზზე, შმაგი ბრძოლაში.
ელეითიამ, მშობიარის შემწემ, ამ ქვეყნად
გამოაჩინა ძე, აჩვენა მზის ბრწყინვალება
და ექეკლესმაც, აქტორის ძემ, ცოლად დაისვა
190 შინ პოლიმელე, როს გაიღო საზღო დიდძალი.
ხოლო ფილანტმა, მხცოვანმა, შინ, თვის სასახლეში
გაწვრთნა ყმაწვილი, შეუყარდა გულით, ვით შვილი.
მესამე რამზს კი მოუძღოდა პეისანდროსი –
მაიმალის ძე.
მირმიდონელთ შორის ვერვინ
195 მხედრად ვერ სჯობდა, აქილევსის მეგობრის გარდა.
მეოთხე იყო ფოინიქსი, მცხოვანი გმირი,
მეხუთე რაზმთან – ალკიმედოტნ, ძე ლაერკვესის.
რაზმებს თავკაცნი დაუყენა, მწყობრად დააწყო.
და ხელმწიფური სიტყვა უთხრა მათ აქილევსმა:
200 ”მირმიდონელნო, გაიხსენეთ მუქარის სიტყვა,
გემებთან ტროელთ რომ უთხარით, როს სამართლიან
რისხვით ვიწვოდი. თქვენ ხომ მაშინ მეც შემარცხვინეთ:
შე საზარელო, ალბათ შხამით გაგზარდა დედამ,
რომ შენს მეგობრებს გემებიდან არ იშორებო!
205 ბარეღამ სახლში დავბრუნდეთო, დაუნდობელო,
რაკიღა გული ბოროტ ბოღმით გგსივებია!
განრისხებულნი ამ სიტყვებით მხვდებოდით ხოლმე.
ახლა დაგიდგათ ბრძოლის ჟამი, ამას ნატრობდით!
მაშ, ვისაც ერჩის გული, ტროელთ შეებას მედგრად!”
210 თქვა და აუთნო ყველას სული და სიმამაცე.
მეფის სიტყვაზე უფრო მჭიდროდ შეიკრნენ სპანი.
ვით კირითხურო აგებს კედელს მტკიცე ქვებისგან,
მიჯრით დააწყობს, შეკრავს და გზას დაუხშობს ნიავს,
ისე ეკვროდა ერთურთს რვალის ფარ-მუზარადი.
215 ფარი ბაკმულ ფარს, კაცი კაცს და ჩაჩქანი ჩაჩქანს
შენივთებოდა, ეხებოდა ზუჩს ბოლო ზუჩის –
ათრთოლებული, ისე მჭიდროდ სპანი შეიკრნენ.
სულ ყველაზე წინ იდგა ორი ბრგე აბჯროსანი –
ავტომედონტი და პატროკლე, ჩქარობდნენ გასვლას
220 და ერთი სული ჰქონდათ,სანამ ომს დაიწყებდნენ.

კარავს შევიდა აქილევსი, თავი ახადა
ლამაზ კიდობანს, ვერცხლისმუხლა თეტისის ნობათს,
გემით მოტანილს, ქლაინებით, ქიტონით სავსეს,
ხაოიანი თექებით და ქარსაცავ ნოხით.
225 თასიცა ჰქონდა მშვენიერი, მისგან არაკაცს
ღვინო არ უსვამს, არ რგებია მისგან არაღმერთს
წმინდა ზედაშე, გარდა თვითონ მამა-ზევსისა.
სწორედ ეს თასი ამოიღო, ჯერ ხომ გაფერა
გოგირდით, შემდეგ გამორეცხა მოკამკამე წყლით.
230 ხელდაბანილმა მერმე ღვინით გაავსო თასი.
ეზოში დადგა და ასხურა წმინდა ზედაშე,
ზეცის შემყურე ლოცულობდა. შენიშნა ზევსმაც:
”ზევსო, დოდონთა და პელაზგთა უფალო, მკვიდრო
ცივი დოდონის, სადაც შენი მკითხავებია –
235 სელები, ფეხს რომ არ იბანენ, მიწაზე წვანან!
შენ ხომ ჩემს ლოცვას, ლმობიერო, მოაპყარ ყური,
მადიდე ფრიად, დაამცირე აქაველთ ხალხი,
ახლა კიდევ გთხოვ, შემისრულე ერთი სურვილიც!
მე ვრჩები დრომდე ხომალდების ჩემის სადგომთან,
240 ხოლო მეგობარს ბრძოლად ვუშვებ და მირმიდონელთ.
ამათ არგუნე ძლევა, ზევსო წინასწარმჭვრეთო!
გული მამაცი განუმტკიცე, იგრძნოს ჰექტორმაც,
შეძლებს თუ არა შეერკინოს მარტო პატროკლე,
თუ მკლავნი მისნი მძვინვარებენ მხოლოდღა მაშინ,
245 ოდეს მეცა ვარ გამოსული არესის კვალზე!
ხოლო როს გმებს განაშორებს ხანძარს და სიკვდილს,
კვლავ დამიბრუნე უვნებელი ნავ-ხომალდებთან
აბჯრით მოსილი, ყველა მამაც მოძმის თანხლებით!”

მავედრებელმა ასე უთხრა. უსმინა ზევსმაც
250 ერთს ნაწილს თხოვნის, მეორე კი ყურად არ იღო,
აღაკვეთინა ხანძარი და ბრძოლა გემებთან,
მაგრამ უვნებლად დაბრუნდება აღარ აღირსა.
მოყმე, ზედაშე რომ ასხურა, მორჩა ლოცვასაც,
კარავს შევიდა, ჩადო თასი კვლავ საესავი.
255 გულმა არ უქნა, გამოვიდა ისევ კარვის წინ,
რომ კვლავ ეხილა ტროელთა და აქაველთ ბრძოლა.

ამ დროს პატროკლეს მიჰყვებოდა სპა, შემართული
მტერთან საომრად, რომ ტროელებს შეტაკებოდნენ.
ისევე სწრაფად გამოცვივდნენ, ვით კრაზანები,
260 გზის გაყოლებით რომ ცხოვრობენ. ბალღებს სჩვევიათ
მარადღე მათი დაფეთება მყუდრო ბუდეში.
ჭკუაუსრული ბევრს მოუტანს სხვასაც სიავეს.
თუ ვინმეს ამ დროს მოგზაური გაივლის ახლოს
მყისვე ფრთოსნები კვლავ უშიშრად გამოცვივიან
265 უმწეო მწერთა და ბუდეთა გადასარჩენად.
ამ გულითა და ასეთივე სულისკვეთებით
მირმიდონელნი გამოცვივდნენ ხომალდებიდან.
მათ კიდევ უფრო ამხნევებდა გმირი პატროკლე:
”მირმიდონელნო, მეგობარნო ფეხმარდ პელიდის!
270 იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
ვადიდებთ პელიდს, იგი არის არგიველთ შორის
უმხნესი, ხოლო თქვენ ხართ მისი მძლე მეაბჯრენი!
ატრიდმაც იგრძნოს, თუ რაოდენ დამნაშავეა,
რომ მოაყივნა გულუმხნესი აქაველთ შორის!”

275 ასე ანბიბდა და აღაგზნო გული მით უფრო.
მიეჭრნენ ტროელთ და მათს ძახილს გაეხმიანა
საზარ ქუხილით მისადგომი ნავ-ხომალდების.
ტროელთ, როგორც კი თვალი მოჰკრეს მამაც პატროკლეს,
მეაბჯრის გვერდით მოელვარეს დიდებულ თორნით,
280 გული შეუკრთათ. შეტორტმანდა სპათა ფალანგი.
იფიქრეს, ალბათ, უქმად მყოფმა პელეიონმა
რისხვა დააგდო და კვლავ მიდრკა მეგობრობისკენ.
თვალის ცეცება იწყეს, ვინძლო მტერს გავექცეთო.

ხოლო პატროკლე მოლაპლაპე შუბით შეიჭრა
285 მტირს შუაგულში, სადაც მჭიდროდ იდგა მხედრობა
პროტესილაეს, მართლმორჭმულის, გემის გარშემო.
გმირ პირაიქმს, რომელს მოჰყვა პეონთა ჯარი
შორი ქვეყნიდან ამიდონტის, სად დის აქსიოს,
მარჯვენა მხარში დასცა შუბი. დაასკდა მიწას
290 მტერი მკვნესარი. მყისვე ირგვლივ შემოეფანტა
ყველა პეონი: მათ პატროკლემ მოჰგვარა ძრწოლა,
რაკი ბელადი დასცა, ომში უმამაცესი.
გემი რომ იხსნა, მოგიზგიზე ცეცხლი დაშრიტა.
დათმეს ხომალდი, სანახევროდ დამწვარი, მტრებმა,
295 სულ აირივნენ, დანაელნი ფუღურო გემებს
მყისვე მიადგნენ, ატყდა ერთი აურ-ზაური.
მთის თვალუწვდენელ მწვერვალიდან მოქუფრულ
გვერდზე გაფანტავს ხოლმე ზევსი ელვისმტყორცნელი,
გადაიშლება თვალწინ ველი, კლდე და ბორცვები,
300 ცისქვეშ ეთერი უბოლოო და უსასრულო.
ასე გემს ცეცხლი ააცილეს დანაელებმა,
მაგრამ ჯერ კიდევ არ ცხრებოდა ცეცხლი ბრძოლისა:
თუმცა ტროელნი აქაველთა ომნაცად ლაშქარს
გაექცნენ, გემებს არც თუ ძლიერ მოსცილებიან;
305 კიდევ მხნედ იდგნენ იძულებით უკუქცეულნი.

გაუხშოებულ სარბიელზე კაცი კაცს კლავდა,
ბელადი-ბელადს. მძლე პატროკლემ თავდაპირველად
არიელიკოს ბასრი შუბით დასცა ლტოლვილი,
უკან, თეძოსთან გაატანა რვალმა ბოლომდის.
310 მენელაოსმა ამ დროს თოანტს დასცა ოროლი
შიშველ გულმკერდში, ფარს ასცდა და ძვლები დალეწა.
ამფიკლოსს თვალი ფილეიდმა მოჰკრა თავდამსხმელს,
დაასწრო, თეძოს დასცა შუბი, სად კაცის ფეხი
315 მსხვილი კუნთებით შემოსილა. ოროლის წვერმა
ძარღვები გაჭრა და გმირს თვალში ჩაუდგა ღამე.
ანტილოქოსმა ატიმნიოს განგმირა შუბით
და ნაწლავებში ჩაიძირა სპილენძის წვერი.
მოყმე დაეცა მის ფეხებთან. მარისმა შუბი
320 მყის მოუღერა ანტილოქოსს, ძმის მოკვლის გამო
განრისხებულმა. წიანუსწრო მას თრასიმედემ,
სანამ სტყორცნიდა მტერი, თვითონ დასცა ოროლი
ზედ ბეჭისთავზე, შუბისწვერმა ძარღვი გაწყვიტა,
ხელი მოკვეთა, დაუმსხვრია ძვალი და რბილი.
325 ზათქით დაასკდა მიწას, თვალში ღამე ჩაუდგა.
ასე ბედკრული ძმები ძმათა ხელით მოკლულნი,
ჰადესს შთაინთქმნენ, სარპედონის მძლე მეგობრები,
ამისადოროს მოისარის ძენი, რომელმაც
ოდესღაც კაცთა სავალალოდ ჰკვება ქიმერა.
330 ოლივესის ძემ აიანტმა კლეობულოსი
ცოცხლად ჩაიგდო მაშინ ხელში და ადგილზევე
მოყმეს სიცოცხლე მოუსწრაფა ბასრი მახვილით.
სისხლში გახურდა ორლესული, თვალი დაუვსეს
მოყმეს სიკვდილმა მეწამულმა და ბედისწერამ.
335 პენელეოსი და ლიკონი შეიბნენ. შუბმა
მოყმეთ უმტყუნა, ოროელები სტყორცნეს ამაოდ.
ხმალდახმალ შეხვდნენ. წინაუსწრო გმირმა ლიკონმა,
ცხენისძუიან ზუჩში დაჰკრა, სპილენძის ხმალი
ზედ გადაემსხვრა. ყურთან ხმალი პენელაოსის
340 ყელში ვადამდე ჩაიძირა. კანს დაეკიდა
თავი მოჭრილი. გაცამტვერდა სიმტკიცე მოყმის.
წამოეწია მერიონე მაშინ აკამენტს,
ეტლზე ასვლის დროს მოასხეპა მარჯვენა მხარი.
გმირი დაეცა, ჩაეღვარა თვალში წყვდიადი.
345 იდომენევსმა შიგ ხახაში ჩასცა ერიმანტს
ლახვარი, ტვინი გაიარა რვალმა და გარეთ
გამოჰყო თავი, თეთრი ძვლები დაემსხვრა მოყმეს,
კბილნი დასცვივდა, გადმოკარკლულ თვალთაგან სისხლი
სდიოდა, ნესტორს და გახლეჩილ ხახასაც უხვად,
350 სანამ სიკვდილის შავი ღრუბლით არ დაიფარა.

მტერს სძლევდნენ ზვიად დანაელთა თემისთავები.
მძვინვარე მგლები თავს ესხმიან თხებსა და ბატკნებს.
ფარას აცდენილთ, გამოუცდელ მწყემსს მთის ფერდობზე
რომ გაუშვია გაფანტულად. თვალს რომ მოკრავენ,
355 მიესევიან ათრთოლებულ, უძლურ სულდგმულებს.
ასევე სპობდნენ ტროელთ სპას, მხოლოდღა გაცლა
რომ სურდათ მათგან, დავიწყნოდათ ზნე სამამაცო.

სულ იმის ცდაში იყო ამ დროს მძლე აიანტი,
ჰექტორს შებმოდა რვალით მოსილს.
ის კი ბრძოლაში
360 გამობრძმედილ, იფარავდა მხრებს ბაკმულ ფარით,
აკვირდებოდა ისართ სტვენას, ოროლთა ზუზუნს.
უკვე ხვდებოდა, გამარჯვება რომ ეცლებოდა,
მაინც რჩებოდა დასაცავად ერთგულ მოძმეთა.
ვით ოლიმპოდან აიჭრება ზეცად ღრუბელი,
365 როს ჭექა-ქუხილს მამა ზევსი აპირებს ხოლმე,
ისე გარბოდნენ სანგარს გასცდნენ, ხოლო ჰექტორი
მარდმა ცხენებმა გააქროლეს, ჯარი დატოვა,
ხომალდების წინ გათხრილ სანგრით დაბრკოლებული.
370 მრავალმა ცხენმა მიამსხვრია თხრილში ხელნები,
მრავალი ეტლი შიგვე ჩარჩა მხედართა მძლეთა.
პატროკლე ლაშქარს აღაგზნებდა მტერთა მდევარი,
ტროელთ უქადდა ძლევას. ირგვლივ გზები გოდებით
აავსეს ლტოლვილთ, ღრუბლებამდე აღწევდა სვეტი
375 ავარდნილ მტვერის, ყირა-ყირა გადადიოდნენ
ცხენები, უკან, ტროისაკენ გაჭენებულნი.
პატროკლეს სადაც თვალს მოჰკრავდა ლტოლვილთა ბრბოებს,
მიიჭრებოდა მძლე ყიჟინით. ეტლის ფერსოსთან
ცვიოდნენ მტრები, იმსხვრეოდნენ გრუხუნით ეტლნი.
380 ზედ გადაევლნენ ფართო სანგარს ფიცხი ცხენები,
უკვდავნი, პელევსს რომ აჩუქეს თვითონ ღმერთებმა.
ფიცხლად მიქროდნენ, მათს მბრძანებელს სისხლი სწყუროდა,
ეძებდა ჰექტორს, მაგრამ იგი შოს გაჭრილიყო.

მიწას ამძიმებს ქარიშხალი და კვნესის მიწა
385 შემოდგომაზე, როცა ღვართქაფს მოუვლენს ციდან
ზევსი, მრისხანებს კაცთა მოდგმის დანაშაულზე,
მსჯავრს რომ იტყვიან უსამართლოს და ძალადობენ,
არ დაგიდევენ არც ღვთის რისხვას და არც სიმართლეს.
ამ დროს იწყება დიდროობაც მდინარეების,
390 პიტალო კლდიდან ჩანჩქერების ისმის გუგუნი
ღვინისფერ ზღვისკენ მიიღვრება ღრიალით წყალი.
მთიდან გადმოქუხს, აჩანაგებს კაცის ნახელავს. . .
ასეთი შმაგი თქარა-თქურით ილტვოდნენ ცხენნი.
პატროკლემ უმალ გზა მოუჭრა წინა ფალანგებს,
395 უკან განდევნა, კვლავ ხომალდთა მხარეს მილალა,
არ დაანება ქალაქს შესვლა. შეყარა ერთად
გემთა, მდინარის, ციხის შუა გადაშლილ ველზე.
დათარეშობდა, მრავალ გმირზე შური იძია.
პირველად გულში დასცა შუბი მამაც პრონოოს,
400 ბაკმულ ფარს გვერდი აუარა, დაუმხო ძალა.
გრუხუნით დასცა.
ენოპოსის ძეს ფესტორს შეხვდა
იქვე.
დიდებულ ეტლში იჯდა ეგ უბედური,
მობუზულიყო, შეებორკა შიშს, მთრთოლავ ხელით
სადავეს ვეღარ იოკებდა. სპილენძის შუბი
405 მარჯვენა ყბაში გაუყარა გმირმა, კბილები
გააყრევინა, ეტლიდან ძირს გადმოათრია,
როგორც მეთევზემ, ზღვის კიდეზე დაკიდულ კლდეზე
ელვარე ანკესს მოზრდილ თევზს რომ ამოაყოლებს.
ასე მოზიდა რვალის შუბით, მიწაზე დასცა,
410 პირვე დამხობილს გაუფრინდა მყისვე სიცოცხლე.
ერიალოსი რომ მიეჭრა, სალი ფიქალით
გადაუჩეხა თავისქალა, შუა გაუპო
მძიმე ჩაჩქანში შემალული. შუბლგანგმირული
მიწას დაასკდა. თავს დააცხრა სულთამხუთავი.
415 ამფოტეროსი, ერიმანტი, ეპალტე, პირის,
ტელეპოლემოსი, ექიოსი დამასტორიდი,
პოლიმელოსი არგეადი, იფევს, ევიპოს
ერთი-მეორის მიყოლებით დასცა მიწაზე.
და რა იხილა სარპედონმა მრავალი გმირი
420 პატროკლეს ხელით განგმირული, მენეტიადის,
შესძახა მყისვე საყვედურით სულდიდ ლიკიელთ:
”გრცხვენოდეთ! ილტვით? აი, თურმე რა გმირები ხართ!
მე მინდა შევხვდე ამ აბჯროსანს, მე მინდა ვნახო,
ვინ არის იგი! დაგვაწია ბევრი ვაება,
425 გადაუმსხვრია მრავალ ტროელს მტკიცე სახსრები!’

ასე შესძახა და ეტლიდან ჩამოხტა მყისვე.
ეს რომ იხილა მენეტიდმა, ისიც ჩამოხტა.
ვით ორი ორბი, ნისკარტმრუდე, ჭანგმორკალული,
პიტალო კლდესთან მიეჭრება ერთურთს ყივილით,
430 ისე მივარდნენ მეომრები ერთიმეორეს.

მათ შემხვედვარეს აუჩვილდა გული ზევსს ცბიერს,
ასე მიმართა ჰერას – დას და მეუღლეს თვისას:
”ვაი-ვაი! ვხედავ, რომ სარპედონს, გმირს უძვირფასესს,
პატროკლეს ხელით უწერია დღეს დამარცხება!
435 გული მიღელავს, ორ აზრს შუა აღბორგებული:
ვერ გადავწყვიტე – ავაცალო საგლოველ ბრძოლას
შვილი, ლიკიის ნაყოფიერ ველს მივაყენო,
თუ მენეტიდის ხელით დაშრტეს მზე სარპედონის?!”

მყისვე მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:
440 ”პირქუშო ზევსო, რასა ბრძანებ, შავღრუბლიანო!
მოკვდავი მოყმე, განწირული აწ ბედისწერით,
გსურს სავალალო სიკვდილისგან დაიხსნა სულაც?
ნება ყავ, მაგრამ ყველა ღმერთი არ მოგიწონებს!
ერთ სიტყვას გეტყვი, დაიმარხე გულში, კრონიდო:
445 თუკი უვნებლად შინ გაუშვებ მამაც სარპედონს,
იცოდე, ვით შენ, შეიძლება სხვა ღმერთსაც სურდეს,
ძე საყვარელი ააცილოს ომს სავალალოს:
აქ ბევრი იბრძვის პრიამოსის ქალაქის ბჭესთან
შვილი უკვდავთა. ღმრთთა დრტვინვას უნდა ელოდე!
450 რაგინდ გიყვარდეს, რაგინდ გული გეწვოდეს, ღმერთო,
შვილი გაუშვი სასიკვდილოდ შესარკინებლად,
მენეტიოსის ძის, პატროკლეს ხელით დაეცეს.
შემდეგ, სარპედონს როს დატოვებს სული, ძილს მორჩილს
და სიკვდილს უთხარ, წაასვენოს გმირის სხეული
455 უცხო ქვეყნიდან ნაყოფიერ ლიკიის მხარს.
იქ დამარხავენ მეგობრები, ძმები, სახსოვრად
საფლავზე სტელას აღმართავენ, ვით მოკლულს შვენის”.

ასე თქვა.
კაცთა და უკვდავთ ამამამ ირწმუნა
მიწას ზეციდან სისხლიანი ასხურა ცვარი,
460 ადიდდა შვილი, პატროკლეს რომ უნდა მოეკლა
შორს სამშობლოდან, ბორცვებიან ტროას მხარეში.

გმირი გმირს შეხვდა შემტევი და მოიერიშე,
დაჰკრა პატროკლემ და განგმირა თრასიდემოსი,
უმამაცესი სარპედონის მსახურთა შორის:
465 სტომაქში ჩასცა შუბი, ძალა გამოაცალა.
კვლავ შეუტია სარპედონმა, მაგრამ ოროლი
გვერდით გაექცა და პატროკლეს რაში პედასი
მხარში დაკოდა, ცხენს ხროტინით გაექცა სული.
მიწას დაასკდა, გაუფრინდა მძლავრი სიცოცხლე.
470 ორმა სხვა ცხენმაც გაუწია სხვადასხვა მხარეს,
სადავეები აიხლართა, როს კიდურბმული
რაში დაეცა. ხერხს მიაგნო ავტომედონტმა:
მყის ქარქაშიდან იძრო ხმალი გრძელპირიანი,
უმალ გადაჭრა კიდურბმული ცხენის საბელი
475 მაშინ გასწორდნენ ეტშლი მარდი ბედაურები.
კვლავ იწყეს სამკვდრო-სასიცოცხლო დავა გმირებმა.
მტერს სარპედონმა ააცდინა შუბი ელვარე.
მარცხენა მხართან გაუფრინა პატროკლეს შუბმა,
არ შეხებია. ახლა თვითონ სტყორცნა ოროლი
480 და ფუჭად როდი გაჰფრენია ხელიდან შუბი:
მკერდში მოარტყა გმირ სარპედონს, გულისფიცარზე.
დაეცა გმირი, ვით ეცემა მუხა ან ვერხვი
ან დიდი ფიჭვი, შეშისმჭრელნი მთაში რომ ჭრიან
ბასრი ცულებით, უზარმაზარ მორს სახომალდეს.
485 ასე ეტლის წინ ეგდო, კბილებს სიმწრით ღრჭიალი
გაუდიოდა, ხელით მიწას ფხოჭნიდა მოყმე.
ვით ლომი, ჯოგს რომ თავს დაესხმის მოულოდნელად,
ფეხმრუდე ხართა შორის ზვიად კუროს ძირს დასცემს
და ღმუის ღოჯებჩაშობილი კურო მოწყლული,
490 ისე პატროკლეს მიერ გვემულ ლიკიელთ მეფეს
გმინვა აღმოხდა და შესჩივლა სვიან მეგობარს:
”გლავკოს, ძვირფასო, კაცთა შორის უმამაცესო,
ახლა შენ გმართებს შუბშემართულს უშიშრად ბრძოლა,
დაუნდობელი შერკინება, თუ ხარ ვაჟაცი!
495 იჩქარე, მამაც ლიკიელთა თემისთავებთნა,
ყველა აღაგზნე საბრძოლველად სარპედონისთვის.
ჩემი გულისთვის შეებრზოლე რვალით არგიველთ,
თორემ სირცხვილი არ აგცდება ჩემგან – წინაშე
შთამომავალთა შორეულთა, თუ აქაველნი
500 გემებთან ძლეულს ამაცლიან მკერდიდან ბექთარს!
მედგრად დაჰკარი და საომრად ჯარი აღძარი!”

ასე მომჩივანს მყის დაუხშო სიკვდილის ხელმა
თვალი და ნესტო, მკერდზე ფეხით შეადგა მტერი,
შუბი მოსწია, თან ამოჰყვა გულისფიცარი.
505 სულიც და შუბიც ამოართვა გმირს ერთდროულად.
მის მოჭიხვინე ცხენებს მისწვდნენ მირმიდონელნი,
ხელში ჩაიგდეს, მეფის ოხრად შთენილი ეტლი.
მეგობრის გმინვა შეესმა და შეკრთა გლავკოსი,
გული მოუკვდა, დახმარება რომ არ შეეძლო.
510 მარცხენა კუნთზე მიიჭირა ხელი, იარა
გმირი ტევკროსის ნაისრალი ისევ სტანჯავდა,
გალავნის მხრიდან, მეგობართა შემწედ მოსულის
დარდით შესძახა შორსმოისარ აპოლონს მოყმემ:
”გესმას, უფალო, ნაყოფიერ ლიკიის მხარეს,
515 თუ ტროას სუფევ! ყველგან ძალგიძს, რომ სათნო ეყო
დარდიან ვაჟკაცს, ვინც ჩემსავით გაწამებულა!
ჭრილობა მტანჯავს, ხელი მეწვის სასტიკ ტკივილით,
სისხლი ჩქეფს წყლულზე განუწყვეტლივ, აღარ ჩერდება,
ხელი მხრებიდან მიშეშდება დაბუჟბული.
520 ვეღარც შუბს ვიჭრ, ომში აბა ვით ჩავერთვები,
მტერს ვით შევხვდები! დაიღუპა უმხნესი გმირი
სარპედონ!
ზევსმაც ვერ უშველა ძეს უსაყვარლესს!
ო, შემეწიე, დამიამე წყლული, უფალო,
ძალა მომეცი, რომ კვლავ შევძლო მამაც ლიკიელ
525 მოყმეთ აღგზნება და ბრძოლაში შესვლა გულდაგულ,
მეგობრისათვის ღირსეულად მეც მტერს შევხვდები!”

ასე ევედრა.
გმირს უსმინა აპოლონ ღმერთმა.
მყისვე სალმობა დაუამა, მტანჯველ წყლულიდან
სისხლის ნაკადი შეუჩერა. სული აღუნთო.
530 გული მიეცა გლავკოსს, იგრძნო, ადრე და მალე
მისი ლოცვი ხმას რომ უსმინა მაღალმა ღმერთმა.
ჯერ დაუარა სპათა განმწყობ ლიკიელ მოყმეთ
და მოუწოდა, რომ ებრძოლათ სარპედონისთვის.
შემდეგ წავიდა ტროელთ მხარეს ფართო ნაბიჯით.
535 შეხვდა პანთოიდ პულიდამანტს, ღმრთეებრ აგენორს,
ენეასს, ჰექტორს რვალშემოსილს გამოეცხადა
და მეყსეულად მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”ჰექტორ, სპა დათმე სახელოვან მოკავშირეთა,
შორს სამშობლოდან რომ ებრძვიან თავგამოდებით
540 მამაც აქაველთ?
მათი დაცვაც არ მოგდის ფიქრად!
დაეცა გმირი სარპედონი, ლიკილეთ მეფე,
რომ ხელმწიფობდა სიმართლიდ და სიმხნევით სულის.
რვალის არესმა ის დააცხრო პატროკლეს შუბით.
აღსდექით, ძმებო, აღივსენით შურისძიებით,
545 არ გაგვიძარცვოს, არ დასცინოს ჩვენს მიცვალებულს
სპამ მირმიდონთა, მძვინვარეთა დანაელთ გამო,
შუბით რომ მოვსპეთ ხომალდებთან აურაცხელნი!”
თქვა და ტროელნი საშინელმა დარდმა დასერა,
სევდამ სრულიად უსასოომ.
ყრმა უცხოელი
550 იყო ტროელთა ბურჯი მაინც:
სპა უთვალავი
მათი მიაშველა და თვით იყო რჩეული სიმხნით.
შემოუბრუნდა დანაელებს გაშმაგებულნი,
შურისმგებელი მოუძღოდა ჰექტორი ლაშქარს,
ხოლო აქაველთ მენეტიდი ძალას აძლევდა,
555 სიმხნეს ჰმატებდა აიანტებს, თავადაც მხნეებს:
”აიანტებო, მტრის შეხვედრა გეამებოდეთ,
იყავით გმირნი, ვით ყოველთვის, ან უფრო მეტად!
დაეცა მოყმე, ვინც დაგვესხა პირველთაგანი!
ნეტავ, სარპედონს წავათრევდეთ, გვამს დავცინებდეთ,
560 მკერდზე საჭურველს ავაცლიდეთ და მის მეაბჯრეს,
ცხედარს რომ იცავს, ავკეპავდეთ დამღუპველ რვალით!’

ასე აღაგზნო, მაგრამ თვით მათ არც აკლდათ ცეცხლი.
და ფალანგები ორივ მხრიდან რომ გაამაგრეს,
ტროელთ, ლიკიელთ, მირმიდონელთ და აქაველებს
565 მოკლულის ახლოს საშინელი ბრძოლა შეექმნათ,
ატყდა ყიჟინა და სასტიკი ხმალთა კვეთება.
ზევსმა მოჰფინა ბნელი ღამე ბრძოლის სარბიელს,
რომ საზარელი ხოცვა-ჟლეტა ატეხილიყო.
ტროელთ ჯერ სძლიეს თვალმახვილი აქაველები,
570 მირმიდონელთა შორის დასცეს მოყმე მედგარი,
ძე აგაკლევსის, ღვთაებრივი ეპეიგევსი.
მეფობდა ადრე იგი ქალაქ ბუდეიოსში,
მაგრამ მას შემდეგ, ნათესავი რომ შემოაკვდა,
პელევსსს და თეტისს შეეხიზნა ვერცხლისფერხებას.
575 აქილევსს გაჰყვა სპათა მნგრეველს შემდეგ ცხენმრავალ
ქალაქ ილიონს, ტროელთ ტომის დასალაშქრავად.
ლამის წაავლო ხელი ცხედარს, მაგრამ ჰექტორმა
თავში ქვა დასცა და შუაზე გადაუჩეხა
მტკიცე ჩაჩქანში შემალული, უსულო სხეულს
580 პირქვე დაემხო, მყის სიკვდილიც წაადგა მოყმეს.
პატროკლეს რისხვა შემოენთო მეგობრის გამო,
მეწინავეებს გამოეყო, ვით სწრაფი ქორი,
რომელიც მისდევს მოფრთხიალე ჭკებს და შოშიებს.
ასე ლიკიელთ, ო, პატროკლევ, ცხენთმარბიელო,
585 და ტროელთ დასცხე, მეაბჯრისთვის შურისმგებელმა!
ითაიმენოს-მამაცის ძე სთენელაოსი
განგმირე, ქვით რომ გადაუჭერ კისრის ძარღვები!
მეწინავენი გაიქცნენ და გაჰყვა ჰექტორიც.
რასაც გაიფრენს მანძილს შუბი, ოდეს ვაჟკაცი
590 ძალას სცდის ხოლმე მებრძოლი ან მოასპარეზე,
და სტყორცნის ზვიად მეტოქეებს სულის ამომხდელთ,
მეტოქეს ასე გაეცალა ტროელთ ლაშქარი.
უკუქცევისას ლიკიელთა მეფემ გლავკოსმა
მოკლა ბათიკლევს, ქალკონის ძე სულით მაღალი,
595 რომელსაც ტურფა ელადაში ჰქონდა სამკვიდრო,
მირმიდონელთ შორის განძით იყო განთქმული.
მოულოდნელად დასცა მკერდში შუბი გლავკოსმა.
როს მოუბრუნდა მდევარს გმირი. და ბათიკლევსი
ზათქით დაეცა. ელდა ეცათ აქაველთ გმირებს
600 სიკვდილის მომსწრეთ.
სიხარულით შეუდგათ ტროელთ.
მიცვივდნენ მოკლულს ერთობლივად, მაგრამ აქაველთ
სიმტკიცის ყავლი არ გასვლოდათ, მტერს მედგრად დახვდნენ.
მაშინ განგმირა მერიონემ ლაოგონოსი
ოენტორის ძე, იდაელი ზევსის ქურუმი,
605 რომელსაც ხალხი პატივს სცემდა, როგორც ღვთაებას.
ზედ ყურის ძირში, ყბასთან მოხვდა მოყმეს ოროლი,
ძვლები დასტოვა სულმა, ღამის წყვდიადი დადგა.
მხნე ენეასმა მერიონეს სტყორცნა ოროლი,
სწადდა მოერტყა მემორისთვის ბაკმულ ფარის ქვეშ.
610 მან შორიდანვე შეამჩნია და რვალს გაექცა,
გადაიხარა. ქედზე შუბმა გრძელჩრდილიანმა
გადაუფრინა, მიწას მოხვდა და შუბისტარი
კარგახანს თრთოდა, სანამ დაცხრა რისხვა არესის.
ბასრი ოროლი მოძიგძიგე ჩაეფრო მიწას,
615 ფუჭად ნასროლი ენეასის მძლავრი ხელიდან.
მყის ენეასმა გულნაკლულმა შესძახა მაშინ:
”ო, მერიონე, თუმც მროკველი ბრძანდები მარდი,
ჩემი ოროლი დაგაცხრობდა, რომ მოგხვედროდა!”
უმალ მიუგო მერიონემ, მხნე შუბოსანმა:
620 ”გაგიძნელდება, თუმცა მძლეობ ომში, ენეას,
ყველა მეომარს გაუმკლავდე, ვინც შემოგხვდება,
ძალას მოსინჯავს. როგორც ყველა, შენც მოკვდავი ხარ!
მეც რომ მომერტყა შენთვის მკერდში ბასრი სპილენძი,
თუმც მხნე ხარ, მკლავის იმედიც გაქვს, მომანიჭებდი
625 მე დიდებას და სულს კი – ჰადესს, კვიცებით მდიდარს!”

ასე მოუბარს საყვედურით უთხრა პატროკლემ:
”ო, მერიონე, რაღად ხარჯავს სიტყვას ამაოდ?
ტროელთ ლაშქარი შენს ნათქვამზე არ დანებდება
სიკვდილს, ვიდრეღა შავი მიწა არ დაფლავს გვამებს!
630 მკლავი წარმართავს ბრძოლას, ხოლო სიტყვები ბჭობას.
არ მწამს კაფია, როცა მტერი ასაკაფია!”

თქვა და გაიჭრა კიდეც, მიჰყვა ყრმა შუბოსანი.
ვით შეშისმჭრელნი ატეხავენ ცულით ხათქა-ხუთქს
ტყიან ბორცვებზე და სივრცეში ხმა იფანტება,
635 ისე გაისმა სპათა შორის კიდით კიდემდე
რვალის გუგუნი, გაუფლეთელ ფარების დვრინი,
ზედ შეხეთქება შუბისა და ხმალ-სატევრისა.
უერთგულესი მეგობარიც კი ვერ იცნობდა
მაშინ სარპედონს: ისრებითაც, სისხლით, ტალახით
640 თავით ფეხამდე ისე იყო მთლად დაფარული.
გვამის გარშემო განუწყვეტილვი ღვიოდა ბრძოლა.
როგორც ბუზები ზუზუნებენ ბადიის ირგვლივ,
რძე როს ჩხრიალებს დიდ დერგებში შესადედებლად,
ისე მებრძოლნი ირეოდნენ გვამის გარშემო.
645 ზევსი ბრძოლის ველს თვალს სხივოსანს არ აცილებდა.
უმზერდა მოყმეთ გამუდმებით წინამბჭობელი,
პატროკლეს ხვედრზე ბევრს ფიქრობდა, ეჭვი გაუჩნდა:
ან ჰექტორს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აქვე,
გმირ სარპედონის ძვლებთან მოყმე უნდა დაეცხრო
650 ბასრი სპილენძით და ბექთარი შემოეძარცვა,
ან შერჩენოდა კვლავ პატროკლეს სიმხნე მებრძოლის.
ამ ფიქრში იყო, სასურველად ეჩვენა ბოლოს
რომ პელევსის ძის, აქილევსის, მამაც მეგობარს
ტროის ლაშქარი და ჰექტორი ზუჩმოელვარე
655 ქალაქისაკენ გაედევნა სულის ამომხდელს.
ჯერ ზევსმა ჰექტორს სულმდაბლობა გულს ჩაუნერგა.
ეტლით გაიქცა გმირი, სხვებსაც, ტროელთ მხედრობას
ლტოლვა უბრძანა, ზევსის სასწორს დაემორჩილა.
აღარც მამაცი ლიკიელნი შემორჩნენ ბრძოლას,
660 ყველა გაიქცა, როს ბელადი გულგანგმირული
გვამთა გროვაში დაიგულეს: ბევრი დააკვდა
მყომეს, რაც ზევსმა გააჩაღა ბრძოლა მის ირგვლივ.
სარპედონს მხრიდან ააგლიჯა დანაელთ თორნი
რვალმოელვარე და უბრძანა ღრმა გემებისკენ
665 მისი წაღება მამაცმა ძემ მენეტიოსის.

ამ დროს აპოლონს უთხრა ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
”გასწი, ფოიბოს, გამოსტაცე ისრების სარპედონ,
განწმინდე იგი სისხლისა და ტალახისაგან.
შორს, მდინარესთან კამკამა წყლით განბანე, წასცხე
670 გვამს ამბროსია და შემოსე უხრწნელ სამოსით.
მერმე უბრძანე მოჩუმათ და სწრაფ მოციქულთ –
სკივდილს და ძილსა, ტყუპებს, მალე გმირი მიჰგვარონ
უხვნაყოფიან, ფართოდ გაშლილ ლიკიის მხარეს.
იქ დამარხავენ მეგობრებით, ძმები და სტელას
675 აღუმართავენ სამარეზე, ვით შვენის მოკლულს”.
ასე უბრძანა, არ ეურჩა მამას აპლლონ.
იდას თხემიდან ბრძოლის ველზე დაეშვა სწრაფად.
ისრებს მოსტაცა სარპედონი, ღმერთის სადარი,
შორს, მდინარესთან, კამკამა წყლით განბანა, წასცხო
680 გვამს აბროსია და შემოსა უხრწნელ სამოსით.
მერმე უბრძანა მოჩუმათე და სწრაფ მოციქულთ –
სიკვდილს და ძილსა, ტყუპებს, მყისვე მათ წაიყვანეს
უხვნაყოფიან, ვრცლად გადაშლილ ლიკიას გმირი.

იმ დროს პატროკლე აჩქარებდა გმირ ავტომედონტს,
685 რაშით მისდევდა ტორელთ, სიკვდილს იახლოვებდა,
ეგ უგუნური! რომ ესმინა პელიდის სიტყვა,
შავ სიკვდილს და ხვედრს აიცდენდა მუხთალს, საგლოველს.
მაგრამ მეტია ზევსის განსჯა კაცის განსჯაზე:
იგი ძრწოლას ჰგვრის მამაცს, ძლევას წარსტაცებს მოყმეს,
690 რომელსაც თვითონ აქეზებდა შესარკინებლად.
პატროკლეს გულის მან აღავსო მძვინვარე ჟინით.

ვინ პირველი და ვინ, პატროკლევ, უკანასკნელი
განგმირე, ოდეს სასიკვდილოდ გიხმეს ღმერთებმა?
ჯერ ადრესტოსი, ავტონოოს, შემდეგ ექეკლოს,
695 მერმე მეგადი პერიმოსი, მელანიპოსი,
ეპისტორი და ელასოსი, მულიოს დასცა,
შემდეგ პილარტეც. სხვები ლტოლვით ეძებდნენ საშველს.
იმ დღეს დასცემდნენ კიდევ ტროეას აქაველთ ძენი
პატროკლეს ხელით, შუბოსანი ისე შმაგობდა,
700 რომ ღმერთს აპოლონს, ტროელთ შემწედ კოშკზე შემართულს,
არ ჰქონდა განზრახული მოყმის სიკვდილი.
სამჯერ მიაწყდა მძლე პატროკლე მაღალ გალავანს,
სამჯერვე იგი უკუაგდო აპოლონ ღმერთმა,
უკვდავი მკლავით, რვალის ფარით იგერიებდა.
705 მაგრამ მეოთხედ რომ მიეჭრა, ვით დაიმონი,
ღმერთმა მრისხანედ მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”უკან, პატროკლევ! შენ ხომ ბედად არ გიწერია
შუბით დაქცევა ტროელთ ციხის და არც აქილევსს,
შენზე უდიდესს, უძლიერესს შეუდარებლად!”
710 ეს რომ თქვა, მყისვე გაერიდა გმირი პატროკლე
შორსმოისარი აპლონის დამღუპველ რისხვას.

ჰექტორ ერთ ფლოქვად ქცეულს ცხენებს სკაიას ბჭესთან
იჭერდა.
იგი სულ ფიქრობდა – კვლავ მტერს შებმოდა.
თუ გალავანში შეეყვანა თავისი ლაშქარი.
715 ამ ყოყმანისას აპოლონი გამოეცხადა,
სახე მიიღო შეღერებულ, მოწიფულ მოყმის,
მხედარ ჰექტორის ბიძის – ჭაბუკ ასიოსისა,
ჰეკაბეს ღვიძლი ძმის, დიმანტის ძის, ფრიგიაში,
სახელი რომ ჰქონდა, ნაპირებთან სანაგარიოსის.
720 მას მიემგვანა და ზევსის ძემ თქვა აპოლონმა:
”ჰექტორ, გაექეც ბრძოლას? შენ ხომ ეს არ შეგშვენის!
რაგვარ სუსტი ვარ, იმგვარ შენზე მძლავრი რომ ვიყო,
შეგაგინებდი სისხლისმღვრელი ომიდან გასვლას!
გაბრუნდი, ცხენი გააჭენე პატროკლესაკენ,
725 ვინძლო გარგუნოს აპოლონმა ძლევის დიდება!”

თქვა და შეუდგა ღმერთი ისევ კაცთა საჯაფარს.
უბრძანა მყისვე კებრიონეს გმირმა ჰექტორმა,
ეტლი მტრებისკენ მიემართა. ხოლო აპოლონ
ჯარს შეერია, არგიველთა შორის ატეხა
730 ბრძოლა ჰექტორის და ტროელთა განსადიდებლად.
დანაელთ ჰექტორს გვერდს უვდლიდა, არვის შებმია,
მიაჭენებდა ფეხმარდ ცხენებს პატროკლესაკენ.
მის შესახვედრად პატროკლემაც დასტოვა ეტლი,
ცაციით შუბი მოიღერა, მარჯვენაში კი
735 არ ეტეოდა მარმარილო წიბოიანი.
სტყორცნა ძლიერად, ლოდი დიდხანს არ მიფრინავდა
და არც ამაოდ უტყორცნია: მოხვდა მეეტლეს,
პრიამოსის ბუშს – კებრიონეს, როს კადნიერად
ცხენებს მართავდა. შუბლში მოხვდა ლოდი სასტიკი,
740 გადაუტყავა მყის წარბები, თავისქალაში
ძვლები დაუფშხვნა. თვალებიც კი გადმოუცვივდა
მეაბჯრის მტვერში. მეყსელად მყვინთავის მსგავსად
ეტლს გამოევლო მოყმე, სულმაც დასტოვა ძვლები.

მწარედ დასცინა მას პატროკლემ, ცხენთა მხედნავმა,
745 ”ო, ღმერთო ჩემო! რა მჩატეა, რა სწრაფად ყვინთავს!
თევზმრავალ ზღვაში ეგ როგორმე რომ გასულიყო,
ბევრს აამებდა, როს ნიჟარებს მოკრეფდა ფსკერზე,
მღლევარე ზღვაშიც ისკუპებდა გულარხეინად.
თუმცა ველზეა, მაინც როგორ მარდად ჩაყვინთა!
750 ვხედავს, გყოლიათ მყვინთავები თურმე ტროელებს!”

ასე დასცინა და მივარდა კებრიონეს გვამს,
ვით ლომი, ბაკს რომ ანადგურებს მკერდში ნარქენი
და თავს იღუპავს სიშმაგით და გულუშიშროებით,
ასე მიეჭერ კებრიონეს შმაგად, პატროკლევ!
755 ჰექტორ ჩამოხტა შესახვედრად მყისვე ეტლიდან,
და ლომებივით წაიკიდნენ მოკლულის გამო.
მთის ქედზე ლომნი, დამშეულნი, ერთი ირმისთვის
თავს არ ზოგავენ და მძვინვარედ ებრძვიან ერთურთს.
ასე იბრძოდა კებრიონეს გვამისთვის ორი:
760 გმირი ჰექტორი და პატროკლე მენეტიადი.
უწყალო რვალით მტრის განგმირვა მოსწყურებოდათ.
თავსი ჩაავსლო ხელი ცხედარს მტკიცედ ჰექტორმა,
პატროკლემ ფეხით დაითრია და მათს გარშემო
დანაელთ ძენი და ტროელნი შეიბნენ მედგრად.

765 ევროს და ნოტოს რომ ატეხენ ხოლმე ქიშპობას,
ზეგანზე მუხნარს ეხლებიან გაწიწმატებით,
წიფლები და კოპიტები, მკვრივი კორდები
შეირცხვიან, ხე შტოებით ხეს უტყლაშუნებს,
ველს ეფინება დამსხვრეულთა ხეთა ხათქუნი.
770 ასე ტროელნი შეეხეთქნენ შმაგას აქაველთ,
ფიქრად არ ჰქონდა სამარცხვინო გაქცევა ვისმე.
მრავლად ეყარა კებრიონეს გარშემო შუბი,
მრავლად ისარი ფრთაშესხმული მიწაში ერჭო,
მრავალი ლოდი შეეხეთქა მებრძოლთა ფარებს.
775 ის კი მტვრის ბუღში დიდბული იწვა უძრავად
და ხელოვნება მეეტლისა დავიწყებოდა.

სანამ ჰელიოს მიაღწევდა ზეცის შუაგულს,
ორივე მხრიდან მოფრინავდნენ შმაგი ისრები.
ხართა გამოსხსნის ჟამს მიადგა მზე-ჰელიოსი
780 და სძლიეს ბედის უნებურად აქაველებმა:
ისრის წვიმაში და ტროელთა ყიჟინის ხმაში
გვამს მიტაცებულს ააგლიჯა აბჯარ-ბექთარი.
ხოლო პატროკლე, ტროელთათვის სიავის მდგომი,
სამჯერ შეიჭრა მათს რიგებში, მსგავსად არესის
785 საზარ ყიჟინით. სამჯერ დასცა ცხრა-ცხრა მხედარი.
მაგრამ მეოთხედ რომ მიეჭრა, ვით დაიმონი,
მაშინ, პატროკლევ, აღსასრულიც გეწია უცებ.
შენს წინააღმდეგ ფოიბოსი მოიჭრა შმაგი
და ვერ იცანი ღმერთი, ხალხში სწრაფად მავალი.
790 ირგვლივ წყვდიადი მოხვეოდა, წინ მოიწევდა.

დადგა ზურგს უკან, ფართო ბეჭზე დაარტყა ხელი,
მყისვე თვალები დაუბნელა მამაც პატროკლეს.
ჩაჩქანი მოყმეს გადაუგდო აპოლონ ღმერთმა –
ძირს მიგორავდა, აჟღრიალდა ცხენთა ფლოქვებთან
795 ზუჩი სათვალეგახვრეტილი.
ჯიღის ფაფარი
სისხლით და მტვერით დაიფარა.
არა სჩვეოდა
ადრე ამ ჩაჩქანს მიწიერი მტვერით შებილწვა.
წინათ ღმერთკაცის აქილევსის შუბლზე ელავდა
ეს მუზარადი, ზევსს კი სურდა, ჰექტორის თავზე
800 ენახა იგი: ახლოს იყო ყრმის აღსასრული.
პატროკლეს შუბი დაელეწა გრძელჩრდილიანი,
მძიმე, სპილენძით გაჭედილი. მხრებიდან ფარი,
ფეხის ტერფამდე რომ სწვდებოდა, ძირს დაენარცხა.
ახსნა სპილენძის სამკერდული მძლე აპოლონმა,
805 სულს გაოგნება დაეუფლა, სახსრებს – სისუსტე.
გაშეშდა გმირი. ბასრი შუბითზურგთან მოადგა
და გაუყარა ბეჭებშუა დარდანმა მოყმემ,
მძლე ევფორბოსმა პანთოიდმა, თანატოლთ შორის
შუბის ტყორცნით და ფეხმარდობით გამორჩეულმა.
810 ჯერ კვლავ ყმაწვილმა ოცი კაცი დასცა ეტლიდან,
როცა პირველად გამოვიდა ბრძოლის სასწავლად.
მან, ო, პატროკლევ, იარაღი პირველმა ჩაგცა,
თუმცა ვერ გძლია. ამოგგლიჯა წყლულიდან შუბი
და მიიმალა მეომრებში. როდი გაბედა
815 პატროკლეს, უკვე აბჯარახსნილს, შერკინებოდა.
მან კი, დამცხრალმა ღმერთის დარტყმით და მტრის ოროლით,
მეგობრებისკენ დაიხია, გაექცა სიკვდილს.

ჰექტორმა, როგორც კი შენიშნა მოყმე სულდიდი,
უკუქცეული, დაკოდილი ბასრი სპილენძით,
820 მიეჭრა, შუბით დაასწრო და წელს ქვემოთ დაჰკრა,
ზედ საზარდულთან, ნაწლავებში ჩაეფლო რვალი.
დაეცა გმირი, დააღონა დანაელები.
მძლავრ ტახს ამარცხებს ხოლმე ლომი გაშმაგებული,
როს ზედაზენზე შეიყრება ორივ ზვიადი,
825 დასარწმუნებულად მოწანწკარე მთის ნაკადულთან.
უკვე დამაშვრალს მოერევა ტახს ლომი მძლავრი.
ასე პატროკლეც, დამღუპველი უკვე მრავალთა,
დასცა ჰექტორმა, ამოართვა ოროლით სული.
ძლევით ამაყმა მიაძახა სიტყვა ფრთიანი:
830 ”ალბათ, იმედი გქონდა ციხეს რომ დაგვიქცევდი,
ჩვენს ცოლებს მაშინ წაართმევდი თავისუფლებას,
გემით ტყვეებად წაასხამდი სამშობლოს მხარეს!
ო, უგუნურო! მათთვის მიქრის ჩემი ცხენები
ბრძოლის ველისკენ, შუბით ვბრწყინავ ომისმოყვარე
835 ტროელთა შორის, იმედიც მაქვს, მათ ავაცილებ
მონობის ხვედრსაც! შენ კი დაგფლეთს აქვე ყორანი!
ბედკრულო! გმირმა აქილევსმა კი ვეღარ გიხსნა!
ალბათ, გიბრძანა, როცა ბრძოლის ველზე გიშვებდა,
არც იფიქროო დაბრუნება ღრმა ხომალდებთნა,
840 სანამ კაცთამჟლეტ ჰექტორს ქიტონს, სისხლით აბოლქვილს,
შენი ხელებით არ ააგლეჯ მძლავრი მკერდიდან!
ეტყობა, ასე შეგიცდინა, უგნურო, სული!”

სუთქვაშეკრულმა ძლივს მიუგო სიტყვა, პატროკლემ:
”ჰექტორ! იხიარე, აპოლონის, ზევსის შეწევნით
845 გამარჯვებულმა! ეს მათ მძლიეს! მათ ხომ ადვილად
ძალუძთ ყოველი! საჭურველიც მათ გამომტაცეს!
მაგრამ შენებრი კიდევ ოცი რომ შემხვედროდა,
დაეცემოდა განგმირული ჩემი ოროლით.
ბედმა, ლტოს ძემ, ევფორბოსმა – კაცმა მოკვდავმა
850 მომიღეს ბოლო, შენ კი მოხვედ უკვე მესამე.
სიტყვას მოგიგებ უკანასკნელს, გულს ჩაიმარხე:
ქვეყნად სიცოცხლე შენც ხანგრძლივად არ დაგრჩენია,
შენს წინაშე დგას სიკვდილი და სასტიკი ხვედრი,
ბოლოს მოგიღებს აქილევსი, მძლე ეაკიდი!”
855 ეს თქვა და მყისვე დაეუფლა სიკვდილი მოყმეს.
ჩუმად გაფრინდა სხეულიდან სული ჰაერში,
ბედს დასტიროდა, გამქრალ ძალას და სიჭაბუკეს.
ხოლო პატროკლეს, უკვე მოკლულს, უთხრა ჰექტორმა:
”რატომ მიქადი წინასწარვე მრისხანე სიკვდილს?
860 კაცმა არ იცის, იქნებ თვითონ მძლე აქილევსი
ჩემზე უადრეს, ჩემი შუბით დათმობს სიცოცხლეს?”

ასე თქვა. ტერფით დააწვა და ააძრო შუბი
მოკლულს, ფეხი ჰკრა, გვამი პირვე გადააბრუნა.
შემდეგ ანაზდად მიუბრუნდა გმირ ავტომედონტს,
865 ძლიერ მეაბჯრეს სახელგანთქმულს ეაკიდისა.
ის კი უმალვე გააქროლეს მარდმა, უკვდავმა
ცხენებმა, ძღვნად რომ ერგო პელევსს ღმერთებისაგან.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button