საკითხავიფსიქოლოგია

რუსუდან მირცხულავა – ფსიქეას მეტამორფოზები

როგორც ცნობილია, ტერმინს „ფსიქოლოგია“ (მეცნიერება სულის შესახებ) პირველად გერმანელმა ფილოსოფოსმა, ქრისთიან ვოლფმა მიმართა მე-18 საუკუნეში. მაგრამ ძველ ბერძნული „ფსიქე“ ან „ფსიქეა“ გაცილებით ხნიერია და საუკუნოვან სიბრძნეს უკავშირდება.

უპირველესი ცნობები ფსიქეას შესახებ გვხვდება ჰომეროსთან (VIII სკ.ჩვ.ერამდე), მაგრამ მითი ფსიქეაზე სრულად ჩამოაყალიბა რომაელმა მწერალმა აპულეუსმა, რომანში „მეტამორფოზები ან ოქროს სახედარი“ (II სკ). აპულეუსმა გააერთიანა ბერძნული მითები ფსიქეას შესახებ და შექმნა იგავი გოგონა-ფსიქეაზე, რომელიც სიყვარულის (ამურის) ძიების პროცესში არა ერთ დაბრკოლებას გადალახავს. მითი „ამურისა და ფსიქეას შესახებ“ ისეთი ზღაპრების არქეტიპად იქცა, როგორიცაა „მზეთუნახავი და ურჩხული“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ალისფერი ყვავილი“.(1), (2), (3), (5)

აპოლეუსი ასე იწყებს თხრობას: მან, სახედრად გადაქცეულმა (სიმბოლური გაიგივება სხეულთან), შეიტყო ფსიქეას შესახებ ამბავი, რომელსაც მოხუცი ქალი ყაჩაღების მიერ მოტაცებულ ახალგაზრდა პატარძალს უყვებოდა; – მეფეს 3 მზეთუნახავი ქალიშვილი ყავდა, რომლეთა შორისაც უმშვენიერესი იყო უმცროსი- ფსიქეა. სილამაზის გამო, მას ღვთაებრივ პატივსაც კი მიაგებდნენ , რითაც განარისხეს სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე. შეურაცხყოფილმა აფროდიტემ შურისძიების მიზნით, თავის შვილს, ამურს უბრძანა ფსიქეასთვის შთაეგონებინა სიყვარული ყველაზე მდაბიო, ღატაკი და მახინჯი ადამიანის მიმართ. ამავე დროს, ფსიქეას მამას ორაკულმა უბრძანა ქალიშვილი შეემოსა ძაძებში (გარდაცვლილის სამოსში) და კლდეზე დაეტოვებინა, საზიზღარ ურჩხულზე საქორწინოდ. მაგრამ ფსიქეა თავად ამურს შეუყვარდა. როდესაც მშვენიერი გოგონა მარტოდ დატოვეს კლდეზე, ქარმა (ზეფიროსმა) ის საუცხოო სასახლეში გადააქროლა, სადაც ფსიქეას უხილავი სულები ემსახურებოდნენ. ფსიქეა უხილავი არსების მეუღლე გახდა. ნეტარად ცხოვრობდა ფსიქეა, მაგრამ შურიანმა დებმა მისი დაღუპვა განიზრახეს; ფსიქეას შთააგონეს დაერღვია მეუღლისთვის მიცემული აღთქმა და გაეგო მისი ვინაობა. „შენი მეუღლე დრაკონია და ერთ დღესაც მის ლუკმად იქცევი, ამიტომაც როდესაც დაიძინებს, ლამპრისა და მახვილის დახმარებით, მოკალი“- ასე ურჩიეს დებმა.

გულუბრყვილო ფსიქეა დამორჩილდა დებს, მაგრამ როდესაც ლამპარი აანთო და მძინარე მეუღლის დახედა, ის , არც მეტი არც ნაკლები, თავად სიყვარული ღმერთი, ეროტი (ამური) აღმოჩნდა. ეროტის სილამაზით აღფრთოვანებულ ფსიქეას ხელი აუტოკდა, მისი ლამპრიდან ცხელი ზეთი ამურს მხარზე დაესხა და დასწვა. შეურაცხყოფილმა ამურმა ფსიქეა დატოვა. დადარდიანებულმა ფსიქეამ მისი მეუღლის საძიებლად მთელი სამყარო მოიარა. ამ მძიმე და მტანჯველი მოგზაურობის დროს მას სასტიკად სდევნიდა აფროდიტე. ბოლოს 4 დავალების შესრულება უბრძანა; ფსიქეას უნდა გადაერჩია სხვადასხვა მარცვლები უზარმაზარ გობში, მოეპოვებინა ველური, შეშლილი ვერძების ოქროს მატყლი, მოეტანა სტიქსის წყალი და ჰადესიდან წამოეღო პერსეფონეს ზარდახშა, საოცარი მალამოთი (ან აფროდიტეს სილამაზით). დახმარების წყალობით, ფსიქეამ შეასრულა აფროდიტეს ყველა დავალება, მაგრამ მისდა საუბედუროდ, გახსნა პერსეფონეს ზარდახშა, სადაც აფროდიტეს სილამაზის ნაცვლად, სასიკვდილო წამალი ინახებოდა; გულუბრყვილო ფსიქეა მარადიულმა ძილმა მოიცვა. ბოლოს გამომჯობინდა ეროტი (რომელსაც აქამდე დამწვარი მხარი სტკიოდა) . ამურმა ამბორით გააცოცხლა (ან თავისი ისრის ჩხვლეტით) ფსიქეა და ზევსს სთხოვა შუამდგომლობა ფსიქეასთან საქორწინოდ. ფსიქეა დაქორწინდა ამურზე და ზევსისგან უკვდავებაც მიიღო (ასევე, პეპლის ფრთები, რომლებმაც, ამურთან ერთად, ის ოლიმპოზე ააფრინა). შურიანი დები კი დაისაჯნენ; კლდიდან გადახტნენ (იმის იმედად, რომ ზეფირი -ქარი მათ ამურის სასახლეში წარიტაცებდა) და დაიღუპნენ. ამურსა და ფსიქეას ქალიშვილი ეყოლათ- ვოლუპია, იგივე ნეტარება. (8)

როგორც ცნობილია, მითი მეტაფორულ-ალეგორიულად გადმოსცემს მის შემქმნელთა ფილოსოფიასა და მსოფლგანცდას. ჯერ კიდევ ვერგილიუსი მითებს ისტორიის ფილოსოფიურ გააზრებასთან აკავშირებდა. მე-17 საუკუნეში ფრენსის ბეკონი წერდა, რომ მითები პოეტური ფორმით შეიცავენ უძველეს ფილოსოფიასა და რელიგიურ განცდას, ასევე, მორალურ სენტენციებსა და მეცნიერულ ხედვას, რომელთა აზრიც სიმბოლოებსა და ალეგორიებს მიღმაა დაფარული. (2) მითოლოგიზაციას ექვემდებარება არა მხოლოდ ბუნება და ფიზიკური სამყარო, არამედ ადამიანის ფსიქო-სოციალური ცხოვრებაც. ჯოზეფ ქემფბელი მიუთითებს მითოლოგიის ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა ერთის მხრივ, სამყაროს ორგანიზება-გააზრება (სამყაროს განსულირება, კოსმოგონიის შემუშავება) და მეორე მხრივ, სოციალური წესების გადმოცემა-დამკვიდრება და ინდივიდუალური ფსიქიკის წვდომა-განვითარება. მ.ილაიდის (Mircea Eliade) მიხედვით კი, მითის ერთერთ უმთავრეს ფუნქციას სწორედ ქცევის მოდელების დამკვიდრება შეადგენს.

მითების ფსიქო-სოციალური ასპექტი ფსიქოანალიზური კვლევების საგანგებო ამოცანად იქცა. ზ. ფროიდისა და კ. იუნგის თეორიულ სისტემებში მითი გაიაზრება, როგორც ფსიქიკის სტრუქტურის, მისი შინაარსის მანიფესტაცია და ობიექტივაცია. ანალიზური ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება საწყისი მითოლოგიური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. კ.იუნგი მითოლოგიას “ბირთვის უფსკრულს“ უწოდებდა; იმ უღრმეს ცენტრს, რომლის გარშემოც ახდენს ადამიანის ყოფიერება საკუთარი თავის ორგანიზებას. მითი ფსიქიკის კვლევის ეფექტურ და უფრო მეტიც, შეუცვლელ ინსტრუმენტად მიიჩნევა. (1), (2), (3), (5), (10), (14), (15), (16), (19)

ამ მხრივ, სრულიად განსაკუთრებულია ჩვენს მიერ განხილული მითის მნიშვნელობა, რადგანაც მასში პროტაგონისტად თავად ფსიქიკა (ფსიქე) გვევლინება. შესაბამისად, მისი მეტაფორული ენის ამოკითხვა ადამიანის ფსიქიკასთან და მისი განვითარების პროცესთან დაკავშირებული უძველესი, არქეტიპული წარმოდგენების გააშკარავებას გულისხმობს.

ფსიქეას ჰაბითუსი და ატრიბუტები

ფსიქეას ძველი ბერძნები გამოსახავდნენ პეპლის, პეპლისფრთიანი გოგონას ან გოგონას სახით, რომელსაც ხელში პეპელა უჭირავს. ხშირად ფსიქეას გამოსახულებას ამური მისდევს, ხელში ჩირაღდნით. შედარებით იშვიათად, ფსიქეას გამოხატავდა ფრინველიც. ასევე, საკმაოდ ხშირად ფსიქეა-პეპელა გარდაცვლილის სარიტუალო კოცონიდან ჰადესში, სულთა საუფლოში მოფარფატედ გამოისახებოდა, როგორც გარდაცვლილი სულის ხატი (Hom. Od. XI 37, 605 (XI 36—43), Hom. Il. XXIII 100, XI 217—222) (Ovid. Met. XV 374).

ანტიკურ ხელოვნებაში ფსიქეა-პეპლის გამოსახულებით ამკობდნენ შენობებს, ჭურჭელს, სამკაულს, ქსოვილს, ავეჯს. . . ასე მაგალითად, პომპეის ფრესკებზე ფსიქეა გამოსახულია მუზების ატრიბუტით- ფლეიტით. ამავე ფრესკებზე ფსიქეა ამურთან ერთად, მინდორში ყვავილებს აგროვებს. ფაქტობრივად, მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ძველ ბერძენს მუდამ თან სდევდა ფსიქეას გამოსახულება, როგორც მისი სულის დამცავი თილისმა. ამავე დროს, ფსიქეა იმქვეყნიური ცხოვრების თანამგზავრიც იყო- პეპელა-ფსიქეა ხშირად გამოისახებოდა საფლავის ქვებზეც, სიკვდილის სხვა სიმბოლოებთან ერთად.

ფსიქეა-სულის ზოომორფულ სახედ ან მის ატრიბუტად პეპელა შემთხვევით არ ქცეულა; ბერძნულ სიტყვას „ფსიქეა“ 3 ძირითადი მნიშვნელობა აქვს: სული, პეპელა და სუნთქვა. (არისტოტელე, ცხოველთა ისტორია, IV 7). ამ სამებაში გამთლიანებულია არსობრივად დაკავშირებული სამი ელემენტი: სული, პეპელა და სუნთქვა. ძველ ბერძენთა განცდით, გოგონასა და პეპლის სისუსტე თუ მოწყვლადობა მოჩვენებითია და ზედაპირული,- მათ თავად უკვდავება, მარადიულობა უკავშირდება (ანტიპოდების არქეტიპული კავშირი: სისუსტე-სიძლიერე, სინორჩე-სიბრძნე). პეპლის უკვდავებასთან სიმბოლური კავშირი პეპლის ცხოვრებისეული ციკლის თავისებიურებითაც აიხსნება; ცხოვრება (ჭიაყელა), სიკვდილი (ჭუპრი), აღორძინება (პეპლის თავისუფალი ფრენა). ჭუპრი- სუდარის ასოციაციას იწვევს, ჭიაყელას დაჭუპრება- სიკვდილისას, ხოლო პეპელა- სულის მეტაფორად განიცდება, რომელიც მკვდარ სხეულს ტოვებს და მიფრინავს. შესამისად, ფრენა- აღდგომის, ამაღლების, სხეულის ბორკილებიდან სულის განთავისუფლების მეტაფორად იქცევა. საინტერესოა, რომ ერთერთი ვარაუდის მიხედვით, მუმიფიცირების ხელოვნება ჭუპრის მიბაძვით წარმოიშვა; მჭიდროდ გახვეული მუმია ისევე გამოფრინდება თავისი „ჭუპრიდან“, როგორც პეპელა. (1), (3), (6)

რაც შეეხება სუნთქვას, მას ძველი ბერძნები ქართან და ფრთებთან აიგივებდნენ. ადამიანების სულები წარმოედგინათ მოჩვენებათა ქარბუქად. ასე მაგალითად, ტროასთან აქილევსის მოჩვენება ქარბუქის თანხლებით ჩნდება (Philostr. Heroic. III 26). უნდა ითქვას, რომ სუნთქვა სიცოცხლის ტრადიციული და უნივერსალური მეტაფორაა, არის რა მასთან არსებითად დაკავშირებული. ბიბლიაში შემოქმედი ადამის სხეულს, მიწისგან შექმნილს, თავისი ღვთაებრივი სუნთქვით სულს შთაბერავს და სოცოცხლეს ანიჭებს. შესაბამისად, ფსიქეა სულია, „ცოცხალი ან მარადიული სუნთქვაა“, რომელიც პეპლის მსგავსად, მეორედ ან მარადიულად იბადება. (1), (2), (3), (5), (6)

მაგრამ ფსიქეა მხოლოდ გოგონა, სული, პეპელა, სუნთქვა და ფრენა როდია. მას არსობრივად უკავშირდება სიყვარული, სიყვარულის ღვთაება (ამური- „სიყვარული“, კუპიდო -„სურვილი“). არა ერთ გამოსახულებაზე, ფსიქეა ამურს ხელისგულზე პეპელას-სულის სიმბოლოს, უდებს და თითქოს ამ მეტაფორით, თავის სულს უძღვნის. ორაკული ამცნობს ფსიქეას მამას, რომ მისი სიძე გახდება არა ადამიანი, არამედ „რაღაც ფრთოსანი, ცეცხლით შემრუსველი, ღმერთებისა და თავად სტიქსის რისხვა“ (აპულეუსი). ძვ.წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ჩნდება მითები, როლებშიც ამურს ოლიმპიელ ღმერთთა შორის ადგილი მიეჩინება. გვიანდელ მითებში, ეროსი- აფროდიტეს (სიყვარულის ქალღმერთის) და არესის (ომის ღმერთის) ვაჟია. ადრეული მითების მიხედვით კი, ეროსი უპირველესი ღვთაებაა; მან დააკავშირა სასიყვარულო კავშირით ურანოსი (ცა) და გეა(დედამიწა), რაც სიცოცხლის საწინდარად იქცა. დიონისეს მისტერიებში ეროსს “protagonus”-ს ანუ პირველადს, პირველმოქმედს ან დაბადებულთა შორის პირველს (იმას, „ვინც იხილა ქაოსი“) უწოდებენ. არისტოფანეს მიხედვით, ეროსი ერებოსის (მარადიული უკუნის) და ნიუქტეს (ღამის ქალღმერთის) შვილია. მას თანაბრად ემორჩილებიან ადამიანები და ღმერთები. ამურს (ეროსს) ეთაყვანებოდნენ როგორც ნაყოფიერების ღმერთსაც. უნდა ითქვას, რომ ათენში ყოველი თვის მეოთხე დღე ეროსს ეძღვნებოდა, რაც ამ ღვთაების პოპულარობაზე მეტყველებს. ასევე, ამურს პატივს მიაგებდნენ, როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ან მარადიული სიცოცხლის ღმერთსაც- მისი გამოსახულებებით ამკობდნენ სარკოფაგებსა და საფლავებს. (1), (2), (3), (5), (6)

ამური-ეროსი ერთის მხრივ, პირველადი სტიქიაა, კოსმიური აღმშენებლობითი ძალა, რომელმაც ქაოსი კოსმოსად (წესრიგად) გარდაქმნა და მეორე მხრივ, ის მშვილდ-ისრით შეიარაღებული, ფრთოსანი ბიჭია, სიყვარულისა და სიძულვილის ისრებით. (საფო-„ეროსი მშვენერია და სასტიკი, სიყვარული კი- ტკბილი სიმწარე“). ამურის ეს ორამაგობა არაა გასაკვირი იმის გათვალსწინებით, რომ ამური ამბივალენტურ სტიქიას (სიყვარულს) გამოხატავს და როგორც უძველესი ღვთაება, საუკუნეების მანძილზე ცვლილებას განიცდიდა. (1), (2), (3), (5), (6)

ფსიქეა მხოლოდ სულთან, გოგონასთან, პეპელასთან, სუნთქვასთან, ფრენასა და სიყვარულთან არ კავშირდება. ამ მართლაცდა, ღვთაებრივი კავშირის ერთერთი აუცილებელი ელემენტია ცეცხლი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორაკული ამცნობს ფსიქეას მამას, რომ მისი სიძე გახდება არა ადამიანი, არამედ „რაღაც ფრთოსანი, ცეცხლით შემმუსვრელი“. ამურის ერთერთი ეპითეტია „ყოველი ცეცხლის ბატონი“ (აპულეუსთან). ასევე ზემოთ მივუთითეთ, რომ ხშირად ფსიქეას გამოსახულებას ამური მისდევს, ხელში ჩირაღდნით! და რაც მთავარია, მითში, ფსიქეა ამურს სანათიდან დაღვენთილი ზეთით დასწვავს. აქვე ჩნდება ფარვანის ასოციაცია -პეპელა, რომელიც ცეცხლს ესწრაფვის და მასში იწვის; პეპელა, რომელიც „სიყვარულის ცეცხლს“ ეწირება. ცეცხლისა და ფრთოსანის გამთლიანების პოზიტიური ნიმუშია ფენიქსი (ცეცხლოვანი ჩიტი). აქვე დავძენ, რომ ფენიქსის მსგავსად, ფსიქეა ჩადის ჰადესში (კვდება) და მეორედ იბადება. (1), (2), (3), (5), (6)

ფენიქსი φοῖνιξ phoinix- წერილობით ტექსტებში პირველად ჰეროდოტესთან გვხვდება (მე-5 სკ. ჩვ. ერამდე). ბერძნულ მითოლოგიაში ფენიქსი უკვდავი ფრინველია, რომელსაც რეგენერაციის , აღდგომის უნარი აქვს. ის ასოცირდება მზესთან და მზესავით ბრწყინვალება ახასიათებს; ალისფერ-ოქროსფერი ბუმბულითა შემოსილი. ის მზის ფრინველია, რომელიც, გრძნობს რა სიკვდილის მოახლოებას, თავს იწვავს საკუთარ ბუდეში და ფერფლიდან აღდგება. (ანალოგია მზესთან, რომელიც საღამოს კვდება, რათა დილით ისევ დაიბადოს). საგულისხმოა, რომ ბერძნულიდან Φοίνιξ- ითარგმნება, როგორც ალისფერი, ცეცხლოვანი. მითოლოგიის თანახმად, ფენიქსი მხოლოდ ერთია და უნიკალური. ის მარადიული აღორძინების, აღდგომის მეტაფორაა. ჰერალდიკაში ფენიქსი გამოისახება ცეცხლიდან ამოფრენილი ფრინველის სახით (შეადარე- ფსიქეას გამოსახულებები, სადაც ის გარდაცვლილის კოცონიდან ამოფრინდება). ფენიქსი ცნობილია მრავალი კულტურის მითოლოგიიდან და ძირითადში, დაკავშირებულია მზის კულტთან. (1), (2), (3), (6)

ფენიქსის ფემინური რემინისცენციების ანარეკლად შეიძლება მივიჩნიოთ ის (აქვე უნდა ითქვას, რომ ფენიქსი სიქალწულის და ღვთისმშობლის სიმბოლოა. ამავე დროს, მზის, დროის, იმპერიის, მეტაფსიქოზის და მკვდრეთით აღდგომის, სამოთხის, ქრისტეს სიმბოლო), რომ ფოლკლორში გმირი ვაჟები მტრულად განწყობილი ფენიქსების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ასევე, ამ მხრივ საინტერესოა, რომ ელისაბედ I-მა და მარია შოტლანდიელმა საკუთარ ემბლემებად სწორედ ფენიქსი აირჩიეს.

ეგვიპტურ მითოლოგიაში ბენ-ბენი (ან ბენუ) ფენიქსის ანალოგია; ის მზის ღმერთ რას სულია. მისი სახელი სიტყვიდან „ვებენ“ მომდინარეობს, რაც ითარგმნება, როგორც „მბრწყინავი“. ბენუ იმ ცეცხლიდან გამოდის, რომელიც რას ტაძრის წმინდა ხეს უკიდია. მეორე ვერსიით, ის ოსირისის გულიდან ამოფრინდება. ბენუ გამოისახებოდა თეთრ- რუხი წეროს ან წითელ-ოქროსფერი არწივის სახით. ასახავდა მზის საწყისსა და აღდგომას.

იუდეისტურ კაბალაში ფენიქსი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ვერ აგემა ევამ შეცნობის ხის ნაყოფი; ამიტომაც ფენიქსი უკვდავია; ყოველ მეათასე წელს ის იწვავს თავს და ახლად იჩეკება. მეორე ბიბლიური ვერსიით, კიდობანში საკვებს მხოლოდ ფენიქსი არ ითხოვდა და ტიტანური შრომით დაქანცულ ნოეს თანაუგრძნობდა. ნოემ დალოცა ფრინველი და მას უკვდავება ებოძა. ეს ფრინველი ფენიქსთან ერთად მოიხსენიება ასევე, როგორც ჰოლი (ივრითიდან- ფერფლი, მიწა, ქვიშა) და ორშინა.

ფენიქსი ადრეული ქრისტიანობის ამოსავალი სიმბოლოა , ქრისტიანულ ლიტერატურაში ფენიქსი- მარადიულ სიცოცხლესა და ქრისტეს გამოხატავს. მისი გამოსახულება გვხვდება ქრისტიანული საფლავების ქვებზეც. (1), (3), (4), (6)

ანკა (ანქუ) – მუსლიმური მითოლოგიის პერსონაჟია; ალაჰის შექმნილი მშვენიერი, მარადიული ფრინველი, რომელიც მტრულადაა განწყობილი ადამიანების მიმართ.

ჟარ-პტიცა (ზუსტი თარგმანით, „ცხელი ან ცეცხლოვანი ჩიტი“)- სლავურ ფოლკლორში ცეცხლოვანი ფრინველია, ზღაპრების გმირების მოგზაურობისა და თავგადასავალის მიზანი, ძნელად შესაპყრობი, რომლის ელვარებაც აბრმავებს.
ფასკუნჯი- (ირანული სიმურგის ანალოგი)- დრაკონის მსგავსი ფრინველი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში, რომლის ფრთაც განმკურნებელია. ფასკუნჯის გამოძახება მისი ფრთის დაწვითაა შესაძლებელი. ცხოვრობს ქვედა სამყაროში, საიდანაც გმირი ამოჰყავს.

როგორც ვხედავთ, ფენიქსი ან „ცეცხლოვანი ჩიტი“ არქეტიპია, რომელიც თავს ავლენს სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურებში. ფენიქსი ფსიქეას (სულის) ზოომორფული ხატია; მას ცეცხლი წვავს, მაგრამ არ იწვის. უფრო მეტიც, ფსიქეა თავად დასწვავს სიყვარულის ღმერთს სანათიდან დაღვენთილი ზეთით. ის ფარვანასავით მიელტვის ცეცხლს, მაგრამ პეპლისგან განსხვავებით არ იღუპება. ფსიქეა ჩადის ჰადესში (კვდება), მაგრამ როგორც ფენიქსი, მეორედ იბადება სიყვარულის ამბორით ან სიყვარულის ცეცხლით გაღვიძებული.

უნდა ითქვას, რომ ფსიქეას მითოლოგიური თემა შემოქმედთა სტიმულად იქცა და არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა ხელოვნების ისტორიის მაძილზე; ის მხატვრულად დაამუშავეს განსხვავებულ ეპოქებში, სრულიად განსხვავებულმა ხელოვანებმა (რომანო, რაფაელი, რუბენსი, კანოვა, თორვალდსენი, კალდერონი, ლაფონტენი, მოლიერი და სხვ.) თანამედროვე ეტაპზე მითმა თავისი მრავარიცხოვანი ვარიაციები ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში ჰპოვა.

ფსიქეაზე მითის გაგება-ინტერპრეტირების არა ერთი ვერსია არსებობს.

არის მოსაზრება, რომ აპულეუსმა თავის ნაწარმოებში მეტაფორულად ასახა ვენერას მისტერიალურ კულტში ინიციაციის რიტუალი. ასე მაგალითად, რ. მერკელბახის შეხედულებით (იუნგიანელი ავტორი), ფსიქეას ისტორია მისტერიალური ტექსტია; ინიციაციის რიტუალს ან საკრალური მოქმედების საიდუმლოს ასახავს. მისი მიზანი ნეოფიტის, საიდუმლო რელიგიური ჯგუფის ახალი წევრის, მეტამორფოზა და ტრანსფორმაციაა. ავტორის აზრით, სწორედ ინიციაციური ფუნქცია ზრდის ამ მითის ღირებულებას. ასევე ავტორი აღნიშნავს ფსიქეაზე მითოსური ტექსტის ზეგავლენას ადამიანის და კერძოდ, თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაზე; მითი ფსიქეაზე თანამედროვეობასთან განსაკუთრებული „სიახლოვით“ გამოირჩევა, ასახავს რა ადამიანის ცნობიერების დინამიკას, მის ღიაობასა და განვითარებისადმი ტენდენციას. (9), (12)

ძველი კულტურების რიტუალებში ინიციაცია (ლათ.საიდუმლოს შესრულება, კულტის ახალი წევრის კურთხევა) ინდივიდის განვითარების ახალ საფეხურზე ასვლას და მის მისტიკურ კავშირსა თუ ახალ სოციალურ ჯგუფში გაწევრიანებას უკავშირდებოდა. ინიციაციის დროს ინდივიდი გადიოდა, როგორც წესი, მძიმე და ზოგჯერ მტკივნეული გამოცდების ციკლს. მაგალითად, თანამედორვე პირველყოფილ ტომებში ინიციაციის დროს მიმართავენ ნეოფიტის იზოლაციას, ტატუირებას, სხეულის დაზიანებას და სხვ. საინტერესოა ე.წ „გარდასვლის“ ან კურთხევის რიტუალები, რომლებიც 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება: 1)ინდივიდის განცალკევება (separation), 2) ინდივიდის „ზღვრული“ მდგომარეობა- ის „ორ სამყაროს“ შორისაა მოქცეული (ლათინურად margo ან limen- ზღურბლი) და 3) ინდივიდის ჩართვა ახალ საზოგადოებაში ან „აღდგენა“(reagregation). (9), (12)

თუკი გარდასვლის რიტუალების სქემის საფუძველზე განვიხილავთ მითს ფსიქეას შესახებ, მაშინ შეგვიძლია მისი სტრუქტურა ასე წარმოვადგინოთ: 1) სეპარაცია-მოტაცებული ფსიქეა მარტოდ მარტო ცხოვრობს სასახლეში, სადაც მისი მეუღლე და მსახურები უხილავნი არიან. 2) ზღურბლი- ფსიქეა მიატოვა ამურმა და ის ამქვეყნიურ და იმქვეყნიერ სამყაროებს შორისაა მოქცეული: ამურის ძებნაში მოიარა დედამიწა და ჰადესი. (არც ცოცხალია და არც მკვდარი), 3) აღდგენა- ფსიქეა გააცოცხლა ამურმა და მასთან იქორწინა.

ქრისტიანული ვერსიით, მითი ფსიქეაზე სოფიას (ღვთაებრივი სიბრძნის) შესახებ ქრისტიანული იგავის ანალოგია (ან ამ უკანასკნელის არქეტიპია); ფსიქეა ადამიანის სულს განასახიერებს; ის იძინებს (ან კვდება) ჰადესის სამეფოში და მას აცოცხლებს „ნათლისაკენ გამძღოლი“ იესო, როგორც სამყაროს ერთიანი ცნობიერება და როგორც ეროსი (სიყვარული). ქრისტიანულ ტექსტში „სამყაროს წარმოშობა“ ნათქვამია: „როგორც ერთი ლამპრიდან მრავალი ლამპარი აინთება და იქ ერთიანი ნათელია, ლამპარი, რომლისგანაც სინათლე აიღეს, არ ქრება, ასევე ეროსი ვრცელდება ქაოსის ყველა ქმნილებაზე და არ ქრება“ . მითის კულმინაციაა სულისა და სიყვარულის ქორწინება, რის შედეგადაც ფსიქე უკვდავებას მოიპოვებს. მითის ქრისტიანული ვერსიით, ეს მისტიკური კავშირი გნოზისს (შემეცნებას) განასახიერებს, რომლის საფუძველზეც ნეოფიტი საკუთარ უკვდავ, პირველად რაობას წვდება. (4)

რენესანსის ჰუმანისტების ინტერპრეტაციით, მითი ფილოსოფიური ალეგორიაა და ასახავს სულის (ფსიქე) სურვილისკენ (ეროტი) სწრაფვას, რისი შედეგიცაა ნეტარება-სიამოვნება (მათი შვილი). მითი იკითხება ჭეშმარიტი სიყვარულის კლასიკური მაგალითის სახითაც და ასევე, როგორც ადამიანის სულის უმაღლესი რეალიზაცია; – მოკვდავი და უკვდავების მომპოვებელი ფსიქეა- იდეალის მაძიებელი სულის სიმბოლოა.

მითი ასევე, გაიგება ფსიქოთერაპიის პროცესთან ანალოგიითაც. კერძოდ, როგორც იმ ცვლილებათა ამსახველი, რომლებსაც ფსიქოთერაპიის პროცესში აქვს ადგილი; ადამიანი სიყრმეში მხიარულია და თავისუფალი (ფსიქეას ნეტარება უხილავ მეუღლესთან), მაგრამ მოზრდილ ადამიანს უჩნდება პრობლემები, რასაც თან ერთვის ქრონიკული შფოთვა (ამური ტოვებს ფსიქეას), ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი და ფსიქოთერაპია (ფსიქეას გამოცდა და დავალებები), დაკარგული მთლიანობის, თვითიდენტობის აღგენა (ამურთან შერწყმა ოლიმპოზე). (17)

არა ერთი იუნგიანელი ავტორი ცდილობს ფსიქეას მითის გააზრებას ქალის ფსიქოლოგიისა და სულის (ცნობიერების) განვითარების რაკურსიდან. მათ შორის არიან ე. ნოიმანი („ფსიქეა და ამური“), რ. ჯონსონი („ქალის ფსიქოლოგიის სიღრმისეული ასპექტები“), დ. შ. ბოლენი („მითი ფსიქეაზე: ფსიქოლოგიური განვითარების მეტაფორა“), მ.ლ. ფონფრანცი („მონანიების მოტივის ფსიქოლოგიური საზრისი ჯადოსნურ ზღაპარში“) და სხვები. (13), (18)

ჯ. შ. ბოლენის მიხედვით, მითი ფსიქეაზე- ქალის ფსიქოლოგიური ზრდის მეტაფორაა, რომელიც ისეთ მეთოლოგიურ არქეტიპებთან (ან ფსიქეას ოთხ იპოსტასთან) იდენტიფიკაციას უკავშირდება, როგორებიცაა ფსიქეა- აფროდიტე (საყვარელი), ფსიქეა-ჰერა (მეუღლე), ფსიქეა-დემეტრა ( ფეხმძიმე დედა), ფსიქეა-პერსეფონე (მკვდარი და გაცოცხლებული). (ჯ.შ.ბოლენი „ქალღმერთები ყოველ ქალში: ქალის ახალი ფსიქოლოგია“. Goddesses in Everywoman: A New Psychology of Women).

ასევე, მიიჩნევენ, რომ ფსიქეა ქალის სიყმაწვილის სიმბოლოა, რომელიც კონფლიქტში მოდის ტრადიციების დამცველ ძალებთან (ამ უკანასკნელთ აფროდიტე გამოხატავს); ფსიქეას უნდა სიყვარული და თავისუფლება, აფროდიტე კი მოითხოვს, რომ გოგონამ გათხოვილი ქალის ტრადიციული ხვედრი იტვირთოს. ეს ტრავმირებული ქალურობის უნივერსალური მითია, წერენ ავტორები, მითი ასახავს ტრავმას, რომელიც თაობიდან თაობას გადეცემა.(13), (18)
მითი ფსიქეაზე- ქალის ფსიქოლოგიური განვითარების მეტაფორა

ერიჰ ნოიმანის („ამური და ფსიქეა“) (13) ინტერპრეტაციით, ფსიქეა ფეხმძიმე, მოკვდავი ქალია, რომელიც ცდილობს თავის ღვთაებრივ ქმარს დაუკავშირდეს. ამ მიზნით დედამთილის 4 სიმბოლურ დავალებას ასრულებს. ყოველი დავალება იმ უნარს გულისხმობს, რომელიც ზრდასრულ ქალს უნდა გააჩნდეს ან რომელიც უნდა განივითაროს. ყოველი დავალების შესრულების შემდეგ ფსიქეა ახალ უნარს იძენს, რომელიც იუნგიანულ ანიმუსს (ქალში მამაკაცურ საწყისს) შეესაბამება. აღნიშნული თვისებები ქალის ისეთ არქეტიპებს უკავშირდება, როგორიცაა არტემისი (მონადირე ქალი) ან ათენა (სიბრძნის, ომი-მშვიდობის მეომარი ქალღმერთი).

მითის დასაწყისში ფსიქეა შეესაბამება და ასახავს ისეთ არქეტიპებს, როგორიცაა საყვარელი (მითოლოგიური პირველსახე-აფროდიტე), მეუღლე (მითოლოგიური პირველსახე- ჰერა) და ფეხმძიმე დედა (მითოლოგიური პირველსახე- დემეტრა). მითის მსვლელობისას ფსიქეა მეორედ დაბადებულის არქეტიპსაც ეზიარება (მითოლოგიური პირველსახე-პერსეფონე) – ფსიქეა ჩადის ჰადესში და იქიდან უვნებლად ამოდის (როგორც ფენიქსი -რ.მ.). ასევე, აფროდიტეს დავალებების შესრულებით, ფსიქეა ახალ არქეტიპულ როლებს ითავისებს (მებრძოლი, აქტიური,მშრომელი ქალის) და პიროვნული განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.

პირველი დავალება: მარცვლეულის დასორტირება (ფსიქეას ეხმარებიან ჭიანჭველები). რ.ჯონსონის აზრით, ეს დავალება სიმბოლურად კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების და კერძოდ, კონფლიქტური გრძნობებისა და სურვილების გადახარისხების უნარს გამოხატავს. ამ უნარის შესაძენად ქალმა ხშირად უნდა „ჩაიხედოს“ საკუთარ თავში, მოახდინოს გრძნობების, მოტივებისა თუ ღირებულებების ანალიზი და მნიშვნელოვანი-უმნიშვნელოსგან გამოყოს. სანამ ქალი ისწავლიდეს „აბურდულ“ სიტუაციაში შეჩერებასა და ფიქრს (და არა მოქმედებას), ის „ჭიანჭველებს“ (ან ინტუიციას, ჭიანჭველა – ინტუიციის მეტაფორა) ენდობა. ქალი დამოუკიდებლად შეძლებს მოქმედებას, როდესაც არაცნობიერ ინტუიციაზე უფრო მეტად ცნობიერ ძალისხმევას- ლოგიკური შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების საკუთარ უნარებს მიენდობა.

მეორე დავალება: ოქროს მატყლის მოპოვება უზარმაზარი, აგრესიული ცხვრებისგან. ამ დავალების შესრულებისას ფსიქეას მოსაუბრე მწვანე ლერწამი ეხმარება, რომელიც მას ასწავლის დაიცადოს დაღამებამდე- ველური ცხვრების დაძინებამდე. ამის შემდეგ ფსიქეა იოლად შეასრულებს დავალებას- ოქროს მატყლს მაყვლის ბუჩქებიდან შეაგროვებს, რომლებსაც მატყლი შემორჩება. ეს დავალება, ავტორის აზრით, ასევე მეტაფორაა; კონკურენტულ გარემოში ადამიანები აგრესიულად იბრძვიან სოციალური მდგომარეობისთვის. ასეთ გარემოში მოქცეული ქალი (ქალის მოწყვლადი ტიპი) უცილობლად განიცდის ხიფათსა და მარცხს. ქალის მებრძოლი ტიპი კი (ათენა ან არტემისი) თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობს. რაც შეეხება ფსიქეას, მას მხოლოდ ლოდინი შეუძლია და მიზანს შემოვლითი გზებით აღწევს. ფსიქეას მიერ ოქროს საწმისის მოპოვება, ავტორის გაგებით, ძალაუფლების მეტაფორაა, რომელსაც ფსიქეა “ქალური“- შემოვლითი ან არააგრესიული გზებით აღწევს.

მესამე დავალება: ბროლის სასმისის ავსება მდინარე სტიქსის წყლით. მდინარე სტიქსი-ჰადესის სამეფოში მოედინება. ის კასკადით ეშვება სათავიდან – მაღალი კონცხიდან ღრმა უფსკრულში და შემდეგ, მიწის გავლით ისევ უბრუნდება თავის სათავეს. მეტაფორულად სტიქსი- ცხოვრების წრებრუნვას ასახავს, რომელშიც უნდა ჩაყვინთოს ფსიქეამ, რათა აავსოს თავისი სასმისი. ამ დავალების შესრულებისას ფსიქეას არწივი ეხმარება, როგორც შორით ხედვის და ელვისებური პიკირების (სწრაფი მოქმედების) მეტაფორა; ავტორი წერს, რომ ქალი-აფროდიტესთვის მნიშვნელოვანია ემოციური დისტანციის დაცვა, რათა გარემო მის ერთიანობაში დაინახოს, მთავარი და მნიშვნელოვანი დეტალები გაარჩიოს. ეს უნარი გამოცდილების გასააზრებლად და საკუთარი ცხოვრების ფორმირებისათვის სრულიად აუცილებელია.
ფსიქეას მეოთხე დავალებას ავტორმა პირობითად უწოდა: „ისწავლე თქვა -„არა!“ ფსიქეა ჰადესში ჩადის პერსეფონეს ზარდახშის მოსაპოვებლად. ამ უკანასკნელში მარადიული სილამაზის მომნიჭებელი მალამოა. დავალების შესრულების დროს ფსიქეას გარდაცვლილთა სულები დახმარებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ თუ ფსიქეა სამჯერ არ იტყვის „არას!“- სამუდამოდ დარჩება ჰადესში. ავტორის გაგებით, ამ შემთხვევაში გამოყენებულია მიზანდასახულებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარების მეტაფორა.

ოთხი დავალების შესრულებით, ფსიქეა ყალიბდება, როგორც პიროვნება, იძენს ისეთ მასკულინურ თვისებებს, როგორიცაა სიმამაცე, სიმხნევე და გაბედულება. მაგრამ მიუხედავად ამ მონაპოვრებისა, ფსიქეას ბუნება უცვლელია, რადგანაც მის ღერძულ ღირებულებად ისევ სიყვარული რჩება. და ავტორის გაგებით, სწორედ ესაა მისი საბოლოო გამარჯვების გასაღებიც.

ერიჰ ნოიმანი ყურადღებას ამახვილებს მითის ერთ მნიშვნელოვან ასპექტზეც- აფროდიტე ფსიქეას ადამიანთაგან ყველაზე მახინჯზე ქორწინებას უქადის, რაც, ავტორის შეხედულებით, უძველეს მოტივს, – მკვდარზე დაწინდვის რიტუალს ასახავს მატრიარქალურ კულტურებში. ავტორი წერს, რომ ყოველი ქორწინება სიმბოლური სიკვდილის ხასიათს ატარებს; ქალურის ერთერთი ფუნდამენტური პრინციპი დედისა და ქალიშვილის იდენტიფიკაციაა, ამიტომაც ქორწილი დედა-შვილის დაშორების, ძალადობის ან გაძარცვის სახით განიცდება. ნოიმანი ფსიქეას სასიყვარულო სარეცელს „სატყუარას“ უწოდებს, რომელიც ფსიქეას სექსუალობის ბნელ სამოთხესა და უსახელო სიხარულის სამყაროში მოაქცევს. ღამეული სიამოვნება აქ მატრიარქატის სიმბოლურ პრინციპს ასახავს- ტაბუს ინდივიდუალურ მამაკაცზე ; ინდივიდუალური მამაკაცი დაიშვება მხოლოდ ანონიმური სახით და ისიც, როგორც ღვთაების წარმომადგენელი. (13) აღნიშნული ტაბუს მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ მითი ამფიტრიონზე, თირინტოს მეფეზე, რომლის ცოლსაც, ალკმენესაც ზევსი ამფიტრიონის სახით ეწვია (შესაბამისად, ალკმენეს მეუღლე არა მოკვდავი ამფიტრიონია, არამედ ღმერთებისა და ადამიანების მეფე, ზევსი). ამ სასიყვარული კავშირის შედეგი კი თავად ჰერაკლეა!

ე. ნოიმანი მიუთითებს ფსიქეას კონფლიქტზე- მას საყვარლის სხეულში სძულს უხილავი არსება (შესაძლო მხეცი ან ურჩხული) და უყვარს ადამიანი. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საყვარლის შეცნობითაა შესაძლებელი. ამიტომაც ფსიქეა გამოდის არაცნობიერის სიბნელიდან, წყვეტს კავშირს მატრიარქატთან და მამაკაცური საწყისის მიმართულებით მოძრაობს; შეიცნობს ამურს არა მხოლოდ როგორც ანონიმურ საყვარელს. ამით ფსიქეა ჭეშმარიტად „ხვდება“ მეუღლეს და უყვარს ცნობიერად.

არის უფრო მითის ზოგადი გაგებაც; მითში ასახული სიუჟეტი უკავშირდება არა მხოლოდ ქალის, არამედ ზოგადად, ადამიანის სულის ევოლუციას; ადამიანის სულის რაობას, მის ტანჯვას სიყვარულის დაცვის პროცესში და მრავალი შეცდომის დაშვებით, საბოლოოდ ნეტარების მიღწევას.

ასე მაგალითად, ბეატრის ჰინკლი (ასევე იუნგიანელი ავტორი) აღნიშნავს, რომ სიყვარულის მიერ მძინარე სულის გაღვიძება (როგორც ფსიქიკური განვითარებისა და ფსიქიკური გამოღვიძების მეტაფორა) – ის არქეტიპული მოტივია, რომელიც ხშირად მეორდება მითებში, ზღაპრებში, ხელოვნების ნაწარმოებებში და ასევე, სუბიექტურ განცდებში. ავტორის გაგებით, მითი მონანიება- გამოსყიდვის პროცესს ასახავს; მთავარი პერონაჟი (ფსიქეა) გადის ტანჯვის, თვითმკვლელობისა და აღდგომის მტკივნეულ პროცესს. აქვე ავტორი აღნიშნავს, რომ ანიმა ფსიქიკურ სტრუქტურად სიყვარულის ძალით ყალიბდება – ეროსი წარმოშობს ფსიქიკურს. ამავე დროს, ანიმას შემოქმედებითი საწყისი უკავშირდება. „შემოქმედებით დემონს“ ავტორი მარადიული ბავშვის ღვთაებრივ ხატთან (ყრმა ამური) აიგივებს; კრეატულობის აღმოსაცენებლად ის უნდა შეერწყას ქალურ სულს (ანიმას) „ფსიქიკურ კოიტუსში“. შესაბამისად, მითი ფსიქეაზე ეროსისა და ფსიქიკურის ურთიერთობის რიტუალს ასახავს, რომელიც მარადიულად თამაშდება როგორც ადამიანებს შორის, ასევე ერთი ადამიანის ფსიქიკის ფარგლებშიაც.

ბ. ჰინკლი მიუთითებს, რომ თანამედროვე ცნობიერებისათვის ფსიქეას ისტორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჯონ კიტსის ლექსმა „ოდა ფსიქეას“ მკაფიოდ ასახა. კიტსი ფსიქეას (ან ადამიანის სულს), როგორც ახალ ან თანამედროვე ქალღმერთს მიმართავს- „გონების უხილავ სიღრმეთა შორის, მე-ქურუმს მომეცი ნება აგიგო ტაძარი. ფლეიტის ნაცვლად ახალ აზრების ისმოდეს ბგერა ტკივილნარევი“(თარგმანია ჩემია -რ.მ.). ჩვენს ეპოქაში საკრალობა ადამიანის (!) სულმა შეიძინა. ფსიქეა ქალია, რომელმაც მისი სულის ან პიროვნების ფორმირების პროცესში განსაცდელი გამოიარა და ახალი საკრალური სფეროს ქალღმერთად იქცა.

ავტორი რ. ჯონსონი თანამედროვე ფსიქეაზეა ფოკუსირებული; კერძოდ, ცდილობს დაადასტუროს თანამედროვე ადამიანზე მითოლოგიის გავლენა და კერძოდ, ფსიქეას არქეტიპის აქტუალობა. მითი შუძლებელია იყოს შეზღუდული სივრცით ან დროით -წერს იუნგიანელი ავტორი და შესაბამისად, „ფსიქეა დღესაც დაკავებულია თავისი განვითარებით, ასრულებს რა აფროდიტეს დავალებებს“. ავტორი განიხილავს თანამედროვე ამერიკელი ქალის სიზმარს და დასძენს, რომ თანამედროვე ეპოქა ცვლის მითის მხოლოდ გარეგან ასპექტებს, „მითის დეკორაციას“ (თანამედროვე ინდუსტრიული ამერიკული კულტურის შესაბამისად), ხოლო რაც შეეხება მითის არსობრივ ასპექტს – ის უცვლელი რჩება. (13)

ფსიქეას მითის პრაქტიკულ-ფსიქოლოგიური ღირებულება

ფსიქეაზე მითის აქტუალობამ არა ერთ პრაქტიკოს-ფსიქოლოგს მისცა სტიმული შესაბამისი ტრენინგ-პროგრამების შემუშავებისაკენ. წარმოვადგეთ რამდენიმე ასეთ პროგრამას: (11), (20)

1) „მითი ფსიქეაზე“-ჯგუფური ზღაპრით თერაპიის სეანსები- ფსიქოლოგიური ცოდნის ამაღლება ზღაპრით თერაპიის მეთოდით“. ავტორი: ხლებოდაროვა ოლგა.

სამიზნე ჯგუფი: ლიტერატურული ლიცეუმის მოსწავლეები. პროგრამის მიზანი: მოსწავლეთა შორის ფსიქოლოგიური ცოდნის ამაღლება, ბავშვების სულის შესახებ ცოდნის გამოვლენა. ამოცანები: ა)მეცნიერება „ფსიქოლოგიის“ პირველი გაცნობა, ბ)შეფასების გარეშე მსჯელობის საშუალება, გ) ხატოვანი აზროვნების განვითარება

2) მითოდრამა „ფსიქეა და ეროტი“: ქალის ინდივიდუაციის გზა. მითოდრამა ჯგუფის „ქარიზმა არქეტიპებში“ წევრებისთვის. ნადეჟდა პროკოფიევას საკონსულაციო სახელოსნო. სამიზნე ჯგუფი: პირები, ორიენტირებულნი საკუთარი ცხოვრების ღრმა, არქეტიპულ დონეზე, ობიექტივაციისაკენ.

3) „მითი ფსიქეას შესახებ“- როლური თრენინგი. მიზანი: მასკულინური და ფემინური ეგო-იდენტობის დაუფლება, ქალური და მამაკაცური საწყისების ინდივიდუაცია (პიროვნული ზრდა). წამყვანი ანდრეი ვიშნიაკოვი, ფსიქოდრამისა და როლური თრენინგის ინსტიტუტის თრენერი.

4)ტრენინგი „ შეიცანი თავი შენი. აფროდიტე და ფსიქეა ჩვენში“ ტრენერი ტატიანა ჩურსინა

5) თბილისის შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 90-იან წლებში ჩვენს მიერ აქტიურად გამოიყენებოდა ფსიქეას მითი სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებთან ფსიქოლოგიური მუშაობის პროცესში. კერძოდ, მივმართავდით ტრენინგების ციკლს მითის ფსიქოლოგიური ინტერპრეტირებისა და ინსცენირების მიზნით. ტრენინგის ძირითადი მიზნები: ფსიქოლოგიური მეცნიერების ღრმა დონეზე გაცნობა, კრეატულობა- სპონტანობის უნართა წვრთნა.

უნდა ითქვას, რომ სხვა მითებისგან განსხვავებით, ფსიქეას მითის ინტერპრეტაცია-ინსცენირება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, უკავშირდება რა ის ადამიანის სულის გაგებას. შესაბამისად, მითი ე.წ. პროექციული ფსიქოლოგიური ტესტების (რორშახის ან თემატური აპერცეპციის ტესტის ანალოგიურად) მნიშვნელობას იძენს.

და მაინც, რატომ ამოიცნო ფსიქოთერაპიამ ფსიქეას მითში მძლავრი თერაპიული პოტენციალი? ფსიქეა-ფენიქსი არა ერთ ატრიბუტთან და სიმბოლოსთან (გოგონა, სული, პეპელა, სუნთქვა, სიყვარული, ცეცხლი) კავშირდება, ის პოლისემანტური ხატია, მაგრამ ამ მიზეზით სხვა მითოსური ხატებისგან არ გასხვავდება. მისი უნაკალობა სხვა, რამდენიმე მიზეზიდან მომდინარეობს; ფსიქეა ქალი-გოგონაა, მაგრამ, სხვა ფემინური მითოლოგიური პერსონაჟებისგან განსვავებით, ის აქტიურია და განვითარებისადმი ღია. მითოლოგიის ფემინური პერსონაჟები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მამაკაცი-პროტაგონისტების აქტივობისა და ბრძოლოს მიზნად ან ჯილდოდ არიან წარმოდგენილნი; ამის ნათელი მაგალითებია ანდრომედა- პერსევსის ჯილდო -მეუღლე (ანდრომედა კლდეზე მიჯაჭვული ან უკიდურესად პასიური და ურჩხულის მომლოდინე იხსნა და გაათავისუფლა პერსევსმა) და არიადნე-თეზევსის, შემდგომ კი თავად დიონისეს მეუღლე. ეს უკანასკნელი ღრმა ძილში მყოფი გააღვიძა დიონისემ თავისი მხიარული ამალითა და სიცოცხლის მომნიჭებელი ძალით. (მითის ერთერთი ვერსიით, მოგვიანებით, ინდოეთის მეფის ასულში შეყვარებულმა დიონისემ მიატოვა არიადნე. მეორე ვერსიით, მინოტავრის ღვიძლი და და ლაბირინთში გზის გამკვლევი არიადნე ქვად (!) გადააქცია დიონისესთან მებრძოლმა პერსევსმა). არიადნესგან განსხვავებით, ფსიქეა თავად აღვიძებს მძინარე ამურს და გამოყავს იგი ღამის საფარველიდან. მამაკაცი-პროტაგონისტების სახელებისგან განსხვავებით, ფსიქეას სახელი არ ითარგმნება როგორც „ჰერასთან მებრძოლი“ (ჰერაკლე), როგორც „ქალაქების მძარცველი“ (პერსევსი) და არც როგორც „ინსტიტუცია“ (თეზევსი); ფსიქეა ადამიანის სულის მეტაფორაა და მისი აქტივობა თავად სულის ბრძოლაა და ევოლუცია.

ფსიქეას, როგორც „ღია“ ან „იდეალურ“ სიმბოლოს, შეიძლება „დიდი მაკავშირებელი“ ეწოდოს; ფსიქეა ისეთ ტრადიციულ ანტიპოდებს აკავშირებს, როგორიცაა ა) სისუსტე – ძლიერება (ფსიქეა სუსტი გოგონა-პეპელაა, რომელიც მძიმე გამოცდის შემდეგ უკვდავებას მოიპოვებს), ბ) ემოციური სიმშრალე – ვნება (ფსიქეა მზრუნველობის პასიური ობიექტი იყო ჯადოსნურ სასახლეში და შემდეგ კი, ორი სამყარო მოიარა სიყვარულის ძიებაში. ფსიქეა კვდება და ამბორით ცოცხლდება), გ) სიბნელე- (სიბრმავე) – სინათლე (ხედვა) (უხილავთა შორის მოქცეული ფსიქეა, ვერავის ხედავს გარშემო და შეცნობის მიზნით, ლამპარს ანთებს), დ) სიკვდილი – სიცოცხლე (სტიქსის წრებრუნვის ანალოგიურად, ფსიქეა ჩადის ჰადესში და იქიდან უვნებელი ბრუნდება), ე) ფიზიკურ სამყარო- მეტაფიზიკური სამყარო (მოკვდავი ქალი ეზიარება მიღმიერ სამყაროსა (ჰადესს) და ბოლოს, უკვდავი ღმერთების სავანეს (ოლიმპოს).
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ფსიქეას მითის თერაპიული პოტენციალი ფსიქეას, როგორც ადამიანის სულის, მითოსური სახის პოლისემანტიკას, მის დინამიურობასა (განვითარებისადმი ღიაობას) და ინტეგრაციულობას (ანტიპოდთა გამთლიანებას) უკავშირდება.

ლიტერატურა:

1. Barnhart, Robert K (1995), The Barnhart Concise Dictionary of Etymology, HarperCollins, ISBN 0-06-270084-7
2. Campbell, Joseph (1991). Occidental Mythology. Arkana. p. 519. ISBN 0-14-019441-X
3. Garry, Jane; El-Shamy, Hasan (2005), Archetypes and Motifs in Folklore and Literature, ME Sharpe, ISBN 978-0-76561260-
4. Lundy, John P. (1876), Monumental Christianity, JW Bouton
5. Oxford English Dictionary, 3rd ed. “myth, n. Oxford University Press (Oxford), 2003.
6. Van der Broek, R (1972), The Myth of the Phoenix, Seeger, I trans, EJ Brill.
7. Андерсон В., Роман Апулея и народная сказка, т. 1, Казань, 1914
8. Апулей Луций – Метаморфозы, или Золотой осел Электронная библиотека RoyalLib.com
9. Арнольд ван Геннеп. Инициация // Арнольд ван Геннеп. Обряды перехода. Систематическое изучение обрядов. М., 1999, с.64-107
10. Вернан Ж.-П. Происхождение древнегреческой мысли / Пер. с фр./Общ. ред. Ф. X. Кессиди, А. П. Юшкевича; Послесл. Ф. К. Кессиди. — М.: Прогресс, 1988. — 224 с.
11. Вишняков Андрей. Тренер и психодраматерапевт Института Психодрамы и Ролевого Тренинга.. andrey vi@mail.ru
12. Генон, Рене. Заметки об инициации // Кризис современного мира = Aperçus sur l’initiation (1946). — М.: Эксмо, 2008. — С. 141-442. — ISBN 978-5-669-30172-0
13. Джонсон Р. Современная Психея “ОНА” Глубинные аспекты женской психологии Опубликовано: October 21, 2002, 12:00 am
14. Кесиди Ф. Х. От мифа к логосу. — М.: Мысль, 1972. — 312 с.
15. Лосев А.Ф Античная мифология в её историческом развитии, М., 1957
16. Лосев А. Ф. Диалектика мифа. — М.: Правда, 1990.
17. Немировский К. Душа в поисках потерянной Любви. hpsy.ru
18. Нойманн Эрих «Амур и Психея: психическое развитие женского начала». Изд. Принстонского университета, Нью-Джерси, 1971
19. Райкова О. А. Древнегреческий миф классической эпохи / Дис. … канд. филос. наук: 24.00.01. — Томск: ТГПУ, 2012. — 129 с
20. http://www.justlady.ru/articles-126606-poznay-sebya-afrodita-i-psiheya-v-nas#ixzz3Zol3geJ6

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button