განხილვაესესაკითხავი

თამარ გეგეშიძე “ფსიქოანალიტიკური თემატიკა ოთარ ჭილაძის რომანებში”

ოთარ ჭილაძე იმ ქართველ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მე-20 საუკუნის ინტერდისციპლინარულ გარემოში, ლიტერატურული ნაწარმოების რეალობისა და პერსონაჟების უკეთ წარმოსაჩენად, არაერთ მეცნიერებასა თუ მიმდინარეობას მიმართეს. მათ შორის ფსიქოლოგიას და კონკრეტულად ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზს. იმ დროს, როცა ლიტერატურულ ასპარეზზე ოთარ ჭილაძე გამოდის, ფროიდის მეთოდი სიახლეს აღარ წარმოადგენს. ამ პერიოდისთვის არსებობს კარლგ გუსტავ იუნგის მოძღვრებაც კოლექტიურ არაცნობიერზე და ჩამოყალიბებულია ნეოფროიდისტული მიმართულებაც, მაგრამ ფროიდი მაინც რჩება წამყვან ფიგურად არაცნობიერის კვლევის დარგში. შესაბამისად, როდესაც ოთარ ჭილაძე თავის რომანებში ცდილობს, მოგონებების, წამოცდენებისა თუ ასოციაციების საშუალებით გააანალიზოს თავისი გმირების საქციელი, გაარკვიოს ურთიერთობა მამებსა და შვილებს შორის ან რომელიმე პერსონაჟის ცხოვრების წარმმართველ ფაქტორად მიიჩნიოს სექსუალური ენერგია, აქ, ცხადია, აშკარად იგრძნობა კლასიკური ფსიქოანალიზის გავლენა.

ფროიდის მოძღვრება პიროვნების შესახებ უამრავ ასპექტს მოიცავს, დაწყებული ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპის კვლევიდან, დასრულებული პიროვნების სტრუქტურის მოდელის შექმნით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ცნობიერისა და არცნობიერის ურთიერთობაა – არაცნობიერში დაგროვილია განდევნილი, ტრავმატული ან საზოგადოებისთვის მიუღებელი შინაარსები (სურვილები), რომლებიც ხშირად სექსუალურ ხასიათს ატარებს. ამ შინაარსების გამჟღავნება პიროვნებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ცნობიერი აკონტროლებს ამ პროცესს და ახდენს ამგვარი სურვილების სუბლიმაციას, გაკეთილშობილებას. ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანში „კონტროლი“ ძლიერია. მაგრამ ზოგ შემთხვევაში არაცნობიერი შინაარსების მუდმივად განდევნა შეუძლებელი ხდება და ეს უარყოფითად აისახება ადამიანის მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთ დროს გამოსავალი ერთია – არაცნობიერი მისაწვდომი უნდა გახდეს ცნობიერისთვის და მოხდეს პრობლემის არსის გაცნობიერება (9, 10). ფროიდი აღნიშნავდა, რომ მას ხელოვნების არსის შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლია და ფსიქოანალიტიკური კვლევის საგანი შეიძლება გახდეს მხოლოდ ნაწარმოების შექმნის პროცესი, შესაბამისად, ავტორის ფსიქიკური თავისებურებები, მაგრამ ლიტერატურამ ფროიდის მოძღვრება ნაწარმოებების პერსონაჟების ფსიქიკისა და არაცნობიერის ამოსახსნელადაც გამოიყენა, რაც, ცხადია, რეალური ადამიანის ფსიქიკის ანალოგიითაა შექმნილი (3, 71).

ადრე ლიტერატურულ ნაწარმოებებში სიყვარულისა და მიზიდულობის თემა უფრო ხელშეუხებელი და წმინდა იყო, მე-20 საუკუნეში, როცა სრულად შეიცვალა დამოკიდებულება ჭეშმარიტების არსთან დაკავშირებით, და საერთოდაც, ეჭვქვეშ დადგა ჭეშმარიტების არსებობის საკითხი, მხატვრულმა ნაწარმოებებმა სააშკარაოზე გამოიტანეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ინტიმური დეტალები, დაუფარავად გამოვლინდა პერსონაჟის ლტოლვები და ვნებები, სიყვარული კი სექსუალურ მოთხოვნილებას გაუთანაბრდა. ეს ტენდენცია მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ პროზაშიც გაჩნდა და სქესთა ურთიერთობაზე საუბარი პირველად შიო არაგვისპირელმა დაიწყო. თუმცა მწერალმა ყველაფერში მხოლოდ სიბილწე და გარყვნილება დაინახა და, შესაბამისად, დაგმო ურთიერთობის ამგვარი ფორმა. მოგვიანებით კი უკვე მიხეილ ჯავახიშვილი იწყებს წერას ხორციელ ლტოლვაზე, მაგრამ აქ უკვე არა საკუთარი მწერლური კონცეფციიდან გამომდინარე, არამედ ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებაზე დაყრდნობით, რომელიც ამ დროს მთელს მსოფლიოშია პოპულარული. მწერალი ზედმიწევნით კარგად იცნობს „ფსიქოანალიზს“ და ეს კარგად ჩანს მის მოთხრობებში: „ოქროს კბილი“, „კურდღელი“ და „პატარა დედაკაცი“, სადაც ჯავახიშვილმა ფსიქოანალიზის მთავარი პრობლემები დასვა – არაცნობიერისა და ცნობიერის კონფლიქტის საკითხი და ამის ნიადაგზე ჩამოყალიბებული არასრულფასოვანი პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სექსუალური ურთიერთობის მნიშვნელობა, „კურდღელში“ კი თავად ფსიქოანალიტიკური მკურნალობის მეთოდიც წარმოადგინა. მიხეილ ჯავახიშვილის ფროიდთან მიმართებაზე ამომწურავად საუბრობს თეიმურაზ დოიაშვილი სტატიაში: „მიხეილ ჯავახიშვილი და ფსიქოანალიზი“. კრიტიკოსი წერს: „რომელი„მეცნიერული დებულების“ თანახმად ცდილობს მწერალი სქესის პრობლემის გადაჭრას? ვფიქრობ, პასუხი ფროიდიზმის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს – სწორედ ზ. ფროიდი ცდილობს დაამტკიცოს სქესობრივი ლტოლვის პრიორიტეტი პიროვნების ჩამოყალიბებაში სხვა ფაქტორებთან შედარებით“ (1, 373).

რაც შეეხება ოთარ ჭილაძის ტექსტებს, აქ შეგვიძლია, ვისაუბროთ ფროდის თეორიის აშკარა გამოძახილზე, მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც ფროიდის თეორიის გავლენის შედეგადაა დასმული, ყოველთვის მრავალფუნქციური და მნიშვნელოვანია, ამიტომ განსაკუთრებულ როლს თამაშობს რომანის სიუჟეტისა თუ პერსონაჟის შინაგანი სამყაროს განვითარებისას. ამ ნაშრომში ჩვენ შევეხებით ოთარ ჭილაძის პროზაში განვითარებულ ფსიქოანალიტიკურ თემატიკას, იქნება ეს მამისა და ძის ურთიერთობა თუ სექსუალური ენერგიის, ლიბიდოს აქტივობის საკითხი პიროვნების ფორმირებისას. ნაშრომი მოიცავს სამ რომანს: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, „მარტის მამალი“ და „გოდორი“.

ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ოთარ ჭილაძის ფროიდისადმი მიმართების საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ არის, თუმცა ეს პრობლემა დასვა რამდენიმე კრიტიკოსმა. კრიტიკოსი თათა ცოფურიშვილი სტატიაში „კოლექტიური ფსიქოანალიზის ლიტერატურული ანშლაგი“ ამტკიცებს, რომ „გოდორის“ არსი და კონფლიქტის საფუძველი ფროიდისტულია (5, ბ3). კაშელების მთელი საგვარეულო ხომ იმ ორი წლის ბიჭიდან დაიწყო, რომელიც დიდი ინტერესეით უთვალთვალებდა დედამისისა და მისი საყვარლის ალერსს გოდრიდან (ფროიდს თუ მოვიშველიებთ, პიროვნების ლტოლვები და ინსტინქტები ასეთ პატარა ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას და სწორედ გარემო ფაქტორები განაპირობებენ განვითარების ამა თუ იმ სტადიის კონკრეტულ შედეგს (10, 18-22)) „ასეთი მიგნება ფროიდსაც შეშურდებოდა უდავოდ. … ფსიქოანალიზის ქართული მხატვრული ინტერპრეტაციით, გოდორში ჩაგდებული ორი წლის რაჟდენ კაშელის სექსუალურმა შთაბეჭდილებებმა მთელი მოდგმა დაამახინჯა საუკუნოდ. მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, ამაშიც სიმბოლიზმი დავინახოთ და არა ფროიდზე, უფრო ფროიდის მიერ ერისთვის ჩატარებული ფსიქოანალიზი“ (5, ბ3) ამიტომ კრიტიკოსის თქმით, თაობათა ამ სიმბოლური თავგადასავლის პრობლემა, იუნგის სიტყვებით, კოლექტიურ არაცნობიერშია მოსაძებნი. კრიტიკოსი ზეინაბ კიკვიძე კი სტატიაში „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკა ო. ჭილაძის რომანში „გოდორი“ წერს, რომ ამ რომანში დარღვეულია ტრადიციული, ფროიდისეული გაგება მამა-ძის ურთიერთობისა (სადაც შვილი ცდილობს დაიკავოს მამის ადგილი, რათა შემდეგ თავად იყოს უარყოფილი საკუთარი შვილის მიერ) და ოთარ ჭილაძეს შემოაქვს ახალი ჰიპოსტასი, რომლის დროსაც შვილია მამის მიერ უარყოფილი: „ყალიბდება „ოიდიპოსის კომპლექსის“ ახალი ინცესტური სახე: ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ და სექსუალური ლტოლვა რძლის მიმართ“ (2, 27). ამგვარ მოსაზრებას, შესაძლოა, არ დავეთანხმოთ, მაგრამ ის მაინც საინტერესოა ჭილაძის პროზის ამ კუთხით შესწავლისას.

ფროიდის მიხედვით, ყველა ადამიანი დამუხტულია სხვადასხვა სწრაფვით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია სექსუალური სწრაფვა. არაცნობიერის მოქმედებას წარმართავს სიამოვნების პრინციპი. მაგრამ სიამოვნება თავის გზაზე ხვდება დაბრკოლებებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის მოსალოდნელია დაპირისპირება სიამოვნებასა და რეალობას შორის (1, 375). ამ კონფლიქტის ნიადაგზე ყალიბდება ადამიანის ხასიათი, რაც მნიშვნელოვანწილად იქმნება სექსუალური აგზნების მასალისგან და შედგება ბავშვობაშივე ფიქსირებული ლტოლვებისგან. მსგავს ლტოლვებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი გმირის, ალექსანდრე მაკაბელის (რომანიდან „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“) ცხოვრებას დავაკვირდებით.

ალექსანდრე და მისი ძმა ნიკო მოზარდი ბიჭები იყვნენ, როდესაც ქალთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდათ: „იმ დღეს, ნიკო და ალექსანდრე… შინ დარჩნენ და დუხაბორის ქალს დაუწყეს ბღლარძუნი. ლეკვებივით ფეხებში უგორდებოდნენ ტაშტზე გადმოხრილ ქალს, კაბის კალთას უწევდნენ და ცდილობდნენ როგორმე შეეხედათ ქვეშ. … ბავშვებს აღარაფერი ესმოდათ, დუხაბორი ქალის ხითხითის მეტი, ვერაფერს ხედავდნენ მრგვალი, აღაჟღაჟებული, სულელურად მომღიმარი სახის გარდა, და ერთი სული ჰქონდათ, … სადმე მაინც მოეკიდათ ხელი აკონწიალებული კაბისთვის. … ამ დროს ოთახში ქაიხოსრო შემოვიდა. … არავის დაუნახავს, როდის შეიხსნა ქამარი, მხოლოდ მაშინ მოეგნენ გონს, როცა ჯერ კიდევ მოუტეხავმა ტყავმა ჰაერი წივილით გახია და იატაკზე დაყრილ ბავშვებს მდუღარესავით გადაესხათ“ (8, 161-162). ეს მომენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების შემდგომ ცხოვრებაში. ამ მოვლენამ, როცა მათ პირველი სექსუალური მისწრაფებები გამოავლინეს, ყველაფერი შეცვალა. ისინი ბუნებრივად იქცეოდნენ, მაგრამ ქაიხოსომ ამ „თამაშისთვის“ დასაჯა, რისთვისაც მას თავისი მიზეზები ჰქონდა – არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ბიჭების ზრდასთან ერთად, თავადაც ემატებოდა წლები, რაც უფრო და უფრო აახლოვებდა სიკვდილს.

„თამაშის“ შეწყვეტამ ბიჭებში უსაზღვრო აგრესია გამოიწვია, რისგანაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გათავისუფლდნენ. ისინი ჯერ ხელებში ეცნენ ქაიხოსროს და ქამარს სტაცებდნენ, შემდეგ კი ძმებმა პაპას შეთქმულება მოუწყვეს და საღორე ააფეთქეს, რის შედეგადაც ალექსანდრემ მარცხენა ხელი დაკარგა: „იმღამინდელი ელდა, ტკივილი და საკუთარი უსუსურობის შეგრძნება გამოუთქმელ ბოღმად, გამოურწყავ ბალრამად ჩაილექა სამუდამოდ ორი პატარა ბიჭის სულში, სადაც ჯერ კიდევ არ შექმნილიყო სამყარო, ჯერ კიდევ უღმერთო ქაოსი და წყვდიადი სუფევდა. ცხადია, ბიჭებმა შური იძიეს პაპაზე, უფრო სწორად, შურისძიება უნდოდათ და ამიტომ აირჩიეს ასაფეთქებლად საღორე, რომელშიაც მათი პაპა ყოველ წელიწადს ღორს ასუქებდა“ (8, 166). ამის შემდეგ ნიკო განიკურნა აგრესიისგან, თუმცა სამუდამოდ გაუუცხოვდა ოჯახს და დატოვა სახლი, მაგრამ ალექსანდრემ ბოღმა უფრო ღრმად ჩაიდო გულში, გრძნობას განვითარების საშუალება მისცა და კიდევ არაერთი წელი შესწირა ბავშვობისდროინდელ აგრესიას, რომელიც სიძულვილად ჩამოყალიბდა: სიძულვილად პაპისადმი, სახლისადმი, საკუთარი თავისადმიც. ამან კი მისი პიროვნება შეცვალა, გააუხეშა, გახადა გულგრილი გარშემომყოფების მიმართ. სხვა შემთხვევაში, ის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. ეს სწორედ პაპის ჩარევამ გამოიწვია. როგორც ვხედავთ, „ფროიდისტულმა კონფლიქტმა სიამოვნებისკენ მისწრაფებასა და რეალობას შორის თავისი დადასტურება ჰპოვა“ (1, 375). სწორედ აქ შეიძლება გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ოქროს კბილი“ და მისი გმირი თომა, რომელსაც ათი წლის ასაკში მეზობელ გოგოსთან „ცუღლუტობისას“ გოგოს მამამ მიუსწრო და გაწკეპლა. მაგრამ თომას შემთხვევაში ეროტიზმის განვითარების გარკვეულ ფაზაში შეფერხებამ წარმოშვა კომპლექსები – სირცხვილი, შიში, პედანტობა, მორალური განცდები, ალექსანდრეს შემთხვევაში კი პირიქით – სრული აღვირახსნილობა, თავშეუკავებლობა, აგრესია და სიძულვილი. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ქაიხოსროს საქციელის გამოძახილია, რაც რადიკალურად ცვლის გმირს და განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას.

გამოსაჯანმრთელებლად მონასტერში გაგზავნილი ალექსანდრე მაროს გაიცნობს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ასევე კლასიკური ფსიქოანალიზის გავლენით შექმნილი ტიპაჟია. მაროს ცხოვრებაც ბავშვობაში, თხუთმეტი წლის ასაკში, მომხდარმა ფაქტმა განსაზღვა – მარო მესაფლავე იაგორამ გააუპატიურა. ამის შემდეგ ისედაც კოჭლი და შეუხედავი მარო, თავს კარგად მხოლოდ ავადმყოფებსა და მომაკვდავებს შორის გრძნობს. ჩვეულებრივი ადამიანის გონებაში მოქმედებს „გონების ცენზურა“, რაც ბევრ რამეს კრძალავს, მაგრამ ანომალურ პირებში ლიბიდოს მოქმედება აღემატება სუბლიმაციის (გაკეთილშობილების) ძალას, ამიტომ არაცნობიერი სურვილები მეტად მჟღავნდება (10, 43-55). ანომალური პერსონაჟია მაროც: „უხეში, უშნო, მოურიდებელი, დაუზარელი და გამგები, მოწყალების და კი არა, ტანჯულთა და მახინჯთა მოწყალების ცოლი, თავადაც ტანჯული და მახინჯი“ (8, 175). უკვე მისი პირველი ურთიერთობა მამკაცთან – იაგორასთან – ანომალურია. მესაფლავე იაგორა საფლავში დაეუფლა მაროს, მკვდართა გვერდით, ცივ სამარეში. თავიდანვე მარო საფლავებთან და მიცვალებულებთანაა დაკავშირებული (ფროიდი თავს ნაშრომებში ორ ინსტინქტზე საუბრობს, მისთვის განმსაზღვრელია სიცოცხლის ინსტინქტი – ეროსი და სიკვდილის ინსტინქტი – თანატოსი (11, 20-40).). თხუთმეტი წლის მარო უცხო ადამიანების საფლავებთან ჩამოჯდებოდა და მოთქმით ტიროდა, დიდ ქალებს ბაძავდა, ამიტომ მისი პიროვნება სიკვდილსა და სქესობრივ ინსტინქტს შორის აღმოცენდა, სასაფლაოზე და მესაფლავე იაგორას „წყალობით“. და მაროსთვის, რომელიც გონებრივად შედარებით ნაკლებადაა განვითარებული, აღარ მოქმედებს „გონების ცენზურა“. მას არ სჭირდება თამაში არც საზოგადოებისა და არც საკუთარი თავის წინაშე. და რაც ყველაზე საოცარია, მარო ახერხებს თვითრეალიზებას იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობს. იგი ლაზარეთში მუშაობს და ავადმყოფებს უვლის, მათ გვერდით კი აღარც განსხვავებული ჩანს და აღარც – დაჩაგრული (მაროს გააზრებული აქვს, რომ დაჩაგრულია). ამიტომ შეუზიზღებლად უვლის თითოეულ ავადმყოფს, წმენდს ჩირქსა და დამპალ სისხლს, ჭამს მათ მონარჩენ საჭმელს და მაინც ბედნიერია, რადგან იცის, რომ ქვეყნად მასზე უბედური ხალხიც არსებობს. „ის, რაც იაგორამ ასწავლა, ავადმყოფებმაც იცოდნენ, სიცხიანები, ტკივილისგან აღმუვლებულები იწვნენ ლოგინში, გაშმაგებულნი კოცნიდნენ, მკლავებს ულოკავდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ, და ბავშვებივით მშვიდად იძინებდნენ მის მკერდზე, დროებით ტკივილჩამცხრალნი, დროებით განკურნებულნი“ (8, 174). მაროს ამგვარი ცხოვრება მოსწონს, აქ კომფორტულადაც კია, რადგან თავის ნაკლს ვერ გრძნობს – კოჭლობასა და სიმახინჯეს. აქ მაროსთვის სქესობრივი ინსტინქტის გამოაშკარავებაც ისევე მისაღებია, როგორც სიკვდილის ინსტინქტის შეგრძნება, ამიტომ მის სამყაროში არ არსებობს კონფლიქტი საზოგადოებრივ მორალსა და სქესობრივ ინსტინქტს შორის.

მაროსთან მცხოვრები ალექსანდრეც დროებით მის სამყაროს ეკედლება, ივიწყებს ყველაფერს და „ბედნიერად“ ცხოვრობს მაროსთან. სქესობრივ ინსტინქტებსაც აღარ ფარავს (როგორც ფარავს ნორმალური ადამიანი ნორმალურ გარემოში), არც სიკვდილის ეშინია. ერთგვარად თავდავიწყებაში ეშვება, უფრო სწორად, დავიწყებაში. ჰგონია, რომ მხოლოდ მან შეიცნო ჭეშმარიტება – არსებობის არარაობა და ამიტომ დასაშვებია, დაივიწყოს „გონების ცეზურა“. დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, უფრო და უფრო ღრმად შეტოპავს – მაროს ცოლად მოიყვანს, და ოცნებობს იმაზე, თუ როგორ შესვამს მკვდარ ქაიხოსროს ვირზე და მიცვალებულს მთელ სოფელს შემოატარებს. თუმცა, მისი ადგილი მაროს გვერდით არ არის, რადგან მარო ამ სამყაროში იშვა და მისი ბუნებრივი ნაწილია, ალექსანდრესთვის კი ეს გარემო ხელოვნურადაა შექმნილი, რადგან ის ჩვეულებრივი, გაწონასწორებული ცნობიერების მქონე გმირია, რომლის ცნობიერსაც შესწევს ძალა, გააკონტროლოს არაცნობიერი. მაროსთან ურთიერთობა კი მისი პროტესტია და მას აუცილებლად ექნება დასასრული. და ასეც ხდება, რომანის ბოლოს ალექსანდრე ნორმალურ ყოფას უბრუნდება.

მეორე საკითხი, რომელსაც ოთარ ჭილაძე რომანებში განსკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, არის მამისა და ძის დამოკიდებულების შესწავლა. პიროვნების საბოლოო ფორმირების პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს ე.წ. „ოიდიპოსის კომპლექსს“ – ვაჟის გაუცნობიერებელ და დათრგუნულ სურვილს, გაანადგუროს მამა, როგორც მეტოქე დედასთან ურთიერთობაში. ფროიდის აზრით, გარკვეულ ეტაპზე, ეს კონფლიქტი ყველა ვაჟის არაცნობიერში ხდება, მაგრამ პიროვნება, რომელიც ნორმალურად გადის ფსიქოსექსუალური განვითარების „ოიდიპოსის ფაზებს“ გადალახავს ამ პრობლემას, შეძლებს იდენტიფიკაციას მამასთან, როგორც თავისივე სქესის წარმომადგენელთან, ამ კომპლექსით გამოწვეული დაძაბულობა რედუცირდება და ამას სამუდამოდ, გაუცნობიერებლადვე ივიწყებს (12, 40-52). ამ მოვლენის შორეული გამოძახილია, ალბათ, ის, რომ ოთარ ჭილაძეს ყოველთვის აინტერესებს მამებისა და ვაჟების ურთიერთობა და დიდი სიფრთხილით წარმოაჩენს მას. ცხადია, ყველა რომანში მამა-შვილის დამოკიდებულებაზე ფროიდის გავლენა არ ვრცელდება, მაგრამ დაპირისპირება მათ შორის, შეუთავსებლობა, ჩუმი ან აშკარა აგრესია, გვხვდება თითქმის ყველა ნაწარმოებში. თითქმის არსადაა მამა და ძე, რომლებიც ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, ალექსანდრესა და ნიკოს დამოკიდებულება მამასთან – პეტრესთან, ასევე პეტრეს დამოკიდებულება ქაიხოსროსთან, მხოლოდ აუცილებლობითა და შემდეგ უკვე წინააღმდეგობის გრძნობით, აგრესიით შემოიფარგლება. ასევე რომანში „რკინის თეატრი“, როცა ერთ-ერთი გმირი გელა, მამაზე – თბილისელ მსახიობზე ფიქრობს, ყოველთვის პროტესტის გრძნობა უჩნდება და არ სურს მამას დაემსგავსოს, მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესოა თხუთმეტი წლის ნიკოს დამოკიდებულება მამასთან რომანიდან „მარტის მამალი“ და ანტონის შეხედულებები მამაზე – რაჟდენ კაშელზე რომანში „გოდორი“.

მამა-ძის ურთიერთობის მოტივი საინტერესოდაა წარმოდგენილი რომანში „მარტის მამალი“. ნაწარმოებში მოქმედება ბათუმიდან იწყება. ომის შედეგად ქალაქში არეულობა და შიმშილია, მოზარდი ნიკოს მამა კი მძიმედ დაავადდა და საწოლს მიეჯაჭვა. ამიტომ დედა ნიკოს თავის მშობლებთან, სიღნაღში გზავნის. ნიკო წყენის, ბოღმის, მიუსაფრობის შეგრძნებისა და მომავლისადმი შიშის დაფარვას ერთდროულად ცდილობს. სიღნაღში კი მკვლელობას შეესწრება, რაც საბოლოოდ დათრგუნავს და ამავდროულად დააფიქრებს. ერთი თვის განმავლობაში ის გაუნძრევლად წევს და საკუთარ თავს უღრმავდება. სწორედ ნიკოს მოგონებებიდან ჩანს, რომ მისი მამა ოდესღაც სახელოვანი, წარმოსადეგი კაცი იყო, ახსოვს მასთან ბედნიერად გატარებული წლები, კონკრეტული დღეებიც, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – ნიკომ მამასთან ერთად დედაც დაკარგა, რადგან დედა „უბედურებაში ძუ მგელივით შეუპოვარი აღმოჩნდა: შვილი მაშინვე მშობლებთან გამოხიზნა, თვითონ კი, ხელებდაკაპიწებული, ქმრის საწოლს მკერდით აეფარა და აი, აქამდე უქშევს უბედურების ყვავ-ყორნებს“ (7, 31).

სწორედ აქ გაჩნდა მამა, როგორც კონკურენტი, რომელიც დედის ყურადღებასა და მზრუნველობას ართმევს ნიკოს. ამიტომაც ის ცდილობს არ იფიქროს დედაზე და აღიზიანებს დედაზე ლაპარაკიც კი, რადგან მას: „უდედოდ დარჩენილს, დედისაგან, თუნდაც დროებით, თუნდაც იძულებით მიტოვებულს, რცხვენია, ესიკვდილება, თითქოს მისი უსუსურობის, უვარგისობის ბრალია მათი გათიშვა. სიბრაზისგან ბრმავდება, ყრუვდება, როგორც ნაღალატევი ქმარი“ (7, 90). „არც დედას გაემტყუნება, ქმარი თუ ურჩევნია შვილს, იმიტომ, რომ პირველად იყო ქმარი, შვილი კი მერე გაჩნდა. დედამაც პირველი აირჩია.. მთავარი“ (7, 26). ნიკოს მამა დადებითი გმირია, რომელიც, სანამ შეუძლია, შვილზე ზრუნავს, სწორედ შვილის გამო უარს ამბობს თვითმკვლელობაზე და შიმშილის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობის კატლეტს აძლევს ნიკოს (ანუ ყველაფერს, რაც გააჩნია), მაგრამ ნიკოსთვის ის უკვე უცხოა, შორეულია. მამის სიყვარულზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ დედას მისთვის აღარ სცალია და თავიდან იშორებს. ეს არის კონფლიქტის არსი ამ რომანში – „მიტოვებული“, თითქოს დედისგან მამის გამო უარყოფილი ნიკო ებრძვის გარშემომყოფებს, დედას და საკუთარ თავსაც, სანამ არ იპოვის ძალას მამის არსის გასააზრებლად და ეჭვებისაგან გასათავისუფლებლად. „დეიდას თუ დაეჯერება, ნიკოს ყველა უბედურების მიზეზი ეჭვიანობა ყოფილა – დედაზე ეჭვიანობს თურმე, და იმიტომ აუცრუებია სწავლაზე გული, იმიტომ გატყიურებულა… იმიტომ გავარდნილა ყაჩაღად… და, რასაკვირველია, იმიტომ წევს ახლაც ასე, მკვდარივით, გულხელდაკრეფილი…“ (7, 25). მაგრამ აღსანიშნავია, რომ „მარტის მამალში“ ნიკოს პრობლემა გარემო პირობებმა წარმოშვა – ომმა, მამის ავადმყოფობამ, დედის ხასიათმა, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მამასთან კონკურენციის საკითხი არც დამდგარიყო. „ფროიდის ვაჟებში“ ეს პრობლემა, როგორც წესი, შიგნიდან იწყება, ნიკოს შემთხვევაში კი მოვლენას ბიძგი გარე ფაქტორებმა მისცა. ასე რომ ამ რომანში, ფროიდის მოძღვრების განცდა მხოლოდ ალუზიურია.

მამა-შვილს შორის კონფლიქტი მწვერვალს აღწევს მწერლის ბოლო რომანში „გოდორი“, რომლის ჩახლართულ სიუჟეტს გმირების მონათხრობიდან ვიგებთ. მამამთილმა, რაჟდენ კაშელმა, არაჯანსაღი ურთიერთობა დაამყარა რძალთან – ლიზიკოსთან (ნებით თუ იძულებით), რასაც ქმარი – ანტონი შეუსწრებს. გამწარებული ანტონი კლავს მამას და პოლიციაში მიდის, რათა დანაშაული აღიაროს, მაგრამ მას არ დაუჯერებენ და არც დააპატიმრებენ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ შვილს რაჟდენი არ მოუკლავს და ის, შესაძლოა, სულაც საკუთარმა ცოლმა, ანტონის დედამ მოკლა, შემდეგ კი თავისი რძლის, ლიზიკოს, დახმარებით დამარხა. საბოლოოდ ლიზიკო ვენებს გადაიჭრის და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება, ანტონი კი ლიზიკოს მამასთან ერთად აფხაზეთის ომში მიდის და ტყვიას ეწირება.

ამგვარი რთული სიუჟეტის ფონზე საინტერესოა მამისა და ვაჟის, რაჟდენისა და ანტონის ურთიერთობის განხილვა, თითქმის ინცესტის – მამამთილისა და რძლის ურთიერთობის ფონზე. ანტონი თავიდანვე სუსტ პიროვნებად წარმოგვიდგება, რაც ერთგვარად გამაღიზიანებელიც არის მამისთვის და სასიამოვნოც, რადგან ასე ადვილად შეუძლია შვილის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. „მამის სიტყვას ყოველთვის კანონის ძალა ჰქონდა ანტონისთვის. კანონისა კი არა, თილისმისა, შელოცვისა, ჯადოსი… მამა რომ იტყოდა, ტყუილად ტირიო, არაფერი აღარ გტკივაო, მაშინვე ჩაწყნარდებოდა, კბილი იყო თუ მუცელი… მამას რომ ეთქვა, ადექი და გადავარდი ფანჯრიდანო, ადგებოდა და გადავარდებოდა… დღითიდრე უფრო მეტად სჯეროდა მამისა და კიდევ უფრო ნაკლებად ენდობოდა თავს“ (6, 209). თუმცა ანტონი თავისი შეხედულებებით რადიკალურად განსხვავდება რაჟდენისგან, გარკვეულ ეტაპზე კი მამის ბატონობა შეუძლებელი ხდება. სამზარეულოს სცენის შემდეგ, სადაც ის მამასა და ცოლს შეუსწრებს, ანტონი აკეთებს არჩევანს და მამას ცულით თავს უჩეხავს. თუმცა ეს ქმედება მხოლოდ მის ცნობიერებაში ხდება და არა სინამდვილეში, ანტონს მოქნეული ცულის ხმაც ესმის და სუნსაც გრძნობს, სისხლში ამოთხვრილ მამასაც ხედავს. აქ მნიშვნელობა აღარ აქვს რა ხდება რეალობაში, მამის წარმოსახული მკვლელობა ეს იგივე ავტორიტეტის, უფრო ძლიერისა და დამთრუნველის მკვლელობაა, რაც ცალსახად ფროიდისტული მოვლენაა. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა დროის უდიდესი ქმნილებების მთავარი მოტივი მამისმკვლელობაა – წერს ფროიდი (4, 100).

წარმოსახული მკვლელობა ანტონისთვის საბოლოო შურისძიებაა ყველაფერ იმის გამო, რაც მამისგან მიუღია, ცუდიც და კარგიც: „ამ აკვიატებულ აზრში მწერლის მიერ გარკვეული მორალისტური საზრისიცაა ჩადებული…: დაანგრიეთ თქვენი კეთილდღეობისა და ქვიშხეთის აგარაკზე გატარებული ლამაზი დღეების წყარო – მამის კერპი, რათა თქვენ ჭეშმარიტად ღმერთს და მორალურ სამყაროს დაუბრუნდეთ“ (5, ბ3). შესაძლოა, ამას ახერხებს კიდეც ანტონი, მაგრამ ესეც ვერ გადაარჩენს, რადგან წარმოსახული მკვლელობაც ისევ „კაშელობის“, თავისი მოდგმის ცოდვის გავლენით ჩაიდინა ანუ მამას მიემსგავსა. რა ხდება ემპირიულ სამყაროში ამის შემდეგ, სად მიდის გმირი და სად კვდება ფიზიკურად, აღარ არის მნიშვნელოვანი. ანტონმა დაამსხვრია მამის კერპი, მაგრამ ვერ შეძლო საკუთარი თავის პოვნა. ავტორი წერს: „არათუ თავის ადგილს ვერ მიაგნო ანტონმა ცხოვრებაში, არამედ ვერ მიაგნო თავად ცხოვრებას, სადაც ალბათ მისთვისაც აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული, თუნდაც, სულ უმნიშვნელო ადგილი, როგორც, ვთქვათ, მის თვალწინ მოკლული ციყვისთვის, ანდა მისგან გადარჩენილი მატლისთვის… არადა… მისგან გადარჩენილი მატლივით, ისიც მორჩილად ასრულებს ბუნების წესს, ანუ ფრენით ამთავრებს წინა სამი თაობის მიერ ხოხვით გამოვლილ გზას“ (6, 173-174). ყველაფერი სწორედ ისე ხდება, როგორც ფროიდი აღწერს – შვილი კლავს მკვლელ მამას (მამის კერპს), რათა თავადაც მკვლელი გახდეს. ხოლო ის, რომ მწერალი ანტონს სინამდვილეში არ აკვლევინებს მამას და თავად მას ღუპავს ომში, უკვე ავტორის ინტერპრეტაციაა.

დაბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ჭილაძემ თავის რომანებში ფროიდის მოძღვრების გათვალისწინებით რამდენიმე საკითხი წამოჭრა: 1. სქესობრივი ინსტინქტის მნიშვნელობა ადამიანის განვითარებისას, რაც გამოიხატა ალექსანდრესა და მაროს პიროვნებების ფორმირებისას, 2. ადრეულ ასაკში მიღებული სექსუალური შთაბეჭდილებების მნიშვნელობა – რაც საფუძვლად დაედო რომანს „გოდორი“ და მიმართულება მისცა სიუჟეტის განვითარებას და 3. მამა-შვილის (ძირითადად არაცნობიერი) დაპირისპირების საკითხი, რომელიც, ცხადია, სახეცვლილია, მაგრამ სათავეს ფროიდის ნაშრომებში იღებს. ამგვარი თემატიკის გამოყენებით ოთარ ჭილაძემ გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა თავისი პროზა, რადგან ფროიდის მოძღვრება ნაწარმოებების არაერთი პასაჟისა თუ გმირის ტიპაჟის ახსნაში გვეხმარება და უკეთ წარმოაჩენს ადამიანის სულიერი სამყაროს ფარულ შრეებს.

ლიტერატურა:

  1. დოიაშვილი თ., მიხ. ჯავახიშვილი და ფსიქოანალიზი, კრებული ლელვარი, შემდგ. რედ. იზა ორჯონიკიძე, თბ., ლიტ. მატიანე, 2005.
  2. კიკვიძე ზ., ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ო. ჭილაძის რომანში „გოდორი“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები, ტ. VII (II), ქუთაისი, 2005.
  3. ლიტერატურის თეორია, ბრეგაძე ლ., ფსიქოანალიზი და მხატვრული შემოქმედება, ლიტ. ინსტიტუტის გამომცემლობა თბ., 2008.
  4. შარია პ., ფროიდიზმის ესთეტიკური და ლიტერატურული კონცეფციის მოკლე კრიტიკული მომიხილვა. კრებულში: ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები, თბ., „მეცნიერება“, 1970.
  5. ცოფურაშვილი თ., კოლექტიური ფსიქოანალიზის „ლიტერატურული ანშლაგი“, 24 საათი, 2004, 22 ივნისი
  6. ჭილაძე ო., ,გოდორი, არეტე, 2006.
  7. ჭილაძე ო., მარტის მამალი, მერანი, თბ. 1987.
  8. ჭილაძე ო., რჩეული თხზ., ტომი II, , „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, თბ., 1986.
  9. Фрейд З., Введение в психоанализ, http://www.klex.ru/19d.
  10. Фрейд З., О психоанализе, http://www.koob.ru/freud-zigmind/about-psychoanalis.
  11. Холл К. С., Линдсей Г., Теории личности. Москва: «КСП+»,1997.
  12. Nye. R.D., Tree Psychologies:Perspectives from Freud, Skinner and Rogers,6th ed. Australia, Canada:Wandsworth: Thomson Learning.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button