ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – გომბორი

ჩემი ბავშვობის ეგზოტიკურ სამყაროს გვირგვინად ადგას სოფელი გომბორი. ზემოთაც მოგახსენეთ, ხაშმში ციება იცოდა, მუხროვანში და გომბორში – არა. ერთიც და მეორეც მშვენიერი სააგარაკო ადგილებია და გარეკახელთაგან, ვისაც კი ამის საშუალება ჰქონდა, აქ ატარებდნენ ზაფხულის ორ-სამ თვეს. მე ოთხი ზაფხული მაქვს გომბორში გატარებული. მივდიოდით ხოლმე ურმით ან ფურგონით. კაცები მოგვყვებოდნენ ცხენებით, გომბორამდე უნდა გაგვევლო უჯარმა, მერე პალდო, მერე ოთარაანთ კარი, სასადილო, ასკილაური და ბოლოს დილით ადრე გასულნი ხაშმიდან, მოსაღამოვებულზე ძლივას მივაღწევდით გომბორს.

გზა აქ მართლაც უმშვენიერესი იყო, კარგად მოხრეშილი თელავის სამხედრო გზა, აქეთ-იქიდან ტყიანი მთებით, ციხე-კოშკებით, ეკლესიებით, წყაროებით. რა თქმა უნდა, წყაროებთან ვჩერდებოდით, ერთ წყაროსთან დიდხანსაც – იქ ვსადილობდით, რომ არ დავმშეულიყავით ძალიან, მერე ისევ განვაგრძობდით გზას. ძალიან აღტაცებულნი ვიყავით ასკილაურის წყაროთი. აავსებდნენ დიდები ჭიქას და უყურებდნენ, როგორ იორთქლებოდა ჭიქა რამდენიმე წამში. არ ვიცი, დღეს ვეღარ აღმიდგენია, რა ადგილას იყო ის წყარო.

გომბორში უმთავრესად რუსები ცხოვრობდნენ და ჩვენც მათთან ვრჩებოდით. ოდითგანვე, რაც რუსის ჯარმა ჩვენს მიწაზე მოიკიდა ფეხი, ასე ხდებოდა: დაიკავებდა ჯარის ესა თუ ის ნაწილი ამა თუ იმ კარგ ადგილს, ააშენებდნენ ყაზარმებს, იდგნენ შიგ, მერე, სამსახურის დასასრულისას, ზოგნი აღარ ისურვებდნენ სამშობლოში დაბრუნებას, იქვე, ნაწილთან სახლდებოდნენ და ასე იქმნებოდა რუსული სოფლები.

გომბორს შუაში ღელე ჩაუდის – გომბორულა. ორი ზაფხული წყალს გამოღმა მაქვს გატარებული, ორი ზაფხული წყალს გაღმა, ეკლესიის იქით, ვინმე ჭანტურიების სახლში. ეს სახლი იდგა მწვანიან შემაღლებაზე, რომლის ფერდობები ამოტყევებული იყო დიდი ხეებით – დიდი წიფლებით, მუხებით, ქორაფებით. წყალს გამოღმა ხრიოკი იყო, იდგა უმთავრესად აკაციები. იმ აკაციებში ბუდობდნენ ჩიტბატონები. ადიოდა გზა სასაფლაოსაკენ, სასაფლაოზე ყოველი მხრიდან ჩანდა ლამაზი გოგონას მარმარილოს ქანდაკება. შეუძლებელია, გული არ შეგკუმშოდათ მისი დანახვისას.

სასაფლაოს იქით გზა გადადიოდა ყანებში. ო, ბევრი ყანა მინახავს, მაგრამ ისეთი ჯანმრთელი, მაღალი და თავთავებდამძიმებული, როგორიც აქ იცოდა, იშვიათად. ეს იყო ჭვავი, რუსების უსაყვარლესი მარცვლეული. ყანები თავდებოდა ტყეებით, ტყეებში ბევრი იყო მარწყვი და მაყვალი. რუსი გოგო-ბიჭები სულ იმ მარწყვსა და მაყვალს იყვნენ გასეულნი. გომბორის შთაბეჭდილებით მაქვს დაწერილი ორი მოთხრობა „ძახილი მთაში“ და „შუშის ნამსხვრევი“, კიდევ სხვებიც…

კვირაობით გომბორში იმართებოდა დიდი ბაზრობა. ჩამოდიოდნენ ფშავლები, ხევსურები, ოსები. გადმოდიოდნენ, რა თქმა უნდა, შიგნით კახეთიდანაც. იყო ხმაური და ყატყატი. პატარებს გამორჩეულად გვიზიდავდნენ ხევსურები, ჭრელ-ჭრელი მძიმე სამოსელით, ხმლებით, ფარებით. გაჰყიდიდნენ გასაყიდს, ალბათ, ძირითადად, ერბოსა და კარაქს. დალევდნენ იქვე, ბაზარში, ღვინოს, შეხურდებოდნენ, შეზარხოშდებოდნენ, დათვრებოდნენ და საღამო ხანზე გაიმართებოდა კეჭნაობა. ერთი ათ წყვილზე მეტი უტევდა ერთმანეთს, იდგა ხმლებისა და ფარების ჯახაჯუხი, ნაპერწკლების ყრა, ძახილები, – „ასს“, „არ ას!“ გასდიოდათ სისხლი ხელებიდან და სახიდანაც. ხშირად მილიციაც ვეღარ ახერხებდა იმათ დაწყნარებას. მიიწევდნენ ერთმანეთზე, აელვარებდნენ თვალებსა და ხმლებს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ზოგს ჯაჭვის პერანგიც ეცვა და მუზარადიც ეხურა.

ჩვენს უფროსებთან მეგობრობდნენ ხევსური კაცებიც და ქალებიც. ჩვენს აღტაცებას იწვევდნენ ლაპარაკითაც. და აი, ესაც არის იმის მიზეზი, რომ დღემდე დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მთის ხალხებისა.

გომბორშივე, ინვალიდების სახლში, იმართებოდა გასართობი საღამოები – თამაშობანი, ცეკვები. ამ საღამოებს სულს უდგამდნენ ლაღი, ლამაზი ქალი კლავა და უსინათლო მუსიკოსი სიმონი. კლავა ცეკვავდა დაუღალავად, სიმონი უკრავდა, რაზეც ვინ ინებებდა. იყო ბუფეტიც, კინოც. მახსოვს, ერთ ფილმში იჭერდნენ უზარმაზარ თევზებს. თევზები იბრძოდნენ, ანგრევდნენ გემბანზე ყველაფერს: იჭერდნენ კიდევ თევზებს უცნაურად: მდინარე სავსე იყო თევზების ზურგებით, შიგ მიცურავდა გრძელი წვრილი ნავი, შიგ იდგა კაცი ორპირი შუბით, ჩაჰკრავდა იმ შუბს თევზსა და ამოათრევდა ნავზე, თუ არ ვცდები, იქვე ვნახე პირველად „ჯავშნოსანი პოტიომკინი“. იქიდან დაწყებული სულ ჩემკენ იყო მოშვერილი ზარბაზნების ლულების მკაცრი შავი ტუჩები.

ჩვენი სახლის პატრონებს დავყავდით სამკალშიც. ეს ძალიან კარგი საყურებელი იყო. უმთავრესად ქალები მკიდნენ მაღალ, მძიმე ჭვავს და იყო მხიარულება, კისკისი.

გომბორშივე შეგვატყობინეს მამიდაჩემის გარდაცვალება. ცხადია, მაშინვე წამოვედით. სახლში რომ შევედით, სადაც მამიდა ესვენა, მე ხმამაღალი, ისტერიული ტირილი ამიტყდა. შემომეხვივნენ ქალები, – ნუოო, შვილო, ეგრე არ გინდა, შვილოო, მაგრამ მე ფეხის ტკივილი მოვიმიზეზე და ისევე განვაგრძობდი ტირილს. მამიდა ძალიან კარგი გვყავდა, უცნაურად გულიანი მოფერება იცოდა. ქმარი ადრევე ჰყავდა გარდაცვლილი. ჩემი მამიდაშვილები დარჩნენ სრულიად ობლად.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button