ლიტერატურამოთხრობა

ხორხე ლუის ბორხესი თეოლოგი საიქიოში

ანგელოზებმა მიამბეს, რომ როდესაც მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, ზუსტად ისეთი,როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა ახლად გარდაცვლილს იგივე ემართება მარადისობაში გადასვლისას და სწორედ ამიტომ არ ჰგონიათ, რომ გარდაიცვალნენ).

ამ სახლში ყველა ნივთი ნამდვილის ასლი იყო: უბრალო საწერი მაგიდა უჯრებით, ბიბლიოთეკა. როგორც კი მელანჩტონმა ამ საცხოვრებელში გაიღვიძა, მაშინვე შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ იყო გვამი და რამდენიმე დღე წერდა რწმენის რაობის შესახებ. როგორც ჩვევად ჰქონდა, სიტყვა არ უთქვამს გულმოწყალებაზე. ანგელოზებმა ეს შეამჩნიეს და დასაკითხად ადამიანები მიაგზავნეს. მელანჩტონმა მათ უთხრა:” მე დავამტკიცე და ეჭვგარეშეა, რომ სულს შუძლია იოლად გავიდეს ფონს სათნოების გარეშე.ზეცაში მოსახვედრად კი მხოლოდ რწმენაც საკმარისია”.

მსგავს სიტყვებს ის ამაყად ამბობდა და არ იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო და სასუფეველში არ იმყოფებოდა. როდესაც ანგელოზებმა მისი ნათქვამი შეიტყვეს, მიატოვეს.

რამდენიმე კვირაში ავეჯმა გაქრობა დაიწყო. ყველაფერი გაქრა მაგიდის, ქაღალდებისა და სამელნის გარდა. კედლები კირით დაიფარა, ჭერი კი ყვითელი ლაქით, ტანსაცმელი არ შეცვლილა.მელანჩტონი კი აგრძელებდა წერას, თუმცა ამჯერად უწინდელივით აღარ უარყოფდა სათნოებას ისე, როგორც უწინ. საცხოვრებლად მიწისქვეშ გადაიყვანეს,სადაც მისნაირი თეოლოგები იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღე საკანში გამომწყვდეულმა გაატარა და როგორც კი თავის თეორიაში ეჭვის შეტანა დაიწყო, ნება მისცეს, დაბრუნებულიყო. ამჯერად დაუმუშავებელი ტყავის ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ თავი დაირწმუნა თითქოს წინანდელი ჩაცმულობა წმინდა წყლის ჰალუცინაცია იყო და კვლავ დაიწყო რწმენის ქება და სათნოების დაკნინება. ერთ საღამოს სიცივე იგრძნო. მაშინ სახლი მოიარა და აღმოაჩინა,რომ ოთახების კედლები სულაც არ ჰგავდა იმას, რაც სახლში დედამიწაზე ქონდა. ერთი ოთახი სავეს იყო უცნობი ინსტრუმენტებით, მეორე კი ისე დაპატარავებულიყო, რომ თითქმის შეუძლებელს ხდიდა შიგნით შესვლას, მესამე არ შეცვლილიყო, მაგრამ მისი ფანჯრები და კარი სილით იყო ამოვსებული. ოთახის სიღრმეში ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც მას ხოტბას ასხამდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ არც ერთი თეოლოგი არ იყო ისეთი მცოდნე, როგორიც ის. ქება-დიდება ესიამოვნა, მაგრამ რადგანაც ამ ადამიანებიდან ზოგს სახე არ ჰქონდა და ზოგიც მკვდარს ჰგავდა, ისინი შეიძულა და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დაეწერა ქება სათნოებისა, მაგრამ დღისით დაწერილი დილით იშლებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ სტრიქონებს რწმენის გარეშე წერდა, თავად აკლდა რწმენა.

უამრავი ახლად გარდაცვლილი ადამიანი სტუმრობდა, მას კი რცხვენოდა რომ ასეთ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა. სტუმრების დასარწმუნებლად,რომ თითქოს ზეცაში იყვნენ მოხვედრილები, ერთერთ გრძნეულს მოურიგდა რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა და ეს უკანასკნელიც ათასნაირი ხრიკით აჯერებდა ხალხს ამ ტყუილში. როგორც კი სტუმრები წასასვლელად გაემზადებოდნენ, ან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ოთახში მაშინვე ჩნდებოდა კირი და სიღარიბე.

უკანასკნელი ცნობები მელანჩტონის შესახებ გვამცნობს, რომ ის რომელიღაც მისანმა და რამდენიმე უსახო კაცმა ქვიშისკენ წაიყვანა და ახლა დემონებს ემსახურება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button