საკითხავი

დავით გაბუნია: ჩემი საქორწინო კაბა

მოქმედი პირები:
ქმარი – ახალგაზრდა მამაკაცი
ძიძა – ახალგაზრდა მამაკაცი, ქმარზე ოდნავ უმცროსი

ქმარი და ძიძა ერთად შემოდიან სცენაზე. ქმარს ნავაჭრით სავსე პარკები უჭირავს ხელში, მაღაზიებიდან ახალი დაბრუნებულია. პარკებს იქვე მიყრის და ძიძას ოთახის შუაგულისკენ შემოუძღვება.

ქმარი:
დიდხანს გალოდინეთ, არა?

ძიძა:
არა, რას ამბობთ, პირიქით, ძალიან ადრე მოვედი. (მიმოიხედავს) ბავშვი სადაა?

ქმარი:
საყიდლებზე გავდიოდი და დედაჩემს დავუტოვე, თუ არ გეჩქარებათ, დედაჩემი ახლოს ცხოვრობს და მალე მომიყვანს.

ძიძა:
არა, არ მეჩქარება, დაველოდები.

ქმარი:
ჭკვიანი ბავშვია, ძალიან არ გაგაწვალებთ. (ყოყმანით) მოდი, შენობით ვილაპარაკოთ, კარგი? ჩვენი ოჯახის წევრი უნდა გახდე და რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს.

ძიძა: (ღიმილით)
კარგი.

ქმარი:
მოკლედ, ჩემი ცოლი დილით ადრე მიდის სამსახურში, მე 11 საათზე მეწყება და 6-ზე ვთავისუფლდები. ეს დრო ხომ გაწყობს?

ძიძა:
კი, რა თქმა უნდა.

ქმარი:
არა, მართლა კარგი ბავშვია… ფისი რომ მოუნდება გეტყვის, მოკლედ, ჭკვიანი ბიჭი მყავს.

ძიძა: (თავშეკავებულად)
მშვენიერია!

ქმარი:
მოდი, ყავას დაგალევინებ, თუ ჩაი გირჩევნია?

ძიძა:
არა, არა, არ შეწუხდე, არ ვსვამ ყავას.

ქმარი:
არც ჩაის?

ძიძა:
არა, არც ჩაის.

ქმარი: (ჩამოჯდება, ჩანთიდან სიგარეტს ამოიღებს, მოუკიდებს. მოგვიანებით მოისაზრებს და ძიძას გაუწვდის)

ძიძა:
არა, მადლობა, არ ვეწევი.

ქმარი:
რამდენი წლის ხარ?

ძიძა:
ოცის.

ქმარი:
ცოლიანი ხარ?

ძიძა:
არა.

ქმარი:
არც იჩქარო! მერეც მოასწრებ, მაგ საქმეში აჩქარება არ ვარგა. მე რა მეჩქარებოდა, ნეტავ გამაგებინა (ყალბად ჩაიცინებს) მაგრამ ვინ დამაცადა (თვითკმაყოფილი ღიმილი).

ძიძა:
პატარამ მოიყვანე ცოლი?

ქმარი:
ნუ, მთლად პატარა არ ვყოფილვარ, 21 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემია დავამთავრე იმ წელს.

ძიძა:
მხატვარი ხარ?

ქმარი:
დიპლომში ”მხატვარ-დეკორატორი” მიწერია, მაგრამ შეხედე ერთი ჩემს სახლს, რა ეტყობა აქაურობას…

ძიძა:
არა, რატომ…

ქმარი:
ჩემი ცოლია ეგეთი, თავის ჭკუაზე უნდა ყველაფერი, მე არ მიჯერებს!…

ძიძა:
შენი ცოლი რას საქმიანობს?

ქმარი:
მე-3 არხის მთავარი პროდიუსერია.

ძიძა: (იკვირვებს)
ნინა შენი ცოლია?

ქმარი:
რა სასაცილოა, პირველად მესმის ეგრე ნათქვამი, ადრე სულ ”შენ ნინას ქმარი ხარო?” მეკითხებოდნენ. და შენ რას საქმიანობ? სწავლობ სადმე?

ძიძა:
ხო, მომავალი ჟურნალისტი ვარ.

ქმარი:
უი, რა კარგია, ნინას დაველაპარაკები შენზე აუცილებლად, კარგი ბიჭი ჩანხარ.

ძიძა:
არა, რა საჭიროა.

ქმარი:
უფ, როგორ არა, თუ ნაცნობი არ გყავს, ხომ იცი… (სიგარეტს აქრობს) შეგაწუხე არა? რა კარგია, რომ არ ეწევი, ბავშვთან არც მე ვეწევი და ძალიან მიჭირს, შენ არ გაგიჭირდება… (პაუზა) ისე, ბავშვების მოვლის გამოცდილება გაქვს?

ძიძა:
კი, მაქვს…. უფროსი დის ბავშვებს ვუვლიდი, სანამ ჩვენთან ცხოვრობდნენ.(მეტისმეტად მიუახლოვდება)

ქმარი:
ძალიან კარგი… (იბნევა. უხერხული პაუზა) სად დაიკარგა ეს დედაჩემი ამდენ ხანს? წავალ, დავურეკავ, რას შვრება. არ მოიწყინო. თუ გინდა, ტელევიზორი ჩართე ან მუსიკას მოუსმინე, მე ახლავე მოვალ. (გადის)

ძიძა: (წამოხტება და კუთხეში, მუსიკალურ ცენტრთან მიდის, სიმღერას ჩართავს)

ქმარი: ( მეორე ოთახიდან ყვირის)
ეგ ნინას საყვარელი სიმღერააა…

ძიძა:
მართლა? (არ მოსწონს სიმღერა, იჯღანება)

ქმარი: (ისევ მეორე ოთახიდან ყვირის)
ხო, რაღაც უცნაური გემოვნება აქვს… მე თვითონ მეცინება ხანდახან, აი, არაფრით არა ვგავართ ერთმანეთს და ერთად რატომ ვართ, ვერ ვხვდები… მოკლედ, სასაცილო ამბავია…

ძიძა:
გასაგებია (მუსიკას გამორთავს)

ქმარი: (ოთახში ბრუნდება. შეშფოთებულია)
დედაჩემი ყურმილს არ იღებს, ეტყობა, ბავშვი სასეირნოდ გაიყვანა. ძალიან ვღელავ, ბავშვის მოვლის გამოცდილება არა აქვს, ქალია და რა გასაკვირია… რაიმე არ დამართოს, მეშინია. ერთხელ დავუტოვე მთელი დღით და საჭმელი არ მიუცია, საშინელ დღეში იყო ბავშვი… (ღელავს)
არა, რაც მართალი, მართალია, ჩემი ბიჭი ძალიან მოგეწონება. დედამისის ასლია! იცი, როგორ გავს? არა, მსგავსება როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი?

ძიძა:
შენი ცოლი ბევრს მუშაობს, არა? (თავისთვის დადის და ქმრის ქაქანს არც უსმენს)

ქმარი:
დღე და ღამე ტელევიზიაშია, მარტო კვირაობით ისვენებს. შვილი რომ შეგვეძინა და პირველი ორი წელი სახლში ვიჯექი, კინაღამ გავგიჟდი. წარმოგიდგენია, მთელი დღე დამლაპარაკებელი არავინ არ მყავდა… ცოტა ხნით დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ახლა ეს სამუშაოც ვიშოვე… მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, თორემ სალაპარაკო კი არ გახდებოდა ეს ამბავი… აბა, დედა ხომ ვერ მოუვლის ბავშვს, ხალხი რას იტყვის! ხოდა, ნინამ შემომთავაზა, ძიძა ავიყვანოთო…

ძიძა: (აწყვეტინებს)
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი?

ქმარი: (იბნევა)
როგორ?

ძიძა: (უფრო გაბედულად)
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი–მეთქი!

ქმარი:
რა კითხვაა… რა ვიცი, აბა… (არ სიამოვნებს ფამილარული ტონი)

ძიძა:
მაინც?

ქმარი:
როგორ გეტყობა, გამოუცდელი რომ ხარ! ბავშვი რომ გყავდეს, ეგეთ კითხვას არ დამისვამდი…

ძიძა:
მაპატიე რა, ასე პირდაპირ რომ გეკითხები, მაგრამ მართლა მაინტერესებს. რა გრძნობაა?

ქმარი:
ვინმე გყავს?

ძიძა: (ვერ ხვდება კითხვის აზრს)
ანუ?

ქმარი:
ქალი გყავს? გოგო, მეგობარი?

ძიძა: (ღიზიანდება)
არა.

ქმარი:
აბა, როგორ გითხრა. ვაჟიშვილი ხარ? მაპატიე, მეც პირდაპირ გეკითხები, მაგრამ…

ძიძა: (მოწყვეტით და მკაცრად)
არა, არა ვარ ვაჟიშვილი!!!

ქმარი:
ხო……. (აღარ იცის, რა თქვას) იცი, როგორ გავაკეთოთ? რაღაც დრო დავთქვათ, ნუ, იყოს ერთი კვირა, გამოსაცდელი ვადა… ვნახოთ, როგორ შეეწყობი ბავშვს და მერე გადავწყვიტოთ… რა იცი, რა ხდება.

ძიძა: (ინდიფერენტულად)
კარგი.

ქმარი: (მოჩვენებითი სიმშვიდით)
დედაჩემი სადაცაა მოვა და პატარასაც გაგაცნობ.

ძიძა:
პატარას რა ქვია?

ქმარი:
უი, არ მითქვამს? (იცინის) ეგრეა, მთავარი გავიწყდება, ისე ერთობი ლაპარაკში… სახელი ნინამ შეურჩია, მე საბა მინდოდა, მაგრამ ნინამ იოსები დაარქვა…

ძიძა:
კითხვაზე მაინც არ მიპასუხე.

ქმარი:
რა კითხვაზე?

ძიძა:
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი?

ქმარი:
რა ბავშვური კითხვაა…

ძიძა: (სწრაფად უახლოვდება, სახეზე ადებს ხელს)
რა კარგი კანი გაქვს.

ქმარი: (მოულოდნელობისგან შეხტება)
რას შვრები?

ძიძა:
შენი ცოლი გეფერება ხოლმე?

ქმარი: (გაოგნებულია)
რა…

ძიძა:
თუ უკვე მობეზრდი?

ქმარი:
ახლა იცი რა…

ძიძა: (აწყვეტინებს)
რატომ არ მპასუხობ? გრცხვენია? ნუ მოგერიდება, მელაპარაკე.

ქმარი:
ახლავე მიბრძანდი აქედან! სანამ დედაჩემი მოსულა.

ძიძა:
დედაშენი არ მოვა!

ქმარი:
შენ საიდან იცი… ვაიმე, ღმერთო! შენ საიდან იცი?!

ძიძა:
ნუ გეშინია, არ მომიკლავს (ბოროტად იცინის) მე დავურეკე და ვუთხარი, რომ დაგაგვიანდება, რომ შენი თხოვნით ვრეკავ.

ქმარი:
პოლიციას გამოვუძახებ!

ძიძა: (მკაცრად) დაჯექი!

ქმარი: (დაბნეულია. ემორჩილება. ჯდება.)

ძიძა:
შენი ცოლი ლოგინში როგორია–მეთქი?

ქმარი:
გიჟი ხარ?

ძიძა:
არა. უბრალოდ, გეკითხები.

ქმარი:
იცოდე, ბავშვს თუ რამე დაუშავე…

ძიძა:
შენს ბავშვს არაფერს არ ვერჩი! და საერთოდ, ვერ ვიტან ბავშვებს!

ქმარი:
ვაიმე, მამიკოო!

ძიძა:
დაწყნარდი და მიპასუხე, რასაც გეკითხები!

ქმარი:
რა კითხვაა?

ძიძა:
ძალიან ჩვეულებრივი. სანამ არ მიპასუხებ, არ გაგიშვებ აქედან!

ქმარი:
ჩემი ცოლი მალე მოვა!

ძიძა:
ნუ მატყუებ, არ მოვა მალე, გვიან ბრუნდება სახლში.

ქმარი:
ვერ შემაშინებ! (წამოხტება, დაეძგერება, ჭიდაობენ, ძიძა ხელებს გადაუგრეხს და ზედ დააჯდება)

ძიძა:
არ მინდა, ხელი მოგტეხო. უბრალოდ მიპასუხე.

ქმარი: (სიმწრით) გაეთრიე აქედან, თორემ ვიყვირებ იცოდე!

ძიძა:
იყვირე და რაც გინდა ის ქენი! კედლები სქელია, შენს ხმას მეზობლები მაინც ვერ გაიგებენ!

ქმარი: (ყვირის)
მიშველეთ!

ძიძა: (ხელებს უგრეხს)
იყვირე, იყვირე! მაინც არ გაგიშვებ, სანამ არ მიპასუხებ.

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, რას მერჩი? თავი დამანებე, არავის არაფერს ვეტყვი, ოღონდ ახლავე წადი აქედან და თავი დამანებე!

ძიძა:
სიმშვიდე დაგირღვიე, არა? ჩემს ხელში ხარ, იცოდე! ზედმეტი არ გაბედო! (ურტყამს)

ქმარი: (სიმწრისგან იმანჭება, ყვირის)
აააააააა!

ძიძა:
იყვირე, შე ცხვარო! შე ქალების მონავ!

ქმარი: (უფრო ხმამაღლა ყვირის)
აააააააააააა! მიშველეეთ!

ძიძა:
ოჰო, რა ხმა გქონია! ყვირილი მაინც შეგძლებია! (კიდევ ურტყამს)

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, რას მერჩი?

ძიძა:
ნერვებს მიშლი. შენისთანები ჩვენს საერთო საქმეს აფუჭებენ!

ქმარი: (დამშვიდდება)
რა საქმეს?

ძიძა: (ხელს გაუშვებს, იატაკზე დაჯდება)
დამპირდი, რომ ბოლომდე მომისმენ!

ქმარი:
ხო, კარგი… კარგი… (ტანსაცმელს ისწორებს, მტვერს იფერთხავს)
იატაკი მოსაწმენდი ყოფილა, როგორ დამავიწყდა…

ძიძა:
ჰა–მეთქი ახლა!

ქმარი: (შეშინებული)
ჰო, კარგი, კარგი. გისმენ, რა საქმეს გულისხმობდი?

ძიძა:
რას და კაცების გათავისუფლებას!

ქმარი: (გაოგნებულია)
კაცების რას???

ძიძა: (სიგარეტს ამოიღებს, მოუკიდებს, ნაფაზს დაარტყამს და ქმარს გაუწვდის)
მოწიე!

ქმარი: (ჩამოართმევს)
აკი არ ვეწევიო? (უხერხულად ეწევა, ეტყობა, რომ ნაფაზის დარტყმა არ იცის.)

ძიძა: (სიგარეტს წაართმევს)
უნდა მიგაწვას კაცმა სახეზე! მოწევაც კი არ იცი წესიერად! (ხელს მოუქნევს)

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, არ ამიხსნი?

ძიძა:
არა ვარ დარწმუნებული, რომ გამიგებ, მაგრამ მაინც გეტყვი. რა იცი, იქნებ შენისთანა ჩმორისგანაც გამოვიდეს რამე!

ქმარი:
რა უნდა გამოვიდეს, გამაგებინე! საერთოდ ვინ ხარ და რა გინდა?

ძიძა:
შენ გგონია, მართლა შენი ბავშვის მოსავლელად მოვედი აქ? (იცინის) არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომაგზავნა.

ქმარი:
როგორმა ორგანიზაციამ?

ძიძა:
საიდუმლო ორგანიზაციაა, „კაცები გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“.

ქმარი:
ღმერთო, ნუთუ მასონები ხართ?… გენდერული რას ნიშნავს?

ძიძა:
რა სისულელეა! ჩვენ თავისუფალი კაცები ვართ და შენისთანა მონებს ცხოვრებას ვუადვილებთ! შენი გენდერი კი ისაა, რასაც ბავშვობიდან გასწავლიან! მონობაა შენი გენდერი! რახან კაცი ხარ, ასე გზრდიან, ქალების მორჩილი უნდა იყო! და სულ ძუძუზე კიდია ყველა ქალს, შენ რა გადარდებს, რა გინდა ცხოვრებაში!

ქმარი:
ნამდვილად მასონები ხართ!

ძიძა:
არა ვართ–მეთქი მასონები! თავისუფალი კაცები ვართ და ოდესმე მივაღწევთ იმას, რომ შენსთანებიც აზრზე მოვლენ.

ქმარი:
მე რა შუაში ვარ?

ძიძა:
შენ განზრახ ამოგირჩიეთ. ჩვენმა უფროსობამ ახალი პროექტი დაიწყო, „20 ძიძა“. შევარჩიეთ 20 ყველაზე წარმატებული ქალი და მათ ოჯახებში ძიძებად ვიწყებთ მუშაობას, რომ დაჩმორებულ ქმრებს ჭკუა ვასწავლოთ, მწარე სიმართლეზე თვალები ავუხილოთ!!!

ქმარი:
ღმერთო, რას ბოდავ! ახლავე წადი აქედან, არ მაინტერესებს მე თქვენი პროექტი!

ძიძა:
სულ ძუძუზე კი არადა… ყლეზე მკიდია, შენ რა გაინტერესებს!

ქმარი: (სიტყვა „ყლეს“ გაგონებაზე ყურებზე იფარებს ხელებს)
რა სიტყვებს ამბობ!

ძიძა:
ხო, რა იყო! ყლეზე მკიდია!!! კაცებს არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი გენიტალიების! უნდა შეძლო და ხმა ამოიღო!

ქმარი:
ღმერთის მაინც არ გეშინიათ?!

ძიძა:
ღმერთი რა შუაშია! ეს ქალები გვაბოლებენ საუკუნეების მანძილზე, რომ ღმერთმა კაცი ქალის შემწედ და დამხმარედ შექმნა! თავის სასარგებლოდ იყენებენ ყველაფერს!

ქმარი:
ნუ მკრეხელობ! გთხოვ!

ძიძა:
შეგეშინდა, არა? შე მართლა ცხვარო!

ქმარი:
ღმერთო, კიდევ კარგი, ბავშვი არ არის სახლში! რა სიტყვებს იძახი! ქალი ხომ არა ხარ!

ძიძა:
არა, კაცი ვარ! და როცა გამიხარდება, მაშინ შევიგინები! გაიგე, შე ჩმორო?

ქმარი: (გაქცევას ცდილობს)

ძიძა: (დაიჭერს)
არ გაინძრე–მეთქი! თორემ მიგაკლავ, იცოდე! პროექტი რომ ჩაგვიგდო, თავს მოგაჭრით! შენისთანებს ჭკუაზე მოვიყვანთ და საერთო საქმეს მაინც გავაკეთებთ! სრულიად საქართველოს საწყალ კაცებს მაგალითს მივცემთ!

ქმარი: (აღარ უწევს წინააღმდეგობას)
მე რა დავაშავე? რატომ ამომირჩიეთ?

ძიძა:
ხომ გითხარი, 20 ყველაზე გავლენიანი ქალი შევარჩიეთ. პრეზიდენტის ქმართან უნდა წავსულიყავი, წესით, მაგრამ კენჭისყრის შედეგად შენთან (ხაზგასმით დამცინავად) აღმოვჩნდი, ასე რომ, იცოდე, თავიდან ვერ მომიშორებ!

ქმარი:
მე კიდევ სულ ძუძუზე მკიდია თქვენი პროექტი! ვერ მაიძულებთ! ჩემს კაცობას არ დავთმობ!

ძიძა:
სულელი კაცი ხარ! ჩემი ნება რომ იყოს, შენისთანებს თავებს დავაჭრიდი!

ქმარი:
თქვენ ყველანი გაგიჟებულხართ, როგორ არ გრცხვენიათ!

ძიძა:
მე უნდა მრცხვენოდეს თუ შენ? კარგად დაფიქრდი, რას გთავაზობთ: შენ დამოუკიდებელი კაცი იქნები, ოცნებას აისრულებ, ნუთუ არ გინდა თავისუფლება?

ქმარი:
ღმერთო, დედაჩემი გაგიჟდება!

ძიძა:
დაიკიდე დედაშენი! დაიკიდე ყველა, ვინც მონობას გაიძულებს. არასოდეს არ გიფიქრია, რამდენი შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი ხარ? როგორ არ მოგბეზრდა ცოლისთვის სადილების კეთება და მოსამსახურესავით სახლში ჯდომა!

ქმარი:
აღარ ვზივარ სახლში, აი, ნინამ უფლება მომცა, რომ მემუშავა, ძიძა აიყვანეო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ შენისთანა…

ძიძა:
ნუ მაცინებ! ეგ მათხოვრული მოწყალება არ უნდა დაიჯერო! ვის რა ჯანდაბად უნდა ეგეთი მოჩვენებითი თავისუფლება? ძიძის აყვანა რომ საქმეს შველოდეს… შენ უნდა მოსთხოვო შენს ცოლს, რომ ბავშვს თვითონაც მოუაროს, საჭმელიც გააკეთოს, სახლის დალაგებაშიც მოგეხმაროს…

ქმარი:
რა საშინელებებს ამბობ! ღმერთო, რა საშინელებებს ამბობ!

ძიძა:
აბა, კარგად დაფიქრდი! გთხოვ! (ოდნავ მოულბება გული) მე შენთვის სიკეთე მინდა. თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ჩვენ ხომ მოვახერხეთ, შენც შეძლებ გათავისუფლებას.

ქმარი: (აღშფოთდება)
რა ადვილი სათქმელია! შენ არასოდეს არ გყოლია ცოლი! მე კიდევ თუ გავთამამდები, ცოლი სახლიდან გამაგდებს, ბავშვს ჩამომართმევს! მერე რაღა ვქნა? დედაჩემთან დავბრუნდე? ხომ იცი, რომ დედები დაბრუნებულ ბიჭებს უკან აღარ იღებენ! ქუჩაში დავრჩები, რა მეშველება… ცხოვრება გინდა დამინგრიო?

ძიძა:
არა, რა თქმა უნდა. არა, მართლა ქალი კი არა ვარ, შენი რომ არ მესმოდეს. (ხელზე ხელს მოუჭერს) ნუ გეშინია, მთავარია, შენ დაიწყო და ნელ–ნელა ყველაფერი შეიცვლება.

ქმარი:
არა, არ შემიძლია!

ძიძა:
შეგიძლია, ახალგაზრდა კაცი ხარ, შენ ნამდვილად შეძლებ ყველაფერს, ცხოვრება წინ გაქვს. მე დაგეხმარები.

ქმარი:
როგორ უნდა დამეხმარო?

ძიძა: (კმაყოფილია)
აი, ეს უკვე მომწონს! ახლა კარგად მომისმინე, ყველაფერს მოგიყვები. ნუ გგონია, რომ ერთბაშად გთხოვ სახლიდან წასვლას და ოჯახის მიტოვებას. ეს გამოსავალი არ არის…

(ისმის ზარის ხმა)

ქმარი: (იბნევა)
გავაღო? ალბათ, დედაჩემია. დამცოფავს, ამდენი ხნით რომ დავუტოვე ბავშვი.

ძიძა:
მიდი, გააღე.

(ქმარი გადის. ძიძა ანერვიულებული, ჩქარი ნაბიჯით ბოლთას სცემს ოთახში, ეტყობა, რომ ძალიან ღელავს. როგორც კი ქმარი შემობრუნდება, მშვიდდება, ამაყად იმართება წელში.)

ქმარი:
მეზობელი იყო, სარეცხი ფხვნილი მთხოვა… ნახა რა იმანაც დრო…

ძიძა:
რატომ არ გაიქეცი?

ქმარი:
არ ვიცი… გიჟი კი ხარ, მაგრამ… შენი უკვე აღარ მეშინია.

ძიძა: (გაუღიმებს)
ყოჩაღ! ძალიან მიხარია, ამას რომ ვისმენ შენგან. მოდი, გავაგრძელოთ.

ქმარი: (ცოტა დამფრთხალია)
ესე იგი, რა უნდა ვქნა?

ძიძა:
შენმა ცოლმა უნდა შეიგნოს, რომ კაციც ადამიანია და ქმარი მისი საკუთრება არ არის.

ქმარი:
სათქმელად ადვილია, მაგრამ…

ძიძა:
თუ არ გებედე, არაფერი არ შეიცვლება.

ქმარი:
მაინც არ მესმის, რა უნდა შევცვალო და როგორ. რას მთხოვ, რომ ჩვენს ტრადიციებს ვუღალატო? ხალხი რას იტყვის? ქუჩაში როგორ გავიდე? დედაჩემს როგორ შევხედო თვალებში?

ძიძა:
დამიჯერე, თავიდან ყველა ასე ფიქრობს, მერე იცვლებიან და თამამდებიან. დედაშენიც შეეგუება ამ ამბავს და შენი ცოლიც… თუ არა და, ოჯახი უნდა მიატოვო.

ქმარი:
არა, არა!

ძიძა:
შენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს!

ქმარი:
არა–მეთქი, არ შემიძლია!

ძიძა:
აკადემიაში კარგად სწავლობდი?

ქმარი: (გაკვირვებულია, კითხვის აზრს ვერ ხვდება)
აა?

ძიძა:
აკადემიაში კარგად სწავლობდი?

ქმარი: (გატაცებით ყვება)
სადიპლომო ნამუშევარში ყველაზე მაღალი შეფასება მე მივიღე, იცი, რა საინტერესო რაღაც გავაკეთე? უზარმაზარი პანო იყო, ნაჭრებით აწყობილი აპლიკაცია, ძალიან პატარა ნაკუწებით…
(ჩერდება, ხვდება, რომ ძალიან შეტოპა)

ძიძა:
მერე? არ გენატრება შენი საქმე?

ქმარი:
ნინა მაშინ გავიცანი, ჯერ დამწყები პროდიუსერი იყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა. იცი, რა ლამაზია ნინა? თავბრუ დამახვია და ეგრევე ქმრად გავყევი…

ძიძა:
მერე?

ქმარი:
ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი მთხოვდა, სწავლა გააგრძელეო…

ძიძა:
ჰოო?

ქმარი: (ღელავს)
მეც ძალიან მინდოდა გაგრძელება, მაგრამ ნინა მალევე დაორსულდა და ვინ მოუვლიდა, სიმამრი არა მყავს, არც მამაჩემი იყო ცოცხალი… მერე ბავშვი გააჩინა და სამსახურში გავიდა. მე–3 არხის სული და გულია, იცი, როგორ უყვართ სამსახურში? ორიოდ წელიწადში ფეხზე დააყენა იქაურობა… მართალია, ბავშვისთვის სულ ვერ იცლის, მაგრამ…

ძიძა: (მიუახლოვდება, მეგობრულად ჩაეხუტება და ბეჭებზე ხელს დაუტყაპუნებს)
კარგი, დამშვიდდი.

ქმარი: (ნაწყვეტ–ნაწყვეტად, პაუზებით. ტირილამდე ღელავს)
ნინა მეორე ბავშვის გაჩენას აპირებს… გოგო უნდა ძალიან… გვარის გამგრძელებელი ხომ უნდა მყავდესო… თვითონ დედისერთაა… ალბათ, ისევ სახლში დაჯდომა მომიწევს. ვთხოვე, იქნებ ჯერ არ გვეჩქარა–მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს.

ძიძა:
ნუ გეშინია, ჩვენ დაგეხმარებით.

ქმარი:
რაში უნდა დამეხმაროთ? რაღაც სისულელეები მოგიფიქრებიათ და გგონიათ, რომ ამით კაცებს უშველით? უგულოები ხართ! რას მთავაზობ, ცოლ–შვილი უნდა მივატოვო, დედას მივაფურთხო და ხალხს გიჟად მოვაჩვენო თავი? ვინ მოიგონა საერთოდ ასეთი სულელური პროექტი! იდიოტურ მოდას ხართ აყოლილები!

ძიძა: (მუდარით)
ახლა კარგად მომისმინე! ცოლ–შვილის მიტოვებას არავინ გთხოვს: ოჯახები უკიდურეს შემთხვევაში უნდა დავანგრიოთ, როცა სხვა გამოსავალი მართლა არ არსებობს.

ქმარი:
აბა, როგორ წარმოგიდგენიათ? რა უნდა ვქნა?

ძიძა:
გეტყვი!… მე შენთან დავრჩები, ძიძად ამიყვანე, ოღონდ, ცოლს არაფერი უთხრა. ნინამ არ უნდა იცოდეს, რომ ორგანიზაციის მოგზავნილი ვარ. მოკლედ, პროექტის აზრი ისაა, რომ კაცებს მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდეთ, ძიძებად ამიტომ ვუდგებით. ბავშვის მოვლა მძიმე ტვირთად აღარ დაგაწვება. მეგობრებთან დროის გატარებას უფრო ხშირად მოახერხებ, სამსახურშიც წინ წაიწევ, კარიერას გაიკეთებ და როცა მოძლიერდები, თამამად დაელაპარაკები შენს ცოლს. იმდენის უფლებას ვეღარ მისცემს თავს!

ქმარი:
მაინც ვერ წარმომიდგენია… ძნელი იქნება.

ძიძა:
ვინ გითხრა, რომ ადვილია? ასე ერთბაშად რომ კეთდებოდეს საქმე, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ნუ შეგეშინდება, მე აქ სწორედ ამიტომ მოვედი, უნდა დაგეხმარო… (პაუზა) ახლა მითხარი, როგორ მოვხიბლო შენი ცოლი, რა უყვარს განსაკუთრებით? როგორმე ყურადღება უნდა გადავატანინოთ შენგან.

ქმარი:
ტირამისუ უყვარს, მკვდარი ზღვის მარილებიანი ცხელი აბაზანა და მარტინი…. ოღონდ – ბიანკო!

ძიძა: (ჩანთიდან ბლოკნოტს ამოიღებს და ინიშნავს)
სპორტის რომელი სახეობა აინტერესებს?

ქმარი:
ფიგურული სრიალი და სინქრონული ცურვა. ვერ იტანს ფეხბურთს.

ძიძა:
ღმერთო, რა უგემოვნოები არიან ეს ქალები!

ქმარი:
ეს ყველაფერი რაში გჭირდება? რატომ ინიშნავ?

ძიძა: (დიდი პაუზა)
მოკლედ, ჩვენი გეგმა ასეთია – შენი ცოლი უნდა შევაცდინო.

ქმარი: (აღშფოთდება)
რაო?!!

ძიძა: (სხაპა–სხუპით მიაყრის)
ახლავე აგიხსნი! როგორც გითხარი, ჩვენი პროექტის მიზანია, ცოლიან კაცებს თვითრეალიზაციის საშუალება მივცეთ. ჰოდა, ამის მისაღწევად აუცილებელია, ცოლების ყურადღება სხვა რამეზე გადავრთოთ, მაგალითად – სხვა კაცზე. შენ შენი საქმეებით დაკავდები, იმუშავებ, კარიერას აიწყობ, გაერთობი… (ეშმაკურად) თუ მოგინდება, სხვა ქალებშიც ივლი…

ქმარი:
რა სისულელეა!

ძიძა:
ხო, კარგი, რა იყო! თუ არ გინდა, არავინ გაძალებს. უბრალოდ, მთავარია, არჩევანი გქონდეს, თორემ რას იზამ და როგორ იზამ, შენი ნებაა.

ქმარი:
ჩემს ცოლთან დაწოლა მართლა აუცილებელია?

ძიძა:
აუცილებელი არ არის, ეგეც უკიდურესი ზომაა, თუ საჭირო გახდება, სხვა რა გზა მაქვს, ვალდებული ვიქნები. ჩვენი საერთო საქმისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ.

ქმარი:
მაინც მგონია, რომ ცოტა გიჟები ხართ იმ რაღაც ორგანიზაციაში!

ძიძა:
არა უშავს, გავა დრო და მიხვდები.

ქმარი:
და უარის თქმა შემიძლია? თუ პროექტში ბოლომდე უნდა დავრჩე?

ძიძა:
კარგი რა! შენ მე ქალი ხომ არ გგონივარ! ერთი კვირა მომეცი, გამოსაცდელი ვადა და აი, ნახავ, თუ არ მოგეწონება. თავს დავდებ, შენ თვითონ მომთხოვ, პროექტში დამტოვეო.
ქმარი:
არ ვიცი, არ ვიცი…

ძიძა:
ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება.

ქმარი:
ერთი კვირა კარგი აზრია, დავიწყოთ და ვნახოთ… (უცებ შეშფოთდება) ვაიმე, ბავშვი დამავიწყდა!

(რეკავს ტელეფონი, ქმარი ადგილიდან არ იძვრის. ირთვება ავტომოპასუხე. ისმის ქალის ძლიერი ხმა)
ქალის ხმა:
დედა, სად ხარ ამდენ ხანს?! სინდისი გაქვს?! ტელეფონს რატომ არ პასუხობ?! წაჭამა ამ ბავშვმა ტვინი! მამას ითხოვს, ტირის. დროზე მომაშორე, ნერვები დამაწყვიტა! სულ გაგიჟდი, რაც მუშაობა დაიწყე! ასე არ შეიძლება, დედა. 7 საათზე დეიდაშენთან უნდა გავიდე და დროზე გამოჩნდი. იცოდე, დიდხანს არ მალოდინო! გკოცნი!

ქმარი:
რა ვქნა?

ძიძა:
დაჯექი!

ქმარი:
არა, წავალ, ბავშვს მოვიყვან.

ძიძა:
დაჯექი–მეთქი! და მომისმინე. ახლა აიღებ ტელეფონს, დაურეკავ შენს ძმაკაცებს, სახლში დაპატიჟებ და აი, ამას ითამაშებთ. (ჩანთიდან დომინოს ამოიღებს, იატაკზე ყრის ქვებს და ურევს)

ქმარი:
ეგ რა არის?

ძიძა:
ო, ღმერთო! დომინოა, დომინო!!!

ქმარი:
დომინო რა არის?

ძიძა: (გამოკვეთილად და ძალიან ამაყად)
უძველესი თამაშია, რომელსაც საუკუნეების წინ კაცები თამაშობდნენ. ჩვენი ორგანიზაციის სიმბოლოა!

ქმარი:
ძნელი სათამაშოა?

ძიძა:
არც ისე. მე აგიხსნი. ახლა აიღე ტელეფონი და შენს ძმაკაცებს დაურეკე.

ქმარი:
მერე დედაჩემი?

ძიძა:
დაიკიდე–მეთქი!

ქმარი: (ვერ გადაუწყვეტია, რა ქნას)
მოდი, ჯერ დომინოს თამაში მასწავლე!

ძიძა:
კარგი, მოდი აქ, დაჯექი! ესე იგი, როგორც გითხარი, ეს თავისუფალი კაცების თამაშია, პრინციპი არ არის რთული. ახლავე აგიხსნი, მოკლედ, თავიდან იწყება იმით, რომ მოთამაშეებს ურიგდებათ….

(თანდათან ძლიერდება მუსიკის ხმა. ძიძა და ქმარი დომინოს თამაშს განაგრძობენ. სცენა ბნელდება და ზემოდან ეშვება უზარმაზარი ფოტო, სადაც გამოსახული არიან ნინა და ქმარი. ნინას სმოკინგი აცვია, ქმარს – თეთრი საქორწინო კაბა.)

დასასრული

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button