ლიტერატურამოთხრობანოველა

ოდონ ფონ ჰორვატი – აზრი

ნოველა

მთარგმნელი –კახნიაშვილი მამუკა

(ზღაპარი)

გუშინ  აზრს შევხვდი.

ვსეირნობდი, ისევ უკან ვაპირებდი დაბრუნებას,  მომშივდა, გარდა ამისა, მოიღრუბლა და ვიფიქრე, წვიმა დაიწყება-თქო.

და, როგორც მოგახსენეთ, აზრს შევეფეთე. ზუსტად არ მახსოვს რა ადგილზე. იქ, სადაც ქარი შეწყდა.

მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როცა  გამიარა და შემომხედა. უნებლიედ შევდექი, ასეთი ლამაზი ჯერ არაფერი მინახავს.

გაოცებისგან თავიდან ნაბიჯი ვერ გადავდგი. აზრმა ჩამიარა, დავედევნე, მაგრამ ვერსად ვნახე. – უკვე წასულიყო.

რა უაზრობაა!

საკუთარ თავზე გავბრაზდი, როგორ შეიძლება ასე გამოშტერდე და ასეთი ლამაზი აზრი დაგავიწყდეს!

გონება დავძაბე, შეიძლებოდა ისევ მოსულიყო, მაგრამ არა, არ მოსულა. სხვა აზრებთან  ვეძებდი, მომხიბვლელ, არამომხიბვლელ, საზიზღარ აზრებთან, ამ დროს ახალი აზრები მოდიოდნენ, სხვებსაც შევხვდი, ჩემთვის უცხოები იყვნენ ისინი,  აზრს, რომელსაც მე ვეძებდი შორს იყო ჩემგან. ვიცოდი რომ მჭირდებოდა, ამ აზრს  დიდი ხანია ველოდი!

არ შეიძლება ასე!

ბოლო იმედი, გავესაუბრე სხვა აზრებს. აზრებს, რომლებიც შნაპსისგან, ღვინისგან, ლუდისგან, მწვადისგან, მაღალი ეკლესიის გავლენისგან, კომბოსტოსგან და ჭარხლისგან გებადება.

მაგრამ ჩემში იმ დიდი აზრის მონატრება ფხიზლობდა, რომელიც დავკარგე.

ნეტავ თუ შევხვდები კიდევ?

ზოგჯერ მეგონა, ისევ მოვიდა-თქო, მაგრამ  ყველაფერი ტყუილი იყო.

შეიძლება რაღაც მსგავსება ჰქონოდათ ერთმანეთთან, მაგრამ ეს ის არ იყო.

უფრო და უფრო მწყდებოდა გული მშვენიერ აზრზე.

ვიცოდი, თუ დამიბრუნდებოდა, ისევ შემიყვარდებოდა სამყარო.

ყველა მოვიხმე.

ერთი აზრი მოვიდა, ძალიან ჭკვიანი და ნაკითხი ჩანდა, თქვა: მომისმინე, ვფიქრობ რომ ის აზრი კი არა – მხოლოდ და მხოლოდ შეგრძნება იყო.

შეგრძნება? არ გამაცინო!

შენც არ გაიცინო! ხშირად ვერ ასხვავებენ – არსებობს ზღვარი, ადამიანს ჰგონია რომ გრძნობს, მაგრამ ამ დროს მხოლოდ აზროვნებს, აზრი კი ამ დროს შეგრძნებაა.

არ  გეთანხმები, შემიძლია ერთმანეთისგან შეგრძნებისა და აზრის გარჩევა.

მოიცა! მაგალითად მე რა ვარ?

არ არსებობს მთლიანად წმინდა აზრი, მასში ყოველთვის არის დამალული  გრძნობის რაღაც პროცენტი და პირიქით. მაგრამ  აზრი, რომელსაც მე შევხვდი და რომელიც დამავიწყდა, წმინდა აზრი იყო და ამიტომაც მენატრება ასე მთელი გულით.

ის კვდებოდა და როცა მოვიდა სიკვდილის ანგელოზი, თქვა: ო, შენ ხარ ჩემი აზრი – ხო, თქვა მან,  მე ჩაგიარე და და შენ მიფიქრე, თავში უნდა იცე ხელები? მერე მივხვდი. მე არც აზრი ვარ და არც გრძნობა. მე  მშვიდობა ვარ! მშვიდობა დედამიწაზე. მე სიცარიელე  ვარ. ამიტომაც დაგავიწყდი. რადგან სიცარიელეს ვერ შეინარჩუნებ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button