მეცნიერება

მეცნიერები მალე აზრებს წაიკითხავენ

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, როგორ ფორმირდება სიტყვები ტვინში. მათ იპოვეს გზაც, რომლის მეშვეობით მომავალში შესაძლებელი გახდება ადამიანის ფიქრების ამოცნობა, შესაბამისად უუნარო ადამიანებიც შეძლებენ “საუბარს”.

იმისთვის, რომ ამ შედეგამდე მისულიყვნენ, მეცნიერებმა მოახერხეს ტვინის ყველაზე ღრმა და ფარულ ადგილებში შეღწევა. ელექტროდების დახმარებით მათ აღმოაჩინეს უბანი, რომელიც პასუხისმგებელია იმ 40-ოდე ბგერის წარმოქმნაში, რომლებიც ქმნიან ინგლისურ ენას. ამის შემდეგ მათ დაადგინეს, რომ თითოეულ ბგერას გააჩნია თავისი უნიკალური სიგნალი, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, საშუალებას მისცემს კომპიუტერულ პროგრამას, წაიკითხოს ადამიანთა აზრები და გადმოსცეს, თუ რისი თქმა სურთ მათ.

სამეცნიერო კვლევა ფიქრების წაკითხვის შესახებ წამოიწყო ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინოვაციების ცენტრის თანამშრომელთა გუნდმა ერიკ ლეიტჰარდის ხელმძღვანელობით. მათ შეისწავლეს 4 ადამიანი, რომლებიც ეპილეფსიის მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულები. ოთხივე მათგანს თავში 64 ელექტროდი ჩაუნერგეს.

კვლევის თავდაპირველი მიზანი იყო, ეპოვათ ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ლეიტჰარდმა გადაწყვიტა დაკვირვებოდა ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მეტყველებას მართავენ – ბროკას არეალსა და ვერნიკის ცენტრს. პაციენტებს სთხოვდნენ, რამდენჯერმე გაემეორებინათ ბგერები: ოო, აჰ, ეჰ და ეე. ამის პარალელურად სწავლობდნენ პასუხისმგებელი სიგნალების მოქმედებას.

“რაც კვლევამ აჩვენა, ისაა, რომ ტვინი არაა უბრალოდ შავი ყუთი, როგორც ამას ჩვენი წინა თაობები მიიჩნევდნენ. მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ვინმეს აზრების წაკითხვა შემიძლია, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. თუმცა მაქვს ხელმოსაჭიდი ცნობები, რომლებიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს.” – განაცხადა ლეიტჰარდმა.

კვლევისას მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ტვინი გამოიმუშავებს სიგნალებს მაშინაც, როცა ადამიანები უბრალოდ ფიქრობენ ბგერებზე. თუმცა ეს სიგნალები ძალიან განსხვავდება იმათგან, რომლებიც ლაპარაკისას წარმოიქმნება.

ეს აღმოჩენა იძლევა იმედს, რომ მომავალში მეცნიერები ადამიანების ფიქრების ამოცნობას შეძლებენ. ჩაკეტილობის სინდრომის მქონე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, ილაპარაკონ. შემდგომი დახვეწისას კი გამორიცხული არაა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების ახალი სახეობებიც წარმოიშვას, რომლებიც მთლიანად ფიქრებზე იქნება დაფუძნებული.

წყარო
charlius.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button