მეცნიერებატექნოლოგია

იაპონელები მთვარეს ენერგიის წყაროდ გადააქცევენ

იაპონელი მეცნიერები აპირებენ, მთვარის ზედაპირის ნაწილი მზის ბატარეებით დაფარონ, რათა მზის ენერგია დედამიწისკენ წამოვიდეს და ამ გზით ადამიანებს ენერგიის დამატებითი წყარო გაუჩნდეთ, ანუ მთვარე იქცეს ენერგიის ამრეკლად დედამიწის სასარგებლოდ. იდეა ფანტასტიკურად ჟღერს და sci-fi ფილმის სცენარს უფრო ჰგავს, თუმცა მეცნიერები სერიოზულად არიან განწყობილნი.

ამბიციური პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ 13 000 ტერავატი (ტერავატი = 1 ტრილიონი ვატი) სიმძლავრის მქონე უწყვეტი ენერგიის წყაროს. მისი გამოგზავნა მოხდება რობოტების მეშვეობით დედამიწაზე არსებულ სადგურებზე, ლაზერების ან მიკროტალღების ხერხით.

მთვარეზე, ე.წ. ‘განათებული მხარის’ ეკვატორზე, აშენდება 11 000 კმ სიგრძის და 400 კმ სიგანის სადგური. მას დაუმაგრდება 19 კმ სიგანის ანტენა, რომელიც გამოყენებულ იქნება ენერგიის მისაღებად და გადასაცემად.

ენერგიის ალტერნატიული გზების ძიება იაპონიაში დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა პროცესი დაჩქარდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას მარტის ცუნამის გამო ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი რამდენიმე აფეთქების გადატანა მოუწია. მაშინ იაპონელებმა განაცხადეს, რომ 2030 წლისთვის ყველა შენობა აღჭურვილი იქნება მზის ენერგიის პანელებით.

გაურკვეველია, როდის დაიწყება ან რამდენი ხანი გაგრძელდება ამ პროექტის განხორციელება. ამის შესახებ არაფერი უთქვამთ Shimizu Corporation-ის კვლევა-ძიების ცენტრში, სადაც მოხდა ამ იდეის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ყველაზე ოპტიმისტური ვარაუდით, 2035 წლამდე მისი დაწყება შეუძლებელია.

Shimizu Corporation-ის საიტზე ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის შეზღუდული წყაროებიდან ამოუწურავ და სუფთა წყაროზე გადასვლა ის ცვლილება იქნება, რომელიც კაცობრიობას დიდი ხანია ოცნებად ექცა. მზის ენერგიის გამოყენების პროექტი, სახელად “მთვარის რგოლი” ოცნებას რეალობად აქცევს. ეს პროექტი გამჭრიახი იდეებისა და მოწინავე კოსმოსური ტექნოლოგიების ნაზავია.

ფაქტიურად ულევი მზის ენერგია, რომელიც არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, მწვანე ენერგიის მიღების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც წაადგება როგორც ბუნებას, ისე ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Shimizu Corporation-ში ვარაუდობენ, რომ ეს პროექტი იარსებებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც კაცობრიობა და დედამიწა. გეგმის განსახორციელებლად მთვარეზე კოსმონავტები გაემგზავრებიან და რობოტების დახმარებით საქმეს შეუდგებიან. მთვარის ზედაპირი საშუალებას იძლევა, მშენებლობაში გამოყენებულ იქნას წყალი, ბეტონი და კერამიკა. პროექტი მოიცავს ასევე რკინიგზის მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც მოხდება “მთვარის რგოლის” აშენებისთვის საჭირო მასალის გადაზიდვა.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button