ლიტერატურა

რევაზ თვარაძე – ფიქრები მომავლის პოეზიისათვის

თუ გულდასმით დავუკვირდებით თანადროული მსოფლიოს კულტურული განვითარების ტენდენციებს, სხვა დამახასიათებელ ნიშანთა შორის კიდევ ერთს შევამჩნევთ: ეს არის სწრაფვა მთლიანობისაკენ, სინთეზისაკენ.

უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში კულტურის ყველა სფეროს დაეტყო დანაწევრება, დიფერენციაცია, განკერძოება. ეს პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა XVIII-XIX საუკუნეებში და XX საუკუნეში თავის ზენიტს მიაღწია. ასე, მაგალითად, თუ ავიღებთ მეცნიერების დარგებს, ძნელი დასანახი არ იქნება, რომ ამ დარგთაგან ყოველი მათგანი (იმის კვალობაზე, თუ როგორი ინტენსიობით იკვლევდა თავის საგანს) ნაწევრდებოდა ქვედარგებად, ახალ და ახალ განშტოებებად იყოფოდა.

ეს ყოველივე იყო შედეგი ადამიანის გაცნობიერებული ან ზოგჯერ გაუცნობიერებელი სწრაფვისა _ მაქსიმალურად მოეცვა, შეესწავლა და შეეცნო როგორც გარემომცველი, ისე შიდასამყარო, მიუკვლეველი არ დაეტოვებინა არც ერთი, თუნდაც უშორესი კუნჭული.
ხელოვნებაში ამ პროცესმა თავი იმით იჩინა, რომ მხატვრულად იქნა “ათვისებული” სინამდვილის წარმოუდგენლად რთული, უღრანი და გაუვალი სფეროები, ხოლო ამ “ათვისების” პროცესში ხელოვნების დარგები მანამდე არნახულ დიფერენციას განიცდიდნენ. გაჩნდა, მაგალითად, “სოციალური რომანი”, “ფსიქოლოგიური რომანი”, სამეცნიერო-ფანტასტიკური და ასე და ამრიგად… მიკვლეულ და შესწავლილ იქნა კაცობრიობის სოციალური, ბიოლოგიური, ინტელექტუალური თუ სხვა იმპულსები. არ დარჩენილა არსებობის ვგონებ არც ერთი ფორმა, რომელსაც ხელოვნება არ მისწვდომოდა.

კულტურის სფეროთა ამ თავდავიწყებული დიფერენციაციის, განცალკევების, დანაწევრების, როგორც ჩანს, კანონზომიერი პროცესის თავისებურება ის არის, რომ ადამიანის თავლსაწიერს დროებით ავიწროებს, მის ყურადღებას ერთი გარკვეული არხით მიმართავს და კერძოს, ცალკეულის ჩხრეკისას ზოგადის, მთლიანის ხილვას უძნელებს.

ერთი მაგალითი: ფსიქოლოგიის როგორც ექსპერიმენტული მეცნიერების განვითარების გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ფსიქიკური მოვლენის საფუძველი ფიზიოლოგიურ ფაქტებში ყოფილა საძიებელი. ამ მხრივ მიმართულმა კვლევა-ძიებამ მეცნიერთა ნაწილი ისე გაიტაცა, რომ ცნობიერების როლი საერთოდ გამორიცხეს და ადამიანის ქცევა მთლიანად ფიზიოლოგიურ რეაქციებზე დაიყვანეს (ბიჰევიორიზმი). მსგავსი მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება როგორც მეცნიერების, ისე ხელოვნების სფეროდან.
ხსენებული დიფერენცირების, დანაწევრების პროცესი, როგორც აღინიშნა, განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა უკანასკნელ საუკუნეთა განმავლობაში. მაგრამ ამ პროცესის სათავეები გაცილებით უფრო შორს არის საძიებელი; კაცობრიობის კულტურული განვითარების ისტორიას აღმა რომ ავყვეთ, ბოლოსდაბოლოს მივაკვლევთ ხანას, როდესაც ადამიანის სულიერი ფასეულობანი დაუნაწევრებლად, მთლიანი სახით იყვნენ წარმოდგენილნი და როდესაც ადამიანს აზრადაც არ მოსდიოდა მათი გათიშვა. ეს გახლდათ ანტიკური ეპოქა, რომლისთვისაც ყველაზე ნიშანდობლივი ის იყო, რომ სინამდვილე (გარე თუ შიდა სამყარო) განიხილებოდა, შეისწავლებოდა და იწვდომებოდა როგორც მთლიანობა და ამ განხილვის, შესწავლისა და წვდომის შედეგი გამოიხატებოდა ერთი სიტყვით _ სიბრძნე. სიბრძნე შეიცავდა ყველა მეცნიერებას, შეიცავდა ფილოსოფიას, შეიცავდა ხელოვნებას…

ის, რასაც ჩვენ ხელოვნებას ვუწოდებთ, ამ დროისათვის სიბრძნის წიაღში მკვიდრობდა და მისი სხვაგვარი არსებობა ვერც წარმოიდგინებოდა. მთლიანი ადამიანი შეიცნობდა მთლიან სინამდვილეს (ღვთაებათა ჩათვლით) და ამ შეცნობის შედეგი ვლინდებოდა აგრეთვე მთლიანობად _ სიბრძნედ.

მაგრამ ამ მთლიანობას ჰქონდა ერთი თვისება, რომელიც იმანენტურად განაპირობებდა მის დაშლასა და დანაწევრებას: ეს იყო დიფუზიური მთლიანობა და არა ჭეშმარიტი სინთეზი ადამიანის სულიერ ფასეულობათა. ჭეშმარიტი სინთეზის მოსაპოვებლად, როგორც ახლა უკვე თვალსაჩინო შეიქნა, აუცილებელი იყო ამ მთლიანობის დარღვევა და მისი ცალკეული ინგრედიენტების უკიდურესი დიფერენცირება, რათა ეს ინგრედიენტები კვლავ შერწყმულიყვნენ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე.

კულტურის ისტორიას აღნუსხული აქვს სახელი იმ მოაზროვნისა, ვინც ეს პირველად იგრძნო და პირველი კადნიერი ნაბიჯები გადადგა არსებული მთლიანობის ჰარმონიის დასარღვევად: ეს იყო არისტოტელე. ეს მან გამიჯნა პირველად ფილოსოფია მეცნიერებათაგან, მეცნიერებათა დარგები _ ერთიმეორისაგან, ხოლო ხელოვნება _ ყოველივე დანარჩენისაგან.
ამ დროიდან იღებს სათავზე ზემოხსენებული პროცესი. ხოლო ზენიტს, როგორც ითქვა, ჩვენი საუკუნის პირველ მესამედში აღწევს.

რაღა თქმა უნდა, შუა საუკუნეებშიც და შემდგომშიც იყვნენ მთლიანობის წვდომის უნარის მქონე ადამიანები. ეს ადამიანები თავისთავში წინაწარ ახორციელებდნენ იმ უმაღლეს სინთეზს, რომელიც ახლაღა ისახება კაცობრიობის მეტი ნაწილისათვის. მაგრამ ასეთნი თითებზე თუ ჩამოითვლებიან და მათ, როგორც მოგეხსენებათ, გენიოსებს ვუწოდებთ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ რუსთაველი, რომელმაც პოეზია კვლავ სიბრძნის დარგად გამოაცხადა.

თანამედროვე ადამიანისათვის დღითიდღე აშკარავდება, რომ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ყველა სფერომ დაიწყო გამომჟღავნება მთლიანობისაკენ, სინთეზისკენ სწრაფვის ტენდენციისა. ანალიზის, ძირამდე ჩხრეკის, საწყისთა ძიების ხანგრძლივ ეპოქას მოსდევს სინთეზის, საწყისთა ერთობის წვდომის ეპოქა.

ეს ითქმის როგორც მეცნიერების ცალკეული დარგების, ისე ფილოსოფიისა და აგრეთვე ხელოვნების შესახებ. ყოველი ცალკეული დარგის მეცნიერი უკვე გრძნობს არა მარტო მომიჯნავე, არამედ ერთი შეხედვით შორს მდგარი დარგების მიერ მოპოვებულ მიღწევათა და დასკვნთა გათვალისწინების აუცილებლობას; ყოველი ჭეშმარიტი ხელოვანი მიისწრაფვის მაქსიმალურად გაიფართოოს თვალსაწიერი და ოდენ საკუთარი (თუნდაც უაღრესად მნიშვნელოვანი) გამოცდილების ანაბარა აღარ წარსდგეს მკითხველის, მაყურებლის თუ მსმენელის წინაშე (აქ, ცხადია, იგულისხმება არა ცოდნის მექანიკური შეძენა-გადაცემა, არამედ არსებობის უღრმეს საწყისთა წვდომისა და გააზრების უნარისთვის ზრუნვა).

ამრიგად, ფასეულობათა უმაღლესი სინთეზი _ ასეთად შეიძლება დაისახოს მომავლის კულტურა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოიხატება ალბათ ისევ ერთი ცნებით _ სიბრძნე. და, თუ ეს უნდა აღსრულდეს, მაშინ ისიც უეჭველია, რომ მომავლის პოეზია ჭეშმარიტად სიბრძნის ერთი დარგი იქნება.

თუკი ამასთან დაკავშირებით ვისმე აღეძვრის კითხვა _ როგორღა უნდა იტვირთოსო სიბრძნით დამძიმებულმა პოეზიამ უბრალო კაცობრიული განცდებისა და ვნებების მატარებლის როლი, ამ კითხვის პასუხსაც ისევ და ისევ “ვეფხისტყაოსანში” მიაკვლევს.
1967

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button