განხილვალიტერატურაწიგნები

მიშელ უელბეკი – პლატფორმა

“რაც უფრო ბინძურია კაცის ცხოვრება, მით უფრო მჭიდროდ ეჯაჭვება იგი მას; ცხოვრება კი მუდმივ პროტესტად, ყოველწამიერ შურისძიებად იქცევა” – ონორე დე ბალზაკი.

სწორედ ამ ციტატით იწყება მიშელ ტომას – ყველასთვის ცნობილი, როგორც მუშელ უელბეკი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური რომანი “პლატფორმა”. პლატფორმა არ ყოფილა ის წიგნი, რომლის საშუალებითაც პირველად გავიცანი ეს მწერალი, მაგრამ ეს იყო სხვა მიშელის გაცნობა, ახლიდან, სულ თავიდან.

მწერლის სულში უამრავი “მიშელი” არსებობს, რომელსაც ბევრი უნახავს, სხვადასხვაგვარ ანაბელთან და ბევრნაირ ვალერიასთან ჰქონია ურთიერთობა და აშკარად ხვდები, რომ მწერალს საკუთარ თავში უკვე აქვს შექმნილი “ინდივიდუალური მითი”, ანუ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი ფსიქიატრიულის რეკომენდირებული პაციენტია. ეჭვი მაქვს, ეს, ჩემი რეკომენდაცია მაშინ არ გაუთვალისწინებიათ ფრანგ ნევროპათოლოგებს, როდესაც ერთხელ უკვე შეძლო უელბეკმა თავის თავზე გამოეცადა თანამედროვე ფსიქიატრიის მთელი მიღწევები.

არ დავასახელებ რომელში, მაგრამ საქართველოში ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიის, ერთ-ერთ ფილიალში გახლდით და როდესაც უელბეკის უკვე მრავალჯერ ხსენებული ნაშრომი ვიკითხე, კონსულტანტმა ისე შემათვალიერა, მამაკაცებმა რომ ვიცით ხოლმე ლამაზი ქალის დანახვისას და მკითხა: “მაგ ავტორს რატომ კითხულობ?”

უელბეკს კარგი ადვოკატები ჰყავს, რადგან ისლამისტების უმეტესმა ნაწილმა ჯერ ვერ მოახერხა მისი ციხეში გამომწყვდევა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არ გაუმართლა და მე ვეცდები ავუხსნა ისეთ მკითხველს, რომელიც ჯერ არ შეხვედრია ამ მწერალს, თუ რატომ უნდა წაიკითხონ უელბეკი და ვინც წაიკითხა, მისი სურვილის შემთხვევაში შემეძლება ჩემეული განხილვა შევთავაზო.

როდესაც პლატფორმის კითხვას იწყებ და ჯერ არ იცნობ მწერლის სხვა ნაწარმოებებს, განცვიფრებული ხარ, როგორ იწყებს ავტორი პირველ პირში თხრობას, ყველანაირი შესავლის გარეშე და იმდენად მაგარია, გეღიმება, ხვდები, რომ ამ რომანის კითხვა ყურადღებით უნდა განაგრძო. პირველივე გვერდზე ჩანს, რომ წიგნის პერსონაჟ მიშელს, მამა ჰყავს მკვდარი, რომელიც ვიღაც უცნობმა ადამინმა მოკლა და შვილი თითქოს იმ ვიღაცის მიერ მოყოლილი ადამიანის ცხოვრებას ახლოდან ეცნობა და ის ადამიანი სულ არ არის მამამისი. უკვე ელოდები, რომ ასეთ ამბავს მოჰყვება ზუსტად ისეთი გაგრძელება, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე და მთელი წიგნი იმას მიეძღვნება, რას გრძნობს მთავარი გმირი, ვინ იყო მამისი და რაც მთავარია – ვინ არის მკვლელი. მაგრამ ყველაფერი არის სხვაგვარად, ხვდები, რომ დასაწყისში ცდებოდი (შეიძლება კიდევ ბევრჯერ მიხვდე ამას, თუ საკუთარ ცხოვრებაში გადმოიტან წაკითხულს), სიუჟეტი ბევრად საინტერესოდ ვითარდება, ვიდრე ელოდი. აქ არ არის მთავარი, თუ ვინ არის მკვლელი, ვინ არის ჟან-ივი თუ ანაბელი, რა მოხდა ხსენებულ ჟან-ივსა და მის ცოლს შორის, მიშელის მამასა და აიშას აქვთ თუ არა სექსი, ან თუ აქვთ (ჰქონდათ) კვირაში რამდენჯერ, ამას კითხვის პროცესში თუ არა, წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდები – ვიმეორებ, ეს ყველაფერი არ არის მთავარი. აქ მთავარი არის ადამიანი – რას გრძნობს ის?; როგორ უნდა მოიქცეს მომავალში?; ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ამის წაკითხვის შემდეგ?

ამ წიგნში, ერთ-ერთი და მთავარი სიბრძნე, რაც წერია, ვეცდები წინასწარ გაგიმხილოთ. წიგნის დასკვნით ეპიზოდში, მიშელი თავის სატრფოს, ვალერის თხოვს საკუთარი სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილებას და ქალიც სიამოვნებით იწყებს ამ პროცესის შესრულებას. “აი, ეს არის შენში საოცარი: სხვისთვის სიამოვნების მინიჭება გიყვარს. საკუთარი სხეულის დათმობა, სიამოვნების უანგაროდ გაღება – აი, რა აღარ შეუძლიათ ევროპელებს. ისინი გაცემას, ჩუქებს გადაეჩვივნენ”. დიახ, მე ვეთანხმები ავტორს, პერსონაჟის აზრი, ესეც ხომ მისი აზრია და სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ჩვენც ისეთივე ევროპელები ვართ, ჩვენც იმ წიაღიდან ვართ წამოსულები, როგორც სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის დროშის ქვეშ არიან გაერთიანებულნი. თუმცა, ჩემი აზრით, აქ მაინცდამაინც ევროპაზე არ არის საუბარი, ეს ამბავი უბრალოდ ადამიანზეა.
როგორც “ელემენტარული ნაწილაკები”, მგონია, რომ მიშელ უებეკმა, ეს ნაშრომიც ადამიანებისთვის დაწერა, თუმცა პირველი რომანისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი აქ არ აღუნიშნავს. წიგნში მოყვანილი საშინელი კადრების მიუხედავად, ხვდები, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანისტ მწერალთან გაქვს საქმე და გაიძულებს საკუთარ თავში ჩაიხედო, ამ წიგნის შემდეგ ვერ იტყვი, რომ ეს შენ არ გეხება და რაც აქ წერია, სხვებზე არის დაწერილი.
მკითხველს არ მოვაკლებ სიამოვნებას და არ შემოვაპარებ სიუჟეტის აღწერას, რა და როგორ ვითარდება, უბრალოდ, აიღეთ წიგნი და წინ გელოდებათ რამდენიმე საათიანი ნეტარება. გპირდებით, ეს ისეთი ნაშრომია, რომ დაიწყებ კითხვას, აუცილებლად გახვალ ბოლომდე.

გიორგი ხარშილაძე

Source
https://venue.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button