განხილვალიტერატურაწიგნები

ამბავი ლილე იროელისა – ნატო დავითაშვილი

„როცა მორიგე ღმერთმა დაინახა, რომ ადამიანთა მოდგმას აღარ შეეძლოქვესკნელის ბნელ ძალებთან ბრძოლა, მათ შემწეებადღვთისშვილები მოუვლინა და დროებით სამყოფლად ცასა და მიწას შორისაღმართული გერგეთის მთა მიუჩინა“
კოპალაიახსარიპირქუშიკარგად ჟღერს, არა? თვითონაც კარგები არიან. ღვთისშვილები ტიპური მითოლოგიური გმირები არიან, მოკვდავური ბუნებით, თუმცა ჩვეულებრივ კაცისძეთაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ძლიერნი. ღვთისშვილები ომის შვილები არიან და კაცისძეთა მოდგმას მათი იმედი აქვს. ლილეც ღვთისშვილია.
„ამბავი ლილე იროელისა“, ქარჩხაძის გამომცემლობის წყალობით, უკვე კარგა ხანია, რაც წიგნის მაღაზიების თაროებს ამშვენებს, თუმცა სამწუხაროდ, დღემდე არ მიუღწევია იმ დონის პოპულარობისთვის, როგორსაც ეს რომანი იმსახურებს.  ჯერ მარტო, ის რად ღირს, რომ ქართული მითოლოგიის თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი თავის რამდენიმე „ნათესავ წიგნთან“ ერთად განმარტოვებით ზის  ვარდისფრად გაფორმებული დიდი ზომის (ვითომ წიგნის ზომა რამეს განსაზღვრავდეს) საბავშვო ლიტერატურასა და ნაკლებად პოპულარული ამავე ზომის სპეციფიკურ წიგნებს (ოკეანოლოგია, დინოზავრები, ჩემი პირველი აღმოჩენები და სხვ.) შორის. მე თუ მკითხავთ, ლილე ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე ჯდომის ღირსია, რადგან ყველამ დაინახოს, ყველამ წაიკითხოს და ყველას წააკითხონ. რადგანაც ლილე რჩეულია. მასში სამი სხვადასხვა რასის სისხლი ჩქეფს.
იროელების გვარის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი წიგნის მთავარი გმირია, თუმცა თხრობა მის ირგვლივ არ ვითარდება. თანაბარი დრო და ადგილი აქვს დათმობილი ლილეს გამზრდელ დევებს, დალების მიწებში მცხოვრებ მებრძოლ ქალებს, მიწისქვეშეთის ბინადარ კაცმაცუნებს, ღვთისშვილებს, მათ მოგზაურობას, მშვიდობისმოყვარულ პერსონაჟთა მთავარ „ვილაინებს“, ბატალურ სცენებს, კლასიკურ მითოლოგიას, რელიგიას, და მრავალ სხვას.

დავიწყოთ იქედან, რომ ნაწარმოებს გააჩნია ყველაფერი, საიმისოდ, რომ ის თანამედროვე ფენტეზად იწოდებოდეს. ლილეს ამბავი დახუნძლულია უნიკალური პერსონაჟებით, რასებით, ლოკაციებით და შინაარსით. რაც ყველაზე ძალიან მომწონს, არის წიგნში გამოყენებული თემების ბალანსი. არც ერთ ეპიზოდში არ არის გამახვილებული ზედმეტი აქცენტი რელიგიურ, თუ წარმართულ ტრადიციებზე. აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სალოცავზე აღმართული ხის ჯვარი და კარიბჭეზე გამოსახული მისი მცველი ხარის თავი. მთლიანი ყურადღება გადატანილია იმ ისტორიაზე, რაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ნელ-ნელა იშლება მკითხველის თვალწინ, ხდება თითოეული მოქმედი პირის ახლოს გაცნობა და სრულდება დიდი აფეთქებით – Battle of five armies -ს მსგავსი მასშტაბური შეტაკებით.
ცოტა რამ შინაარსზეც უნდა ითქვას… ლილეს ამბავი ვითარდება გამოგონილ სამყაროში, რომელიც ტერიტორიულად საქართველოს ემთხვევა. თუმცა, რა გამოგონილ სამყაროზეა საუბარი, როცა თითოეული ქალაქი, თუ დასახლება, მის ისტორიულ წინაპართანაა დაკავშირებული. მებრძოლი დალები განყენებულად ცხოვრობენ, მთიანეთში დევები სახლობენ, კოლხეთში კი თავის ხალხს მთავარი ბაკური მართავს, აქვეა ფასისი და საქვეყნოდ ცნობილი ფოლადის ოსტატები – ხალიბები. თუმცა, სადაც ფოლადს ვახსენებთ, ღვთისშვილი პირქუშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგანაც მან, ცეცხლოვან მიწებში გამოადნო ხმალი ლილესთვის. სწორედ ამ ხმლით უნდა აღასრულოს ლილემ თავისი მისია და გაანადგუროს საყოველთაო ბოროტების საფუძველი – ბალღამის თასი.
ძალიან ძნელია შინაარსის მოკლედ გადმოცემა. თითოეულ რასაზე ერთი ვრცელი მონოგრაფიის დაწერაა შესაძლებელი. „ამბავი ლილე იროელისა“ იდეალური საკითხავია დამწყები მკითხველისთვის, რომელიც აუცილებლად მოიხიბლება ზღაპრული პერსონაჟების სიმრავლით, დევების სოფლით, ცეცხლში გახურებულ ქვაზე მომზადებული კალმახებით, ბუბას ნათლობის დროს მაგიდის ირგლივ მორბენალი პატარა დევებით, მათი ძალით და ცოტა სიბრიყვით. დევებით, რომლებიც ადამიანთა გადამრჩენს აღზრდიან და რომლებიც მტერს გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ. (აჰა, მაინც ვერ ავცდი ამ თავგასიებულებზე ლაპარაკს…)
რაც შეეხება მკითხველთა დანარჩენ წრეს…თუ წიგნი მოსწონს ბავშვს, ის მას ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება. მითოლოგიის, ფანტასტიკის და ფენტეზის მთავარი ძალა კი სწორედ იმაშია, რომ შუბლდანაოჭებულ ადამიანსაც აბრუნებს ზღაპრული სიუჟეტებისკენ. და ამავდროულად, აბრუნებს ბავშვობისკენ. თუმცა, ეს ბუნებრივადაც ხდება. ნებისმიერი ცდილობს წრის იმ წერტილში დაბრუნებას, რომელშიც ყველაზე ბედნიერი იყო.
მათ კი, ვისაც არ სურთ ეს წერტილი გამოეპაროთ, აუცილებლად უნდა გაეცნონ ქართული ზღაპრის, მითოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის და მხატვრულობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, და უბრალოდ ძალიან კეთილ წიგნს – „ამბავი ლილე იროელისა“.

„რუფია მალე მიხვდა, რომ არავინ უსმენდა, უყურადღებობით განაწყენებული ლილეს მხარზე ჩამოჯდა და გაიფხორა.–         – ეს ყვანჩალა ვინ არის? – ჰკითხა თეკლამ–         – ჩემი… არა, ჩვენი შორეული ნათესავია… – მაშინვე შეასწორა ლილემ.–         – სადამდე უნდა გამოგვყვეს?…–        –  მე – ბოლომდე, შენი არ ვიცი…–         – ამას მალე გაიგებ…”

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button