ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ოთარ ჭილაძე “ცოტანიღა დარჩით და აფსუსია თქენისთანა კარგი ხალხის გაწყვეტაო”

ოთარ ჭილაძე “მარტის მამალი” (ნაწყვეტი)

„ის მაინც თუ იცი, სიღნაღი რას ნიშნავსო“ — ეკითხება უცებ ვანო

მასწავლებელი. ნაომარი მაზარა მხრებზე მოუსხამს, ეტყობა იმასაც სცივა.

— სიღნაღი?! — იმეორებს ნიკო. არასოდეს არ დაფიქრებულა ამაზე.

— დიახ, სიღნაღი.

— სიღნაღი იმას ნიშნავს, რასაც შენ დაეძებ… რასაც ყველანი დავეძებთ… შენც.. მეც… ყველანი…

სიღნაღი თავშესაფარს ნიშნავს თურქულად. — ამბობს უკვე მშვიდად,
ჩვეულებრივი ხმით.

— დიახ, — ეთანხმება ნიკო.

არ ახსოვდა, თორემ, იმანაც იცოდა. სიღნაღი ყოველთვის თავშესაფარი იყო. მტერი რომ შემოესეოდათ, რაც გარშემო სოფლებია, სულ აქ შემოცვივდებოდნენ ხოლმე, დედა-წულიანად, საქონლიანად.

ერთხელაც რომ შემოცვენილან გალავანში და კარი ჩაურაზავთ, ვიღაც მაღაროელ ქალს მერეღა შემოურტყამს სახეში მუშტი, ჩვილი დამრჩა აკვანშიო… გამიშვით და გამიშვით, მეც იქ უნდა მოვკვდეო — აქეთიქით აწყდებოდა თურმე თავზარდაცემული, გულადუღებული დედა…

ვერაფრით რომ ვერ გაუჩერებიათ და გაშვება გადაუწყვეტიათ, სწორედ ამ დროს დაუძახიათ მეციხოვნეებს — აკვანი მოაქვთო. . .

მართლაც, აცვენილან გალავანზე და რას ხედავენ: ვიღაცა ლეკი თავის კოჭბროლა ცხენს მოათამაშებს შარაზე. უნაგირზე კი აკვანი შემოუდგამს. ერთი ხელი აკვნისთვის ჩაუვლია — მაგრად, საიმედოდ უჭირავს, მარტო საჩხრიალო ქანაობს გამალებული, აქეთ და იქით, აქეთ და იქით. — მეორე ხელით კი ცხენს უმოკლებს აღვირს, გაქაფულ ლაგამს აღეჭვინებს და ისიც, ცხენიც, ყელმოღერილი, სადღაც გვერდზე იყურება, თითქოს თვალს არიდებს სიღნაღს, რცხვენია გალავანზე გადმომდგარი ხალხისა.

თან მოცეკვავს შარაგზის მტვერში.

სამტროდ რომ არ მოდის, იმის მხედარს სახეზე აწერია. ცალ ლოყაზე, წარბის ბოლოდან ნიკაპის წვერამდე, ძველი ნახმლევი თუ ნახანჯლარი ჩასდევს, მაგრამ კი არ იბღვირება, იღიმება.
ჩამოუშვით თოკი, წაიყვათ თქვენი მჩხავანა ბალღიო – ასძახის მეციხოვნეებს.

მეციხოვნეები ჩქარ-ჩქარა, ფაცაფუცით ჩაუშვებენ თოკს.

ლეკი თოკის ბოლოს აკვანზე გამოაბამს, რამდენჯერმე განასკვავს, მოქაჩავს კიდეც, შეამოწმებს, საიმედოა თუ არაო, და მერეღა გაუშვებს ხელს. აკვანი ნელა, ბზრიალბზრიალით წავა მაღლა… დედისკენ…

გალავანზე გადმომდგარმა ხალხმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს — ხან ლეკს ჩახედავენ, ხან ერთმანეთს შეაჩერდებიან სახეში. სჯერათ და არცა სჯერათ სასწაულისა, უნდათ და არც უნდათ მტრის სიკეთის დანახვა…

რატომ დაგვიბრუნე ბავშვიო. — ჩასძახიან ლეკს. ლეკი იღიმება, მათრახის ბოლოთი იშორებს გალავნის ხორკლიან კედელს, ზედ რომ არ მიაგდოს მოუსვენარმა, დაუოკებელმა ცხენმა.

“ცოტანიღა დარჩით და აფსუსია თქენისთანა კარგი ხალხის გაწყვეტაო” — ასძახის გაოცებულ, დაეჭვებულ, გაღიმებულ სახეებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button