განხილვამუსიკა

დიელო – დიელო ’75 (1975)

jazz-rock / fusion, psychedelic rock, psych pop, urban, folk

ტრეკლისტი:

  1. ჩემო მზეო (4:00)
  2. მუხამბაზი (6:43)
  3. სიმღერა კ/ფ “მხიარული რომანი”-დან (3:45)
  4. შემოვიდა გაზაფხული (3:47)
  5. სიმღერის სიმები (4:21)
  6. ნიბლია (3:50)
  7. ბავშვობის დღეები (4:29)
  8. ყვავილების ქვეყანა (2:55)
  9. Sunny (4:27)
  10. ხევსურული სიმღერა (4:30)

მიახლოებითი შემადგენლობა:

  • ამირან ებრალიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, ვოკალი
  • სოსო ებრალიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, ვოკალი
  • შოთა კოპალეიშვილი – ვოკალი
  • ენვერ ხმირევი – საყვირი
  • და სხვ.

დიელო“, რომელიც 1962 წელს შეიქმნა, „ორერა“-ს შემდეგ ყველაზე ხანდაზმული ანსამბლი იყო. მათი შემოქმედებითი კარიერა „ორერა“-საზე ნელა ვითარდებოდა და ისინი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ერთგვარად მათი უფროსი კოლეგების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამოცდაათიანების დასაწყისში გამოცემულ პირველ რამდენიმე ალბომში „დიელო“ და „ორერა“ მსგავს მუსიკალურ მასალაზე ორიენტდებოდნენ (რაც ძველი თაობის მესხვათაშორისე მსმენელში საკმაოდ სასაცილო სიტუაციას ჰქმნიდა – ზოგს „ორერა“ და „დიელო“ ერთიდაიგივე ეგონა), ოდნავი ყურადღებისას ადვილად დაიჭერთ განსხვავებას ამ ორი ჯგუფის მიდგომებს შორის. სადაც „ორერა“ უფრო მსუბუქ, ზედაპირულ pop / beat-ს მისდევდა და თავისი პოტენციალის დიდი ნაწილი საშინელი რუსულ-ქართული ქიმერების შექმნაზე გაფლანგა, „დიელო“ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ინსტრუმენტულ ნაწილს და არანჟირებას. ამასთან ერთად, დიელოს მუსიკაში ქართულ ქალაქურ მუსიკასთან და პოპთან ერთად ყოველთვის საკმაო დოზით იყო ჯაზი. ამასთან ერთად, „დიელოს“ საფირმო ნიშანი ლამაზად დაყენებული მრავალხმიანობა იყო. როცა დრო მოვა, „დიელო“-ს ადრეულ, არათანაბარ, მაგრამ საინტერესო ნამუშევრებს მივუბრუნდებით; ახლა კი მთავარ თემაზე, მათ უფრო გვიანდელ პერიოდზე ვილაპარაკოთ.

სამოცდაათიანების შუაში, „დიელო“-ს პოპ-როკ მუსიკაში ჯაზი კიდევ უფრო დომინანტური გახდა. მკვეთრად გამოიკვეთა ჩასაბერთა სექცია; მუსიკაში უფრო გახშირდა funk groove-ბი; ჟღერადობაც გაცილებით უფრო გამრავალმხრივდა. მუსიკალური პროგრესის შედეგმა არ დააყოვნა და 1975 წელს ჯგუფმა თავისი მორიგი ალბომი გამოსცა, სადაც ისინი მსმენელის წინაშე გაცილებით დახვეწილი მუსიკით წარსდგნენ.

ალბომი თავიდანვე სიურპრიზებით იწყება. სადაც წინა ალბომებს მოკლე swing ინსტრუმენტალი ან ჩვეულებრივი ქალაქური სიმღერა ხსნიდა, აქ პირველი კლასიკური, უმეტესად ინსტრუმენტული ჯაზ-როკ კომპოზიციაა. კარგი, მოფანკო რიტმული სექცია, განვითარებადი ჩასაბერების თემა და ბოლოს ლამაზი, მოკლე მრავალხმიანი ჩართვა. ზოგადი ჟღერადობა ალბათ ადრეულ Chicago-ს ჰგავს, სადაც მსგავსი ფსიქოდელიური პროტო-პროგრესივი საყვირებით იყო გაძლიერებული.

შემდეგი სიმღერა კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობაა. „მუხამბაზი“ ქალაქური სიმღერის და ფსიქოდელიური მუსიკის ასეთი პირდაპირი და წარმატებული შერწყმის უიშვიათესი მაგალითია. ნელი სიმღერა, ჰიპნოზური ბარაბნებით (ა-ლა Santana) და ერთობ მინიმალისტური საგიტარო და საკლავიშო აკომპანემენტით. ვოკალური ნაწილის არანჟირებაც ამ მომნუსხველი შეგრძნების გამოკვეთას ემსახურება. ბოლოს კი მოულოდნელად fuzz გიტარის სოლო ფეთქდება. მოკლედ, ეს სიმღერა სტილის მსოფლიო სტანადრტებით არამარტო ძლიერია, არამედ უნიკალურობაზეც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრეტენზია.

შემდეგ სიმღერას ალბათ უმეტესობა იცნობთ: ის ცნობილ ფილმ „მხიარული რომანი“-დანაა. ფილმებიდან აღებულ მუსიკას ქართული როკ-ანსამბლები ხშირად ამუშავებდნენ ხოლმე და ეს სიმღერა ამის ყველაზე კარგი მაგალითია. ამ სიმღერის არანჟირებაშიც Santana-სეული პერკუსიაა გამოსარჩევი. ეს არცაა გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ „დიელო“ ჯერ კიდევ 1972-ში უკრავდა „Soul Sacrifice”-ს.

შემოვიდა გაზაფხული“ სასიამოვნო, მელოდიური პოპ-სიმღერაა, სადაც ლამაზადაა ჩაქსოვილი ჩასაბერები მოულოდნელ barocco ორღანული შესავალთან და გადასვლებთან ერთად.

სიმღერის სიმები“ იწყება როგორც კლასიკური ქალაქური რომანსი, მაგრამ მას ნელ-ნელა ეპარება ღამის ჯაზის დახვეწილი ელემენტები, რაც ლამაზ სამხმიან ვოკალთან ერთად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ჰქმნის.

ნიბლია“-ს ალბომი ისევ ფანკ-ლიანდაგებზე გადაჰყავს. ქართული ფანკის (ან უფრო ზოგადადაც, ჯაზ-როკის) ერთი საინტერესო განმასხვავებელი ისაა, რომ იმდროინდელ აქაურ ფანკს თითქმის მთლიანად აქვს გამოცლილი soul ელემენტი და ის ჩანაცვლებულია ქართული ფოლკლორით ან ქალაქური სიმღერით. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი კი მუსიკას უცხოელი მსმენელისთვისაც საინტერესოს გახდის. „ნიბლია“ ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო დასტურია.

ბავშვობის დღეები“ Rare Bird-ის „Sympathy”-ს ქართულენოვანი გადამღერებაა. საინტერესოა, რომ სიმღერა ფირფიტაზე ქართველი ავტორებისთვისაა მიკუთვნებული. ეს პლაგიატი შეიძლება უბრალოდ ეშმაკური სვლა იყო სიმღერის ალბომზე გასატანად, ვინაიდან ოფიციალურად უცხოური როკ-ჰიტის შესრულება შეიძლება ცენზურას დაებლოკა.

ყვავილების ქვეყანა“-ც მოკლე ჯაზ-როკ ვარიანტშია წარმოდგენილი. მას მოსდევს ერთადერთი ოფიციალური ქავერი ალბომზე. სოულ-სტანდარტი “Sunny”, რომელსაც ყველა Boney M-ის დისკო ვერსიით მაინც იცნობს (რომელიც, სხვათაშორის, „დიელო“-საზე წელიწადნახევრით გვიან ჩაიწერა!). ესეც, იმდროინდელი ქართული ანსამბლების მიერ ინგლისური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა.

ალბომს „ხევსურული სიმღერა“ მართლაც ხარისხიან ნოტზე ხურავს. სიმღერა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ფოლკლორული პირველი, ლამაზი, ლირიკული მეორე და ხანგრძლივი, ინსტრუმენტული ბოლო ნაწილი, სადაც ჩასაბერთა სექციას საბოლოოდ ეძლევა გასაქანი, გაიხსნას fusion ფსიქოდელიის კუთხით. ამ სიმღერის რუსული ვერსია “დიელო”-ს შემდეგ, 1977 წლის ალბომს ხსნის, სადაც ინსტრუმენტული ნაწილი კიდევ უფრო ენერგიულია და მომენტებში free jazz-ის კარზეც კი აკაკუნებს.

სხვათაშორის, ამ ალბომის მთლიანობაში შეფასება არც ისე ადვილია. ნამუშევრის ჟღერადობა მრავალმხრივია, სტილისტიკა კი ფართოდ, ბევრი მიმართულებითაა გაშლილი. აქ შეხვდებით ბევრ რამეს სოლიდური ჯაზ-როკ / ფსიქოდელიიდან ქალაქურ და პოპულარულ მუსიკამდე. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ ამ ალბომი თანაბრად ძლიერია ან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც „75“-ის და „ივერიას“ ამავე წლის ნამუშევრებმა, მაგრამ ამ აქ არის ბევრი ისეთი მუსიკალური მიგნება და სინთეზი, რასაც სხვაგან ვერსად შეხვდებით; ამიტომაც „დიელო ‘75“-ს ეგზოტიკური, ადგილობრივი არომატის მქონე ჯაზ-როკით დაინტერესებულ ყველა მსმენელთან გავუწევ რეკომენდაციას. ის, რათქმაუნდა, არ განეკუთვნება შედევრთა რიცხვს, მაგრამ საკმარისი ღირსებები აქვს. ამიტომაც, ამ ყველაფრის, ისტორიული მნიშვნელობის და მცირედი პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ალბომის შეფასება იქნება 8 / 10.

შემგომ წლებში „დიელო“-ს ჯაზ-როკ გეზი კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ სამწუხაროდ მათი ბოლო ორი ალბომი უმეტესად რუსულენოვანია, ასე რომ მათ განხილვას არ ვაპირებ. სადღაც 1980 წლისთვის ჯგუფს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა არსებობა. 1981 წელს გამოსული, „დიელო“-ს ნომინალურად ბოლო ფირფიტა კი, რეალურად, უკვე აბსოლუტურად სხვა ჯგუფის მიერაა ჩაწერილი.

გადმოსაწერი ბმული: Dielo – Dielo ’75 (1975)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button